ზემო სვანეთი
ზემო სვანეთი
სვანეთიდან შინ მომავალმა ორი ქალბატონი გავიცანი. სვანეთის აწმყოსა და წარსულში საკმაოდ ჩახედულნი აღმოჩნდნენ. ლუცინდა და ზოია შამფრიანების საინტერესო საუბარს მგზავრებიც უსმენდნენ. თუკი ჟურნალის წინა ნომრებში წიგნის ენით გაგიწიეთ მეგზურობა, ახლა მათი საუბრიდან გავიგოთ სვანეთის ავანჩავანი...

პირველი სოფელი, იბლიანი, ენგურის მარჯვენა სანაპიროზეა. ამ ძალიან ლამაზ სოფელში ძირითადად ცხოვრობენ ჭკადუები, დავითიანები, ქობალიები. ბევრმა დაიბრუნა ძირძველი გვარი - ადრე ჭკადუები გელოვანები ყოფილან. იბლიანში ცხოვრობენ ასევე კვირიკაძეები, ზუმაძეები. ამ გვარის ხალხი სოფელ ხაიშშიც სახლობს. ხუდონჰესის მშენებლობამ ეკოლოგიურად დააზარალა ეს სოფლები. საგრძნობლად შეიცვალა სვანეთში კლიმატი. 1987 წელს ზვავებმა წალეკა მთელი სოფლები. 61 კაცი დაიღუპა. სტიქიის შემდეგ მოსახლეობა ბარში ჩამოასახლეს. ხაიშის მერე სოფელი ჭუბერია. აქ გამორჩეული მოსახლეობა ცხოვრობს, მაგრამ ჭუბერიც იცლება - დმანისში გადასახლდნენ. აქ ცხოვრობენ ცინდელიანები, ვიბლიანები, ჩხვიმიანები, ანსიანები, ჩხეტიანები, გადრიანები, ოთხვანები... ყველანაირი ხილი მოდის ჭუბერში. ნიადაგი ძალიან ნოყიერია და მოსახლეობაც შეძლებულად ცხოვრობს. აქაურ სკოლადამთავრებულები თითქმის ყველა იოლად ირიცხება უმაღლეს სასწავლებლებში. ყველაფერში გამორჩეულნი არიან აქაური ახალგაზრდები. ახლახან ააშენეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი.

ჭუბერს მოსდევს ძალიან ლამაზი სოფელი ნაკრა. აქ ცხოვრობენ ვიბლიანები, ცინდელიანები - ძირითადად ჭუბერიდან გადმოსულნი. აქაც შედარებით არ უჭირს მოსახლეობას. სოფელ ლახამულაში კი ძირითადად დავითიანები, ჭკადუები ცხოვრობენ. ბევრი ეკლესიაა ლახამულაში. მოსახლეობაც გამოირჩევა ეკლესიური ცხოვრებით და ნიჭიერებით. აქ აღიზარდა არაერთი მეცნიერი, შესანიშნავი სპეციალისტი. ცნობილი ქირურგი ომარ ჭკადუა მესტიაში მუშაობს. მრავალი ადამიანი ემადლიერება ამ ბრწყინვალე დასტაქარს.

სოფელი ფარი შრომის და ხელოვნებისმოყვარე ხალხით დაიკვეხნის. დიდ სიამოვნებას ანიჭებდა მაყურებელს ბიძინა დადეშქელიანის მომღერალთა და მოცეკვავეთა გუნდი. ფარში ცხოვრობენ ნარსავიძეები, რეზესიძეები, წულუკიძეები, მიქიანები, დადეშქელიანები. ეს სოფელი თავად დადეშქელიანთა სამფლობელო იყო. ამ გვარისანი გამოირჩევიან გარეგნობითაც, კეთილშობილებითაც.

"ყველგან თოვს, ყველგან წვიმს, თეთრ ეცერს მზე დაჰნათის" - აქაც შემორჩა დადეშქელიანთა კოშკები. ეცერში ტანმაღალი, ულამაზესი ხალხი ცხოვრობს. აქაც შეძლებულად ცხოვრობენ. ძირითადი გვარებია: აფრასიძეები, მურღვლიანები, ჩხეტიანები, გერლიანები, ხორგუანები, უმფლანები...

ბეჩო უშბასთან ასოცირდება, უშბა კი სიმბოლოა ვაჟკაცობის, ძლიერების, სიამაყის...

ძალიან ბევრ ტურისტს იზიდავს ეს მშვენიერი კუთხე. ამ სოფელში ცხოვრობენ კვიციანები, შამფრიანები, დადეშქელიანები.

- საბჭოთა პერიოდში ზოგიერთი ეკლესია საწყობად აქციეს, - მიყვებიან თანამგზავრები, - ზოგიერთში კლუბი მოაწყვეს. სოფელ ცხუმარის მაცხოვრის ტაძარში კლუბი იყო. დედაჩემისგან ვიცი, თუ როგორ გამოყარეს ხატები და ჯვრები, თან თურმე იძახდნენ, - რა ძალა აქვთ ამათო. ერთ კაცს სათამაშოდ გაუხდია წმინდა ჯვარი. მის ოჯახს ცუდად წაუვიდა საქმე... ჩვენს სოფელში დგას ლაფსყალდის მთავარანგელოზის ეკლესია, უნიკალური ჯვარ-ხატებია იქ, სამწუხაროდ, საბჭოთა ხელისუფლების დროს უამრავი სიწმინდე დაიკარგა... ცხუმარში ძირითადად ცხოვრობენ არღვლიანები, შამფრიანები, გერლიანები, ვიბლიანები... მოსავლიანია ცხუმარი, ვაზიც მოდის, ატამიც, გარგარიც, ვაშლიც... კაკლის ტყეებიც. ერთადერთი უგზოობას ვუჩივით.

სოფელი ლატალი ბალს ზემო და ბალს ქვემო სვანეთის ზღვარზეა. აქაურთა მეტყველებაც კი განსხვავებულია. ლატალი გამორჩეულია მდებარეობით, მრავალრიცხოვანი მეოსახლეობით, ძალიან შრომისმოყვარე და, რაც მთავარია, ფრიად მორწმუნე ადამიანებით. ღმერთმა ჩინებული მოძღვარი მოუვლინა ლატალელებს მამა ეგნატეს სახით. აქ ოდითგანვე არსებობდა მომღერალთა გუნდი. დღევანდელ ფოლკლორულ ანსამბლში ხანდაზმულებიც მღერიან და ახალგაზრდებიც. ათგზის ლაურეატია ეს ანსამბლი, ასე გამორჩეულია სკოლაც. პატარა აკადემიას ვუწოდებთ ჭუბერთან ერთად ლატალის სკოლას. ლატალში ძირითადად ცხოვრობენ გირგვლიანები, წერედიანები, გვიჩიანები, ფარჯიანები, კვანჭიანები, ასომბანები, ფირცხელანები, ნანსყანები. სოფელში შვიდი ეკლესიაა, სიწმინდეებით დაცული.

სოფელ ლენჯერშია ლაშთხვერის ეკლესია, სადაც XVII საუკუნის ხელოვნების უბადლო ნიმუშია შემორჩენილი. ფრესკის სახით მოცემულია ამირანის შებრძოლება ბაყბაყდევთან. ლენჯერის ეკლესიათაგან გამორჩეულია წმინდა ელიას სახელობის ტაძარი. აქაურები წმინდა ელიას დღესასწაულთან ერთად აღნიშნავენ ასევე ქაშვეთობას. მუსიკალური ხალხი ცხოვრობს ლენჯერში, განსაკუთრებით - ფილფანების გვარი. ცნობილი ლოტბარია მსახიობ ლეო ფილფანის მკვიდრი ბიძაშვილი ისლამ ფილფანი. სვანეთში შემორჩენილია ტრადიციული სვანური ზარი. მიცვალებულის დაკრძალვისას მთელი დღე ზარი ისმის. ახალგაზრდებს ნაკლებად აინტერესებთ ზარი... ძირითადი გვარებია: გულედანები, ფილფანები, შუკვანები, მაღედანები, ხაფთანები.

მესტია გამორჩეულია მდებარეობით და სილამაზით. აქ ცხოვრობენ ფალიანები, ნაკანები, ჩართოლანები, ნიგურიანები, ჯაფარიძეები, გუჯეჯიანები, რატიანები, ხოჯევანები, კახბერიძეები, ავალიანები...

მესტიის ცენტრში დგას წმინდა გიორგის ეკლესია. გახსნის დღიდან ამ ტაძარს მამა გიორგი ჩართოლანი წინამძღვრობს. ამ ადგილს ისტორიული სახელი - სეტი ჰქვია. წინათ აქ სეტიელები ცხოვრობდნენ. თამარ მეფის კარზე მსახურობდნენ თურმე სეტიელები, ძალიან დიდი თანამდებობაც ჰქონიათ. ცნობილი ქარიმან სეტიალი აქაური ყოფილა. მისი შთამომავალნი დღეს ფალიანები არიან. მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ახალი ტაძარი აშენდა.

მულახი დიდი და ლამაზი სოფელია. აქაურია წარმოშობით პოეტი რევაზ მარგიანი, ასევე ცნობილი მთამსვლელი ჯუმბერ კახიანი. XIX საუკუნეში სვანეთში მხოლოდ ბეჩოსა და მულახში იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლა. ცნობილი პედაგოგები იყვნენ ნავერიანები, მარგიანები, შერვაშიძეები, მჭედლიანები, გუჯეჯიანები, კახიანები.

1987 წელს მულახის თემის სოფელი ჟამუში წალეკა სტიქიამ. 26 კაცი დაიღუპა ერთ დღეს. მხოლოდ ერთი ოჯახი გადარჩა, რომელიც კოშკმა დაიცვა.

KARIBCHEსოფელი იფარი გამორჩეულია თავისი განათლებული ადამიანებით, ვაჟკაცებით. სამწუხაროდ, სტიქიამ მიწა დაღარა, დახეთქა და სახნავ-სათესად უვარგისი გახდა.

წმინდა გიორგის ეკლესიაში მამა თეოფანე მსახურობს. 70 წლის შემდეგ იქაურებმა პირველად ნახეს მღვდელი. იფარში ცხოვრობენ ხვისტანები, პირველები, კორძაიები, გულბანები, იფარის თემში შედის მთაზე ბუდესავით გამოკიდებული სოფელი ჰადიში. ამ ისტორიულმა სოფელმა შემოგვინახა ჰადიშის ოთხთავი. ოთხი საუკუნე იცავდა აქაური მოსახლეობა შატბერდში გადაწერილ ამ სახარებას. ის დღეს მესტიის მუზეუმში ინახება. სოფელი იმდენად დაიცალა, რომ სკოლაც კი აღარ არსებობს. მხოლოდ სამი ოჯახია დარჩენილი ჰადიშში. ახლა იქ ცხოვრობენ ავალიანები, ქალდანები...

ისტორიული სოფელია ხალდე. რუსთა ვერაგობას აუჯანყდნენ ხალდელები 1875 წელს. მამაცურად ებრძოდნენ რუსის ჯარს ჯოხაძეები, გასვიანები, ჩეგიანები... მიწის პირზე გაასწორეს ხალდე, უკოშკო დარჩა ულამაზესი სოფელი.

სოფელ კალაში რამდენიმე ოჯახია დარჩენილი, რომლებიც ტაძრის სიყვარულით იქაურობას ვერ ტოვებენ. უმათოდ როგორ უნდა აღინიშნოს კვირიკობა! სკოლა მაინც შემორჩა სოფელს და სამი მოსწავლე. აქ ცხოვრობენ მარგველანები, გამყრელიძეები, ჩეგიანები, გულბანები, ხარძიანები, გასვიანები.

უშგული ალპური ზონაა. ზამთარში ზღაპრული სანახავია. სტიქიამ სოფელი ჩაჟაშიც არ დაინდო. აქ ცხოვრობენ ნიჟარაძეები, ჩარკვიანები, ჩარქსელანები, ხაჭვანები... რამდენიმე ტაძარია უშგულში. მოსახლეობას უდიდესი წვლილი მიუძღვის სიწმინდეების შენარჩუნება-გადარჩენაში.

სვანეთში თამარ მეფის კულტია. ყველა სოფელშია წმინდა თამართან დაკავშირებული ტოპონიმი. უშგულში ორი კოშკია თამარისა, ერთი საზაფხულო, მეორე - საზამთრო. ამბობენ, ზაფხულობით მაღლა, მთის წვერზე მდგარ კოშკში ისვენებდა თურმე, ზამთრობით - ქვედა კოშკში. უშგულის ცენტრში დგას ლამარიას - წმინდა მარიამის ეკლესია. განსაცვიფრებელია უშგულის მუზეუმში დაცული სიწმინეები.

იფარის თემის ულამაზესი სოფელი წვირმი ნაძვნარშია ჩაფლული. აქ ძირითადად ცხოვრობენ თამლიანები, კორძაიები, ფირცხელიანები, მიგდემიანები, ხვიბლიანები.

სვანეთის სიწმინდეები, ეკლესიები ამტკიცებს, ამ კუთხეს კარჩაკეტილად არასდროს უცხოვრია. მუდამ კავშირი ჰქონდა გარე სამყაროსთან, უცხოეთთანაც. სამწუხაროდ, სვანეთი არქეოლოგიურად დღემდე შეუსწავლელია.

თავრალი
სოფელი თავრალი ნაკრასთან ახლოს, მაღლობზე, მთებს შორისაა გაშენებული. ის ცინდელიანების საგვარეულო სოფელია. გამორჩეული ყოფილა მრავალშვილიანი ოჯახებით, კულტურით, უფლის დიდი რწმენით. გადმოცემით, თავრალში ყოფილა ცალკე შენობა - შობის სახლი, სადაც მშობიარე ქალებს ათავსებდნენ და 40 დღის განმავლობაში უვლიდნენ, - მიამბობს ირმა გვარმიანი.

თავრალი ჩუბეხევის (ქვემო ხევის) თემის ცენტრი ყოფილა, თემში შედიოდა სოფლები: ხერხვაში, ჯუხვლიანი, ლაშხრაში, ცალერი და კირჩხულდაში.

ერთადერთი მოქმედი ეკლესია იყო დაახლოებით შუა საუკუნეებში ნაგები თავრალის მაცხოვრის ტაძარი. 1880 წელს აქ წირავდა მღვდელი წერეთელი, შემდეგ მათე საბანიძე, ბოლოს კი გრიგოლ კორძაია.

1924 წელს კავკასიონის ქედით შემოსულ წითელი არმიის ჯარისკაცებს ეკლესია აბანოდ უქცევიათ. ხალხი აღარ შედიოდა წაბილწულ ეკლესიაში. მალე დანგრეულა კიდეც. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ საძირკველი. ტრაპეზის ჯვარი, რომლითაც წყალი იკურთხებოდა, გადაარჩინა ჯანდრე ცინდელიანმა. ის დაზიანებულია და რესტავრაციას საჭიროებს.

სოფელ თავრალში რამდენიმე ოჯახია დარჩენილი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩასახლებულმა ამ სოფლის მოსახლეობამ, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით, გადაწყვიტა, აღადგინოს მაცხოვრის ტაძარი, რომელიც ოდესღაც გუმბათოვანი და დიდებული ყოფილა.

ეკლესიის აღდგენა ძირითადად შემოწირულობის ხარჯზე ხდება. პირველი შემოწირულობა გაიღო პარლამენტის ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ. იმედი გვაქვს, გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები, რომლებიც დაგვეხმარებიან ტაძრის აღდგენაში.

ეცერი
ღვთის მადლით გვემატება რწმენა, - გვითხრა სოფელ ეცერის საჯარო სკოლის მოსწავლემ ლონდა საბანიძემ. მისი თქმით, ზემო სვანეთში ერთ-ერთი გამორჩეული და ლამაზი სოფელია ეცერი, სადაც ბევრი წმინდა ტაძარია. უმრავლესობა ხალხმა აღადგინა. ყველაზე ძველია ფხუტრერის მთავარანგელოზის, ქურაშის და უღვალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები.

KARIBCHEჩვენი სოფლის მცხოვრებლებმა კარგად იციან, რომ ამ წმინდა ტაძრებში აღვლენილი წირვა-ლოცვის მადლი მათ შეეწევათ, სიხარულით ხვდებიან მამა ეგნატეს, რომელიც, მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით, თვეში ერთხელ ჩამოდის წირვა-ლოცვის ჩასატარებლად. მისი ღვაწლი ძალიან დიდია, რადგან გამორჩეული სათნოებით, სიმშვიდით, თავმდაბლობით მრევლის სიყვარული დაიმსახურა. ჩვენ ვგრძნობთ მოძღვრის სურვილს, თითოეული ჩვენგანის სულში დაივანოს უფლისადმი მოწიწებამ, სიყვარულმა... ყოველი წირვის შემდეგ ტარდება ნათლობა.

საუკუნეებია, დგანან ეს წმინდა ტაძრები. დღესაც მრევლის მოლოდინში არიან, იმ ხატების გამოჩინებასაც ელოდებიან, რომლებიც საგულდაგულოდ შეუნახავთ.

ღვთისმშობლის მადლიანი კალთა ფარავდეს ჩვენს მრავალტანჯულ ქვეყანას.

ლენჯერი
ლენჯერის თემი შვიდი სოფლისგან შედგება: ნესგუნი, ლემსია, ქაშვეთი, ლაშთხვერი, მუხელი, კაერი, სოლი.

ამ თემის ყველაზე ადრეული ძეგლია ნესგუნის X საუკუნის მაცხოვრის ეკლესია. ასომთავრული წარწერა გადმოგვცემს, რომ მხატვარმა გიორგიმ მოხატა "წმიდაი ესე საკურთხეველი" ბეშგენის სახსრებით - "პურითა და საფასითა". შედარებით უკეთ გაირჩევა მოციქულთა ფიგურები და ოდიგიტრიის ტიპის ჩვილედი ღვთისმშობელი აფსიდის კედელზე.

ეკლესიაში შესვლისთანავე ჩანს კანკელის ცენტრში აღმართული ოქროთი დაფერილი ვერცხლით მოჭედილი ჯვარი. ჯვარმა ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია. მას აკლია მოჭედილობის ნაწილი სიგრძივ მკლავებზე, ცენტრალური არის ქვემოთ მხოლოდ ერთი გამოსახულებაა. მოგვიანებით ცარიელი ადგილი შეუვსიათ ფერწერული ჯვარცმის კომპოზიციით. ეკლესიაში ინახება ამავე პერიოდის, შედარებით მცირე ზომის ჯვარი. კანკელის მთავარ ჯვარზე გამოსახულია ღვთისმშობელი.

KARIBCHEსოფელ ლაშთხვერში ორი ეკლესიაა - წმინდა მთავარანგელოზის სახელობისა სოფლის ცენტრში, ხოლო მეორე პატარა ეკლესია სოფელ მუხელში - მხერისა (ასე ეძახიან სვანები წმინდა გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესიას. "მხერი" - "მახარებელს" ნიშნავს).

ლაშთხვერის თლილი ქვით ნაგები ეკლესია მაღალ სამსაფეხურიან საძირკველზე დგას. აქაც, ჩაჟაშის ეკლესიის მსგავსად, გამოსახულია სცენები "ამირან-დარეჯანიანის" საგმირო ეპოსიდან: ამირანის შებრძოლება ვეშაპთან და ბაყბაყ-დევთან.

მხერის ეკლესია ლაშთხვერისაზე პატარაა; ისიც თლილი ქვითაა ნაშენი. მის მოხატულობაში გამოიყოფა სამი წმინდა მხედრის - გიორგის, თედორესა და დემეტრეს გამოსახულებანი. მხერის ეკლესიის ვრცელი ქტიტორული წარწერა გადმოგვცემს, რომ მისი აგების, მოხატვის და ჯვარ-ხატებით შემკობის მოთავე იყო მიქაელ იველდიანი, რომელიც ეკლესიის მოდელით ხელში გამოხატულია ოჯახის წევრებთან ერთად. ბოლო ხანს კანკელის ფილის მოხატულობაზე ამოკითხულ იქნა მხატვრის სახელი - დავითი. იველდიანთა გვარის შთამომავლები ახლაც ცხოვრობენ ამ სოფელში.

ქაშვეთი წმინდა გიორგის სახელობის ძველი პატარა ქვის ეკლესიაა, დგას მეტად მაღალ ზეძირკველზე. იგი იმდენად მცირე ზომისაა, რომ ერთ კაცსაც უჭირს მის ინტერიერში მობრუნება. შესასვლელი ერთი აქვს, დასავლეთის მხრიდან.

ეკლესიაში ინახება დიდი საკურთხევლისწინა ჯვარი, რომელსაც მოჭედილობა შემორჩა. ეკლესიის საკურთხეველთან დამაგრებული ორი დიდი ზომის ხის ჯვრის მოჭედილობა არ შემორჩენილა. ჯვრებზე ამოჭრილია ბუდეები, რომელთაც გარშემო ამოკვეთილი ჩარჩოები დაუყვება. სვანეთის ეკლესიებში შემონახულ ჯვართაგან მსგავსი დამუშავება არსად გვხვდება. ჯვრის მსგავს ხის საფუძველს მხოლოდ ლახუტის მაცხოვრის ეკლესიაში შეხვდებით.

ლემსიას მაცხოვრის ეკლესია ანუ, როგორც მას უწოდებენ, "მეპიურ მაცხვარი" გვიანდელია. აქ შემორჩენილია მხოლოდ ხის ჯვარი, რომელზეც დიდი ასომთავრული ასოებია ამოკვეთილი. ეკლესიის განძეულობა კოშკში ინახებოდა.

კაერში XIX საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა. სოლი ლენჯერის თემის სოფლებიდან კოშკთა სიმრავლით და სილამაზით გამოირჩევა.

მეუფის ლოცვა-კურთხევით, სოფელ ლენჯერში მამა ბასილ ფილფანი მსახურობს.

ცხუმარი
ბალის იქით სადადეშქელიანო ანუ "სათავადო" სვანეთია. იგი თავისუფალი სვანეთის გაგრძელებას წარმოადგენს და ენგურის შუა წელის ხეობაშია გაშლილი.

ცხუმარის თემს შეადგენს შემდეგი სოფლები: გაბალთი, სვიფი, ტვიბერი, ლეზგარი, მაგანდერი და ლაბსყალდი.

KARIBCHEცხუმარის თემის განძეულობა მაღალი მთის წვერზე გაშენებულ სოფელ ლაბსყალდის წმინდა მთავარანგელოზის ეკლესიაში გადაუნახავთ.

თლილი ქვით ნაგებ ეკლესიაში დაცულ ჭედური ხელოვნების ძეგლთა უმეტესობა ბალსქვემო სვანეთის თომანიანთა სახელოსნოშია შესრულებული XII-XIII საუკუნეებში. ეს სახელოსნო ცნობილი იყო მთელ სვანეთში, გვარის რამდენიმე თაობა მისდევდა მას. ეკლესიაში დაცულმა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ხატმა ოქრომჭედელ მიქაელ თომანიანის სახელი შემოგვინახა. მისი სახელი მოხსენიებულია აგრეთვე ვერცხლით მოჭედილ ჩარდახზე, რომელიც ფხოტრერის მთავარანგელოზთა ეკლესიაში ინახება და წმინდა გიორგის ხატზე ფარის სვიფის წმინდა გიორგის ეკლესიაში. მიქაელ თომანიანს აქვს თავისი ხელწერა, მან შეიმუშავა ხატის თავისებური მოჩარჩოება.

ეკლესიაში დაცულ დიდ ჯვრებს შორის გამოირჩევა ორი: ერთი საკურთხევლისწინა ჯვარი, გადმოცემის თანახმად, მფრინავი ჯვარია და ამიტომ ჯაჭვით კანკელზეა დაბმული, ხოლო მეორე ყურადღებას იპყრობს მრგვალი მკლავებით. მოჭედილია ფირფიტებით.

სოფელ სვიფში წმინდა მთავარანგელოზის სახელობის ქვით ნაგები ეკლესიაა. მისი კუთვნილი საგანძური ლაბსყალდის წმინდა მთავარანგელოზის ეკლესიაშია გადატანილი.

ორი ხატი, აღსაყდრებული ქრისტეს გამოსახულებით, საინტერესოა, როგორც თომანიანების სახელოსნოში შემუშავებული მხატვრობის ნიმუში, ასევე ისტორიული წარწერებით. ერთ ხატზე, ჩარჩოს ზოლთან, მუხლმოდრეკილი ქტიტორის ფიგურაა ქრისტესკენ ვედრებით გაწვდილი ხელებით. მთელ სიგრძეზე მოთავსებულია ასომთავრული წარწერა, რომელიც გვამცნობს, რომ შენდობას ითხოვს საღირაძე. საღირაძეს "ქართლის ცხოვრება" იხსენიებს, როგორც თამარის მეფედ კურთხევის მონაწილეს.

მეორე ხატის წარწერის ქვედა ზოლზე მოხსენებული გიორგი ლიპარიტის ძე ხატის მომჭედავი უნდა იყოს, რადგან იგი პირველი პირით ამბობს: "მე, გიორგი ლიპარიტის ძემ მოუჭედენ (მე მოვჭედენ)..." წარწერა ნაკლულია. ზემოდან წვრილი თეგითაა შესრულებული და ძნელად იკითხება. ორივე ხატი დაზიანებულია.
ბეჭდვა
1კ1