ხევი
ხევი
ხევში სტუმრობისას მოხევეებს ვკითხე, - როგორია აქაური კუთხის შვილის ბუნება-ხასიათი-მეთქი. მიპასუხეს, - მოხევეები პირდაპირები და ალალები, ადათ-წესების დამცველები და ქვეყნის მოყვარულები ვართ, გაბრაზებაც და სიხარულიც სახეზე გვატყვია. აქაურებმა თუ შეგიყვარეს, სამუდამოდ თავისად მიგიღებენო. ეს თავადაც ვნახე. როცა ხევში "კარიბჭის" სტუმრობა გაიგეს, მართლაც გაიხარეს. და თუ საკადრისად ვერ გადმოგეცით მოხევეთა წარსული და აწმყო, გულისწუხილი, მოგვიტევეთ, რადგან ჩვენც ერთი უბრალო ღვთისშვილთაგანი ვართ, რომელნიც ქვეყნის ჭირზედა ვსტირით. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, თუ არადა, უფალი ხომ ყველას გულისხმას უგდებს ყურს...

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მთელი ხევი ერთი დიდი მონასტერია... აქაურებს ეამაყებათ, რომ მოხევეები და შიოლა ღუდუშაურის შთამომავლები არიან. მაგალითად, ფირანა ღუდუშაურის შთამომავლები ფირანიშვილები არიან, ბარძუკასი - ბარძუკაშვილები, აქია ღუდუშაურისა - აქიაშვილები. ღუდუშაურის გვარიდან მოდიან ჯაბანაშვილები, სამუკაშვილები, გელაშვილები, ჯანუყაშვილები... ეს ყველაფერი სოფელ სნოს მკვიდრმა, სტეფანწმინდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომელმა ლია ფირანიშვილმა მიამბო. ეს მუზეუმი 1936 წელს დაარსდა. მისი პირველი დირექტორი ტიციან ტაბიძე იყო. აქ, სხვა ნივთებთან ერთად, ინახებოდა საეკლესიო დანიშნულების საგნები - ბარძიმები, ხატები და კიდევ მრავალი სიწმინდე, რომელიც სამი წლის წინ ხევის ეპისკოპოსს გადაეცა.

მუზეუმი ალექსანდრე ყაზბეგის სახლშია მოთავსებული. წინათ ამ შენობაში მხოლოდ ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმი იყო.

- როგორია თანამედროვე ხევის ცხოვრება? - ვკითხე ლიას.

- სამწუხაროდ, იცლება ხევი. ბევრი გადადის თბილისში საცხოვრებლად, თავის დროზე კავკავში წავიდა მოსახლეობა.

- როგორები არიან მოხევეები?

KARIBCHE
- ალალები და საკმაოდ გამბედავები, ვაჟკაცები, სამშობლოს მოყვარულნი. მუზეუმში ტიპური მოხევური სახლის ოთახი გვაქვს. აქ ჩანს მათი ბუნება-ხასიათი. დგას ორი სკამი: ერთი - ოჯახის უფროსი მამაკაცისა და მეორე - დიასახლისისა. ის იმდენად მოკრძალებულია, რომ ნათლად წარმოაჩენს ქალის მოკრძალებულ ადგილს. ადრე, როცა ოჯახში რძალი შედიოდა, მოკრძალების ნიშნად მამამთილს არ ელაპარაკებოდა. როცა საჭირო იყო, მიმართავდა მისი შვილის მამობით, მაგალითად, "ავთოს მამავ", "ავთოს დედავ"...

წინათ მოხევეები დიდ ოჯახებად ცხოვრობდნენ. 65 კაციც კი ცხოვრობდა ერთად, გაყოფა ნაკლებად ხდებოდა. ოჯახში ყველას თავისი ფუნქცია ჰქონდა. ქალი საოჯახო საქმეებს აკეთებდა. მამაკაცები უფრო ცხვარში მიდიოდნენ.

დღეს მოხევეებში თანდათან შეიცვალა წეს-ჩვეულებები.

აჩხოტი
ეს სოფელი პატარაა, მაგრამ გულიანი ხალხითაა დასახლებული. შუა სოფელში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი და მამათა მონასტერია. ეს პირველი მამათა მონასტერი იყო ხევში. ტაძრის და მონასტრის დაარსებამდე აქ კათოლიკოს-პატრიარქს ორსართულიანი სახლი აუშენეს. შემდეგ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით აქ მამათა მონასტერმა დაიდო ბინა და ტაძრის საძირკველიც აკურთხეს წმინდა ნიკოლოზის სახელზე. მონასტრის პირველი წინამძღვარი გახლდათ მამა ეფრემი, შემდეგ მამა გრიგოლი. სხვადასხვა დროს მსახურობდა მამა თევდორე. ამჟამინდელი ხევის ეპისკოპოსი, მეუფე იეგუდიელი აჩხოტის მამათა მონასტრის წინამძღვარი ბრძანდებოდა. 2003 წელს, როცა მეუფე იეგუდიელი ეპისკოპოსად გამოარჩიეს, მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს არქიმანდრიტი იაკობი (იაკობიშვილი). ტაძრის აშენებამდე მამები ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე, სამლოცველოში აღავლენდნენ წირვა-ლოცვას. 2006 წელს კი დასრულდა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა, რომლის ქტიტორია უწმინდესის ძმა, ბატონი ვიქტორ შიოლაშვილი.

მონასტერი თავისი ტიბიკონით ცხოვრობს, თავისი მეურნეობაც აქვს. მას შარშან მიემატა სამრეკლო. შენდება სენაკებიც. აჩხოტის მამათა მონასტერში დღეს ხუთი ბერი და ორი მორჩილი ცხოვრობს, რომელთაც წმინდა ნიკოლოზი შემწეობას არ აკლებს.

წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ღვთისმსახურებას დავესწარი. შემდეგ კი მრევლს გავესაუბრე. ეკატერინე ბედოევამ მითხრა: - აჩხოტში წინათ ქერი და ხორბალი მოჰყავდათ. ეს მამულები თურმე ყაზბეგიანთ ეკუთვნოდათ. მერე როცა საღუდუშაურო მოძლიერდა, ღუდუშაურებს მიაკუთვნეს. სოფელიც მაშინ გაშენდა.

ღვთის წყალობით, უწმინდესისა და მეუფე პეტრეს დიდი ღვაწლით ხევში სასულიერო ცხოვრება გამოცოცხლდა. აშენდა წმინდა ნიკოლოზის ტაძარი და რამდენიმე წელია უკვე აქ ვეზიარებით ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ერთადერთი, რაც ჩვენს სოფელს ამაგრებს და იცავს, წმინდა ნიკოლოზის ტაძარია.

KARIBCHEძალიან ცოტანი დავრჩით ხევში. აჩხოტში ძირითადად ბედოევები ცხოვრობენ (ჩვენი წინაპრები ცეცხლაძეები ყოფილან). პირველად აქ გოდერძიშვილები დასახლებულან, მერე - აქიაშვილები, ჯორჯიკაშვილები, მარსაგიშვილები და ყამარაულები. ცოტა მოგვიანებით - შიოლაშვილები.

ნანა ჯაფიაშვილი: - ძალიან მორწმუნე ხალხი ცხოვრობს აჩხოტში. მე აქაურების რძალი გახლავართ. ადრე მოხევეები უფრო ტრადიციებს მისდევდნენ. მერე თანდათან შეიცვალეს წესები და მართალი სარწმუნოების გზას დაადგნენ. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის მეუფე იეგუდიელს. ხევის ეპარქიის დაარსების შემდეგ ეპისკოპოსად გამოარჩიეს მეუფე პეტრე. მისი მოღვაწეობის პერიოდი მართლაცდა სულიერი ცხოვრების აღმშენებლობით გამოირჩეოდა. მამა იაკობი ღვთისგან გამორჩეული, საოცარი ადამიანია. გაგვიმართლა, ასეთი დიდებული სასულიერო პირების გვერდით რომ ვცხოვრობთ.

შარშან ზამთარში ერთი კვირა გზა არ გვქონდა და საქონლის საჭმელს მამა იაკობი გვიზიდავდა. ორი კვირა მეზობლები ერთმანეთს ვერ ვუკავშირებოდით. ლუკმაპური გვიჭირდა და მისი დახმარებით შვება ვიგრძენით. სოფელ კარკუჩის მოსახლეობას მამა იაკობმა უყიდა პურის ფქვილი, საჭმელი, ერთ ოჯახს - საქონელიც კი. ავადმყოფობს ხოლმე მოძღვარი, მაგრამ ჩვენ არასდროს ვივიწყებთ.

ნაირა როსტომაული: - სნოს ხეობაში შემავალ ხუთ სოფელს - აჩხოტს, სნოს, ახალციხეს, კარკუჩას, ჯუთას პატრონობდა მამა იაკობი. დიდთოვლობაში ფეხით დადიოდა და წირვა-ლოცვას აღასრულებდა. მრევლიც აგვიყოლია და ამ სოფლებში ფეხით დავდიოდით მსახურებაზე დასასწრებად. ღვთის წყალობით, უკვე მოგვიმრავლდნენ მღვდელ-მონაზვნები, რომლებსაც თავიანთი ტაძარი და სოფელი აბარიათ. მადლობა უწმინდესს ასეთი ღირსეული ღვთისმსახურებისთვის.

კარკუჩა
კარკუჩა პატარა სოფელია თავისი ტკივილითა და სევდით. სოფელს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მადლი იფარავს. ეს ტაძარი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით 2004 წელს გახსნილა. ქტიტორია ბატონი პავლე მარსაგიშვილი. თავიდან აქ მამა იაკობი წირავდა, დღეს მღვდელმონაზონი ანდრია (აბაიშვილი) მსახურობს.

კარკუჩელებმა თავი მოიყარეს და საუბარიც გაჩაღდა.

- წინათ სოფელში ასი კომლი ცხოვრობდა, - მეუბნება იორამ მარსაგიშვილი, - დიდად ძლიერი სოფელი იყო. ცხვარი ჰყავდა - 55-60 ათასამდე. კასპიისპირეთში აზამთრებინებდნენ ცხვარს. მერე მოვიდნენ კომუნისტები და ის ცხვარიც წაიყვანეს. ამჟამად ოცი კომლიც აღარაა სოფელში. ზვავსაშიში ადგილებია. სამღვდელოება რომ არ გვეხმარებოდეს, ვინაა ჩვენი მომხედავი.

მივდევთ ჩვენს ტრადიციებს. ქორწილი კარგი ვიცით და სტუმრის პატივისცემა. ვცდილობთ, მომავალ თაობას გადავცეთ ხევის ტრადიციები.

კარკუჩაში ორი გვარი - მარსაგიშვილები და ყამარაულები ცხოვრობენ. ერთმანეთის ჭირსა და ლხინს ვიზიარებთ, დანათესავებულები ვართ ერთმანეთთან. ყალალაზის წმინდა გიორგის სალოცავში ამაღლებას აღვნიშნავთ ხოლმე. წვერზეა აღმართული ღალანგურის წმინდა გივარგი, ნადარბაზევის წმინდა გიორგი, პირიმზის ფუძის ანგელოზი. ვიცით კვირაძალობა, გვაქვს ქვეშის წმინდა გიორგი, წმინდა ნიკოლოზის ახალაშენებული ტაძარი. ხევის სალოცავებში სულ დავდივართ ხოლმე. დღესასწაულებს არ ვაცდენთ და ვუქმობთ კიდეც.

კარკუჩაში ძალიან ლამაზი ხალხი ცხოვრობდა... ხომ გაგიგიათ სიმღერა - "კარკუჩით წამაიყვანეს ქალი ლამაზიო..." ნამუსიანი და ვაჟკაცი ხალხი იყო. ფილმში "ხევისბერი გოჩა" ეპიზოდური ჯონჯილაის როლის მაქვს ნათამაშები. დრო შეიცვალა. ძველი დრო ჯობდა. მაშინ სინდისი ჰქონდა ხალხს. უფროს-უმცროსობა იცოდნენ. ვისურვებდი, რომ ერთმანეთის გატანა და საქართველოში მშვიდობა გვქონდეს.

KARIBCHE- ხევში ქალის საქმე საქონლის, ოჯახის მოვლა-პატრონობაა. ხელსაქმითაც ვიქცევთ ხოლმე თავს. პირადად მე მატყლის დართვა შემიძლია. ცხვარი თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს, - მითხრა დეზდემონა მარსაგიშვილმა.

- ხევში ქალი და კაცი თანაბარია?


- ადრე ქალი კაცის გვერდით სუფრასთან ვერ დაჯდებოდა. დღეს ასე არ არის, მაგრამ ამით ქალმა სითამამე არ უნდა გამოიჩინოს. გათანაბრებული ბოლომდე მაინც არ არის, თუმცა დაჩაგრულადაც არ ვთვლით თავს. კარკუჩაში ქალები დღესაც ტრადიციებს მისდევენ.

- სკოლა თუ გაქვთ?

- აღარ გვაქვს. ჩვენი სოფლის ბავშვები ახალციხის სკოლაში დადიოდნენ. იქაც დაიხურა... ახალგაზრდების უმეტესობა ქალაქში გადავიდა. მადლობა ღმერთს, სტეფანწმინდაში გიმნაზია-პანსიონი გვაქვს და იქ სწავლობენ კარკუჩელებიც, ახალციხელებიც და სხვა სოფლების ბავშვებიც.

ზამთარ-ზაფხულ არავინაა ჩვენი მომხედავი, გარდა ეპარქიის სამღვდელოებისა. უწმინდესს დიდი მადლობა გვინდა შევუთვალოთ.

"ჯუთას ვიყავ, ხევსურეთსა"
ვინ არ მოუხიბლავს ჯუთის ულამაზეს ჭიუხებს, მატყლივით რომ ჩეჩავენ ღრუბლებს. მომხიბლავია ფერდობზე შეფენილი სოფელი. ღვთიური მადლი მიანიჭა სოფელს თავში ლოდზე 2001 წლის 7 აგვისტოს აღმართულმა ქვის ქათქათა ჯვარმა. 2002 წლის ჟურნალ "ომეგაში" ვკითხულობთ, რომ 1978 წელს ჯუთა მოინახულა ეპისკოპოსმა თადეოზმა (იორამაშვილი). აკურთხა სოფლის წყარო და ჩაატარა საყოველთაო ნათლობა. მაშინ მეუფე თადეოზს წესიც კი აუგია მიცვალებულებისთვის. მანამდე არც მიცვალებულის ქრისტიანული წესით გაპატიოსნება ყოფილა ხშირი შემთხვევა.

1983 წელს სოფელს უწმინდესი ეწვია და წმინდა გიორგის სალოცავს შესწირა წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის ჭედური ხატები და სანთელი.

ჯვრის აღმართვის იდეა ეკუთვნის სნოს სულიერებისა და კულტურის ცენტრის მოძღვარს მამა პეტრეს (ახლა უკვე მეუფე პეტრეა). ჯვარი აკურთხა მეუფე იობმა (აქიაშვილი). ჯვრის სიმაღლე 180სმ-მდეა. აქაურები 27 სექტემბერს აღნიშნავენ ჯვართამაღლების დღესასწაულს.

ორი ათეული წლის წინათ ყაზბეგის რაიონში ხევისბერების ორი სოფელი იყო - ჯუთა და ართხმო. ართხმოელმა წიკლაურებმა მიატოვეს მთა და ბარში ჩამოსახლდნენ. ართხმოს კინაღამ ჯუთაც გამოჰყვა. ამ სოფლის მკვიდრს შაბურა არაბულს მაშინ ძალიან აწუხებდა თანასოფლელების ჩამოსახლების სურვილი და წერდა:

"ყვავილი ეს რა ქარიშხალს აჰყვა,
სად მიდის ჩემი კარგი სოფელი..."


საბედნიეროდ, ჯუთელები მამა-პაპის მშვენიერ სანახებს შემორჩნენ, ოღონდ ცოტა შემცირებულნი.

KARIBCHE


ჯუთისკენ მიმავალს ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ცის კიდეზე მივყავდი უსწორმასწორო გზებს. ნადარბაზევიც გავიარეთ. მერცხლის ბუდესავითაა, ერთ ფერდზე დასახლებული. შესასვლელში დიდი წმინდა ჯვარია აღმართული. ჯუთაში ძირითადად არაბულები ცხოვრობენ. ადგილობრივებს სოფელში ტურისტები სჭარბობენ. თივითა და ნათიბებით აჭრელებულ ჯუთას ეტყობა, რომ კიდევ შემორჩენია მუშახელი. ერთი არაბულის გვარის ახალგაზრდა, თათუა არაბულის ოჯახისკენ გაგვიძღვა. შინ დიასახლისი დაგვიხვდა, ოჯახის უფროსი სამუშაოდ იყო მთაში. როგორ ცხოვრობთ-მეთქი, ვკითხე.

- ჯუთის სალოცავი გვიფარავს, დიდება მას. მეორე სალოცავიცაა. მესამე - ღალანგური, ჯუთა-ართხმოს სალოცავია. შარვნის წმინდა გიორგიც, თრეხისაიც - მაგრად ვწამულობთ, მაგრადა... აბა, რამ გვიშველა აქ...

KARIBCHE- რა გვარისა ბრძანდებით?

- ოჩიაური ვარ, თინა.

- როგორი სოფელია ჯუთა?

- კარგია, აბა, როგორ არა. ვინც კარგადაა, ღმერთმა კარგად ამყოფოს. მჭიდრო ცხოვრება და გაჭირვებაა. უნდა მოასწრო მოთიბვა, სხვა საქმეები, თორემ მერე თოვლი ჩამოწვება და ვერაფერს გავხდებით. მეუღლესაც აღარ აქვს შრომის უნარი. აღარც მე. 68 წელი გამიხდების ახლა. სულ შრომაში ვართ. შეშა არ გვაქვს, რომ შევუნთოთ და გავთბეთ. ვინ მოგვიტანს ჩვენ ბეჩავებს? ისეთი თოვლი და ზვავებია, რომ გარეთ ვერ გავა კაცი. შუქიც და გაზიც განა არაა, მაგრამ ფუჭდების ზამთარში.

- არავინაა თქვენი სოფლის გამკითხავი?

- არა... ვინ მოვა, აქ არავის უნდა. ოჯახის წევრებიც არავინ გვყავს. ცხენი გვყავს შებმული და თივას ვზიდავთ...

- სკოლა თუ გაქვთ?

- გვაქვს, მაგრამ ბევრი ბავშვი აღარაა, ვინც არის, აგერ, ხვიჩა მასწავლებელთან სწავლობენ.

- რას ეტყვით მთავრობას?

- რას ვეტყვით და, მადლობას, თუ ვინმე მოგვხედავს...

ნოშრევან არაბულს ვესტუმრეთ. ბატონი ნოშრევანი წლების წინ ჯუთაში დაწყებითი სკოლის პედაგოგი გახლდათ. პროფესიით ისტორიკოსია. სიამოვნებით საუბრობს თავისი სოფლის წარსულზე. აწმყოზე საუბარი კი სევდას გვრის. დიასახლისი ცხვრის ყველით, ცხელი პურებით და თაფლით გვიმასპინძლდება.

KARIBCHE- ჯუთა შედიოდა ბაცალიგოს თემში, - მიყვება ბატონი ნოშრევანი, - ბაცალიგო პირაქეთა ხევსურეთია, ბუდე ხევსურეთი. ხევში ხევსურეთის სამი სოფელი იყო - ჯუთა, ართხმო და მიგუდა. ამ სოფლებში გადმოსულები იყვნენ ასევე არხოტიდანაც. დაახლოებით XVI საუკუნის ბოლოს ჯუთაში მოსახლეობა ცხოვრობდა. ვფიქრობ, ჯუთა უფრო სათემო სახელწოდებაა. აქ იყო სოფლები: თრეხი, შარვანი, ბეკალდაგანი (რომელიც აკლდამების სახელს გულისხმობდა). ტრადიციული სამეურნეო დარგი იყო მესაქონლეობა. კავკავში მხოლოდ ნავთის და მარილის შესაძენად მიდიოდნენ. აქაურები ცხვარს ყიზლარში აძოვებდნენ.

დღეს მთაში ჭირს ცხოვრება...

მთავარი სალოცავი ჯუთის წმინდა გიორგია. პირველად ჩვენი წინაპარი, მარაისძე დასახლებულა ართხმოში. ზვავს მოუკლავს და ამავე სოფელშია დაკრძალული. მისი შთამომავლები ჯუთაში გადმოსულან. შესაძლოა ჯუთის წმინდა გიორგიზე ძველი იყოს თრეხის წმინდა გიორგი. ასევეა შარვნის წმინდა გიორგი. შარვანი წინათ სოფელი ყოფილა და, როგორც ჩანს, ქისტების შემოსევებს გაუნადგურებია.

ძველი ხევსურული ტრადიციები შემონახული გვაქვს. გამორჩეული მეტყველებაც კი შევინარჩუნეთ. სამწუხაროა, ხევსურეთი თვალსა და ხელს შუა იღუპება და კაცი არ არის პატრონი... ჩვენ გვინდა სოფლებში სკოლები იყოს, ლუკმაპური გვქონდეს.

ჯუთაში ნორმალური გზა რომ იყოს, ცხოვრება გაგვიადვილდებოდა. ახალგაზრდობას გული აღარ უჩერდება სოფლად. სკოლების დახურვამ სამუშაო ადგილების შემცირებაც გამოიწვია. სხვათა შორის, ჯუთა ერთ-ერთი მრავალშვილიანი სოფელია. შვიდბავშვიანმა ოჯახმა ვეღარ გაუძლო გაჭირვებას და ქალაქს გადასახლდა.

რაიონის ხელისუფალნი წელიწადში ერთხელ ხომ მაინც უნდა ამოვიდნენ. ზამთარში ავადმყოფები ვეღარ მიგვყავს საავადმყოფოში. უექიმობით ბევრი უბედურებაც გვჭირს. ზამთარში ჯუთა 10-12 ოჯახის ანაბარადაა. არ ვწუწუნებთ, რადგან გვაქვს ტელევიზია, სატელეფონო კავშირი. ჯუთა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოფელია - 2500 მეტრზე მდებარეობს და გასაკვირიც არაა ალბათ, თუ არავინ გვაკითხავს.

სოფელში სიცოცხლე უნდა ჩქეფდეს. თუ მოსახლეობა არ იცხოვრებს, ეს შეუძლებელი იქნება. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ჯუთაში ეკლესია იყოს. ჯუთელები მორწმუნეები არიან. პატარა ეკლესიაც რომ აგვიგონ, კარგი იქნება. რამდენიმე წლის წინ უწმინდესთან თხოვნით ვიყავით ჩასულები. ბრძანა ჯუთაში ფერისცვალების სახელობის ტაძრის აგება.

ჩვენც ველოდებით იმ დღეს... უტაძროდ აღარც კარგი ქრისტიანები ვართ და აღარც წარმართები. პირჯვრის გამოსახვაც ბევრმა არ იცის. თუ არავინ ასწავლა, საიდან ეცოდინებათ! ზოგი ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, რომ ეკლესიაში არც შესულა. დაახლოებით 30 წლის წინ ჯუთაში ამობრძანდა მეუფე თადეოზი და 70 ადამიანი მონათლა მდინარეში. მოსანათლი და საზიარებელი კიდევ ბევრია.

ჯუთელებს კარგი პატრონი გვჭირდება.

ბატონ ნოშრევანთან საუბრის ბოლოს დაპურებაც მოვასწარით. ვჩქარობდით, რადგან მწუხრის მოსვლამდე უკან დაბრუნება უნდა მოგვესწრო. მთაში ხომ ყველაზე ადრე ღამდება. ჭიუხებიდან კრძალვით მზირალი მთვარე გვინათებდა გზას...
ბეჭდვა
1კ1