კავთურას ხეობა
კავთურას ხეობა
შუა ქართლის ერთ-ერთი ულამაზესი ხეობა, კავთურას ხეობა კასპის რაიონშია. მას მდინარე კავთურა ჩამოუდის. იგი გამოდის დიდგორის ქედიდან და ყველაზე დიდი შენაკადი, გუდალურა, სოფელ კავთისხევთან უერთდება. კავთურა მტკვარს სოფელ ხანდაკთან შეერთვის.

"კავთურა" კავს - კავიან ჯოხს ნიშნავს. ერთი მეცხვარე, გვარად ლომიძე, თურმე ცხვარს აძოვებდა კავთურას სათავეზე. ნანგრევში რაღაც ბრჭყვიალა ნივთი შეუმჩნევია, შეუყვია კავიანი ჯოხი და ხატი გამოუტანია. ეს ხატი იქვე დაუსვენებიათ და აუგიათ კავთის წმინდა გიორგის პატარა ეკლესია. ამ ისტორიული კავის გამო ადგილსა და მდინარესაც კავთა დარქმევია. ლომიძისთვისაც გვარი კავთიაშვილად შეუცვლიათ.

სერგი მაკალათიას ცნობით, სახელწოდება "კავთა" დაკავშირებულია "კვართასთან" (ქრისტეს პერანგი), "კვართობასთან". ქრისტეს კვართი, როგორც ვიცით, დაფლულია მცხეთაში. ასევე, სოფელ ხოვლეში არის "კვართის" კოშკი და "კვართის" ეკლესია, სადაც სცოდნიათ კვართობის დღესასწაულობა. კავთისხევიც მცხეთის სვეტიცხოვლის საკუთრება იყო და შესაძლოა, ამ ორ სახელწოდებას შორის საერთო იყოს.

ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "ნიჩბისის დასავლით ხევი კავთისა. გამოსდის დიდგორს, დის ჩრდილოთ, ერთვის მტკვარს სამხრიდან. ქვათახევამდე ვენახოვანი ხილიანი... და არს ადგილი შემკული, ზაფხულ გრილი, წყაროიანი, ზამთარ თბილი, გარემოს მთა ტყიანი, შენობა მრავალნი".

ეს ხეობა, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, დიდ როლს ასრულებდა შუა ქართლის ისტორიულ წარსულში. ამას მოწმობს ამ ხეობაში არსებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ქვათახევის მონასტერი (XII-XIIIს.ს.).

ქვათახევის მონასტერი ეკონომიკურადაც ღონიერი იყო. აქ ეწეოდნენ მწიგნობრობას, ავრცელებდნენ ქრისტიანულ იდეოლოგიას. მის წინამძღვარსაც საპატიო ადგილი ეკავა საეკლესიო იერარქიაში. ამავე დროს, იგი ემორჩილებოდა მცხეთის საკათალიკოსოს. როგორც საისტორიო საბუთებიდან ირკვევა, ეს მონასტერი იყო ამ ხეობის ბატონ-პატრონი.

მეფეებს აქ საზაფხულო აგარაკებიც ჰქონდათ. ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს: "არს თვალივს სასახლე მეფეთა, ნაშენობა დიდი".

XIV საუკუნის დასასრულს ეს მხარე და ქვათახევის მონასტერი გაუნადგურებია თემურ-ლენგის შემოსევებს, მონაზვნები მონასტერში გამოუწვავთ. მემატიანე მოგვითხრობს: "ესევითარითა სიბოროტითა მიიწივნეს ქვაბთა-ხევს და იგიცა მოიცვეს და ჰყვეს მრავალი ბოროტი და ინებეს ეკლესიისა ცეცხლითა დაწვა და დარღვევა, რამეთუ შიგან ტაძრისა მის შელტოლვილ იყვნეს ყოველნივე მღვდელ-მონაზონნი, მათ ყოველთა შეუკრნეს ხელნი და ფერხნი და დაწუეს, აღაგზნეს შიგან და გარეშე ტაძრისა მის ცეცხლი მძაფრი და დაწვეს ტაძარი იგი ქვაბთახევისა".

ერეკლე II-ს კავთისხეველები კახეთში - ნაფარეულსა და კურდღელაურში დაუსახლებია იმ პირობით, რომ ლეკიანობის ალაგმვის შემდეგ უკან დააბრუნებდა.

კურდღელაურში კავთისხეველებს გადმოუტანიათ თავიანთი სალოცავი ხატიც - "კავთის წმინდა გიორგი", მისთვის აუგიათ პატარა ეკლესიაც.

კავთურას ხეობის მოშენება-დასახლება დაწყებულა მე-19 საუკუნის II ნახევრიდან. 90-იან წლებში კავთურასა და გუდალურას სათავეებში დასახლებულან ფასანაურისა და მლეთის მხრიდან გადმოსული მთიულები (წიკლაური, აფციაური, ბურდული, კობაიძე და სხვა).

KARIBCHEკავთურას შუა და ქვემო ნაწილის სოფლებში ცხოვრობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გადმოსულები: აბუაშვილი - ბარალეთიდან, ონოფრიშვილი - საგარეჯოდან, იაშვილი და აბულაძე - იმერეთიდან, ქეშელაშვილი - თელათგორიდან და სხვა. აქ მოსახლე გვარებში გამოჩენილი ყოფილა - გოდაბრელიძის, მონასელიძის, ღვინიაშვილის და შეშაბერიძის გვარები. ხალხური ლექსიც არსებობს:

"გუდალეთს - გოდაბრელიძე,
კავთისხევს - მონასელიძე,
იდლეთში - ღვინიაშვილი,
თვალადზე - შეშაბერიძე".


აქ არის სამი სასოფლო საბჭო: ხანდაკის, კავთისხევის და წინარეხის. თავად კავთისხევი სამი უბნისგან შედგება - ციხისუბანი, ბარდაანი და შუა უბანი (ზემო და ქვემო).

ციხისუბანი კავთისხევის ძველი უბანია. აქ შემორჩენილია თარხნიშვილების ძველი ციხე-გალავნის საძირკველი. როგორც ცნობილია, თარხნიშვილები გიორგი სააკაძის შთამომავლები არიან. სააკაძეთა წინაპრები კავთისხევის მოურავები ყოფილან, რასაც მოწმობს გულშარა დედოფლის სიგელი, მიცემული კავთისხევის მოურავის ივანე სააკაძისთვის. ამ სიგელში ნათქვამია, რომ "ესე სიგელი და წიგნი გიბოძე ჩუენ, დედოფალმან გულშარა თქუენა, სააკაძეთა, კავთისხევისა მოურავსა ივანეს, თქუენსა ძმასა გიორგისა, შვილთა და მომავალთა ყოველთავე სიაოშსა, როსტევანსა, შალვასა, ავთანდილსა, გაგიცვალეთ ნოსტესა გულიასეული სასახლე მისითა მიდამოთა... ესე ასრე გაგიცვალე. ჩემსა მეზვერესა კავთისხევსა სანაცვლო სახლ-კარი მოეცა"...

შემდეგში ქართლის მეფე როსტომმა 1659 წლის სიგელით იორამ თარხან-მოურავს დაუმტკიცა კავთისხევის სათარხნო მამული.

თარხნიანთ ციხე-გალავნიდან დარჩენილია ერთი კოშკის ქვედა სართული. გალავანშივე ყოფილა წმინდა გიორგის სახლობის ეკლესიაც. სასახლეც აქ მდგარა.

კავთისხევს ლეკები აოხრებდნენ და ამიტომ მას თურმე "შავსოფელს" უწოდებდნენ. ლეკები თავს ესხმოდნენ სოფელს მკის დროს და კავთისხეველები პურის სათესად მუხრანში გადადიოდნენ. თავდამსხმელებთან ბრძოლაში სახელი მოუხვეჭიათ ქვლივიძეს, მარუაშვილსა და ქასრაძეს.

ქვლივიძე გლეხი ყოფილა. ერთხელ იმერეთიდან მომავალ სვიმონ მეფეს კავთისხევში გამოუვლია, მისდგომია ერთ ოჯახს. გამოსულა ქვრივი დედაკაცი და მეფისთვის სუფრა გაუშლია. მეფეს უკითხავს, სად არიან მამაკაცებიო. საომრად არიან, რომ ჩვენი მეფე სვიმონი იყოს კეთილად და მტერმა არ გადაგვლახოსო. მეფეს არაფერი უთქვამს. მეორე დღეს მეფეს ქვლივიძეებისთვის ძღვენიც გამოუგზავნია და აზნაურობაც უბოძებია.

კავთისხევში რამდენიმე ეკლესიაა შემონახული. მათ შორის - კავთის წმინდა გიორგი და ლომისის წმინდა გიორგი. 28 ივნისს კავთის ძველ ეკლესიაში წინათ ხატობა იმართებოდა - "თავკავთობა". თავკავთა დიდგორთან, მდინარე კავთურას სათავეშია. ვისაც იქ არ შეეძლო ასვლა სალოცავად, აქ მოდიოდა. ციხისუბანში უცხოვრიათ მარუაშვილებს.

ეკლესიის უბანში ცხოვრობდნენ შაყულაშვილები. მათი წინაპარი შაჰ-ყული სპარსეთის ლაშქარს გამოქცევია და კავთისხევში დამალულა.

აქვე ახლოს ყოფილა დავლაძიანთ კოშკი. ბერი დავლაძისთვის, რომელიც დიდი ვაჟკაცი ყოფილა, დიდი მამული უბოძებია გიორგი სააკაძეს.

ამავე უბანში, გორაკზე დგას მონასელიანთ წმინდა გიორგის ეკლესია. ეს ერთნავიანი ტაძარი მოხატულიც ყოფილა. მხატვრობა შემორჩენილია საკურთხევლის კედელზე. ეკლესია დაახლოებით XVI-XVII საუკუნეებისაა. მას ქვის გალავანი ჰქონია. გარშემო ნასახლარებია დარჩენილი.

ამბობენ, მონასელიძეები შავ ჭირს ამოუწყვეტია. გადარჩენილა ერთი ვაჟი, რომელიც შეშაბერიძეს გაუხიზნავს. დავაჟკაცებული მონასელიანთ უბანს დაბრუნებია.

კავთისხევის ქვემო უბანში ლომისის ორი ეკლესიაა. ერთი - ძველი და პატარა, მეორე კი შედარებით ახალი და დიდი. ტაძარს აწერია - 1886 წელს აშენდაო. ყოველ 15 ივნისს აქ დღეობა იმართებოდა. სალოცავად მოდიოდნენ მთიულები, რომლებიც მას უკავშირებდნენ მთიულეთის ლომისას (თავლომისას). გადმოცემით, ამ ადგილას ქართველებს ლეკებთან უბრძოლიათ ლომურად და მეფის ბრძანებით აუგიათ ეკლესია, რომელსაც უწოდეს "ლომისა".

კავთისხევის დასავლეთით, სოფელ ეზატისკენ არის ე.წ. ანანა გორა - ყორღანისებური ბორცვი. გადმოცემით, ლეკებთან ბრძოლაში დაღუპულთა სასაფლაოა. ეს გორაკი პირდაპირ უყურებს ძლევის ქედს, სადაც ეს მეომრები დახოცილან. ანანა სარდლის სახელი უნდა იყოს.

***
იდლეთი კავთისხევის აღმოსავლეთითაა. აქ არის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია. ამბობენ, თამარ მეფეს აუგიაო. ნაგებია ქვითკირით, ზოგან ცისფერი ქვებიც ურევია. ტაძარი ჯვრის ფორმისაა და VI საუკუნით თარიღდება.

თვალადი კავთისხევის ზემოთ, კავთურას ხეობაშია. ვახუშტი ბატონიშვილი მას უწოდებს თვალივს: "თვალივს სასახლე მეფეთა, ნაშენობა დიდი". ეს ადგილი ყოფილა მეფეთა საზაფხულო სადგომი, რომელსაც დღესაც მეფის ნასახლარს უწოდებენ.

KARIBCHEსოფლის თავზე არის კავთის წმინდა გიორგის ძველი ეკლესიის ნანგრევი, რომელსაც ონოფრიანთ ეკლესიას უწოდებენ.

ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, ზოგან აგურიც ურევია, XVI-XVII საუკუნეებისა ჩანს. გადმოცემით, ლეკების შიშით თავკავთაში ხალხი სალოცავად ვერ მიდიოდა. ამის გამო მის მოადგილედ აქ აუშენებიათ ეკლესია.

შუა სოფელში დგას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ძველი საყდარი. ამ ადგილს ეძახიან როსტომ მეფის ნასახლარს, ხოლო ტაძარს - მეფის საყდარს. ეს ადგილი ამჟამად ეკუთვნის მექანარაშვილებს, რომელთა წინაპარი ყოფილა მეფის მემუსიკე, დამკვრელი მექნარე.

საყდრის მახლობლად მდგარა ექვსსართულიანი კოშკი. დარჩენილი იყო სამი სართული და ისიც 1941 წელს დაუშლიათ. ეკლესიის მახლობლად ყოფილა მეფის საჯინიბო და სანაღარო - მემუსიკეთა სადგომი.

კოშკის უკან, დავაკებას უწოდებენ ტბას. წინათ ტბა ყოფილა, ახლა ამომშრალია და ლერწმითაა დაფარული. ტბის ზემოთ ნააბანოებია - მეფის აბანოს ნანგრევები. აქაურობა შემოზღუდული ყოფილა ქვითკირის გალავნით, გალავანში მეფის სასახლე მდგარა.

გადმოცემით, როსტომ მეფე ზაფხულობით აქ ისვენებდა. მეფის ნასასახლარის უკან პატარა სანაღაროს მინდორია, სადაც ნაღარა დაუკრავთ გამარჯვებული მეფის შესახვედრად. იქვეა ადგილი "მისალოცი" - აქ ხალხს მეფისთვის გამარჯვება მიულოცია.

თურმე თამარ მეფის დროს აქ დიდ ბრძოლაში თამარის სარდალს, მხარგრძელს გაუმარჯვია. მეფეს სარდლისთვის უკითხავს, - რა ქნა ჩვენმა ჯარმაო? უპასუხიათ, - მტერს ვძლიეთო. მეფეს უთქვამს, ამ ადგილს ეწოდოს ძლევის ქედიო.

ძლევის ქედზე დგას ქვითკირის პატარა ეკლესია - ძლევის ქედის წმინდა გიორგი. მახლობლად ყოფილა მხარგრძელის საფლავი.

გორაკის ბოლოს ორი დიდი, სავარძლის მოყვანილობის ქვაა. გადმოცემით, აქ სხდებოდნენ თამარ მეფე და მხარგრძელი და თვალს ადევნებდნენ ბრძოლას.

ეზატი წინათ თურმე იმერეთიდან, საჩინოდან გადმოსულ ჩივაძეებს ეკუთვნოდათ. მათი წინაპარი, პაპუნა ჩივაძე, გიორგი სააკაძის ერთგული მსახური ყოფილა და მისთვის ეზატის მამული დიდ მოურავს უჩუქებია. პაპუნა სააკაძეს ხლებია ოსმალეთშიც და როდესაც სააკაძე და მისი ამალა იქ ამოხოცეს, გამოქცეულა და ეზატში დამკვიდრებულა.

ჩივაძეს ეზატში საკუთარი კოშკი ჰქონია. ცხრა ძმა ჩივაძეს ცხრა ძროხად უყიდია ერთი თოფი, დაუდგამთ ციხეში, უსროლიათ ლეკებისთვის და გაუქცევიათ. კოშკი შემოზღუდული ყოფილა მაღალი გალავნით. კოშკის ქვედა სართული სალოცავად ყოფილა გამოყენებული. შემდეგ იგი დაუშლიათ და დავით ჩივაძეს ამ ადგილზე პატარა ეკლესია აუგია.

წინარეხი თბილელი ეპისკოპოსის კუთვნილი საეკლესიო სოფელი ყოფილა. აქ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გადმოხიზნული ქართველები ცხოვრობენ. პირველად წინარეხში დასახლებულა თელათგორის ოხერხევიდან წამოსული ქეშელაშვილი, რომლის ძველი გვარი ყოფილა ლომისაშვილი. ოხერხევში ეს გვარი შეუწუხებია "მაცდურს" (გველებს). მათთვის გვარი გამოუცვლია მეფეს. ლომისაშვილის მამა-პაპა თურმე მეფეს ღვინოს უზიდავდა. ერთხელ მათ წინაპარს მეფის სუფრაზე რუმბით ღვინო დაუცლია. მეფეს გაჰკვირვებია და უთქვამს: შენ "ქეშო" (რუმბი) გაქვს მუცელშიო. ამის გამო დაურქმევიათ ქეშელაშვილი. წინარეხში რამდენიმე ეკლესია-სამლოცველოა: წმინდა თევდორესი, ჯვარპატიოსნისა, ღვთისმშობლისა, წმინდა სტეფანესი, ჩადრის ეკლესია და მუნის საყდარი.

გუდალეთი მდებარეობს გუდალურას ხევში, რომელიც ერთვის კავთურას კავთისხევთან. ეს სოფელი ორ უბნად, ზემო და ქვემო გუდალეთად იყოფა. თავიდან აქ უცხოვრიათ მოდრეკილაძეებს, რომლებიც ლეკიანობის გამო აყრილან და გადასახლებულან თვალადში, შემდეგ ნაწილი დაბრუნებულა. გუდალეთის მებატონე თარხნიშვილისთვის მოდრეკილაძეებს მიურთმევიათ ერთი ქილა ოქრო და ყმობიდან თავი დაუხსნიათ. ხოკერაშვილების წინაპარი ბათლიძე ყოფილა. მას ბატონისთვის მიურთმევია ჟოლო ხოკერათი. ბატონი გაჯავრებულა და გვარად ხოკერაშვილი მიუცია.

გუდალეთში დაცულია რამდენიმე ეკლესია-სამლოცველო: ღვთისმშობლისა, წმინდა ესტატესი, კვირაცხოვლისა, წმინდა მარინესი და სხვა.

დღევანდელობა
კავთისხევი მამა ალექსანდრე ქსოვრელის დახმარებით მოვინახულე. ეკლესია-მონასტრების სიმრავლით გამორჩეულ სოფელში მოსახლეობაც გამორჩეულია, სტუმართმოყვარე, კეთილი, მთელი გულით ცდილობენ, ეკლესიურად იცხოვრონ.

KARIBCHEმამა ალექსანდრე კავთის წმინდა გიორგის ტაძარში რამდენიმე წელია წირავს. მანამდე აქ მამა დავით ქვლივიძე მსახურობდა.

მამა ალექსანდრეს წყალობით გავიცანი ცნობილი მუსიკოსის, ომარ კელაპტრიშვილის ძმა, ბატონი გერისო, რომლისგანაც ბევრი რამ საგულისხმო მოვისმინე. მან მითხრა, რომ კავთისხევის უბნები ადრე სოფლები ყოფილა. უბნები გვარების მიხედვითაა დაყოფილი - შუა უბანი, ჩოჩეთის, მონასელიანთ, შაყულაანთ, ცხინვალიანთ, ზავრადაანთ, თხინვალიანთ უბანი. შუა უბანში ძირითადად ზავრადაშვილები, ქართლელიშვილები, მონასელიძეები, აღაპაშვილები, მორჩილაძეები, კელაპტრიშვილები ცხოვრობენ. თხინვალაანთ უბანში - უმეტესად თხინვალელები. ციხისუბანში - ჯანჯალაშვილები, ჟიჟილაშვილები, ქასრაშვილები, ბარდაძეები...

- ბატონო გერისო, რამეს ხომ არ გაიხსენებდით თქვენი ოჯახის წარსულიდან?

- მამაჩემი ბრწყინვალედ უკრავდა ხალხურ ინსტრუმენტებზე. ბავშვები სულგანაბულნი ვუსმენდით და ალბათ ამან მოგვანდომებინა დაკვრის სწავლა. თავიდან სალამური არ მქონდა, ჩემმა სიძემ, კოლია აღაპიშვილმა მომიტანა ჭრელი ლერწმის სალამური. ვიდრე დილით გავიღვიძებდი, ომარი წამოდგებოდა და დაკვრას დაიწყებდა. ამიტომ ტოროლა შევარქვით. კავთისხევში, ომარის სახლში მისივე სახელობის სახლ-მუზეუმი ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა, მაგრამ დამთვალიერებელი არ გვაკლია.

კომუნისტების დროს ჩემი მშობლები წირვა-ლოცვას არ აცდენდნენ. ჩვენც რწმენით გაგვზარდეს. კარგად მახსოვს, ერთი მღვდელი გვყავდა - მეტსახელად ჩექმანა მღვდელს ეძახდნენ.

- კავთისხევმა ბევრი ცნობილი საზოგადო მოღვაწე გაზარდა...

- აქ დაიბადა უნივერსიტეტის მშენებელი ნიკო ცხვედაძე, მწერალი გიორგი შატბერაშვილი, ეგნატე ხრამელაშვილი, მარო თარხნიშვილი, ომარ კელაპტრიშვილი, შიო მღვიმელის მეუღლე ანა ჩივაძე. ნიკო ცხვედაძესთან ხშირად სტუმრობდა იაკობ გოგებაშვილი. მის სახლში დაიწერა "იავნანამ რა ჰქნა?!". ერთ ოთახს იაკობისეულსაც კი უწოდებდნენ. ნიკო ცხვედაძის მამა, სასულიერო პირი, დაკრძალულია ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში.

KARIBCHEKARIBCHE***
მონასელიანთ უბანთან უერთდება ერთმანეთს მდინარე კავთურა და გუდალურა. მას გარშემო კატაურას მთები აკრავს. ამიტომაც აქაურ წმინდა გიორგის ტაძარს კატაურათი მოიხსენიებენ. ამ კირქვის მთის კირითაა აშენებული უნივერსიტეტი. კატაურას წმინდა გიორგი მიწაში იყო ჩაფლული. კეთილმა ადამიანებმა გაწმინდეს. მისი ლამაზი პერანგი მნახველს აოცებს. ერთი გლეხი გავიცანი, ამირან მონასელიძე. მისგან გავიგე, რომ ამ ტაძარში მონასელიძის გვარის მღვდლები წირავდნენ, ამიტომ ამ გვარს თურმე მღვდლიანებს ეძახდნენ. "ჩვენს სიკო მღვდელთან თურმე ხშირად დადიოდა სტალინი და მის მარანში ემალებოდა ჟანდარმერიას. სტალინი თითქმის კავთისხევშია გაზრდილი. ძალიან უყვარდა ჩვენებურები. წინათ ხალხს რწმენაც ჰქონდა და უკეთესადაც ვცხოვრობდით. ასეთი ძიძგილაობა კი არ იყო, როგორიც დღესაა ქართველებს შორის", - სინანულით მითხრა ძია ამირანმა.

***
ლომისის წმინდა გიორგის უძველესი ტაძარი შეუკეთებიათ და მსახურებაც აღესრულება. აქაც მამა ალექსანდრე წირავს. ამ ტაძრის ღვთისმსახურები გვარად კოტეტიშვილები ყოფილან. ქალბატონი ბაბულია კოტეტიშვილი 82 წლისაა, მაგრამ დაუღალავად, უსასყიდლოდ ემსახურება აქაურებს. უექიმოდ დარჩენილ კავთისხეველებს ბაბულია დეიდა ღმერთმა გამოუგზავნა და მისგან კურნებასაც იღებენ. "ვცდილობ ყველას სიკეთე გავუკეთო. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დავტოვე თბილისი და კავთისხევში დავსახლდი. ჩემი ერთი ვაჟი ფინანსისტია და ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის რესტავრაციაში შემწეობა ვთხოვე. ამ ტაძარს წინათ შხამ-ქიმიკატების საწყობად იყენებდნენ. ტაძარი დავასუფთავეთ. ძალიან დაგვეხმარა მამა დავით ქვლივიძე. მისი ძალისხმევით ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა. ტაძარი გადაიხურა და ვცდილობთ კიდევ უკეთესად მოვაწყოთ.

KARIBCHEმამა ალექსანდრეს მობრძანების შემდეგ უფრო მეტი ადამიანი მოვიდა ტაძარში. ძალიან გვიხარია, რომ ასეთი ადამიანია ჩვენთან. სულიერებას თანდათან აღორძინება დაეტყო, მაგრამ სასურველია უფრო მეტად მოექცნენ".

***
იდლეთის უბანში სამი ტაძარია - იოანე ნათლისმცემლის, კვირაცხოვლობის და მთავარანგელოზის. იოანე ნათლისმცემლის საყდარს ადრე ხორბლის საწყობად იყენებდნენ. იქვე მდებარე მთავარანგელოზის ტაძარს სომეხი ტერტერა დაპატრონებია და ზედ მცირე ტაძარი მიუშენებია. დროთა განმავლობაში ეს მინაშენი ჩამონგრეულა. ტაძარი თუ გასუფთავდება, თავისუფლად შეძლებს ხალხი მოსალოცად მისვლას.

***
კავთისხევს შიო მღვიმელის ხსენების დღეს ვესტუმრე. წმინდა გიორგის ტაძარში მრევლი ღამისსათევად მოვიდა.

ლოცვის დამთავრების შემდეგ შორიდან მოსული მრევლის დაბინავება მოძღვარმა იტვირთა. მამა ალექსანდრეს "კარიბჭის" მკითხველებისთვის მეორე დღეს ვესაუბრე:

- მე აქაური ვარ, - მითხრა მოძღვარმა, - ერთხელ ინტერესის გამო შევედი ჩვენს ტაძარში. მამა დავით ქვლივიძის ქადაგება რომ მოვისმინე, ჩემში ყველაფერი შეიცვალა. მაშინ პოლიციის აკადემიაში ვსწავლობდი. ერთი წლის შემდეგ აღდგომის ღამისთევის მსახურებას დავესწარი. აღსარებაც მომინდა... აკადემიის დამთავრების მერე სასულიერო სემინარიაში გავაგრძელე სწავლა. პარალელურად ჩიტაძის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში მედავითნედ ვმსახურობდი. სამთავისისა და გორის მღვდელმთავრის, მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით, 2006 წელს ატენის სიონში დიაკვნად დამასხეს ხელი. ცხრა თვის შემდეგ, ისიდორე სამთავნელის ხსენების დღეს კი მღვდლად მაკურთხეს. მას შემდეგ კავთისხევში ვმსახურობ.

KARIBCHEჩემი სულიერად ჩამოყალიბება წმინდა ნინოს ტაძარში მოხდა. ფაქტობრივად იქ ავიდგი ფეხი და გავიზარდე. იქაური მოძღვრების - მამა დავით ქვლივიძისა და მამა თეიმურაზ ჩაჩიბაიასგან ბევრი რამ შევიძინე. მინდა სიყვარულით გავიხსენო მედავითნე გიორგი ჩიქოვანი, ახლა უკვე მამა ლუკა, რომელიც ათონზე, ვათოპედის მონასტერში მოღვაწეობს. მასთან ურთიერთობამ ბევრი რამ მომცა. ვცდილობ, ხალხს ღვთის რწმენა და ურთიერთსიყვარული გავუღვივო.

1997 წელს, ღვთის მადლით, მამა დავით ქვლივიძის მონდომებით, მრევლის თანადგომით და წმინდა გიორგის შეწევნით, პირველად ლომისის წმინდა გიორგის ტაძარში აღდგა წირვა-ლოცვა. აქედან ნელ-ნელა დაიწყო რწმენის განედლება. ბევრისგან გაიგონებთ, - ღმერთის მწამს, მაგრამ მღვდლისა - არაო. რა თქმა უნდა, ეს არასწორი ნათქვამია. სახარებაში მაცხოვარი ეუბნება მოციქულებს, როდესაც საქადაგებლად აგზავნის - "ვინც თქვენ მიგიღებთ, ის მე მიმიღებს და ვინც თქვენ არ მიგიღებთ, ის მე არ მიმიღებს". მოციქულები ასწავლიდნენ იმას, რაც ღვთისგან მიიღეს. დღესაც მოძღვრები ასწავლიან იმას, რასაც მოციქულები ასწავლიდნენ ანუ ღვთისას ქადაგებენ და არა თავისას. მაშინ, როცა მოძღვარი ღვთის სწავლებას ქადაგებს და ადამიანი ამბობს, რომ ის მას არ იღებს, ამით უარყოფს ღმერთს, ღვთის სწავლებას. თუ არ იღებს მოძღვარს, ესე იგი, არ იღებს მაცხოვარს. ასეთი ადამიანი ურწმუნოა. ამას გულისტკივილი მალაპარაკებს, რადგან ბევრ ასეთს შევხვედრივარ. უმთავრესი, რაც ადამიანებს სჭირდებათ, ეს არის მოძღვრის ცოცხალი მაგალითი. სოფელში თითქოს გამადიდებელი შუშით უყურებენ მოძღვარს, მის ქცევას, სიტყვა-პასუხს. ყველაზე გულსატკენი ის არის, რომ იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომლებიც ახლობლებად მიმაჩნია, ეკლესიის გარეთ ცხოვრობს. ასე კი შეუძლებელია ცხონება. განსაკუთრებით მამაკაცებს უჭირთ ეკლესიაში მოსვლა. ზოგს თითქოს ესირცხვილება, ზოგი მოუცლელობას იმიზეზებს... არადა თუ კაცი დედაეკლესიაში არ იქნება, ან ურწმუნოებით და უზნეობით დაიღუპება, ან ამა თუ იმ სექტის საკბილო გახდება. ამიტომ არის აუცილებელი, ეკლესიას შევეტკბოთ და მის წიაღში ვიყოთ. ღმერთმა იცის, ვის როდის წაგვიყვანს ამ სოფლიდან. იმ დროის ეკლესიის გარეთ გატარება, რომელმიც უფალმა სინანულისთვის მოგვცა, მის მიერ ბოძებული ნიჭის გაფლანგვა დიდი ცოდვაა.

ღვთის მადლით, ნელ-ნელა, მაგრამ მრევლი მაინც მატულობს. ეკლესიაში მოდის ყველა თაობის ხალხი. ჩვენთვის ეს დიდი სიხარულია. უფრო გავიხარებთ, თუ მეტი ადამიანი მოვა ტაძარში. ადამიანები უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს ეკლესიური ცხოვრების დროს. მაშინ ჩვენ შორის საერთო არის ქრისტე, ქრისტეში ვერთიანდებით. იოანე ოქროპირი ამბობს, - ხორციელ დაძმობასა და მამაშვილობაზე მეტი სულიერი დამოკიდებულებაა მოძღვარსა და მრევლს შორისო. ეს მართლაც ასეა.

ჩვენს სოფელში კეთილი განწყობა ეკლესიისა და სასულიერო პირების მიმართ ნამდვილად შეიმჩნევა. ღმერთმა მოგვცეს სწორად ცხოვრების უნარი, რომ ჩვენი მიზეზით არავინ დაბრკოლდეს. ბერი პაისი ათონელთან ერთი ადამიანი მივიდა, რომელიც შეწუხებული იყო თავისი მშობლების არაეკლესიური ცხოვრების გამო. მამა პაისიმ უთხრა, - შენ ილოცე და წმინდა გიორგი მათ მოიყვანს ეკლესიაშიო. ჩვენ უამრავი წმინდა გიორგის ტაძარი გვაქვს და შევეცადოთ, მას ვთხოვოთ მეოხება, რათა ეკლესიის გარეთ მყოფნი ეკლესიის წიაღში გაერთიანდნენ.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მეუფე ანდრიას მოღვაწეობა. მეუფის ხელი ეტყობა ჩვენს ეპარქიას, რასაც ყველა თვალნათლივ ხედავს. ყველა სიკეთესთან ერთად, ბევრი ეკლესია აშენდა და ბევრიც აღდგა. მრევლთან ერთად სასულიერო პირები მომრავლდა. ეპარქიაში ასეთი ტრადიცია გვაქვს: ყოველი თვის ბოლო ორშაბათს სხვადასხვა სოფელში მეუფესთან ერთად სამღვდელოებაც მივდივართ და ერთობლივად ვასრულებთ წირვა-ლოცვას.

25 თებერვალს მეუფე ანდრია ეპარქიის მოძღვრებთან ერთად კავთისხევსაც ეწვია. მეუფის მობრძანებით დიდი მადლი მივიღეთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
ბეჭდვა
1კ1