ქვემო რაჭა
ქვემო რაჭა
ხოტევი
"კარიბჭის" მკითხველს ქვემო რაჭის, ამბროლაურის რაიონის ზოგიერთი სოფლის წარსულსა და აწმყოზე ვუამბობთ.
ხოტევი რაჭის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია. ის იხსენიება XI საუკუნის წერილობით ძეგლში - "ნიკორწმინდის დაწერილი" ("ნიკორწმინდის იადგარი"), რომელიც წარმოადგენს ნიკორწმინდის მონასტრის წინამძღვრის ანგარიშს და ცნობებს გვაწვდის იმ დროის რაჭის შესახებ.

მასში ვკითხულობთ: "ხოტევს ვიყიდე გაბოშისაგან მიწაი და მივეც ხარი და ზედა აგარას დავდგი სახლი სენაითა და ქუეშე ორითა ბოსლითა; დავდგი ბეღელი სადაგი დ ზედა ხერხული. ეფრემ შემოსწირა ყანაი ბეღელი ხოტევლისა სულისათვის".

ხოტევის სახელწოდების შესახებ ასეთი ლეგენდა არსებობს: თითქოს იმერეთის ერთ მეფეს გადმოუსახლებია აქ თავადი წულუკიძეები, რომელთაც ციხე აუშენებიათ. ციხის შენება დაუმთავრებიათ და გზად მეფესაც გაუვლია. ციხეში შესულა და თავადებისთვის უკითხავს, - ხო ტევიხართ ამ ციხეშიო. ამის შემდეგ დაურქმევიათ მისთვის ხოტევის ციხე. შემდეგ სახელი გავრცელებულა სოფელზე, რომელსაც ადრე ხევის უბანი რქმევია.

სოფელი ხოტევი ისტორიულად წულუკიძეთა სათავადოში - საწულუკოში შედიოდა.

წულუკიძეები საბუთებში პირველად XV საუკუნის შუა წლებში იხსენიებიან. როგორც ჩანს, მათ მამულები უფრო ადრე ჰქოდნათ რაჭაში. ერთ-ერთი საბუთის მიხედვით, ვირშელ წულუკიძეს გიორგი მეფისთვის 1451 წელს "გუარეულად ნაქონი" მამულის დაბრუნება უთხოვია. მეფეს შეუწყნარებია მისი თხოვნა და სოფელი იწა ვირშელისა და მისი მემკვიდრეებისთვის დაუბრუნებია. 1544 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III ნიკორწმინდის ეკლესიას სწირავს სოფელ ხოტევიდან 4 კომლ კობახიძეს და 1 კობახიძის პარტახტს. 1591 წელს გიორგი იმერთა მეფე ასევე ნიკორწმინდის ეკლესიას სწირავს ხოტეველ გლეხებს - ნონია დაჩიბერიძეს და გოგიჩა დაჩიბერიძეს.

XVII საუკუნის პირველ მეოთხედში იმერეთის მეფე გიორგი III-მ წულუკიძეები შერისხა. შერისხული პაატა წულუკიძე ოდიშს - ლევან II დადიანს შეეფარა და ძალიან დაწინაურდა კიდეც. წულუკიძეები შერისხული არიან ალექსანდრე III-ის დროსაც. მხოლოდ ალექსანდრეს მემკვიდრემ, ბაგრატ IV-მ შემოირიგა ისინი. ამ დროს მერაბ წულუკიძე იბრუნებს მამულებს რაჭაში. აგარის წმინდა გიორგის ეკლესიისთვის შეწირული ვერცხლის ფეშხუმის და ხოტევის მაცხოვრის ეკლესიის წარწერაში აღნიშნულია: "წმიდაო გიორგი, მხნეო და მხედარო აგარისაო, შემომიწირავს მე, წულუკიძეს მერაბს, ჩემთვის ჯერ სადღეგრძელოთა, მერმე სულის საოხათ ორი ფეშხუმი, ერთი კამარა, ერთი ვერცხლის კობზი, ორი ვერცხლის ნიტრა, ერთი სამდუღრავი და ერთ საზედაშე. მე დამიჭირავს წულუკიძეს მერაბს ჯინჭროლსა და იწროთას შუა გაღმა ჭრებალო და ზოგიში, მათს გარდაღმა ოკრიბა და ტუილბური და ძმა ნიკორწმინდლათ დამისვამს და მეორე ძმა კიდე ხოფს სოფლათ დამისვამს ნასუჯუნევს. ხორგას სასახლე მისი შემავლის კაციანათა და ხონი კიდე სულათა.

ამას გარეთ სხვა რაც მიქნია, ამაზე რომ დამეწერა, ხანგრძლივათ მოვიდოდა და ნიკორწმინდის ეს სასაფლაო ამიშენებია. ჩემს ამბავს ვინც წაიკითხავთ, იმაზე დამიწერია და იქ შეიტყობს. სხვა სამს წელიწადს ვიყავი ოდიშს, გურიას და იმერეთს.

სამი ბატონი ხელმწიფე გარდმეკიდა. ღვთით ვერა მაწყინარა. თან სვანზე რა გვარად გავიმარჯვე, ვინ იცის, ან სხვა მტერზე რა ვქენი. აწ უყურე მუხთალს სოფელს, თუ მისი ბეგარა არ მოშალოს. ვინ შენდობა ბრძანო (თქვენცა შეგინდოს ღმერთმა)".

წულუკიძეების რეზიდენცია ხოტევში იყო. აქვე იყო მათი კარის ეკლესია და საგვარეულო სასაფლაო. მათ მიწები ჰქონდათ აგრეთვე მიქარწმიდასა და ბუგეულს. საგვარეულო სასაფლაო - ნიკორწმინდაშიც. აგარის წმინდა გიორგის ეკლესიისთვის შეწირული ვერცხლის ფეშხუმის წარწერაში აღნიშნულია, რომ მერაბ წულუკიძეს ნიკორწმინდის სასაფლაო აუშენებია.

მამულების დაბრუნებისა და შემომატების შემდეგ მერაბ წულუკიძე სოფელ ხოტევის ცენტრში მაცხოვრის სახელზე აშენებს ეკლესიას.

თლილი ქვის უგუმბათო ტაძარი მოხატული ყოფილა. აკადემიკოს მარი ბროსეს აღწერის მიხედვით, ეკლესიაში ყოფილა მერაბ წულუკიძის, მისი ცოლის, ერისთავის ქალის მარეხის, დათუნა წულუკიძის, ლოლაძის ქალის პორტრეტები. ამ ფრესკების უფრო ვრცელ აღწერილობას იძლევა ექვთიმე თაყაიშვილი, რომელმაც 1919 წელს ნახა ეს ეკლესია უკვე "გაუქმებული და გავერანებული". იგი წერს: "ჩრდილოეთ კედელზე აღმოსავლეთით: წულუკიძე მერაბ, თანამეცხედრე მისი ჩიჯავაძის ქალი ანა. იქვე ახლოსაა ლოლაძის ქალი ელენე, მისი ქმრის დათუნა წულუკიძის ფრესკა სულ გაფუჭებულია. შემორჩენილია წარწერა: "მერაბის თანამეცხედრე. მისი ძე გიორგი. თანამეცხედრე მისი. ჩიქოვანის ქალი ნესტან-დარეჯან".

KARIBCHE

ხოტევის ციხე

ექვთიმე თაყაიშვილს 1919 წელს ხოტევის გავერანებულ ეკლესიაში უპოვია XV საუკუნის ზატიკი მინაწერით. იგი ხოტეველი მიქაელ ჭიჭინაძის საკუთრება ყოფილა.

ხოტევში არის მე-19 ს.-ის მთავარანგელოზის სახელობის გუმბათიანი და სამრეკლოიანი, საკმაოდ დიდი ზომის ეკლესია, ხოტეურას მარცხენა ნაპირზე დგას XVII საუკუნეში აგებული ციხე. ციხის გალავანი საკმაოდ კარგად არის შემონახული. გადმოცემით, ხოტევის ციხის ეზოში დიდი აუზი იყო, რომელშიც წყალი მილებით შემოდიოდა. აქვე ყოფილა ჩამარხული რამდენიმე ქვევრი. ციხის აღმშენებელს კარიბჭის თავზე ამოუკვეთავს ხელის მტევანი ინიციალებით - "ბ" და "გ". ხოტევის ციხე მტკიცე და ძნელად ასაღები ყოფილა, ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, XVIII საუკუნეში იმერეთის მეფე გიორგი VI განდგომილი რაჭის ერისთავის დასამორჩილებლად წასულა. წულუკიძე, იაშვილი და ჯაფარიძე ერისთავს მიმხრობიან, ვინაიდან იყო გიორგი წულუკიძე სიძე ერისთავისა. მეფემ "სცნა რა სიმტკიცე ხოტევისა, უკუმოიქცა და მოვიდა იმერეთს". ვახუშტის მიხედვით, ხოტევში "სახლობენ ურიანი ვაჭარნი და ვაჭრობენ". სოფელში შემორჩენილია ტოპონიმი "ურიანთკარი". ხოტევი ქვემო რაჭის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი იყო. ამიტომაც ცხოვრობდნენ აქ ვაჭრები. 1864 წელს ქუთაისის ჩრდილო კავკასიასთან დამაკავშირებელი ოსეთის სამხედრო გზის გაყვანასთან დაკავშირებით ნაქერალას უღელტეხილით მიმავალმა გზამ თანდათანობით დაკარგა ძველი მნიშვნელობა. ამის გამო ხოტევში მცხოვრები ებრაელი ვაჭრები აიყარნენ და დასახლდნენ იქ, სადაც უფრო სარფიანი ვაჭრობა გაჩაღდა - ონში.

ხოტევი დღეს ქვემო რაჭაში ერთ-ერთი გამორჩეული სოფელია. მოზამთრე რაჭველი მოსახლეობაც საკმაოდ მრავლადაა შემორჩენილი. აქ ძირითადად ცხოვრობენ: გოცირიძეები, ჭიჭინაძეები, გურგენიძეები, კობახიძეები, შარაბიძეები, ყურაშვილები, ავალიანები.

სხარტალი
ეს პატარა და მოხდენილი სოფელი ტყის პირასაა განფენილი.

სამწუხაროდ, სამანქანო გზა დრო-ჟამს შეულახავს... სოფელში ბატონ გივი კობახიძის ოჯახს ვესტუმრე.

ჩემს მასპინძელს სოფელში კარგი და განათლებული კაცის სახელით იცნობენ.

KARIBCHE

სხარტალი

საუბრის დაწყებამდე დიასახლისმა, კატუშა დეიდამ ცხელი თონის პურით და კეთილი გულით გვიმასპინძლა.

- რაჭა ჩემი სოფლით, სხარტლით მთავრდება. გარშემო გვაკრავს სოფლები: თლუღი, წკადისი, ველევი, ბეთლევი.

თურმე მტერს გამოქცეული მეფე სოლომონ I ჯერ სოფელ ხოტევის ციხეში გაჩერებულა ცოტა ხნით, შემდეგ სხარტალში ამოსულა. სოლომონ მეფის ჩაყრილი ქვევრები დღესაც არის შემორჩენილი. ერთი გერმანელი მოგზაური წერდა თავის მოგონებებში - მას თავისი თვალით უნახავს სოლომონ მეფის აგებული სასახლე და მარანი.

- წინათ ჭირდა ცხოვრება?

- აბა!.. მანქანა აქ ვერ ამოდიოდა. ხარით ამუშავებდნენ მიწას. დიდ ჯაფაში გაჰყავდათ დღეები. არ ულხინდათ, მაგრამ დღესასწაულები ქე იცოდნენ - ლოცულობდნენ კიდეც და კარგადაც მოილხენდნენ.

- რას დღესასწაულობდნენ?

- გიორგობას. ჩვენში წმინდა გიორგის ტაძარი იყო, ზემო სხარტალში. დღეს ნანგრევებადაა ქცეული. სხვა კარგ დღესასწაულებსაც აღვნიშნავდით - აღდგომას, შობას.

KARIBCHE- დასახლება თავიდანვე ამ ადგილას იყო?

- აქაურობა წინათ ჭირს მოუცავს. ამის გამო მთელი ტყე გადაუწვავთ. სოფელი მოშორებით, შემაღლებულ ადგილას დასახლებულა. დროთა განმავლობაში უწყლობით შეწუხებული კვლავ დაბლობზე ჩამოსახლებულა. ასე გაჩნდა ზემო და ქვემო სხარტალი. ზამთარში ქვევით ვრჩებით შვიდი ოჯახი, ზევით - ერთი.

წინათ ჩვენს სოფელში 30 ოჯახი ცხოვრობდა. ზემო სხარტალში - უფრო მეტი. ახლა პირიქითაა.

ძირითადად კობახიძეები ვართ. მხოლოდ ერთი ოჯახია კობერიძის, ნეფარიძის.

- ზემო სხარტლის ეკლესიაზე რა იცით?

- პატარა ზომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი გვქონდა. ზარიც ამშვენებდა. ბუნდოვნად მახსოვს ჩვენი ტაძარი. კომუნისტებმა დაანგრიეს და ფერმა ააშენეს.

ტაძრის დღესასწაულს, გიორგობას მთელი სოფელი აღვნიშნავთ. ავდივართ ნასაყდრალზე, ვანთებთ სანთლებს და ვლოცულობთ. კომუნისტებმა ხალხს რწმენა დააკარგვინეს. პარტიაში რომ არ შესულიყავი, სამსახურს ვერ იშოვიდი. თუ პარტიული გახდებოდი, რწმენაზე ხელი უნდა აგეღო. კიდევ კარგი, რომ ახლა ნელ-ნელა მოდის ხალხი გონს.

პარტიის წევრი კი ვიყავი, მაგრამ გულში ღვთის რწმენა ყოველთვის მქონდა. ჩემნაირი ბევრი იყო... ძალიან მორწმუნე ბებია მყავდა. მაშინდელ წყობას არ უშინდებოდა და თავის შეხედულებას საქვეყნოდ ამბობდა. ბებიაჩემი, ტურფა ენუქიძე, სოფელ წკადისიდან რომ გამოთხოვილა, მზითევში ტყე მოჰყოლია. მას შემდეგ ამ ტყეს "ტურფას ტყეს" ეძახიან.

ხშირად ვიხსენებთ ძველ და ახალ ამბებს. განსაკუთრებით ბავშვობის დროინდელ სხარტალს. ნამეტანი კარგი იყო მაშინ ჩვენი სოფელი. ახალგაზრდებიც ბევრი ვიყავით. იყო პურმარილობა, მოლხენა, სიმღერები, ცეკვები. სკოლაში მეზობელ სოფელ წკადისში დავდიოდით - ორი კლასი იქ დავამთავრე. მერე სამეგრელოში წავედი ბიძასთან. სულ მალე თანდათან დაიცალა სოფელი და წკადისშიც გაუქმდა სკოლა.

ჩვენს წინაპრებს უმეტესად ერთ-ორკლასიანი განათლება ჰქონდათ მიღებული. ვისაც სწავლის საშუალება ჰქონდა და ნაკლებად ზარმაცი იყო, ამბროლაურში ჩადიოდნენ და განათლებას იღებდნენ. დღეს კი ქალაქში განათლების მისაღებად წასული ახალგაზრდობა უკან აღარ ბრუნდება - აქანა ყანაში არ იმუშავებს... სხვა სამსახური კი სოფელში, სამწუხაროდ, არ გვაქვს.

- როგორი კაცის ხელი სჭირდება სოფელს?

- მშრომელი კაცის. თუ ამუშავდება მცირე ბიზნესი, წარმოებები, დახმარებაც თუ იქნება, შეიძლება ქე დაბრუნდნენ ახალგაზრდებიც. ჩემს შვილს რა უნდა მოსკოვში? საშუალება რომ ჰქონდეს, ჩამოვიდოდა სხარტალში და ფერმას მაინც გააკეთებდა. ამ ყველაფერს თანხა სჭირდება. მეორე შვილს რომ გაუჭირდა, პორტუგალიაში წავიდა სამუშაოდ. ვეღარ გაუძლო იქაურობას და დაბრუნდა. ახლა ქუთაისში ცხოვრობს.

სოფელს ყოველთვის უჭირდა. უწინ მეტი ხალხი ცხოვრობდა და ერთმანეთს ეხმარებოდნენ ჭირსა და ლხინში. დღეს მოხუცებულებიღა დავრჩით და გვიჭირს თავის გატანა. ტყესთან ახლოს ვცხოვრობთ, მაგრამ შეშა არ გვაქვს. უნებართვოდ ფიჩხის გამოტანის უფლებას არ გვაძლევენ. სად არის სამართალი? მოგვცეს ვაუჩერები - 5 კუბური მეტრის მოჭრა შეგვიძლია. მოხუცები მოვჭრით? ძლივს დევიარებით ფეხზე. ამაში უნდა გვეხმარებოდეს მთავრობა. საზამთრო შეშაში 500 ლარს ვიხდით... თუ შეშას არ მოვიტანთ, ზამთარში სიცივით და შიმშილით დავიხოცებით. ამ ზამთარს როგორ გადავიტანთ, არ ვიცი. როგორ მივატოვო აქაურობა... უსაშველო ჩემს მტერს გოუჩნდა. რაღაც საშველი ალბათ გაგვიჩნდება.

- რითი ცხოვრობთ?

- ორ მოხუცს პენსიით გაგვაქვს თავი. პურის ფქვილს, ხანდახან მაკარონს და შაქარს ვყიდულობთ ხოლმე. ლობიო გვაქვს დათესილი. თუ ავიღეთ, მოვიხარშავთ... კიდო კარგი, ძროხა რომ მყავს, თორემ რა გვეშველებოდა...

- ახსენეთ, მასწავლებლად ვმუშაობდიო...

- კი, სოფელ ველევში ვასწავლიდი ბავშვებს ისტორიას. უმაღლესი პედაგოგიური განათლება ქუთაისში მივიღე. მერე სხარტალში ჩამოვედი. ამ დროს ველევში პედაგოგების ნაკლებობა იყო და იქ გამგზავნეს. ცოტა ხანს წკადისში აბელ ენუქიძის სახლ-მუზეუმის დირექტორიც ვიყავი. მერე ასაკმაც მომიწია და ჩემს ოჯახთან ვარჩიე ყოფნა.

ღმერთს ვთხოვ ჩვენი სოფლის გაძლიერებას. შეიქმნას ისეთი პირობები, რომ ახალგაზრდები კვლავ დაუბრუნდნენ მამა-პაპისეულ ფუძეს.

***
გივი კობახიძის ოჯახს ერთი ქალბატონი ესტუმრა. ქალბატონი ნანული ჯელაძე, წარმოშობით ურაველი. მეუღლე სხარტლელია. ცხოვრების მეტი ნაწილი ოჯახს აფხაზეთში გაუტარებია. დღეს ცხოვრებამ იძულებით სხვა ადგილას დააფუძნა. როცა გაიგო, ჟურნალ "კარიბჭიდან" რომ ვიყავი, მითხრა, თითქმის ყველა ნომერი მაქვსო.

- წლების წინ ჩვენი სოფლიდან გადაასახლეს ოჯახები სოხუმში, სოფელ ოდიშში, ბერძნების ნასახლარზე. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა აფხაზებთან. ზოგიერთი ახლაც მენატრება. აფხაზეთის ომის დროს შვიდი თვე ტყვეობაში აღმოვჩდი გუმისთაში. სოჭის მხარეს ვერ გადავდიოდით. ახლა თბილისში ბაგა-ბაღში ვცხოვრობთ. ზაფხულობით აქეთ ვართ. სოფელი კარგია, მთავარია, იშრომო და მოსავალი ყველგან მოდის. სხვის სახლში ვცხოვრობ, მაგრამ არ ვწუწუნებ. ოღონდ მომავალ თაობას ჰქონდეს ბედნიერი ცხოვრება და ჩემს თავს ვინღა ჩივის.

წკადისი
სხარტლიდან გეზი მე და ჩემმა ბიძაშვილმა, ივანემ სოფელ წკადისისკენ ავიღეთ. გზა საკმაოდ გრძელი და ტყიანი იყო. ცა საწვიმრად ემზადებოდა.

KARIBCHE

წკადისის წმინდა გიორგის ტაძარი

როგორც კი წკადისში შევაბიჯეთ, თვალში პატარა ეკლესია მოგვხვდა. კარი დაკეტილი იყო, მაგრამ გარედან მოლოცვა შევძელით. უთუოდ წმინდა გიორგის სახელზე იქნება აშენებული-მეთქი, - ვიფიქრე გულში. რაჭაში ტაძრების უმეტესობა წმინდა გიორგის სახელის სადიდებელია. დაღმართი ჩავიარეთ და ბატონი ლეო ენუქიძის ოჯახს კითხვა-კითხვით მივადექით. წკადისში ზაფხულობით ხალხმრავლობაა, ზამთარში მხოლოდ ერთი ოჯახი რჩება.

KARIBCHEლეო ბიძიას გაუხარდა ჩვენი სტუმრობა.

- ადრე აქ 70 კომლი ცხოვრობდა. დღეს მისი ნახევარიც აღარ არის, - გვეუბნება მასპინძელი, - მდიდარ სოფლად იყო ცნობილი, ჭიათურიდან სადმელამდე მიწები წკადისს ეკუთვნოდა. დღეს მიწებს ვინღა დაამუშავებს! აქ ძირითადად ენუქიძეები, კობახიძეები, კიკვიძეები ცხოვრობენ, ყველანი ერთმანეთის ახლობლები ვართ. ძალიან გვიყვარს აქაურებს ჩვენი სოფელი. თლუღიც ხომ კარგი სოფელია, მაგრამ წკადისის მსგავსი რაჭაში არაა.

წკადისზე ბევრი რამ გვიამბო ქალბატონმა ნათელა ენუქიძემ. წინათ ეს ქალბატონი სოფელში კულტურის სახლს უძღვებოდა:

- წკადისი რაჭაში გამორჩეული სოფელი იყო.

ადრე სოფელს ბატონიც ჰყავდა - ყაფლან ლეჟავა. მისმა შთამომავალმა შამშე ლეჟავამ წკადისში სამკურნალო გოგირდის აბანო ააშენა. აბანო "მიღობლაშეს" სახელითაა ცნობილი. კურორტი შოვიც შამშე ლეჟავას დამსახურებაა.

ადრე წკადისში დაწყებითი სკოლაც გვქონდა, ბიბლიოთეკაც, კლუბიც. თითქმის 30 წელი ვხელმძღვანელობდი ამ ყველაფერს. მიწისძვრის შემდეგ უკვე აღარაფერი არსებობს. უყურადღებოდ ვართ დარჩენილები. გზაც არ გვივარგა...

KARIBCHEსოფელში ორი ეკლესია გვაქვს. ორივე წმინდა გიორგის სახელობისაა. ერთი მოქმედია. ექიმ ზურაბ ენუქიძის შემწეობით აშენდა. ყოველ გიორგობას ვდღესასწაულობთ. მივდივართ ტაძარში, სანთლებს ვანთებთ. ტაძრის გასაღები მე მაბარია. შეძლებისდაგვარად ვუვლი ტაძარს. ადრე მოძღვარიც გვყავდა. მისი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ ჩვენში.

მოძღვრის შთამომავალი
ქალბატონი ნათელას დახმარებით წკადისის წმინდა გიორგის ტაძრის მოძღვრის შთამომავლის, ქალბატონ ვენერა ენუქიძის სანახავად წავედი. ასაკოვანი ქალბატონი ზაფხულობით წკადისში ისვენებს, მერე თბილისში მიდის. წლების განმავლობაში სახელმწიფო ტელევიზიაში მუშაობდა ბუღალტრად.

- წკადისში დავიბადე და გავიზარდე. უკვე 88 წლის ვხდები, - მიყვება ქალბატონი ვენერა, - საშუალო სკოლაც რაჭაში დავამთავრე. მამაჩემი მასწავლებელი იყო. საკმაოდ ხელმოკლედ ვცხოვრობდით. ბაბუაც და ბიძაც სასულიერო პირები იყვნენ. ბიძაჩემი, მამა ვიქტორი სოფელ ველევის წმინდა სამების ტაძარში წირავდა, ბაბუა, მამა იოსები სოფელ თელეთში, ჭელიაღელეში, ველევში და სხვა სოფლებშიც მსახურობდა.

ბაბუა წირვა-ლოცვაზე სოფლებში ჯორით დადიოდა ხოლმე. ფიზიკურადაც ბევრს შრომობდა. ღვთისმსახურების შემდეგ ვენახს უვლიდა. ყოველი დღე ჩვენს ოჯახში ლოცვით იწყებოდა და მთავრდებოდა. მახსოვს სალოცავ კუთხესთან მდგარი ბაბუა. მისი გარდაცვალების შემდეგ დედამ მისი ყველა ნივთი ეკლესიაში დააბრძანა. ბებია მესხის ქალი მყავდა. მისი ძმა, ალექსანდრეც მოძღვარი იყო სოფელ კორტში. კარგად მახსოვს, ბავშვობაში რომ შეიკრიბებოდნენ ჩვენთან სასულიერო პირები. ხმამაღალი სიტყვა არ გასულა ჩვენი ოჯახიდან. ბაბუისგან მუდამ თბილი და მშვიდი დამოკიდებულება მახსოვს.

სადილად ისე არ დავსხდებოდით, ლოცვა რომ არ წაეკითხა ბაბუას. ბავშვებს მოყვასისა და ღვთის სიყვარულს გვიქადაგებდა. ღვთისმსახურებაზე დასასწრებადაც ხშირად თან დავყვებოდით. ბაბუა 84 წლისა გარდაიცვალა.

უბნები
- ჩვენს უბანს, ენუქიძეები სადაც ცხოვრობენ, ხუციშვილების უბანს ეძახიან (რახან ხუცესი გვყავდა გვარში), არის ვახტანგიშვილების უბანი, ქონიაშვილების, ნანიტაშვილების, გოგიტაშვილების. ეს უბნები სახელებიდან გამომდინარეობს, - მითხრა ქალბატონმა ვენერამ. საუბრის ბოლოს სიკეთე და სიყვარული გვისურვა.

ცოტა ხანში ზამთარიც ჩამოდგება და აქაური სოფლების ბევრი სახლის კარი მომავალ ზაფხულამდე გამოიკეტება. აბა თქვენ იცით, რაჭველებო, მომავალ ზაფხულამდე!
ბეჭდვა
1კ1