ხეითი
ხეითი
ჩვენი წინაპრების მარადიული ღირებულებებისადმი მუდმივი სწრაფვის დასტურია თუნდაც დიდი ლიახვის ხეობის სოფელი ხეითი. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში იგი ხშირად ხეით-საბაწმინდად ან ხეითად და საბაწმინდად მოიხსენიება. ცალკე ერთეულად გამოყოფდნენ ასევე ჭალისუბანს. პროფ. იოსებ მეგრელიძის აზრით, ხეითი და საბაწმინდა არ იყო ერთი და იგივე სოფელი. გასული საუკუნის შუა წლებში ისინი ქემერტის სასოფლო საბჭოში შემავალი დამოუკიდებელი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულებია. იმის გამო, რომ საბაწმინდა დიდი ხანია ნასოფლარად იქცა, დღეისთვის იგი ცალკე ერთეული აღარ არის. გვარების (დოკაძეები, ზუბაშვილები, ქულიჩიშვილები, გოჩაშვილები, ბუგიაშვილები, ხიდაშელები, ფეხშველაშვილები, მზარეულიშვილები და სხვა) განსახლების მიხედვით, ხეითი რამდენიმე უბნად იყოფა: დოკაანი, ზუბაანი, ქულჩიაანი, გოჩაანი, გუგიაანი, ხიდაშლიაანი, ფეხშველაანი, მზარეულაანი.

ადგილობრივთა გადმოცემით, ტოპონიმი "ხეითი" სიტყვა ხევიდან მოდის (ამ მიდამოში ბევრი პატარა ხევი-ხეობაა). ამავე სახელწოდების სოფელია რაჭაშიც (ონის რაიონში). მსგავსი ტოპონიმებია ახალციხისა და ჭიათურის რაიონებში - შესაბამისად ხეოთი და ხრეითი. შესაძლებელია, ტოპონიმი ერთ დროს რაჭიდან ან მესხეთიდან ლიახვის ხეობაში მიგრირებულმა ხალხმა მოიტანა. ბატონი ზურაბ ოქროპირიძე გვესაუბრება სოფელ ხეითის შესახებ.

საინტერესო გამოკვლევები უძღვნეს ხეით-საბაწმინდას დიმიტრი ბაქრაძემ, მარი ბროსემ, ვახტანგ ცინცაძემ, იოსებ მეგრელიძემ, რუსუდან მეფისაშვილმა და სხვებმა. მკვლევართა ინტერესი გამოიწვია საბაწმინდის მონასტერმა და XVII საუკუნის მიწურულის საცხოვრებელმა კოშკმა. ტაძარი მკვლევართა უმეტესობამ X საუკუნის ძეგლად მიიჩნია. სამშენებლო ტექნიკით, დეკორაციებით საბაწმინდა მსგავსებას ამჟღავნებს ამავე პერიოდის ერედვის, დოდოთის, ტბეთის (ცხინვალის ახლოს) და სხვა ეკლესიებთან. ვახტანგ ცინცაძის აზრით, ძეგლმა თავდაპირველი სახით მოაღწია ჩვენამდე და საერთო წარმოდგენა შეგვიქმნა იმდროინდელ არქიტექტურულ სტილზე. ტაძარი წარმოადგენს მაღალ და გრძელ დარბაზულ სივრცეს. ეკლესიის დასავლეთ მინაშენზე მოკლე ასომთავრული წარწერა იყო: "მაჩაბელი გიორგი შეიწყალე". ჩვენამდე ვერ მოაღწია მონასტრის დასავლეთ ფასადზე სხვა წარწერებმა. გასული საუკუნის 50-იან წლებში ისედაც დაზიანებული ტაძრის გალავნისთვის კოლმეურნეობის ბოსელი მიუშენებიათ.

მარი ბროსე ადასტურებს, რომ აქ დაკრძალული ყოფილა 1795 წელს გარდაცვლილი მაჩაბელთა საგვარეულოს ცნობილი წარმომადგენელი ზაალ მაჩაბელი. იოსებ მეგრელიძისთვის გასული საუკუნის 50-იან წლებში ხეითში უთქვამთ, რომ საბაწმინდის ტაძრის სიახლოვეს მღვიმეებიდან გამოდიოდა ე.წ. სვეტის წყარო, რომელიც ქვემოთ ქმნიდა პატარა ტბას. მას ანტონის ტბას უწოდებდნენო. ტბას ერთ ჰექტრამდე ფართობი ეკავა და იმდენად ღრმა ყოფილა, შიგ კამეჩები დამხრჩვალან. 1947 წელს ეს წყარო სოფელ ფრისში გაუყვანიათ და ტბაც დამშრალა.

ხეითის კოშკი მდინარე დიდი ლიახვის მარცხენა მხარესაა. ძეგლი მკვეთრად გამოხატული საცხოვრებელი დანიშნულებისაა. ივანე ჯავახიშვილისა და გიორგი ჩუბინაშვილის კვლევებმა ცხადყო, რომ ჩვენს მთიანეთში აგებული კოშკები საოჯახო ყოფისთვის აუცილებელ ატრიბუტებს შეიცავს. ხშირად ისინი საცხოვრებლად გამოიყენებოდა. ასეთთა შორისაა ეს ძეგლი. იგი ორსართულიანია, ნაგებია რიყის და ფლეთილი ქვით. მკვლევარები შენობის აგებას ვახტანგ VI-ის დროს უკავშირებენ. მარი ბროსეს ვარაუდით, კოშკში რუსეთში წასვლამდე ცხოვრობდა ვახტანგ VI, რომელიც კახთა გამაჰმადიანებულმა მეფემ, კონსტანტინემ გააძევა. ხალხმა მის პატივსაცემად ამ მიდამოს სავახტანგო უწოდა. კოშკს კარი მეორე სართულიდან აქვს. კარის წინ ბაქანია, სადაც ადიოდნენ მისადგმელი კიბით. კოშკის პირველ სართულს ძირითადად სამეურნეო დანიშნულება ჰქონდა. აქ ინახავდნენ ღვინოს, პროდუქტებს. კოშკში თიხის მილებით შედიოდა სასმელი წყალი. მეორე სართული მთლიანად საცხოვრებელი იყო გამართული ბუხრით. მშენებელს შენობის კედლებში სათვალთვალოები და სათოფურებიც დაუტანებია, რაც ხეობელთა მუდმივ საომარ მზადყოფნაზე მიუთითებდა.

KARIBCHEუპირველესად თვალშისაცემია ამგების მიერ გამოყენებული სადა ხუროთმოძღვრული ფორმები. ისრული თაღი შეცვლილია წრიული ფორმით. მთავარი საცხოვრებელი დარბაზი შეკრული კამარითაა დაგვირგივნებული და ერთი მთლიანი სივრცეა.

ერთადერთი დეკორატიული ელემენტი თაღოვანი კარის თავზე ქვაზე ამოკვეთილი ჯვარია.

***
ბუგიანიშვილების უბანში განვითარებული შუა საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესიაა. საკმაოდ დაზიანებული ტაძრის გარშემო შემორჩენილია გალავის ფრაგმენტები. დოკაანთ უბანში ერთმანეთის გვერდითაა XVII-XVIII სს-ის მაცხოვრის დარბაზული ეკლესია და სამსართულიანი კოშკი. კოშკი ოთხკუთხედია. 1991 წლის მიწისძვრამ ისედაც დაზიანებული ძეგლი თითქმის დაანგრია.

***
სოფლიდან აღმოსვლეთით 1 კმ-ში, გორაკის ზედა პლატოზე ჯვარპატიოსნის დარბაზული ეკლესიაა (განვითარებული შუა საუკუნეები). ის ნაგებია რიყის და მოწითალო თლილი ქვით. ეკლესიიდან საუცხოო ხედი იშლება. ადგილობრივთა გადმოცემით, მისი დღეობა აღდგომის ღამეს იმართებოდა. მოსახლეობა ტაძრის ეზოში ღამისთევით ხვდებოდა მაცხოვრის აღდგომას. მეორე დღეს იმართებოდა ლხინი, ადიდებდნენ უფალს, სამშობლოს. ეკლესიის ზარი, როგორც წარწერიდან ირკვევა, ცხინვალის ზღუდრის ეკლესიიდანაა ამოტანილი. 1823 წელს ზარი ზღუდრის ეკლესიისათვის შეუწირავს ვინმე პეტრე ბედინიძეს. ტაძრის აღმოსავლეთით და დასავლეთ სარკმლებთან ასომთავრულით და ნუსხურით შესრულებული ექვსსტრიქონიანი წარწერაა, რომლის გაშიფვრაზეც არაერთი მკვლევარი მუშაობდა. ეკლესიის ეზოში ერთ-ერთი საფლავის ქვას აწერია:

"მომიხსენე, უფალო, ალექსი
დავითის ძე ქულიჩიშვილი...
შობითგან 40 წლისა აღვესრულე
ჩყოთ იანვრის ი-სა".


ეკლესიის აღმოსავლეთით უზარმაზარი კლდისმაგვარი ქვა დევს. ხეითელები მას მოდინახეს უწოდებენ. ჩრდილოეთით, სოფლის სასაფლაოზე კვირაცხოვლის სახელობის ძველი ეკლესიის ნაშთებია.

KARIBCHEსოფლელებს მუშაობის დროს უპოვიათ დიდი ქვევრი, ხელადები, კერამიკის ნამტვრევები, თიხის კუბოს ნაწილები ადამიანის ძვლებით... ზუბაანთ უბნიდან ცოტა მოშორებით, ტყეში XIII-XIV სს-ის ძელიცხოველის დარბაზული ეკლესიაა. სამშენებლო მასალად გამოყენებულია მოწითალო ქვა. ტაძარი მოხატულია. შესასვლელი მორთულია მოჩუქურთმებული პორტალით. სამხრეთიდან ეკლესიას ორსართულიანი სამრეკლო აქვს. შესამჩნევია გალავნის ფრაგმენტებიც. გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწისძვრებით დაზიანებული ტაძარი ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის ხელშეწყობით აგვისტოს ომის წინა წლებში აღადგინეს.

ეკლესიის სამხრეთ შესასვლელთან არის ეკლესიის მსახურის ზაქარია კურდღელაშვილის საფლავი. საფლავის ქვაზე იკითხება:

"(ქ)ღვთით ვიშრომე ძელის
(ცხ)ოვლის ეკლესი(ა)ზედ მე
ზაქარი(ა) კურდღელაშვილმა ვითავე
და აღვაშენე ხალხის (შე)მწეობით
დავახატვინე სამრეკლო".


ცხადია, გაუგებრობას იწვევს წარწერაში ნახსენები სიტყვა "აღვაშენე". ძეგლი სპეციალისტთა მიერ XIII-XIV სს-ითაა დათარიღებული და XIX ს-ში მოღვაწე (ეს ჩანს მისი მეუღლის საფლავის ეპიტაფიიდან, რომელიც იქვეა დაკრძალული) ზაქარია კურდღელაშვილი ვერ ააგებდა, ეტყობა, ძლიერ დაზიანებული ტაძარი ზაქარიამ საფუძვლიანად აღადგინა და მოახატვინა კიდეც. შესაძლოა ტაძარმა პირვანდელი სახეც შეიცვალა. ძელიცხოველის დღეობა ბზობას აღინიშნებოდა. ამ დღეს არა მარტო ხეითიდან, არამედ მეზობელი სოფლებიდან და ხეობებიდანაც მოდიოდა ხალხი. ზოგი ღამისთევით ხვდებოდა უდიდეს დღესასწაულს. თუ ბავშვს წითელა შეხვდებოდა, აქ წითელი მამლები მოჰყავდათ და მონასტრის ტერიტორიაზე უშვებდნენ. ბზობას ბოლო წლებამდე დღესასწაულობდნენ ლიახველები. ხეითელების ერთი ნაწილი (დოკაძეები, ხიდაშელები, რომელაშვილები) სამებობას აღნიშნავდა. იგი საბაწმინდის ტაძრისა და წმინდა სამების ეკლესიის (სამწუხაროდ, იგი განადგურებულია) დღეობა იყო. ეს მომცრო ტაძარი საბაწმინდის სამონასტრო კომპლექსში შედიოდა. სამებობა აპრილის ბოლოს იმართებოდა.

ტრადიციულად სოფელში მცხოვრები ყველა გვარისთვის მთავარი დღეობა ბოსლობა იყო. სპეციალურ ლიტერატურაში მითითებულია, რომ იგი საქონლის ნაყოფიერებისა და გამრავლების წარმართული ღვთაება "ბოსელის" კულტთან დაკავშირებული მოძრავი ხალხური დღეობაა, რომელიც თებერვალში იმართებოდა. ბოსლობის დღე მზისა და მთვარის კალენდრის მიხედვით გამოითვლებოდა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ბოსელი, როგორც წარმართული პანთეონის ერთ-ერთი ღვთაება, ჩვენს წინაპრებს ცხოველური სახის არსებად, კერძოდ ხარად უნდა ჰყოლოდათ წარმოდგენილი (აქედან უნდა მოდიოდეს პირუტყვის, ზოგადად ხარის პატივისცემის ტრადიცია საქართველოში). ქართველთა ასტრალური რელიგიის მაღალ საფეხურზე, რომელიც განვითარებული მიწათმოქმედების შედეგად იშვა, ბოსელი სასოფლო-სამიწათმოქმედო მეურნეობას დაუკავშირდა და ასტრალურ ღვთაებათა წრეში მოექცა. მას "დიდ ღმერთს" უწოდებდნენ. ბოსლობა ძველად მთელ საქართველოში აღინიშნებოდა, უმეტესად დასავლეთში, სვანეთში. აღნიშნული საწესჩვეულებო რიტუალის დროს ხალხი ღვთაება ბოსელს სთხოვდა საქონლის გამრავლება-სიჯანსაღეს, მარცვლეულის, ღვინის მოსავლის გადიდებას, რადგან ოჯახის ეკონომიური სიძლიერე მათზე იყო დამოკიდებული. ამ დღეს, საღამოს ოჯახის წევრები საგანგებოდ გამომცხვარი სარიტუალო კვერით (რომელზეც ჯიქანი და გუთანი იყო გამოსახული) ხვდებოდნენ. ღვინით და ანთებული სანთლით ბოსელში შედიოდნენ, ხარსა და ძროხას სანთლით შუბლს შეუტრუსავდნენ, ტანზე კვერცხს (სიმრავლის სიმბოლოს) გადააგორებდნენ და ღვინით საქონელს დალოცავდნენ.

KARIBCHEსაქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ წარმართული ღვთაება ბოსელი სიტყვათა მსგავსების საფუძველზე შეერწყა ცნობილი საეკლესიო მოღვაწის ბასილი დიდის სახელს. ბასილას უკვე კაცის სახისგამოსახულებიან საახალწლო კვერს უწოდებენ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული ფორმის ბასილებს აცხობდნენ, რომელსაც დიდ ღმერთს (წარმართულ ბოსელსაც და წმინდა ბასილი დიდსაც) უძღვნიდნენ და ბარაქას და გამრავლებას სთხოვდნენ.

დღეისათვის ხეითელები ამ დღეობას სიმბოლურად ბაგაში ქრისტეს შობასთან აკავშირებენ და უფალს პირუტყვის სიმრავლესა და ოჯახის სიჯანსაღეს ავედრებენ. მართალია, ბოსლობის დღესასწაულმა დაკარგა თავდაპირველი შინაარსი, მაგრამ მისი ფორმალური მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად სიცოცხლისუნარიანი იყო ქართული წარმართული პანთეონი.

XX ს-ში კომუნისტებს სოფლის ერთ-ერთ კრებაზე განუცხადებიათ, ამიერიდან 25 თებერვალს - საქართველოს გასაბჭოების დღეს იზეიმებთო და ვერ მიხვდნენ, რომ 25 თებერვალი ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის დღესასწაული იყო.

***
ჭალისუბანში ქართული აგურით ნაშენი ჯვარგუმბათოვანი ეკლესია დგას დასავლეთის ფასადზე მიშენებული სამრეკლოთი, რომელსაც ჭალის მთავარანგელოზს ან გოჩაანთ (გოჩაშვილების) ეკლესიას უწოდებენ. აქ უფრო გოჩაშვილები და ბუგიანიშვილები სახლობდნენ. ტაძრის გარშემო გოჩაშვილების საგვარეულო სასაფლაოა. ხეითელი გოჩაშვილები ბაგრატოვანთა ერთ-ერთ განშტოებად მიიჩნევენ თავს. ამ გვარს სათავე დაუდო გოჩა ბატონიშვილმა. იგი ქართველთა სახელოვანი მეფის სიმონ პირველის თანამებრძოლი, ქართლის სამეფოს მოწინავე ჯარის სარდალი იყო. ბატონიშვილი გმირულად დაიღუპა 1599 წელს ოსმალებთან გორის ციხისთვის წარმოებულ ბრძოლაში. სწორუპოვარი ბაგრატიონის პატივსაცემად მის მემკვიდრეებს გოჩაშვილის გვარი მიუღიათ. ამ გვარის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სახლობენ. საქართველოს დამსახურებული არტისტის, ბატონ ჯემალ გოჩაშვილის თქმით, ხეითელი გოჩაშვილები მესხეთიდან არიან მოსულნი. ახალციხეში გასტროლების დროს, - იხსენებს მსახიობი, - ერთ-ერთ სოფელში სპექტაკლის დასრულების შემდეგ გამეცნო ოთხი ძმა გოჩაშვილი. მესხ გოჩაშვილებსაც დაუდასტურებიათ საგვარეულო გადმოცემა: ჩვენი გვარის წარმოშობა ბატონიშვილ გოჩას უკავშირდებაო.

გოჩაანთ ეკლესიაში, ერთ-ერთი საფლავის ქვაზე წარწერილი ეპიტაფიის მიხედვით, ტაძარი XIX საუკუნის პირველ ათეულშია აგებული. ქვაში ჩადგმულ მარმარილოზე იკითხება:

"აქ დასაფლავებული არის თავადი დიდი ბარძიმ რევაზის ძის მაჩაბლისა მესამე მეუღლე კნეინა მარინე, რომელმანცა დიდათ იგულისმოდგინა აშენება წმიდის ამის ეკლესიისა", რადგან ამ ეკლესიაში მისი ძე და ასულნი განისვენებენო. თავად ქალბატონი გარდაცვლილა 1851 წელს 77 წლის ასაკში. ამ ადგილას ძველი, დანგრეული ეკლესია უნდა ყოფილიყო, სადაც ბარძიმ მაჩაბლისა და მისი მეუღლის შვილები იყვნენ დაკრძალულნი.

2006-2007 წლებში, საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის და კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ლიახვის ხეობის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორის ბადრი გასპაროვის ძალისხმევით, ბატონ კახა გოჩაშვილისა და მოსახლეობის დახმარებით ტაძარი აღადგინეს. სამწუხაროდ, ტაძარი აგვისტოს ომმა სერიოზულად დააზიანა.

***
სოფლის ჩრდილო-დასავლეთ განაპირას, ფეხშველაანთ უბანში, ლიახვის ხეობის მარცხნივ, მოსახლეობის ინიციატივით 2000 წელს აშენდა წმინდა ნიკოლოზის სახელობის დარბაზული ეკლესია. ხეობის სოფლებში არაერთი ტაძრის პროექტი იყო მომზადებული. ზოგის საძირკველიც იყო ამოყვანილი. აღარ დაგვცალდა, თუმცა ადრე თუ გვიან დავბრუნდებით და ავაშენებთ, ძველსაც აღვადგენთ. ღვთისმშობელი ხომ ასე ცხადად და აშკარად იფარავს ჩვენს მიტოვებულ სოფლებს. მთავარია, შევძლოთ წარსული შეცდომებიდან დასკვნების გამოტანა, ვისწავლოთ ერთურთის გატანა, რათა ღირსნი ვიყოთ უფლის მფარველობისა.

KARIBCHEსაოცარ სიწმინდეებთან ერთად უფალმა ისეთი სასწაულებრივი მოვლენები დაუშვა ხეით-საბაწმინდაში, რომლებმაც ძველი დროიდანვე არაერთი ქართველი თუ უცხოელი მკვლევარ-მოგზაური გააოგნა და დღემდე ახსნა ვერავინ მოუძებნა.

გეოგრაფიულ ლიტერატურაში ეს მიდამო ცნობილია ბუნებრივი ძეგლით - საყინულეებით. პირველად ქართველ მეცნიერთაგან ვახუშტი ბატონიშვილმა ახსენა ხეით-საბაწმინდის მყინვარული ორმოები: "აქა არს კარკალი, სადაცა ზამთარ დნების თოვლი, ხოლო ზაფხულს ჰყინავს და ხმარობენ ზაფხულ ყინულად".

ხეით-საბაწმინდის საყინულე XIX საუკუნის ბოლოს დაათვალიერა გერმანელმა გეოგრაფმა, რომელმაც გაზეთ "კავკაზში" წერილი გამოაქვეყნა. ის გაკვირვებას გამოთქვამდა: "თქვენ, ქართველები, რატომღაც გულგრილნი ხართ ბუნების ამ განსაცვიფრებელი თამაშის მიმართო". ბუნების ასეთ უცნაურობას ვერც მეორე უცხოელი მოგზაური პფაფი ხსნის: "ქვის ლოდებს შორის რამდენიმე ორმოა. შესასვლელიდან ორიოდე ნაბიჯზე ზაფხულობით ჩნდება ყინული. ეს მაშინ, როცა ზამთარში მათში სითბოა. ნამდვილად დავრწმუნდი ამ ფაქტში, როდესაც ხვრელებში ძალზე ცივი ჰაერი და ქვებს შორის ყინულის სიჭარბე შევნიშნე. ჩემს თავზე არ ვიღებ ავხსნა ბუნების ეს თამაში".

აკადემიკოსი მარი ბროსე XIX საუკუნის შუა წლებში წერდა, 1848 წლის ზაფხულის ერთ ცხელ დღეს აქ ბუნებრივი ყინული მომართვესო. 1877 წელს საყინულეს ესტუმრა ცნობილი რუსი მეცნიერი ნიკოლოზ ლიხაჩოვი. მას შვიდი საყინულე ორმო დაუთვლია. რუს მკვლევარს უკვირდა: ყინულოვანი ლოდების ქვემოდან ცივი ქარი მოჰქრისო.

ჩვენს დროში იოსებ მეგრელიძემ რამდენჯერმე მოინახულა ეს ადგილები. "როცა ჰაერზე ძალიან ცხელა, მთის ძირში ლოდებს შორის წყაროები გამოდის და იყინება. 1953 წლის 29 აგვისტოს ცხელ დღეს ამ ყინულით ჩვენც ვისარგებლეთ". საყინულე 6-7 კმ-ითაა დაშორებული ცხინვალიდან. 1962 წელს აქაურობას შესასწავლად ეწვია გეოგრაფი რევაზ კვერენჩხილაძე. იგი ჩავიდა საყინულეში. მეცნიერის სიტყვით, შიგნით ყინულის ლოდების ზღვა არის და მათზე სიარული ჭირს: "განვიზრახე ერთ-ერთ ორმოში ჩავსულიყავი, გამიჭირდა, რადგან კედლები წახნაგოვანი ქვებით არის შექმნილი. უფრო ძნელი იყო ამოსვლა... იქ ათამდე ორმოა". მკვლევარს შიგ 40სმ სიგრძის და 22სმ სიგანის ყინული უნახავს. ამ დროს მღვიმეში ერთი, გარეთ კი 31 გრადუსზე მეტი სიცხე ყოფილა.

KARIBCHE
ხეითელმა არკადი გოჩაშვილმა გაიხსენა, თბილისის მართვის ინსტიტუტში სწავლისას რევაზ კვერენჩხილაძე მთელი ლექციის განმავლობაში გვიყვებოდა საყინულეზე თავის შეხედულებებს, როდესაც გაიგო, ხეითელი ვიყავი, ძალიან გაუხარდა: დიდი სიწმინდეებისა და სასწაულების სოფელი გაქვთო.

აქაურ მერაბ გოჩაშვილს უფრო დიდი ზომის ყინულიც შეხვედრია - შუა ზაფხულის ხვატში გამოუტანია უზარმაზარი ყინულის ლოდი. ხეითელები ადასტურებენ მეცნიერთა აზრს: ყინული მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ძალიან ცხელა. უმზეო, გრილ ამინდში ჩვეულებრივი წყალი მოედინება. იგი ძალიან გემრიელია. ზამთარში საერთოდ არ იყინება, პირიქით, თბილია და იმ ადგილას თოვლი დნება.

ხეითელები გულდაწყვეტილნი იხსენებენ მშობლიურ სოფელს. იხსენებენ, როგორ ეძნელებოდათ საყვარელი ადგილების მიტოვება. საკუთარი თვალით უყურეს სახლ-კარის, ისტორიული სამაჩაბლოს განადგურებას. დარდით და რწმენით აღგავსებთ ძმების - ნოშრევან და გოდერძი გოჩაშვილების ნაამბობი: 27 აგვისტომდე სოფლის ტყეში ვიმალებოდით. გვეგონა, მალე დალაგდებოდა ყველაფერი, მაგრამ შუაღამის სამ საათზე წამოვედით ტყე-ტყე. ომის დაწყებისთანავე ერთადერთი ჩვენი მფარველი ღვთისმშობლის ხატი წამოვიღე შინიდან. მჯეროდა, რომ მისი ძალა სამშვიდობოს გაგვიყვანდა, - იხსენებს ქალბატონი თინა ოქროპირიძე-გოჩაშვილი, - გზები შეკრული იყო. ორი ღამე ვიხეტიალეთ ტყეში, წინ წმინდა ხატი მიგვიძღოდა. მრავალ ხიფათს წავაწყდით, მაგრამ ღვთისმშობელი გვიფარავდა. ის, რაც ჩვენ, მოხუცებმა, გადავიტანეთ, მხოლოდ ფილმებში თუ შეიძლება ნახო. ჩვენ წმინდა ღვთისმშობლის ხატმა გადაგვარჩინა.

ჯერ არ გაციებულა 2008 წლის აგვისტოში სამშობლოსთვის თავშეწირულ ვაჟკაცთა სხეულები და უკვე ლეგენდად იქცა ხეითელი ძმების გიორგი და გელა რომელაშვილების გმირობის ამბავი. თავადაც ამ მიწის შვილნი, გაათმაგებული ენერგიით ებრძოდნენ მომხვდურს მშობლიური ხეობის დასაცავად. გელას დასახიჩრებული ცხედარი დნმ-ს ანალიზით ამოიცნეს. იგი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განისვენებს. მტრის სიღრმეში ტანკით შეჭრილი გიორგი კი დღემდე არ ჩანს... ვინ ანუგეშებს მათ დევნილ მშობლებს, შვილებს... ცხრა აგვისტოს, სოფლის დაბომბვისას დაიღუპა ნუგზარ შუგიანიშვილი, დავით კეკოშვილი მტერმა საკუთარ სახლში ცოცხლად დაწვა...

***
გვინდა წერილი ხეითელი მოსწავლის ნესტან გოჩაშვილის შთამბეჭდავი სიტყვებით დავასრულოთ: "ნეტავ იცოდეთ, როგორ მენატრება ჩემი სოფელი, მისი ტყე, მდინარე, სიწმინდეები. ყოველთვის მემახსოვრება ისეთი, როგორიც იყო. როგორ დავივიწყო ჩემი ულამაზესი სამაჩაბლო, ჩემი ხეითი. ჩვენ, ქართველებმა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. მისი კალთა დაგვიფარავს... მჯერა საქართველოს ხვალინდელი დღის, მჯერა, რომ მალე დავბრუნდებით ჩვენს ძირძველ მიწაზე!.."

ფოტოები მოგვაწოდა
ბატონმა ბადრი გასპაროვმა
ბეჭდვა
1კ1