ლიახვის ხეობა
ლიახვის ხეობა
გუფთა
სოფელი გუფთა სოფლებს - სვერსა და მსხლებს შორის, მდინარე ლიახვის ორივე ნაპირზეა გაშლილი. უფრო ძველი ჩანს სოფლის მარცხენა ნაწილი. აქ, ერთ გორაკზე, მრგვალი ციხის ნანგრევებია, რომელზეც ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "სვერიდამ წარვლის მთა ტყიანი ჩრდილოეთ და სადაცა მოდრკების ლიახვი, მოდრკების მთა ესეცა, და წარივლის აღმოსავლეთით და მიადგების გერის მთასა, სვერის ხიდს ზევით ჩამოვარდების ითრაფულა დასავლეთიდამ და მიერთვის ლიახვს. ამას ზეით, გუფთას, არს ნაციხარი. გუფთას ზეით მოერთვის ლიახვს მდინარე ფაწა". ციხე შორიდან კლდეს წააგავს. აქვეა ჭა-დილეგი, რომელსაც ზემოდან ლოდი ფარავდა. ჩანს, მასში ტყვეს ან დიდ დამნაშავეს სვამდნენ - თოკით ან ჭოკით ჩაუშვებდნენ. ტუსაღს ზოგჯერ წყალს ჩაუსხამდნენ, რომელსაც პეშვს შეუშვერდა, თან პურს ჩაუგდებდნენ.

კლდოვან გორაკზე აშენებული გალავანი ძნელად მისადგომია. მას დასავლეთიდან დიდი ლიახვი ჩამოუდის, აღმოსავლეთიდან - კადას ხევი და ნახევარკუნძულს ჰგავს. გალავანს დასავლეთიდან ურდოიანი კარი აქვს. მოსახლეობის გადმოცემით, ამ საპყრობილეში თავად მაჩაბელს ქართველი ურჩი ყმა და დამნაშავე ხიზანი ოსიც ჩაუგდია.

უწინ ეს თამარის საყარაულო ყოფილა. ხალხური გადმოცემით, დედოფალი რომ გარდაიცვალა, წამოუღიათ 20 კუბო, ერთ-ერთში დედოფალი ესვენა. დამმარხველები ამ ციხეში ჩაკლესო. ეს ციხე-კოშკი XII საუკუნეზე გვიანდელი ჩანს. ამბობენ, თამარ მეფე გუფთიდან ჩასავლის (კვაისასთან) გზით რაჭაშიც გადადიოდაო.

გორაკის ერთ ფერდობზე, ტყეში, ტაძრის ნანგრევი და სასაფლაოა. ტაძრის აგებას თამარ მეფეს მიაწერენ. ნანგრევში 26 ძირი ბზის ხეა. ტაძრისთვის ოსებს გუფთაი ჟუარი შეურქმევიათ. მისი დღეობა აგვისტოს ერთ-ერთ კვირა დღეს აღინიშნებოდა.

ჯავა
ჯავის ხეობა ერთ-ერთი ულამაზესია საქართველოში, იგი ოდითგან ქართველებით იყო დასახლებული, რასაც ის ჰიდრონიმ-ტოპონიმებიც მოწმობს, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი. იგი დიდი ლიახვის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, ძველთაგანვე ცნობილია მინერალური წყლებითა და კურორტებით. ჯავის გარშემო დიდი ლიახვის მარცხნივ სხვადასხვა სოფლებია: ბუზალა (ამჟამად ნასოფლარია) - აქ ადრე ბუზალაძეები ცხოვრობდნენ, რომლებიც შემდეგ ოსური ეთნოსის მოძალების გამო ბარის სოფლებში ჩამოსახლდნენ. შემდეგ მოდიან დიდი და პატარა გუფთა, ითრაფისი, ზემო და ქვემო ყორსევი, მსხლები (ტოპონიმი ხილის სახელწოდებიდან მოდის), ნინია, ფაწა, სარო (ასეთი სახელწოდების სოფელი არის ჯავახეთში),საკირე, ტონტობეთი და სხვა. ჯავასა და მიმდებარე სოფლებში საკმაო რაოდენობის ისტორიული ძეგლებია, ჯავის თანდილაანთ უბანში (თანდილაშვილები ცხოვრობდნენ) დგას სათვალთვალო კოშკი. ასეთივე სტილის კოშკია ხუმისართაში და უგარდანთაში. სამწუხაროდ, ჟამთა სიავემ დავიწყებას მისცა ამ დასახლებათა ქართული სახელები. ჯავის მახლობლად შუა საუკუნეების დედაღვთისას გუმბათიანი ეკლესიაა, რომელსაც გვერდით სამრეკლო აქვს მიდგმული. ჯავაში არაერთი ქართველი სასულიერო პირი მოღვაწეობდა, ისინი ოსებს ქართული შრიფტით დაბეჭდილ სახარებას უკითხავდნენ, ასწავლიდნენ ქართულ ენას, ქრისტიანულ ზნე-ჩვეულებებს.

ხვწე
სოფელი ხვწე მდებარეობს გუფთა-ჯავის ზემოთ. ხვწე ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია ლიახვის ხეობაში, ხვწის ხევის შესართავთან და ცნობილია "სასუნებელი აბანოთი". ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს, რომ "ხვწის პირისპირ, ლიახვის გაღმა კიდურს არს მიწა სასუნებელი და უდის სუნი ფრიად ძნელი, არამედ ჰკურნებს ქარსა, სევდასა და ინთილას სუნებითა, გარნა მსუნებელი შებნდების სუნითა".

სოფელ ხვწის ხიდის მახლობლად სამი ღრმულია, ნაცრისფერი ტალახით სავსე. იქიდან ამოდის გოგირდმჟავას სუნი, რომელსაც ხალხი ნიშადურის სუნს უწოდებს. ხვწეში, დიდი ლიახვის მარცხენა ნაპირზე, ამოდის მინერალური წყალი, რომელიც განსხვავდება ჯავის წყლისაგან.

ჯავიდან ოდნავ ზემოთ, კლდის ძირში, მცირე დავაკებაა. აქ ერთ კლდეს მარიამის ჯვარს (ოსები მარიამ ჟუარს) უწოდებენ. წინათ მასთან შესაწირავი მიჰქონდათ და ვაჟიანობას შესთხოვდნენ. როცა ქალს ვაჟი შეეძინებოდა, ერთი ან ორი წლის შემდეგ მიდიოდა ძღვნით ამ კლდესთან და წმინდა მარიამს ევედრებოდა, - ეს გამიზარდეო. სოფლის სახელი სიტყვა "წვადან" უნდა მოდიოდეს აქ არსებული კირის საბადოების გამო.

ხვწის დასავლეთით, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყით დაფარულ მაღალ გორაკს მაცხოვარს უწოდებენ. მის მწვერვალზე მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ნანგრევებია. მაცხოვრის ტყიდან ხალხი ფიჩხის გატანასაც კი ერიდებოდა. ეკლესიის გზაზე ლოდი ძევს - დევის ქვა. გადმოცემით, როდესაც მაცხოვრის ეკლესიას აშენებდნენ, კედელში ჩასაშენებელი ერთი ქვა ვერ დაუძრავთ. დაუჭერიათ დევი და უბრძანებიათ, - ეს ლოდი მაცხოვრის მწვერვალზე აიტანეო. წაუღია დევს, გზაში შეუსვენებია, ლოდი ჩამოუღია მხრიდან და ზედ დამჯდარა. ქვის შუა ნაწილი ჩაზნექილა, მარჯვნივ და მარცხნივ ღარები ჩასდევს. პირველს დევის ნაჯდომს, მეორეს - ნამკლაურს ეძახიან. შემდეგ დევს ქვა იქვე დაუტოვებია და გაქცეულა.

სოფელ ხვწის მახლობლად, მთაზე, დიდი მუხა დგას. იმ ადგილს ვაშილას უწოდებენ. ის ზედა ხვწის სალოცავად ითვლებოდა, რაც, ჩვენი აზრით, ოსურ წარმართულ გადმონაშთზე მიუთითებს, - აღნიშნავს ზურაბ ოქროპირიძე.

ვაშილას მაღლა ძველი ქართული სალოცავია. მისი დღეობა აღდგომის სწორზე იმართებოდა. ქართველთა იქიდან აყრის შემდეგ ოსები თავისებურად იყენებდნენ ამ დღეს. თითოეულ ოსურ ოჯახს სამი ხაბიზგინა და ერთი ბოთლი არაყი მოჰქონდა, რადგან ღვინის კულტურა მათში არ იყო.

KARIBCHEსოფელ ხვწის ერთ-ერთ უბანში კოშკიც მდგარა. ვახუშტი ბატონიშვილი წერს, რომ გუგუთის ხევისა და ლიახვის შესართავს ზევით "აღაშენა ციხე მაჩაბელმა, შეუმუსრეს ურუმთა (თურქთა), რომელი იყო მაღალ კლდესა ზედა". ხვწის თავზე, კიმასის (ჭიმასი) გორაკზე პატარა ნიშისა და კოშკის ნანგრევებია.

ვანელი
ხვწიდან როკისკენ პირველი სოფელი ვანელია. იგი მდინარე ლიახვის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ქართველთა მიგრაციის შემდეგ აქ ძირითადად ოსები ცხოვრობენ. ვანელში ქართული კულტურის რამდენიმე საყურადღებო ძეგლია, რომელთაგან აღსანიშნავია ჯვრის ფორმის ქვის გუმბათიანი ეკლესია. აქვეა ციხე. სოფლის მთაზე სათვალთვალო კოშკი და ძველი ნასაყდრალია. სამწუხაროდ, ეს ძეგლები (და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ძეგლთა უმეტესობა) ე.წ. სამხრეთ ოსეთის კულტურულ მემკვიდრეობად გამოაცხადეს, - ამბობს ბადრი გასპაროვი. ცნობილი მეცნიერის იოსებ მეგრელიძისთვის, რომელმაც კარგად შეისწავლა ლიახვის ხეობის სიძველეები, ადგილობრივ ოსებს უამბიათ ლიახვის მარცხენა ნაპირზე არსებული კლდოვანი მთის შესახებ, რომელსაც ოსები ქუძ-აფარაბს (ძაღლსაგდებს) ეძახდნენ. თურმე აქედან ბებერ ძაღლებს და დამნაშავე ადამიანებს, რომელთაც უხუცესთა საბჭო ძაღლად აცხადებდა, ხელფეხშეკრულებს ყრიდნენ. ასეთივე სახელწოდების მთა ყოფილა სოფელ ქუშითაშიც.

კუსირეთი
კუსირეთიც ლიახვის ხეობის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია. ვახუშტი ბატონიშვილი იხსენიებს კუსირეთს "დიდი ლიახვისა და მით მრწყველი" ადგილების სახელწოდებებში. კუსირეთელები ბატონყმობის გადავარდნამდე ხვითელი თავადის თაქთაქიშვილის ყმები ყოფილან. აქ დღემდეა შემორჩენილი შუა საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. იგი ძლიერ იყო დაზიანებული. 1988-1989 წლებში ცხინვალის პედინსტიტუტის ქართველ სტუდენტთა (როლანდ ტეტუნაშვილი, ზურაბ ოქროპირიძე, გელა ნადიბაიძე, თემო ნიაური და სხვები) ინიციატივით და ძეგლთა დაცვის სამმართველოს მიერ დაიწყო მისი აღდგენა. მუშაობის დროს ნაპოვნი იქნა თიხის ფიალები, ღვინის დოქები და სხვა საინტერესო ნივთები. სამწუხაროდ, ცნობილი მოვლენების გამო მისი აღდგენა ბოლომდე ვერ მოხერხდა. ტაძრის გარშემო მუხნარია, ამ არემარეს აყვანას უწოდებენ.

KARIBCHEკუსირეთის ეკლესიის კარის თაღზე წარწერაა ამოტვიფრული: "ქრისტე, შეიწყალე თეკლა". ამ მხარეში იმ დროისთვის ცნობილი არიან ისტორიული პირები, რომლებსაც თეკლა ერქვათ. მაგალითად, გიორგი ჩორჩანელის და, გიორგი ათონელის და. მაგრამ ამ შემთხვევაში ის შეიძლება იყოს პირველმოწამე, რომლის შესახებ "რაჟდენ პირველმოწამის მარტვილობაში" ვკითხულობთ: "პირველმოწამეობითა ბრწყინავს და იხსენებისცა პირველმოწამე სტეფანე და კუალად მის თანა დედათა შორის წმიდაი თეკლა". აქვე დგას კოშკი. ადგილობრივ მცხოვრებთა გადმოცემით, კუსირეთელი მალხაზ ივანეს ძე თიგიევის (წინათ - თიგიშვილი) პაპა ზეკარის ქეშელთიდან (ჯავის რაიონი) კახეთში წასულა. იქ სამ წელიწადს დარჩენილა, მაგრამ ფეხი ვერ მოუკიდია, ცხინვალისთვის მიუშურებია და ქვემო ხვითელი თაქთაქიშვილისთვის უთხოვია, - შენს მიწაზე დამასახლე და გასარგებლებო (როგორც გვასარგებლეს მათმა შთამომავლებმა, კარგად დავინახეთ). ამ თავადს ეკუთვნოდა ნიქოზი, წუნარი, ზემო და ქვემო ხვითი და კუსირეთის ნაწილიც. დასახლებულა კუსირეთში და ბეგარას უხდიდა თავადს.

როკა
როკის ხეობას როკის წყალი ქმნის, რომელსაც ოსურად რუჭდონს უწოდებენ. იგი დიდი ლიახვის მარჯვენა შენაკადია. ქვემო როკაში ეკლესია დგას. 1872 წელს აქ მღვდლად ყოფილა ქართველი მოძღვარი მამა გრიგოლი. მას მშვენივრად სცოდნია ოსური ენა და ოსების ზნე-ჩვეულებანი. იგი დღენიადაგ ოსების მართლმადიდებლობაზე მოსაქცევად იბრძოდა. განსაკუთრებით უწუნებდა მათ ქურდობისადმი მიდრეკილებას. ეკლესიასთან ხეზე დიდი ზარია. მდინარის გაღმა, მაღალ გორაკზე, ძნელად მისადგომი, კედელჩამოშლილი სათვალთვალო კოშკი დგას. განსაკუთრებით ლამაზია მთებით შემოზღუდული ზემო როკა. წინათ აქ მოზრდილი ეკლესია მდგარა.

KARIBCHEზემო როკაშივე ექვსი "ზაფპაძ" ანუ ზაპაძ - ჩვეულებრივი ორსართულიანი აკლდამაა. თითოეული მათგანი კლდეში გამოკვეთილი ოთახია, რომელშიც მიცვალებულს შეასვენებდნენ (ოსები მიცვალებულს მიწაში არ მარხავდნენ). არსებობს ცნობა, რომ ასეთ აკლდამებს 200-300 წლის წინათ იყენებდნენ. მსგავსი აკლდამები ჩრდილოეთ ოსეთში და აფხაზეთშიც გვხვდება.

ზღუბირი - სბა-ჩელიათი
სბის წყლის და ლიახვის შესართავთან სოფელი ზღუბირია (იგივე ზღუბერი, ზღუდერი). ზღუბირში ჯვრის ფორმის ქვის თითქმის ისეთივე ეკლესიაა, როგორიც როკაში. ერთ-ერთი საფლავის ქვას ორი მხრით აწერია რუსულად, რომ არზრუმში 1917 წელს გარდაიცვალა ალექსანდრე შავლოხოვი, რომლის ნეშტი აქ დაუსაფლავებიათ. სოფელში ერთ გორაკზე ხის ნიშია, ორბოძიანი სამრეკლოთი, სადაც ორი პატარა და ერთი მოზრდილი ზარი კიდია. ერთი პატარა რუსული ზარი 1817 წლითაა დათარიღებული. აქვეა მოგრძო, ხისტარიანი დროშა, რომელზეც ოცამდე პატარა ზარი, ეჟვნები და ჯვრები კიდია. ერთ-ერთ ჯვარზე ქართული მხედრული წარწერაა: "სიზღვრინ ძუარ" - ოქროს ჯვარი, მაგრამ ოსებს ესმით, როგორც ოქროს ანგელოზი. სბის ეკლესიას ოსები სიზღვრინ ძუარს უწოდებდნენ. მის დღეობას 20 მაისს იხდიდნენ. ეს უძველესი ტრადიცია იქ მცხოვრები ძველი ქართველებისგან მოდის, ამ დღეობას ჰქვია სწორედ ოქროს ჯვრის აღმართვის დღე. ამ რელიგიურ დღესასწაულს დღესაც აღნიშნავენ კეხვში, ხიდისთავსა და ქართლის სხვა სოფლებში. დღეისათვის ნაქართველარი ადგილები - სბა, იგივე ჟბა, რომელიც ზანურად მზეს ნიშნავს, მეზობელი სოფელი ჩელიათი - XVIII ს-ში ჯერ კიდევ ქართული დასახლებები იყო, რასაც ადასტურებს ცნობილი გერმანელი მოგზაური გიულდენშტენდტი.

ნასაყდრალს ზემოთ, ხატის ტყეშიც ყოფილა ეკლესიის ნანგრევი, რომელსაც თამარ დედოფლის ჯვარს უწოდებენ. მოხუცები ამბობენ: ის ადგილი ისეთ სიწმინდედ მიგვაჩნდა, რომ იქ ქალი და ცოდვილი კაცი ვერ მიბედავდაო. ასეთს სოფელი დასჯიდა. ტყეში ნადირობა არ შეიძლებოდა. ხის არამც თუ მოჭრა, ხმელი ფიჩხის გამოტანაც აკრძალულია.

KARIBCHEსოფლის მთას კოზორს უწოდებენ, სოფლის ჩრდილოეთით მაღალ მთაზე სამების ეკლესიაა.

ედისი
ედისი, ვახუშტის მიხედვით, ვეძისი, ამჟამად ნასოფლარი, დიდი ლიახვის სათავესთან მდებარეობს. მას ქალაქსაც უწოდებენ. თურმე სოფელში, ცარცათის გორაზე მცხოვრები ოსები, ცარცათები ანუ ცარციათები (შარაშიათები) შავ ჭირს ამოუწყვეტია. გაუკაცრიელებული ადგილები სხვა ოსებს დაუკავებიათ.

ედისის ეკლესიას ქალაჩი-ძუარს - ქალაქის ჯვარს (საყდარს) უწოდებენ. აქ საფლავის გათხრის დროს უპოვიათ სამაჯური, მძივები და სხვა არქეოლოგიური ნივთები. პირველი მღვდელი ედისში დისეველი დავით ოქროპირიძე ყოფილა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ოსების არამართლმადიდებლურ და არაქრისტიანულ ქცევებს. მამა დავითი იქ ოჯახით ცხოვრობდა. სწორედ აქ დაიბადა დავითის ვაჟი, შემდგომში ქართული ეკლესიის ბურჯი წმინდა ალექსანდრე ეპისკოპოსი. ედისში ილია წინასწარმეტყველის სახელობის პატარა ეკლესიაცაა.

ერმანი
ერმანი ედისიდან ცოტა მოშორებითაა. იგი ვაკეზე გაშლილი ლამაზი სოფელია. ერმანი, XIII-XIV საუკუნეების "ძეგლი ერისთავთას" მიხედვით, მცირედ დასახლებული ყოფილა. სამხრეთით, გორაკზე ნიშია, იქვე, ბოძზე ზარი კიდია. კედელში სანთლების ალით გარუჯული ირმის რქებია შერჩენილი. ნიშშია პატარა ზარი, ვერცხლისა და სპილენძის რუსული ფული.

KARIBCHEმახლობლად, ქვის პატარა ნიშს ოსები ცგრღ-ძუარას უწოდებენ და მას 31 ივლისს დღესასწაულობდნენ. ერმანის სიძველეთაგან მნიშვნელოვანია ვერცხლის თხელი ჯვარი, რომლის ტარზე იკითხება: "კნ გიორგი რევაზის ძის ერისთავისაგან 1875 წელს".

გადმოცემით, ეს 1874 წელს გაკეთებული ჯვარი ქსნის ერისთავმა უბოძა თავის ქვეშევრდომთ ედის-ერმანელებს 1875 წელს. როგორც ჩანს, ედის-ერმანელებიც ქსნის ერისთავებს ემორჩილებოდნენ. იგი ედისის ეკლესიაში ინახებოდა, მაგრამ ტაძრის დანგრევის შემდეგ ერმანში გაუხიზნავთ. ეს ჯვარი ერისთავმა აჩუქა ყოფილ ყმებს მაშინ, როცა თავადს სოფელი აღაიანი მისცეს და შუა ერმანი გაათავისუფლა.

დგვრისი
სოფელ დგვრისის სიძველეებში გოცირიძეების ეკლესია მოიხსენიება. აქაურთა გადმოცემით, გიორგი გოცირიძე 7 წლის ვაჟით, სიმონით რაჭიდან გადმოსახლებულა სოფელ დგვრისში. მას შემდეგ გამრავლებულან გოცირიძეები. ცხინვალსა და მის მიდამოებში ჩამოსახლებულთა გვარებია: ბუგიანაშვილი, მაჩაიძე, ხიდაშელი, შერაზადაშვილი, კეკოშვილი, მეტრეველი, გოგიძე, ჯაფარიძე და სხვები. ცხინვალშივე გვხვდებიან მტკვრის ხეობიდან გადმოსახლებული ელიოზიშვილები.

ელიოზიშვილების კოშკი და ეკლესია 1943 წელს ჯერ კიდევ არსებობდა. ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისაა. დგვრისელ ელიოზიშვილებს აბიათრიანთებს უწოდებენ წინაპრის პატივსაცემად. ელიოზიშვილებს საგვარეულო სიგელ-გუჯრები, ერეკლეს ხელმოწერილი ქების სიგელი და სხვა დოკუმეტები, კაჟიანი თოფები და ძველებური ხანჯლები ჰქონიათ. ამ სოფელში უძველესი გვარია ელიოზიშვილი. მერე მოდიან მაჩაბლები, ყაზახაშვილები, დევიძეები, მეშვილდიშვილები, კვაღინიძეები, გიუნაშვილები, ჯაფარიძეები, ბურნაძეები, საღამაძეები, მინდიაშვილები, აბულაძეები, საძაგლიშვილები.

ელიოზიშვილების წმინდა ნიკოლოზის სახელობის კარის ეკლესიას სარკმლების ზემოთ ჯვარი ჰქონდა გამოსახული. წირვა-ლოცვა ამ ეკლესიაში აქაურებს არ ახსოვთ. ლოცულობდნენ სოფლის დიდ წითელ ეკლესიაში. მის ახლოს დგას ქვის ძველი მთავარანგელოზის ეკლესია.
ბეჭდვა
1კ1