სოფელი საკურთხეველი
სოფელი საკურთხეველი
საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, გურიაში, არის სოფელი საჭამიასერი, რომელიც ოთხ უბანს მოიცავს: ქვემო ხეთი, ჩომეთი, მამულარი და კალაგონი. აქ მოსახლეობა ადრიდანვე ყოფილა. ერთხელ გლეხებმა მუშაობისას მიწაში აღმოაჩინეს დოქი, რომელშიც კოლხური თეთრი იყო და იგი მუზეუმს გადასცეს. თემი საჭამიასერი ლუკა ხუნდაძეს დაუარსებია. ეს სოფელიც ისეთივე ლამაზია, როგორც თავად გურია.

ყველას მოეხსენება, თუ როგორ წარიმართა საქართველოს ბედი რუსეთთან შეერთების შემდეგ. ჯერ ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმდა, მერე - იმერეთის. სხვა სამთავროების გაუქმების ჯერიც დადგა. რუსეთის სინოდის მოხელეებმა მდინარეს გაატანეს ქართული ეკლესიის ყველა კანონი და დადგენილება, დაწვეს აურაცხელი საეკლესიო დოკუმენტი. რაც დარჩა, პეტროგრადში გადამალეს. 1819 წელს რუსებმა მოინდომეს იმერეთის, გურიისა და ოდიშის საეკლესიო აღწერა, რასაც წინ აღუდგა სამღვდელოება. აჯანყებამ იფეთქა ჯერ იმერეთში, მერე გურიაში. ჩვენს ეკლესიას წაართვეს ავტოკეფალია, მოსპეს ათეულობით ეპარქია, რომელთაგან ზოგი თხუთმეტი საუკუნის განმავლობაში არსებობდა. გაანადგურეს მრავალი მონასტერი, საეკლესიო მამულები ხაზინას გადასცეს, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II რუსეთში გაიწვიეს და ეკლესიის მართვა რუს ეგზარქოსებს ჩააბარეს. რუსეთის სინოდის ბრძანებით, აიკრძალა ქართულ ენაზე ღვთისმსახურება. გაიძარცვა გელათის, მცხეთის, ალავერდის, ბოდბის, ჯუმათის, ნინოწმინდის, შემოქმედის, მარტვილის მონასტრები. კომუნისტებმა ხომ ერთიანად მოუთავეს ხელი საქართველოს ეკლესიას. 1921 წელს ჩვენს ქვეყანაში 2000-მდე მოქმედი ეკლესია იყო, 1940 წლისთვის - 78.

გურიას სოციალ-დემოკრატიის აკვნად მოიხსენიებენ. XX საუკუნის 20-იან წლებში ამ კუთხეში განსაკუთრებით იმძლავრა ღვთის მგმობმა სულისკვეთებამ. უღმერთოთა კავშირიც კი არსებობდა, რომელსაც ,,საამაყოდ" მიაჩნდა ტაძრებისა და საეკლესიო სიწმინდეების განადგურება. საჭამიასერსა და მის მეზობელ სოფლებში არაერთი ეკლესია დაანგრიეს. ზოგიც გააუქმეს და მათ ადგილას ფერმები, კლუბები, კინოთეატრები დააარსეს.

XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, საქართველოში ეკლესიური ცხოვრების გამოცოცხლების კვალობაზე, სულიერი და კულტურული აღმშენებლობის პროცესი გურიაშიც დაიწყო. 1995 წელს წმინდა სინოდის დადგენილებით ბათუმ-შემოქმედის ეპარქია ორად გაიყო და შემოქმედელ მთავარეპისკოპოსად კათოლიკოს-პატრიარქმა გურიაში აღზრდილი ბერმონაზონი, მეუფე იოსები აკურთხა. ეპარქიაში დღეს 60-მდე მოქმედი და 30-მდე მშენებარე ეკლესია-მონასტერია. მეუფე იოსების თქმით, ,,როდესაც ჩვენი წინაპრები დიდი განსაცდელის შემდეგ კვლავ დაიწყებდნენ საქართველოს გაერთიანებასა და განმტკიცებას, უპირველეს ყოვლისა, ცდილობდნენ ეკლესიური ცხოვრების აღდგენას - ყველას კარგად ჰქონდა შეგნებული, რომ ღვთის მადლი და სულიერება გააერთიანებს და განამტკიცებს ერს... ფიზიკურად არსებული ტაძრების დანგრევით დავანგრიეთ ჩვენი შინაგანი სამყარო, სულიერი ტაძარი... როგორც უწმინდესი ბრძანებს: "ეს ცოდვა აწევს არა მარტო იმათ, რომელთაც უშუალოდ დაანგრიეს ტაძრები, არამედ ჩვენს ერს და ჩვენ უნდა მოვინანიოთ!"

ანგია წინასწარმეტყველის პირით ასე ამბობს უფალი: ,,დაუკვირდით თქვენს საქციელს, ადით მთაზე, აიტანეთ ხეტყე და ტაძარი ააშენეთ. მოვიწონებ ამას და დიდებით გამოვჩნდები". 2001 წლის 15 ივნისს სოფელ საჭამიასერში იკურთხა წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძრის საძირკველი. მეუფე იოსების თქმით, ტაძრის აშენება ყველაზე დიდი მოწყალებაა, რაც ადამიანს შეუძლია გაუკეთოს თავის ერსა და შთამომავლობას. ამ ეკლესიის მშენებლობაში მთელი საქართველო მონაწილეობს, განსაკუთრებით კი ადგილობრივი მკვიდრნი.

სოფლის სახელწოდებაზე გურულებს სხვადასხვა ვერსია აქვთ. ერთ-ერთი - ლეგენდას უკავშირდება: იმ სერზე, სადაც ახლა სოფლის ცენტრია, ნოყიერი საძოვრები ყოფილა. მგლების ხროვა თავს ესხმოდა ნახირს და იტაცებდა. ამიტომაც სოფლისთვის საჭამიასერი დაურქმევიათ. მეორე ვერსიით - შემაღლებულ ადგილას დიდი ცაცხვი მდგარა. ამ ცაცხვზე კიდებდნენ თურმე ბოხჩებში გამოკრულ საგზალს ამ მინდვრებში მომუშავე გლეხები და ამიტომაც დაურქმევიათ საჭამიასერი. პროფესორმა ფრიდონ სიხარულიძემ სანკტ-პეტერბურგის არქივში დაცულ დოკუმენტურ მასალას მიაგნო, რომლის მიხედვითაც ამ სოფლის ნამდვილი სახელწოდება საკურთხეველი აღმოჩნდა.

საეკლესიო ლიტურგიკის სწავლებით, დიდი მწუხრის ლოცვაზე, კმევისას, საკურთხეველი არის სიმბოლო სამოთხისა. ყველაფერი ნათელი გახდა: ქვემო ხეთისთვის, ჩომეთისთვის, მამულარისა და კალაგონისთვის ეს თემი ერთგვარი ცენტრია და მის გარშემო ისევე ერთიანდებიან, როგორც სამოთხიდან გამომავალი ოთხი მდინარე. ამიტომაც რჩეულობას მიდრეკილმა, მკაფიო სიტყვას ჩვეულმა, ღვთივგანბრძნობილმა გურულმა წინაპარმა ეს ადგილი ამ კუთხის ედემად აღიქვა და საკურთხეველი დაარქვა.
ბეჭდვა
1კ1