ფრონეს ხეობა
ფრონეს ხეობა
ფრონეს ხეობის სოფელ დირბში ძველთაძველი ტაძრების მადლი ტრიალებს. დედათა მონასტერში აღვლენილ ლოცვებს მალე წმინდა გიორგის ტაძრის გვერდით დაფუძნებულ მამათა მინასტრის ძმათა ლოცვებით შეემატება.

ბატონი თენგიზ ტატუნაშვილი სიამოვნებით მაცნობს სოფლის წარსულს: "დირბი საბატონო სოფელი არ იყო. სამღვდელოება - კონსტანტინოპოლიდან ჩამოსული ბერძენი ბერები მართავდნენ სოფელს. ისინი ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში მოღვაწეობდნენ, დღეს იქ დედები დამკვიდრდნენ.

მამაჩემი გენო ტატუნაშვილი თურმე ბერძენ ბერებს ემსახურებოდა. ამუშავებდნენ და საზღაურსაც უხდიდნენ. ბერძნები გვარად - კონსტანტინიდები იყვნენ. რევოლუციის მერე დატოვეს აქაურობა. ერთი მათგანი ქარელში დასახლებულა. მამაჩემი მეტყოდა ხოლმე, დიდი დარბაისლური წეს-ჩვეულებები ჰქონდათო. ნაწვიმარზე დიდი კალათებით ლოკოკინებს მაგროვებინებდნენო. მამები ხშირად იწვევდნენ თურმე ტრაპეზზე, გლეხისშვილობას არ აგრძნობინებდნენ. ლოკოკინაც მათთან დაუგემოვნებია - თავიდან მწვადი ჰგონებია... ჩვენს სოფელში არაერთი ღირსეული ადამიანი ცხოვრობდა. მწერალი სოფრომ მგალობლიშვილი აქაური გახლდათ. ამ გვარისშვილები დღეს აქ აღარ ცხოვრობენ, ბოლშევიკებმა ბევრი ოჯახი გადააშენეს. მეზობელ სოფელ ძვილეთში აზნაურ ტატიშვილებს დაერივნენ, თავები მოჰკვეთეს, აკვანში ბავშვები ჩაუხოცეს... სოფრომ მგალობლიშვილის სახლში დღეს საავადმყოფოა. მახსოვს, რა დარბაისელნი და განათლებულები იყვნენ მგალობლიშვილები...

აღდგომის შემდეგ დირბელები განსაკუთრებით აღნიშნავენ ზედაჯვრობის დღესასწაულს. ეს ტრადიცია მამა-პაპადან მოდის. ბევრი სტუმარიც ჩამოდის. ამ დღისთვის საგანგებოდ ვემზადებით. ტაძრის ახლოს, დიდ მინდორზე ვიკრიბებით. ყმაწვილები ჭიდაობენ, სხვა გართობებსაც იგონებენ. გვყავდა კიდევ ერთი კარგი მწერალი, სოსო იორამაშვილი. ის მიყვებოდა ხოლმე ბიჭობის დროინდელ ამბებს. თურმე მამაჩემი მისი ფალავანი ყოფილა. ბიჭები ჯგუფებად ვიყოფოდით და ჩვენ-ჩვენს ფალავანს ვირჩევდითო. ეს ჩვეულება დღემდე შემოვინახეთ.

აქ სახლობენ კალმახელიძეები, წივწივაძეები, იორამაშვილები, კოჭუაშვილები, თეთრუაშვილები, მურაჩაშვილები, ტეტუნაშვილები, ხათანაშვილები, მაზმიშვილები, გულიაშვილები, დოლიაშვილები, გოგალაძეები და სხვები.

წინათ სოფელი მდინარე ფრონეს მარცხენა მხარეს ყოფილა გაშენებეული, მერე მარჯვენა მხარეს გადმოსულა. იმ ადგილს სერს, ნაკედლარებს ვეძახით.

სტუდენტობამდე უნივერსიტეტში მომიწია მუშაობა. მაშინ ნიკო კეცხოველი იყო რექტორი. როცა გაიგო, დირბელი ვიყავი, ხუმრობით მკითხა, - მეზურნე ხომ არა ხარო. თქვენი სოფლელები ძალიან კარგი მუსიკოსები იყვნენო. ჩემი სოფლიდან, ტყვიავიდან საგანგებოდ გადმოვდიოდით და მედუდუკეები მიგვყავდა დღესასწაულებზეო. მათი სახელებიც კი ახსოვდა - სინო იმერლიშვილი, გოლა ქვრივიშვილი, სარდიონ გოგალაძე...

KARIBCHEახლა რომ ასეთი გამართული კარმიდამოები გვაქვს, წინათ ასე კი არ იყო. მოსახლეობა მიწურებში ცხოვრობდა თურმე. ახლაც არის შემორჩენილი იორამაშვილების სახლი - დანგრევის პირასაა მისული. ჩემს ეზოში ტატუნაშვილების ცხრა ოჯახი ცხოვრობდა. წარმოიდგინეთ, რა სივიწროვე იქნებოდა... მეც მოვესწარი ბავშვობაში ერთ ოჯახს, რომელიც მიწურში ცხოვრობდა. მისი სახლის ბანზე ჩიკორს ვთამაშობდით ხოლმე.

სოფელში რამდენიმე ტაძარია - წინათ, ჩანს, დირბში სომხებიც ცხოვრობდნენ და ყოველთა წმინდათა ეკლესია დაუსაკუთრებიათ. სახე შეუცვალეს და შიგ წისქვილიც მოაწყვეს. წმინდა თეოდორე ტირონის ტაძარი ჩემს ბავშვობაში მკვიდრად იდგა, მაგრამ კომუნისტებს საწყობად ჰქონდათ გამოყენებული და დაინგრა. ღვთისმსახურება 70-80 წელი არ აღევლინებოდა.

- როგორი ხალხი ხართ დირბელები, ხასიათი როგორი გაქვთ?

- ვერ ვიტყვი, რბილი ბუნებისანი ვართ-მეთქი. ჩვენს მეზობელ ტახტისძირსა და ბრეთში უფრო რბილი ხასიათის ხალხი ცხოვრობს. ტახტისძირში უმეტესობა რაჭიდან ჩამოსახლებულები მკვიდრობენ, ბუნებითაც და მეტყველებითაც განსხვავებულნი იყვნენ. დღემდე აღარ მოჰყვათ რაჭული კილო.

ადრე სოფელში ნაკლებად მისდევდნენ რელიგიას, თუმცა ამას დედაჩემზე ვერ ვიტყვი - დილა-საღამოს ლოცვას არ გამოტოვებდა. ბოლო წლებში ძალიან შემობრუნდა ხალხი ეკლესიისკენ. ვცდილობთ, გვერდით დავუდგეთ ეკლესიას, როგორც შეგვიძლია, ისე ვეხმარებით".

ტახტისძირი
დირბის ზევით ტახტისძირი და დვანია. მამა იოანეს (ოხანაშვილი) კურთხევით, ტახტისძირში დირბის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა ნატალია გამომყვა.

1884 წლის გაზეთ "დროებაში" სოფრომ მგალობლიშვილი წერდა: "ფრონის ხეობა იწყება სოფელ ყორნისიდამ ერთი კავკასიონის მთის ტოტიდამ და მოდის ჩრდილოეთიდამ სამხრეთისაკენ; ქვევითა და ქვევით ხეობა ფართოვდება, ბოლო ეხსნება სრულიად ფრონის მდინარეს მტკვრის ჩასართავთან. ამ ხეობის სოფლები დაფენილნი არიან ვენახ-ბაღებით, კაკლის ხეებით, რომლითაც უფრო განთქმულია სოფელი დირბი და ავნევი. სახნავ-სათესი, ვენახ-ბაღები სოფლების დირბისა, ტახტისძირისა და არკნეთისა შეადგენენ ბერძნების მონასტრების კუთვნილებას. დირბი და ტახტისძირი ეკუთვნიან იერუსალიმის ქრისტეს საფლავის მონასტერს. სოფელი არკნეთი კი, მგონი, ათონის მთას ეკუთვნის. ამათ გარდა, დიდ ლიახვზე მდებარე სოფელი მეღვრეკისიც საბეროა, ე.ი. სამონასტრო. როგორც გამიგონია, ეკუთვნის სინას მთას. ქართლის გარდა, ამ მონასტრებს აქვთ მამულ-ადგილი კახეთში. უფრო იერუსალიმის ქრისტეს საფლავის მონასტერს; აქვთ აგრეთვე ქ. თბილისში; დღეს თბილისში ბერების ეკლესიას შეადგენს ჯვარისმამის ეკლესია. ამ ეკლესიას, როგორც ვიცით, აქვს სახლები, დუქნები. ყველა ამ ჩამოთვლილი მამულების შემოსავალი იკრიფება მოურავებისაგან, რომელნიც დანიშნულნი არიან მონასტრებისგან და შემოსილნი არხიმანდრიტის ხარისხით. 70-იან წლებში მამულები ჩამოართვა მმართველობამ ხსენებულ მონასტრებს, მაგრამ იერუსალიმის პატრიარქმა გამოსთხოვა ხელმწიფე იმპერატორს და ხელმეორედ ებოძათ. ეს მამულები შეწირულა დოღლაძისაგან. მაგრამ ვისგანაც უნდა იყვეს შეწირული, ეს ეხლა ჩვენთვის სულერთია. საქმე მხოლოდ ის არის, რომ საქართველოს მეფეებს თუ კერძო პირებს იმიტომ შეუწირავთ, რომ ხსენებული მონასტრები: იერუსალიმისა, სინასი და ათონისა ყოფილან ქართველი ბერების ხელში. შემდეგ, ჟამთა ვითარებისა გამო, ქართველები გამოუდევნიათ ბერებს, მონასტრები მათ ხელში გადასულან და აქედან - მამულიც. ჩანს, რომ მონასტრებში იყვნენ და იღვწოდნენ ქართველები და შესწირეს იმიტომ, რომ უცხო მხარეში ამ მამულით ერჩინათ თავი. დირბში და ტახტისძირში იშვიათად შეხვდებით ძმათა გაყრას, მომეტებულად ერთად ცხოვრობენ რამდენიმე ძმა და ამიტომ შეძლებულადაც ცხოვრობენ".

KARIBCHEტახტისძირში გველოდებოდა სქემმღვდელმონაზონი ნიფონტი (ქევხიშვილი), პეტრე-პავლეს სახელობისა და დვანის კვართის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრების წინამძღვარი. ვიდრე მასთან საუბარს შემოგთავაზებდეთ, მანამდე ერთი ტახტისძირელი ქალბატონის გულისნადები მინდა გაგანდოთ. ჟენია ბებო გვიამბობს: - ძალიან კარგი და ლამაზი სოფელია ტახტისძირი, დაახლოებით 150 ოჯახი ცხოვრობს. მაინცდამაინც მდიდარი არ არის, მაგრამ გამტანიანობა გვაქვს. როგორც შეგვიძლია, მეზობლები ისე ვეხმარებით ერთმანეთს. დიდ-პატარა მუხლჩაუხრელად შრომობს, ვინც ხელმოკლედაა, სამუშაოდ თბილისში მიდის. ტახტისძირში ცხოვრობენ: არბოლიშვილები, ბარამაშვილები, ბაციკაძეები, ბერძენიშვილები, გამრეკელაშვილები, გრძელიშვილები, თედიაშვილები, თურმანიძეები, კობახიძეები, კულუმბეგაშვილები, ლაღოშვილები, ნახუცრიშვილები, ნებურიძეები, სამხარაძეები, სტეფნაძეები, ხათაშვილები, ჯაფიაშვილები.

ჩვენი გვარი, ბაციკაძეები, რაჭიდან ჩამოსახლებულა სოფელ ერედვში, იქიდან ერთი ოჯახი ტახტისძირში გადმოსულა და გამრავლებულა.

კარგად მახსოვს, ჩემი მშობლები პეტრე-პავლეს ტაძარში დადიოდნენ და ლოცულობდნენ, თუმცა კი მოძღვარი არ გვყავდა. კომუნისტებმა კოლმეურნეობის საწყობად და ბეღლად აქციეს ეკლესია. ბავშვებს არ შეგვეძლო ტაძარში შესვლა. გარეთაც ვერ ვანთებდით სანთლებს - მაშინვე გაგვრიცხავდნენ პიონერთა რიგებიდან, კომკავშირიდან. მადლობელი ვარ ღვთისა, რომ ახლა უფლის დიდებას არავინ გვიშლის. რელიგიურ დღესასწაულებს წესისამებრ აღვნიშნავთ. ჩვენი მოძღვრები ძვირფასი ადამიანები არიან. პირველად მამა იოანე ოხანაშვილი გვყავდა, მერე - მამა შალვა, ახლა - მამა ნიფონტი... ტაძარში სულიერად ვისვენებ.

- ტახტისძირი რატომ ჰქვია თქვენს სოფელს?

- ჩვენს სოფელთან დიდი გორაა, ტახტის სერი ჰქვია. თურმე იქ თამარ მეფის ტახტი დაუდგამთ. ამიტომ იმ ადგილს ტახტის სერი დაარქვეს, სოფელს - ტახტისძირი. მინდორს ცოტა რომ გასცდები, იქვეა ნასახლარებიც. ამბობენ, ამ მინდორში წინათ პატარა ქალაქი იყოო. მერე მორიელი მომრავლებულა და დაუხოცავს ხალხი. ის ადგილი არც იხვნება და არც ითესება, არაფერი მოსავალი არ მოდის. ამიტომ დაერქვა ნაკედლარი, ნასახლარი.

დვანი
ფრონეს ხეობა, როგორც აღვნიშნეთ, შედგება სამი მდინარისაგან: დვანის ფრონე, ფცის ფრონე და ალის ფრონე.

დვანის ფრონე პატარა მდინარეა, ვახუშტი ბატონიშვილი მას უწოდებს დვანის წყალს. მისი სათავე ნორბნისში იწყება და ავნევთან ერთვის ავნევის წყალი, დვანში - მდინარე მტილიანა. დვანის ქვევით - საკვირიკის ხევია და დვანიდან ფრონეს თავისი შენაკადებით ეწოდება დვანის წყალი, რომელიც ერთვის მტკვარს ქარელთან.

დვანი საკმაოდ დიდი სოფელია. წინათ მოსახლეობა მაღლობზე ცხოვრობდა, მაგრამ უწყლობის გამო მდინარე ფრონეს ნაპირას ჩამოსახლებულან. დვანი ცნობილია არქეოლოგიური აღმოჩენებით. ისტორიული ძეგლები, ჩანს, მტრების შემოსევის გამო განადგურებულა. სერგი მაკალათიას მიხედვით, აქედან ძველი მოსახლეობა თითქმის აყრილია. რუისის 1715 წლის საეკლესიო დავთრის მიხედვით, ძველი გვარებიდან დღეს აქ ცხოვრობენ: მამაგულაშვილები, ივანაშვილები, კოპაძეები, კობახიძეები. სოფელში გორაკზე პატარა ეკლესიაა, რომლის წარწერა გვამცნობს: "ქ. იწროსა სამარეს: მდებარე პატა: ყარლას: შვილი: და მემცხედრეს: რატიშვილის ასული ხახუა: ვინც შენდობა ბრძანოთ, შეგინდოს თქვენც. 1697წ."

დვანის ეკლესია, წმინდა გიორგი კვართისა, კოხიჯვრის სახელითაა ცნობილი და VI საუკუნის III მეოთხედით თარიღდება. გვიან ფეოდალურ ხანაში ეკლესიის გარე კედლებისთვის რიყის ქვით დაუშენებიათ მაღალი თავდაცვითი კედლები.

ეკლესია ნაგებია მომწვანო-მორუხო ფერის ნატეხი ქვით. მას გალავანიც ჰქონია, ცოტა მოშორებით, საკვირიკეში, ყოფილა პატარა ეკლესია სამება, რომელიც გალავანთან ერთად დანგრეულა. 1899 წლის "ცნობის ფურცლის" მიხედვით: "სოფელ დვანში იცის დღეობა, კოხიჯვრობა. არც იქ იყო მშვიდობიანობა. ჭიდაობის დროს ერთმა მეორე წამოიკიდა, დასცა ძირს და გული წაუვიდა. ერთმა თავადმა მომრევს სილა გასცხო, იმას სხვა თავადი გამოექომაგა და იძრეს ჯერ რევოლვერები, შემდეგ ხმლები, მაგრამ საჩქაროდ გააშველეს. კარგი იქნება, რომ დღეობაში წესრიგი გასწიონ ხოლმე. ისე, სოფელი დვანი შემკულია მშვენიერის მდებარეობით, აქაური ვენახი მთელ ქართლშია ცნობილი... აქაური ღვინო თითქმის შეედრება კახეთის ღვინოს, რის გამოც კარგ ფასად იყიდება. პურის მოსავალიც საკმარისი მოვიდა. აქაური სოფელი სხვა სოფლებთან შედარებით ძალიან დაწინაურებულია".

დვანში სახლობენ: ახალკაცები, ბეჟანიშვილები, ბლიაძეები, გიუნაშვილები, მამაგულაშვილები, ივანიშვილები, კახნიაშვილები, კომახიძეები, კაპაძეები, კორაშვილები, ლაზარაშვილები, მახაჭაშვილები, მედოიძეები, მეკარიშვილები, მეტრეველები, მინდიაშვილები, მწყერაძეები, ქოქოშვილები, ყაულაშვილები, ჩოჩიშვილები, ჩუხრუკიძეები, ცაბაძეები, წერეთლები, ხეთაგურები და სხვა.

დვანის დღევანდელ ყოფაზე ნიკოლოზ მამაგულაშვილს ვკითხე - ნიკოლოზი სტუდენტია და როცა დროს გამოძებნის, დვანში გარბის ხოლმე.

- დვანი ორად იყოფა - ზემო და ქვემო დვანად. ჩვენ ქვემოში ვცხოვრობთ. ზემო დვანი უფრო ოსური სოფელია. მას მტილიანსაც ეძახიან, აქაური მდინარის სახელწოდების მიხედვით. დვანში ორი ტაძარი გვაქვს: კვართის წმინდა გიორგი და სამებისა. ადრე ნიშებიც მდგარა. გადმოცემით ვიცით, რომ 1859 წლამდე სამებაში სამონასტრო ცხოვრება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება, როგორც ყველგან, აქაც ჭირს, სარწყავი წყლის პრობლემაც გვაქვს, სოფელი არ იცლება. ახალგაზრდებიც მრავლად ცხოვრობენ. საშუალო სკოლაში 200 ბავშვი სწავლობს.

რწმენა და ღვთის სიყვარული არ განელებიათ აქაურებს. რაც მამა ნიფონტი აკურთხეს ჩვენთან, მრევლი გაძლიერდა. მაზიარებლები და აღმსარებლები გახდნენ ახალგაზრდებიც და ძველი თაობის ადამიანებიც.

გელა თაბუაშვილის თქმით კი დვანში უბნები გვარების მიხედვითაა დაყოფილი. მაგალითად, არის მამაცაანთ უბანი, კოკაანთუბანი, მახაჭაანთ, ქოქუაანთ უბანი. ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს დვანში. ჭირსა და ლხინში ერთმანეთს გვერდში უდგანან. წლების განმავლობაში უხიდობის გამო დვანში მიმოსვლა ჭირდა. დღეს ხიდი გაკეთდა. აქაურები ძირითადად მეხილეობას და მებოსტნეობას მისდევენ. თაობები მოდიან, ზოგი თბილისში წავიდა სამუშაოდ, სასწავლებლად, მაგრამ სოფლი არ იცლება.

მოძღვარი
ტახტისძირის წმინდა პეტრე-პავლეს და დვანის კვართის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრებს სქემმღვდელმონაზონი ნიფონტი (ქევხიშვილი) წინამძღვრობს. მამა ნიფონტის აქ ყველა დიდი სიყვარულით იხსენიებს - ნამდვილი მწყემსი კეთილია ჩვენი მოძღვარიო.

მამა ნიფონტი სევდიანად მიყვებოდა თავის წარსულზე. მეუღლის დაღუპვის შემდეგ, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, მამა არჩილი სქემმღვდელმონაზონი ნიფონტი გახდა. მოძღვარი გულმოდგინედ და შემართებით მწყემსავს თავის სამწყსოს, თითოეულს მადლით სავსე სიყვარულს უნაწილებს. შეუძლებელია, მამა ნიფონტისთან მცირე ხნის ურთიერთობის შემდეგ ღვთის სიყვარული არ გაგიღრმავდეს.

KARIBCHE

- კომუნისტების დროს ნახევრად დანგრეული და დარბეული ტაძარი საქეიფოდ ჰქონდათ გამოყენებული, - მიყვება მამა ნიფონტი, - შემდეგ, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, ამ ტაძარში იღუმენი იოანე (ოხანაშვილი) აკურთხეს. მისი ხელშეწყობით ამოქმედდა ეკლესია. მე აქ ჭავჭავაძეების ოჯახში ვცხოვრობ. მამა იოანეს მოსვლამდე არქიმანდრიტი ზაბულონი ამოდიოდა, პარაკლისებს ატარებდა და ხალხს უქადაგებდა. ამ ოჯახმა სწორედ მისი კურთხევით შეაკეთა და შიგნიდან გალესა ტაძარი. მერე სოფელმაც გამოიღო ხელი. მამა იოანეს მოსვლის შემდეგ კი აღევლინება ღვთისმსახურება. აქ ძალიან მშრომელი ხალხი ცხოვრობს. პატივისცემა და მოკრძალება აქვთ სასულიერო პირის მიმართ. ნელ-ნელა იწყებს ხალხი ეკლესიურ ცხოვრებას. უფრო მეტად ბავშვები ესწრებიან წირვა-ლოცვებს. რადგან დვანში ტაძარი ჯერ არ ამოქმედებულა, იქაურები ტახტისძირის ტაძარში დადიან. ბევრი გახდა აღმსარებელი და მაზიარებელი. დვანში VI საუკუნის კვართის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია. ერეკლე მეფის დროს საგუშაგო კოშკად გადაუკეთებიათ. ახლა ვაპირებთ ტაძარს პირვანდელი სახე დავუბრუნოთ, უფლის შეწევნით და კეთილი ადამიანების შემოწირულობით და დახმარებით აიგოს ტაძარი. დიდი სურვილი მაქვს იქ მამათა მონასტერი დაარსდეს. ერთი მხრით იგი ქართულ სოფლებს გადმოჰყურებს, მეორე მხრიდან კი ოსურ სოფლებს (რომლებიც ცხინვალის რეგიონს ეკუთვნის). დაძაბულობა მართლაც არის. ღამე სროლის ხმა ისმის... ოსების 80% მაინც კარგადაა განწყობილი. მშვიდობა უნდათ.

ჯერჯერობით ეკლესიურ ცხოვრებას ვერ ახერხებენ იქაურები. ეშინიათ, საზღვარს ვერ კვეთენ - მოღალატეებად არ გამოგვაცხადონო. კვართის წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში ოსებიც არიან დაკრძალულნი და ქართველებიც. ნელ-ნელა უკვე ამოდიან ოსები და რომ ხედავენ ტაძარში მღვდელს, მშვიდდებიან და განგებას ენდობიან. რამდენჯერმე ლოცვასაც კი დაესწრნენ. მპირდებიან, ტაძრის ამოქმედების შემდეგ საღვთო ლიტურგიაშიც მივიღებთ მონაწილეობასო.

ბავშვობიდან სურვილი მქონდა უფლისთვის მიმეძღვნა თავი. განმარტოებული ცხოვრება მომწონდა, ვეღარ ვეგუებოდი ჩემი ასაკის მეგობრებს. ვეღარ გავჩერდი ერში და 17 წლიდან მონასტერში წავედი, ორი კვირა დავრჩი დავითგარეჯში. მომეწონა მონასტრული ცხოვრება. 18 წლისა უკვე საბოლოოდ წავედი მონასტერში და ექვსი წელი ვიცხოვრე. მერე გადავწყვიტე ერში დაბრუნება და დაოჯახება. ერთი წელი სასულიერო სემინარიაში ვისწავლე, მერე სვეტიცხოველში ვმედავითნეობდი. მეუფე იობმა თავისთან წასვლა შემომთავაზა. მეუფეს ტრადიციად აქვს ბრწყინვალე შვიდეულში ეკლესია-მონასტების მოლოცვა. დავითგარეჯიდან მოყვება და ამთავრებს სამთავროში. იქიდან წამომიყვანა მეუფემ, სემინარიიდანაც წამოვედი და დიაკვნად მაკურთხა თეთრ სამღვდელოებაში. ერთ წელში მღვდელი გავხდი და დამადგინა დვანსა და ტახტისძირში. ადამიანში შემთხვევით არასდროს იბადება მონასტრული ცხოვრება, მონაზვნური სული. ეს ყველაფერი ღვთისგანაა დადგენილი. ოჯახი შევქმენი, მაგრამ მეუღლე ავარიაში დამეღუპა და ვერ ავცდი ბერულ ცხოვრებას. ახლა სქემმღვდელმონაზონი ვარ.

მჯერა, რომ როგორც კი აღდგება კვართის წმინდა გიორგის ტაძარი, ძალიან დათბება, მოლბება ურთიერთობა ოსებთან, რუსებთანაც, ქართველებშიც. კვართის წმინდა გიორგის და პეტრე-პავლეს ტაძრის მადლი ძალიან მფარველობს ამ ორ სოფელს.

უდიდესი ნუგეშია ამ ხალხისთვის სასულიერო პირის დანახვა. აფასებენ ისე, თითქოს ქრისტეს. მოდიან, მესაუბრებიან, ბევრი რამ აინტერესებთ. მიწასთან მუშაობა ძალიან აახლოებს ადამიანს უფალთან. წმინდა სერაფიმე საროველი ამბობს: სიარულისას ხშირად მიწას უყურეთ, თუ გინდათ თქვენმა თვალებმა ნაკლები ცოდვა აიღონო. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მიწა ვართ და მიწად ვიქცევითო.

ძალიან მიხარია, რომ ახალი თაობა მოდის ტაძრში. მიხარია, რომ მცირდება იეღოველთა და ბაპტისტთა რაოდენობა. რამდენიმე ოჯახი დაუბრუნდა კიდეც დედაეკლესიას. დადიან ტაძარში და აღმსარებლები გახდნენ. ვთხოვ უფალს, შემაძლებინოს და მომცეს მადლი იმისა, რომ გავუძღვე ამ ორ სოფელს.
ბეჭდვა
1კ1