ბებნისი
ბებნისი
ჩვენს ქვეყანაში რა გამოლევს მადლით სავსე მშვენიერ სოფლებს. ბებნისიც შიდა ქართლის კოხტა და ლამაზი სოფელია (ქარელის რაიონი).

პირველად იგი მოხსენიებულია 1609 წლით დათარიღებულ ერთ საბუთში: მანუჩარ სამცხის ათაბაგმა დედის, სიმონ I-ის ასულის, ელენეს სააღაპოდ რუისის ღვთაების ტაძარს შესწირა ბებნისის მოსახლე "ხურანიელნი". მასში ნათქვამია: "სრულიად ხურანიელნი, ბებნისის მსახლობელნი, და როცა ამ ქუეყანასა იყუნენ და ან იქიდამღა ჩამოვიდნენ... ვინცა ხელყოს შეცვლად... რა უფლება არს ჩუენდა მესხურთა და ჯავახურთა მამულსა ზედა". აქ ლაპარაკია ჯავახეთის სოფელ ხორენიაზე, რომლის მცხოვრებლებიც ქართლში გადმოსულან და ბებნისში დასახლებულან. სწორედ ეს ხალხი შეუწირავს მანუჩარს რუისის ღვთაებისთვის.

ვახუშტი ბატონიშვილს და იოანე ბაგრატიონს ბებნისი შეყვანილი ჰყავთ ლიახვის ხეობის სოფლების სიაში.

ბებნისი საეკლესიო სოფელი იყო. 1804 წელს იქ ცხოვრობდა 18 კომლი (138 კაცი). მათგან 15 - რუისის ღვთაების ეკლესიას, 2 - მაჩაბელს, 1 კი საკათალიკოსოს ეკუთვნოდა.

1818 წელს ბებნისში ცხოვრობდნენ: არავიაშვილები, არდემანაშვილები, ბერიკაშვილები, ელიაშვილები, შოშიაშვილები, სიმონიშვილები, აკოფაშვილები, ქურციკიძეები, ასპინძელაშვილები, სავანაძეები, დემეტრაშვილები, ოქროპირიძეები. შემდეგში შემომატებიან: ამბროლაძეები, გელაშვილები, მინაძეები, პატარიძეები. სოფელ ტირძნისიდან მოსულან ტატუნაშვილები, ქუმსიშვილები, იმერლიშვილები - იგივე ქურციკიძეები, ღონღაძეები, მენაბდიშვილები - იგივე მინაძეები, კოშორიძეები, ქესანაშვილები, ბერინაშვილები, წიქარიშვილები (მოსულან ზემოხვედურეთიდან).

ბებნისის ტერიტორიაზე, ბერიკლდეებში მიკვლეულია უძველესი ნასოფლარი.

KARIBCHEბებნისის - ამ უძველესი სოფლის შესახებ 1898 წლის გაზეთი "ივერია" წერს: "ბებნისი ამ ბოლო ხანში ეკონომიურად დაქვეითების გზას ადგია: აქაური მცხოვრებლების სადგომები უფრო ნაოხრებსა ჰგავს, ვიდრე სადგომებს. მკაცრმა ზამთარმა ვენახებს ბოლო მოუღო - ზოგმა ძირში აჩეხა და ზოგმა ფესვიანად ამოყარა ვაზი. მართალია, ღვინის მოსავალი არც წინათ იყო თვალსაჩინო, მაგრამ იმდენი მაინც მოდიოდა, რომ გაჭირვების დროს ღვინო საყიდელი არა ჰქონდათ. ახლა კი თხილის შეჭამადი რომ სჭამონ, დიდ საკვირველებად მიაჩნია აქაურს გლეხს და ზიარებისთვის ხომ ზედაშეც არ იშოვება ბებნისში.

ბებნისი, როგორც სხვა ამ მხარის სოფლები, წვრილფეხის მოშენებას მისდევს. ამითი აქაურნი მცხოვრებნი წვრილმან მოთხოვნილებას იკმაყოფილებენ. სტუმარს იმითი ჰმასპინძლობენ. რაც ამ მოთხოვნილებას გადარჩება, ჰყიდიან. ბებნისელების საჭირვარამოდ წელს პურის მოსავალიც ნაკლები იქნება.

რას აკეთებენ ამ დროს ჩვენი ხევის თავები?"

ამავე წლის "ივერიაში" ამოვიკითხე ისიც, რომ იქ ყოფილა მშვენიერი მხატვრობიანი პატარა ტაძარი, რომლის კარებზე აწერია, რომ ეს ტაძარი აშენებულია დიდის მოურავის, გიორგი სააკაძის მიერ. რომელი წმინდანის სახელზე - უცნობია.

წირვა წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ტაძარში
ბებნისს წმინდა თეოდორე ტირონის ხსენების დღეს ვეწვიე. ამ დღეს ბებნისელები განსაკუთრებულად აღნიშნავენ. წირვაზე დასასწრებად ეკლესიის გზას დიდი თუ პატარა სიხარულით მიუყვებოდა. წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ტაძარში იმ დღეს მეუფე იობმა აღავლინა სადღესასწაულო ღვთისმსახურება. ბევრი ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს. მსახურებაზე ბერ-მონაზვნობის სიმრავლეც შეიმჩნეოდა.

"კარიბჭის" მკითხველს ვთავაზობთ მეუფე იობის ქადაგებას: "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ჩვენთან არს ღმერთი! მოგილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის დიდი წმინდანის, თეოდორე ტირონის ხსენება. ის გამორჩეული წმინდანია. სიცოცხლეშიც ძალიან დიდ სასწაულებს იქმოდა და ღვთის დავალებით - სიცოცხლის შემდეგაც...

იულიანე განდგომილმა, რომელიც თავიდან მართლმადიდებელი იყო და შემდეგ გახდა წარმართი, გადაწყვიტა, მართლმადიდებელ ქრისტიანთა მარხვა წაებილწა. ბრძანა, ნაკერპავი სისხლი მოეპკურებინათ ბაზარში ყველა საჭმელზე. ამ დროს ამ ქალაქის მღვდელმთავარს ხილულად გამოეცხადა წმინდა თეოდორე ტირონი, იმპერატორ მაქსიმიანეს დროს წამებით აღსრულებული წმინდანი, და უთხრა, - უსჯულო იმპერატორმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღოო და ურჩია, - მოუხმეთ და უთხარით თქვენს მრევლს, სავაჭროდ არ წავიდნენ. მოზიდეთ ხორბალი, მოხარშეთ, დაურიგეთ მრევლსო (წანდილის კურთხევა სწორედ იმ დროიდან დაწესდა). ამგვარად აიცილა თავიდან მრევლმა მარხვის დარღვევა. ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს მარხვის წმინდად დაცვას.

ჩვენი ბებიები და პაპები მარხვის დროს სუფთად იცავდნენ სადილის მომზადების წესებს. ახალმოყვანილ რძალს ასწავლიდნენ, სადაც სამარხვო კერძს მოამზადებ, ცხიმიანი არაფერი გააკეთოო. ჩვენს წინაპრებს ამისთვის სხვა ჭურჭელი ჰქონდათ. დარწმუნებული ვარ, რომ თეოდორე ტირონის ასეთი სასწაული ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ. ჩვენ მომავალ თაობას უნდა ვასწავლოთ ეს. ზოგისთვის სულერთია, რა საჭმელი გაკეთდება ამა თუ იმ ჭურჭელში. წმინდად უნდა იყოს დაცული წესი. ჭურჭელი ან უნდა გამოიხარშოს, ან საგულდაგულოდ გაირეცხოს.

ასე უნდა გავუფრთხილდეთ და წმინდად დავიცვათ მარხვა და უფალი წყალობასა და მადლს მოგვანიჭებს. პირველი მარხვა, როგორც იცით, დაწესდა სამოთხეში, როდესაც ადამსა და ევას ღვთისგან ცნობადი ხისგან ნაყოფის მიღება აეკრძალა. ეშმაკის შთაგონებით დაარღვიეს მარხვა და დაკარგეს სამოთხე, ნეტარი ცხოვრება. მარხვის დარღვევამ მოგვიტანა მოკვდავობა, ცოდვა და ახლა უკვე იძულებული ვართ, სასუფეველი ცათა იძულებით მოვიპოვოთ. ზოგმა იცის, ილოცეთ ჩემთვისო. ეს არ არის საკმარისი. პირადად თქვენ უნდა იღვაწოთ, რათა სწორად დაიცვათ მარხვა. ერთმანეთისთვის ლოცვა აუცილებელია, მაგრამ ამის იმედზე ყოფნა არ შეიძლება. ძალიან მიყვარს უფლის სიტყვები - "სადაც არის საუნჯე შენი, იქ არის გული შენი". ეს განსაზღვრავს ჩვენს სულიერებას, ჩვენს გადარჩენას.

ჩვენი გული თუ მიჯაჭვულია მიწიერს, წარმავალს, ღმერთამდე ვერ მივალთ, უფალს და ღვთის მადლს ვერ შევიგრძნობთ. მთლიანად ეკლესიური ცხოვრება სულიწმინდის მადლითაა გამსჭვალული.

ხშირად უდროობის საბაბით მარხვას არ ვინახავთ. ამით ჩვენს თავს ვნებთ და უარს ვამბობთ სასუფეველზე... ადამიანი, რომელიც დაცილებულია ღმერთთან, მკვდარია სულიერად. ვინც ეკლესიურად ცხოვრობს, აღსარებას ამბობს, მარხულობს, ეზიარება - ღმერთთანაა კავშირში. გული უნდა შეგვტკიოდეს ურწმუნო, არაეკლესიურ ადამიანზე. რომ წარმოვიდგინოთ, რა არის ჯოჯოხეთი, თავს დავდებთ უცნობი ადამიანის გულისთვისაც კი. მეტი მონდომება, ქადაგება და სიყვარულია საჭირო, რათა ხალხი მოვიყვანოთ ეკლესიაში, ღმერთამდე. რამდენ ადამიანსაც გადავარჩენთ და მოვიყვანთ ეკლესიაში, იმდენი ცოდვა წარიხოცება ჩვენი ცხოვრებიდან, იმდენი ცოდვა გვეპატიება.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ - თეოდორე ტირონის ლოცვა შეგეწიოთ თქვენ, სრულიად საქართველოს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს.

გილოცავთ სასულიერო პირის შემომატებას. დღეს ვაკურთხე მღვდელი მამა გიორგი. ეს არის დიდი სულიერი ძალის მომატება არა მარტო ჩვენი ეპარქიისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. მისი სახით მწყემსი მივიღეთ, რომელსაც ჩაბარდება თითოეული თქვენგანის სული. ის პასუხს აგებს არა მარტო თავის ცოდვებზე, არამედ თითოეულზე, ვინც მასთან მივა, დაემოწაფება და მისი სულიერი შვილი გახდება.

ღმერთმა გააძლიეროს ახალნაკურთხი მამა გიორგი. დალოცვილი და გახარებული ყოფილიყავით. ჩვენთან არს ღმერთი!"

***
წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ტაძართან 26 სექტემბერს დედათა მონასტერი დაფუძნდა. იმ დღეს მობრძანებულ სტუმრებს დედები მასპინძლობდნენ.

KARIBCHEდღესასწაულზე უამრავ ბებნისელს მოეყარა თავი. ქალბატონი ლეილა შოშიაშვილისგან გავიგე, რომ წინათ ბებნისში ბერები ცხოვრობდნენ და ამის გამო დარქმევია სოფელს ბებნისი. მახლობელ კლდეებს ხალხი ბერის კლდეებს ეძახის. თევდორობის აღნიშვნა აქაურებს ტრადიციად აქვთ ქცეული.

"ბებნისში ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს, ერთმანეთი უყვართ. ერთი ნაკლი კი აქვთ, რომ ჯერჯერობით მარხვას ვერ იცავენ. მადლობა ღმერთს, ტაძარი მოქმედია, მოძღვრები გვყავს. ამაზე დიდი სიხარული განა რა უნდა იყოს. სულიერ განათლებას ვიღებთ მათგან. მონასტერიც გაიხსნა. ბებნისში მართლაც დიდი მადლი სუფევს. დანგრეული ტაძრის აღდგენაზე ზრუნვა, ღვთის განგებით, მე დამევალა. მოსახლეობის დახმარებით და კეთილი ადამიანების შემწეობით დღეს ღვთისმსახურება აღევლინება. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით დედათა მონასტერიც დაფუძნდა".

ქალბატონმა ბელა ცეცხლაძემ მითხრა, - რაც ეკლესია ამოქმედდა, ღვთის მადლით, უკეთესად ვცხოვრობთო. "ტრაგედიამ მომიყვანა ეკლესიაში. 10 წლის შვილი დამეღუპა და მერე მივხვდი, რომ იმქვეყნიურზე უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ, ვიდრე ამქვეყნიურზე. ღვთის მადლით და ჩვენი ტაძრის წინამძღვრის მამა დიმიტრის შემწეობით რწმენაში ვძლიერდებით. ერთი შვილი მყავს და მასაც იმავეს ვუნერგავ", - მითხრა ქალბატონმა ბელამ.

***
თეოდორე ტირონის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა დიმიტრი მიხანაშვილი: "მეუფე იობის მოსვლით ურბნისისა და რუისის ეპარქიაში დაიწყო უდიდესი სულიერი გამოცოცხლება, ეკლესია-მონასტრების მშენებლობა. მეც მივიღე მონაწილეობა ტაძრის გალავნის აღდგენაში. მამა გრიგოლს (თოიძე) რამდენჯერმე შევხვდი, გავესაუბრე. მაშინ არც კი ვიცოდი, რას ნიშნავდა სასულიერო მოღვაწეობა, მხოლოდ პირჯვრის გადაწერა და სანთლის დანთება ვიცოდი. ნათქვამია, მოძღვარი თავისი ცხოვრებით ქადაგებსო და ზუსტად ასეთები იყვნენ ჩემთვის მამა გრიგოლი, მამა შიო (ხარძეიშვილი), მამა სტეფანე (კორინთელი). მათი შემწეობით ვისწავლე ყველაფერი და სულიერად გავიზარდე.

KARIBCHEიპოდიაკვნად მოულოდნელად მაკურთხეს. როცა მძიმე უღელს აიღებ, უკვე ვალდებული ხარ, მთელი პასუხისმგებლობით ზიდო. როგორ ვზიდავ, ეს ღმერთმა იცის.

ქარელში ვცხოვრობ. ერისკაცობიდან ბებნისელებიც მიცნობდნენ და ძალიან თბილად მიმიღეს სასულიერო პირად კურთხევის შემდეგ. გზად მიმავალს ბერიკაცები ქუდს მიხდიან და ისე მესალმებიან, თან პირჯვარს გადაიწერენ ხოლმე. მრევლი მომრავლდა. ტაძრის აღდგენას მოჰყვა დედათა მონასტრის დაარსებაც. მონასტერი ყველა სოფელში უნდა არსებობდეს. მონასტერში დღედაღამ ლოცულობენ ბერ-მონაზვნები. ეს ლოცვა შეისმინება და ვისთვისაც ლოცულობენ, მადლი მათზე გადმოდის. აშკარად იგრძნობა კიდეც ხალხზე მონასტრის მოქმედება. მატერიალურად ბებნისელებს ძალიან უჭირთ, მაგრამ როცა სულიერება დიდია, მაშინ მატერიალურს ნაკლებად უყურებ. მოძღვარი თავისი ცხოვრებით უნდა ქადაგებდეს სარწმუნოებას, ღვთის სიყვარულს. პირადად მე ყოველი ცოდნა მეუფე იობისგან მაქვს შეძენილი. მეუფის ზედმიწევნით პატიოსანი და სულიერი ცხოვრება ჩვენთვის სულიერ ამინდს ქმნის.

ვისურვებდი, რომ ხალხმა ეკლესიურად იცხოვროს. ეკლესიის გარეშე ღმერთთან მიახლოება შეუძლებელია.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. "კარიბჭის" ყველა თანამშრომელს ვუსურვებ ღვთიურ მადლს. მიხარია, რომ თქვენი ჟურნალი ბევრ ადამიანს სიხარულს ანიჭებს".

დედათა მონასტერი
დედათა მონასტერში ოთხი წევრი ცხოვრობს - წინამძღვარი დედა ეკატერინე, სქემმონაზონი იულია, დედა რიფსიმე და მორჩილი ნატალია.

დედა იულია 70 წელსაა გადაშორებული. ამ თბილ და ტკბილ მონაზონთან ყოფნისას აშკარად იგრძნობა ღვთიური მადლი. მცირედმეტყველებს, მაგრამ მის ერთ სიტყვაშიც დიდი სიბრძნეა. მადლიერია ბებნისელების - ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევენ აქაურებიო.

KARIBCHEდედა იულიამ მიამბო: - ჩოხატაურის რაიონიდან წამოვედი სურამში. ძალიან მინდოდა, მონასტერში მეცხოვრა, მაგრამ ბევრი კი არ ვიცოდი მონასტრულ ცხოვრებაზე. მეუფე იობს ძალიან გაუხარდა, როცა ჩემი გადაწყვეტილება ვუთხარი. ცოტა ხანი სურამში დავყავი, მერე სამწევრისში, მთავარანგელოზის მონასტერში. შემდეგ, მეუფის ლოცვა-კურთხევით, ბებნისში დაფუძნდა დედათა მონასტერი და სამწევრისელი დედა ეკატერინე აკურთხა წინამძღვრად. მან მეც თან წამომიყვანა და 2007 წლის 26 სექტემბრიდან ვცხოვრობთ და ვმოღვაწეობთ ბებნისში. საერთოდ მონასტერში ოთხი წელია ვცხოვრობ. მორჩილებაში სამი თვე ვიყავი. სამი თვის შემდეგ მონაზვნად აღმკვეცეს. კიდევ სამი თვის შემდეგ კი სქემმონაზონი გავხდი.

სქემმონაზონს განსაკუთრებით მართებს ტკბილი ლოცვა. ჩემთვის მტერი არ არსებობს. შემიძლია იმ ადამიანებზე ვილოცო, ვინც ძალიან დიდი უსიამოვნება მომაყენა. დღეს აღარაფრად ვაგდებ მათ უსიამოვნებას. ამით სუფთავდება გული.

მადლობელი ვარ ბებნისელების, ღმერთმა ეს ხალხი დამილოცოს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი პატრიარქი, მეუფე იობი, სრულიად საქართველო. მუდამ გახარებულები და გაძლიერებულები ყოფილიყავით.

მონასტრის წინამძღვარი დედა ეკატერინე (ელოშვილი) თეოდორე ტირონის დღესასწაულზე მოსულ სასულიერო და საერო სტუმრებს გულითადად მასპინძლობდა.

დედა ეკატერინეს, ახალგაზრდობის მიუხედავად, გამოცდილება არ აკლია. დედებმა მონასტერი ღვთის წყალობით და აქაურების დახმარებით რამდენიმე თვეში კეთილმოაწყვეს, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.

ეს ადგილი ბებნისელებს საქეიფოდ ჰქონდათ - თეოდორობას აღნიშნავდნენ. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, მონასტრის მშენებლობას დედა რიფსიმე ხელმძღვანელობდა. თავიდან წინააღმდეგობაც შეხვედრია. აქაურებს საქეიფო შენობა არ ეთმობოდათ, მაგრამ ღვთის შეწევნით, ყველაფერი მოგვარდა.

მონასტერმა სოფელში უდიდესი მადლი და სიხარული შემოიტანა. დედები დილის 4-ის ნახევრიდან ემზადებიან ცისკრის ლოცვისთვის. მერე ივერიის ღვთისმშობლის დაუჯდომლის წაკითხვას იწყებენ. 9 საათზე მოდის ჟამნობა, მას მოსდევს ანჩისხატის პარაკლისი. 12 საათზე წმინდა თეოდორე ტირონის პარაკლისს კითხულობენ. 6 საათზე მწუხრია, საღამოს 9-ზე კი სერობის დრო დგება. მონასტერს გალავანი სჭირდება, ტაძარიც სარესტავრაციოა. სამრევლო სკოლის დაარსებასაც ფიქრობენ.

KARIBCHE

ტაძარში წმინდა თეოდორე ტირონის ხატია დაბრძანებული. ღვთისმოსავი ადამიანების შემწეობით დაიწერა ამ წმინდანის ხატი მონასტრისთვის. ხატმწერია შოთა ცინცაძე. "თუ ადამიანი ღვთისთვის სათნო საქმის გაკეთებას გულით მოინდომებს, უფალი აუცილებლად შეეწევა. შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელია ღვთისთვის. ჩვენ რომ მიუღწეველი გვგონია, უფლისთვის ეს არაფერია", - მითხრა დედა ეკატერინემ.

მალე მონასტერში მობრძანდება დოქიარის ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატი, სიონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი. ორივეს შოთა ცინცაძე წერს.

- წინამძღვრობა ძალიან მძიმეა, რადგან პასუხს აგებ არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ მონასტრის წევრებზე. როცა მორჩილებით იღებ ამ ყველაფერს, უფალი გაძლიერებს. თავიდან მთლად უპოვრები ვიყავით. აქაურები ყველანაირად დაგვიდგნენ გვერდში, რისთვისაც მათ მადლობას ვწირავ, - მოკრძალებით მითხრა დედა ეკატერინემ, - ღვთის წინაშე გაკეთებული სათნო საქმეები ყოველთვის შეიწირება და მარადიულობაში დაგვხვდება. ყველას ვუსურვებ, შეძლებოდეს სიკეთის კეთება და ღვთისთვის სათნოდ ცხოვრება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
ბეჭდვა
1კ1