წესი
წესი
რიონის ხეობაში, ონის გზას რომ დაადგები, თვალს გტაცებს ხიდიკარის მაღალი კლდეები. ხიდიკარის კლდეკარით მამისონის ზეკარისკენ მიდიხარ და მერე შემოგანათებს ტყიანი მთების გალავანში ჩამჯდარი სოფელი და შუაგულში თეთრი კელაპტარივით ანთებული ბარაკონის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი. მთის თხემზე აზიდული ციხესიმაგრე ამაყად გადმოსცქერის სოფელს. იქვეა პიტალო კლდეში გამოკვეთილი სკოდორის სათვალთვალო კლდეკარი. ხიდიკარიდან სკოდორამდე ოთხკილომეტრიანი გზა რიონის მარჯვენა ნაპირს გასდევს. ეს სოფელ წესის მიწა-წყალია. უძველესი ციხე და ბარაკონის ტაძარი - ორი მდინარის - ლუხუნისა და რიონის ხერთვისში დგას. ლუხუნი რიონს ერთვის, რიონი - შავ ზღვას.

რამდენიმე წელია, რაც ახლომახლო სოფლების მკვიდრნი ბარაკონის ტაძარში ღვთის სიტყვას ეზიარებიან. ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ დავით გეგეშიძის წყალობით, ბევრი დაადგა საღვთო გზას. როგორც აქაურები ამბობენ, ეკლესიური ცხოვრება მათ უფრო უადვილებთ ამქვეყნიურ ცხოვრებას.

"კარიბჭის" მკითხველისთვის, ვფიქრობ, საგულისხმო უნდა იყოს ამ სოფლის მხცოვანი მკვიდრის, როსტომ ნატმელაძის ნაამბობი. ბატონი როსტომი წინათ წესის კოლმეურნეობის თავმჯდომარე ყოფილა. სოფლის სიყვარულს პატარა წიგნიც დაუწერინებია - "ბარაკონის მიწა-წყალზე". ბატონი როსტომი საუბარს ასე იწყებს:

- მე რომ მკითხონ, რამდენი ხნისაა შენი სოფელიო, მივუგებდი: ძალიან ძველიც არის და ძალიან ახალიც-მეთქი, იმდენი ხნისა, რა ხნისაც არის ქართველი კაცი. იგი დაიბადა მაშინ, როცა ქართველმა ვაჟკაცმა უსიერ ტყეში კაჟიანი ქვით პირველად მოკლა ნადირი, ვაზის უზარმაზარ ხეზე ჩამოკრიფა ძღვამბლი - ველური ყურძენი, ქვის ქვაბში დაწურა და დაადუღა ღვინოდ, გაკაფა ახო, მიწა მოჩიჩქნა და შიგ ხორბლის მარცვალი ჩათესა.

შეუძლებელია, ვინმემ რაჭის ისტორიაზე რამე თქვას და ბარაკონი არ ახსენოს. წესი იყო რაჭის უძველესი ცენტრი, აქ იდგა რაჭის ერისთავთერისთავის სასახლე. ამიტომ, ბუნებრივია, რაჭის ისტორია და ბარაკონის შემოგარენი ერთმანეთზე მჭიდროდ არის გადაბმული.

ლეგენდა მოგვითხრობს
თამარ მეფის მამამძუძეს, კახაბერ ერისთავს ჰყავდა ულამაზესი ასული მზია. იგი ციხისთავ დათუნა გოცირიძეს მოსწონდა. დათუნა მამაცი ვაჟკაცი იყო. ბრძოლაში ბადალი არ ჰყავდა. მკლავი მაგარი ჰქონდა და ხმალიც კარგად უჭრიდა. ყველა სიკეთით შემკული ვაჟკაცი უგვარო იყო და დიდგვაროვანნი მას ქედმაღლურად უყურებდნენ.

ერისთავის მეუღლემ თავისი ქალიშვილისა და უგვარო ვაჟკაცის სიყვარულის ამბავი შეიტყო, მაგრამ კახაბერს ვერ გაუმხილა და რჩევისთვის ბარათი თამარ მეფეს გაუგზავნა, - როგორ მოვიქცეო.

თამარმა შამქორის ბრძოლა გადაიხადა და მამობილს ეწვია. კახაბერი შვილობილს დიდი პატივით დახვდა, სანადიმო სუფრა გაუშალა.

თამარს ახლდნენ წარჩინებული კარისკაცნი და მწერლები: შოთა რუსთაველი, სარგის თმოგველი, იოანე შავთელი და გრიგოლ ჩახრუხაძე.

ნადიმს მზია და დათუნაც ემსახურებოდნენ. თამარი მათ თვალყურს ადევნებდა და გულში გაივლო - ფერი ფერს და მადლი ღმერთსო. კახაბერს სიტყვა გადაუკრა, - ეტყობა, ერთმანეთი უყვართო. კახაბერმა წარბი შეიკრა, მეფეს კი არაფერი ჰკითხა. თამარი მიხვდა მამობილის წუხილის მიზეზს და მეფური ბრძანებით როდი მოითხოვა ქალ-ვაჟის შეუღლება, სტუმრებს და მასპინძლებს საჭოჭმანო კითხვა დაუსვა: მითხარით, ამქვეყნად ადამიანის ღირსებას რა განსაზღვრავს, მისი გვარიშვილობა თუ კაიკაცობაო.

მხცოვანმა მგოსანმა სარგის თმოგველმა დიდ გვარს შეასხა ხოტბა. თმოგველს მხარი დაუჭირეს შავთელმა და ჩახრუხაძემ - უგვარო კაცი და მცოცავი ჭია ერთიაო. წარჩინებულმა კარისკაცებმაც კვერი დაუკრეს, ერთმა დიდებულმა თქვა: როგორც მზე ანათებს ქვეყნიერებას და მისი სხივებით სულდგმულობს ყოველი არსი, ასევე კაციც მხოლოდ გვარიშვილობით ფასდებაო. შესაძლოა, ვარდი ნეხვზეც ამოვიდეს, მაგრამ სუნი მაინც ნეხვის ექნებაო.

გამგუნებულმა დედოფალმა შოთა რუსთაველს გადახედა - რას იტყვიო. შოთა მოკრძალებით წამოდგა წინ და დინჯად დაიწყო:

"ფილოსოფოსნი შემოკრბნენ,
შეიქმნა აზრთა ცილობა,
ბატონი ყმასა ასაქმებს
და ჭკუას - გამოცდილობა.
ათასად გვარი დაფასდა,
ათი ათასად - ზრდილობა,
თუ კაცი თვითონ არ ვარგა,
რას არგებს გვარიშვილობა?"


მეფემ მოიხმო მდივანი და ასეთი სიგელი დააწერინა: "მე, მეფე თამარი, მპყრობელი სრულიად საქართველოისა, შამისა, ტრაპიზონისა და მრავალთა სხვათა, ვბრძანებ: დათუნა გოცირიძეს ებოძოს თავადიშვილობა, ყმა და მამული".

- ახლა რაღას იტყვი? - ჰკითხა მამობილს, - არც ახლა მისცემ შენს ასულს თავად დათუნა გოცირიძეს?

კახაბერმა მოწიწებით დაუკრა თავი: - თუ დათუნა გოცირიძე ჩემს ასულს შეირთავს, ღვთის წყალობა და დიდი ბედნიერება იქნებაო.

ნადიმის სუფრა ქორწილის სუფრად იქცა.

ამას ლეგენდად მოგვითხრობენ, მაგრამ რატომ არ შეიძლება, მეფე მამობილს ბარაკონის სასახლეში სწვეოდა და თან შოთა რუსთაველიც ხლებოდა?

ამ მიწა-წყალს არა მარტო თამარ დედოფლის სტუმრობა ახსოვს, მან თვითონაც გაუზარდა საქართველოს დედოფალი. კახაბერისძეთა სახლის შვილი იყო გვანცა, ლაშა-გიორგის ძის, მეფე დავით ულუს მეუღლე. როცა დავით ულუ მონღოლებს აუჯანყდა, არღუნ ნოინმა გვანცა დედოფალი შეიპყრო და ურდოში გაგზავნა. ყაენის ბრძანებით, დედოფალი სიცოცხლეს გამოასალმეს... დედოფალს დარჩა სამი წლის დემეტრე, შემდეგში "დიმიტრი თავდადებული".

XVIII საუკუნის II ნახევარში რაჭას როსტომ ერისთავი განაგებდა. ეს გულზვიადი ფეოდალი ცდილობდა, რაჭა დამოუკიდებელ სამთავროდ გამოეცხადებინა, ამიტომ მუდამ ეშუღლებოდა იმერეთის მეფეს, სოლომონ პირველს. სოლომონმა რამდენჯერმე ამაოდ სცადა მისი შერიგება, ბოლოს, რაჭიდან გამოიტყუა, სანადიროდ წაიყვანა და თვალები დასთხარა.

როსტომს ბარაკონში აუგია ეკლესია.

სოფლის სიმდიდრე ეკლესიათა სიმრავლით იზომებაო, - ამბობდა თურმე. წესში, ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესიის გარდა, იყო ველიეთის წმინდა გიორგის საყდარი, კვარაციხის მთავარანგელოზის ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია (სავარაუდოდ, გორაზე), მინდაციხის ერთნავიანი ეკლესია, შემორჩენილია ეკლესიის ძველი ნანგრევი ბარაკონში და "ნაეკლესიარი" სოფლის ზემოთ, მთაში (ეტყობა, წესის მოსახლეობას ოდესღაც იქ უცხოვრია).

KARIBCHEსოფლის სიმდიდრედ ციხეებიც მიაჩნდათ. წესი არც ამით ყოფილა ღარიბი. ვახუშტი ბატონიშვილი სოფელ წესს ასე აღწერს: "ამბროლაურ-ხიმშს ზეით მოვიწროვდების რიონი სამხრიდან და ჩრდილოდამ კლდითა. მუნ ძეს ხიდი რიონზედ. ხიდის თავს, კლდის ძირში, არს რიონის ჩრდილოთ კიდესა ზედა ციხე და უწოდებენ ხიდის-კარს. ხიდის-კარს ზეით არს წესი, დაბა კარგი. აქა იტყვიან ვერცხლის ლითონს. აქავ, რიონის კიდეზედ არს ნინიას ციხე, კლდესა ზედა შენი... მოერთვის რიონს ჩრდილოდამ მდინარე ლუხუნი, გამომდინარე კავკასიისა, რაჭა-სვანეთს შორისაა და მოდის სამხრეთად. ყოფილა ამ ლუხუნის ხეობაზედ შენობა დიდი, არამედ აწ მტერობისაგან სვანთა არღარაა და ოხერ არს. ამ ლუხუნის აღმოსავლით კიდის მაღალის კლდის გორასა ზედა და რიონის ჩრდილოდ არს ციხე მინდა. მაგარი და აუღებელი მტრისაგან და ვის უპყრავ ციხე ესე, არს ერისთავი რაჭისა. ამ ციხისავე ძირს კოშკი დგას ლუხუნის კიდესა ზედა მცველად წყლისათვის".

მინდაციხე კვლავ ამაყად გადმოჰყურებს სოფელს, ნინიას ციხე დღეს აღარ არის.

წესში წიგნებს ბეჭდავდნენ
პირველი ქართული წიგნი - "სახარება" თბილისში 1709 წელს დაიბეჭდა ვახტანგ VI-ის მიერ. ზუსტად ასი წლის შემდეგ წიგნი დაიბეჭდა სოფელ წესში. ეს საყურადღებოა იმითაც, რომ საქართველოში სხვა სოფელი არც გვეგულება, სადაც იმხანად ვინმეს წიგნი დაებეჭდოს.

წესში 1808 წელს დაუბეჭდავთ საღმრთო წიგნი "სავედრებელი ღვთისმშობლისა", ხოლო 1811 წელს - "გამოკრებული სადღესასწაულო".

"გამოკრებულში" ვკითხულობთ: "დაიბეჭდა საღმრთო და საეკლესიო წიგნი ესე გამოკრებული სადღესასწაულო სოფელსა შინა წესს, ხელითა მესტამბე რომანოზ ზუბაშვილისთა, რომელი მიცვალებულ იქმნა უწინარეს ბეჭუდისა ამის. ხოლო შემდგომად მიცვალებისა მისისა მე, ძემან მისმან, მესტამბემ დავით, ვიწყე და აღვასრულე ძალითა ღვთისათა".

რომანოზ ზუბაშვილის შთამომავალთა ოჯახი დღესაც ცხოვრობს წესში, ოღონდ ზუბოვად იწერება. ეტყობა, რომანოზის შვილიშვილს ან ბადიშიშვილს XIX საუკუნეში რუსებმა გვარი გადაუკეთეს.

***
რაჭველ კაცს მიწის სიმცირის გამო შორს სჭირდებოდა საშოვარზე წასვლა, - იხსენებს ბატონი როსტომი, - ოჯახისთვის ამბავი ხომ უნდა შეეტყობინებინა, ამისთვის კი წერა-კითხვა უნდა სცოდნოდა. ვიდრე სკოლები გაიხსნებოდა, ბავშვები მღვდლებთან და დიაკვნებთან სწავლობდნენ.

1872 წელს წესში გახსნილა სკოლა, რომელშიც 52 ბავშვი სწავლობდა. წინათ სოფლის კულტურის ერთადერთი კერა სკოლა იყო. მასწავლებელი კი ამ კერის წინამძღოლი.

1912 წელს, რაჭაში მოგზაურობისას, აკაკი წერეთელს წესელებმაც უმასპინძლეს. სტუმრის პატივსაცემად მინდაციხიდან ზარბაზნებიც კი ისროლეს. მგოსანმა ბარაკონის სასახლეში მოისვენა. თურმე მთელ ღამეს უგალობდნენ პოეტს. დილით კი ფერხული გააჩაღეს.

აივანზე გამოსულ აკაკის კინოაპარატი რომ დაუმიზნეს, პოეტმა გადამღები შეაჩერა, - აი, ის გადაიღეთო და ფერხულზე მიუთითა. ხალხმა აკაკი შუაში ჩაიყენა, მის ირგვლივ სამ წყებად ჩააბა ფერხული და ოპერატორმაც ეს გადაიღო. აკაკის წყალობით ასე შემოგვინახა წესელების ფერხული კინოფირმა.

- საიდან წარმოიშვა სოფლის სახელი?

- ხალხი სხვადასხვა ამბავს ჰყვება. ვინმე ხიდიკარს რომ მოადგებოდა, ხიდის აქეთ-იქითა კოშკებიდან გუშაგები გამოვიდოდნენ, გოროზად დაადგებოდნენ თავს და ღვინით სავსე ჯამს მიართმევდნენ - რაჭის ერისთავი გვიდღეგრძელე, ასეთია ჩვენი წესიო. ჰოდა, ამ კარგი წესის გამო სოფელს წესი დაარქვეს.

KARIBCHEხიდიკარში ახლაც არის ხიდი, ძველისძველბურჯებიანი და იმ ხიდის თავსა და ბოლოში, პიტალო კლდეზე დაშენებულია ციხე-კოშკები. ოდესღაც ხიდს თავისი ჭიშკარიც ჰქონია, საბაჟოც იყო. ყველა გამვლელს ერისთავი ბაჟს ახდევინებდა. ბევრს ბაჟის გადახდა არ მოსწონდა, ეს რა წესიაო!

რომელი უფრო სწორია, ძნელია ახლა თქმა. ბარაკონთან ყოფილა თავისებური სასამართლო-სამსჯავრო. თურმე აქ ხდებოდა ყველაფრის წესის დადგენა. იქნებ ამიტომაც დაერქვა ეს სახელი.

სოფელს აღმოსავლეთით ესაზღვრება დიდი მთა - გორგოლთა. გადმოცემით, ვინც ერისთავს ურჩობას გაუბედავდა, წესში წესიერად ასამართლებდნენ და მსჯავრდადებული ამ მთაზე მიჰყავდათ. ამ ადგილს "სამრეკლოსაც" ეძახდნენ.

***
უჭირდა რაჭას წინათ. მამაკაცთა უმრავლესობა ორიოდე გროშის საშოვნელად გარე სამუშაოზე გარბოდა, რათა უამრავი გადასახადი გადაეხადა: "საკომლო", "საგუბერნიო", "სასოფლო სამმართველოსი", "დარაჯის", მწერლის, დიაკვნის, ჩაფრების და მათი ცხენების შესანახი. ამ უამრავი გადასახადის გარდა, გლეხს შინაური ხარჯებიც ჰქონდა. ქალის გამზითვებას ფული უნდოდა. XIX საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო და თითქმის 30 წელი გაგრძელდა ქუთაისიდან ჩრდილოეთ ოსეთისკენ მიმავალი სამხედრო გზის გაყვანა. მაშინ ეს გზა ისე ვიწრო იყო, ორი ეტლი გვერდს ვერ აუვლიდა. დადიოდნენ მხოლოდ "ფოშტის ლინეიკები".

ონში თურმე ბოქაული იყო. მეტად ტანდაბალს ხალხის გასილაქება ჰყვარებია. მაგრამ რაკი მაღალ გლეხებს ვერ სწვდებოდა, თან მუდამ ახლდა სკამიანი ჩაფარი. ბოქაული მაღალ გლეხს რომ დაინახავდა, სკამზე შედგებოდა და ისე ასილაქებდა.

წესის ვაზის ნაჟური
წესში მრავალი ვაზის ჯიში ხარობს. უფრო ფასობს წულუკიძის თეთრა და ალექსანდროული. აქაური რცხილას ჯიშის ღვინო თურმე ხვანჭკარულს ჰგავდა. გავრცელებული ყოფილა "ფრანგულას" ჯიში.

ოდითგანვე ჩვენი ხალხისთვის ღვინო მხოლოდ სუფრის მშვენება როდი იყო, გლეხი გემრიელად შეექცეოდა ღვინოში ჩამბალ თონის პურს, ღვინით აკეთებდნენ სხვადასხვა შეჭამადს, ღვინოს ასმევდნენ მეძუძურ ქალებს და ცოტას - ჩვილებსაც. თურმე ზოგი ახალშობილს ღვინოში ბანდა. განსაკუთრებით მარგებელია დაწმენდილი, რამდენიმე წლის ღვინო.

რაჭველები იტყვიან ხოლმე: წლამდე ღვინო მაჭარია, ხუთი წლისა ღვინოდ იქცევა, ხოლო შემდეგ ძველი ღვინო ეთქმისო. ვაჟის დაბადებისას მის სახელზე ცალკე ქვევრს "საძველო ღვინით" გაავსებდნენ და იმ ღვინით გადაუხდიდნენ ქორწილს. ზოგი მოხუცი თავისი ქელეხისთვის აძველებდა ღვინოს. პატივსაცემ სტუმარს "საძველო ქვევრის" ღვინოს მიართმევდნენ. წინაპრებს ერთი ასეთი ჩვეულება ჰქონდათ: თურმე ოჯახის უფროსი რთველის დამთავრებისას ყველაზე მსუქან მტევანს მიაჭყლეტდა თავმოწონებულ ვაზს და დაილოცებოდა: ამის ბარაქა არ დაგელიოსო.

***
30-იან წლებში სკოლის მახლობლად კოლმეურნეობის გრძელი საწყობი იდგა, - იხსენებს ბატონი როსტომი, - ზაფხულობით მის კედელზე ოთხკუთხედ თეთრ მიტკალს გააკრავდნენ ხოლმე და ღია ცის ქვეშ ნაწყვეტ-ნაწყვეტად უჩვენებდნენ კინოსურათს. ყოველი ნაწილის შუალედში ანცი ბიჭები მოძრავი კინოდანადგარის თვალიდან "ეკრანზე" მიჩერებულ შუქში კედელზე სასაცილო შუქჩრდილებს ხატავდნენ.

წესელებს საქვეყნოდ განთქმული სიმღერა აქვთ - "ასლანური მრავალჟამიერი". ჩვენ არ ვიცით, როგორი ბატონი იყო ასლან ერისთავი, მაგრამ სიმღერა კი ნამდვილად კარგი დაგვიტოვაო, - ახსენა ჩემმა რესპონდენტმა, - ეს ჩვენი სოფლის სიმღერაა, წესური მრავალჟამიერი.

წყაროები
ამბობენ, სოფლის მთავარი სიმდიდრე კარგი გზა და კარგი წყალიაო.

წესს საწისქვილე ღელე ჩამოუდის. წინათ კარგი სასმელი წყარო მხოლოდ ორ უბანს ჰქონდა... მთაში, სადაც ოდესღაც წესელებს უცხოვრიათ, "ნაეკლესიარის" გარდა იყო ერთი "ცხრათავის წყარო". დიდი კლდის ქვეშიდან გამოდიოდა, ზამთარს - თბილი, ზაფხულს კი ცივი, გემრიელი და კამკამა.

სატრაბახოდ არ ვამბობ, მაგრამ წესში სასმელი წყლის ოჯახებში შეყვანა ჩემი მონაწილეობით მოხერხდა.

ხიდიკართან, რიონის პირას, ძველისძველი ჭა მდგარა. იმ ჭასთან გოგირდის სამკურნალო წყარო გამოდიოდა. ოდესღაც აქ აბანოც ყოფილა. ქარებით ხელფეხშეკრული ავადმყოფი ორიოდე კვირაში განკურნებული ბრუნდებოდა შინ.

1966 წელს სოფელმა შოთა რუსთაველის 800 წლისთავი იზეიმა. იმ დღეს წესში კიდევ ორი ახალი წყარო დაიბადა - ცენტრში "თამარის წყარო" გადმოჩუხჩუხებს, ბარაკონთან - სამღარიანი "შოთას წყარო".

ბარაკონი და მინდაციხე
ამ მადლიანი ტაძრის შესახებ ამავე ტაძრის მრევლმა აკაკი გოცირიძემ მიამბო: ტაძარი 1753 წელს ააგო რაჭის ერისთავმა როსტომმა. ტაძრის ზედა სარკმლის თავზე შემორჩენილი წარწერით - მისი ოსტატი ავთანდილი შულავერელი ყოფილა.

ეკლესიაში დაკრძალულია როსტომ ერისთავი, რასაც მხედრული წარწერა გვამცნობს. კონსტანტინე ჭიჭინაძემ ლექსი მიუძღვნა მას:

"თითქოს წამდგარა საჭიდაოდ
ქედის წინ ქედი,
ჩრდილში მიძვრება ძირს რიონი,
როგორც დრაკონი.
კლდეზე სხივები კანკალებენ
და ბარაკონი
თეთრად ქათქათებს,
ვით ჯეჯილში ჩამჯდარი გედი".


მინდაციხე კი კახაბერ ერისთავის, თამარ მეფის მამობილის, ბრძანებით აიგო. მტრებისგან თავდასაცავად ერისთავს უსურვებია, - ამ მაღლობზე მინდა ციხე მქონდესო.

სამ კვირაში აშენებულა ციხე. შიგ ქვევრები ჩამარხეს და ცალნავიანი პატარა საყდარიც ააგეს. ციხეში მდინარე ლუხუნისკენ მიმავალი საიდუმლო გვირაბიც ყოფილა. ციხისთავად ელია დაუნიშნავს კახაბერს. მისი შთამომავლობა, ღირსეული წინაპრის პატივსაცემად, გვარად ციხისელია.

KARIBCHEმოძღვარი
- სამი პატრონი ჰყავს ადამიანს წუთისოფელში: მასწავლებელი, ექიმი და მოძღვარი. პედაგოგი სამშვინველს გვიწრთობს, გვილამაზებს, გვზრდის და ამა სოფლის ღირსეულ ადამიანებად გვაყალიბებს, გვაძლევს არსებობისთვის აუცილებელ ცოდნას. ექიმი უვლის ჩვენი სულის სავანეს, ჭურჭელს - ჩვენს სხეულს, მის ჯანმრთელობას, რომლის გარეშეც ძნელია სულის ზეობა. მოძღვარი კი კეთილი მწყემსია ჩვენი სინდისისა, მას აბარია ჩვენი სული - მთავარი საუნჯე და მასზე დიდადაა დამოკიდებული მისი გადარჩენა, ცხონება. მოძღვრის ვალია, გვასწავლოს უფლისკენ მიმავალი გზა, ისეთი რწმენით აღგვჭურვოს, რომ უფალმა ისმინოს ჩვენი ლოცვები, რამეთუ მრავალნი ვიდოდნენ იესო ქრისტეს ახლოს, მაგრამ იკურნებოდა მხოლოდ ის, ვისაც ძლიერი რწმენა ჰქონდა. მაცხოვარიც ყოველ განკურნებულს მიმართავდა: "შენმა რწმენამ განგკურნოსო". სწორედ ადამიანთა საშველად დაბადებული მოძღვრის, მამა დავით გეგეშიძის შესახებ მინდა გიამბოთ, - ამბობს ბარკონის ტაძრის მრევლი ქალბატონი ნათელა გამყრელიძე-ზუბოვა. იგი წარმოშობით სოფელ ნიკორწმინდიდან არის და მოღვაწეობს ბარაკონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, - სიბრძნით, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით, მტკიცე რწმენით დიდად გვეხმარება ჩვენი მოძღვარი. პირადი მაგალითით გვასწავლის სიყვარულს, თავმდაბლობას, მოწყალებას, სიმშვიდეს, ზომიერებას, დიდ შრომისმოყვარეობას და, რაც მთავარია, ყოველგვარი წყენისა და ტკივილის მოთმინებითა და ღვთისადმი მადლიერებით ატანას. ჩაგვაგონებს, რომ ყოველი განსაცდელი ღვთის მიერაა დაშვებული ადამიანზე მის გამოსასწორებლად და განსაწმენდად. ყოველ ღონეს ხმარობს, რათა ცხონებისკენ მიმავალ "ვიწრო ბილიკს" არ ავცდეთ. კეთილი მოძღვრის ხელი დაეტყო ბარაკონის ტაძრის შემოგარენს. როსტომ ერისთავის სასახლის ნანგრევებიც ახლოსაა. მრავალ ცნობილ ადამიანს გაუთევია ღამე ამ სასახლეში. აქ შეისვენეს მოსკოვში ამალით მიმავალმა ვახტანგ
VI-მ, შემდეგ - მეფე თეიმურაზ II-მ, ცნობილმა მგოსანმა ბესიკ გაბაშვილმა. ტაძრის ეზოში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. თვალს ახარებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ხატებით შემკული ბარაკონის ეზოს კარიბჭე, რომლის თაღიც მოძღვარმა ლუარსაბ მალაქშანიძემ მოაჭედვინა.

მამა დავითს განზრახული აქვს სამრეკლოს აშენება, დედათა მონასტრის დაარსება. დაე, აღსრულდეს ნება ღვთისა და ლოცვა-კურთხევა ჩვენი მეუფე ელისესი.

მამა დავითის ბაბუა, მამა იოანე ნიკორწმინდის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის დიაკვანი და დიდი მწიგნობარი ყოფილა, მისი შვილი დავით გეგეშიძე - კოლმეურნეობის თავმჯდომარე. მთავრობას უსარგებლია მისი პატიოსნებით, ხალხზე გავლენით და ნახევარი ნიკორწმინდა მოტყუებით ასურეთში გადაუსახლებია. დავითი ჯარში გაუწვევიათ. მიმხვდარა, რომ მოატყუეს და თურმე მეუღლეს, ბაბილინას, მრავალშვილიან ქალს, ჯარიდან წერდა, - აუცილებლად დაბრუნდით ჩვენს სოფელში, ჩვენ გავიმარჯვებთ და პირდაპირ რაჭაში ჩამოვალო. ასეც მოხდა.

თურმე მამა დავითის მშობლებს საყვედურობდნენ, - შვილი დაგეღუპებათ, თუ ეკლესიას არ ჩამოაშორებთო. ნიკორწმინდის ტაძრის მაშინდელმა მომვლელმა შურა გოცირიძემ დიდი მონაწილეობა მიიღო მომავალი მოძღვრის რწმენით აღზრდაში. ღვთის შეწევნით, ქალბატონმა შურამ თავის ოჯახში მალულად მოანათვლინა 11 წლის ყმაწვილი. ნათლობა ჩაატარა მამა ლეონტი ჟვანიამ, ქალბატონ შურას სიძემ, რომელიც აფხაზეთიდან ჩამოიყვანა ამ მადლიანი საქმისთვის. მამა ლეონტი უწმინდესმა და უნეტარესმა ჯერ კიდევ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტობისას აკურთხა გუდაუთის ეკლესიის წინამძღვრად.

KARIBCHEილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 1978 წელს ეპისკოპოსმა შიო ავალიშვილმა აამოქმედა ნიკორწმინდის ტაძარი. მრავალი ეპისკოპოსის და მოძღვრის ხელში გამოიარა ახალგაზრდა დავითმა. 1993 წლის ბოლოს მეუფე აბრაამთან სასულიერო აკადემიის შენობაში ცხოვრობდა და ესწრებოდა ლექციებს. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით 1994 წელს სიონის საკათედრო ტაძარში დიაკვნად დაასხეს ხელი. იმავე წელს მღვდლად დაასხეს ხელი და დაინიშნა ნიკორწმინდისა და ბარაკონის ტაძრების მღვდელმსახურად. 1995 წლიდან მამა დავითი ბარაკონის ტაძრის წინამძღვარია და მრევლს ღვთის სიტყვას უქადაგებს.

***
მამა დავით გეგეშიძე: - ვახუშტი ბატონიშვილი ბრძანებს: "რაჭა დაბა კარგი, მშვენიერი, ხალხიც ზომიერი, ბუნებით კეთილი, ჯან-ღონით სავსე, მოკრძალებული და დარბაისელი. დედაკაცნი მშვენიერნი, სინაზით, სიმშვიდით, შრომისმოყვარეობით გამორჩეულნი..."

ნიკორწმინდის ეკლესია ერთ დროს დიდი სამონასტრო კომპლექსი იყო. ეს სულიერად და მატერიალურად ძლიერი დიდი ლავრა მფარველობდა როგორც რაჭაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მყოფ ეკლესია-მონასტრებს. ერთ დროს ნიკორწმინდის ტაძარში ინახებოდა წმინდა ნიკოლოზის მკლავი, რომელიც კომუნისტებმა, სხვა სიწმინდეებთან ერთად, ტაძრიდან გაიტანეს.

ბარაკონის ტაძრის გვერდით წმინდა გიორგის ტაძარი იდგა. დღეს მისგან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. ის თამარ მეფის აშენებული გახლდათ. თავად სოფელი წესი ერისთავების რეზიდენცია იყო და მტრებისგან საკმაოდ დაცული. სოფლის თავში, ხიდიკარის მიდამოებში ჯარი იდგა და სოფელს იცავდა. წესში ხუთი ეკლესიაა: მთავარანგელოზის, წმინდა მარინეს, ბარაკონის და წმინდა გიორგის ორი ტაძარი. ერთ-ერთი მინდაციხეში მდგარა. როგორც ჩანს, საომრად მიმავალნი მინდაციხეში იყრიდნენ თავს და ლოცულობდნენ.

ბარაკონი კომუნისტების პერიოდში საქეიფო იყო გადაკეთებული.

ნიკორწმინდის ისტორიული ეპარქია 1978 წელს აღდგა. პირველი ეპისკოპოსი გახლდათ შიო ავალიშვილი. დღეს ნიკორწმინდის ეპარქიის გამგებელია მეუფე ელისე ჯოხაძე.

- მამა დავით, ხომ არ გაიხსენებთ ღვთისმსახურების პირველ დღეებს. მრევლი მოდიოდა ტაძარში?

KARIBCHE

მამა დავითი მრევლთან ერთად

- დასაწყისში უჭირდათ ეკლესიაში მოსვლა. განსაკუთრებით ეროვნულმა მოძრაობამ გამოაღვიძა პატრიოტული სულისკვეთება და ხალხმაც ტაძარს მიაშურა. როცა ბრაკონის ტაძრის წინამძღვრად მაკურთხეს, მაშინ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დადიოდა ჩვენს ტაძარში. მათ შორის ქალბატონები: მერი მაისაშვილი, ნანული მაისაშვილი, ეთერ ჩარკვიანი... ერთობლივი ძალისხმევით შევძელით, მოსახლეობა ტაძარში მოგვეყვანა. ბარაკონში წირვაზე ჩვენი სოფლელებიც დადიან და მეზობელი სოფლებიდანაც. მადლობა ღმერთს, რომ ტაძარში მრევლის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ზაფხულობით დასასვენებლად ჩამოსულებიც ჩვენს ტაძარში ესწრებიან ღვთისმსახურებას. მარიამობის დღესასწაული აქ განსაკუთრებით აღინიშნება. სამეუფეო მსახურებაზე ტაძარი ივსება. მადლობა ღმერთს, რომ დღეს რაჭა სულიერი აღმავლობის გზას ადგას. რადგან სამღვდელოება მცირე ვართ, ცოტა გვიჭირს კიდეც. ხალხის მოთხოვნილება კი მეტია. იმედია, სასულიერო პირთა რაოდენობა გაიზრდება და რაჭის ეპარქია აღმავლობისკენ წავა.

ზამთარში დიდთოვლობის გამო ტაძარში სიარულიც კი გვიჭირს, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ეპარქიის მოქმედ ტაძრებში წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა. ბარაკონის ტაძარში დამატებით ღვთისმსახურებასაც ვატარებთ. მობილიზებულია მრევლი და არის კადრები იმისა, რომ მომავალში დედათა მონასტერი ჩამოვაყალიბოთ. ერთი პერიოდი ტაძრის მრევლს ხესა და ქვაზე კვეთასაც ვასწავლიდით, ასევე ქარგვას, ქსოვას. მნიშვნელოვანია, რომ რაჭის ყველა სოფელში მოქმედი ეკლესია იყო. როცა რაჭის ეპარქია გაენათის ეპარქიაში შედიოდა, მაშინ მღვდელმთავარი გახლდათ გაბრიელ ქიქოძე. მისი აშენებული და ნაკურთხია რაჭის ტაძრები. ნიკორწმინდის ტაძრის სამრეკლოც მისი აგებულია... მაშინ რაჭაში 400 მღვდელი მოღვაწეობდა... დღეს ოთხნი ვართ.

ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა ვითარებამ განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ჩვენს მოსახლეობაზე. ხალხმა ნუგეშის მისაღებად ეკლესია-მონასტრებს მიაშურა. ტაძრები მრევლით შეივსო. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ღვთისმშობლის პარაკლისები ყოველდღე სრულდებოდა. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი მრევლი შეემატა დედაეკლესიას. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ვკითხულობთ შუადღის ლოცვებს, ფსალმუნებს.

მოგეხსენებათ, რომ ონის რაიონიც მოექცა ამ საომარ სიტუაციაში. რამდენიმე ჭურვი ჩამოვარდა და მოსახლეობაში შიშმა დაისადგურა. ამის მიუხედავად, ონის ტაძარში ღვთისმსახურება არ შეწყვეტილა. ტაძარს მრევლი შემოემატა. ღმერთმა ინებოს, ეს ადამიანები დარჩნენ ბოლომდე ეკლესიის წევრები.

- მოძღვარს ამ დროს ალბათ განსაკუთრებული მისია აკისრია მოსახლეობის სულიერად გასაძლიერებლად.

- როცა ქვეყანას უჭირდა, ოდითგანვე ედგა გვერდით დედაეკლესია, წირვა-ლოცვასთან ერთად მოსახლეობას თავისი ქადაგებით, სიტყვით, ცხოვრების წესით შეეწეოდა. თანამედროვე ადამიანები ფაქტობრივად დღეს ეზიარებიან სარწმუნოებას. ისტორიიდან კარგად ვიცით, თუ როგორ ჭირ-ვარამს უძლებდა ჩვენი ერი, როცა ეკლესიასთან სიახლოვე ჰქონდა. მხნეობას და სულგრძელობას მუდამ იჩენდა. სამშობლოსთვის თავდადება უდიდესი მადლია. ბრძოლის ველზე დაღუპულთა სულები ღვთის წინაშე სამოთხეში მიდიოდნენ. როცა ადამიანი აღმსარებელი და მაზიარებელია, მედგარია ბრძოლის ველზე. მაცხოვარი გვასწავლის: "ურთიერთას ტვირთი იტვირთეთ და ესრე აღასრულეთ სჯული ქრისტესი". როცა ადამიანი ბავშვობიდანვე რელიგიურად ცხოვრობს, ის შეიძლება გარკვეული დროის შემდეგ სულიერად დაეცეს და ცოდვაშიც ჩავარდეს, მაგრამ ის მაინც უმალვე აღდგება, რადგან მაშინდელი მიღებული რწმენა და გამოცდილება ძალას შემატებს. აუცილებლად დაუბრუნდება დედაეკლესიას. დედაეკლესია კი მას გულში ჩაიკრავს. თუ ადამიანს სინანული არ აქვს, ის ვერ ცხონდება. რაც არ უნდა რწმენა და ცოდნა გქონდეს, სინანულის გარეშე ცხონებას ვერ მიიღებ.

ეკლესია ყოველთვის ღვთისა და მოყვასის სადარაჯოზეა. ეკლესია არის ის ძალა და მადლი, სულიერი სამოთხე, რომელიც დედამიწაზეა. ეკლესია, პირველ რიგში, არის ერთობა. ეს კავშირი არავინ უნდა გაწყვიტოს. უფლის დოგმატური სწავლება შეუცვლელია. მოყვასისა და სამშობლოს გაძლიერება ჩვენი სულიერი აღორძინებით იწყება. ვისურვებდი ჩემი ეკლესიის და სამშობლოს გაძლიერებას, თითოეული ადამიანის რწმენაში გაძლიერებას. ღვთის შიში აუცილებელია, რათა მეტად დავფიქრდეთ მიწიერ ცხოვრებაზე.

ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, აღამაღლოს, განამტკიცოს ჩვენი ეკლესია, ჩვენი სამშობლო!
ბეჭდვა
1კ1