რატევანი
რატევანი
ქვემო ქართლში სიძველითა და ისტორიული წარსულით გამოირჩევა სოფელი რატევანი, ის ბოლნისთან ახლოს მდებარეობს. რატევანი თურმე წინათ მევენახეობა-მეღვინეობით ყოფილა განთქმული. ლეგენდის მიხედვით, ამ მხარეში სტუმრად მყოფ თამარ მეფეს ყურძნის დიდმარცვლიანი მტევანი დაუნახავს და წამოუძახია: "უჰ, რა მტევანიაო!" ასე დარქმევია სოფელს რატევანი.

სოფელი რატევანი ძველ დროს მოსახლეობისგან დაცლილა, შემდეგ აქ მესხეთ-ჯავახეთიდან გადმოსახლებულან, 1951 წლიდან - იმერეთიდან და რაჭიდან.

ისტორიული საბუთების მიხედვით, რატევანი მდებარეობს დმანისის ხეობაში, მაშავერის მარცხენა მხარეზე, ყორანთის ჩრდილო-დასავლეთით, ქვეშის აღმოსავლეთით. სოფელი იხსენიება 1447-1459 წლებიდან. მისი მებატონეები 1468 წლიდან არიან ჯავახიშვილები, 1746 წლიდან - ქავთარაშვილები. 1536 წელს რატევანი, 11 კომლით, ერგო იოთამ ბარათაშვილს. 1721 წლის აღწერით ითვლებოდა 6 მებატონე - ქავთარაშვილები, იოთამაშვილები, შერმადინაშვილები. XVIII საუკუნის II ნახევარში ეს სოფელიც თითქმის დაცლილი იყო. XIX საუკუნის დასაწყისში რუსების მიერ გადაღებულ ტოპოგრაფიულ რუკაზე რატევნის ადგილზე აღნიშნულია სოფელი კამარლო. შემდეგ ამ სოფელს კვლავ დაუბრუნდა სახელი რატევანი. ახლა სოფელი რატევანი მდინარე მაშავერის სანაპირომდეა გაზრდილი.

ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "ხოლო აწინდელთა მთავართა და წარჩინებულთა გუარნი ესენი არიან: ბარათაშვილი, რომელთა უპყრავთ გაჩიანისა და გარდაბნისა საერისთონი ტფილისის სამხრით, თვინიერ მეფისა სახასოთა და შემოწირულობათა ეკლესიათათა. ხოლო იტყვიან ესენი ჩამომავლობასა ქაჩიბაძისასა, რომელსაც აცხადებს გუჯარნი და სიგელნი მათნი მეფეთაგან წყალობისანი, კუალად ყაფლანისშვილი და აბაშისშვილი სამთა ძმათა შვილობასა. არამედ ყაფლანისშვილი იტყვის გვარობასა მათსა გინა ორბელიანობასა, გარნა იყო ორბელიანი სხუა და ქაჩიბაძე სხუა გუარი, არამედ ოდეს განიყვნენ ძმანი, ბარათასაგან არიან ბარათიანნი, რომლისა მიერ ეწოდა ადგილთა მათ საბარათიანოდ, ხოლო აბაშისაგან - აბაშისშვილნი ეგრეთვე სხვანი, რომელნი არიან ბარათიანთაგანნივე. გარნა საგონებელ არს ყაფლანიანთაცა მესამესა ძმასა ეწოდა ორბელი და მის მიერ ორბელიანნი იწოდნენ, თვარე წინათქმულნი არა განმართლდებიან. ხოლო ბარათაანთ გუჯარსა შინა, რომელი არს ბეთანიას, წერილ არს, მეფემან ალექსანდრე, ძემან გიორგი მეფისამან, გაყარნა სამნი ძმანი - აბაში, გუგუნა და დავით".

რატევნელები მევენახეობას მისდევდნენ. მოსახლეობა არც დღეს ღალატობს ტრადიციას. ყურძნის ჯიშებიდან ძირითადად გავრცელებულია რქაწითელი, თაკვერი, ბუდეშური, გორულა, იშმიში, თითა, ფერჩულა, მაღლივი, შავი, ციცქა, ცოლიკაური, ალიგოტე, შავი საფერავი, ადესა (იზაბელა), რომელიც მოგვიანებით გერმანელებს შემოუტანიათ. აქაურ მცხოვრებთა მეხსიერებაში შემორჩენილია სოფელ რატევანთან დაკავშირებული ტოპონიმები: ქვემოთ ვენახებს "ნადელების ვენახი" ჰქვია, რატევანის მინდვრებსაც "ნადელებს" ეძახიან. მის ზემოთ, რატევნის თავზე, გორის კვირაცხოვლის ეკლესიაა, გადმოღმა - წმინდა გიორგის თეთრი ეკლესია. მერე წმინდა მარიამის ტაძარია, შეითალოს თავზე არის ეკლესია - თეთრი გორა. დისველი ანუ ყარაულთაფანი ნასოფლარია ხრამის თავზე, სამშვილდის გამოღმა. რატევანი ესაზღვრება ბოლნისს, სოფელ აკაურთას, სოფელ ზვარეთსა და მდინარე მაშავერას, ასევე დისველს. დისველიც ნასოფლარია, ისტორიული წყაროებიდან ვგებულობთ, რომ "რატევანისა და ყორანთის ჩრდილოეთით მდებარეობს ვრცელი ველი, რომელიც ქვემო ქართლის ლავური პლატოს ნაწილია". ვახუშტი ბატონიშვილი მას დისველს უწოდებს (ახლა თაფანი ჰქვია): "ამას ზეით დისველის მინდორი უწყლო, არამედ ნაყოფიერი ქცია - მაშავერს შუა და მოუცადი მარცვალთა, ბრინჯ-ბამბას გარდა". დისველის სახელის წარმოშობის შესახებ არსებობს თქმულება, თითქოს ერთ-ერთმა თავადმა თავის დას გათხოვებისას აჩუქა ეს ველი, "დის ველი". მდინარე მაშავერის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილის "აღწერაში" ვკითხულობთ: "ხოლო ყარაღაჯისა და ტაშორის მთის ჩრდილოეთით კერძო არს დაბანისის ხეობა და მდინარე მაშავერი, მიმდინარე მის შორის. ხოლო იწოდა ქციის რთვისათვის: "მა შავერიე ქციას" და აწ მაშავერად წოდებულია".

წინაპართა გადმოცემით
რატევანში ძირითადი გვარები ჯავახეთის სოფელ გოგაშენიდან არიან ჩამოსახლებულები. უწინდელმა ჩვენამდე მხოლოდ სასაფლაომ და ეკლესიამ მოაღწია.

რატევნის ერთი ნაწილი ეკუთვნოდა დიდვაჭარ მანთაშოვს, მეორე - ბარათაშვილს. სოფელში დიდ, ტრადიციულ ოჯახებად ცხოვრობდნენ. შეძლებულ გლეხს მოჯამაგირეც ჰყავდა. თავდაპირველად ძირული გვარები იყო - ლაზარეშვილი, დეკანოზიშვილი, ავქოფაშვილი, გუნაშოვი, აპრესოვი. დევნოზაშვილებს სალაანთ დევნოზაშვილებს ეძახიან. სალაანთები იყოფოდნენ ჯიგილაანთებად და მაჰუაანთებად.

გუნაშოვებს გეუაანთ ეძახდნენ. სოფელში პირველად ვინმე სიმონა ჩამოსულა. სამი შვილი ჰყოლია: გიორგი, სოლომონი და ალექსი. მათგან გაჩნდა გიორგიშვილის, სიმონიშვილის და ალექსიშვილის გვარები. ლაზარეშვილები იყოფიან სოლომონაანთებად და კოსტანაანთებად. გოგებაშვილებს იმედაანთ ეძახიან. რატევანში პირველად მათ დაჰკრეს ბარი. მოგვიანებით ლონდარეშვილები ჩამოსახლდნენ. ისინიც ორ შტოდ იყოფიან. ბაშალაანთი თურქეთიდან მოსული ლონდარიძეები არიან. ბაშალა - თავადს ნიშნავს. ამ გვარის კაცს თავადი მოუკლავს და თურქეთში გადასულა.

რატევანში ადრე თონეები ჰქონიათ, მაგრამ შემდგომში ფურნეების აშენება დაუწყიათ. ფიცრით დახურული ქვითკირის ბანიანი მიწური, ბუხრიანი სახლები ედგათ, ბუხრით. ბანური სახლი გრძელი იყო, ერთ მხარეს საქონელი ჰყავდათ, მეორე მხარეს ოჯახი ცხოვრობდა.

რატევანში დაწყებითი სკოლა თურმე მღვდელ დიმიტრი პეტრიაშვილს გაუხსნია, რომელიც ქალიშვილთან ერთად ასწავლიდა წერა-კითხვას - საღვთო სჯულს, ლოცვას, ქართულს, მათემატიკას. ამ მოძღვრის შემდეგ სოფელს ადგილობრივი მასწავლებელი არ ჰყოლია. 1966 წელს კი ახალი სკოლა აიგო.

***
რატევანში, ისევე როგორც მთლიანად საქართველოში, არსებობდა ნათესაობის სამი ფორმა: სისხლით ნათესაობა, მოყვრობითი და ხელოვნური. მათ შორის ქორწინება აკრძალული იყო. თხოვება-გათხოვება ხდებოდა შუაკაცით (მაშვლით). შუაკაცი სასიძოს ახლობელი, მამა, ბიძა ან სხვა ნათესავი იყო. შუაკაცი პირს (თანხმობას) თუ გამოიტანდა, ამის შემდეგ ვაჟის მშობლებს მიჰქონდათ ბელგა (უფრო ბეჭედი), პური, ტკბილეული. ბელგის მიტანისას საპატარძლოს ოჯახში სიძე არ მივიდოდა. ერთ კვირაში მიუტადნენ დიდ ნიშანს. ამას ესწრებოდა ქალ-ვაჟის მთელი ნათესაობა. დანიშნულთან პირველად მისულ სასიძოს დიდ კუნძს დააჩეხინებდნენ. ამას სასიძო კუნძი ერქვა. სიძეს ხელში უნდა დაეჭირა ეს კუნძი. თუ ვერ დაიჭერდა, ვერ ივარგებდა. დიდი ნიშანი იყო ოქროული. ორივე მხრის ნათესაობა ახალგაზრდებს მიართმევდა საჩუქარს ან ფულს. პატარძლისთვის მოჰქონდათ ფატა. იგი სასიდედროს უნდა დაეხსნა ერთი წყვილი წინდით. შემდეგ ვაჟის ნათლია დოლ-გარმონით შემოვიდოდა. ნათესავებს დამალული ჰყავდათ პატარძალი. გაჩაღდებოდა ვაჭრობა. ნათლია ფულს მისცემდა ქალის ნათესაობას და იყიდდა პატარძალს.

KARIBCHEწაყვანისას პატარძალს გვერდით ძმა ედგა. სიძის ეზოში რომ შევიდოდნენ, ძმისთვის საჩუქარი უნდა მიერთმიათ, ისე პატარძალს არ მისცემდა. თავზე წითელქსოვილმოხვეული დედამთილი რძალს ხვდებოდა ხელში ტკბილი წყლით, რაც სიხარულს ნიშნავდა. კარებში შესვლისას ნეფე პატარძალს ფეხზე ფეხს დაადგამდა - ჩემი ჭკუისა გამოდიო. კარებში, ზემოთ დანები იყო გარჭობილი, რომ პატარძალს ოჯახში ავი ანგელოზი არ შეჰყლოდა...

***
თუ ბავშვი ქუდბედით დაიბადებოდა, კარგის ნიშანი იყო. ქუდბედი ბავშვს ყოველთვის ჯიბით უნდა ეტარებინა. ბავშვი აკვნიდან რომ გადმოვიდოდა, გოგონას პატარა კაბას აცმევდნენ, ბიჭს - შარვალს და ხალათს. ფეხის ადგმა რომ ესწავლა, ბავშვს უკეთებდნენ ჭოჭინას, შემდეგ ოთხბორბლიან თონეს. ორივეს თვითონ ბავშვი ატარებდა.

ბავშვი წლამდე უნდა მოენათლათ. მეჯვარე ნათლავდა პირველ ბავშვს, მეორისთვის შეეძლოთ სხვა ნათლიაც შეერჩიათ - პიროვნება, ვინც ოჯახს მოსწონდა და ვისაც პატივს სცემდა. მირონით დანათესავებულ ოჯახებს შორის უდიდესი ურთიერთპატივისცემა მყარდებოდა. მათ შორის თხოვება-გათხოვება აკრძალული იყო. ნათლია-ნათლულის ოჯახებს შორის მყარდებოდა გარკვეული ვალდებულებები. ნათლიას ნათლულისთვის სამირონედ უნდა მიეტანა მიტკალი და ჯვარი. ნათლულს ნათლიისთვის ახალი წლის ძღვენი უნდა წაეღო: ხილი, ღვინო, არაყი. აღდგომას უნდა მოეკითხათ აღდგომის კვერცხი და სხვა საჩუქრები. ნათლია თუ გარდაიცვლებოდა, ნათლულს უნდა ეყიდა სუდარა, ხოლო მირონს მისი შვილი აგრძელებდა.

***
განსაკუთრებით ზეიმობდნენ შობას, ახალ წელს, აღდგომას, გიორგობას. შობის წინა ღამით გამოაცხობდნენ საშობაო ნამცხვარს. სავალდებულო არ იყო საკლავის დაკვლა. ახალი წლისთვის გოზინაყს აკეთებდნენ და აცხობდნენ ბასილებს. შობას ალილოზე დადიოდნენ რჩეული მამაკაცები, რომლებიც კარგად მღეროდნენ. ასეთი სიტყვებით:

"შობა ღმერთმა გაგითენოთ,
შობის ახალწელიწადი, აქა ალილო,
აქა ტახი დაკლულაო,
კელავერი ჩვენიაო...
ვინც არ მოგვცეს საციქველი (კვერცხი, ჩურჩხელა...),
გადაეწვას საძირკველი. აქა ალილო".


დიდმარხვის შემდეგ, ვინც პირმარხული იყო, შაბათ საღამოს უნდა წასულიყო წმინდა გიორგის საყდარში, სადაც მღვდელი აზიარებდა ხალხს. კვერცხებს ტეხდნენ და გაიხსნებოდა მარხვა. აღდგომას რომ ადგებოდნენ, დილით ღორის ხორცი უნდა გამოევლო ყველას პირში, ვისაც ხორცი არ ჰქონდა, ქონი - თათრებმა არ დაგვჯაბნონო.

აღდგომის მესამე დღეს სამებობას აღნიშნავდნენ სამების ეკლესიაში.

დღევანდელობა
რატევანში ყოფნისას ერთ ლამაზ ქართულ ოჯახს ვსტუმრობდი. ოჯახის დიასახლისი, ქალბატონი მაია ხარაიშვილი რატევნის სკოლის დირექტორი გახლავთ. მასთან საუბარი მართლაც საინტერესო აღმოჩნდა. "მტერთა შემოსევებმა და ჟამიანობამ რატევანი გააჩანაგა. გაჩნდა არაქართული მოსახლეობა. ეროვნული სულის გასაძლიერებლად მესხეთ-ჯავახეთიდან და სხვა კუთხეებიდან ჩამოასახლეს ქართველები. ისინი შეერწყნენ და შეეთვისნენ ერთმანეთს. თან მოტანილი ადათ-წესები შენივთდა. ამიტომ ჩვენს სოფელში განსხვავებული კულტურაა. არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოვაყალიბეთ - "ქარიმერა", ანუ ქართლი, იმერეთი და რაჭა.

KARIBCHEრატევანში ამჟამად 800-მდე ოჯახი ცხოვრობს.

მეზობელ სოფელ აკაურთაში ცოტა ქართველი ცხოვრობს, - საუბარს განაგრძობს ქალბატონი მაია, - ძირითადად აზერბაიჯანელები და სომხები მოსახლეობენ. სოფელ ქვეშში ქართველებთან ერთად არაქართველებიც ბლომად არიან. მას მოსდევს არაქართველებით დასახლებული ძველი ქართული სოფლები - კაზრეთი, ძველი ქვეში, ქვემო ბოლნისი, ხაჩინი, წუღრუღაშენი, ჩათახი, ზვარეთი. მოშორებით - ხრამის ხეობა და თაფაანია. ჩვენი სოფლის მოსახლეობას აქ მიწის ნაკვეთები აქვთ.

რატევანს ჩამოუდის მდინარე მაშავერა, რომელიც მოედინება დმანისის რაიონიდან, ფინეზაურიდან. მაშავერა ახლა ძალიან დაბინძურებულია. კაზრეთის მადანი მდინარე მაშავერაში ირეცხება. მოსახლეობა მას მიწის ნაკვეთების სარწყავად იყენებდა და დღეს ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. გადმოცემით, მდინარე მაშავერისთვის სახელი თამარ მეფეს დაურქმევია. თურმე, თამარს მოუნდომებია მდინარის გაღმა ნაპირზე გადასვლა. მდინარე ადიდებული ყოფილა. მხლებლებმა მდინარის გადალახვა მეფის ბრძანებით დააპირეს, მაგრამ უკან დაბრუნდნენ. მაშ, ვერაო და აქედან მდინარეს მაშავერა ეწოდა.

რატევანში მხოლოდ ერთი საჯარო სკოლა გვაქვს. მართალია, ჩვენთან მრავალშვილიანი ოჯახები ცხოვრობენ, მაგრამ ამ მძიმე სოციალურ ყოფაში ოჯახები ნაკლებად იქმნება და მომავალი თაობის რიცხვიც კლებულობს. ეს კი საგრძნობლად აისახება სკოლის კონტინგენტზეც, - მიამბობს ქალბატონი მაია, - შარშანდელთან შედარებით, წელს 40 ბავშვით ნაკლები მივიღეთ. პირველ კლასში 7 ბავშვი გვყავს. როგორც ყველგან, აქაც ჭირს ცხოვრება. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სოფლის მეურნეობას ეწევა. ქვის კარიერზე დაახლოებით 100-180 ადამიანია დასაქმებული. მოსახლეობის ნაწილი კაზრეთის მადნეულში მუშაობს. ისინი ეკონომიკურად შედარებით მყარად არიან. მოსახლეობა უმუშევრობას უჩივის. მოსახლეობა ხელმოკლე ოჯახებს მხარში უდგას. ღვთის ანაბრად არავის ვტოვებთ. სკოლაშიც დავამკვიდრეთ ტრადიცია - მარტოხელას ან გაჭირვებულს შეძლებისდაგვარად ვეხმარებით პრობლემების გადაჭრაში, შეშის მოტანა იქნება, სახლის გადახურვა თუ სხვა...

სამი წელია, რაც ახალი კულტურის სახლი გვაქვს და კულტურული ღონისძიებები იმართება ხოლმე. ახალი აშენებულია ასევე სოფლის საკრებულო და სტადიონი. გაიხარეს ახალგაზრდებმა. ერთი კია, არ გვაქვს დახურული სპორტული დარბაზი, კალათბურთის წრე, საცურაო აუზი, თუმცა გვპირდებიან.

გვაქვს ძალიან კარგი ბიბლიოთეკა. დღე არ გავა, რომ ბიბლიოთეკის კარი მკითხველმა არ შეაღოს. ქართული მოსახლეობა რომ გამრავლდეს, აუცილებელია სოციალური პირობების გაუმჯობესება და მრავალშვილიან ოჯახებს თუ შეეწყობა ხელი, მოხარული ვიქნებით".

***
რატევანში უძველესი და ულამაზესი ტაძრებია, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი დღემდე არ არის შესწავლილი. არქიტექტორ-რესტავრატორ ნიკო ზაზუნიშვილის თქმით, "აქაური ტაძრები ძალიან ადრეული პერიოდისაა. დროთა განმავლობაში ზოგი გადაკეთდა, ზოგიც დაინგრა.

წმინდა გიორგის დარბაზული ტიპის ტაძარი, რომელიც სოფლის განაპირას, ბექობზე მდებარეობს, XVII-XVIII სს-ში გადაუკეთებიათ. ნაშენია რუხი თლილი ქვით. თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თითო თაღით გადახურული ნიშაა. ერთ-ერთი სარკმლის წინ ამოკვეთილია ბოლნური ჯვარი. წმინდა გიორგის ტაძრის შესახებ შედარებით მეტი ცნობებია შემონახული. 80-იანი წლების დასაწყისში მის აღდგენაში წვლილი მეც მიმიძღვის. გალავანი ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული. საყდარი ქართული კრამიტით გადაიხურა. დაიგო იატაკი და კეთილმოეწყო ეზო. წმინდა გიორგის ტაძარში ღვთის სადიდებლად წირვა-ლოცვა აღესრულება.

ღვთისმშობლის ეკლესიაც სოფლის განაპირას, ბორცვზე დგას. რუხი, ყვითელ-შინდისფერი ქვითაა ნაგები, ერთ-ერთ ფასადში ჩატანებულია ქვის ფილა ჯვრის რელიეფით.

KARIBCHEსასილოსეების ტერიტორიაზეა სამეკლესიიანი ბაზილიკა. ამ ტაძრიდან მხოლოდ მთავარი ეკლესიის აღმოსავლეთი კედლის ფრაგმენტი და საკურთხეველია შემორჩენილი. კარგი იქნება, თუ კეთილი ადამიანები დაგვეხმარებიან ამ უნიკალური ტაძრების ადგენაში. ამით კიდევ უფრო მეტი ნათელი მოეფინება წარსულს".

ბოლნისის მუზეუმი
ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მართლაც აცოცხლებს ქვემო ქართლის, ბოლნისის წარსულს. მუზეუმი 1951 წელს გაიხსნა. გამოფენილია ამ მხარეში მიკვლეული არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და არქიტექტურული, ანტიკური ხანის ძეგლები. მუზეუმში ინახება სტელები, რომლებზეც გამოსახულია რელიგიური შინაარსის ორნამენტები. აქვეა ქვაჯვრები და სტელები. მათ შორისაა სიონის ტაძრიდან გამოტანილი (V-VIს.ს.) ბოლნური ჯვარი.

ამ ტიპის ჯვრებს ტოლმკლავებიან ჯვარს უწოდებენ. ადრექრისტიანულ ხანაში მას სხვა დანიშნულება ჰქონდა. ზოგი ხელგაშლილ ადამიანს უკავშირებდა, ზოგიც - მზეს. ბოლნურ ჯვარს ვხვდებით ბოლნისის სიონის გარდა ქვემო ქართლის რამდენიმე ტაძარში. ექსპონატთა შორისაა ტნუსის ეკლესიის წითელი სტელა. აღსანიშნავია ანტიკური პერიოდის იხვის ფორმის დოქიც.

***
ბოლნისში ბევრი სიწმინდე და ხუროთმოძღვრული ძეგლია. მათგან საინტერესოა სათხის მონასტერი, რომელიც დაბა კაზრეთიდან ოდნავ მოშორებით, ტყეში, მთის ძირას მდებარეობს. პირველი ცნობა სათხის ეკლესიის შესახებ მოცემულია ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანის ჩანაწერებში. გადმოცემით, ამ ადგილებში ხშირად ჩამოდიოდნენ და თავს აფარებდნენ გარეული თხები. როგორც ჩანს, სათხის სახელწოდება აქედან მოდის. ეკლესიის ერთ-ერთ ფასადზე ამოტვიფრულია ასომთავრული წარწერა: "ქრისტე, შეიწყალე კვირიკე გალატოზი, ამენ" (გალატოზი ძეგლის ხუროთმოძღვარია). იქვე, სარკმლის ზემოთ ასომთავრული წარწერაა: "ქრისტე, შეიწყალე ივანე ნიკოლოზის ძე და შეუნდვე მას, ამენ". სათხის ეკლესიას თავის დროზე ჰქონია გალავანი. დასანანია, რომ ეს უძველესი და ბრწყინვალე მონასტერი განადგურების პირასაა მისული.
ბეჭდვა
1კ1