ზემო სვანეთი
ზემო სვანეთი
ძნელბედობისას მტერთაგან დაცულ სვანეთში ხიზნავდნენ საეკლესიო საგანძურს. სვანების სიმტკიცემ და შემართებამ, რწმენამ და სამშობლოს სიყვარულმა მრავალი სიწმინდე გადაგვირჩინა. ამაში თვალნათლივ დაგარწმუნებთ მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერება.

მუზეუმის შესანიშნავად მოვლილი ვეებერთელა შენობა მდინარე მესტიისა და მუხურას შესართავს დაჰყურებს. მუზეუმი 1936 წელს საზოგადო მოღვაწის, ეთნოგრაფ ეგნატე გაბლიანის თაოსნობით დაარსდა. ადრე ის წმინდა გიორგის ეკლესიის გვერდით მდებარე შენობაში იყო განთავსებული. წლებია უკვე, კეთილმოწყობილი ნაგებობა მიუჩინეს. რამდენიმე წელია, მუზეუმს ხელოვნებათმცოდნე ქალბატონი რუსუდან ჩიქოვანი უძღვება. მანვე მომითხრო მუზეუმის ისტორიაც.

- გადარჩენილი ეროვნული მემკვიდრეობის დასაცავად საზოგადო მოღვაწეთა ერთმა ჯგუფმა, ეგნატე გაბლიანის თაოსნობით, სეტის წმინდა გიორგის ეკლესიის საგანძურის ბაზაზე მუზეუმი დააფუძნა. დროთა განმავლობაში მისი საცავი სვანეთის სხვადასხვა სოფლიდან მოტანილი ძეგლებით შეივსო. დღეს მუზეუმში ხუთი ათასზე მეტი ექსპონატია.

განსაკუთრებული ადგილი უკავია ტყავზე შესრულებული ძველი ქართული ხელნაწერების მდიდარ კოლექციას. მათ შორის უძველესია 897 წელს შატბერდში გადაწერილი "ჰადიშის ოთხთავი". ასომთავრულით შესრულებულ ამ წიგნს ულამაზესი მინიატიურები ამშვენებს. საინტერესოა ასევე "მესტიის ოთხთავი", რომელიც 1033 წელს არის გადაწერილი ოშკში. იგი ნუსხურით არის შესრულებული და მასაც უნიკალური მინიატიურები ამკობს. იქვეა XII საუკუნის "ლაბსყალდის ოთხთავი", ხევის მთავარანგელოზის ეკლესიისთვის იერუსალიმში გადაწერილი XII საუკუნის "ლაჰილის ოთხთავი". მას ახლავს ანდერძი, სადაც შემწირველი მთავარანგელოზს ავედრებს ხელნაწერს და ეკლესიის მსახურებს სთხოვს, ღამით კვამლს ნუ მიუშვებთ და გაუფრთხილდით, რომ არ დაზიანდესო. აქვეა დაცული "ლატალის ლექციონარი" და სხვა უნიკალური ხელნაწერები.

სვანეთი მხოლოდ განძთსაცავი როდი იყო. შუა საუკუნეებში აქ არსებობდა საოქრომჭედლო სახელოსნოები, მწიგნობრობისა და მონუმენტური მხატვრობის კერები. სვანეთში შესრულებული მანუსკრიპტები ამშვენებს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმს, იერუსალიმის საპატრიარქოს ბიბლიოთეკას. ერთხანს სვანეთში მოღვაწეობდა მეფის კარის მხატვარი თევდორე, რომელმაც აქ სამი ეკლესია მოხატა: იფარის მთავარანგელოზის, წმინდა კვირიკესა და ივლიტასი, რომელიც სამონასტრო ცენტრსაც წარმოადგენდა, და ნაკიფარის წმინდა გიორგის სახელობის.

მუზეუმის ოქროს ფონდის მთავარი მშვენება ძვირფასი თვლებით მოოჭვილი სიწმინდეებია. აქ ნახავთ ვერცხლის სურას, რომელიც გიორგი III-ს წმინდა გიორგის ეკლესიისთვის შეუწირავს, ბაგრატ იმერთა მეფისა და მისი თანამეცხედრის, თამარის მიერ შემოწირულ სურას, ალექსანდრე კახთა მეფის მიერ შეწირულ ზარებს. სვანეთში დაახლოებით 12 წარწერიანი ზარია. მათგან რვა - ალექსანდრე მეფეს შეუწირავს.

KARIBCHEარქეოლოგიურ ფონდში ექსპონირებულია ძვ.წ.აღ-ის III ათასწლეულის ძეგლები. ყურადღებას იქცევს სპილენძის ყუადაქანებული ცულები, სპილენძისყუნწიანი შუბის წვერი, კაჟის, ბრინჯაოს, რკინის საბრძოლო და სამეურნეო იარაღები, მრავალი სამკაული, კერამიკისა და მინის ნაკეთობები, ბრინჯაოს კოლხური ცულები, სხვადასხვა პერიოდის სამიწათმოქმედო იარაღი, მარცვლეულის სახეობები, რკინის ისრის წვერები და სხვა.

ფონდებში დაცულია ნუმიზმატიკური კოლექციები: ოქროს სტატერები, მაკედონიისა და ბიზანტიის ოქროს მონეტები, კოლხური თეთრი და შემდგომი პერიოდების თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მონეტა.

საინტერესოა სვანური ხუროთმოძღვრება. ორსართულიან საცხოვრებელ სახლებს გვერდს კოშკები უმშვენებს. პირველ სართულს მაჩუბი ჰქვია. მას საცხოვრებლად იყენებდნენ. მეორე სართული სამეურნეოდ ჰქონდათ განკუთვნილი. კოშკი კი თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა. უშგულში გვხვდება სხვა ტიპის სახლებიც - სვანირები. აქ თავდაცვითი ფუნქცია კოშკს კი არა, საცხოვრებელი სახლის მესამე სართულს აკისრია.

წინათ თითოეულ ოჯახს თავისი უფროსი - მახვში ჰყავდა. ყველას არ შეეძლო, მახვში ყოფილიყო, მას სხვადასხვა კრიტერიუმით ირჩევდნენ. უნდა ყოფილიყო ჭკვიანი, სამართლიანი, გამჭრიახი. ოჯახის არც ერთ სხვა წევრს არ ჰქონდა უფლება, საუფროსო, მახვშის საკარცხულზე დამჯდარიყო. თავის სავარძელს, უდიდესი პატივისცემის ნიშნად, მახვში მხოლოდ სტუმარს თუ დაუთმობდა.

მუზეუმის ექსპონატთა შორის გამოირჩევა მოჩუქურთმებული სვანური საოჯახო ავეჯი. მუზეუმს აქვს ფილიალები, უშგულიდან დაწყებული, ლაბსყალდით დამთავრებული.

ლატალი
ლატალის თემი, რომლითაც იწყება ბალზემო სვანეთი, ყველაზე მდიდარია, რასაც ბუნებრივი პირობები უწყობს ხელს. ენგურის ფართო ხეობაში უხვადაა სახნავ-სათესი მიწა, საძოვრები, ტყეები.

ლატალის თემი ათი სოფლისგან შედგება. მათ შორის მნიშვნელოვანი ძეგლებით გამოირჩევა მაცხვარიში, იენაში, იფხი, ლაჰილი, ლახუშტი.

მთის ფერდობზე შეფენილი ლახუშტიდან დანახული უშბა დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. ლახუშტი მჭიდროდ დასახლებული პატარა სოფელია. სოფლის შუაში დგას მაცხოვრის სახელობის ტაძარი. მასში თითქმის ორი ათეული მღვდელმსახურების ნივთია შემორჩენილი: ჭედური და ფერწერული ხატები, XII-XIII საუკუნეებისა და უფრო გვიანი ხანის ჯვრები. ამ საგანძურში ჭარბობს ღვთისმშობლის ხატები, რაც არც ისე ხშირია სვანეთში. ხატების უმეტესობა ფერწერულია, რომლებიც მოგვიანებით შეუმკიათ ჭედურობით.

სოფელ ლახუშტიდან სამიოდე კმ-ში, მთაზე, შუა ტყეში თანღალ-თარინგზელის (მთის მთავარანგელოზის) პატარა ეკლესიაა. ეს მთა წმინდა ადგილად ითვლებოდა და აქ სვანი ხეს არ ჭრიდა.

ეკლესია განსხვავებულია სვანეთის სხვა ძეგლებისგან. ეკლესია მოხატულია XIII საუკუნეში ორი უდავოდ ნიჭიერი ოსტატის მიერ. ქვედა რეგისტრის კომპოზიციებში, კერძოდ, ჯვარცმის სცენაში, ქრისტეს პოზა, მარიამისა და იოანეს მწუხარების გამომეტყველი ტრადიციული ჟესტიკულაცია თავისებურ, რამდენადმე გულუბრყვილო გამომეტყველებას იძენს.

კამარასა და კედლებზე საუფლო დღესასწაულთა რვა სცენაა ორ რეგისტრად განთავსებული. ზოგიერთ მათგანში ყურადღებას იქცევს იშვიათი იკონოგრაფიული დეტალები - იერუსალიმად შესვლის კომპოზიციაში მოციქულების უკან გამოსახულ მთაზე აღმართული ჯვრით, რაც გოლგოთას აღნიშნავს. წმინდანებიდან მხატვარმა მხოლოდ წმინდა გიორგი წარმოაჩინა საკურთხევლის აფსიდის გვერდით, თუმცა ეკლესია მთავარანგელოზთა სახელზეა აგებული. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს სვანეთში წმინდა გიორგისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას.

სოფელ იენაშის XIV საუკუნის ეკლესია იონა წინასწარმეტყველის სახელობისაა. ამ თლილი ქვის შენობას შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. ეკლესიის ინტერიერი XIV საუკუნეშია მოხატული. ფრესკებიდან აღსანიშნავია იონა წინასწარმეტყველის ცხოვრების ამსახველი ეპიზოდი - მისი ხსნა ვეშაპისაგან, რომელიც სვანეთის არც ერთ ეკლესიაში არ გვხვდება.

ეკლესიის საგანძურშია XI ს-ის მაცხოვრის დიდი ხატი. ხატი მთლიანად მოჭედილია ოქროთი დაფერილი ვერცხლით, მხოლოდ სახეა ფერწერული. მოჭედილობა მოგვიანებით გადაუტანიათ ახალ საფუძველზე. მაღალოსტატურადაა შესრულებული შარავანდის და ხატის ჩარჩო, სვანეთისთვის უჩვეულო სტილიზებული ფოთლოვანი ორნამენტით. ჩარჩოს ქვედა ზოლზე სამსტრიქონიანი წარწერაა, ამჟამად ძლიერ დაზიანებული.

წარწერა გვამცნობს ეკლესიაში ხანძრის და საგანძურის ბედს: "ვნახეთ ეკლესია დარღვეული, ვპოვეთ სამკაული ეკლესიისა შენისაი მოპარული და დაფლული... რათა შენივე შენდა შევსწიროთ". როგორც წარწერა, ასევე ხატის ჩარჩო და ქრისტეს შარავანდი მისი მოძებნის შემდეგ უნდა იყოს შესრულებული.

KARIBCHEსასწაულია, ეკლესიიდან მოპარული და დაკარგული ყველა ნივთი კვლავ უბრუნდება მას. XIV ს-ის წმინდა თევდორეს ხატმა იენაშის ეკლესიიდან ლონდონში გადაინაცვლა, იქიდან - ჟენევაში და კვლავ სამშობლოში დაბრუნდა, ასევე XII ს-ის წყვილი მეომრის ხატი, რომლის წარწერა ოქრომჭედელ ივანეს იხსენიებს (ეს სახელი ხშირად გვხვდება სვანეთის XII ს-ის ხატებზე. რადგან გვარით არ იხსენიება, მეტად ცნობილი ოსტატი უნდა იყოს). წმინდა გიორგის ხატი, საწინამძღვრო ჯვრები და იტალიური ჯვარი, XIV საუკუნის წმინდა თევდორეს ხატთან ერთად, 1978 წელს გაიტაცეს ეკლესიიდან. მაგრამ ყველა ეს ნივთი კვლავ დაბრუნდა ოდესიდან. ეკლესიაში ინახება წმინდა იონა წინასწარმეტყველის ხატი, რომლის ზურგის წარწერა გვამცნობს, რომ ხატი მოუჭედავს მამია გურიელს სოფლის (იგულისხმება იენაში) გასამარჯვებლად და მისი სულის საოხად. წარწერაში მოხსენიებული უნდა იყოს პირველი მამია გურიელი (ხუთი მამია გურიელი იყო), რომელიც XV საუკუნეში მოღვაწეობდა.

სოფელ მაცხვარიშში ეკლესიები ბორცვზეა აღმართული. ერთი მათგანი X-XI ს.ს-შია მაცხოვრის სახელზე აშენებული, აქედან წარმოდგება სოფლის სახელიც - მაცხვარიში. ტაძარს შემორჩა ორნამენტებითა და ზოომორფული გამოსახულებებით შემკული ძველი ხის კარები. ფრესკული წარწერების საფუძველზე დადგენილია, რომ ეკლესია მოიხატა დემეტრე I-ის მეფობის მე-15 წელს, ესე იგი 1140 წელს, "ხელითა მიქაელ მაღლაკელისათა". მხატვრის გვარი თითქოსდა მის წარმოშობაზე უნდა მიანიშნებდეს, იმერეთის სოფელ მაღლაკიდან, მაგრამ თვით მოხატულობის ხასიათი, სვანეთის ფერწერული სკოლის მკაფიოდ გამოხატული თავისებურებანი - სვანი ოსტატის მიერ შესრულებაზე მეტყველებს. სავარაუდოა, რომ მხატვრის წინაპრები მაღლაკიდან იყვნენ გადმოსულნი.

მაცხვარიშის მოხატულობა მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტს გადმოგვცემს - დავით აღმაშენებლის ძის, დემეტრე I-ის მეფედ კურთხევის ცერემონიალს - მეფეს თავზე ანგელოზი გვირგვინს ადგამს, რაც სიმბოლურად გადმოგვცემს ცერმონიალის საეკლესიო ნაწილს, რომელსაც კათალიკოსი ასრულებდა, შემდეგ დიდებულები მეფეს წელზე ხმალს შემოარტყამდნენ, რაც მოხატულობაში რეალურადაა ასახული - აქ ერთ-ერთი დიდებული სვანთა ერისთავი ვარდანისძეა.

მხატვარმა მიქაელ მაღლაკელმა შექმნა დიდებული და სადღესასწაულო ხასიათის მოხატულობა. შემთხვევით არ არის მინაშენის კართან, ბერის ტანსაცმელში გამოსახული კვირიკე მამასახლისი, რომელსაც დავალებული ჰქონდა მოხატვის ზედამხედველობა. სწორედ მინაშენიდან, სადაც სარიტუალო ცეცხლი ინთებოდა, შემოდიოდა კვამლი, რომლის ჭვარტლიც აშავებდა მხატვრობას. აქვე წარწერაში ვკითხულობთ კვირიკეს ანდერძს: "ვინცა ამას ეკლესიასა მამასახლისი იყოს, კვამლისგან შეიკრძალეთ ხატული, რათა ფერი არ დააკლოს". ეკლესიაში დაცულია XII-XIII ს.ს-ის რამდენიმე ფერწერული ხატი, მათ შორის მაცხოვრის, ღვთისმშობლის და ჯვარცმის დიდი ზომის ხატები, ასევე წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხატი ასომთავრული წარწერით, ტიხრული მინანქრებითა და სევადით შესრულებული მედალიონებით შემკული ბიზანტიური საწინამძღვრო ჯვარი.

მაცხვარიშის მეორე ეკლესია მთავარანგელოზთა სახელზეა აგებული.

მთის ფერდობზე იფხის მცირე ზომის, X ს-ის წმინდა გიორგის ეკლესიაა აღმართული. ქვის სადგარზე დამაგრებულია დიდი საკურთხევლისწინა ჯვარი. ჯვრის მოჭედილობა მთლიანად გაძარცვულია. 1968 წელს იფხის მცხოვრებთ (გვიშიანებს და თამლიანებს) შეუკეთებიათ ქვის სადგარი, სადაც დიდი ჯვრის გვერდით ხუთი პატარა კანკელზე დასადგმელი ჯვარი ჩაუმატებიათ.

სოფელ ლაჰილში წმინდა გიორგის სახელობის პატარა ეკლესია დგას. მასში სამი ძველი დანგრეული ეკლესიის განძეულობაა თავმოყრილი. აქ ინახება X-XIII საუკუნეების სვანურ სახელოსნოებში შესრულებული ჭედური ხელოვნების მნიშვნელოვანი ძეგლები - XI საუკუნის წმინდა ანას ხატი და საკურთხევლის ორი ჯვარი. ისინი ერთი ოქრომჭედლის ხელისა უნდა იყოს.

***
- რაც მამა ეგნატე ჩამოვიდა, სოფელში სულ სხვა მადლი ტრიალებს. ღმერთმა დალოცოს მამა ეგნატე. მთელი ახალგაზრდობა შემოიკრიბა და სულიერად განიმსჭვალა თითოეული მათგანი, - მითხრა ლახუშტელმა მურთაზ ჩამგელიანმა.

უხუცესი სილიბისტრო კვანჭიანი მაცხოვრის ეკლესიის გვერდით, "საფიხვნოში" დავიმარტოხელე.

- წინათ აქ 31 კომლი ცხოვრობდა. ახლა 17-ღა დავრჩით. ძირითადი გვარებია - ფირცხელანი, ჩამგელიანი, ნიკოლოზიანი, კვანჭიანი, ასუმბანი. ლახუშტში უფრო მეტად ხელოვანი ხალხი ცხოვრობს. ფირცხელანები საუკეთესო მომღერლებად ითვლებიან დღესაც. ამ სოფელმა შემოგვინახა სვანური "ქრისტე აღსდგა", რომელიც უწმინდესს განსაკუთრებით მოსწონს. რაც დრო გადის, საგალობლების მთქმელნი გვიცოტავდებიან. დღეს სამი კაციღა შემოვრჩით, ვისაც გალობა შეგვიძლია. მადლობის მეტი რა გვეთქმის მეუფე ილარიონისა და ჩვენი სამღვდელოების მიმართ. მამა ეგნატემ გამოასწორა ეკლესიური ცხოვრება ლატალში. ლოცვა ყოველთვის უყვარდათ აქაურებს.

ორი სალოცავი გვაქვს - მაცხოვრისა და თანღილის მთავარანგელოზის სახელობისა. თანღილის ტაძარზე ასეთი გადმოცემა ვიცით: მტერი შემოსევია სვანეთს სიწმინდეების გასატანად. თანღილის მთავარანგელოზის ტაძრამდეც მიუღწევიათ. ისრები დაუშენიათ ტაძრისთვის. ეზოში რომ შესულან, ყველას თვალისჩინი წართმევია. ტაძრის დღესასწაულს წელიწადში ორჯერ აღვნიშნავთ. შეგეწიოთ თანღილის მთავარანგელოზის მადლი.

თანღილამდე მისასვლელი გზა რთულია, მაგრამ მადლიანი
მამა ეგნატესა და მის სულიერ შვილებთან ერთად ტაძრის მოსალოცად გავეშურე. საოცარი ადგილია, მიდიხარ უღრან ტყეში, გზად უგემრიელესი წყარო გვხვდება. მივყვებით ბილიკს, მივაღწიეთ მწვერვალს და უეცრად თვალწინ გადაგვეშალა წმინდა სავანე. მცირე სეფისკვერის ფორმის ტაძარს გარშემო პატარ-პატარა სენაკები აქვს. მადლის მოზღვავება მაშინვე შევიგრძენი. დაღლამ უეცრად გადამიარა და ცოტა ხნით გარინდებული დავრჩი. სვანური ტრადიციით, როცა ტაძარში შედის მლოცველი, ზარს რეკავს, ჩვენც არ დავარღვიეთ ეს ტრადიცია. საოცარი ფრესკები ვიხილე, უბრალო და მადლიანი ხელით დაწერილი, წლების ნალოცი ნამონასტრალის მადლი სულიერად გაპურებს... თანღილის ზარს წამოსვლისასაც შემოვკარით. მამა ეგნატესთან საუბარიც მოვასწარი. მამა ეგნატე სქემიღუმენია. მეუფის ლოცვა-კურთხევით, თანღილის მთავარანგელოზის მონასტერს წინამძღვრობს.

- როდესაც ამ ტაძარში პირველად ვწირე, რამდენიმე ადამიანი მახლდა, ერთ-ერთი იყო მგალობელი. მლოცველნი ისე ჩაებნენ გალობაში, რომ შეცდომაც არ დაუშვიათ. ეს ნიშანია იმისა, რომ ამ ტაძარში დიდი მადლი სუფევს. აშკარაა, რომ ადრე აქ მონასტერი იყო. საკურთხეველი იმდენად მცირეა, ორი ადამიანი თუ დაეტევა, რაც ბერულ, მონასტრულ მსახურებაზე მიუთითებს, - მიამბობს მამა ეგნატე.

ვიდრე სასულიერო პირი გავხდებოდი, მეუფე ილარიონი ბრძანდებოდა ამ ადგილას, ძალიან მოეწონა აქაურობა: - ორი სენაკიც რომ იყოს, ალბათ მარხვას აქ გავატარებდიო. დღეს უკვე აშენებულია მონასტერი, მაგრამ სასულიერო პირების ნაკლებობის გამო მონასტრული ცხოვრება, სამწუხაროდ, არ მიმდინარეობს. ღვთის მადლით, აღორძინების იმედი გვაქვს. იშვიათად, მაგრამ მიფიქრია, განვმარტოებულიყავი და მონასტერში მეცხოვრა, მაგრამ მთავარი ლოცვა-კურთხევის შესრულებაა. ბერისთვის უმთავრესი მოთმინება და მორჩილებაა. მხოლოდ მას შეუძლია მიგიყვანოს სასუფევლის კარამდე. ადამიანმა ჯვარი თავად არ უნდა დაიმძიმოს.

ამქვეყნიური ცხოვრება მძიმეა, მაგრამ იმქვეყნად სიტკბო გელოდება. წმინდა მამები ამბობენ: ადამიანმა რომ იცოდეს, ბერ-მონაზონი იმქვეყნად რამხელა სასყიდელსა და საჩუქარს მიიღებს, ყველა მონასტერში წავიდოდაო. ბერ-მონაზვნების ლოცვაზე დგას ჩვენი ქვეყანა, საქართველო.

***
დავიბადე და გავიზარდე დაბა სურამში. ვცხოვრობდი სამების ტაძართან (ღვთაების ტაძარი). ზარის ხმა ყოველ დილას ბავშვობიდან მესმოდა, რადგან ეს ტაძარი მოქმედი იყო. იქ მოღვაწეობდა მამა მიქაელი (ლომიძე). ბავშვობაში რელიგიასთან კავშირი მხოლოდ აღდგომის ღამეს ლიტანიობაზე დასწრებით შემოიფარგლებოდა და ბავშვები დროს ტაძრის ეზოში ვატარებდით.

1996 წელს რუისისა და ურბნისის მღვდელმთავრად მეუფე იობი დაადგინეს. ამ წელს დავამთავრე საშუალო სკოლა. რაც უფრო ხშირად ვხედავდი სასულიერო პირებს, მიმძაფრდებოდა სურვილი, გავცნობოდი მათი ცხოვრების წესს. გადავწყვიტე, მარხვის შენახვა დამეწყო, მარხვის მადლმა კი ეკლესიური ცხოვრება დამაწყებინა. 1999 წელს, ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე, სურამის ახალაშენებულ კვირაცხოვლის ტაძარში მამა სტეფანემ (დღეს უკვე არქიმანდრიტი მამა სტეფანე (კორინთელი)) ქრისტეს სისხლსა და ხორცს მაზიარა. ამავე წელს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე სტიქაროსნად მაკურთხა.

2002 წელს მეუფე ილარიონი ახალშექმნილი მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავრად დაადგინეს, ღვთის ნებით, მას შემდეგ სვანეთში ვარ. ბერული ცხოვრების სურვილი მანამდეც მქონდა, მაგრამ გადაწყვეტილება სვანეთში ყოფნის დროს მივიღე. 2003 წლის 2 აგვისტოს მესტიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში (წინამძღვარი - დეკანოზი გიორგი ჩართოლანი) მეუფე ილარიონმა ბერად აღმკვეცა. ხოლო ამავე ტაძარში 10 აგვისტოს დიაკვნად მაკურთხა. ამავე წლის 4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, ქოზიფის მამათა მონასტერში, მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით, მეუფე იობმა მღვდლად დამასხა ხელი. 2004 წლის 18 იანვარს მეუფე ილარიონმა დამადგინა სოფელ ლატალის მაცხოვრის ამაღლების ტაძრის წინამძღვრად.

სვანეთი საოცრად ლამაზია. აქ შეგიძლიათ ერთდროულად იხილოთ წელიწადის ყველა დრო - მყინვარი, დათოვლილი მთები, მწვანედ მობიბინე, აყვავებული მინდვრები, მორაკრაკე ნაკადულები, ბობოქარი ენგური და უმშვენიერეს ადგილებზე მდგარი კოხტა ტაძრები. როგორც ლატალელები ამბობენ, ამ სოფელში 67 ტაძარი და ნატაძრალია.

სოფელ ლატალში XI-XII საუკუნეების ტაძარი იონა წინასწარმეტყველის სახელზეა აგებული. როგორც ვიცი, ეს ტაძარი საქართველოში ერთადერთია. თითოეული ფრესკა ღვთიური მადლით აღგავსებს. ამ უბანს იენაში ჰქვია, რომელიც წმინდანის სახელთან არის გაიგივებული. აგრეთვე ცნობილია XII საუკუნის ოთხთავი, რომელიც მესტიის მუზეუმშია დაცული. მაცხოვრის ამაღლების ტაძარში არის დემეტრე I-ის (ბერობაში დამიანე) ერთადერთი ფრესკა. ტაძარი მოხატულია 1141 წელს. წირვა-ლოცვას ვატარებ სოფელ ბეჩოში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, რომელიც მეუფე ილარიონმა 2004 წელს, მიძინების დღესასწაულზე აკურთხა.

***
როგორც უმეტეს შემთხვევაში, არც ჩემი ოჯახი იყო ჩემი არჩევნით მოხიბლული. მამა ბავშვობაში გარდამეცვალა, ჩემი ძმა ესწრებოდა ჩემს აღკვეცას მესტიაში. დედამ თუმცა ბევჯერ გამომიტირა, მაგრამ ბოლოს ჩემი თავი ღმერთს მიანდო, - იყოს ნება ღვთისაო. ღმერთმა ქნას, ყველანი მივნდობოდეთ ღვთის ნებას.

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეეყანაა. ჩვენ მის მფარველობას მუდამ ვგრძნობთ. ღმერთმა ინება, რომ ღვთისმშობლის შობას სტიქაროსანი გავმხდარიყავი. სტიქარი ხომ უფლის კვართს განასახიერებს. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე კი მღვდლად მაკურთხეს. მღვდელი ხომ სულიწმინდის მადლით აღივსება, რომელიც ღმერთსა და ხალხს უნდა ემსახუროს, რაც ძალზე საპასუხისმგებლოა. აგრეთვე მიხდება ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მსახურება სოფელ ბეჩოში. იქ მიამბეს, რომ აქ მსახურობდა მამა გერმანე მემანიშვილი, რომელიც 1937 წელს დახვრიტეს... და კიდევ, ვინ იცის, რამდენი წმინდანის ნაკვალევზე ვდგამთ ფეხს. მადლობა უფალს, მადლობა ღვთისმშობელს და მადლობა მეუფე ილარიონს. მადლობა ჟურნალ "კარიბჭეს". ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

"უძლეველი მხედარი"
აგერ უკვე რამდენიმე წელია, გამოდის მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის გაზეთი "უძლეველი მხედარი". მასში ეპარქიის სასულიერო ცხოვრება გულღიადაა გადმოცემული. სასიხარულოა, რომ შემოქმედებითად იღვწიან სკოლის მოსწავლეებიც და თავიანთ გულისნადებს ამცნობენ მკითხველს. საუბარი ვთხოვე "უძლეველი მხედრის" რედაქტორს მანანა ჯაფარიძეს:

- გაზეთი "უძლეველი მხედარი" მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის ეპისკოპოსის მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით გამოდის. პირველი ნომერი 2007 წლის აპრილში გამოვიდა.

სვანეთი, რომელმაც დღემდე შემოგვინახა უწმინდესი განძი - უამრავი ეკლესია-მონასტერი უნიკალური ჯვარ-ხატებით, მოკლებული იყო ეკლესიურ ცხოვრებას, ანუ სულიერებას.

KARIBCHEუწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მეუფე ილარიონის ეპისკოპოსად კურთხევის ცერემონიალზე ბრძანა: "მესტია და ზემო სვანეთი არის საოცარი, სასიქადულო და საამაყო კუთხე საქართველოსი. იქ ცხოვრობენ ქართველები, რომელნიც საუკუნეების მანძილზე იცავდნენ და იცავენ სიწმინდეს, იცავენ ჩვენს ხატებს, ჩვენს ჯვრებს. სრულიად საქართველომ სწორედ ამ კუთხეს ანდო თავისი დიდი საუნჯე. შენ მიდიხარ იქ, სადაც ძლიერია მართლმადიდებელი სარწმუნოება, მათ მხოლოდ ეკლესიურობა აკლიათ. ეს უნდა ასწავლო იქაურთ. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო და სამაგალითო. მიზანს რომ მიაღწიო, საჭიროა დიდი რწმენა, დიდი სიყვარული, დიდი მოთმინება, დიდი თავმდაბლობა და მორჩილება. ეს თვისებანი უნდა აჩვენო იქ მცხოვრებ ხალხს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კუთხის სასწაულებრივი მოქცევა მოხდება".

მეუფე ილარიონის ეპისკოპოსად დადგინების შემდეგ საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრება კიდევ უფრო აღორძინდა, აღდგა მრავალი ტაძარი, აშენდა ახალი ტაძრები, შენდება ახლები, მომრავლდნენ სასულიერო პირები.

დღეს სვანეთი სულიერი აღმავლობის გზაზეა, თითქმის ყველა ტაძარში ტარდება წირვა-ლოცვა, დღითი დღე იზრდება აღმსარებელთა და მაზიარებელთა რიცხვი, დღის სინათლე იხილეს სეიფებში გამოკეტილმა სიწმინდეებმა.

უნდა აღინიშნოს კომუნისტური რეჟიმის პირობებში მამა გიორგის (ჩართოლანი) ღვაწლი, რომელსაც ძალიან რთულ დროში მოუხდა მოღვაწეობა და, რომ იტყვიან, საფუძველი ჩაუყარა რწმენის გაღვივებას, განმტკიცებას. დღეს ის დეკანოზია და მოღვაწეობს მესტიის სეტის წმინდა გიორგის ტაძარში.

სვანეთში მოღვაწეობენ მოძღვრები: სქემიღუმენი ეგნატე (კურტანიძე), სქემმღვდელმონაზონი თეოფანე (არღვლიანი), მღვდელი ბასილი (ფილფანი) და მღვდელი გიორგი (ნიგურიანი).

საქართველოს ეს ლამაზი კუთხე ოდითგანვე იყო ქართული კულტურის, სულიერებისა და მწიგნობრობის კერა. სიძველენი, წარსულის სულიერი ნაშთები დღესაც თითქოს ცოცხალი მოწმეები არიან. სვანეთი ოდითგან ბურჯად ედგა დედა-საქართველოს. ცნობილია, რომ სვანეთში უქადაგიათ წმინდა მოციქულებს - ანდრია პირველწოდებულს, სვიმონ კანანელს და მატათას. სწორედ მათ მოსვლას უკავშირდება სვანეთში ქრისტიანობის გავრცელება.

სვანეთში ათასობით წმინდა ჯვარ-ხატთა დასაცავად გადანახვაც შემთხვევით არ მოხდებოდა. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს აქაურთა დიდ რწმენაზე, უფლის სიყვარულზე.

ხშირად სიამაყით ვსაუბრობთ სოფელ მაცხვარიშის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის კედელზე გამოსახულ მხატვრობაზე, სადაც იკითხება დავით აღმაშენებლის ძის, დემეტრე I-ის მეფედ კურთხევის ცერემონიალი. საქართველოში ამის ანალოგი არ მოიძებნება. სვანეთის ბევრი ეკლესია მოხატულია XII საუკუნის ცნობილი მხატვრის, თევდორეს მიერ.

ვმადლობ უფალს ამ ლამაზი წარსულისთვის.

ვმადლობ უფალს ჩვენს კუთხეში მეუფე ილარიონის ეპისკოპოსად გამორჩევისთვის.

***
ზემო სვანეთზე თითოეული მასალის დაწერა უდიდესი მადლით მავსებდა. ეს უკვე ბოლო ანგარიშია თქვენს წინაშე წარმოდგენილი. პირადად განცდილისა და საკუთარი თვალით ნანახის გადმოცემა როგორ შევძელი, ამის შეფასება თქვენთვის მომინდვია, მკითხველო. ერთს ვიტყვი - ზემო სვანეთზე წერა არასდროს მომბეზრდება, რადგან სვანეთი ამოუწურავია თავისი წარსულითა და აწმყოთი. მერმისი კი ღვთისგან დალოცვილია.
ბეჭდვა
1კ1