თელეთი
თელეთი
თელეთის წმინდა გიორგის სასწაულთქმედება და მადლი ოდითგან ბევრ ქართველს ეწეოდა და დღესაც ბევრი მლოცველი ჰყავს.

თელეთი გარდაბნის რაიონის ერთ-ერთი გამორჩეული სოფელია. მის ტერიტორიაზე ადამიანს უხსოვარი დროიდან უცხოვრია - მის მიდამოებში შემორჩენილია უძველესი ნამოსახლარები. შუა საუკუნეებში თელეთი მჭიდროდ დასახლებული ყოფილა.

ისტორიულ დოკუმენტებში XVI საუკუნიდან იხსენიება თელეთის მთა, თელეთის ღელე...

შუა საუკუნეებში რამდენიმე სოფელი ატარებდა თელეთის სახელს (ხატისთელეთი, მუხრანთელეთი, ამილახვართელეთი და სხვა). ვახუშტი ბატონიშვილის დროსაც (XVIII ს-ის I ნახევარი) რამდენიმე თელეთი ყოფილა. ამიტომაც არის, რომ იგი ამ სოფლის სახელს მრავლობით რიცხვში იხსენიებს.

"კუმისის აღმოსავლეთით მტკვრისკენ, არის თელეთელები", - წერს იგი. სახელწოდება "თელეთი" უკავშირდება ხის ჯიშის, თელის სახელს. თელეთის ციხის ნანგრევები უნახავს გერმანელ მოგზაურს, აკადემიკოს გიულდენშტენდტს XVIII ს.-ის 70-იან წლებში. თელეთის შემოგარენში არაერთხელ შერკინებია ქართველობა შემოსეულ მტერს. განსაკუთრებით ტრაგიკული იყო კრწანისის ომი. მრავალმა უბედურებამ გადაიარა თელეთის თავზე, რამაც მრავალი არქიტექტურული ძეგლი გაანადგურა...

წალასყური
თელეთის ახლოს პატარა, ვაკეზე გაშენებული სოფელია, წალასყური. ისტორიულ წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. 1721 წლის აღწერით, აქ 21 ოჯახი ცხოვრობდა. იგი ძველად საუფლისწულო მამული ყოფილა. უფრო გვიან სოფელი სხვადასხვა დროს ეკუთვნოდათ თავად ფალავანდიშვილებს, საგინაშვილებს და სხვებს.

XVIII საუკუნეში აქ ძირითადად ქართველები მოსახლეობდნენ. აკად. გიულდენშტედტი წერს: სოღანლუღის გარდა, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით არის კიდევ ორი ქართველებით დასახლებული სოფელი - წალასყური და კუმისი.

ომების გამო იცვლებოდა სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა. ამიტომ სახელწოდებამაც განიცადა ფონეტიკური სახეცვლილება. წალასყური იქცა წარახპურად, წარაპყურად...

ტოპონიმი წალასყური შედგება წალ-ის, რაც ძველქართულად ნიშნავს გამონაჟონს (წყალს), და ყურისგან. სოფელში შემორჩენილია XVIII ს-ის II ნახევრის წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესია, რომლის პირველი წინამძღვარი მამა საბა პეტრიაშვილი ყოფილა. მისი შვილიშვილია ცნობილი მეცნიერი ვასილ პეტრიაშვილი. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, წმინდა დავით გარეჯელის ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.

***
კათოლიკოს-პატრიარქის ხელდასხმით, ქვემო თელეთში წმინდა ნინოს ტაძარი მოქმედებს. ტაძრის წინამძღვარია მამა ბასილ იაშაღაშვილი. წირვის შემდეგ, მოძღვრის კურთხევით, ტრაპეზი გაიშალა. აქ ეს წესია. ერთად შეკრული მრევლი ერთმანეთს სიყვარულსა და ერთგულებას უზიარებს. მოძღვარმა აქაურებსაც შემახვედრა. ტაძრის ახლოს, წყაროსთან ხალხს შეეყარა თავი. უწყლობით შეწუხებულებს სარეცხი გამოეტანათ და სუსხიან ზამთარში შუაგულ სოფელში საქმეს შესდგომოდნენ. წინა დღით დაკავებული რიგი მეორე დღეს თუ მოუწევდა ვინმეს. მომხედავი არავინ გვყავსო, - ჩივიან თელეთელები. უწყლობა, უგზოობა და საერთო გაჭირვება აწუხებთ აქაურებს.

ჟუჟუნა ბებომ მითხრა: "მე რომ მოვედი, თელეთი გაუდაბურებული იყო. ხეები მხოლოდ წყაროს ახლოს ხარობდა. წლების შემდეგ მტკვრიდან არხი გადმოიყვანეს და სოფელიც აყვავდა. არხი მოიშალა და ხედავთ, რა დღეშია აქაურობა. ცოტა გაუმჯობესება დაგვეტყო, სინათლე არ გვიჭირს. ყველაზე მეტად სარწყავი წყალი გვჭირდება. მუშაობით თავი რომ მოიკლა, არაფერი გამოვა. ქვიშა მიწაა და მოსავალი ნაკლებად მოდის.

თელეთში რამდენიმე უბანია - ქვემო, ზემო თელეთი, წალასყური. ცოტა იქით კიდევ მახნიაანთ უბანს ეძახიან. სალოცავად თელეთელები ძირითადად შავნაბადისა და ზემო თელეთის წმინდა გიორგის ტაძრებში დადიოდნენ. მადლობა ღმერთს, ქვემო თელეთში წმინდა ნინოს პატარა ტაძარი აგვიშენეს. დღესასწაულებზე გარეთ ვუსმენთ წირვა-ლოცვას. ძალიან გაგვახარებს, თუ უფრო დიდი ტაძრის მშენებლობა მალე დასრულდება.

KARIBCHEწმინდა ნინოს ეკლესია აქაურმა ლევან ვარდიაშვილმა ააშენა.

ჩვენში ცხოვრობენ ვარდიაშვილები, მათიაშვილები, მიმინოშვილები, ბორაშვილები, იაშვილები. ძირითადი გვარები მაინც ბიძინაშვილები და ლალიაშვილები არიან. აქ წინათ სომეხი ტერტერა ყოფილა და ზოგიერთისთვის გვარები სომხურად გადაუკეთებია. მერე მათ მოიძიეს თავიანთი ძირძველი, ქართული გვარები. ჩვენი მოძღვარი, მამა ბასილი, უაღრესად კეთილი ადამიანია, თვითონ მიდის მოხუცებთან, ავადმყოფებთან და შინ აზიარებს ხოლმე. ცდილობს, ხალხი ღვთისკენ მოაქციოს. ზაფხულობით მრევლი ერთად დავდივართ კიდეც წმინდა ადგილების მოსალოცად. რაც დრო გადის, ხალხში რწმენა მატულობს. ზემო თელეთში გვაქვს საშუალო სკოლა, ქვემოთაც და წალისყურშიც - 6-წლიანია. საბავშვო ბაღიც გვაქვს".

მამა ბასილმა დიდი გავლენა მოახდინა მოსახლეობაზე. ბავშვები სკოლაში წასვლის წინ ლოცულობენ, ტაძართან პირჯვარს იწერენ, ბიჭები ქუდს მოიხდიან და გზას ისე აგრძელებენ ხოლმე, - მეუბნება მერი ვარდიაშვილი. ბატონი ალექსანდრე კოტიშაძე და ქალბატონი რუიზან ლომიძე თბილისიდან თელეთში ყოველ შაბათ-კვირას დადიან წირვა-ლოცვაზე დასასწრებად.

ქალბატონი რუიზანი: - მამა ბასილთან რომ მივედი, ვუთხარი, გაბარებთ ჩემს სულს-მეთქი. იმ დღიდან მისი კურთხევით ვცხოვრობ და ვსაქმიანობ. სოფელი ძალიან გამოაცოცხლა ეკლესიის ამოქმედებამ. ვისურვებდი ქართველი ერის რწმენაში გაძლიერებას.

KARIBCHE- ახლანდელი წმინდა ნინოს ტაძარი უძველესი ტაძრის ნანგრევებზეა აშენებული, - მიამბობს მამა ბასილი, - 2000 წელს აღადგინა ლევან ვარდიაშვილის ოჯახმა და მისმა მორწმუნე მამიდამ, ქალბატონმა ევამ. უკვე შვიდი წელია, თელეთის წმინდა ნინოს ტაძარში ვმსახურობ... მახსოვს, ტაძარში პირველად მოვიდა ერთი პატარა ბიჭი, სარო. ისე გამიხარდა მისი დანახვა... ნელ-ნელა დაიწყო ხალხმა სიარული. ცოტა მამაკაცების ნაკლებობას განვიცდით. სამწუხაროდ, აქაურები სომხურად იყვნენ მონათლულნი. ზემო თელეთში 1970 წლამდე სომეხი ტერტერა ნათლავდა ყველას. რადგან ვერ ერკვეოდნენ სარწმუნოებაში, მას ანათვლინებდნენ შვილებს. დაახლოებით 50 მოხუცი მოვნათლეთ.

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, დავიწყეთ დიდი, ხარების სახელობის ტაძრის მშენებლობა. ამ ადგილას წინათ სკოლა ყოფილა. ამბობენ, შავნაბადის ტაძრის მასალით ააშენეს სკოლაო. ეკლესიის დამანგრეველთ თურმე ღვთისგან სასჯელი მიუღიათ. მშენებლობაში დახმარებას შეგვპირდა ჩვენი სოფლის რწმუნებული რამაზ ბუდაღაშვილი და გარდაბნის რაიონის გამგებელი დავით მახნიაშვილი.

სამწუხაროდ, აქაურებს რწმენა აკლიათ. თუ ადამიანი არ დადის ეკლესიაში, არ ლოცულობს, არ მარხულობს, იესო ქრისტე ვერ შეიცნო და ის ვერ დაინახა, რომ ღმერთი ამაღლდა ზეცაში, არ ითვლება მორწმუნედ.

მინდა ვთხოვო აქაურებს, რომ ირწმუნონ იესო ქრისტე, მოინანიონ ცოდვები. თქვან აღსარება, ეზიარონ ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ცხოვრება ხანმოკლეა და სული არ უნდა წარვიწყმიდოთ. ზოგ მოხუცს კარგად არ ესმის სარწმუნოების არსი, მაგრამ გული გაუხსნეს ღმერთს. ყოველ კვირას დადიან ეკლესიაში, ეზიარებიან და გული მიუწევთ ღვთისკენ. მერე ასეთი ადამიანები ნელ-ნელა ერკვევიან მარადიულ ცხოვრებაში.

მთავარი სულია. ჩვენ სული ვართ და ხორცი, როგორც ტანსაცმელი, ისე გვაცვია. ამიტომ იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ იმქვეყნად სამოთხეში მოვხვდეთ.

ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა ყველა დალოცოს და აცხოვნოს.

***
თელეთის წმინდა გიორგის მონასტრის იღუმენია მამა ამბროსი (ჩომახაშვილი). აქ ყველაფერი საუცხოოდაა მოწყობილი. ბერ-მონაზვნები თავიანთ საქმეს ღვთის სიყვარულით ასრულებენ.

KARIBCHEსამონასტრო კომპლექსი მამა ამბროსიმ დააარსა 1992 წელს უწმინდესის ლოცვა-კურთხევით. თავად ტაძარი XII-XIII საუკუნეებისაა, გადაკეთებულია XVIII საუკუნეში. ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "კუმისის აღმოსავლეთ მტკუარისკენ არის თელეთელები და ეკლესია წმინდა გიორგი სასწაულმოქმედი". გარკვეული პერიოდი ტაძარი სომხურმა მონოფიზიტურმა ეკლესიამ მიითვისა. ამ დროს "გაასომხეს" ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობა. 1992 წლიდან წმინდა გიორგის ეკლესიაში აღდგა ღვთისმსახურება. მამა ამბროსის მისვლის შემდეგ ტაძარი სომხური ეკლესიის დაქვემდებარებიდან გამოიხსნეს. შეკეთდა წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში მდებარე სამრეკლო, რომლის მეორე სართულზე განთავსებულია წმინდა ნინოს ეკლესია და წმიდა იოანე ნათლისმცემლის სანათლავი.

წმინდა გიორგის ეკლესიის ახლოს, ბორცვზე დგას ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია.

მამა ამბროსიმ მიამბო: - ბერად აღკვეცის შემდეგ პატრიარქმა გამგზავნა მარტყოფის მამათა მონასტერში. ცოტა ხნის შემდეგ თელეთის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვრობა დამევალა. მადლობა ღმერთს, ყველა დაბრკოლება დავძლიეთ და დღეს აქ ბერები და მორჩილები ცხოვრობენ. ჩემი ძმაც აქ არის მორჩილად. მონასტერს თავისი მეურნეობა აქვს. ხორბალს ვთესავთ. ლოცვას დილით 7 საათზე ვიწყებთ. საღამოსაც 7 საათზე ვლოცულობთ.

KARIBCHEძირითადად თბილისიდან ჩამოსული მრევლია ჩვენს მონასტერში. წმინდა გიორგის მადლი ეწევა აქ მოსულ ხალხს. ტაძარში მირონი ჩამოსდის ხატებს. ტაძრის კეთილმოწყობა რომ დავიწყეთ, მაშინვე დაიწყო მირონდენა. მადლობა ღმერთს, გრიგორიანულად მონათლულებს ახლა თავიდან ვნათლავთ. უფრო ახალგაზრდები მოდიან.

სულიერთან ერთად მატერიალურადაც უჭირს აქაურებს. თუ ხალხი დასაქმდება და სოფელს პატრონი ეყოლება, ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთმა დაგლოცოთ.

ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში ჯვრის სასწაულმოქმედი ქვა არის აღმართული, რომელსაც სამი ნახმლევი ამჩნევია. აქაურების თქმით, ერთ ურწმუნოს დაურტყამს ხმალი - ეს ჯვარი რას გვიზამსო. რამდენიმე ხნის მერე ეს კაცი წელს ქვევით მოწყვეტილა და შთამომავლობა ამოსწყვეტია. მისი გვარიშვილობიდან დარჩენილებმა ეს ქვა გაალამაზეს, ფეხზე დააყენეს და თაყვანს სცემენ.

შავნაბადის წმინდა გიორგის მონასტერი
შავნაბადის მონასტრის მოლოცვა წინამძღვრის, მამა შიოს (გაბრიჭიძე) ლოცვა-კურთხევით, მისი სულიერი შვილის თორნიკე ალაშვილის შემწეობით შევძელი.

- მამა შიოს მოსვლის შემდეგ შავნაბადაზე სამონასტრო ცხოვრება უფრო გაძლიერდა. მას ფოკის დედათა მონასტერი უკვე აშენებული ჰქონდა, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, დარიალის მონასტრის მშენებლობა დაიწყო, შენდება მონასტერი წითელ ხიდზე. განზრახულია თეთრნაბადის დედათა მონასტრის მშენებლობა, - ამბობს ბატონი თორნიკე, - მონასტერი ჩვენთვის მეორე ოჯახია. თბილისიდან ზოგჯერ რამდენჯერმე გვიხდება აქ ამოსვლა. ერთმანეთს ვეხმარებით, ვცდილობთ, ეკლესიურად და ქრისტიანულად ვიცხოვროთ.

უძველესი გადმოცემით, ერთ-ერთ ბრძოლაში თეთრცხენოსან ჭაბუკს მტრის სარდალი დაუმარცხებია. მეფეს მისთვის ჯილდოდ შავი ნაბადი უბოძებია. გამარჯვებულებს უახლოეს ეკლესიაში პარაკლისი გადაუხდიათ. მეფესთან ერთად ტაძარში ის გმირიც ყოფილა. ლოცვის შემდეგ მეფეს მოუკითხავს. ჭაბუკი არსად ჩანდა. მაშინ ღმერთს გაუნათებია მათთვის გონება - წმინდა გიორგის ფრესკაში ჭაბუკი მეომარი შეუცვნიათ.

იმ დღიდან ამ მთას შავნაბადის მთა დარქმევია, ხოლო ეკლესიას შავნაბადის წმინდა გიორგის ეკლესია. ამ სასწაულის გამო სახალხო დღესასწაული დაწესებულა, შავნაბადობა.

KARIBCHEტაძარი დარბაზული ტიპისაა. მოგვიანებით მისთვის ვინმე ბურთიკოვს (ბურთიკაშვილი) სამრეკლო მიუშენებია.

1992 წლიდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 150-წლიანი დუმილის შემდეგ, წმინდა გიორგი მთაწმინდელის ხსენების დღეს, ტაძარში აღდგა ქართული მართლმადიდებლური ღვთისმსახურება.

ტაძრის წინამძღვრის, მამა შიოს ძალისხმევით, მრევლის და სხვათა დახმარებით, განახლდა სატრაპეზო, აშენდა პატრიარქის რეზიდენცია...

- შავნაბადის მთა სხვისთვის მთაა, ჩვენთვის - სავანე, ის სავანეა, რომელიც ღმერთთან მისაახლოებლად თვალის ახელის საშუალებას მოგვცემს. შავნაბადა ჩვენთვის მადლია. ბერობა ნიჭია. როდესაც ნიჭი აქვს ღვთისგან მიმადლებული ადამიანს, მონასტერს ირჩევს და ბერულ ცხოვრებას იწყებს. ეს იყო ჩემი ხვედრი და მე აქ ბედნიერი ვარ, - მითხრა მამა შიომ, - აქ ჩემს სახლში ვარ და ბევრი სიკეთის გაკეთება შემიძლია, ამის საშუალება მონასტერში მომეცა. მატერიალური, დამამძიმებელი ფაქტორები რომ აღარ გამაჩნია, თავისუფალი ვარ.

როცა ბერად წავედი, მამაჩემმა იხუმრა: - "პერესტროიკა" ჩემს ოჯახში მოხდა, საბჭოთა კავშირში კი არა. აქამდე მე მეძახდნენ შვილები მამას და ახლა მე ვეძახი მათო. ჩემი ძმა ჭიათურაში, კაცხის მონასტერში მსახურობს. დედის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ მამაჩემიც წამოვიდა მონასტერში. მორჩილი აკაკი გახლდათ მამა. აქვე მონასტრის ეზოშია დაკრძალული ერთი ხის ქვეშ. ამ ხეს აკაკის ხე შევარქვით. თავიდან ბეთანიის მონასტერში მივედი. მაშინ წინამძღვარი არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) გახლდათ. მერე მარტყოფის მამათა მონასტერში გავაგრძელე მსახური. მაშინ წინამძღვარი გახლდათ ახლა უკვე ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობი. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით აღმკვეცეს ბერად და შავნაბადაზე გამომგზავნეს. დანგრეული იყო აქაურობა. ღვთის შეწევნით, მონასტერი თანდათან ძლიერდება.

- მონასტერი რა არის თქვენთვის, მამაო?

- "ბერი - კაცს ნიშნავს, კაი ყმას,
შთამომავლობის დარაჯას,
უფლის ხმას, უფლის დიდებას,
მამულისათვის დამაშვრალს.
მონასტერი კი ბერების
არის სახლი და საძვალე,
ზნეობრიობის საყდარი,
სულიერების სავანე.
წვრთნად შემართული მარადჟამს
ფუტკარი მადლის მძებნელი,
სიწმინდის მებაირახტრე
და ერის ნათლისმცემელი".

KARIBCHE

ვცხოვრობთ მონასტრული ტიპიკონით, ლოცვაში და შრომაში. ვცდილობთ ვაკეთოთ სიკეთე და თაფლად წარმოვჩნდეთ საზოგადოების წინაშე. ჩვენი მოღვაწეობით ვცდილობთ, ერს სიკეთე გავუკეთოთ.

დღეს თუ რამეს ვაკეთებთ, ეს ჩვენი პატრიარქის დამსახურებაა. მან გვასწავლა ყოველგვარი მოშურნეობა.

მინდა პარტიარქისადმი მიძღვნილი ლექსი გითხრათ:

"დღეს უფლისაგან
შენ ხარ მამა და პატრიარქი,
პირადად ჩვენთვის,
როგორც კაცი, ხარ დიდი განძი.
გვინდა სიცოცხლე
გაგიფინოთ ხალიჩად მამას
და ჩვენი მხრებით
აგიყვანოთ მიწიდან ცამდის.
გინდა აღდგომა ქართული ცის,
ჩვენ ვხედავთ განვლილს,
სისხლი ჭიხვინებს ჩვენშიც შენი -
ილია მართლის..."


უწმინდესი ხშირად სტუმრობს შავნაბადას. ამით ძალიან ბედნიერები ვართ. მჯერა, რომ მისი ლოცვით საქართველო მალე გაბრწყინდება. ღმერთმა დაგლოცოთ!
ბეჭდვა
1კ1