პატარა ლიახვის ხეობა
პატარა ლიახვის ხეობა
სოფელ ვანათიდან პატარა ლიახვის ხეობის სათავეებამდე მდინარის ნაპირებზე თუ მისი შენაკადების სიღრმებში, მთათა კალთებზე უამრავი ნასოფლარია. აქაური მოსახლეობა, ცხადია, ძველთაგანვე ქართული იყო. ადამიანი აქ ჯერ კიდევ ქვის ხანიდან ცხოვრობს. ხეობის მოსახლეობა განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა VII-XII საუკუნეებში. ისტორიულ ძეგლთა დიდი ნაწილი ამ დროსაა აგებული. ეს სოფლები თითქმის უმიწო იყო, ამიტომ ტყისპირებში პატარ-პატარა ადგილებს ასუფთავებდნენ ჭირნახულის მოსაყვანად. ცნობილი ისტორიკოს-გეოგრაფის ვახუშტის თქმით, "ქნოღოდან ვანათამდე არს ლიახვის ხეობა უვენახო, უხილო ვითარცა დავსწერეთ მთის ხევნი და სივიწროვით უფრო მწირი". მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობას, მეფუტკრეობას მისდევდა, ამავე დროს ხეობის ტყეებში ნადირთა და ველური ხილის მრავალფეროვნება, წყლებში თევზი (კალმახი) ოჯახის გამოკვების კარგი საშუალება გახლდათ (ამ მხარეში ბევრი ცნობილი მონადირე იყო). ხეობის მებრძოლ-მეციხოვნენიც უმეტესად ადგილობრივები იყვნენ. აქაურებს ხელოსნობაც ეხერხებოდათ. ბუნებას შეზრდილებმა იცოდნენ, რომელი ხისგან რა უნდა დაემზადებინათ. თავიანთ ნახელავ სხვადასხვა საოჯახო ნივთს ისინი ქართლის სოფლებში ყიდდნენ ან ცვლიდნენ საკვებ პროდუქტებსა და სამოსზე. ხეობის მიმზიდველმა ფლორამ და ფაუნამ და მასზე მრავალწლიანმა დაკვირვებამ ამ სოფლებში სახალხო მკურნალებიც გააჩინა. მათ იცოდნენ ჭრილობის, დამწვრობის, მოტეხილობის, კანის და სხვა დაავადებების მკურნალობა.

ლიახველთა სიმშვიდე ხშირად ირღვეოდა მტერთა შემოსევების, შინა ღალატის გამო. XVII-XVIII საუკუნეებიდან ჩრდილოეთიდან კავკასიის სამხრეთ კალთებზე ოსები იწყებენ დასახლებას. სამწუხაროდ, მათგან ასიმილირებას განიცდის ქართული ტომის - დვალების ერთი ნაწილი. ოსები ნელ-ნელა მკვიდრდებიან ორივე ლიახვის სათავეებში. საფუძველი ეყრება ქართველთა იქიდან გამოდევნას.

აქ მიწის ყოველ გოჯს, ბილიკს, ქვას, ხეობის ჰიდრონიმ-ტოპონიმებს საინტერესო წარსული აქვს, ეს უკანასკნელნი უმეტესად ქართულია. მათში ხეობის ისტორია, ტკივილი, ყოველდღიურობაა ასახული. სამწუხაროდ, ჟამთა სიავეს ნასოფლართა დიდი ნაწილისთვის სახელიც აღარ შეურჩენია. ისტორიულ ბედუკუღმართობას სამუდამოდ დაუკარგავს იქ მცხოვრებთა ვინაობა, ისტორია, ის თავდაპირველი ხატი, რაც საფუძვლად დასდებია ადგილის სახელწოდების პროცესს. ისინი თითქოს სამუდამოდ ჩაკარგულან ისტორიის წყვდიადში. ტოპონიმთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა გაუძლო ეპოქის ქარტეხილებს და რუსულ-ოსური აგრესიის მიუხედავად პირვანდელი სახე შეინარჩუნეს, - მიამბობს ბატონი ზურაბ ოქროპირიძე. მისი თქმით, ტოპონიმები ძირითადად წარმომდგარია ადამიანის სახელის, გვარის, მცენარის, მდინარის ან ამა თუ იმ ადგილის გარკვეულ ნიშანთა მიხედვით. ბევრი მათგანი სახეცვლილი მოვიდა ჩვენამდე და ინფორმაციულად ვერაფერს გვეუბნება გარემო სინამდვილეზე. ისინი სერიოზულ კვლევა-ძიებას და მეცნიერულ ანალიზს მოითხოვენ.

KARIBCHEნასოფლარი გნუღი (ვახუშტის მიხედვით ქნოღო) პატარა ლიახვის ხეობის სათავეებთან მდებარეობს. გასული საუკუნის 90-იან წლებადე აქ ოსები სახლობდნენ. ისტორიული ძეგლებიდან ადრე შუა საუკუნეების და შუა საუკუნეების სამი სათვალთვალო კოშკის ფრაგმენტებია შემორჩენილი. ისინი ნაგებია ადგილობრივი ფლეთილი ქვით. ერთ-ერთი კოშკის კედელი 10-15 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. კედლებში სათოფურებია დატანებული. ნასოფლარ ფარაზაში მდინარის მარჯვენა მხარეს გვხვდება ასევე ადრე შუა საუკუნეების ძლიერ დაზიანებული სამი კოშკი. ერთ-ერთი მათგანის აღმოსავლეთი კედელი 9-10 მეტრის სიმაღლეს აღწევს. ნასოფლარებს გნუღსა და გაბილთას შორის მდებარეობს შულაური. ტოპონიმი ქართულია. აქ ძველებური ბანიანი სახლებია ტერასულად განლაგებული. ტერასების ქვემოთ აკლდამებია. სავარაუდოდ ძეგლები განადგურებულია. შულაურიდან რამდენიმე კილომეტრშია ნაქართველარი გოზო, ცნობილი ციხით და კოშკებით. ამ ქმნილებებს შუა საუკუნეებს აკუთვნებენ. გამოყენებულია ხეობისთვის დამახასიათებელი ქვათა მშრალი წყობა. ინაური ერთ-ერთი უძველესია ლიახვის სოფლებს (ნასოფლარებს) შორის. იგი ინაურების გვარის სოფელი იყო. მიტოვებულ სოფელში გვიანდელი შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები და ადრე შუა საუკუნეების ზურგიანი კოშკებია ქვათა მშრალი წყობით.

ინაურის აღმოსავლეთით, ხეობის ულამაზეს ადგილას უსახელო ნასოფლარებია დაფარული ტყით. სამხრეთ-დასავლეთით, ინაურიდან 2 კმ-ში ლიახვის მარჯვენა მხარეს ცნობილი ბეხუშეს ციხეა, რომელსაც ვახუშტი ბატონიშვილი ბეყჩოს ციხის სახელით მოიხსენიებს. მისი თქმით, იგი პატარა ლიახვისა და ჩაფარუხის წყლის შესართავთან ახლოს მდებარეობს. ციხე მიუვალ ადგილზე ყოფილა აგებული. XIV საუკუნიდან იგი ქსნის ერისთავების საკუთრება (როგორც ლიახვის ხეობის დიდი ნაწილი) და მნიშვნელოვანი დასაყრდენი ყოფილა. თემურ-ლენგის შემოსევის დროს ქსნის ერისთავმა გირშელმა ბეხუშეს ციხეს შეაფარა თავი. "ძეგლი ერისთავთაში" ვკითხულობთ: "ერისთავი გირშელ უკუდგა ციხესა ბეხუშისასა დედაწულითა და ჯოგითა და თან ჰყვა კათალიკოზი ელიაზ ყოვლით საყდრიშვილითურთ და ხიზანითა დიდითა და ჯოგითა და ცხურითა..." მრისხანე თემურმა ვერ შეძლო ლიახველ მეციხოვნეთა წინააღმდეგობის გატეხა. ერისთავი თავისი ჯალაბით გადარჩა.

ბეხუშეს დასავლეთით, ნასოფლარ ჩაფარუხში VIII-IX საუკუნეების ეკლესიის ნანგრევებია. აქაა ადრე შუა საუკუნეების ხეობისათვის დამახასიათებელი სამი ზურგიანი კოშკის ნანგრევი და გვიანდელი ხანის ციხე-კოშკი. ჩაფარუხში მარიამიძეები ცხოვრობდნენ. ბეხუშეს ციხის ჩრდილოეთით ნასოფლარი ლაჭაურია (ოსებს იგი ლაცაურად გაუაზრებიათ). ჩაფარუხის მსგავსად აქაც ადრეული ხანის სამი სათვალთვალო კოშკია. ერთი მათგანი ნამოსახლარის ეზოში დგას - შემორჩენილი ხუთი სართულის სიმაღლეზე. ნაგებია ადგილობრივი წითელი თლილი ქვით. მეორე - ლიახვის მოპირდაპირე მხარეს, მაღალ მთაზე, მესამე - სოფლის დასავლეთით, ხეობის პირას. ქვათა წყობა ყველგან მშრალია. ტოპონიმი ქართულია, თუმცა რის მიხედვით დაერქვა ამ მიდამოს ეს სახელი, უცნობია. ხეობაში "ურ"-სუფიქსიანი რამდენიმე ტოპონიმია - შულაური, ინაური, ლაჭაური, შელეური. როგორც ვხედავთ, ინაური-ბეხუშე-ჩაფარუხი-ლაჭაური ადრეული ხანიდან ძლიერ გამაგრებულ ადგილს წარმოადგენდა. თუ გავითვალისწინებთ ხეობის მიუვალობას და მაღალმთიან რელიეფს, გასაგები გახდება პატარა ლიახვის ზედა მხარის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა.

აწრისხევის ზევით, ხეობის სიღრმეში, პატარა ლიახვის ორივე მხარეს უსახელო ნასოფლარებია. შემორჩენილი საცხოვრებელი სახლის კედლები ტყითაა დაფარული. საინტერესოა, რომ ისინი უმეტესად მაღალ, კლდოვან ადგილებზეა აგებული. აქ მცხოვრებნი ასეთ ადგილებს სპეციალურად არჩევდნენ, რათა კლდოვანი მხარე სახლის ბუნებრივ კედლებად გამოყენებულიყო. ქართველთა კერა აქ დიდი ხანია გაცივდა, - სევდიანად განაგრძობს ბატონი ზურაბი, - წარსულის უტყვი მოწმენი პატარა ლიახვი და საუკუნეებგამოვლილი, მთათა წვერვალებიდან ამაყად მზირალი ციხე-კოშკები არიან. ისინი შესწრებიან უამრავ მტერთა შემოსევას, ქართველთ ღალატს და გაუტანლობას. მათი ტალღები და კედლები არაერთხელ შეღებილა მომხვდურთა სისხლით. არაერთხელ უგლოვიათ დაღუპული ქართველი გმირები. ისინი დღესაც გლოვობენ დაკარგულ შვილებს, გლოვობენ ჩვენს უმწეობასა და უსუსურობას. უცხო ეთნოსმა მგლურად გამოიყენა ჩვენი ჰუმანურობა. დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, რომ ოსებმა რუსებთან ერთად ერთგვარ პლაცდარმად გამოიყენეს ორივე ლიახვის ზედა წელის სოფლები მთელი შიდა ქართლის დასაკავებლად.

ნასოფლარების შემდეგ ლიახვის მარჯვენა მხარეს გვხვდება ისტორიული სიათა. სიათას ციხეზე არაერთხელ ულაშქრია მტერს. ქართველი მეფე-დიდებულები მუდმივად ამაგრებდნენ მას. იგი ისტორიულ წყაროებში ქსნის უკანასკნელი ერისთავის გიორგის აჯანყების (1777წ.) დროს იხსენიება. ერეკლეს წინააღმდეგ ამბოხებული ერისთავი სიათას ციხეში გამაგრდა. ქსნელმა დიდებულმა სიათა იმიტომ აირჩია, რომ იგი ძნელად მისადგომი იყო. ვერც ამან იხსნა ურჩი ერისთავი. სიმაგრე დაეცა. ერეკლემ ისარგებლა გიორგის განდგომით, საერისთავო გააუქმა და ბატონიშვილ იულონს გადასცა. ციხე-კოშკი 7-სართულიანია. სიმაღლის მატებასთან ერთად ვიწროვდება. ნასოფლარის მაღალი მთის წვერზე დგას ეკლესია კოშკით (გვიანი შუა საუკუნეები). დაბლა ფერდობზე გვიანდელი შუა საუკუნეების ნაგებობის ნაშთია. სიათაში ვაზაგაშვილებს უცხოვრიათ. შემდეგ ქვემო სოფლებში ჩასახლებულან. სიათას ჩრდილო-აღმოსავლეთით ნასოფლარები გნასური, რბილი (იქ რბილი კლდე ყოფილა ოსებმა ალბირი დაარქვეს), გაბარაანთკარია. მაღალ მთაზე სათვათვალო კოშკის ნანგრევებია. სოფელ ხაჩირაანში გვიანდელი საუკუნეების ოთხკუთხა კოშკი დგას მაღალი მთის ფერდობზე. კარი ნაოთხალია და დატანებული აქვს საურდულე. ნასოფლარიდან ორ კილომეტრში ნამოსახლარებია.

პატარა ლიახვის მარცხენა შენაკადია შამბიეთის ხევი (ვახუშტი ბატონიშვილი მას შამბიანს უწოდებს). ნასოფლარი შამბიეთი ერთ-ერთი ულამაზესია ხეობაში. სიძველისა და დაზიანებების მიუხედავად ამაყად იმზირება ადრე შუა საუკუნეების შამბიეთის რვასართულიანი ციხე-კოშკი. ნასოფლარიდან 1 კმ-ში სასახლის ნანგრევებია. სასახლის ირგვლივ გალავნის ფრაგმენტებია. იგი ტყითაა დაფარული. გვიანდელი შუა საუკუნეებითაა დათარიღებული ეკლესია, რომელსაც გალავანიც ჰქონია. მდინარე შამბიეთის ხეობაშია ნასოფლარი ყუფთა. მარჯვენა ნაპირზე წმინდა გიორგის ძლიერ დაზიანებული ეკლესიაა. შემორჩენილია რვასართულიანი ზურგიანი კოშკი (განვით. შუა საუკუნეები. იგი სიათას და შამბიეთის კოშკებს წააგავს).

KARIBCHEქართველთა უძველესი საცხოვრისი იყო პატარა ლიახვის სათავის მარჯვენა მხარის სოფელი სიდამონის ჯვარი. ტოპონიმი ადამიანის საკუთარი სახელიდანაა წარმომდგარი. აქედან უნდა მოდიოდეს სიდამონიძეების გვარიც. ამ გვარის წარმომადგენლები ხეობის სხვადასხვა სოფლებში ფიქსირდებიან. შუა საუკუნეების კოშკის ნანგრევები და ნამოსახლარის ნაშთებია ნასოფლარ ბისოითში. მას ბიჩენაანსაც უწოდებენ. ტიპონიმი ოსურია. სამწუხაროდ, სოფლის თავდაპირველი სახელწოდება დღეისთვის უცნობია. აწრისხევიდან დასავლეთით, ლიახვის მარცხენა მხარეს ნასოფლარი ლეკოაანია, სადაც მაღალ მთაზე XVII საუკუნის სათვალთვალო კოშკია აღმართული. ტოპონიმი ქართულია და ადამიანის სახელიდან ლეკო-ლევანიდან მოდის. ნასოფლარ წიფორში (ტოპონიმი სავარაუდოდ მცენარის სახელიდან წიფიდან წარმოდგება), მდინარის მარცხნივ, ქართული კულტურის რამდენიმე ძეგლია: VIII-IX საუკუნეების წმინდა გიორგის ძლიერ დაზიანებული ეკლესია და ამავე პერიოდის ნაეკლესიარი, განვითარებული შუა საუკუნეების სადაზვერვო კოშკი, შედარებით გვიანდელი ე.წ. წითელი ჯვრის ეკლესია. 20-30 წლის წინ აქ ოცამდე ოსური ოჯახი ცხოვრობდა, რომლებიც შემდეგ ცხინვალის მიმდებარე სოფლებში ჩაასახლეს. ეს ნაბიჯი (მთის ოსების ცხინვალში მასობრივი ჩასახლება), რუსულ-ოსური პოზიციებიდან თუ შევხედავთ, რუსული იმპერიული პოლიტიკის ერთი ნაწილი იყო. ორივე ლიახვის ზედა წელის ქართველთა ჩუმი ეთნიკური წმენდა უკვე დამთავრებული იყო. სამიზნედ ახლა ცხინვალი და მიმდებარე ქართული სოფლები იქცნენ. ამიტომ ხეობებში ჩარჩენილ ოსთა დიდი ნაწილი აქეთ, ცხინვალისკენ იქნა გადმოსროლილი, რათა რიცხობრივი უპირატესობა ოსებს ჰქონოდათ.

აწრისხევის სამხრეთით სოფელი ზონკარია. იგი ორადაა გაყოფილი. ლიახვის მარჯვნივ ქვემო ზონკარია, მარცხნივ კი - ზემო. სოფლის სახელწოდება სიტყვა "ზონა"-დან უნდა მოდიოდეს. ძველი ხალხი თურმე ამ მიდამოს, ზევით ხეობის გაგრძელებას, კლიმატის, მაღალმთიანი რელიეფის გამო სხვა ზონად თვლიდა. ამიტომ მას ზონისკარი, ზონკარი უწოდესო - ჰყვებიან ადგილობრივები. ქვემო ზონკარში, დასავლეთის მხარეს წმინდა გიორგის ადრეფეოდალური ხანის ერთნავიანი ეკლესიაა. მის აღმოსავლეთით, მაღალ მთაზე ასევე ადრეული ხანის ზურგიანი კოშკია. სოფლიდან მოშორებით, ტყეში, შიოწმინდის სახელობის დარბაზული ეკლესიის (განვითარებული შუა საუკუნეები) ნანგრევებია. ზემო ზონკარში VIII-IX საუკუნეების ორი ძეგლია: ღვთისმშობლის ეკლესია (ფრაგმენტები) და ეკლესია კოშკით. ზონკარი უნიკალურ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენდა. განსაკუთრებით თვალწარმტაცი იყო ზაფხულში. უამრავი დამსვენებელი იგრილებდა სხეულს. ზონკრის წყალსაცავი ერთთველოში. მისით შიდა ქართლის დიდი ნაწილი ირწყვებოდა.

ზონკრიდან რამდენიმე კმ-ში, სოფ. ბელოთის თავზე ნასოფლარი ხანდურიანთკარია. გასული საუკუნის 80-იან წლებამდე აქ 2-3 ოჯახიღა სახლობდა. სოფელში ძირითადად ხადურები ცხოვრობდნენ. ეს გვარი საუკუნეების წინ საქართველოს მთიანეთიდან - ხადას (გვარის სახელწოდება აქედან მოდის) ხეობიდან გარკვეული მოსაზრებით პატარა ლიახვის ხეობაში დაუსახლებიათ. ისინი კარგი მეომრები ყოფილან. ხადურები XVIII საუკუნეში ბელოთის ციხის მეციხოვნეებად გვევლინებიან. ნასოფლარში X-XI საუკუნეების სათვალთვალო კოშკია. შედარებით გვიანდელია ლიახვის მარცხენა მხარეს მდგარი მაღალი, გალავნიანი მრგვალი კოშკი. მას ხადურიაანთ კოშკს უწოდებენ (XVII-XVIIIს.ს.) ლიახვის მარცხენა მხარეს, სოფ. დმენისის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ნასოფლარი სნეკვი. უწინ აქ შევარდნაძეები, მარიამიძეები, ნუკრაძეები და სხვები ცხოვრობდნენ. ნასოფლარის ისტორიულ ძეგლთა შორის აღსანიშნავია წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია (Xს.), ყოვალდწმინდის ადრე შუა საუკუნეების და ამავე პერიოდის ნაეკლესიარი.

KARIBCHEზონკრის ქვემოთ, ლიახვის მარჯვენა შენაკადის, ფორტნისას წყლის ხეობაში, მაღალი მთების კალთებზე პატარა სოფლები - ელტურა და ფოტნისა (ვახუშტის მიხედვით - ფორტნისა) მდებარეობს. ამ ადგილებში დაამარცხა შანშე ერისთავმა ირანელები XVII საუკუნის ბოლოს. ელტურაში უწინ მარიამიძეები და ჯირკვალიძეები ცხოვრობდნენ. ამჟამად რამდენიმე ოსური ოჯახია დარჩენილი. სოფელში დიდი ქვისგან გამოკვეთილი 3მ-მდე სიმაღლის ქვაჯვარია. ორივე სოფელში მრავლადაა ნამოსახლარები და გაურკვეველი ნაგებობის ნაშთები. ლიახვის მეორე შენაკადის მდინარე ღვრიას ხეობის ორივე მხარეს ერთიმეორის მიყოლებითაა პატარ-პატარა ულამაზესი სოფლები: ღვრია, შელეური, საბოლოკე, მიფარეთი, წიარა, უფრო ზევით ყლარსი, გერი, ცნობილი წმინდა გიორგის ტაძრით, ისროლისხევი, გუდისი. ღვრიაში (სოფელს მდინარის სახელი ჰქვია), მაღალ მთაზე ადრე შუა საუკუნეების ზურგიანი კოშკი და სამების ეკლესიაა კოშკით (XVII საუკუნე, შემორჩენილია ფრაგმენტები). ბოლო წლებამდე აქ რამდენიმე ოსური ოჯახი ცხოვრობდა. შელეურში გვიანდელი ხანის სათვალთვალო კოშკის ნანგრევებია. შემორჩენილია მისი სამხრეთი კედლის ნაწილი. მარალეთში გაურკვეველი ხანის ეკლესიის ნაშთებია. XVII-XVIII საუკუნეების ნაეკლესიარი და სადაზვერვო კოშკის ნაგრევებია ნასოფლარ მიფარეთში. ორივე ტოპონიმი ქართულია. ყლარსი ამჟამად ნასოფალრია, ტყეში XVII-XVIII საუკუნეების მიქელ-გაბრიელის ეკლესია და ციხე-კოშკია, რომელიც თითქმის დანგრეულია. ნასოფლარ ისროლისხევში სოფლის სასაფლაოზე მდებარეობს VIII-IX საუკუნეების მაცხოვრის ეკლესია, აგებული ხეობისთვის დამახასიათებელი ფლეთილი ქვით. ტაძარი მძიმედ დაზიანებულია. აქვეა გვიანი შუა საუკუნეების კოშკის ნანგრევები, ადრეული ხანის (VIII-IX ს.ს.) ღვთიშობლის სახელობის დარბაზული ეკლესია, რომლის ჩრდილო ნაწილში შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერის ფრაგმენტები. სამწუხაროდ, ძლიერი დაზიანების გამო ვერ იკითხება. ჩანს, ეკლესიას გალავანიც ჰქონია. ნასოფლარი გუდისი (ამ სახელწოდების სოფელი არის დიდი ლიახვის ხეობაშიც) ხეობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ადგილია. გასული საუკუნის ბოლოს იგი მცირედ იყო დასახლებული ოსებით. აქ სხვა ქართულ გვარებთან ერთად ადრე ბექიშვილებს უცხოვრიათ. მათი სალოცავი მთავარანგელოზი იყო. ისინი შემდეგ ქვემო სოფლებში გადმოსახლებულან და ჟუჟუნაშვილებად (ჟუჟნიაშვილებად) დაწერილან. ამ გვარის ერთი ნაწილი ომამდე დიდი და პატარა ლიახვის სოფლებში ქემერტსა და ერედვში ცხოვრობდნენ. გუდისში გვიანდელი შუა საუკუნეების კოშკის ნანგრევები, ნამონასტრალი (სავარაუდოდ მთავარანგელოზის) და უცნობი ნაგებობის ნაშთია, რომელიც მცენარეებითაა დაფარული.

პატარა ლიახვის მარცხენა მხარეს, დისევის აღმოსავლეთ მთიანეთში ორბოძალის მთის ძირში უძველესი ნასოფლარი (თუ ნაქალაქარი) ნაქალაქევია. იგი ქსნის ერისთავებს ეკუთვნოდათ. აქედან გადადიოდა გზა როგორც დიდი ლიახვის, ისე ქსნის ხეობაში. ნაქალაქევში იდგა მიქელ-გაბრიელის სახელობის ეკლესია. იგი დანგრეულია, არის სხვა ნაგებობების ნაშთებიც. მისი დღეობა - "მიქელგაბრიელობა" გაზაფხულობით იმართებოდა. ტაძრის ნანგრევების გარშემო ძველი საფლავის ქვებია. საინტერესო ეპიტაფიებში თავდგირიძეთა გვარი იკითხება. ჩანს, ძველად აქ თავდგირიძეებს უცხოვრიათ. დისევიდან 4 კილომეტრში, ნაქალაქევთან ახლოს ნასოფლარი ბერიჯვარია. სოფლის ძველ სასაფლაოზე შემორჩენილია დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. ტოპონიმი იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ ძველად აქ აქტიური საერო-სამონასტრო ცხოვრება მიმდინარეობდა. როგორც კონსტანტინე გამსახურდია წერს თავის ტეტრალოგიაში "დავით აღმაშენებელი", - ეს ადგილები ქართული ცხენოსანი ჯარის ერთ-ერთ საწვრთნელ-შესაკრებელ ადგილს წარმოადგენდა. ეს მიდამოები არქეოლოგიურად შეუსწავლელია. იგი ბევრი საინტერესო ცნობითა და აღმოჩენით გაამდიდრებდა ხეობის, ქვეყნის ისტორიას.
ბეჭდვა
1კ1