მანგლისი
მანგლისი
დროის ბორბალი ისე დატრიალდა, რომ ალგეთის ხეობელებს კეთილად გასახსენებელი მხოლოდ წარსული დარჩათ, აწმყოსა და დღევანდელობაზე თითო-ოროლა სიტყვას თუ ჩამომარცვლავს ვინმე. ეგ არის, ამ ყოფაშიც კი უფლის სიყვარულისთვის არ უღალატიათ. რწმენითა და მომავლის იმედით მისდევს წლები წლებს.

მანგლისის შუაგულში ახალგაზრდები ღვთის სახლს აშენებენ. ადრე აქ წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ტაძარი მდგარა. ახლა დედით მანგლისელი ტომას საკალაუსკას-ადამაშვილი ამ ადგილას ტაძარს აშენებს. როგორც ქალბატონმა დალი ადამაშვილმა მითხრა: ტომასმა პაპამისისგან იცოდა, რომ ავტოსადგურის ადგილას ეკლესია მდგარა. ერთხელ, როცა აქ აკაციის ხის მოჭრა მოუნდომებიათ, პაპამისს დაუშლია - ეს ხე ეკლესიისა არისო. მაშინ ჩაუთქვამს გულში ტაძრის აღდგენა. ტომასი აქაური ადამაშვილების ჩამომავალია. მამა ლატვიელი ჰყავს, სამხედრო პირი. საცხოვრებლად ლატვიაში გადავიდა. ახლა ჰოლანდიაში ცხოვრობს და მშენებლობას იქიდან ეხმარება. ღვთის წყალობით, მშენებლობაში მთელი მანგლისია ჩართული. ტაძრის გვერდით დიდი ნაკვეთი ბესო ადამაშვილმა შესწირა. მანგლისში უკვე სამი ტაძარი გვექნება.

KARIBCHEმამა გიორგი მალხაზიშვილმა ერთი მორწმუნე გამაცნო, ელენე ბადალაშვილი. მოხუცს თურმე სიყრმიდანვე გულში ჰქონდა ამოჭრილი ღვთისა და თითოეული ადამიანის სიყვარული. იცის, რომ ღმერთი სიყვარულია და ყოველ კაცში მის ხატებას ხედავს. მამა გიორგისთან ერთად ვესტუმრე. აღარ იცოდა, როგორ ემასპინძლა... ყავაც მოგვიდუღა, თან საუბარში გამოგვყვა:

- მე ამ სოფლის რძალი ვარ. 1946 წელს გარიგებით გავთხოვდი მანგლისში. მაშინ ხალხი სხვანაირი იყო. საქმრო სურათით გამაცნეს - ნახე და ისე გადაწყვიტეო. ვერ მივუდექი იმ სურათსა, მეშინოდა... მერე ჩუმად, მალულად მივედი და მორიდებით დავუწყე ყურება. 19 წლის ვიყავი. განა ვიცოდი, გათხოვება რა იყო... ოცისას უკვე შვილი გვყავდა. ოთხი კლასი მაქვს დამთავრებული. მეტი არ იყო ჩვენს სოფელში. ჩემმა დედამთილ-მამამთილმა კარგად მიმიღეს.

- როგორი იყო თქვენი დროის ტრადიციული ოჯახი და როგორია დღეს?

- მაშინ უფრო შეგნებულად უდგებოდნენ ოჯახის წევრები ერთმანეთს. ახლა ზოგმა არც დიდი იცის და არც პატარა. ჩემი ქმარი თეთრიწყაროს რაიონში მუშაობდა, მე მეტწილად სოფელში ვცხოვრობდი. ყველაფერს ვითმენდი ოჯახის სიყვარულით. ეკლესიაშიც დავდიოდი. წარმოშობით სოფელ წყლულეთიდან ვარ და იქვე, ახლოს, ბეთანიის ტაძარია. ჩვენს სოფელშიც მდგარა კვირაცხოვლის სახელობის საყდარი, მერე დანგრეულა, ამიტომ წირვა-ლოცვაზე ბეთანიაში დავდიოდით.

- ბებო, ბეთანიაში დადიოდით ტაძარში? იქნებ გაიხსენოთ მაშინდელი ბეთანია. ვინ წირავდა?

- ბეთანიაში მამა გიორგი და მამა იოანე მსახურობდნენ. ძალიან კარგად მახსოვს ეს ორი ტკბილი მამა. ისეთი კარგები იყვნენ! საკუთარი მეურნეობაც ჰქონდათ. ვენახიც, ფუტკარიც ბლომად ჰყავდათ. მისალოცად ჩასულებს გვიმასპინძლდებოდნენ ხოლმე. ტაძრის სარდაფში მამების საძვალე მახსოვს. მგონი, ახლაც უნდა იყოს.

- ფიზიკურად როგორები იყვნენ?

KARIBCHE- ძალიან სათნოები. მათი ქადაგება და დარიგებაც მახსოვს - როგორ უნდა გვეცხოვრა. ეკლესიურ ცხოვრებას გვასწავლიდნენ. ღვთისმშობლის შობას, 21 სექტემბერს ვდღესასწაულობდით ბეთანიაში. წირვა-ლოცვის შემდეგ ტრაპეზი იშლებოდა და ერთმანეთს ასე ვესიყვარულებოდით. მაშინ 14 წლის ვიყავი.

- კომუნისტების დროს ტაძარში სიარულს უშლიდნენ და თქვენ არ გქონდათ რაიმე წინააღმდეგობა?

- პარტიულები, რა თქმა უნდა, ტაძარს არ ეკარებოდნენ.

- მანგლისში გადმოსვლის მერე ამ ტაძრის მრევლი გახდით?

- რა თქმა უნდა. პირველი მოძღვარი მამა ალექსანდრე იყო, მერე მამა ნიკოლოზი, მამა იოანე... მამა გიორგი რომ მოვიდა, ყველამ გავიხარეთ.

ამდენი წელია, მანგლისში ვცხოვრობ ად ბევრი კარგიც მინახავს და ცუდიც. ასაკმა ხელი დამატყო და ტაძარში სიარული უკვე მიჭირს. მამა გიორგი მაზიარებს ხოლმე შინ. მენატრება ის დღე, ჩემი თაობის ქალები რომ დავდიოდით ტაძარში. უმეტესობა დღეს აღარ არის ცოცხალი - სონა, ანა, მაშო, კატუშა... ტაძარშიც ერთად ვიყავით და იქიდანაც ერთად ვბრუნდებოდით. ერთად ვტრაპეზობდით კიდეც. ვინც დავრჩით, ვიკრიბებით და ვიხსენებთ ძველ ამბებს. ვსაუბრობთ ქვეყნის გასაჭირზეც. ზოგი ისეთი გაჭირვებული ადამიანია, რომ მათი ცოდვით აღარ ვარ. სამუშაო არ არის. გადასახადები იმდენია, რაღა უნდა დაგრჩეს სახარჯოდ...

- სოფელი დაიცალა?

- ბევრი წავიდა საბერძნეთში სამსახურის საძებნელად.

- რა გვარის ხალხი ცხოვრობთ მანგლისში?

- წიკლაურებიც არიან, ბექაურები, ბადალაშვილები, ზაქაიძეები, აზრუმელაშვილები, კაველიძეები, პერუშიძები, პაპუნაშვილები, ჩივაძეები, გოგიჩაიშვილები, ჩოხელები, აფციაურები... მე ბადალაშვილი გახლავართ.

- თქვენ გვარზე რა გსმენიათ?

- დიდი გვარი იყო ბადალაშვილებისა. მთელი მანგლისი და თიანეთი ხელში ეჭირა. ბევრი ცხვარიც ჰყავდათ. ჩემი მამამთილი ტყვედ წაეყვანათ თათრებს, მერე ერთ პარკ ოქროდ დაუხსნიათ. იმდენად მდიდრები ყოფილან, რომ დიდბადალაანთ ეძახდნენ.

საუბარში კიდევ ერთი ქალბატონი - ჟენია ბებო შემოგვიერთდა. გულის დარდი მანაც გაგვიზიარა. "მანგლისი ძალიან კარგი სოფელია, მაგრამ გვიჭირს. მე ოთხკედელშუა ვარ მარტოკანა. შვილი რუსეთში მუშაობს. ჩემი პენსიით რას უნდა გავხდე? ჩვენი მამა გიორგი რომ არ იყოს, ალბათ გაგვიჭირდებოდა, სულიერადაც დავეცემოდით. ღვთის მადლით და წყალობით ვცხოვრობთ..."

საუბრის ბოლოს სურათის გადაღებაზე ორივე სიამოვნებით დამთანხმდა. ქალაქელებთან მოკითხვა დამაბარეს და ტკბილად მთხოვეს, - ეგებ მთავრობამ მეტი ყურადღება მოგვაქციოსო.

შემდეგ მანგლისის #1 საჯარო სკოლის პედაგოგს, ქალბატონ ეთერ წიკლაურს ვეწვიე. "მანგლისში ორი სკოლაა, - მითხრა ქალბატონმა ეთერმა, - მოსწავლეთა რაოდენობა, სხვა წლებთან შედარებით, შემცირებულია. ადრე თუ 500 მოსწავლე გვყავდა, დღეს 300-ს ძლივს სცილდება. ორივე სკოლას ძალიან ეხმარება ჩვენი რაიონის დეპუტატი, შეჭირვებულ ოჯახებსაც აშველებს ხელს..."

KARIBCHEმდიდარი წარსული აქვს მანგლისს. აქაურები იცავენ სარწმუნოებას და ცდილობენ, ისე იცხოვრონ, როგორც ჩვენი ეკლესია გვიქადაგებს.

გზად კიდევ ერთ მანგლისელს - დავით აფციაურს შევხვდით. "მანგლისში მხოლოდ ორი სახელმწიფო სამსახურია. დანარჩენი პატარ-პატარა მაღაზიებია გახსნილი, - ამბობს იგი, - ისეთი არაფერი გვაქვს, კაცმა რომ ხელი გაანძრიოს, იმუშაოს. სოფლის მეურნეობაც ჩაქცეულია. უსაქმობით მამაკაცების უმეტესობა ძალაუნებურად ლოთობს. მე თეთრიწყაროს რაიონში ვმუშაობ გაწვევის და აღრიცხვის სამხედრო სამსახურში. გზაც დაგვენგრა და აღარ ვიცით, რა ვქნათ. უზომოდ რომ არ მიყვარდეს ჩემი სოფელი, აქ რა გამაჩერებდა. თუ ოდნავ მაინც არ წამოიკეთა ჩვენმა ხალხმა, შეიძლება გაჭირვებას ვეღარ გაუძლოს და სოფელიც დაიცალოს".

***
მანგლისის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მართლაც დიდ მადლს ჰფენს აქაურობას. ამ დიდებული ტაძრის მოლოცვისას განსაკუთრებული განცდა გეუფლება და ღვთის სიყვარულით გავსებს. ტაძარში მისვლისთანავე რამდენიმე ახალგაზრდა მოვიდა. ისინი მანგლისის ტაძარში მეუფე ანანიას და მამა გიორგის ღვთისმსახურებისას ეხმარებიან, იქვე, მეუფის რეზიდენციაში ცხოვრობენ და ტაძარს მზრუნველობასაც არ აკლებენ.

მამა გიორგის კურთხევით, მანგლისში სტუმრობისას გვერდიდან არ მშორდებოდა მისი სულიერი შვილი მგალობელი ნინო გოგიშვილი. ნინო თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტია და გალობაც და მედავითნეობაც საუკეთესოდ იცის. "ეკლესიური ცხოვრება სკოლის დამთავრების შემდეგ დავიწყე. ჯერ მედავითნეობა შევისწავლე, შემდეგ გალობა, - მიამბობს ნინო, - სასულიერო სემინარიაში ჩაბარების შემდეგ უფრო მეტად ჩავერთე ღვთისმსახურებაში. ძალიან მადლიანია მანგლისის ტაძარი. აქ რუსული კანკელი იყო, მეუფის ლოცვა-კურთხევით, დღეს ახალი ქვის კანკელი აქვს ჩვენს ტაძარს. ბევრი წმინდა ადგილია მანგლისში, მის მახლობლად. ოდნავ მოშორებით, მთის წვერზე ერთ ადგილას დიდი ლოდია - მამიდას ქვას ეძახიან. გადმოცემით, ლეკიანობის დროს ერთი სოფლიდან მეორე სოფელში ნათესავებთან მიმავალ მამიდას გზად ლეკები გადაჰყრიან. შეშინებულს უფლისთვის შეუთხოვია, - ღმერთო, ოღონდ ამათ ხელში არ ჩამაგდო და ქვად მაქციეო. ასეც მომხდარა. მამიდას ქვას ქვაჯვარის ფორმა აქვს. წინათ ხშირად ადიოდნენ იქ და ლოცულობდნენ, პარაკლისებს იხდიდნენ. ჩვენც ტრადიციას არ ვარღვევთ. წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ავდივართ და მოვილოცავთ ხოლმე. ძალიან ლამაზი ადგილია".

ტაძარში გიორგი კვასტიანი გაგვეცნო: "მე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ჭივჭავში ვცხოვრობ. 21 ნოემბერს, მთავარანგელოზების ხსენების დღეს, ჩვენთან მთავარანგელოზების სახელობის ტაძარი გაიხსნა. მას შემდეგ ეკლესიაში ვსტიქაროსნობ. ღვთის წყალობით და მეუფის ლოცვა-კურთხევით, მანგლისში მეუფის მორჩილებაში ვარ. ტაძარში განსაცდელებით მოვედი. ეკლესიური ცხოვრებაც მაშინ დავიწყე. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კეთილად დამთავრდა. ლოცვით გადავიტანე განსაცდელები. რადგან უფალმა ჩემზე წყალობა მოიღო, სურვილი გამიჩნდა, მისთვის მემსახურა. ვცდილობ, ყველაფერი ვისწავლო.

- რა შეგძინა ეკლესიურმა ცხოვრებამ?


- ეკლესიურმა ცხოვრებამ პირველ რიგში დამანახა სიცოცხლის აზრი. ის, რომ უნდა ვილოცოთ და დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველი. მეუფე ანანიასთან ურთიერთობიდან კი განსაკუთრებით თავმდაბლობა შევითვისე. ის უაღრესად თავმდაბალი ადამიანია და მის გვერდით შეუძლებელია, შენც არ იყო მისი მსგავსი. მეუფის ლოცვა-კურთხევით სამნი ვუვლით აქაურობას. საქონელიც გვყავს... ვცდილობთ, ვიცხოვროთ ისე, როგორც უფალს სურს.

KARIBCHE

"უკვე ექვსი წელია, რაც მეუფესთან მანგლისში ვმსახურობ და ვმედავითნეობ, შეძლებისდაგვარად ვგალობ და სტიქაროსანიც ვარ, - საუბარში შემოგვიერთდა ლევან არაბიძე, - რაც ეკლესიას დავუახლოვდი, მას შემდეგ საგრძნობლად შევიცვალე. უფრო ნათლად დავინახე საკუთარი თავი, ვიგრძენი ღვთისა და მოყვასის სიყვარული. მეუფესთან ურთიერთობა დიდი სკოლაა. მეუფემ შეგვასწავლა საღვთო ისტორია, გალობა. საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას გვიზიარებს. მადლობა უფალს ყველაფრისთვის".

გაბრიელ ყუფუნია: - მამა გიორგი გამრეკელის ლოცვა-კურთხევით, 90-იანი წლებიდან მანგლისში ვმსახურობ. მორჩილი ვიყავი და ვემზადებოდი სასულიერო სემინარიაში ჩასაბარებლად. რაც მეუფე მობრძანდა ამ ეპარქიაში, მას შემდეგ მისი სულიერი შვილი ვარ. მეუფემ შემასწავლა მედავითნეობა, ტიბიკონი, საქართველოს და ეკლესიის ისტორია. მეუფე ანანიას ლოცვა-კურთხევით ოქრომჭედელი ვარ და საეკლესიო ნივთებს ვამზადებ.

მანგლისის ტაძარი ძალიან მადლიანია, ბევრი ბერი და მორჩილი აღიზარდა აქ, ბევრი სასულიერო პირი იკურთხა. ყველანაირი პირობებია, რომ ადამიანმა სულიერ გარემოში იგრძნოს თავი და უდიდესი მადლი და ღვთის წყალობა მიიღოს".

KARIBCHE
ჭივჭავი
ეს სოფელი არც ისე პატარა გახლავთ, თანაც ლამაზი და მადლით სავსეა. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ აქ მართლმადიდებლები და ღვთისმოყვარე ადამიანები ცხოვრობენ. ამ ადგილას რამდენიმე წლის წინ მხოლოდ ტრიალი მინდვრები იყო. აქაურობა მას შემდეგ გამშვენდა, რაც სტიქიისგან შეწუხებულმა ქვემო სვანეთიდან ჩამოსახლებულმა სვანებმა მოიკიდეს ფეხი. იმდენად შეიყვარეს აქაურობა, რომ ორი ტაძარი ააშენეს: მთავარანგელოზთა და წმინდა გიორგის მცირე სალოცავი. მეუფე ანანიას ლოცვა-კურთხევით, ჭივჭავში მღვდელი ლაზარე გელაშვილი წირავს.

სოფელში მასპინძლობა ბუხულა გარდაფხაძემ გაგვიწია. ის პროფესიით პედაგოგია, სოფლის მზრუნველი და მოამაგეა - მისი თაოსნობით და ფინანსური დახმარებით აიგო ჭივჭავის სალოცავები. ბატონი ბუხულა კარგი მოსაუბრე გამოდგა:

- სასულიერო ცხოვრება მამა-პაპით მოგვდგამს. ჩვენ ალბათ იმიტომ ჩამოგვიყვანა უფალმა, რომ აქ ქართული სული აღდგენილიყო. გადმოცემით ვიცით, რომ რვა თაობაა გაწყვეტილი ამ წმინდა მიწაზე. ჩვენ მეცხრე თაობა გამოვდივართ, ვინც აქ ქართული სულისკვეთების აღდგენას ცდილობს. 1989 წელს გაცოცხლდა აქაურობა - გაიხსნა სკოლა და სოფელს ჭივჭავი დაერქვა. ჭივჭავი ხევის სახელიდან მოდის. 1956 წელს არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, რომ ამ ადგილას წლების წინ სოფელი არსებობდა. ვცდილობთ, გავაგრძელოთ ქართული ტრადიციები.

აქ სოფლის გაშენებას სკოლის გახსნაც მოჰყვა. პირველი გამოშვება ამ სკოლისა მე გახლავართ. სკოლის დირექტორი, ქალბატონი გულთამზე ბენდელიანი ბრწყინვალე პიროვნებაა, რომელიც ბავშვებს აყენებს სულიერების გზაზე.

მეათე კლასში ვიყავი, როცა ჭივჭავში მოვედი. გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან განვიცადე ჩემი კუთხის დატოვება. სკოლის დამთავრების შემდეგ კვლავ სვანეთისკენ მიმიწევდა გული. ფიქრებით ახლაც იქ ვარ. იქაურობასთან ურთიერთობა არ გაგვიწყვეტია.

სვანეთის სამი სოფლის - ლეუშერის, მწდის და ჩუქურის ასი კომლი - გარდაფხაძეები, ჩარკვიანები, ბაბლუანები, ზურაბიანები, კვასტიანები, ხაბულიანები, ლიპარტელიანები, ონიანები, გასვიანები, ჟორჟოლიანები, ხვისტანები ვსახლობთ ჭივჭავში. ჩვენს ფუძესოფლებში იდგა მთავარანგელოზის სახელობის ტაძრები. აქაც ამიტომ ავაგეთ მთავარანგელოზის ტაძარი.

KARIBCHEსხვათა შორის, აქ რომ ჩამოვედით, აკლიმატიზაცია არ გაგვჭირვებია - ზღვის დონიდან იმავე სიმაღლეზე ვართ, რომელზეც სვანეთში. ბუნებაც გვეფერება და გვიწყობს ხელს.

თავიდან აქაურობა ყამირი იყო. ახლა ნელ-ნელა ვითვისებთ. რაც მთავარია, შრომა არ გვეზარება, სტუმარმასპინძლობა არ გვეშლება.

- ჭივჭავი პატარა სვანეთად აქციეთ?

- ჩვენთვის არ არის ნათქვამი, სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო. ჩვენ სადაურებიც ვართ, ყოველთვის იქაური ქუდი გვახურავს. მომავალ თაობასაც ასე ვზრდით. ბავშვების აღზრდაში გვეხმარება ჩვენი მოძღვარი მამა ლაზარე, ჩვენი ეპარქიის მმართველი მეუფე ანანია.

- სვანეთში ეკლესიურად ცხოვრობდით?

- კომუნისტურმა პერიოდმა ძალიან ცუდად იმოქმედა სვანეთზე. მოძღვრები არ გვყავდა. ამის გამო ცოტა რთულად ეჩვევიან ეკლესიურ ცხოვრებას... 1992 წლიდან ვცდილობ, ყველა მარხვა დავიცვა და მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ვიცხოვრო. სვანეთში თავიდანვე რომ გვყოლოდა მოძღვრები, უფრო ადრე დავიწყებდით ეკლესიურ ცხოვრებას.

- სვანური ტრადიციები დანერგეთ ჭივჭავში?

- ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ყველაფერი. მათ შორის სუფრის წესები, ტრადიციული კერძებიც, ქალისადმი პატივისცემა, სტუმარმასპინძლობა. სადღეგრძელოებს უფლის სადიდებლით ვიწყებთ. მეორე სადღეგრძელო მთავარანგელოზებისაა, შემდეგ წმინდა გიორგის ვადიდებთ. წინაპრების დღეგრძელობის შემდეგ ვიწყებთ ქეიფს.

სხვათა შორის, აქ ჩამოსვლისთანავე პატარა ნიში ავაშენეთ, მერე ტაძარი. მართლაც ცოდოა ის ადამიანი, ვისაც ღვთის წყალობა არ უგრძნია. ჩვენ, ყველამ, ეს საკუთარ თავზე გამოვცადეთ. იმდენი სასწაული მოხდა მშენებლობის პერიოდში, რომ რწმენა უფრო გაგვიძლიერდა. ტაძარს გალავანიც გავუკეთეთ. ამ ადგილას ნავთობსადენის კომპანია მუშაობდა. გიორგი ერქომაიშვილი დაგვეხმარა გალავნის მშენებლობაში. ეკლესიის მშენებლობაში დიდი დახმარება გაგვიწიეს ირაკლი ქელბაქიანმა, ვოვა გურგენიძემ, ლაშა ჯანგველაძემ, კაკო ბულტიაშვილმა, ჯემალ ღლონტმა, ვასო მაჭარაშვილმა, თენგო ნავერიანმა, გვერდით დაგვიდგნენ ჩვენი რაიონის გამგებელი გიორგი მესტვირიშვილი, გოგი ლიპარტელიანი, თეთრიწყაროს რაიონის დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი. მეუფე ანანიას ლოცვა-კურთხევა მუდამ თან გვახლავს. ძალიან დიდი ძალა აქვს მეუფის კურთხევას. ეს საკუთარ თავზეც გამოვცადე. როცა ტაძრის საძირკველი გავთხარეთ, მეუფეს ვთხოვეთ მისი კურთხევა. დიდი ღვაწლი მიუძღვის ჭივჭაველების ღვთისკენ მოქცევაში ჩემს მოძღვარს, თბილისის მამადავითის ტაძრის მღვდელს ნიკოლოზ ჩიქოვანს. მთელი სოფელი პირველად მამა ნიკოლოზმა გვაზიარა, მაშინ თეთრწყაროში მსახურობდა. ტაძრის მშენებლობაში სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა. ხარაჩოებიდან ვეღარ ჩამოგვყავდა ბავშვები. დღეს უკვე თხუთმეტი სტიქაროსანია მამა ლაზარეს გვერდით. 21 ნოემბერს, ტაძრის კურთხევასთან ერთად, მოძღვრად დაასხეს ხელი მამა ლაზარეს. მამა ლაზარემ ყველას შეაყვარა თავი. წირვა-ლოცვის დროს ტაძარში დასადგომ ადგილსაც ვეღარ ვპოულობთ. ტაძრის გახსნიდან ერთი თვის თავზე უწმინდესის ლოცვა-კურთხევით სიონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი მობრძანდა. სოფელში უკვე დღეში შვიდჯერ გაისმის ეკლესიის ზარის ხმა. იკითხება შვიდგზის ლოცვები. ასე რომ, მადლზე მადლი მოდის ჩვენს სოფელში.

- როგორ ცხოვრობენ დღეს ჭივჭაველები?

- ვცხოვრობთ ისე, როგორც საქართველოს სხვა კუთხის შვილები. ძირითადად ფიზიკურად ვშრომობთ. მაინც არ ვწუწუნებთ, ერთმანეთის თანადგომით გაგვაქვს თავი. ჭირშიც და ლხინშიც ერთად ვართ.

KARIBCHE

მეუფე ანანიას ლოცვა-კურთხევით ჩვენი ეპარქიის ტაძრებს მანგლისის ღვთისმშობლის ხატი სტუმრობდა. ჩვენი სოფლის ახალგაზრდებმა ორბეთის წმინდა გიორგის ტაძრამდე ხატი სიყვარულით და მოწიწებით მიაბრძანეს. ფეხშიშველა წინ მიგვიძღოდა ვანო მებულაშვილი. ძალიან დიდი სიხარული განვიცადეთ ღვთისმშობლის ხატის მოლოცვით. ლეკიანობის დროს მანგლისის ღვთისმშობლის ხატი თბილისის სიონის ტაძარში ბრძანდებოდა. პატრიარქს გამოცხადება ჰქონდა - ხატი კვლავ მანგლისში უნდა დაბრუნებულიყო.

ძალიან მიყვარს აქაურობა. ერთი გოჯა მიწა არაა, ქართველის სისხლით რომ არ იყოს გაჯერებული და ჩვენ ამას ვუფრთხილდებით.

ბატონი ბუხულას ვაჟი ჭივჭავის ტაძრის სტიქაროსანი და მგალობელია.

ოთარ გარდაფხაძე: "ეკლესიის გახსნის შემდეგ თორნიკე ჩარკვიანმა მიგვიყვანა მამა ლაზარესთან. მოძღვარმა აგვიხსნა, რა იყო სტიქაროსნობა და შევიმოსეთ კიდეც. შესამოსელი მამა ლაზარემ მაჩუქა. მერე სხვებიც შეიმოსნენ. ძალიან დიდ მადლს ვიღებთ საკურთხეველში შესვლისას, ვეხებით სიწმინდეებს. ზოგი გალობს, ზოგი მოძღვარს ემსახურება. რაც ეკლესია გაიხსნა, ერთი კვირა ვიყავი თბილისში. სამების ტაძარში ვისწავლე სეფისკვერის გამოცხობა. უკვე ჩემი გამომცხვარი სეფისკვერი ეწირება უფალს. თანდათან მომრავლდა ტაძარში ხალხი.

ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი, როგორც ერთი დიდი ოჯახი, ისე ვართ ერთმანეთთან. ვინც კეთილი განწყობით მოდის, აქაურები ყველას თბილად იღებენ, როგორც სვანეთში. ჭივჭავი ხომ პატარა სვანეთია..."

გაგრძელება იქნება
ბეჭდვა
1კ1