როცა მოძღვრის ნებას, ღვთის ნებას დაემორჩილები, უკვე შენ გარეშე ხდება ყველაფერი
როცა მოძღვრის ნებას, ღვთის ნებას დაემორჩილები, უკვე შენ გარეშე ხდება ყველაფერი
საგარეჯოს რაიონის სოფელი ნინოწმინდა ივრის ხეობის პატარა სოფელია. ამ სახელით ადრე მოიხსენიებოდა მთელი ეპარქია, რომელიც V საუკუნიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე არსებობდა. ნინოწმინდელ მიტროპოლიტებს სოფელ ნინოწმინდაში ჰქონდათ მუდმივი კათედრა და აქედან განაგებდნენ ეპარქიას ვიდრე ქიზიყამდე.

უზარმაზარი გალავნით გარშემორტყმულ საეპისკოპოსო რეზიდენციაში დღეს მცირე ზომის ეკლესიაა შემორჩენილი. მეფე ვახტანგ გორგასლის დროს აგებული ღვთისმშობლის შობის ტაძრიდან მხოლოდ საკურთხეველია შემონახული, რომელიც ეკლესიის მესამედს შეადგენს. ტაძრის შორიახლო აღმართულია აგურის დიდი და მაღალი კოშკი - სამრეკლო.

ნინოწმინდის ეპარქიის გაუქმების შემდეგ მაშინდელ რუსის სასულიერო მთავრობას ეკლესიიდან ყველა ძვირფასი სამკაული და ნივთები წაუღია, მათ შორის პატიოსანი თვლებით მოოჭვილი წმინდა ჯვარი და წმინდა ნინოს ხატი წარწერით: "მოციქულო ნინო, მეოხ-მეყავ ორსავე ცხოვრებასა მეფესა არჩილს, რომელმან შემოგწირე ესე სულისა საოხად და მეფობისა ჩვენისა გასაძლიერებლად შევამკე ხატი ესე".

კარიბჭის წარწერიდან ვიგებთ, რომ 1671 წელს ტაძარი განუახლებია ნინოწმინდელ ეპისკოპოსს ნიკოლოზ ანდრონიკაშვილს. კათედრას შეეწივნენ თეიმურაზ II და ერეკლე II.

XX საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით, ნინოწმინდაში სამონასტრო ცხოვრება აღდგა. ეპისკოპოს ანდრიას (გვაზავას) ძალისხმევით, 1998-2000 წლებში მონასტერი გარემონტდა. შეკეთდა საბა ტუსიშვილისეული საეპისკოპოსო სახლი, გამოიყვანეს წყალი, სამრეკლოში მოეწყო სენაკი, აიგო დამხმარე ნაგებობები.

2002 წლის ოქტომბრიდან საგარეჯო-გურჯაანის ეპარქია ალავერდელ მიტროპოლიტ მეუფე დავითს (მახარაძეს) დაექვემდებარა დროებით. 2002 წლის ზაფხულში საგარეჯო-ნინოწმინდის ეპარქიის მღვდელმთავრად დაინიშნა ეპისკოპოსი ლუკა (ლომიძე). ეპისკოპოსად კურთხევამდე მეუფე ლუკა დავითგარეჯის მამათა მონასტრის წინამძღვარი გახლდათ.

ნინოწმინდაში მეუფე ლუკას ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა, ბევრიც, ცხადია, გასაკეთებელია.

რეზიდენციაში განთავსებულ დედათა მონასტერში ამჟამად ერთი მონაზონი, დედა სიდონია (დიასამიძე), და სამი მორჩილი - მარიამი (ფეიქრიშვილი), სალომე (გელაძე) და ეკატერინე (იოსელიანი) - მოღვაწეობენ.

დედა სიდონია და მორჩილი სალომე "კარიბჭესთან" საუბარზე მეუფის კურთხევით დაგვთანხმდნენ.

- მეუფე ლუკას მოსვლის შემდეგ ეპარქიაში მართლაც ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა. ამოქმედდა ეკლესია-მონასტრები. დღეს ეპარქიაში ორი მამათა მონასტერია. სოფელ პატარძეულის ღვთისმშობლის შობის მონასტრის წინამძღვრის, მღვდელ-მონაზონ იაკობის (ავალიშვილის) ხელმძღვანელობით და მეუფე ლუკას ლოცვა-კურთხევით აშენდა სამონასტრო კომპლექსი. ამჟამად იქ ერთი მღვდელ-მონაზონი, ერთი ბერ-დიაკვანი, ორი ბერი და ერთი მორჩილი მოღვაწეობს, - გვითხრა დედა სიდონიამ.

პატარძეულის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი გვიანი შუა საუკუნეებით თარიღდება. XX საუკუნის ოციან წლებში მას თავს აფარებდნენ ბეთანიიდან დევნილი ბერები - იოანე (მაისურაძე) და გიორგი (მხეიძე). მეუფის ძალისხმევით აიგო საცხოვრებელი სენაკები, კეთილმოეწყო მონასტრის ტერიტორია. ხაშმის წმინდა სამების მამათა მონასტერში ერთი მღვდელ-მონაზონი, მამა კირიონის მოღვაწეობს.

- სულ რამდენ ტაძარში აღევლინება ღვთისმსახურება?

- ეპარქიაში წირვა 14 ტაძარში სრულდება. ესენია: საგარეჯოს ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი (XVIIIს.), საგარეჯოს დოდო გარეჯელის სახელობის ეკლესია (XVIIIს.), ხაშმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ხაშმის სამების მონასტერი (Vს.), გიორგიწმინდის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (XVIII-XIXს.ს.). პატარძეულის წმინდა შიოს სახელობის ეკლესია (XIIIს.), ნინოწმინდის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი (V-VIს.ს.), კაკაბეთის ღვთისმშობლის ეკლესია, ჩაილურის წმინდა სამების ეკლესია, უდაბნოს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, პატარძეულის ღვთისმშობლის შობის მონასტერი, უჯარმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ბადიაურის ღვთისმშობლის ტაძარი. ჩვენს ეპარქიაში სულ შვიდი მოღვაწე მღვდელია.

- დედა სიდონია, როგორ მოხვედით მონასტერში?

- ჩემი მონასტრული ცხოვრება 2003 წლის 8 სექტემბერს დაიწყო. ამავე წლის ნოემბერში სამონაზვნედ მაკურთხეს, 2004 წლის აპრილში კი მონაზვნად აღმკვეცეს. დავამთავრე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. წარმოშობით მესხეთიდან ვარ, თუმცა ჩემი მშობლები საგურამოში ცხოვრობენ. საგურამოს სკოლაში რელიგიის ისტორიას ვასწავლიდი. მე და მორჩილი სალომე ახლობლები ვართ. მე უფრო ადრე წავედი მონასტერში, ცოტა ხნის შემდეგ სალომეც ჩამოვიდა ნინოწმინდაში. თბილისში ყოფნისას პეტრე-პავლეს სახელობის ტაძარში, მამა არჩილთან (მინდიაშვილთან) დავდიოდი. ის იყო ჩემი პირველი მოძღვარი. მერე მამა ექვთიმესთან, ახლა უკვე მეუფე ექვთიმესთან, დავიწყე სიარული. გურჯაანში ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ მეუფეს ეპარქიაში წავყევი. ჩემი მონასტრული ცხოვრება იქიდან დაიწყო. რწმენის გამო მოვხვდი მონასტერში. როცა მოძღვრის ნებას, ღვთის ნებას დაემორჩილები, უკვე შენ გარეშე ხდება ყველაფერი. მოძღვარს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ უნდა დაემორჩილო, როცა გრძნობ, რომ არასწორ გზაზე მიჰყავხარ.

მორჩილი სალომე:

- მეუფე ლუკა ძალიან მზრუნველია. მის თითოეულ სიტყვას, შემოხედვას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის.

ისე, ცხონება ერშიც შეიძლება, მაგრამ მე სულ ვოცნებობდი მონასტრულ ცხოვრებაზე და ღმერთმა სურვილი ამისრულა, რისთვისაც დიდ მადლობას ვწირავ.

მადლიერების გამოხატვა მიჭირს. მონასტერში ყოფნა უფლის მოწყალებაა.
ბეჭდვა
1კ1