ზემო სვანეთი
ზემო სვანეთი
სვანეთის წარსულის შესახებ მასალების მოძიებისას ბესარიონ ნიჟარაძის "ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილების" გამოქვეყნებაც გადავწყვიტე.

ბესარიონ ნიჟარაძე ბურჯი იყო სვანეთისა, - ბრძანებს აკაკი შანიძე. მისი ამაგი უდავოდ დიდია ამ მშვენიერი კუთხის წარსულისა და მისი თანამედროვე აწმყოს შესწავლაში.

"უშგულის საზოგადოება ძევს მდინარე ენგურის სათავეს ახლო და თავისუფალი სვანეთის თავში მდებარეობს. აღმოსავლეთით ესაზღვრება ნაწილი კავკასიის დიდის ქედისა, მუდამ თოვლით დაფარული და დიდ ქედსა და სვანეთის ქედშიც ჩამჯდარი "ნაკაზაგარის" უღელტეხილი; დასავლეთით - სერები და კალას საზოგადოების ადგილები; სამხრეთით - ნაწილი სვანეთის ქედისა და ჩრდილოეთით - დიდ ქედიდგან გამოსული შტო. ამ ნაირად უშგულის ოთხი სოფელი: ჟიბიანი, ჩუბიანი, ჩაჟაში და მუყმერი გამომწყვდეულია მთებს შუა", - ასე აღწერს ბესარიონ ნიჟარაძე უშგულს, თავის დაბადების ადგილს.

ბესარიონ ნიჟარაძე 1851 წლის 12 ნოემბერს დაიბადა. ბესარიონის მამას ერქვა სიოშ (შიო), დედას მარიამულ (მარინე), მამით ბაბუას - ბეგი, ხოლო დედით ბაბუას - გუა, ვის პატივსაცემადაც პატარა ბესარიონს პირველ სახელად შეარქვეს გუა, რომელიც ბოლომდე შეჰყვა. ნიჟარაძეები, ისევე როგორც ყველა სვანური გვარი, სამხუბებად, საძმოებად იყოფა. დღესაც სვანი ნიჟარაძეების შემდეგი სამხუბებია ცნობილი - ავგულარ, ქუჩეიშა და ნაგვაშა. ბესარიონის ოჯახი ავგულარ სამხუბის სულთმანშერებს ეკუთვნოდა, ეს იყო მთელ ზემო სვანეთში ძლიერებით განთქმული სამხუბი.

გადმოცემით ვიცით, რომ სიოშ ნიჟარაძის პირველი ვაჟი, ნინი - სოფლის მახვში, სოფლის თავი ყოფილა. ბესარიონ ნიჟარაძის სიყრმის წლების შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. ქუთაისის საარქივო სამმართველოს ცნობაში აღნიშნულია, რომ 1868-1869 სასწავლო წელს ბესარიონ ნიჟარაძე ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის I კლასში სწავლობდა. ამ სასწავლებელში ჩარიცხვის შემდეგ წერს, რომ იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა, რომელმაც სვანეთში პირველად 1866 წელს იმოგზაურა და საკუთარი თვალით ნანახის შედეგად დარწმუნდა სვანეთში სწავლა-განათლების შეტანის აუცილებლობაში, "მოახერხა ქრისტიანობის აღმადგენელი საზოგადოებისგან და სვანების შვილებისთვის შვიდი სტიპენდია დაანიშვნია ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში". ერთი ამ სტიპენდიანტთაგანი მე ვიყავიო, - წერს ბესარიონ ნიჟარაძე.

ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სასწავლებელში.

1891 წლის 31 ოქტომბერს ქუთაისში, ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში, როგორც დოკუმენტი ამბობს, ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მასწავლებელმა ბესარიონ შიოს ძე ნიჟარაძემ ცოლად შეირთო აზნაურის ქალი ალექსანდრა პავლეს ასული ნორაკიძე. ახალგაზრდები გაემგზავრნენ იფარში, სადაც ბესარიონი მასწავლებლად იყო დანიშნული. 1892 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა ბესარიონ ნიჟარაძე მღვდლად აკურთხა. ჩანს, მამა ბესარიონი ჯერ იფარის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურობდა, შემდეგ მესტიის წმინდა გიორგის ეკლესიაში.

მამა ბესარიონს სამი შვილი დარჩა: რაფიელი (კუკური), ციცინო და ბიძინა. ადრე დაქვრივდა და შვილები ქუთაისში მიაბარა სასწავლებად. სიცოცხლის ბოლო წლები მესტიაში გაატარა. 1919 წლის გაზაფხულზე ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. თბილისის საზოგადოებამ გადაიხადა პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში. იგი უშგულის ლამარიას ეკლესიის გალავანშია დაკრძალული.

მამა ბესარიონი შუა ტანისა და მკვრივი აგებულებისა ყოფილა; ჰქონდა სწორნაკვთებიანი სახე, მაღალი, ფართო შუბლი, ნათელი და ჭკვიანი თვალები, წაბლისფერი თმა-წვერ-ულვაში, დაბალი და ტკბილი ხმა; იყო გულკეთილი და თავაზიანი. დარბაისლობამ, მჭევრმეტყველებამ და სვანეთის შესანიშნავად ცოდნამ მას სასიამოვნო მოსაუბრისა და სამართლიანი მომრიგებლის სახელი გაუთქვა.

მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია მამა ბესარიონმა ზაქარია ფალიაშვილს სვანური ხალხური სიმღერების შეკრებაში. 1910 წელს ლეჩხუმსა და სვანეთში ექვთიმე თაყაიშვილი მოგზაურობდა. მას მესტიაში მამა ბესარიონი დახვდა. სვანეთის სხვადასხვა კუთხეში ნაპოვნი ხელნაწერი ექვთიმე თაყაიშვილს უჩვენა. ექვთიმე თაყაიშვილმა მამა ბესარიონის სახლში აღწერა 15 ხელნაწერი, მათ შორის "დიდი კანონი იერუსალიმის ეკლესიისა", რომლის 11 მინაწერი (XIV-XVს.ს.) ექვთიმე თაყაიშვილს ამოუკითხავს, ასევე ადიშის სახარების ოთხთავის - IX საუკუნის ხელნაწერი. მესტიის ერთი ხატის აღწერასთან დაკავშირებით ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავს: "ეს ხატი ჩვენ იქ არ გვინახავს, მაგრამ შემდეგ ბესარიონ ნიჟარაძემ თბილისში მოგვიტანა პატარა ვერცხლის მოოქროვილი ფირფიტა, რომელიც ეჭვს გარეშე შეადგენდა ზედა პირს პატარა სახარების ყდისა". ბესარიონ ნიჟარაძე "თავისუფალი სვანის" ფსევდონიმით წერდა იმდროინდელი პრესის ფურცლებზე.

***
მამა ბესარიონ ნიჟარაძის "ისტორიულ-ეთნოგრაფიულ წერილებში" ვკითხულობთ: "ენგურის ხეობაში მდებარე სვანეთს ჩრდილოეთით უძევს კავკასიონის დიდი ქედი. ამ ქედზე ზაფხულობით ოთხს ადგილას გადის გზა ჩრდილოეთ კავკასიაში: მულახის საზოგადოებასთან, ჩეგემის საზოგადოებაში, მესტიიდან, ბეჩოდან და ჩებეხევიდან ბახსანის და ურუსბიევის საზოგადოებაში (ყუბანის ქვეყანაში). სამხრეთით სვანეთს ჩამოუდის ე.წ. სვანეთის ქედი, რომელიც განზიდულია სამეგრელოს დავაკებამდე.

მესტიიდან გამოსულმა მგზავრმა უნდა გაიაროს ქვემო სვანეთი: ლენჯერი, ლატალი, ბეჩო, ეცერი, ფარი და ლახამულა, რომლის შემდეგაც იწყება ე.წ. "ლენხურა" სამეგრელომდე. მესტიიდან მგზავრი, ენგურის სათავიდან ქუთაისს მიმავალი, გაივლის ზემო სვანეთის შემდეგ სხვადასხვა საზოგადოებას: მულახს, იფარს, კალას და უშგულს. უშგულიდან შეხვდება "ნაკაზაგარის" უღელტეხილი, რომელიც შეუძღვება ცხენისწყლის ხეობაში. დაგვრჩა სვანეთიდან გამოსავლელი მესამე გზა - მუშურის უღელტეხილზე გადმომავალი იმავე მესტიიდან. მუშურის უღელტეხილი სძევს სვანეთის ქედზე, ლატფარის დასავლეთით. მუშური ლატფარზე მაღალია. ჩრდილოეთით, მუშურის ძირში, კალის საზოგადოების სოფელი დავბერი სძევს, სამხრეთით ჩოლაურის სოფელი მაამი. სოფელ დავბერში დაბინავებული მგზავრი გადააბიჯებს თუ არა ენგურის მარცხენა ნაპირს, მაშინვე შევა მუშურის ღელეში. ზამთარში სიფრთხილით ადიან მუშურის მწვერვალზე, რომელსაც "ჟიბე კილოთარნს" ეძახიან. სიტყვა "კილოოთ" ნიშნავს წვეტიანს კლდეს, ქვას და ამნაირად "ჟიბე კილოთარნი" იქნება "ზემო წვეტიანი კლდეები". რამდენიმე ფეხის გადადგმაზე იწყება ვიწრო გზა, რომ მგზავრის ფეხი ძლივსღა თავსდება. სივიწროვის გამო ამ ბილიკისთვის სვანებს "დახლა სვიკვ"-ი (თხის ზურგი) დაურქმევიათ. "დახლა სვიკვ"-ს ქვემოთ იწყება "კიჩხილდ"-ი - პატარა კიბე, კლდე, რომელზეც ისე უნდა ჩაიაროს კაცმა, როგორც ნამდვილს კიბის საფეხურებზე. საჭიროა მგზავრმა მუშურზე გასვლა-გამოსვლა მზის მაღლა ამოსვლამდე მოასწროს, თორემ თოვლი ჩაუტყდება გზაზე და ზვავს გააჩენს".

მამა ბესარიონის წერილებში ვკითხულობთ: "ძველი "მახვშიობა" (მამასახლისობა) თავისუფალ სვანეთში შესწყდა 1869 წელს. სიტყვა "მახვში" სვანურად ნიშნავს უფროსს, მეუფროსეს, თითქმის იმავე მამასახლისს. იგი იყო სასოფლო ყრილობის თავმჯდომარე. მახვშს ირჩევდნენ უვადოდ და თუ იგი კარგი გამოდგებოდა, ეს თანამდებობა შერჩებოდა ღრმა სიბერემდე. უვარგისს მახვშს კი გამოსცვლიდნენ ხოლმე, თუნდა წლამდინაც. მახვშის არჩევანში მონაწილეობის უფლება ჰქონდა მინიჭებული ყველას, ვინც კი სრულწლოვანი იყო, ასე რომ, ერთის ოჯახიდან 30 სრულწლოვანი რომ ყოფილიყვნენ, ყველას შეეძლო დასწრებოდნენ და მონაწილეობა მიეღოთ არჩევანში. ქალებსაც მინიჭებული ჰქონდათ ეს უფლება.

მახვში უნდა ყოფილიყო ხანში შესული კაცი, მაგრამ მამაცი, გამოცდილი, პატიოსანი, გონიერი და საზოგადოების ერთგული. არჩევა მახვშისა მოხდებოდა ყოველთვის ერთ ადგილას, რომელსაც სხვადასხვა საზოგადოებაში სხვადასხვა სახელს უწოდებენ. ერთი "ლალხორ", მეორე "სვიფ" და მესამე "სახევ". ეს ადგილები ნიშნავს საჯარო ადგილს, ამ სარბიელ ადგილზე საზოგადოება თავს მოიყრიდა, რაკი საჭირო იქნებოდა ახალი მახვშის არჩევა. ბოლოს, ხალხი შეჯგუფდებოდა და წინ წამოაყენებდა სამახვშო კანდიდატს. არჩევის შემდეგ მახვში ჯერ მადლობას მოახსენებდა მათ და შემდეგ დაიწყებდა ხმამაღლა ლოცვას: - დიდება შენდა, კაცისა გამჩენელო ღმერთო, გეხვეწები და შეისმინე ჩემი ვედრება, სახვედრელს მიმახვედრე; შეცდომას ამაცილე და სხვა. ყოველ კერძო საქმეში და ოჯახში მახვშს ისე მიუწვდებოდა ხელი, როგორც საზოგადო საქმეებში".

მამა ბესარიონის წერილებიდან ვიგებთ, რომ "შობის წინა დღეს სვანები ეძახიან "შობ", თვით შობას კი "ქრისდეეშ". ორივე სიტყვა ითარგმნება ასე - შობა ქრისტესი. ახალი წელიწადი სვანურად არის "ზომხა". "ზა" წელიწადს ნიშნავს და "მახე" - ახალს. საბატონო სვანეთში ახალ წელიწადს "კანდას" ეძახიან. "ლიფაანალ" კი ნიშნავს მიცვალებულთა სულის მოხსენებას. იგი იწყება ნათლისღების წინა დღეს, რომელსაც სვანები ეძახიან "ადგომ". ამ დღეს სახსნილოს არა სჭამენ. ვახშმად ხარშავენ პურის მარცვალს კორკოტად. ოჯახის უფროსი სახელდობრ ითვლის ყველა თავის მიცვალებულს და შენდობას უთვლის მათ.

KARIBCHEსახალხო დღესასწაული "ლიმპარი" (ლამპრობა) იწყება უძღები შვილის კვირიაკეს და გრძელდება იმავე კვირის სამშაბათამდე. სამი საზოგადოების გარდა, უშგულის, კალის და იფარისა, ეს დღესასწაული ყველგან იციან სვანეთში და იციან ამნაირად: თითოეულ ოჯახს შემოუვა იმდენი სტუმარი ნაცვალი (ნაცაად), რამდენი სულიც იმის ოჯახშია. ერთ წელიწადს ერთი მოსახლე გადაიხდის ამ დღესასწაულს, მეორე წელიწადს იგი სხვაგან იქნება დაპატიჟებული. დღესასწაული იწყება კვირა დილას. საღამოს თითოეული ოჯახი აანთებს წინათვე დაჟენჟილს და გახმარს არყის ხისაგან გაკეთებულ ლამპრებს. ერთ დიდ ლამპარს წაიღებს მოსახლე ადგილობრივს ეკლესიაზე, თითო მომცრო ლამპარს მისი მიცვალებულების საფლავზე და ერთსაც, რომელიც სიდიდით ყველა ლამპრებზე მეტია, კალოში. როცა დალოცავს, პურებს დაჭრიან და იქ მდგომი ხალხი ირიგებს საჭმელად.

ლამპრობის შემდეგ მოდის დღესასწაული "ლიქვრაში", რომელიც გრძელდება ხუთ დღეს. ძველი ხალხის გადმოცემით, საბატონო სვანეთში, ბეჩოს საზოგადოებაში, არის ერთი სოფელი "დოლ", სადაც დღემდე დგას დანგრეული ეკლესია წმინდა ბარბარეს სახელზე თაღჩამონგრეული კედლების ამარა. ოდესღაც ამ სოფლიდან სხვადასხვა შემაწუხებელ გარემოებათა გამო წამოსული ორი კაცი, ერთი - გვარად ქალდანი, მეორე - ჭელიძე, უშგულში დასახლებულან. უშგულელებს მიუღიათ და სასოფლო ადგილებიდან მიუჩენიათ მათთვის სახნავ-სათესი, სათიბები და ტყე იმ პირობით, რომ ამ ორ კაცს თავის სოფლის, დოლის ეკლესიიდან მოეპარათ მაცხოვრის ხატი და მოეტანათ უშგულის წმინდა ბარბარეს ტაძარში. ამ პირობას ხალხი იმიტომ უფრო თხოულობდა, რომ დარწმუნებული ყოფილიყვნენ ქალდანის და ჭელიძის საზოგადოებისადმი სიერთგულეში და უკან დაბრუნების პირი მოსპობოდათ მათ თავის სოფელში, დოლში. ქალდანი და ჭელიძე დათანხმებულან... წაუყვანიათ ექვსი უშგულელი, მისულან სოფელ დოლს, მოუპარავთ მაცხოვრის ხატი და უშგულის წმინდა ბარბარეს ეკლესიაში დაუსვენებიათ, სადაც დღესაც არის. ამ ხატის მოგზაურობა სოფელ დოლიდან უშგულამდე პოეტურად არის გამოხატული ხალხურ სიმღერაში "დიდება ბარბარეს დოლაშის", ანუ დიდება შენდა, წმინდა ბარბარე დოლისაო, რომელსაც მარტო ამ დღესასწაულზე მღერის ხალხი. როდესაც ამ ხატის მოპარვა შეუტყვია მთელს სვანეთს - მაშინვე საზოგადო ყრილობა მოუხდენია. ყრილობის მიზანი ის ყოფილა, რომ რაიმე შესაწირავით მოემადლიერებინათ დოლის წმინდა ბარბარეს გული, რომელიც, ხალხის აზრით, იწყენდა მისგან ხატის წაღებას. სვანეთის ყრილობას გადაუწყვეტია, დააწესონ ყოველწლობით დღესასწაული "ლიქვრაში" წმინდა ბარბარეს სადიდებლად. ეს დღესასწაული უნდა დარჩენილიყო იმ სოფელში და საზოგადოებაში, სადაც წმინდა ბარბარე მოისურვებდა და ამის გასაგებად თითოეულ სოფელს უნდა წაეღო, ხალხის განაჩენის თანახმად, თითო ბოჭკა მეზერის მთაზე, რომელიც ძევს ბეჩოს საზოგადოებაში და რომლის კალთებზე გაშენებულია სოფელი დოლი წმინდა ბარბარეს ეკლესიითურთ. მეზერის მთა საკმაოდ მაღალია და მისი წვერიდან უნდა ჩამოეგორებია ყოველ სოფელს თავისი ბოჭკა. ვისიც მთელი ჩამოგორდებოდა მთის წვერიდან, იმ სოფელს და საზოგადოებას უნდა გადაეხადა ეს დღესასწაული ყოველ წელს სოფელ დოლის წმინდა ბარბარეს სადიდებლად... ძირამდე მთელად ჩამოსულან მარტო უშგულის, სოფელ მუჟალ-მულახის და სოფელ დოლის ბოჭკები... ამიტომაც დღესასწაული "ლიქვრაში" დარჩენილა, უშგულის საზოგადოებაში, და ორ სოფელში - მუჟალში, მულახის საზოგადოებაში, და დოლში, ბეჩოს საზოგადოებაში.

***
გაზაფხულ-ზაფხულობით სვანებმა უფრო ნაკლებ იციან სახალხო დღესასწაულები, - ვკითხულობთ მამა ბესარიონის წერილებში, - უფრო შესანიშნავი დღესასწაულები ამ დროს არის "უფლიშ" ანუ "ხოშა თანაფ", "ჰულიშ" პეტრე-პავლობის მარხვისწინა შაბათ-კვირას, "ქაშვეთობა" და "ზურალასკარ" ანუ "ლიგურკე".

უფლიში ანუ ახალ-კვირის დღესასწაული იციან ყველგან, უშგულის საზოგადოების გარდა და გრძელდება სამ კვირას.

დღესასწაული "ჰულიშ" ანუ "ვულიში", როგორც სახალხო დღესასწაული, იციან: თავისუფალ სვანეთში - მესტიის საზოგადოებაში და სადადიანო სვანეთში - ლაშხეთის საზოგადოებაში. ამ დღეს დიდი და პატარა ლხინს მისცემია.

სადადიანო სვანეთში - ლაშხეთის საზოგადოებაში აღმართულია სიმაღლით ორ ვერსამდინ მთა, რომლის წვერზე გაშლილია მოდიდო მინდორი, ამ მინდორს შუა დგას ქვიტკირის ეკლესია მთავარანგელოზის სახელობის, სადაც ულიშობა დღეს მიდის ხალხი ლაშხეთიდან და დღესასწაულობენ".

თქმულება მაზერის წმინდა გიორგის ხატზე
უძველეს დროში, იქ, სადაც ახლა შიხრის საძოვრებია, მჭიდროდ დასახლებული სოფელი ყოფილა, - გადმოგვცემს იამზე კვიციანი, - შიხრაში დღესაც შემორჩენილია ქვის ყორეების და სახლების საძირკვლები. იქ ამჟამად მხოლოდ წმინდა გიორგის სახელობის პატარა ეკლესია დგას და საბჭოური პერიოდის დროს აგებული ბანაკის შენობები.

ძველი დროის სვანეთში ისეთი თბილი კლიმატი ყოფილა, როგორიც ბარში, რამაც ალბათ განაპირობა ადამიანის უშბის ახლოს დასახლება. უშბის ჩრდილო-დასავლეთით, შიხრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, სადაც ალპური ზონა ტყის ზონას ემიჯნება, ტყით გარშემორტყმულ ტრიალ მინდორში სახლის საძირკველია შემორჩენილი. იქ თურმე ცხოვრობდა გაუთხოვარი ქალი, სახელად მარიხაი. იგი ფიზიკურად და სულითაც ძლიერი, კეთილშობილი და ქველმოქმედი ყოფილა. ხშირად ჩადიოდა მთიდან სოფელში სურსათ-სანოვაგით დატვირთული და სოფლის მოსახლეობას ეხმარებოდა.

მაშინ შიხრაში მხოლოდ ერთი წისქვილი მდგარა. მარიხაის ჰყოლია კარგად გაწვრთნილი ხარები. ხარებს საფქვავი თვითონ მიჰქონდათ წისქვილში. ფქვილს მეწისქვილე დაუდებდა მარხილზე და ხარებსაც შინ მიჰქონდათ. ერთ დღეს გაუშვია მარიხაის ხარები და დროზე რომ არ დაბრუნებულან, საძებრად წამოსულა. შიხრაში მას საზარელი სურათი დახვედრია. სისხლის გუბეები, დახოცილთა გვამები - ღამით ყაბარდოდან ჩუმად შემოპარული მტერი მოულოდნელად დასცემია სოფელს.

შეშფოთებული მარიხაი მისულა წმინდა გიორგის ხატთან. ხან თავში იცემდა ჯოხს, ხან კედელს ურტყამდა. მოთქმით საყვედურობდა წმინდა გიორგის, - სად გეძინა, სად დაიკარგა შენი ძალაო. სწორედ ამ დროს მომხდარა სასწაული. ხატი გაცოცხლებულა, მხედარს ელვის სისწრაფით გაუქროლებია ცხენი იქით, საიდანაც მტერი შემოსულა. შეჩერებულა ცხენი და სწრაფად გაჭრილა წინ. უცებ ცა შავად მოქუფრულა. დაწყებულა ქარიშხალი, სეტყვა, მეხთატეხა და მომხდურთაგან ერთიც არ დარჩენილა ცოცხალი. უკან დაბრუნებული წმინდა გიორგი სისხლით შეღებილ წყალს მიახლოებია და აღმოხდენია: "წურნიიდლი", რაც ნიშნავს - ისევ წითელიაო და გაბრაზებულს შუბი ჩაუსვამს მიწაში, საიდანაც წყალს ამოუჩქეფია. ხარბად დასწაფებიან წყალს მაშვრალი მხედრებიც და ცხენიც.

იმ დღიდან ეს წყარო წყურვილს უკლავს გამვლელ-გამომვლელს. მას "ჯგურაგის სარგულს" - წმინდა გიორგის წყაროს ეძახიან. იმ წყაროს, რომელიც შიხრაში ჩამოდის, დღესაც წითელი ფერი დაჰკრავს. მას "წურნულდი" ჰქვია. წელიწადში ერთხელ, ზაფხულის ღამეს, იმ ფერდობიდან, სადაც მარიხაის ნასახლარია, გოდება ისმის. ამბობენ, მარიხაი ტირისო.

***
მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით, რამდენიმე წელია, სოფელ ჭუბერში წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი მოქმედებს. მამა გიორგის (ნიგურიანი) წინამძღვრობით ბევრი დაადგა ეკლესიური ცხოვრების გზას. მამა გიორგი მიყვება: "სანამ რწმენაში შევიდოდი, როგორც ყველა ურწმუნო, ისე ვცხოვრობდი. ცოტა მოუსვენარიც ვიყავი. გონება და გული ცოდვებით მქონდა სავსე, რამაც ჩემი ცხოვრება უაზრო გახადა და სულ ცუდზე ვფიქრობდი. შეიძლება დაუჯერებელი იყოს, მაგრამ ვგრძნობდი ხილულად და უხილავად ეშმაკის ძალას, თუ როგორ მმართავდა და ცუდ აზრებს მაწვდიდა, რამაც არჩევანის ზღვარზე დამაყენა კიდეც.

მადლობა უფალს, დიდია მისი წყალობა. როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა, გვერდით არავინ მყავდა, რწმენის გზაზე რაიმე რომ ესწავლებინა, თავად უფალი მასწავლიდა ხილულად. თავისი ცხოვრების წიგნი გადმომცა, უფლის სახლი და ხატები მაჩვენა და ბევრიც სულისათვის სასარგებლო დავინახე. ჩემს ოჯახში საეკლესიო წიგნები აღმოვაჩინე და მათი კითხვა დავიწყე. შვიდგზის ლოცვებით დავიწყე ყველაფერი, ლოცვებსაც ისე ვასრულებდი, როგორც იქ იყო მითითებული. ძალიან დიდ ძალას ვგრძნობდი.

შობის მარხვის ბოლო კვირა იყო და რატომღაც ტაძარში წასვლა დავიჩემე - ეს იყო 1997 წლის 2 იანვარი, მაშინ XI კლასში ვსწავლობდი. ძალიან მერიდებოდა ტაძარში მისვლა და ვიფიქრე, ბიძაშვილს გავიყოლებ და უფრო თავისუფლად შევალ ტაძარში-მეთქი. ტაძრის კარიბჭესთან რომ მივედით, დიდი მადლი ვიგრძენი, ჩემში სიხარული შემოვიდა. გალობის ხმა შემომესმა, შევედით და კარების კუთხესთან დავდექი გაუნძრევლად. წირვის მსახურება აღესრულებოდა.

KARIBCHE

პირველ რიგში: მამა გიორგი ჩართოლანი, მეუფე ილარიონი,
მამა ეგნატე (კურტანიძე); მეორე რიგში: მამა ბასილი (ფილფანი),
მამა თეოფანე (არღვლიანი) და მამა გიორგი (ნიგურიანი)

მას შემდეგ წირვა-ლოცვა არ გამიცდენია. მერე აღსარებისა და ზიარების სურვილიც გამიჩნდა. როცა პირველად ვეზიარე, თითქოს თავიდან დავიბადე. პირველი აღსარება ჩემს მოძღვარს, მამა იოსებს (ნიგურიანი) ჩავაბარე. იმავე წელს, 6 მაისს, გიორგობას სტიქაროსნად მაკურთხა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა. დადგა დრო, როცა უნდა გადამეწყვიტა, რომელი გზა ამერჩია. დიდი სურვილი მქონდა, სამედიცინოზე ჩამებარებინა, ვემზადებოდი კიდეც გამოცდებისთვის.

ძალიან დიდი ცვლილება მოახდინა ჩემში მამა გიორგიმ (ჩართოლანი). ვსაუბრობდით ჩემს მომავალზე და ბოლოს ასეთი რამ თქვა: კარგია, ხორციელი მკურნალი იყო. უფრო დიდი მადლია, სულიერი მკურნალი გახდეო! არჩევანი უკვე ჩემზე იყო. მადლობა უფალს, გადავწყვიტე, სასულიერო სემინარიაში ჩამებარებინა. მონასტერში ცხოვრების სურვილი გამიჩნდა. წინააღმდეგობები მქონდა ოჯახის წევრებთან. თუმცა, ეს გასაკვირი არ არის, უფლის გზაზე სიარული, ვიცით, რომ ძალიან რთულია.

***
მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით მთელი ზემო სვანეთი ხარობს. გამორჩეულად მინდა აღვნიშნო სოფელ ჭუბერის მოსახლეობის სიხარული, ჭუბერელები დიდი ხნის განმავლობაში ნატრობდნენ მოქმედ ეკლესიას. "ითხოვდეთ და მოგეცემათო" - მთელმა სოფელმა მოინდომა და მალევე ააშენეს ტაძარი. ამ დიდებული ტაძრის მშენებლობაში სოფლის გარდა გარეშე პირებმაც გაიღეს შესაწირი.

მეუფის ლოცვა-კურთხევით, დამადგინეს სოფელ ჭუბერში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძარში წინამძღვრად. მოსახლეობა დიდი სიხარულით შეხვდა მოძღვარს და ეკლესიის ამოქმედებას.

თავად სოფლის მოსახლეობა ამბობს, შეიცვალა ჩვენი სოფელიო. გრძნობენ ეკლესიის მადლს და დიდი სიყვარული იგრძნობა. ახალგაზრდები ცდილობენ ეკლესიურად ცხოვრებას. სამკალი მართლაც ბევრია, მაგრამ მუშაკნი არიან მცირე. როგორც უძღები შვილი დაუბრუნდა მამას, ასევე დაუბრუნდნენ ეკლესიას ურწმუნონიც.

***
უფალმა ყველას თავისუფალი ნება მოგვცა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, მარტო საკუთარ თავზე იყო მინდობილი. დაცემისთანავე ადამიანი ცოდვის მონა გახდა. ხშირად საკუთარ თავს ვერ მართავს ისე, როგორც საჭიროა. წუთისოფლით არ მთავრდება ყველაფერი, აქედან იწყება ჩვენი მომავალი. ზედმეტი სიამენი ბოროტისგან მოდის, წუთისოფლის ზღვაში ვიძირებით, მაგრამ უფალი კრიტიკულ წუთებშიც ხელს გამოგვიწვდის.

***
ჭუბერში სამი ტაძარი გვაქვს: წმინდა ანდრია პირველწოდებულის, წმინდა ნიკოლოზის (ლახამში) და თეთრი წმინდა გიორგისა (ტობარში). წირვა-ლოცვა მხოლოდ წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ნიკოლოზის ტაძრებში აღესრულება. გარე სოფლებში - ნაკრასა და ხაიშში პარაკლისებს ვატარებთ. შველას ითხოვენ ტაძრები.

როდესაც სოფელში მსახურება არ აღევლინებოდა, ძალიან უჭირდათ აქაურებს, იეღოველები მომრავლდნენ და ბევრს აურიეს თავგზა. მადლობა უფალს, ამ ბოლო პერიოდში ძალიან შემცირდნენ. ტაძარმა გამოაფხიზლა სოფელი და ცვლილებებიც იგრძნობა. დღესასწაულებზე ტაძარი სავსეა, მაზიარებელიც ბევრია.

***
უფალი მარტო არასდროს დაგტოვებს, როცა დიდ და კეთილ საქმეს ეჭიდები, შემწეს ყოველთვის გამოგიჩენს. მთავარია უფალს მივენდოთ. მთავარი მედავითნე მარიამ (ლილე) ჩხეტიანი მართლაც უფალმა გამოირჩია. მედავითნეობს, გალობს და სკოლაში ხელოვნებას, ხატწერას ასწავლის. გვყავს სტიქაროსნები, მსურველები კიდევ არიან.

მყავს მეუღლე, მაია ტვილდიანი და ერთი შვილი ბარბარე. ოჯახის შექმნას ძალიან დიდი გონიერება და დაკვირვება სჭირდება. განსაკუთრებით მღვდლის მეუღლე უნდა იყოს მაგალითი ყველა მანდილოსნისა და დედისათვის, მორჩილი და თავმდაბალი. მღვდლის მეუღლეობა მძიმე ტვირთია, მაგრამ უფალი მსუბუქად ატარებინებს - მას მონაზვნური ღვაწლი აქვს.

ღმერთმა დაგლოცოთ. საქართველოს ვუსურვებ სულიერ გამთლიანებას და გაბრწყინებას, სვანეთს კი გამრავლებას და სულიერ სიმტკიცეს. იხარეთ ორსავ სოფელსა შინა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვა
1კ1