დისველი
დისველი
რას ვიფიქრებდი, ბოლნისში მეუფე ეფრემთან ერთად უეცრად ერთ პატარა, ლამაზ სოფელში თუ აღმოვჩნდებოდი. მეუფემ მითხრა, ბოლნისის ახლოს აჭარლების სოფელია, დისველი. გამაჰმადიანებული ქართველები უბრუნდებიან წინაპართა სარწმუნოებას და ჭეშმარიტი მართლმადიდებლები ხდებიანო.

ეს სოფელი დიდი ხნის არ არის, მაგრამ სათქმელი უკვე ბევრი დაუგროვდა. აქაურებს ყველაზე მეტად ის ახარებთ, რომ შუაგულ სოფელში, მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევითა და ძალისხმევით, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი შენდება. ალბათ სიმბოლურიცაა, წმინდა ანდრიამ ხომ აჭარიდან დაიწყო ქრისტეს სარწმუნოების ქადაგება.

დისველში მეგზურობას თავად მეუფე მიწევდა.

***
ვიდრე აქაური მოსახლეობის ჭირ-ვარამის თხრობას შევუდგებოდეთ, წარსულს გადავხედოთ და გავიხსენოთ ის მტკივნეული ფურცლები, აჭარა გამაჰმადიანებამდე რომ მიიყვანა.

ზაქარია ჭიჭინაძე მოგვითხრობს: აჭარაში გამაჰმადიანება ლივანიდან შემოუტანიათ. პირველად მაჰმადიანობა აჭარის მარჯვენა მხარის სოფლებისკენ გაუვრცელებიათ - მარცხენა მხარის ხალხი თვითონ მოგვყვებაო. გამაჰმადიანებულთ და ქრისტიანთ შორის ყოველნაირი მეგობრობა მოსპობილა. ერთხელ ერთი ქრისტიანი ქართველთაგანი გასულა მაჰმადიან ქართულ სოფელში და რამდენიმე დღე დარჩენილა ნათესავებში. ჩიჩინითა და ქრთამით გაუმაჰმადიანებიათ. უკან მიბრუნებულს თავისიანებისთვის უთქვამს, - გამამაჰმადიანეს და ალი დამარქვეს სახელადო. თანასოფლელები გაოცებულან: - ბიჭო, გახვედი თათარში და გახტიალდიო? აი, შეგირცხვეს კაცობაო! ყმაწვილი მოუძულებიათ, მეტსახელად გახტიალდი შეურქმევიათ. შემდეგ ეს თიკუნი მის შთამომავლობას გვარად შერჩა და დღესაც ასე იწოდებიან.

ბოლოს მარცხენა მხარეც გამაჰმადიანდა. ვინც არ ინდომა გამაჰმადიანება, სოფელ საღორეთში წავიდნენ და იქიდან ებრძოდნენ ოსმალთ.

ნაკაშიძეები გურულები ყოფილან, სამნი ძმანი. გურიაში კაცი შემოკვდომიათ. ერთი ძმა ბაღდათში გაქცეულა და გამაჰმადიანებულა, მეორე - სტამბოლში და მალე ფაშობაც მიუციათ. მესამე ძმა აჭარაში, სოფელ ორცვაში დასახლებულა და ესეც გამაჰმადიანებულა. ერთხელ ნაკაშიძე შვილებიანად ერთ მთაზე ასულა. ძირს გადაუხედავს და ხეხილით სავსე უშველებელი ტყე დაუნახავს. ეს რა კარგი კაკა არისო, უთქვამს. ამის გამო იმ ალაგს კაკა დარქმევია. მერე იქ სოფელი გაშენებულა - კაკა უწოდებიათ; თვით ნაკაშიძეს - კაკაძე დარქმევია, ახლა კაკა-ოღლები არიან. სოფელ ორცვაში ნაკაშიძეებს ძალიან უმარჯვიათ ხალხის გამაჰმადიანებაში.

ორცვას იქით მერისის ხეობაა. როცა აჭარას ამაჰმადიანებდნენ, მოლები ამბობდნენ: - ჯერ ეს გავამაჰმადიანოთ, ამას მოვრჩეთ და მერე - ისი, ანუ მერისიო, - და დაერქვა ხეობას მერისი.

ქედის ზევით, ვაიოს პირდაპირ მთას "ქალოჯვარა" ჰქვია. ვაიოს მხრის ქართველები გამაჰმადიანდნენ. დარჩნენ გაღმა მხრისა. გაღმამხრელი ქალი ერთხელ ვაიოსკენ გავიდა, რჯული შეიცვალა და ერთ ახალგამაჰმადიანებულ კაცზე დაინიშნა. მიბრუნდა შინ - გავმაჰმადიანდიო. მთელი სოფელი გაოცდა, რადგანაც ყველაზე ძნელად ქალები მაჰმადიანდებოდნენ. მშობლებმა და ნათესავებმა საქვეყნოდ შეარცხვინეს ქალი - პირჯვარი გადაიწერე, ქალო, რა შენი საქმეა მაჰმადიანობა, სირცხვილიაო. იმ ადგილსაც ამიტომ დარქმევია "ქალოჯვარა", რადგანაც ეს ამბები აქ, ამ მთაზე მომხდარა.

სხალთის ხეობაში ქართველებს დიდი ხანი შეუნახავთ თავი ქრისტიანებად, მაგრამ ბოლოს მაინც ბრძოლა მოჰბეზრებიათ და გამაჰმადიანებულან. რამდენიმე სოფელს კი საიდუმლოდ დიდხანს გაუმაგრებია ქრისტიანობით თავი. მალე ოსმალებს ხოჯები და მოლები გაუმრავლებიათ. თითო სოფელში ორ-ორი ხოჯა და მოლა დაუყენებიათ. ისინი უჩიჩინებდნენ ხალხს, ვინც გამუსლიმანდება, ცხონდება, სამოთხის კარზე არაფერს მოჰკითხავენ, ყველა ცოდვას აპატიებენო. რამდენიმე ხნის შემდეგ ქართველები, ზოგი შიშით და მუქარით, გათათრდნენ. პირველ ხანებში მღვდლებს სთხოვნენ, თქვენც მიიღეთ მუჰამედის სჯული, გასწავლით ლოცვებს და ხოჯობას მოგცემთო, მაგრამ მღვდლებმა უარი განაცხადეს. თითო-ოროლამ თუ მიიღო მაჰმადის სჯული.

ამ სოფლებში დარჩა გაუმაჰმადიანებელი მხოლოდ სოფელი ყინჩაური სხალთის ხეობაში. ყინჩაურელებმა დიდხანს იმაგრეს თავი. ამისი მიზეზი იყო ყინჩაურის მღვდელი, მეტად მწიგნობარი, მქადაგებელი და ქრისტეს მოყვარე. ოსმალოს უქუმათს ეუბნებოდა, - დაგვაყენეთ ჩვენს სჯულზე და არაფერს დაგიშავებთ, თქვენი ერთგული ქვეშევრდომნი ვიქნებითო. ის მღვდელი მეტად გამჭრიახი და შორსმჭვრეტელი ყოფილა. თავისი სოფლის გარდა, სხვა სოფლის ახალგამაჰმადიანებულ ქართველებშიც კი ქადაგებდა ქრისტეს სჯულს. მისი მეოხებით ბევრი მობრუნდა მამა-პაპის სჯულზე და საიდუმლოდ დაიწყეს ქრისტიანობის აღსარება, ბევრი ერთსა და იმავე დროს თათრულ წესებსაც ასრულებდა და ქართულსაც.

გავიდა რამდენიმე ხანი. მღვდელი დაასმინეს ხეობის აღა ხიმშიაშვილებთან. ამის გამო დიდი რისხვა დაატეხეს თავს მღვდელს ხიმშიაშვილებმა. ქრისტიანად დარჩენილები გაამაჰმადიანეს, მღვდელს ხმა არ გასცეს. მოხუცი ეკლესიაში დარჩენილა, მარტოკა ლოცულობდა და ეკლესიას პატრონობდა.

მღვდელი ავად გამხდარა. ახალგამაჰმადიანებული ქართველები თურმე შიშით ვერ ეკარებოდნენ - მთავრობამ არაფერი დაგვწამოსო. სნეულმა მღვდელმა დაიბარა ყინჩაურის ხოჯა: რაკი ასე დავიღუპეთ და არავინ მეკარება, გთხოვ, სიკვდილის შემდეგ მიპატრონე, დამასაფლავეო.

მღვდელი მალე გარდაიცვალა. ხოჯამ სიტყვა შეასრულა, მაგრამ თათრული წესით დაკრძალა განსვენებული... მღვდლისა და ეკლესიის ნივთები ხალხმა დაისაკუთრა. მალე ეკლესიაც დაიქცა. დარჩა ნასაყდრალი.

KARIBCHEამბობენ, ოსმალოს ხელიდან გადასარჩენად სხალთის ზარები და ნივთები მიწაში ჩაფლა ხალხმაო.

ყველაზე დიდხანს ქრისტიანობა შეინახეს გაღმა მხრის ქედმა და სოფელმა ორცვამ. ქრისტიანობის მფარველი სოფელ ორცვის მღვდელი კაკაბაძე იყო, დიდად მქადაგებელი, მოყვარე ქრისტიანობისა და პატივისმცემელი ქართველთა. ეს მღვდელი ქედის დიდ ეკლესიაში დადიოდა, იქ ზარს რეკავდა, ოთხი-ხუთი სოფლის ხალხს ლოცვაზე იხმობდა. რამდენიმე ხნის შემდეგ მაჰმადიანობა ქედაშიც შემოვიდა.

ბოლოს ეს ეკლესია მაინც დაუქცევიათ თათრებს. მღვდელს დაქცეული ეკლესიის გვერდით ხის ჯამე რომ დაუნახავს, გულშემოყრილს ტირილი დაუწყია: ვაიმე, ახლა კი დაეცა აჭარაო! მღვდელი ჩაქვისკენ წასულა, სადაც ქრისტიანი ქართველები იყვნენ. ცოლ-შვილი ორცვაში დარჩენილა და მერე ოსმალებმა მღვდელს აღარ დაანებეს. მღვდლის შვილებს ქეშიშ-ოღლები უწოდეს, ერთ ვაჟს თათრული წერა-კითხვა ასწავლეს და მალე მოლობაც მისცეს...

ხოჯებმა დაიწყეს ქართული ენის მოსპობის ქადაგება...

***
დავუბრუნდეთ დღევანდელობას. დისველში მეუფე ეფრემის მობრძანებამ ყველა გაახარა. მღვდელმთავარი ხშირად სტუმრობს ამ სოფელს, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს აქაური ქართველობის სულიერ ცხოვრებას. სოფლის ცენტრში წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის მშენებლობამ უფრო გაუღვივა რწმენა ხალხს. ცხადია, მეტი მოინათლება და ტაძარი ნათელღებული მრევლით გაივსება.

მეუფე ეფრემის ბოლნელ ეპისკოპოსად გამორჩევის შემდეგ ამ მხარეში სულიერი წინსვლა თვალნათელია.

დისველამდე ტაფანის გადაშლილი ველ-მინდვრები უნდა გაიაროთ. დისველი ქართველებით ყოფილა დასახლებული. ამაზე მეტყველებს სოფლის განაპირას უძველესი ტაძრის ნანგრევები.

დაახლოებით ოცი წლის წინ აქ აჭარიდან, ხულოს რაიონიდან ჩამოასახლეს ქართველობა - თითქმის 85 ოჯახი. ახალდაარსებულმა სოფელმა ისტორიული სახელი - დისველი შეინარჩუნა.

"მოსახლეობის მესამედი მართლმადიდებელია. ეტაპობრივად, ჯგუფ-ჯგუფად ინათლებოდნენ ადამიანები და ამ სულიერი გამოცოცხლების პროცესმა გამოიწვია ის, რომ მოსახლეობის სურვილითა და ძალისხმევით დავიწყეთ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ბაზილიკური ტაძრის მშენებლობა, - ბრძანებს მეუფე, - მოგეხსენებათ, წმინდა ანდრია საქართველოში პირველად აჭარიდან შემობრძანდა. იმ დიდი წინაპრების შთამომავლები კი დისველელები არიან. სოფელს მალე თავისი მოძღვარი ეყოლება".

ტაძრის მშენებლობაში მართლაც მრავალი ადამიანი მონაწილეობს. თავად ვნახე, როგორი მონდომებითა და ძალისხმევით მუშაობენ აქაურები წმინდა ანდრიას ტაძრის გარშემო. ოსტატები ბოლნურ ჯვარს ქვაზე კვეთდნენ. "ის ტაძრის კარიბჭის თავზე უნდა მოვათავსოთ", - ამბობს ბატონი გივი კალაიჯიშვილი, რომელსაც ბევრი ტაძარი აღუდგენია და აუშენებია. "კარიბჭის" გამოჩენა დისველელებს გაუხარდათ. თითოეულ მათგანს გაუჩნდა სურვილი, დისველის ტკივილი თუ სიხარული გაეზიარებინა. მეუფე ეფრემმა რეზიდენციიდან წამოღებული ჟურნალები უსახსოვრა აქაურებს.

- გვიხარია, რომ მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით დისველში წმინდა ანდრიას სახელობის ტაძარი შენდება, - მეუბნება ბატონი ნუგზარ აბაშიძე, - სტიქიამ არ დაგვინდო და მთავრობამ ხულოს რაიონიდან ამ სოფელში ჩამოგვასახლა. ვერ ვიტყვით, რომ კმაყოფილები ვართ ცხოვრებით, მაგრამ შეიძლება აქ ცხოვრება. მეზობლები ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილები ვართ. საჯარო სკოლაც გვაქვს. მე ჯერ არ ვარ მონათლული, მაგრამ მალე დავადგები ჭეშმარიტების გზას.

KARIBCHEმეუფე ეფრემი:
- განსაკუთრებით მინდა დავლოცო სოფლის ახალგაზრდობა. ამ უდიდეს საქმეში - ტაძრის მშენებლობაში ბავშვებიც მონაწილეობენ. უხარიათ და ეამაყებათ, რომ თავიანთი წვლილი შეაქვთ მშენებლობაში. რაც მთავარია, იციან, რომ საქართველოში პირველი ქრისტიანები იყვნენ აჭარის მკვიდრნი. სიმბოლურია, რომ სოფელი დისველი წმინდა ანდრიას სახელზე აშენებს ტაძარს. მალე აქ აღვნიშნავთ წმინდა ანდრიას ხსენების დღეს. წმინდა ანდრია პირველწოდებული ისევ მოაქცევს, გაანათლებს და გააერთიანებს სრულიად საქართველოს. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვისი ფინანსური დახმარებითაც მიმდინარეობს ტაძრის მშენებლობა. ესენი არიან: რამინ, ზურაბ, ბაგრატ, დავით, გელა დავითაძეები, ზურაბ გამრეკელიძე. კიდევ არიან სხვებიც. ისინი ხშირად ჩამოდიან დისველში და ფიზიკურად შრომობენ. მადლობა ღმერთს, რომ სოფელი უკვე სულიერად გაცოცხლდა. ბერდიაკვანი იოანე კვირაში ერთხელ მოდის ხოლმე სოფელში. მოსწავლეებიც აქტიურობენ. სკოლის დირექტორი ბატონი იაკობი უკვე მართლმადიდებელი ქრისტიანია. სკოლაში მამა იოანე პარაკლისებს ატარებს ხოლმე და ბავშვები ჩართული არიან მსახურებაში.

- ხომ არ გასჭირვებიათ აქაურებს წინაპართა რჯულის აღიარება?

- მე წარმოშობით აჭარიდან, ბათუმიდან გახლავართ. ბოლნისის ეპარქიაში ჩამოსვლისას გავიგე ჩემი კუთხის შვილებით დასახლებული სოფელ დისველის არსებობა. ძალიან მეგობრული და მამაშვილური დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან. უმრავლესობა ჯერ კიდევ მუსლიმანური წესებით ცხოვრობს, მაგრამ ხვდებიან, სად არის ჭეშმარიტება, რომ ისინი ძირძველი ქართველები და პირველი ქრისტიანები არიან. ჩვენ გამოვეცით წიგნი "ქართველთა გამუსლიმება", რომელშიც დაბეჭდილია დიდი ქართველი მოღვაწის, ზაქარია ჭიჭინაძის მიერ შეკრებილი მასალები. დიდმა ზაქარიამ გასული საუკუნის მიწურულს ფეხით მოიარა ტაო-კლარჯეთი და აჭარა. შეკრიბა ზეპირი გადმოცემები, თუ როგორი სისხლით, სისასტიკით, ძალითა და მახვილით ამაჰმადიანებდნენ ქრისტიანებს და ანგრევდნენ ტაძრებს. ეს წიგნი დავურიგეთ აქაურებს. როცა წაიკითხეს თავიანთი წარსულის რეალური ისტორია, თუ როგორ იდევნებოდა აჭარაში ქრისტიანობა, მათთვის ნათელი გახდა, სად არის ისტორიული ჭეშმარიტება. ეს წიგნი მეუფე სპირიდონმა დააბეჭდინა და გავრცელდა აჭარაშიც. ყველა რაიონსა და სოფელს მისწვდა. ამ გამოცემამ დიდი სულიერი შედეგი მოიტანა. ადამიანმა უტყუარი ისტორია უნდა იცოდეს, შემდეგ თავად გააკეთებს არჩევანს. ქრისტიანობა თავისუფლების არჩევანია. ადამიანი ხომ თავისუფალი ნების მქონეა. მადლობა უფალს, რომ ამ სულისკვეთებით სოფელი დისველი დაადგა ერთიან ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ და ეროვნულ გზას. ღვთისმშობლის ტაძარში ჩავატარეთ საყოველთაო ნათლობა და ოცამდე კაცი მოინათლა. სოფელში ბევრს აქვს სურვილი, დაიბრუნოს მშობლიური სარწმუნოება, მაგრამ ამის გადაწყვეტას ალბათ დრო სჭირდება. მადლობა ღმერთს, რომ სოფელი უკვე არის დედაეკლესიის წიაღში. წმინდა ანდრია პირველწოდებულის მეოხებითა და ღვთის შეწევნით ეკლესიის წიაღის გარეთ არავინ დარჩება.

KARIBCHE"ტაძრების მშენებლობაზე ვმუშაობდი ისე, რომ კარგად არც მქონდა გაცნობიერებული, რამდენად კეთილ საქმეს ვაკეთებდი, - მიამბობს პავლე შაინიძე, - მაშინ მონათლულიც არ ვიყავი. უფლის სიყვარული ჩემში თანდათან შემოვიდა. ბოლოს მივხვდი, სად იყო ჭეშმარიტება და მართლმადიდებლად მოვინათლე. ბოლნისის ღვთისმშობლის ტაძარში მოგვნათლა მეუფე ეფრემმა. ჩემი შვილის ნათლია მეუფე გახლავთ, ჩემი სულიერი მოძღვარიც ჩვენი მღვდელმთავარია. აღმსარებელი და მზიარებელი გავხდი.

ჩვენი სოფლის ყოფა-ცხოვრებას თუ იკითხავთ, ძირითადად მიწათმოქმედებით და მესაქონლეობით ვარსებობთ. ძალიან მენატრება ჩემი აჭარა, ძველი სხალთის ტაძარი. რა დამავიწყებს იქაურობას. ახლა უკვე როგორც მართლმადიდებელი, ისე მოვილოცებ იქაურ ტაძრებსაც..."

საუბარში დისველის სკოლის დირექტორი ჯანსუღ შაინიძე შემოგვიერთდა: "ჩვენს სოფელში სახელმწიფო უწყება არ ფუნქციონირებს, საკრებულოც არ გვაქვს. ადმინისტრაციულად ბოლნისის საკრებულოში შევდივართ. სკოლაში ამჟამად 118 ბავშვი სწავლობს. ყველა კლასში შვიდიდან თექვსმეტ ბავშვამდეა.

გაინტერესებთ, როგორ ჩამოგვასახლეს დისველში? 1989 წლის 19 აპრილს ხულოს რაიონის სოფელ ტაბღანაში მეწყერმა ერთი პატარა უბანი მიწაში ჩაიტანა და მოსახლეობაც თან ჩაიყოლა. შეუძლებელი იყო იქ ცხოვრება. თავიდან დისველში საცხოვრებელი სახლების მშენებლობა 220 ოჯახისთვის დაიწყო, მაგრამ სხვადასხვა პრობლემისა და მიზეზის გამო სოფლის კეთილმოწყობა ვერ მოხერხდა. აქ უნდა აშენებულიყო სავაჭრო ცენტრი, ბაგა-ბაღი, სკოლა... სრულყოფილად მხოლოდ სამი სახლი მოეწყო. დანარჩენები - თავად მოსახლეობამ ააშენა საკუთარი ხარჯებით. ამიტომ სოფელში მხოლოდ 78 კომლის დასახლება მოხერხდა.

როცა ჩამოგვასახლეს, მაშინდელმა ხელისუფლებამ დიდად შეგვიწყო ხელი. წყალი გვიჭირდა, სარეცხს მდინარეში ვრეცხავდით. თანდათანობით მოგვარდა ეს პრობლემა.

თურმე აქაურობა ოდესღაც ერთმა მეფემ თავის დას უბოძა. სოფელმაც აქედან მიიღო სახელი - დისველი.

ვცხოვრობთ ისე, როგორც ყველა ქართველი. ტრანსპორტირების საკითხი თავად მოსახლეობამ მოაწესრიგა. დილით მიდის სამარშრუტო ავტობუსი და შუადღისას უკან ბრუნდება. დანარჩენ საათებში ტაქსით ვსარგებლობთ.

მდინარე ხრამის მარცხენა მხარეს თეთრიწყაროს რაიონი გვესაზღვრება. აღმოსავლეთით სოფელი ქორაღარია, აზერბაიჯანელებით დასახლებული.

გვახარებს ის, რომ ჩვენს სოფელში წმინდა ანდრიას ტაძარი შენდება და მალე ტაძრის კურთხევასაც ვიზეიმებთ. მოსახლეობის უმეტესობა დაუბრუნდა წინაპართა სარწმუნოებას. ძალიან მალე მთლიანად მართლმადიდებლური სოფელი გახდება დისველი".
ბეჭდვა