ზემო სვანეთი
ზემო სვანეთი
უშგული
გვარიანად შელახულ გზებზე მიჯაყჯაყებს მამა თეოფანეს "კოლხოზნიკი", მაგრამ ღვთის წყალობით და მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით, ყოველგვარი დაბრკოლება გადავლახეთ.

ადგილის დედასავით დარაჯობენ სოფლად შემორჩენილი სვანები აქაურობას. ენანებათ მიტოვება - კერიას ვერ გავაცივებთო...

გზიდან ლამარიას (ასე ეძახიან სვანები ღვთისმშობელს) ტაძარიც გამოჩნდა. გადაბიბინებული მინდვრები ათასფერი ყვავილებითაა მოჩითული. გარშემო მთები ბაბუაწვერასავით გადათეთრებულა... თითქოს ზამთარი და ზაფხული ერთდროულად დამდგარა.

უშგულის მუზეუმში, ერთ მაღალ კოშკში თავმოყრილი სიწმინდეების ნახვა-მოლოცვამ კი განსაკუთრებული სიხარული მომგვარა.

ქალბატონ რუსუდან ყენიას წიგნში "ზემო სვანეთი" ვკითხულობთ, რომ უშგული - ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი დასახლებაა საქართველოში (2400 მ), თავისუფალი სვანეთის განაპირა თემი, შხარას ძირში, მდინარე ენგურის სათავის ვიწრო ხეობაშია გაწოლილი. უშგული გამოირჩევა კოშკთა სიმრავლით - როგორც საზღვარი, იგი განსაკუთრებულად იყო გამაგრებული. უშგულში შემორჩა ციხე-სახლი, საცხოვრებელი სახლის ყველაზე ადრინდელი ტიპი, აქვეა სახლი კოშკი, ცალკეული კოშკები, რომლებიც მეცნიერთა მიერ IX-XI საუკუნეებითაა დათარიღებული.

ერთმანეთის მიყოლებით ჩარიგებულა უშგულის თემის სოფლები: მურყმელი, ჩაჟაში, ჩვიბიანი, ჟიბიანი - ყველაზე მაღალი სოფელი მთელ სვანეთში. მაღალ ბორცვზე აღმართულა კოშკიანი გალავნით მოზღუდული ლამარიას ეკლესია.

ლამარია შეგეწიოთ!
ლამარია - ასე უწოდებენ სვანები ღვთისმშობელს. ეკლესია მის სახელზე X საუკუნეში აუშენებიათ, ის დარბაზული ტიპისაა. დასავლეთის სარკმელთან ჯვრის გამოსახულებაა ამოჭრილი. მის გვერდით ლაპიდარული წარწერა იხსენიებს გურანდუხტს.

KARIBCHE28 აგვისტოს აქ აღნიშნავენ ღვთისმშობლის მიძინებას.

ეკლესია მოხატული იყო (უშგულის შვიდი ეკლესიიდან კიდევ ორია მოხატული - ჩაჟაშის და მურყმელის მაცხოვრისა). ეკლესიის აშენებისთანავე მხოლოდ კანკელი მოუხატავთ. წმინდა მარიამის გამოსახვისას სვანმა ოსტატმა გადაუხვია ტრადიციულ იკონოგრაფიას. ღვთისმშობელს ხელი ლოყაზე კი არა, თავზე აქვს მიდებული, რითაც გადმოცემულია მწუხარების გამომხატველი ცხოვრებისეული ჟესტი. ყოველდღიური ცხოვრებიდან აღებული ამგვარი დეტალები სხვაგანაც გვხვდება სვანეთში.

კედლის ერთ მხარეს, ერთმანეთის პირისპირ წარმოდგენილია წმინდა მხედართა - გიორგისა და თევდორეს გამოსახულებები (XIIს.).

უკანასკნელად ეკლესია XIII საუკუნეში მოუხატავთ. აქ უხვადაა ნაკაწრი წარწერები - გრიფიტები, რომელთაც დიდი ისტორიული ღირებულება აქვს. ეს წარწერები ეკლესიებში მისული მლოცველების მიერაა შესრულებული და შეწყალების ტექსტებს წარმოადგენს. გრიფიტები შესრულებულია ასომთავრულით, ნუსხურით, გარდამავალი მხედრულით და მხედრულით.

XI საუკუნისეულ გიორგი მამასახლისის ასომთავრული წარწერა მამასახლისის ინსტიტუტის დადასტურებაა. ის უფრო ადრე გვხვდება ჩვაბიანის კედლის მხატვრობის წარწერებში. აქვეა XII საუკუნის იოვანე სუანის ასომთავრული და XI-XII საუკუნეების როგან ნატიანის ნუსხურით შესრულებული წარწერები. ლამარიას ტაძარში უზარმაზარი სანათლავი დგას. ჩანს, ტაძარი მას გადააშენეს.

***
ლამარიას ქვემოთ, სოფ. ჟიბიანის განაპირას, სათიბ-საძოვრებისა და სანადიროებისკენ მიმავალი გზის თავზე, ქვის მაღალგალავნიანი მცირე ზომის დარბაზული ეკლესია დგას. გალავანზე ძველი, წარმართული სალოცავია - ვითინი. ეკლესია წმინდა გიორგის სახელზეა აშენებული. სვანეთში გავრცელებული გადმოცემის თანახმად, წმინდა გიორგი მონადირეებს მფარველობდა. სანადიროდ მიმავალი უშგულელი მონადირეები ამ ეკლესიაში შედიოდნენ და წმინდა გიორგის სთხოვდნენ მფარველობასა და დახმარებას. ნადირობიდან დაბრუნებულები სალოცავს ნანადირევის გულ-ღვიძლსა და მამალი ჯიხვისა და არჩვის თავ-რქას სწირავდნენ. ასეთი ფუნქცია მიეწერა კიდევ სვანეთის რამდენიმე წმინდა გიორგის ეკლესიას - მესტიის, იფხის, იფარისა და ჰადიშის ქვედა ეკლესიებს.

KARIBCHEუშგულის შვიდი ეკლესიიდან ოთხი მაცხოვრის სახელობისაა, დანარჩენი - ლამარიას, წმინდა გიორგისა და წმინდა ბარბარეს სახელობისა. მაცხოვრის ეკლესიებიდან ორი მაცხოვრის სახელს ატარებს, ჟიბიანის ეკლესია "უფლის", ხოლო ჩვიბიანის "ფუსდის" სახელით არის ცნობილი.

ჩვიბიანის ფუსდი (ხოშა-ფუსდ) პატარა ქვის ეკლესიაა, მის ინტერიერს სამმალიანი ქვის კანდელი ამკობს. აქ დღემდე შემორჩენილია წმინდა ნიკოლოზის პატარა ვერცხლის ხატი, ჩარჩოზე სხვადასხვა დროის ცალკეული გამოსახულებებითა და სადა ნახევარსფეროებით. ქვედა ჩარჩოზე გაკრული ხელით შესრულებული ოთხსტრიქონიან ნუსხურ წარწერაში ოსტატი მოხსენიებულია, როგორც მწერალი გაბრიელი. აქვე ინახება ხის ფერწერული წმინდა გიორგის ხატი.

უშგულის ეკლესიები უხვად ყოფილა შემკული ჭედური და ფერწერული ხატებითა და ჯვრებით. ბოლო დრომდე მათი განძეულობის უმეტესობა თავმოყრილი იყო ჩაჟაშის მაცხოვრის ეკლესიაში. ამჟამად ნაწილი გადატანილია ეკლესიის მახლობლად კოშკში, სადაც მოწყობილია ექსპოზიცია.

ჩაჟაში უშგულის მთავარი სოფელია. იგი ამაღლებულ ადგილას, ენგურისა და მისი შენაკადის - შავწყალას - შესაყარზეა გაშლილი. ჩაჟაში გამოირჩევა კოშკთა სიმრავლით და ძველი საცხოვრებელი ანსამბლებით. სოფლის ცენტრში, მაღლობზე, დგას ქვის გალავნიანი მაცხოვრის სახელობის მცირე ეკლესია. იგი სამი მხრით შემოსაზღვრულია კოშკებიანი სახლებით, აღმოსავლეთით - ხეობის თვალწარმტაცი სურათი იშლება. ეკლესიის წინ თემის თავკაცები იკრიბებოდნენ და განიხილავდნენ საჭირბოროტო საკითხებს, აქვე წყდებოდა მოსისხლე მტრების შერიგება და დაზარალებულთათვის გადასახადის დადგენა. ყველა დადგენილება ხატზე დაფიცებით მტკიცდებოდა. ფიცის გატეხა დანაშაულის ტოლფასი იყო.

KARIBCHEმაცხოვრის ეკლესიის ერთ მხარეს საერო შინაარსის სცენები და საგმირო ეპიზოდებია გამოსახული. ასევე გამოსახულია სვანების საყვარელი წმინდანები: წმინდა გიორგი და წმინდა დემეტრე, წმინდა კვირიკე, წმინდა დედანი - ეკატერინე, ბარბარე, მარინე, ივლიტა.

საგანძური
მნიშვნელოვანია მაცხოვრის X საუკუნის პატარა ვერცხლის ხატი. სადა ფონზე, ცენტრში, ორ მთავარანგელოზს შორის, მუთაქაზე მჯდომარე ქრისტეა გამოსახული მაკურთხეველი მარჯვენით და სახარებით. რელიეფურად გამოკვეთილ ფეხსადგამთან ქრისტეს ფეხისაკენ ხელებგაწვდილი მუხლმოდრეკილი ფიგურაა. თაყვანისცემის ეს სცენა ქართული ჭედური ხელოვნების ძეგლებზე სხვაგან არ გვხვდება. ხატი შესრულებულია შუა საუკუნეების მიჯნაზე.

დიდი ოსტატობითა და მხატვრული გემოვნებით გამოირჩევა ვერცხლის ჩარჩოთი შემკული XIII საუკუნის ხატი სვანეთში გავრცელებული ლურსმული ორნამენტით. ჩარჩოს ქვედა ზოლზე ერთსტრიქონიანი წარწერაა, რომელშიც მოხსენიებულია ხატის შემმკობი ხადუმი.

***
ეკლესიების კედლის მხატვრობაში, ფერწერულ ხატებსა და ჭედური ხელოვნების ძეგლებზე მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა წმინდა მთავარანგელოზების გამოსახულებებს. მათ გამოსახავდნენ როგორც ცალკე, ასევე წყვილად - წმინდა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზებს. სვანეთის ეკლესიებში დაცულია რამდენიმე ათეული ხატი მთავარანგელოზების გამოსახულებებით - ღვთისმსახურების, მაცნეების, მეომრების, უფლის ტახტის მცველებისა.

KARIBCHEსვანეთმა უხვად შემოინახა საკურთხევლის ჯვრები. ხის დიდი ზომის ჯვრები, რომელთა სიმაღლე ზოგჯერ სამ მეტრს აღწევს, მოჭედილია ვერცხლით, მათზე მოცემულია სიუჟეტური სცენები და ცალკეული გამოსახულებები.

***
ხატწერის კლასიკური ნიმუშია ოდიგიტრიის ტიპის ჩვილედი ღვთისმშობლის ხატი (XIს.). თავდაპირველად იგი ჟიბიანის ლამარიას ეკლესიისა იყო. მნიშვნელოვანია ხატის ჭედური ჩარჩო. ზედა ჩარჩოზე გამოსახულია ქრისტე, მარიამი და წმინდა იოანე; ქვედა ჩარჩოზე - წმინდა მეომრები: გიორგი, დემეტრე, თევდორე. გვერდებზე გამოსახულება კეთდებოდა იმის მიხედვით, ვისი გამოსახულებაც იყო ცენტრში. ამ შემთხვევაში წმინდა ბასილის და წმინდა გრიგოლის მთლიანი ფიგურებია. ღვთისმშობლის ხატის ჩარჩოს ქვედა არშიაზე სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა იხსენიებს ვახტანგ ნახანელის ძესა და მის მეუღლეს, ხუაშაქს.

***
სვანი ოსტატის ნახელავია XII-XIII საუკუნეების წმინდა მიქაელისა და გაბრიელის დიდი ზომის ფერწერული ხატი. წყვილი მთავარანგელოზის გამოსახვა ხშირია როგორც ფერწერულ, ასევე ჭედურ ხატებზე, მაგრამ უჩვეულოა მათი დაკავშირება საიდუმლო სერობასთან, რომელიც მხატვარმა ხატის ზედა ნაწილში, ჩარჩოზე მოათავსა. უჩვეულოა ისიც, რომ ამ სცენისათვის აუცილებელ საგანს - მაგიდას ოსტატი არ გვიჩვენებს და ჭურჭელს, თევზსა და პურს პირდაპირ ხატის ფონის თავისუფალ არეებზე ათავსებს.

***
სოფელ ჩაჟაშის სამხრეთით, მაღალი ქედის თხემზე ძველი, შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა კოშკებითა და პატარა ეკლესიითურთ. იგი იცავდა უშგულის ხეობის შესასვლელს. ციხესიმაგრის აგებას ზეპირი გადმოცემა თამარ მეფის სახელს უკავშირებს, ზოგი კი მის ასულს, რუსუდან დედოფალს მიაწერს. სვანეთში დღესაც ცოცხლობს ლეგენდა, რომ თამარ მეფე ზაფხულს სვანეთში, ამ ციხესიმაგრეში ატარებდა. სვანებს განსაკუთრებით უყვარდათ თამარი, დღესაც დიდი პატივით იხსენიებენ მის სახელს და სიამოვნებით ჰყვებიან თამარის ლაშქრობაში მონაწილე სვანთა გმირობის ამბებს. ციხესიმაგრეზე ასვლა შესაძლებელია სოფელ ჩაჟაშიდან და მურყმელიდანაც.

უშგულელების ნაამბობი
დაახლოებით X-XI საუკუნეებში უშგულში 300-მდე კომლი ცხოვრობდა. თითოეულ კომლს თითო კოშკი ედგა. XII-XIII საუკუნეების დასაწყისში სოფელს ტიფი მოედო და ბევრი გვარი ამოწყვიტა. სოფლის დაცლა მიგრაციამაც გამოიწვია. ამჟამად უშგულს 65 კომლიღა შემორჩა. აქ ძირითადად ცხოვრობენ ჩარქსელიანები, ვაჩლიანები, ნიჟარაძეები, კაკრიაშვილები (ერთი ოჯახია), ჭელიძეები, რატიანები.

KARIBCHE- სოფელში შვიდი ეკლესიაა და მათი ხსენების დღეს ვდღესასწულობთ ხოლმე. წინათ მოქმედი მხოლოდ ლამარია იყო. იქ წირავდა მამა მიხეილ ნიჟარაძე. ის ტაძრის ეზოშია დაკრძალული. მამა მიხეილის მობრძანებულია ლამარიას ტაძარში ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დღემდე სურნელებას აფრქვევს. წირვა-ლოცვა აქ XVIII საუკუნის ჩათვლით მიმდინარეობდა, - მიამბობს ბატონი რეჯიბ ჩართოლანი, - ჩვენს ყოფა-ცხოვრებას თუ იკითხავთ, როგორც ყველას, ისეთივე პრობლემები გვაწუხებს. განსაკუთრებით უგზოობას ვუჩივით. ტრანსპორტი ძვირი ჯდება. უშგულის სკოლა ადგილობრივი პედაგოგებითაა დაკომპლექტებული. დაახლოებით 65 ბავშვი სწავლობს... ველოდებით უკეთესი ცხოვრების დადგომას. ღმერთმა ქნას, რომ გამოსწორდეს ჩვენი ყოფა. თუ არადა მერე ღმერთის მეტი ვეღარავინ გვიშველის. ეკლესია ოდითგანვე დიდ როლს ასრულებდა ჩვენს ცხოვრებაში. ლამარიას ტაძრის კარებში ჩადებულია ეკლესიის მიერ შემორიგებულ დამნაშავეთა სია (სისხლის აღებისას ეკლესია შემრიგებლის როლს ასრულებდა). ეკლესიაში შერიგების შემდეგ სისხლის აღება აღარ ხდებოდა. ლამარიას ტაძარში XVII საუკუნის რუსული გარდამოხსნაა დაცული. უშგული ცნობილია სიწმინდეებით. შვიდი ეკლესიიდან წამოღებული სიწმინდეები, დაახლოებით ორი ათასამდე ექსპონატი, უშგულის მუზეუმშია დაცული.

სოფელს გარშემო მთები აკრავს. თავს დაჰყურებს შხარა - სვანურად გაპობილს, გახეთქილს ნიშნავს. მდინარე ენგურის სათავე უშგულიდან მოდის.

ჭირს ცხოვრება. შვიდი თვე ზამთარია... სოფელი ძირითადად მესაქონლეობას მისდევს, ამით ვარსებობთ. ხილი აქ არ მოდის.

ჩარქსელიანების ძველი გვარი მურყმელში ცხოვრობს. სტიქიამ ისე გაანადგურა იქაურობა, რომ 11 კომლიდან რვა დავრჩით. ერთმანეთის გატანა და დახმარება არ გვეშლება. მომხედავი მთავრობიდან გვინდა... არავინ მოსულა და არავის უკითხავს, - რა გიჭირთ, რა გილხინთო... ტურისტების სიმრავლით კი დავიკვეხნით აქაურები.

პირადად მე მაბარია ლამარიას ტაძრის პატრონობა. ზამთარში გადმოთოვლა უნდა. მომსვლელებს და მომლოცველებს ტაძრის კარს ვუღებ და როგორც შემიძლია, ვაცნობ წარსულს. უფალმა თავის სახლში მიმიყვანა და ეკლესიური ცხოვრება დამაწყებინა.

- გადმოცემით ვიცი, რომ ლამარიას ტაძარში მოღვაწე მამა მიხეილ ნიჟარაძე ყველა საკითხს წყვეტდა სოფელში, - საუბარში ჩაგვერთო ბატონი ლონგულ ნიჟარაძე, - შემრიგებელი იყო და დიდ პატივს სცემდნენ აქაურები. ძალიან გვინდა, უშგულში მოძღვარი გვყავდეს. ტაძრის ამოქმედებით და მოძღვრის მოსვლით უფრო შემოვბრუნდებით სარწმუნოებისკენ, ღვთისკენ.

დაიცალა უშგული, ახალგაზრდას აღარ უნდა აქ დარჩენა. ზამთარში იცლება სოფელი. უგზოობა ყველაზე მეტად გვაწუხებს. ზვიად გამსახურდიას დროს კვირაში ორჯერ შვეულმფრენი დაფრინავდა თბილისიდან და სოფელი ნაკლებად უჩიოდა მიგრაციას. ახლა ყოველ შემოდგომას თითო ოჯახი მიდის. ასე თუ გაგრძელდა, უშგული დაიცლება.

გვახარებს, რომ ჩვენს მიწა-წყალზე თამარ მეფეს დაუდგამს ფეხი.

უშგულის მუზეუმში
უშგულში ამოსული უცხოელი თუ ქართველი ტურისტი აქედან მუზეუმის უნახავად არ მიდის. კოშკში შესვლისთანავე იგრძნობა წინაპრების ნალოცი სიწმინდეების მადლი. სამივე სართული უძველესი საგანძურითაა სავსე.

KARIBCHEამ უნიკალური საგანძურის მოლოცვის შემდეგ საუბარი ვთხოვე ქალბატონ ნანული ჭელიძეს:

- ჩვენი მუზეუმ-კოშკი 1989 წლის 1 ივნისიდან ფუნქციონირებს. მუზეუმის დაარსება იმან განაპირობა, რომ უფრო მეტად დაცული ყოფილიყო ეს საგანძური. წინათ ეკლესიების კარებს ყველას არ უღებდნენ... მუზეუმი საკმაოდ კარგადაა დაცული. დამთვალიერებლებიც არ გვაკლია. მახარებს ის, რომ ქართველებმაც დაიწყეს მოსვლა.

თავადაც ხედავთ, რა პირობებში გვიწევს მუშაობა და რა პირობებშია განთავსებული ეს უნიკალური საუნჯე. ველოდებით განახლებას. შარშან ბატონმა დავით ლორთქიფანიძემ დაათვალიერა ყველაფერი... ვიტრინების უქონლობის გამო სეიფებში გვაქვს შენახული მრავალი სიწმინდე. სკივრებში საეკლესიო დანიშნულების წიგნებს ვინახავთ.

უშგულმა ძალიან ბევრი სიწმინდე შემოგვინახა და დღეს მისი მოსახლეობა უმძიმეს დღეშია. ხშირად მხოლოდ ღმერთის ანაბარა ვართ დარჩენილები. თითქმის 15 წელია ექიმი არ ჰყოლია უშგულს. ერთი წელია, რაც დაინიშნა ექიმი. ჯერ მოსამზადებელ კურსებს გადის და ველოდებით მის ჩამოსვლას.

- განსაკუთრებით ზამთარში გვიჭირს, - შემოგვიერთდა ბატონი ჯონი ჩარქსელიანი, - ყურადღება სჭირდება სოფელს. ზემდგომი ორგანოები თუ მოგვხედავენ, მადლობლები ვიქნებით. ოჯახის რჩენა და მტერ-მოყვარესთან დახვედრა გვიჭირს.

მურყმელი
ამ სოფელს 40-ზე მეტი კომლიდან დღეს ექვსიღა შემორჩა. სტიქიამ ზოგი სად წაიყვანა და ზოგი სად. წინათ იმდენად ძლიერი სოფელი ყოფილა, რომ თამარ მეფის რჩეულ ჯარში უშგულელი ვაჟკაცები იყვნენ თურმე.

მურყმელში ორი ეკლესიაა - წმინდა ბარბარესი და მაცხოვრისა. მესამე, ღვთისმშობლის ეკლესია, დრო-ჟამს მიწასთან გაუსწორებია. სოფლის სახელი, მურყმელი, კოშკებს ნიშნავს.

KARIBCHEლამარიას ტაძრის აგებასთან დაკავშირებით ასეთი გადმოცემა შემოგვრჩა: სოფელი მთლიანად ტყით ყოფილა დაფარული. აქაურებს ერთი უღელი ხარი შეუბამთ და უთქვამთ, სადაც გაჩერდება, იქ ავაშენოთ ეკლესიაო. გაჩერებულა იმ ადგილას, სადაც ახლა ლამარია დგას.

მეორე გადმოცემით, ადრე უშგულში გზა არ ყოფილა. მარტო ლატფარის უღელტეხილთან, ქვემო სვანეთთან დამაკავშირებელი იყო. ძველად თამარ მეფეს მიჰყავდა ამ გზაზე ჯარი. რამდენი კაციც მიდიოდა, იმდენ ქვას აიღებდნენ თურმე და გზის ქვევით აწყობდნენ. უკან დაბრუნებისას გადარჩენილებს მიჰქონდათ თავიანთი ქვა... ამიტომ ამ ადგილის დედას დარა შეარქვეს.

აქაური კოშკები თამარ მეფის დროინდელია.

- ძველი სვანური სახლები სტიქიამ დაგვინგრია. ამის გამო ორი წელი ვცხოვრობდი გარდაბანში, მაგრამ ვეღარ შევეგუე და უკან დავბრუნდი. ჩვენს სოფელში რამდენიმე გვარი ცხოვრობს - ჭელიძეები, კაკრიაშვილები, ღვაჩლიანები, ჩარქსელიანები. ძირითადად მესაქონლეობით ვირჩენთ თავს - სულგუნს ვყიდით, კარტოფილს... ყველაზე მეტად მშვიდობას ვისურვებდი. თქვენთვის, მომავლისთვის ცა იყოს მოწმენდილი, - მეუბნება ბატონი ბეჟან ღვარჩლიანი.

- ქალს ძალიან უჭირს სვანეთში, დიდ შრომასა და გარჯაში ვართ, - ამბობს ქალბატონი მარო ღვარჩლიანი, - საქართველოში მშვიდობა თუ იქნება, ცხოვრებაც უკეთ წავა. უფალს ვთხოვ ქვეყნის კეთილდღეობას. ლამარია ფარავდეს ჩვენს სამშობლოს.

დავემშვიდობე აქაურებს კეთილი სურვილებით და სოფელ კალაში წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრისკენ გავწიე. რას ვიფიქრებდი, წინ კიდევ რამდენი საოცრება მელოდა...

ამის შესახებ მომდევნო ნომერში ვისაუბროთ.
ბეჭდვა
1კ1