პატარძეული
პატარძეული
ჩვენს ქვეყანაში წელიწადის ყველა დროს თავისი ლაზათი აქვს. ზამთარი სუსხიანი და თოვლიანია, მაგრამ ქართული ტრადიციული სითბოთი და სიყვარულითაა სავსე. ამგვარი გულთბილი და ალალი ქართველობა თანამედროვე ყოფაში განსაკუთრებით სოფელმა და სოფლელებმა შემოგვინახეს...

პატარძეულში სტუმრობისას, ერთი ხალხური ლექსი გამახსენდა:

"პატარძეულო, ნაქებო,
ვაჟკაცო, ილეთიანო,
ქალო და რძალო, ლამაზო,
საყდრებო - გუმბათიანო".

კახეთის ერთ-ერთი ძირძველი და თვალსაჩინო სოფელია პატარძეული. აქ ერთადაა თავმოყრილი მრავალი ეკლესია და ციხე-კოშკი: ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსი, წმინდა შიო მღვიმელის, კვირაცხოვლის, ტბეთის თავი წმინდა გიორგის, ყორა მთის თავი წმინდა გიორგის, ელიას, კვირიკეს, კოპალეს, წმინდა ევსტათი მცხეთელის, სვეტიცხოვლის, აგრეთვე ღვთისმშობლის და წმინდა გიორგის სახელობის მთისა და ბარის მრავალი სალოცავი. ასევე ჯიღაურიანთ საყდარი, ბუტულაანთ, ფიცხელაურიანთ, მირზაანთ, ყუშიტაანთ, ენაგელიანთ ციხეები.

ბატონმა იოსებ სიბოშვილმა, რომელიც ამ სოფლის სიძე გახლავთ, პატარძეულის წარსული გაგვაცნო: სოფელს სხვადასხვა მხრიდან ესაზღვრება: "თოხას ქედი", "წითლობის გორა", "დრეიძე", "სათვალე", "მახარაანთ გორა", "ხუციანი", "მთავარანგელოზის გორა", "ევსტატეს გორა", "მირზაანთ გორა", "გალავნის გორა", "ნაომარი გორა - ძმათა სასაფლაოები" და მრავალი სხვა. არის ასევე მრავალი ხევი და წყარო: "ფიდინაანთ ხევი", "ყუშიტაანთ ხევი", "კოდის ხევი", "ფარის ხევი", "საყდრის ხევი", "დემეტრაანთ ხევი", "ქვიტკირის წყარო", "საკარის წყარო", "გოგლების წყარო", "მაყვალწყალი", "ბლების წყალი", "ვეძის წყალი", "ცივწყარო", "მჭედლიაური", "ჭინჭრიანი" და სხვა.

როგორც არქეოლოგიური გათხრებიდან და ტოპონიმებიდან ჩანს, ადამიანებს აქ უხსოვარი დროიდან უცხოვრიათ.

ვახუშტი და იოანე ბატონიშვილებს ნაშრომებში პატარძეული შეტანილი აქვთ გარე კახეთის სოფლების სიაში. ყველაზე ადრეული წყარო კი, სადაც ეს ტოპონიმი დასტურდება, არის "ქართლ-კახეთ-მესხეთის საკათალიკოსო მამულების სათარხნოს გუჯარი", რომელიც შედგენილი (თუ განახლებული) ჩანს 1392 წლის 1-ელ დეკემბერს. ამ ძეგლებში ვკითხულობთ, რომ სხვა მრავალ ყმა-მამულთან ერთად "თუალნი, გიორგი წმინდა, ბერთუბანი და პატარძეულნი მათითა მამულითა" ეკუთვნის სვეტიცხოველს. როგორც ჩანს, ორი ტოპონიმი - "თუალნი" და "პატარძეულნი" მრავლობითი რიცხვის ფორმითაა წარმოდგენილი. ისტორიული წყაროებიდან ვიცით, რომ დღევანდელ საგარეჯოს ტერიტორიაზე მდებარეობდა სამი სოფელი, რომელთაც თვალი ეწოდებოდათ. შესაძლებელია პატარძეულიც რამდენიმე დასახლებას ერქვა და საბუთშიც ამიტომ შეიტანეს მრავლობითის ფორმით. დღევანდელი პატარძეულის შემადგენელი ნაწილია ბერთუბანი, მაგრამ მას ვერ მივიჩნევთ მეორე პატარძეულად, რადგან ზემოთ დამოწმებულ წყაროში პატარძეულის გვერდით ბერთუბანი ცალკე ერთეულადაა დასახელებული.

KARIBCHEსახელწოდება პატარძეული, გადმოცემით, უნდა გამომდინარეობდეს საზოგადო სახელ "პატარძლისაგან": მონღოლთა ერთ-ერთი შემოსევის დროს ყველა შრომისუნარიანი და ბრძოლისუნარიანი ვაჟკაცი მეფემ ომში გაიწვია. შინ მხოლოდ დავრდომილები, ბავშვები და ქალები დარჩენილან. მტრის მოულოდნელი შემოსევის მოსაგერიებლად სოფლის თავკაცებს შეუკრებიათ ჯანღონიანი ახალგაზრდა ქალები, უმეტესად პატარძლები, მიუციათ მათთთვის იარაღი და მეთაურად მამაცი, ახოვანი და ულამაზესი პატარძალი სალომე დაუნიშნავთ. იგი თურმე, ბავშვობიდან ვარჯიშობდა ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ცხენს კი ისე დააჯირითებდა, ბევრ ვაჟკაცს შურდა. სამგორის ველიდან მონღოლთა ჯარი, წინასწარ დაზვერილ, კაცთაგან დაცარიელებულ სოფელსაც შესევია. მთიდან უცნაური ყიჟინით დაშვებული რაზმის ცხენების ფლოქვებს შავი მტვერი დაუყენებია (ეს ადგილი სამხრეთით ესაზღვრება პატარძეულს). მონღოლები მიმხვდარან, რომ მხედრები ქალები იყვნენ, მაგრამ მაინც შეებნენ, თუმცა მალევე უჩვენეს ზურგი და ნოინს მოახსენეს, - თქვენი უძლეველი მხედრობა პატარძლებმა დაამარცხესო. ამის შემდეგ დარქმევია სოფელს "პატარძეული".

მეორე გადმოცემა ასეთია: მეფე ერეკლეს, აქ ციხეს რომ აშენებდა, ლეკის ჯარი დასხმია თავს, მეფეს მცირე რაზმი ჰყოლია, მაგრამ სასტიკად დაუმარცხებია მტერი. რაკი პატარა რაზმით სძლია, ამ სოფელს დარქმევია "პატარა ძლეული". ესე იგი "პატარა ძლეულიდან" მივიღეთ "პატარძეული". თუმცა, ეს ეტიმოლოგია არ უნდა იყოს სწორი, რადგან "ქართული ენის გრამატიკის საფუძვლებში" აკაკი შანიძე წერს, რომ "პატარძეული უკვე XI საუკუნეში მელქისედეკ კათალიკოსის სიგელში იხსენიება". ლეკთა თავდასხმა კი ისტორიული ფაქტია. ერეკლე მეფემ, პატარძეულის ციხის აშენების დროს, მართლა დაამარცხა ლეკები.

პატარძეული ძველთაგანვე სახაზინო სოფელი იყო. მესამე გადმოცემით, ეს სოფელი ერთ-ერთ მეფეს უმცროსი ძისთვის უბოძებია და მას შემდეგ სოფელს პატარიძისეულად იხსენიებდნენ. დროთა განმავლობაში სახელწოდებაში შეიკვეცა კუთვნილების მწარმოებელი აფიქსი "ის" და სოფელი პატარძეულად იწოდება.

არის კიდევ უფრო დამაჯერებელი გადმოცემა, რომელზეც გოგლა ლეონიძის მამა, მღვდელი ნიკოლოზ ლეონიძე 1885 წელს გაზეთ "დროებაში" წერდა: "XI საუკუნეში, დავით IV აღმაშენებლის მეფობის დროს, დასახლდა ეხლანდელი პატარძეულის მახლობლად ერთი კომლი კაცი, გვარად ყუშიტაშვილი (ფშაველი). ის იყო ძალიან დაბალი და პატარა ტანისა. მას ხშირად ეძახდნენ "პატარკაცს", "პატარძეს". ბოლოს, ეს სახელი უწოდეს იმ ადგილს, სადაც ყუშიტაშვილი დასახლდა. ამის შემდეგ გადმოსახლდა მრავალი ადამიანი ფართო ადგილას. ეს ფართო ადგილი არის, სადაც დღეს ცხოვრობენ: იმ ადგილს, სადაც ყუშიტაშვილი პირველად დასახლდა, ჰქვია ძველპატარძეული, ახლანდელს კი - ახალპატარძეული". მამის ვერსიას იზიარებს გოგლა ლეონიძეც, თუმცა როგორც პოეტი ხშირად ამბობდა, თურმე "ჩემს სოფელს იმიტომ ჰქვია პატარძეული, რომ იქიდან სულ ლამაზი პატარძლები გამოდიანო".

KARIBCHEისტორიკოსი, მკვლევარი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ბატონი ალექსანდრე ელერდაშვილი სოფლის სახელის წარმოშობას პატარძლების შესახებ არსებულ გადმოცემას უკავშირებს. ამასთან, ლეგენდად ქცეულ ბრძოლას ქართველ ქალებსა და მონღოლებს შორის ნაწილობრივ ისტორიული ფაქტებითაც ადასტურებს. კერძოდ, მონღოლთა იმპერიის დაქუცმაცების შემდეგ ჩვენს მხარეში გაძლიერებულია ყაზან-ყაენი, რომელსაც რეზიდენცია მდინარე ივრის პირას მდებარე მთაზე ჰქონდა. სამ მთას დღესაც მისი სახელი ჰქვია - ყაზანიანის მთა) და იქიდან აკონტროლებდა ახლომდებარე სოფლების აწიოკება-განადგურებას. სალომეს პატარძლების რაზმიც თავისი მეომრების გასართობად სჭირდებოდა. თუმცა მეომარ პატარძლებს მონღოლები ტყეში შეუტყუებიათ და ერთიანად ამოუწყვეტიათ. ამ ამბით გახარებულ ქართველთა მეფეს ბრძოლის ველიდან შემოუთვლია, - მაგ სოფელს პატარძეული დაარქვითო.

ალექსანდრე ელერდაშვილის მასალებმა სოფლის სახელის წარმოშობის ახალ ვერსიას ჩაუყარა საფუძველი. მდინარე ივრის მარცხენა შესართავთან, მდინარე ლაფიანხევის ორივე სანაპირო ისევე, როგორც ივრის ორივე სანაპირო, სავსეა ნასოფლარ-ნაქალაქარებით. ერთ-ერთს "ქვალდაბას", ხოლო ლაფიანხევის მარცხენა სანაპიროზე, კაწარეთს სამებიდან 2 კმ-ის მოშორებით, "ძველ-პატარძეულის" დიდი ტყის მასივს "ნაქალაქარი" ეწოდება. ხანდაზმულმა პატარძეულელებმა და ხაშმელებმა მის შესახებ მხოლოდ ის იციან, რომ თამარ დედოფლის დროს აქ დიდი ქალაქი ყოფილა, რომელიც მტერს აღუგვია პირისაგან მიწისა.

გაზეთი "ივერია" წერს: "ისეთი წვიმები დაიჭირა ამ ზაფხულს, რომ ხალხს მოსავლის აღება გასჭირვებია. პატარძლეულის ტყეში წვიმებს ერთი კლდის ფერდობი ჩანოურეცხია და გამოუჩენია თიხის მილები. ეს მილები თურმე თიხის ქვევრებში (რეზერვუარებში) შედიოდა და მეორე მხრიდან სხვა ქვევრებს უერთდებოდა. ეს ისეთი რთული წყალგაყვანილობა იყო, რომელიც მხოლოდ საქალაქო მეურნეობისთვის იყო დამახასიათებელი.." მაშ რა ბედი ეწია ამ ქალაქს თუ ქალაქის ტიპის დასახლებას ასეული წლების შემდეგ? მონღოლ დამპყრობთა შემდეგ, ყველაზე დიდი ზიანი ჩვენს ქვეყანას თემურ-ლენგმა მიაყენა. ჩანს, ამ შემოსევის დროს გაუკაცრიელდა ივრის ხეობა და ნასოფლარ-ნაქალაქარს ტყე მოერია. "ქველ-დაბაც" თემურ-ლენგის მსხვერპლი გახდა და "ნაქალაქარად იქცა.

ასეთი დიდი ქალაქი, რომელიც მდებარეობდა ქართლისკენ მიმავალ გზაზე, ცხადია სხვადასხვა ქვეყნის და საქართველოს კუთხეების მოსახლეობის თავშესაფარი იქნებოდა, განსაკუთრებით ვაჭრობის თვალსაზრისით. ბუნებრივი პირობების გამო ბევრს სურვილი გაუჩნდა იქ დასახლების. სავარაუდოა, რომ "ქველდაბასთან" გაჩნდა ახალმოსახლე, რომელსაც სახელად ერქვა პატარ. აკადემიკოსი იაკობ ახუაშვილი თავის წიგნში "ქართული გვარ-სახელები, მასალები ქართული გვარების ისტორიისთვის" წერს: "პატარ (საკუთარი სახელი) მოხსენიებულია თამარ მეფის 1202 წლის სიგელში. აქედან არის გვარები: პატარაშვილი, პატარავა, პატარაია, პატარაძე, პატარიძე". პატარის შვილებმა შესაძლოა მამის სახელი აიღეს გვარის ფუძედ და დასახლდნენ ერთმანეთის მოშორებით, რაც აისახა "ქართლ-კახეთ-მესხეთის საკათალიკოსო მამულების სათარხნოს გუჯარში". მრავლობით რიცხვში პატარძეულის მოხსენიება, ალბათ პატარის ძეთა რამდენიმე სოფელს ნიშნავს, ხოლო სვეტიცხოველთან დაქვემდებარება, მის უდიდეს მნიშვნელობას მატერიალური და კულტურული განვითარების მხრივ... ბედუკუღმართობას პატარძეულნის ნაწილმა გაუძლო და ეს ნასოფლარი დღეს "ძველპატარძეულის" სახელწოდებით შემორჩა ისტორიას.

KARIBCHEამდენი ეკლესია-მონასტრების მიჯრით მშენებლობას ჩვენი წინაპრები საფუძველს უმიზეზოდ არ ჩაუყრიდნენ. კახთა მეფეები შემთხვევით არ დაიდგამდნენ აქ რეზიდენციას და, რაც მთავარია, კახეთის მიწა-წყალზე ქართველთა ჯიშ-ჯილაგის თავმოყრა-შენარჩუნებას უფალი ხელს არ შეუწყობდა. ისტორიული წყაროები ღაღადებენ: "ქ. ღმერთმან ბედნიერის ხელმწიფის ჭირი მოსცეს ჩიკორიძეებს. ექვსი ძმანი გახლავართ, ჩვენის ხიზნით ავიყარეთ იმერეთიდამ და თქვენს საფარველს მოვატანეთ. თუ თქვენი ნება იქნებოდეს, პატარძეულში დაგვაყენეთ", - სთხოვდნენ იმერელი გლეხები ერეკლე მეფეს. პატარძეულელი და ბერთუბნელი გლეხი ან სახაზინო უნდა ყოფილიყო, ან საეკლესიო. პატარძეულში სხვადასხვა კუთხიდან ხალხის დასახლება ალბათ იმით იყო განპირობებული, რომ იგი ქართლ-კახეთის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობდა, წმინდა ნინო ხომ ამ გზით გადმოდიოდა ქართლ-კახეთში.

საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ პატარძეულელებმა თავი გამოიჩინეს სპარსელებთან ბრძოლაში. მაშინ სოლომონ ბუტულაშვილი სახალხო გმირად აღიარეს. 1924 წელი სისხლიანი გამოდგა პატარძეულელებისთვის. ბევრი დახვრიტეს. მეორე მსოფლიო ომმა 450-მდე პატარძეულელი ახალგაზრდა შეიწირა. მაიორ გიორგი ბოლანიშვილს 1944 წელს გმირის წოდება მიენიჭა.

1875 წელს პატარძეულში საქართველოს წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გახსნა ორკლასიანი სასწავლებელი. 1877 წელს ზაქარია გულისაშვილმა ჩამოაყალიბა სცენის მოყვარულთა წრე. შემდეგ გაიხსნა პირველი სკოლა, ბიბლიოთეკა. პატარძეულმა თავის წიაღში შვა და აღზარდა უდიდესი ადამიანები, მათ შორის გიორგი ლეონიძე.

დაბადებიდან გარდაცვალებამდე მისი ცხოვრება ქრისტეს სიყვარულით იყო გაჯერებული. მაშინდელი წეს-წყობილების გამო ამას აშკარად ვერ გამოხატავდა. ყველამ იცოდა, რომ მღვდლის შვილი იყო და ამის გამო სხვანაირად უყურებდნენ. მას კი უფლის სიყვარული გულით დაჰქონდა. პირჯვრის გადაწერის განსაკუთრებული მეთოდი ჰქონდა. რომ არ შეენიშნათ, პირჯვარს შიგნით, მარცხენა მხარეს ხელის სწრაფი მოძრაობით პატარა ჯვარს გამოსახავდა და გულში ლოცულობდა. ეს რომ ჭეშმარიტებაა, იქიდანაც ჩანს, რომ ღვთიური ადამიანის გარდა ისეთ ლამაზ გამოთქმას, როგორიცაა "ქრისტეს თიხის ყმაწვილი" ("ნატვრის ხე") ვერავინ იტყოდა.

პატარძეულს წმინდა შიო მღვიმელის დღესასწაულზე ვესტუმრე. წმინდა შიოს სახელობის ტაძარში მსახურებას წინამძღვარი მამა ალექსანდრე ვაჩეიშვილი აღავლენდა.

ტაძარში მრევლსაც გავესაუბრე.

ქალბატონი თინა ბერძენიშვილი: - ამბობენ, რომ საქართველოში წმინდა შიო მღვიმელის სახელობის მხოლოდ სამი ეკლესიაა. ერთია თელავის რაიონის სოფელ რუისპირში, მეორე - სოფელ პატარძეულში და მესამე კიდევ მცხეთაში, შიომღვიმის მონასტერი. ჩვენს სოფელში საკმაოდ ბევრი ეკლესიაა. მათი მადლი იფარავს აქაურობას. სხვა მხრივ, საქართველოში, როგორც ყველა მცხოვრები, ისე ვსულდგმულობთ. მადლობა უფალს, რომ თანდათან შემოდის რწმენა ჩვენს სოფელში. პატარძეულის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარია მამა იაკობი. მონასტერს ძალიან დიდი მადლი აქვს ჩვენი სოფლისა და ახალგაზრდობისთვის. წმინდა შიოს ტაძარში უკვე მეხუთე შობას აღვნიშნავთ.

KARIBCHEჩვენს სოფელში ძირძველი გვარები ცხოვრობენ: ყუშიტაშვილები, ელერდაშვილები, ზუკაკიშვილები, უსტიაშვილები, სიბოშვილები, გიუნაშვილები. პატარძეულმა მრავალი ცნობილი ადამიანი აღზარდა. აქ დაიბადა გოგლა ლეონიძე, საბჭოთა კავშირის გმირი ადმირალი ჯინჭარაძე, ახლა გვყავს შორეული ნაოსნობის გემის კაპიტანი გელა ონაფერიშვილი. გვყავდნენ პროფესორები: ბილანიშვილი, გულისაშვილი, თათრიშვილი. გვაქვს ორი - საჯარო და კერძო სკოლა, ქართულ-ფრანგული სკოლა-ლიცეუმი, სადაც ფრანგულ ენას მაღალ დონეზე სწავლობენ. ამ სკოლას უაღრესად ენერგიული დირექტორი ჰყავს - ციცია დიღმელაშვილი. ფრანგული ენის უკეთესად შესასწავლად რეჟისორ ვასო ყუშიტაშვილის სახელობის თეატრი ჩამოაყალიბა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები სოფელში იზრდებიან, ძალიან დიდი წარმატებით გამოდიან და საპრიზო ადგილებს იკავებენ. შარშან, ისინი საფრანგეთში მიიწვიეს და ერთი კვირის განმავლობაში წარმატებით წარმოაჩინეს ჩვენი სოფლის სახელი. სამწუხაროა, რომ სკოლა-ლიცეუმი დაფინანსებაში არ მოხვდა. ბედნიერები ვართ, რომ სოფელში საუკეთესო მოძღვრები მსახურობენ. მამა ალექსანდრე ვაჩეიშვილი სულიერად გვაპურებს აქაურებს. მანამდე სხვა მოძღვრები მსახურობდნენ. მინდა ყველა გულთბილად მოვიხსენიო: მამა ბარსანოფი, მამა მიქაელი, მამა შალვა, მამა გაიოზი. თავიდან პირველი წირვა მამა როსტომ ლორთქიფანიძემ ჩაატარა. უფლის შეწევნას და დედა ღვთისმშობლის მფარველობის იმედიღა გვაძლევს ნუგეშს, თორემ ამ შეჭირვებულ ყოფაში პრობლემებს რა გამოლევს.

სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ციცია დიღმელაშვილი: - მოგეხსენებათ, რომ პატარძეული ძირძველი სოფელია, და XII საუკუნიდან მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში. მეფე ერეკლეს დედინაცვალი, დედოფალი ანა რომ გარდაიცვალა, კახეთში დიდთოვლობა ყოფილა. როდესაც თბილისიდან თელავში მიასვენებდნენ დასაკრძალავად, გზად პატარძეულში შეჩერებულან და იქ დაუკრძალავთ. ამჟამად აქ მამათა მონასტერია დაფუძნებული. დაახლოებით ათი წელია, რაც განახლდა მსახურება. ძალიან კარგი წინამძღვარი ჰყავს - მამა იაკობი, რომელიც არა მარტო მოძღვარი, არამედ თითოეული ადამიანის ნუგეში და თანამდგომია.

წმინდა შიოს ტაძარიც ადგილობრივი მოსახლეობის შემოწირულობით აღვადგინეთ და ბატონი გივი ონაშვილის დახმარებით კეთილმოვაწყვეთ.

მრევლის წყალობით ეკლესია ფეხზე დადგა. უდიდეს სულიერ დახმარებას გვიწევს, მით უფრო პედაგოგებს. ჩვენს მოსწავლეებს ხშირი ურთიერთობა აქვს ეკლესია-მონასტრებთან.

ჩვენს სკოლა-ლიცეუმს კავშირი აქვს საფრანგეთის ბურგუნდიის მხარესთან. ბურგუნდია მეგობრობს კახეთთან. ათი პროგრამა გვქონდა. კონკურსის წესით შეირჩა პედაგოგები კახეთში, სულ ოცი პედაგოგი გადამზადდა. აქედან 5 ჩვენი ლიცეუმიდან და საფრანგეთში გაიარეს სტაჟირება. ბატონი ლადო ცხვარიაშვილის დახმარებით და ხელმძღვანელობით პატარა საბავშვო თეატრი გვაქვს. ამითაც გამოიჩინეს მოსწავლეებმა თავი ფრანგების წინაშე. მინდა გავიხსენო თანამედროვე მოზარდების პრობლემაც. სამწუხაროდ, ძალიან აგრესიული თაობა მოდის. მიზეზი ოჯახებია. ვთვლი, თავად მშობლები არ ცდილობენ შვილს მისცენ განათლება, ცოდნა. მშობელი მხოლოდ ნიშანზეა ორიენტირებული. მისი ცოდნა კი მეორეხარისხოვანია, შეიძლება ამ ყველაფერში გარემო ფაქტორებიც მოქმედებს. უმუშევრობის ზრდამ მოზარდებში ცოდნა გააუფასურა. მივესალმები საჯარო სკოლებში ახალ წამოწყებას - გამოცდების ჩაბარებას ვგულისხმობ. იქნებ ამით მაინც გაიღრმავონ ბავშვებმა ცოდნა. კარგი იქნება, თუ მოზარდები ეკლესიის წიაღში გაიზრდებიან, ამით აგრესიულობასაც დავამარცხებთ და სულიერად ჯანსაღ თაობასაც მივიღებთ.

KARIBCHEბატონი ალექსანდრე მაზანაშვილი: - უკვე ოცდაათი წელია, მე და ჩემი მეუღლე ოჯახით პატარძეულში ვცხოვრობთ. 52 წლის გახლავართ და როგორც შემიძლია, ისე ვემსახურები სოფლის საქმეს. მეუღლე ექიმია, მე ვეტერინარი გახლავართ. ყველაზე დიდი სიხარული მაშინ განვიცადე, როცა ტაძარში სტიქაროსნად მაკურთხეს მამა მიქაელ ღუღუნიშვილის დროს. მართლაც სასწაულია ჩემს ასაკში სტიქაროსნობა. უფლის სიყვარული თავიდანვე დამყვებოდა და სიბერეში უფრო აშკარად გამოვამჟღავნე. ძალიან ბევრი რამ შემძინა ტაძარში სიარულმა, თუნდაც ადამიანებთან ურთიერთობა, უფლის მფარველობა, შვილები, შვილიშვილები... მატერიალური და სულიერი უზრუნველყოფა.

მადლობა ღმერთს, რომ სოფელში ფუნქციონირებს ორი ტაძარი - ერთი მამათა მონასტერი და წმინდა შიოს სახელობის ტაძარი, არის ასევე მრავალი საგვარეულო ნიშიც. ირგვლივ იმხელა მადლი სუფევს, მაგრამ ჩვენს ხალხში რწმენა ნაკლებადაა გამჯდარი. სოფელში მცხოვრები 3500 ადამიანიდან, ტაძარში ძალიან მცირე ნაწილი დადის. არაჩვეულებრივი მოძღვრები გამოგვიგზავნა უფალმა. ამჟამად, მამა ალექსანდრე მსახურობს. პირველი აღსარება მამა გაიოზ დვალს ჩავაბარე. ერთ მშვენიერ დღეს მამა გაიოზმა მკითხა, - რას ფიქრობ, ალექსანდრე, ეკლესიური ცხოვრება როდიდან უნდა დაიწყოო. ღვთის მადლით, მივედი ტაძარში და აღსარების თქმის შემდეგ, ტაძარს აღარ მოვშორებივარ. უფალი იყოს მფარველი ჩვენი ქვეყნის, სოფლის და ოჯახებისა.

წამოსვლისას პატარძეულელებმა დამაბარეს, - მოგვხედეთ, თორემ სოფელი დაიცლებაო. ეკლესიაში გვინდა ვიაროთ და უგზოობის გამო გვიძნელდება, განსაკუთრებით ზამთრობით. გაზის პრობლემაც გვაწუხებს. ძალიან დაბალი წნევით მოდისო.

პატარძეულის ბაგა-ბაღის გამგე თინა ფაფიაშვილი: - ჩვენი სოფლის პირველი მოძღვარი გახლდათ ახლა უკვე მეუფე გერასიმე (შარაშენიძე). მან ჩაუყარა საფუძველი ღვთისმშობლის მიძინების ტაძართან მამათა მონასტრის დაარსებას. მეუფე ანდრიამ კი გააგრძელა მონასტრის აღორძინება, სულიერი ცხოვრების წინსვლა. სოფლისთვის უდიდესი წყალობაა, რომ ორი სასულიერო კერა გვაქვს - წმინდა შიოს ტაძარი და მამათა მონასტერი. მადლიერნი ვართ ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავრის მეუფე ლუკასი. პატარძეული ძირძველი სოფელია, ამდენი ეკლესიის არსებობა ამის უტყუარი დასტურია. შეგვეწიოს მათი მადლი.
ბეჭდვა
1კ1