ქსოვრისი
ქსოვრისი
ქსოვრისი მცხეთის რაიონში, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. XVI საუკუნემდე ქსოვრისი თავისუფალი სოფელი ყოფილა. ის ქსნის ხეობის სადროშოში შედიოდა და ომიანობის დროს ქუდზე კაცი გამოდიოდა სამშობლოს დასაცავად. XVI საუკუნიდან წილკნის სამწყსოში და მუხრან-ბატონთა ხელში გადავიდა. ამ სოფელს გაივლიდა მთის ბართან დამაკავშირებელი "საქალაქო გზა", ასევე ე.წ. საგლახაო რუ, რომელიც XVIII საუკუნემდე რწყავდა არა მარტო ქსოვრისის, არამედ მეზობელი სოფლების - ვაზიანის და ძალისის მინდვრებსაც.

ქსოვრისში ამზადებდნენ შალის ძაფს, ქსოვდნენ ხალიჩებს, საქართველოს დროშებს, ტანსაცმელს, ჰქონდათ თუთის ჭალები, აბრეშუმის ჭიას უვლიდნენ, იცოდნენ აბრეშუმის ძაფის ამოხვევა. სავარაუდოა, რომ მოსახლეობის ძირითადი საქმიანობიდან მომდინარეობს სოფლის სახელი "ქსოვრისი".

ქსოვრისის შესახებ 1898 წლის გაზეთი "ივერია" გვამცნობს: "ფრიად სასიამოვნო მოვლენად უნდა ჩაითვალოს ახლანდელს ჩვენს ცხოვრებაში ის გარემოება, რომ სწავლა-განათლების საჭიროება და მნიშვნელობა თანდათან შეიგნო ჩვენმა ხალხმა და ჰსურს მიჰყვეს აწინდელი დროის მოთხოვნილებას. ფეხდაფეხ თუ არა, ჩანჩალით მაინც. ჩვენმა სოფელმაც გადაწყვიტა, სკოლა დავაარსოთ და მალეც მოვიყვანთ სისრულეში ამ გადაწყვეტილებას. აგრეთვე, როგორც გვესმის, აქეთკენ სოფელი წილკანი და ოძისიც აპირებს სკოლების დაარსებას. რასაკვირველია, სასიამოვნოა, რომ ჩვენი გლეხობაც გამოფხიზლდა, სცდილობს შეიძინოს ამ საუკუნის ერთადერთი იარაღი სწავლა-განათლება, ურომლისოდაც ბრძოლა არსებობისათვის შეუძლებელია. აქამდის ქსოვრელები იხდიდნენ ფულს სოფელ მუხრანის სკოლის სასარგებლოდ, რომელიც 8 ვერსის სიშორეზედაა. ამის გამო გლეხის ბავშვები ვერა სარგებლობდნენ ამ სასწავლებლით და ჩვენმა სოფელმა თხოვნა მიართვა აქაურ მებატონეს, პატივცემულ ნ.ს. რატიშვილს დასახმარებლად, რომელიც ჩვენი სოფლის საქმეებში მუდამ მხურვალე მონაწილეობას იღებს. ვიდრე სკოლის დაარსებას ვეღირსებით, მანამდე აქ ჩვენის სოფლის მედავითნემ, რომანოზ ჯავაშვილმა დაიბარა გლეხის ბიჭები და ასწავლის წერა-კითხვას უსასყიდლოდ. დიდი სიხარულით აბარებენ გლეხები თავიანთ შვილებს და სწავლის მსურველთა რიცხვი ყოველდღეობით ჰმატულობს.

ერთმა მოწაფემ (10 წლისამ) ბზობა დღეს წაიკითხა კიდეც სამოციქულო მხედრულის ასოებით დაწერილი და დიდს აღტაცებაში მოიყვანა საზოგადოება ქსოვრისისა. თავადი თუ გლეხი ძლივს იჭერდა თავს, რომ "ვაშა" არ დაეძახა. რომანოზი თავის შეგირდებს აგალობებს კიდეც. მხოლოდ ერთხმად, უნისონით. რადგან თვითონ მუსიკა არ იცის, სთხოვა ერთ ყმაწვილ კაცს, რომელიც იმედია, არ დაჰზოგავს თავისს ცოდნასა და შრომას. ამ ბავშვების წყალობით ეკლესიაში სიარული დაიწყო ხალხმა, რასაც წინათ არა ვხედავდით. აქაურ კეთილშობილთ შეაგროვეს თავიანთ შორის ფული და სადღესასწაულოდ ტანისამოსი შეუკერეს ბავშვებს. გარდა ამისა, 12 ცალი "დედა ენა" უყიდა და კიდევ ფულიც მისცა კნ. მ. ზ. რატიშვილისამ და სხვებმაც სხვადასხვა სასწავლო ნივთები შესწირეს.

მოგეხსენებათ, ჩვენში თითქმის ყოველს კეთილს საქმეს უკეთესი განზრახვა ეღობება წინ და უშლის ხელს. ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ სოფელში, ერთის ყმაწვილი კაცის ხელმძღვანელობით, შემდგარია პატარა ხორო ქალებისა და ყმაწვილებისა (რატიშვილების საგვარეულოდან), რომლის ტკბილი და მწყობრი გალობა არაერთხელ მოუსმენია აქაურ საზოგადოებას. ჰგალობენ კარბელოვის კილოზედ, ნოტებზეც გადაღებულს ბენაშვილის მიერ. ამნაირივე ხორო უნდა შეედგინა ზემოხსენებულ ყმაწვილ კაცს გლეხის პატარა გოგო-ბიჭებისა და წარმოიდგინეთ, ყოველ ღონეს ჰხმარობენ, საქმე შეაფერხონ და დაუშალონ. საოცარია, ღმერთმანი! ჩვენის უკვდავის პოეტისა არ იყოს: "კარგი რამ გვჭირდეს, გვიკვირდეს, ავი რა საკვირველია". ჯერ ეს ვიკმაროთ და თუ საჭიროება მოითხოვს, სხვასაც ბევრს რაიმეს ვაუწყებთ მკითხველს".

***
წილკნელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე ზოსიმეს ლოცვა-კურთხევით, მამა დავით ნოზაძე რამდენიმე წელია, ამ ეპარქიის ორ სოფელს - ქსოვრისს და ოძისს ემსახურება. ღვთისმშობლის ტაძარში მრევლი შემოგვეგება. აქაურები დიდი სიყვარულით გვესაუბრებოდნენ თავიანთი სოფლის ავ-კარგზე. სკოლის დირექტორი, ქალბატონი ლია ხაჩირაშვილი მედავითნეობასაც საუკეთესოდ ეწევა. მას საფუძვლიანად აქვს შესწავლილი ქსოვრისის წარსული. მისგან გავიგე, რომ XVIII საუკუნეში ლეკები ხშირად ათარეშებდნენ ამ ღონიერ სოფელს. 1723 წელს ქსოვრისში ვახტანგ VI-ს 1500-კაციანი ჯარით დაუბანაკებია და იქიდან ებრძოდა თავდამსხმელებს. მეფე იმდენ ხანს დარჩენილა სოფელში, რომ მისთვის აბანო აუგიათ. "მეფის აბანოს" ნაშთი დღესაც შემორჩენილია. ვახტანგ VI-ს ქსოვრისში მასპინძლობდა ქსნის ერისთავთა სახლის განაყოფი ზურაბ რატიშვილი, რომელიც ელიზბარაშვილებთან და გლურჯიძეებთან ერთად აქ ყმა-მამულებს ფლობდა.

ზურაბ რატიშვილს ლეკებთან ბრძოლაში იმდენად გამოუჩენია თავი, რომ მეფეს მისთვის თავადობა უბოძებია. ქსოვრისი ერთ-ერთი პირველი სოფელი ყოფილა, რომელსაც, რატიშვილთა ნებით, თავი გაუთავისუფლებია. ეგზარქოსობის დროს, როცა ქართულ ენაზე აკრძალული იყო წირვა-ლოცვა, ქსოვრისში ღვთისმსაუხრება ქართულად აღევლინებოდა. დავით რატიშვილს ქსოვრისში დაუსახლებია ქართულად განსწავლული მღვდელი მათე ბერიძე და მისთვის დაუვალებია ხალხის სულიერი სამსახური. მათე ბერიძის შთამომავალი მათე ბერიძის ოჯახი აქ დღესაც ცხოვრობს, ტაძრის მეზობლად.

***
მათე პაპას შინ ვესტუმრე და გულითადი საუბარიც გაიბა.

- ადრე უფრო უკეთესი ცხოვრება გვქონდა, - მიამბობს 83 წლის მოხუცი, - ხალხს ერთმანეთი უყვარდა, ჭირშიც, ლხინშიც ერთად იყვნენ. ღვთისაც სწამდათ. ყოველთვის მოილოცავდნენ ხოლმე სალოცავებს. ახლა სოფელში ორი ეკლესია გვაქვს და რამდენიმე ნიში. ვშრომობდით კიდეც, მოსავალი მოგვყავდა, მთავრობასაც ვაბარებდით და ჩვენც კმაყოფილები ვიყავით. პაპაჩემი, მათე მღვდელი, გორის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების მერე ქსოვრისში გამოუშვეს. პაპას არ მოვსწრებივარ, მაგრამ მამა გვიყვებოდა ხოლმე და-ძმებს მასზე - ცხრა დედმამიშვილი ვიყავით. სარწმუნოებაზე გვიყვებოდა, სიყვარულს და ერთგულებას, მეგობრის და ნათესავის პატივისცემას გვასწავლიდა. პაპაჩემის გარდაცვალების მერე მამაჩემი ივანე დაუნიშნავთ დიაკვნად. მახსოვს, შინ, ხატებთან მდგარი როგორ ლოცულობდა. მათე მღვდლის და მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ეზოშია დასაფლავებული.

მამაპაპისეული სასულიერო წიგნები და ხატები ჩემმა დამ წაიღო მზითვად.

KARIBCHEპაპაჩემმა მოგვნათლა ბავშვები. ჩემი ნათლია ბატონი რატიშვილი იყო და მიწის ნაკვეთი მაჩუქა. მრავალშვილიანი ოჯახი გვქონდა და ეს ბატონი გვეხმარებოდა.

- მათე პაპა, როგორი თამადობა იცოდით?

- ჯეელობაში კაი თამადაც ვიყავი და კაი სადღეგრძელოებსაც ვამბობდი. პირველად სამშობლოს ვადღეგრძელებდით, მეორედ სამამულო ომის მონაწილეებს. წინანდელი და ახლანდელი სუფრა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან.

- ღვინიანი ჭიქა რომ გეჭიროთ ხელში, როგორ დაგვლოცავდით?

- გვქონდეს სამშობლოს და ღმერთის სიყვარული.

საუბარში მათე პაპას ქალიშვილი ლელა ბერიძე ჩაგვერთო:

- ბავშვობაში ჩემი სოფელი უფრო სხვანაირი მახსოვს. ახლა მარტო საკუთარი თავი ადარდებთ. ძალიან მინდა ხალხი რწმენისკენ მობრუნდეს და ეკლესიაში დაიწყოს სიარული. პირადად ძალიან შემცვალა ეკლესიურმა ცხოვრებამ. მახარებს, რომ ახალგაზრდობა დადის ტაძარში. ეს ჩვენი მოძღვრის, მამა დავით ნოზაძის დამსახურებაა, მართლაც კარგი მოძღვარია. იმედი მაქვს, ეკლესიური ცხოვრება ყველანაირ გაჭირვებას დააძლევინებთ. სულიერება და სიყვარულია მთავარი, თორემ ქონებრივი სიმდიდრე წარმავალია. ჩემს წინაპრებს რომ მოვსწრებოდი, უფრო ადრე დავიწყებდი ეკლესიურ ცხოვრებას და მეტი სასულიერო განათლება მექნებოდა.

მახსოვს, ტაძარში როგორ მალულად მიდიოდა ხალხი საბჭოთა პერიოდში. წინათ ტრადიცია იყო - ეკლესიის ეზოში საკლავს კლავდნენ. დღეს, საბედნიეროდ, შეიცვალა ყველაფერი. მამა დავითი მუდამ გვიქადაგებს, რომ ეს არაქრისტიანულია და კერპთაყვანისმცემლობააო. ხალხი თანდათან უჯერებს მოძღვარს.

მე ქსოვრისის სკოლაში ვასწავლი ფიზიკა-ინფორმატიკას. გული მწყდება ბავშვების სიმცირის გამო. მხოლოდ 172 მოსწავლე გვყავს. ადრე 400-500 ბავშვი იყო. შობადობა შემცირდა. თანაც ბევრმა ქალაქს მიაშურა...

- ეკლესიაში მრევლის სიმცირე ძველი აღზრდის შედეგია, - მითხრა ქალბატონმა ლიამ, - ყველაფერი კეთდებოდა, ეკლესიაზე და მღვდელზე არასწორი შეხედულება რომ ჰქონოდათ. ახლა ხალხი ნელ-ნელა გზას იკვლევს ეკლესიისკენ, რწმენა გაუღვივდათ. სამწუხაროდ, სოფლებში ეს ძალიან ნელა ხდება. შესაძლოა ინფორმაციის ნაკლებობის ბრალიც იყოს. როდესაც ჩვენი ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი ამოქმედდა, თავიდან მხოლოდ სამი კაცი დადიოდა წირვა-ლოცვაზე.

ტაძრის რესტავრაცია ჩვენი თანასოფლელის ელგუჯა კანდელაკის ფინანსური დახმარებით მოხერხდა. ტაძრის გახსნას ძალიან ბევრი ხალხი ესწრებოდა. როცა მსახურება დაიწყო, თითქოს ხალხს გაუჭირდა ტაძარში რამდენიმე საათით წირვა-ლოცვაზე დგომა. კარგა ხანს სამი კაცი დადიოდა წირვაზე. მამა დავითის ღვთისნიერებამ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ხალხზე და ჯერ მოხუცებმა დაიწყეს ტაძარში სიარული, შემდეგ მოსწავლეები გამოჩნდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი ყველას სწამს და დროთა განმავლობაში მთელი სოფელი შემოგვიერთდება. მამა დავითი უანგაროდ ემსახურება სოფელს. ცდილობს გვერდით დაუდგეს ხალხს, ავადმყოფებს ნახულობს, გაჭირვებულებს ეხმარება, პატიმრებსაც მოიკითხავს ხოლმე. ძალიან მოუცლელია, მრავალრიცხოვანი ოჯახიც ჰყავს - მეხუთე შვილს ელოდება. სოფელში ძირითადად მიწათმოქმედი ხალხი ცხოვრობს. მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს სამსახური. თავიანთი ნაჭირნახულევით ირჩენენ თავს. სოფელში შემორჩენილი იყო ჭიაკოკონობის ტრადიცია. მოძღვარმა ერთხელ თქვა, - ეს წარმართული ადათია, რომელსაც ქრისტიანი არ უნდა მისდევდესო. მას შემდეგ სოფელში ჭიაკოკონობა არ გამართულა. სოფელს სჯერა მოძღვრის. ვცდილობთ, გვერდით დავუდგეთ მამა დავითს. მჯერა, რომ ადამიანი ამქვეყნად მოდის იმიტომ, რომ იზრუნოს საკუთარი სულის ცხონებისთვის.

KARIBCHEღვთის რწმენა და სიყვარული ბავშვობიდან მაქვს. მამაჩემი ქსოვრისის ჯვარპატიოსნის ტაძარს ემსახურებოდა, ეკლესიების მცველი იყო. დავყვებოდი ხოლმე და ტაძრებს ვასუფთავებდით. ღვთის სიყვარულმა დამაწყებინა ტაძარში მედავითნეობა. მანამდე მუხრანში დავდიოდი წირვა-ლოცვაზე და ხშირად მინატრია, - ღმერთო, მომეცი იმდენი ძალა და ღირსად ჩამთვალე, რომ ოდესმე მეც გემსახურო-მეთქი. ნატვრა ამიხდა...

ქსოვრისში მრავალი ისტორიული ძეგლია. სოფლის ცენტრში მდებარეობს XVIII საუკუნის გალავანი, რომელშიც ეკლესია, კოშკი და სასახლეა შემორჩენილი. გალავანზე მიდგმული კოშკი ოთხიარუსიანია. პირველი სართულის ეზოში არის ჭა, რომელიც ამჟამად გაუქმებულია. მეორე და მესამე სართულზე თითო ბუხარი და სათოფურებია. იქვე მდგარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარზე შემორჩენილი მხედრული წარწერებით ირკვევა, რომ იგი 1712 წელს აუგიათ ზურაბ რატიშვილს და მის მეუღლეს სოლოღაშვილის ასულ ანას.

ტაძარი ძალიან დაზიანებულია. კომუნისტების დროს ტაძარში სამჭედლო, შემდეგ კი თონე ყოფილა. ამჟამად მამა დავითის ხელმძღვანელობით აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ღვთისმშობლის შობის ტაძარი, რომელიც VII-VIII საუკუნეებით თარიღდება, აღდგენის შემდეგ, 2005 წლიდან მოქმედებს. ტაძრის კედლები და გუმბათი მოხატულია. ეკლესიის ეზოში არის სატრაპეზო, პატარა ბაღი.

სოფელს კიდევ ერთი, თელოვნის ჯვარპატიოსნის ეკლესია ამშვენებს. VIII-IX საუკუნეების ტაძარი რიყის ქვითაა ნაგები. ტაძარი ადრევე შეუკეთებიათ. ძველი გეგმის მიხედვით შემოავლეს ახალი გალავანი. ტაძარში შემორჩენილია IX-X საუკუნეების ფრესკების ფრაგმენტები. თელოვანი ფეოდალური ხანის ნასოფლარია. გადმოცემით, ჟამიანობის დროს სოფელი დაცლილა და მოსახლეობის ნაწილი დღევანდელი ქსოვრისის ადგილას ჩამოსახლებულა.

ქსოვრისში 600 კომლი ცხოვრობს. სოფელში არის საშუალო სკოლა. საბავშვო ბაღი, ამბულატორია, იყო კულტურის სახლი, რომელიც დაიწვა და დღემდე მისი აღდგენა ვერ მოხერხდა.

მამა დავითი ემსახურება სოფელ ოძისს, წირვა-ლოცვას აღავლენს ბურიანის დედათა მონასტერში. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენთვის მართლაც ღვთისგან გამოგზავნილი, უანგაროდ მოღვაწე მოძღვარი.

KARIBCHE
მამა დავითი მრევლთან ერთად

- მამა დავით, თქვენ როგორ დაიწყეთ ეკლესიური ცხოვრება?

- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას უწმინდესმა "ახალი აღთქმა" გვაჩუქა და დავიწყე წმინდა წერილის გაცნობა. ორი წლის შემდეგ გადავწყვიტე, ეკლესიურ ცხოვრებას მივყოლოდი. ამ დროს ჩემი მეგობრები დადიოდნენ ეკლესიაში. მათი ცხოვრება ეკლესიაში მისვლის შემდეგ აშკარად შეიცვალა. მათი დახმარებით დავიწყე სიარული სოფელ დიღმის წმინდა დიდმოწამე ქალწულ მარინეს სახელობის ეკლესიაში. დეკანოზ დავით ისაკაძის მოძღვრობით ვდგამდი პირველ ნაბიჯებს ეკლესიის წიაღში. მისივე ლოცვა-კურთხევით შევისწავლე ხუცური და დავიწყე წიგნის კითხვა და მნათეობა. 1998 წელს ჩავაბარე თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსმა ზოსიმემ ახალსოფლის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში დიაკვნად დამასხა ხელი. მოგვიანებით მღვდლად მაკურთხეს წილკნის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში და დამადგინეს სოფელ ოძისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში. მოგვიანებით, ქსოვრისის ღვთისმშობლის ეკლესიის აღდგენის შემდეგ, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მეუფე ზოსიმემ მწირველ მღვდლად დამადგინა.

- როგორ შეხვდნენ აქაურები მოძღვარს?

- ბევრი - სიხარულითა და სიყვარულით, ზოგიერთი - უსიამოვნოდ, მაგრამ ამის მიზეზი ალბათ კომუნისტური რეჟიმის ცრუ პროპაგანდა იყო. ოძისსა და ქსოვრისში გულწრფელი ხალხი ცხოვრობს, რომელთაც, რომ იტყვიან, მარილი აკლიათ და ეს მარილი მართალ სარწმუნოებაში გამოიხატება.

- მამა დავით, რა სიწმინდეებია თქვენი სოფლების ტერიტორიაზე?

- სოფელ ოძისში, ჩვენი ცნობით, არის ოთხი ეკლესია: ღვთისმშობლის მიძინების, წმინდა დიდმოწამე გიორგის, წმინდა ქალწულმოწამე მარინესი და ერთი უცნობი მცირე ეკლესია, რომელიც მიდგმულია ღვთისმშობლის მიძინების ტაძარზე. ოთხივე ეკლესია კომუნისტური რეჟიმის დროს გაიძარცვა... მცირე ეკლესია აღდგენის შემდეგ იკურთხება წმინდა მთავარმოწამე ბიძინა და მოწამეთა შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა სახელზე.

KARIBCHE
ჯვარი პატიოსანი

ქსოვრისში ხუთი ეკლესიაა: ღვთისმშობლის მიძინების, ღვთისმშობლის შობის, ჯვარპატიოსნის, კვირაცხოვლობის და წმინდა ქალწულმოწამე მარინესი, აგრეთვე რამდენიმე ნიში (ხატი). მიმდინარეობს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები. თითქმის საძირკვლიდან იქნა აღდგენილი ღვთისმშობლის შობის ეკლესია. სოფლის საძოვრებზე დგას ჯვარპატიოსნის უძველესი ტაძარი (VIII-IXს.ს.). ამ ტაძრის დღესასწაული აღინიშნება ძვ. სტ. 7 მაისს (ახ. სტ. 20), წმინდა ათცამეტ ასურელ მამათა ხსენების დღეს. 351 წლის 7 მაისს, სულთმოფენობა დღეს, 3 საათზე ცაზე გამოჩნდა ენით აღუწერელი ბრწყინვალების ჯვარი. მისი გამოცხადება დაიწყო გოლგოთიდან და ელვარება სწვდებოდა ელეონის მთას. ჯვრის სასწაულებრივი გამოცხადების შესახებ იერუსალიმის პატრიარქმა კირილემ (350-387) ეპისტოლეთი ამცნო იმპერატორ კონსტანცის (რომელიც არიანელთა ერესის მიმდევარი იყო) და მოუწოდა, დაბრუნებოდა მართლმადიდებლობას. ამ სასწაულმა მრავალი იუდეველი და ელინი მოაქცია. ამ დღესასწაულის სახელზე ტაძრის აგება ჩვენი წინაპრების მართლმადიდებლობაში ღირსეულად განსწავლულობის ნიშანია, რაც დღეს მოსახლოებას და ეკლესიის მრევლსაც საგრძნობლად აკლია.

- მამა დავით, რას იტყვით სოფლის წეს-ჩვეულებათა შესახებ?

- ჩვენს სოფლებში მრავალი კარგი წეს-ჩვეულებაა, მაგრამ ზოგიერთი ამახინჯებს ქართველი კაცის ქრისტიანული ცხოვრების წესს. სოფლებში გავრცელებულია უცნაური ჩვეულება: ბევრ ადამიანს, რომლებიც თავს ქრისტიანებად თვლიან, ტაძრებთან და ნიშებთან (ხატებთან) მიჰყავთ ცხოველები, ასრულებენ რაღაც რიტუალს, კლავენ, ჭამენ, სვამენ ღვინოს, ღრეობენ და ამას ეძახიან "ღვთისადმი მსხვერპლშეწირვას", დაკლულ ცხოველს კი - "საღვთოს". ეკლესიაში ყოველგვარი სისხლიანი მსხვერპლშეწირვა დაუშვებელია! ისინი კი, რომელნიც დღეს ფიქრობენ ღმრთისადმი მსხვერპლის შეწირვას თხებისა და ცხვრების სისხლით - ამით ცხადყოფენ, რომ არ აღიარებენ ქრისტეს მსხვერპლის ძალასა და მნიშვნელობას. ესე იგი, იუდეველებთან ერთად უარყოფენ ქრისტიანობას! იესო ქრისტე ეუბნება თავის მიმდევართ: "ეკრძალენით თავთა თქვენთა, ნუუკვე დამძიმდენ გულნი თქვენნი შვებითა (ნაყროვანებითა) და მთვრალობითა" (ლკ. 21,34)...

საეკლესიო კანონების მიხედვით, ტაძარში ხორცის შეტანა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან აქ აღესრულება "უსისხლო მსხვერპლშეწირვა" - ევქარისტია. მიუხედავად ამისა, ბევრი ეკლესიის ეზოში კლავს ცხოველს, ზოგჯერ სისხლს ტაძრის კედლებზე ასხამენ, კარებთან ყრიან თავებსა და ჩლიქებს. ზოგიერთს შიგნითაც შეაქვს ხორცი ან სისხლი: ყოველივე ეს მოგვაგონებს სატანისტების "მესას".

ასე რომ, ამ მსხვერპლშეწირვებს ჩვენს მართლმადიდებელ სარწმუნოებასთან არავითარი საერთო არა აქვს.

წმინდა მოწამის ევსტათი მცხეთელის ცხოვრებაში ვკითხულობთ: "მას ჟამსა შეკრბეს სპარსნი, რომელნი მცხეთად იყვნეს, მეჯადაგენი და მეხამლენი, ტოზიკობდეს და მიავლინეს ნეტარისა ევსტათისა და ჰრქვეს: - მოვედ და გვერთე შვებასა ამას ჩვენსა. ხოლო ნეტარმან ევსტათი განიცინა და ჰრქვა მათ: - თქვენი ტოზიკიცა ბნელ არს და თქვენ, მეტოზიკენიცა, ბნელ ხართ, ხოლო მე ქრისტეს ბეჭედი მომიღებიეს და ქრისტეს ტოზიკსა ვტოზკობ, რამეთუ ქრისტეს ბეჭდითა აღბეჭდილ ვარ და ბნელსა მაგას განშორებულ ვარ". ამის გამო ცეცხლთაყვანისმცემლებმა წმინდა ევსტათი მცხეთის ციხისთავთან, უსტამთან დაასმინეს.

წმინდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელის (ხს. 7 მაისი, 29 ნოემბერი) ცხოვრება მოგვითხრობს: "ამ დროს საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემელი სპარსელები ბატონობდნენ და ყველა ძალას ხმარობდნენ თავიანთი სარწმუნოებას გასავრცელებლად ქართველთა შორის. მათ მრავალგან ააგეს ბომონი, სადაც ჩაუქრობლად ენთო ცეცხლი. მაზდეანები ზარ-ზეიმით აღასრულებდნენ თავიანთ ბოროტ წესებს და ქართველთა გადადრეკას ცდილობდნენ.

ერთხელ წმინდა მღვდელმთავარმა ნახა, რომ მოგვები აიძულებდნენ ქართველებს, თაყვანი ეცათ ცეცხლისთვის, ვერ მოითმინა ბოროტება, წყალი დაასხა ცეცხლს და ჩააქრო. განრისხებულმა სპარსელებმა შეიპყრეს წმინდა ამბიბოსი, სასტიკად სცემეს და ცოცხალმკვდარი საპყრობილეში ჩააგდეს. მარზპანის ბრძანებით, აწამეს და ბოლოს "ქვითა განტვინეს".

ასე გაჩნდა და დღესაც არსებობს ჩვენს ქვეყანაში ჭიაკოკონობა. ეკლესიამ, ზრუნავს რა თავის შვილებზე, გამოსცა კანონი, რომელიც კრძალავს ასეთ "დღესასწაულთა" აღნიშვნას. ტრულის კრების 65-ე კანონი ამბობს: "ერთ-ერთი ძველი ჩვეულების თანახმად, ზოგიერთი პირი თავისი სავაჭრო დუქნების ან საცხოვრებელი სახლის წინ მთვარის განახლების ღამეს კოცონს აჩაღებს და მას ცოფიანებივით აქეთ-იქით ახტებიან. ამიერიდან ამ ჩვეულებას ვკრძალავთ და განვაჩინებთ: თუ კლირიკოსი ჩაიდენს ასეთ საქციელს, განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცი - ზიარებიდან განკანონდეს, რამეთუ წმინდა წერილში წერია: "და უქმნა სამსხვერპლონი ყოველთა ძალთა ცისათა ყოველთა მათ ეზოთა სახლისა მის უფლისათა. და გარეშეხადნა შვილნი თვისნი ცეცხლისა და იქმნიდა და ჰკითხვიდა, და ყუნა ულუკნი და განამრავლნა მცნობელნი, და შესძინა ძვირის-ყოფად წინაშე უფლისა და განსარისხებელად მისა" (4 მეფ. 21,5-6).

კიდევ ბევრის თქმა შეიძლებოდა ამ ცრუ წეს-ჩვეულების შესახებ, მაგრამ ვთვლით, რომ ზემოთ მოყვანილი მაგალითები საკმარისია მისი წარმომავლობის და მიუღებლობის წარმოსაჩენად.

- მამაო, რა არის დღევანდელი სოფლისა და ეკლესიის სატკივარი?

- ჩვენს სოფელს იგივე სატკივარი აქვს, რაც ქვეყანას: ხალხი დაბეჩავებულია, უიმედობასა და უსასოებაში ჰგიებს, ქვეყანას მწვალებლები და სექტანტები შემოსევიან, ჩვენს წმინდა, სამოციქულო ეკლესიას მისჯარვიან და ძიძგნიან. აქეთ უზნეობა ვეღარ ეტევა კანში, ყველა ხვრელიდან ავხორცულად მოიზლაზნება. ტელევიზორიდან, ვითომ ცივილიზაციისა და პროგრესის სახელით, ღვთისმბრძოლ და ჩვენი მეობის უარმყოფელ ფასეულობებს, ღირებულებებს, წესრიგსა და კულტურას გვჩრიან, მით ცდილობენ მოშალონ ჩვენი ადათ-წეს-ჩვეულებები და ერის ტრადიციები. განსაკუთრებით ცდილობენ, ქალები "დამოძღვრონ", მათ ეუბნებიან: - არ გამრავლდეთ, იყავით თანამედროვენი, ორსულობისგან თავი დაიცავითო. აჰა, თქვენ უფასო დამცავ-კონტრაცეპტივები, აჰა, თქვენ პრეზერვატივები, აჰა, თქვენ ლიტერატურა, განათლდით, იყავით პროგრესულები - ნაკლებშვილიანობა-უშვილობა ხომ თქვენი ჯანმრთელობისთვისაც კარგია და თქვენი არგაჩენილი შვილებისთვისაცო. ცდილობენ, ჩვენს შვილებს ყმაწვილობიდანვე დააკარგვინონ უბიწოება, უმანკოება მანკიერებით შეცვალონ, სიყვარული - სიძვა-მრუშობით და ა.შ.

ჩვენი სოფლისთვის ყველაზე მტკივნეული დემოგრაფიული კრიზისია, მოსახლეობა თითქმის აღარ მრავლდება. სახლები ცარიელდება და ნადგურდება. ამას ემატება მეზობელი სოფლიდან მუეძინის ხმა (დღე-ღამეში 5-გზის). ამ ძირძველ ქართულ კუთხეში, მუხრან-ბატონის მამულში (იქ, სადაც აღიზარდა წმინდა დედოფალი ქეთევანი), ქსნის ერისთავთა სამყოფში (წმინდა მოწამეთა შალვა და ელიზბარის მიწებზე) მუეძინის კივილი ჩვენი სირცხვილია. როცა ეკლესია შეეცადა, ამ ყოველივეს წინ აღდგომოდა, გვიპასუხეს, - აზერბაიჯანთან კეთილმეზობლობის გამო ვერ დაგეხმარებითო. ამ კეთილმეზობლებმა კი უძველესი ქართული ეკლესიის - ქურმუხის წმინდა დიდმოწამე გიორგის ეკლესიის კარები აჭედეს და ქართველ მღვდელმსახურს წირვა-ლოცვის აღსრულებაში ხელი შეუშალეს.

შეიძლება იკითხოთ, სად არის საშველიო. გვეშველება, თუკი იმ ჭეშმარიტ ღმერთს შევევედრებით, რომელსაც ჩვენი სახელოვანი წინაპრები სასოებდნენ.

- როგორ უნდა მოაქციოს მოძღვარმა მრევლი ჭეშმარიტებისკენ?

- წმინდა გრიგოლ საკვირველმოქმედის ცხოვრებაში ვკითხულობთ: "ნეტარის მიცვალების დროს (დაახლ. 266-270) ნეოკესარიაში 17 წარმართიღა დარჩა, მაშინ როცა სამღვდელმთავრო ტახტზე მისი აღსაყდრების დროს ქალაქში მხოლოდ 17 ქრისტიანი იყო. ეს ყოველივე წმინდა მამამ თავისი ღვთივსათნო ცხოვრებით, შთაგონებული ქადაგებებით, სასწაულებით და სამწყსოს ბრძნული მართვით მოახერხა.

მღვდელს ღვთისა და ხალხის წინაშე სამგვარი სამსახური აკისრია: ღვთისმსახურება, სახარების (ღვთის სიტყვის) ქადაგება და მორწმუნეთა დამწყსვა.

მღვდლობის ხარისხის მიღება ადამიანს პიროვნულად ცვლის, მასში კეთილისა და ბოროტის უწინდელი თანაფარდობა რჩება, მღვდელიც ისევე უნდა ებრძოდეს თავის თავს, როგორც მისი სამწყსოს ყოველი წევრი - უნდა აღმოფხვრას თავისი სულიდან ვნებები და მანკიერებები. ხელდასხმისას მღვდელს ენიჭება ღვთის მადლი, როგორც საიდუმლოთა და წეს-ჩვეულებათა შესრულების უფლება და შესაძლებლობა. მაგრამ მადლი ეკუთვნის არა პიროვნებას, არამედ მის ხარისხს (მღვდლობას). მას ეს მადლი სესხად აქვს მიცემული, მოვალეობის შესასრულებლად. სიკვდილის შემდეგ ღვთის მადლი სულს არავითარ პრივილეგიას არ ანიჭებს, იგი მას ტოვებს, როგორც ჯარისკაცი, რომელმაც მოვალეობა შეასრულა და შინ დაბრუნდა.

არსებობს კიდევ მეორე ხარისხი მადლისა, რომელიც ადამიანის პირად მოღვაწეობაზეა დამოკიდებული. ის მისი კუთვნილებაა და სიკვდილის შემდეგაც არ ერთმევა სულს, პირიქით, საუკუნოდ და განუყრელად უკავშირდება. მღვდლობის მადლი მღვდელს ეძლევა არა თავისთვის, არამედ ხალხისთვის, მაგრამ მღვდლის პირადი მოღვაწეობით იგი უფრო სრული და აშკარა ხდება, მაშინ კი ღვთის მადლი, მღვდლის პიროვნულ სიწმინდესთან შეერთებული, მის მსახურებას ადამიანის სულზე ზემოქმედების განსაკუთრებულ ძალას ანიჭებს. ასეთი მღვდლები არც ისე შორეულ წარსულში იყვნენ: წმინდა გაბრიელ ქიქოძე და წმინდა ალექსი შუშანია. მათ მუდამ გარს ეხვია ხალხი, ვინც ცხადად გრძნობდა მათგან გამომავალი მადლის სითბოსა და სინათლეს.

ხალხის მოსაქცევად საჭიროა სწორედ სიტყვის ქადაგება, არა თვითნებურად, არამედ წმინდა მამათა განმარტებებით. მღვდელი ყოველთვის უნდა ცდილობდეს საკუთარი მაგალითით აჩვენოს მორწმუნეს ის, რასაც ამბობს სიტყვით, სწორედ ეს სძენს მადლის სიტყვას ძალას და არა უქმი მჭევრმეტყველება.

წმინდა იოანე ნათლისმცემელი ქადაგებდა და იტყოდა: "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა" (მათე 3,2). სინანული მოგვეცა, როგორც გზა ხსნისა, ღვთისკენ მიმავალი ერთადერთი გზა. თუ ცოდვით დაცემამდე (ადამის დაცემა იგულისხმება) ადამიანის მთელი სულიერი ცხოვრების ცენტრი ღვთის სიყვარული იყო, ჩვენ დავცილდით მას, დავკარგეთ იგი. სანაცვლოდ გვაქვს სინანული. წმინდა იოანე ოქროპირი წერს: - თუ ადამიანს გულში აქვს სინანული, იგი ცოცხალია, ხოლო თუ არ ინანიებს ცოდვებს, ამქვეყნადვე მკვდარია. მაშასადამე, სინანულში, ღვთის მცნებების აღსრულებასა და მართალი სარწმუნოების დაცვაშია ჩვენი ხსნა, ამიტომ დროულად დავიწყოთ ჩვენი სულების ცხონებისა და მოყვასის დასახმარებლად ღვაწლი. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.
ბეჭდვა
1კ1