ბოლნისი
ბოლნისი
დაბა თამარისში (ძველად - ქოლაგირი, უფრო ადრე კი ცურტავი), რომელიც ოფრეთთან, ნახიდურთან, ბოლნისთან, წუღრუღაშენთან, გომარეთთან და ქვემო ქართლის სხვა მრავალ სოფელთან ერთად სადედოფლო იყო, დღეს არც ერთი ქართველი აღარ ცხოვრობს. თუმცა, როგორც წინა ნომერში მოგახსენეთ, აქ დედათა მონასტერია დაფუძნებული და მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით, ჯერჯერობით ორი მონაზონი მოღვაწეობს.

"ქოლაგირი ასი წლის წინათ ხარება იყო, - წერს დარეჯან დედოფალი 1801 წელს რუს მართებელს ???, - განსვენებულმა ჩემმა მეუღლემ მეფემ ირაკლიმ ხან ვის უბოძა, ხან ვის, მაგრამ ამის აშენება ვერ შეძლეს... მას უკან მე მებოძა. უცხოეთის ქვეყნებიდან ქრისტიანენი მოვაყვანინე და დავასახლე კომლი 55. ქოლაგორში ვენახი გავაშენებინე. იმავ ქოლაგორს ქვითკირის ციხე და გალავანი ავაშენე..."

ქოლაგირის ციხეს დიდი სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ორი მდინარის შესართავში აღმართული, დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთ კარიბჭეს წარმოადგენდა, იცავდა მაშავერის ხეობას და ყარაია-წითელხიდის ტერიტორიებს.

მაშავერის ხეობის ზღაპრული სილამაზით მოხიბლული მღვდელი ზაქარია (შაქრო) გულისაშვილი, რომელიც 1983-1906 წლებში სოფელ გომარეთში მსახურობდა, წერს: "მშვენიერია მდინარე მოშრევანის ხეობა! შენს სიცოცხლეში ვერ მოიშორებ ოცნებიდან მის ბუნების სიტურფეს, თუ ერთხელ მაინც ნახე ეს საოცარი მიდამონი!"

სოფელი ხიდისთავიც მაშავერის ხეობაში მდებარეობს. სოფელი დარეჯან დედოფლის მიერაა გაშენებული. ხიდისთავი დარეჯან დედოფალმა უმცროს ქალიშვილს თეკლა ბატონიშვილს მზითვში უბოძა, რასაც ეს სიგელიც ადასტურებს: "მშობელი შენი სანატრელი სახსოვარი უმაღლესობა მისი მეფე ირაკლი გარდაიცვალა. იმის შემდგომად მოხდა შენი ქორწინება და შენ ამის გამო უმზითვოდ დარჩი. რადგან გიგულე ყოვლითურთ უმზითო და უნუგეშნაცემი, მეც მშობლიურისა ბუნებისა მოწყალებითა მოგეცი მზითვად ჩემი საკუთარი სადედოფლო სოფელი ასანხოჯალო თავისი მსახლობარის კაცით და სამართლიანის სამძღვრებით, რომელიც ჩემის ღვაწლით ამიშენებია და დამიყენებია მუნ მდგმურნი, აქამომდე არს მფლობელობასა ქვეშე ჩემსა... მოგახმაროთ ღმერთმა ხსენებული ესე ასანხოჯალო შენ და შთამომავალთა შენთა საუკუნოდ..."

"ქართლის ცხოვრების" მიხედვით, მაშავერის ხეობა ის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულია, რომელიც ქვემო ქართლში, გაჩიან-გარდაბანში შედიოდა. მას ასევე გოგარენე-გუჯარეთის სახელითაც იხსენიებენ.

ძველი რომაელი ისტორიკოსის, სტრაბონის ცნობით, "გოგარენა" ანუ "გუგარეთი" ახლანდელი ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილს მოიცავდა, რომელიც დაახლოებით ჭოჭიანის, ბოლნისის, დმანისის, ლოქის ხეობათა, ტაშირის (ჯავახეთის ზეგანი), აბოცის და თრიალეთის სამხრეთ ნაწილს მოიცავდა.

უძველესი ქართული დამწერლობის ადგილსამყოფელი მდინარე ფოლადაურის მახლობლად მდებარე ბოლნისის სიონია. გვიან შუა საუკუნეებში ბოლნელ ეპისკოპოს ნიკოლოზ მუხრან-ბატონ ამილახვარს აუგია ბოლნისის სიონის სამრეკლო. XVII საუკუნის 80-იან წლებში მასვე განუახლებია კაზრეთის წმინდა სამების მონასტერი.

კაზრეთის ხეობა
კაზრეთის ხეობა ბოლნისისა და დმანისის რაიონების საზღვარზე მდებარეობს. ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი ზურაბ ერისთავი გვიამბობს: "ისტორიულად კაზრეთის ხეობა, როგორც პოლიტიკურ-გეოგრაფიული ერთეული, ქართლის შემადგენლობაში შედიოდა.

შუა საუკუნეებში კაზრეთის ხეობა მთელ ქვემო ქართლთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ადრე შუა საუკუნეებში ეს მხარე საპიტიახშოში შედიოდა, ხოლო შემდეგში სამეფო მამულად იქცა.

კაზრეთის ხევის მიდამოებში, მდინარე მაშავერის სანაპიროზე, სადაც დღეს კაზრეთის სანახებია, ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე სოფელი ღორისთავია ნაჩვენები. ამ სოფლის სახელის წარმოშობის შესახებ ასეთი გადმოცემა არსებობს: თათრებს ქართველებისთვის ღორებივით დაუჭრიათ თავები. ამიტომაც დაურქმევიათ ღორისთავიო. ეს თქმულება ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს, თუმცა ღორისთავი ღვარისთავადაც არის გააზრებული. იქვე ახლოს მდებარე კაზრეთის ხევის მარცხენა მხარეზე "დავით საგარეჯოს" მონასტერი იყო. კაზრეთის აღმოსავლეთით, ტყით მოცული მთის თხემზე, მართლაც შემორჩენილა სამონასტრო კომპექსი, მათ შორის მთავარი XII-XIV საუკუნისაა. მკვლევარი რუსუდან მეფისაშვილის აზრით, ამ ძეგლმა დასახელება მიიღო კაზრეთში XI საუკუნეში დაარსებული დავითგარეჯის მონასტრიდან. ტაძრის კარის წარწერაში აღნიშნულია, რომ ეკლესია ხელმეორედ აუგია ორბელიანის ძეს, მეფე გიორგი X-ის მდივანბეგ ერასტის (სულსან-საბა ორბელიანის ძმას) და მის მეუღლეს 1709 წელს. თვით კაზრეთის მიდამოებში XIX საუკუნეში ხელმეორედ დასახლებულან და ამ ადგილისათვის ტაბახმელა უწოდებიათ. მოგვიანებით, 1926 წელს აღნიშნული დასახლებული პუნქტი 91 კომლამდე გაზრდილა და კაზრეთად იწოდებოდა. კაზრეთის ნანგრევები, რომელიც მოზრდილ დასახლებას მოიცავდა, ახლანდელი კაზრეთის ცოტა ზემოთ მდებარეობს. სახელწოდება კაზრეთი კი დაკავშირებულია კაზართან, რაც სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით მწერს ნიშნავს. ამასთან XIII საუკუნის დასაწყისში აქ მონასტერთან ერთად მდინარის მარჯვენა მხარეზე მდებარეობდა სოფელი ისპიანი. ისპიანს ახლაც უწოდებენ მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ახლოს მდებარე სამების ეკლესიის მიდამოებს.

გალავანში მოქცეული ტერიტორიის შუა ადგილზე აღმართულია დიდი ზომის დარბაზული ეკლესია. ცოტა მოშორებით სატრაპეზოს ნანგრევები და საცხოვრბელი ნაგებობის ნაშთებია შემორჩენილი. როგორც ჩანს, აქ მნიშვნელოვანი სამონასტრო დასახლება უნდა ყოფილიყო.

წმინდა სამების ტაძარი აგებულია XIII საუკუნის პირველ მეოთხედში, ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდში, რომელიც მოგვიანებით მთავარეპისკოპოს ნიკოლოზ (მუხრაბ ბატონს) ბოლნელს შეუკეთებია XVII საუკუნის მეორე ნახევარში. ნიკოლოზ ბოლნელის მიერ კედელზე შავი მელნით შესრულებული წარწერა მიგვითიტებს შეკეთების დაწყების ტარიღს - 1672წ.

კაზრეთის სამების ეკლესია ღვთის წყალობით და კეთილი ადამიანების ზალისხმევით რესტავრირებულია და აღდგენილია. 1995 წლიდან იგი კვალვ მოქმედია.

კაზრეთის ხეობაშივე მდებაროებდა სოფელი ბაბილაშენი, რომელიც XIX საუკუნის დასასრულს ნასოფლარ სამტრედოს სახელით ყოფილა ცნობილი. ექვთიმე თაყაიშვილი მიუთითებს ეკლესიას, რომელიც ლაპიდარული წარწერის თანახმად 1697 წელს ყოფილა აგებული.

მეტად საინტერესო არქეოლოგირი მასალა აღმოჩნდა პატარა ეკლესის ნანგრევებში ამ ეკლესიას ადგილობრივი მოსახლეობა "ბუჩურაშენის" ეკელსიას უწოდებს. იგი მდებარეობდა დღევანდელი კაზრეთის კარიერზე, ტყით დაფარულ ფერდობზე.

ეკელსია წარმოადგენდა დარბაზული ტიპის მცირე ზომის ნაგებობას. ნახევრად მიწაში ჩამჯდარს პერანგი შეცვლილი ჰქონდა. კედლებში ჩაშენებული იყო რელიეფური ქვები. იქვე უნახავთ შუაზე გადაჭრილი სტელა ბერნული წარწერით: "სალოცავად სიმეონისა და ავლიანოსისა ყოველთა მატითურთ სახლითურთ, უფალო შეეწიე თეოდორეს". ამჟამად ბუჩურაშენის ეკლესია დანგრეულია. ნაეკელსიერის დასავლეთ ნაწილში აღმოჩნდა უძველესი ნაშთი. ერთ რიგად ნაწყობი კარგად გათლილი ოთხი ქვა. აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური მასლა ძირითადად მოიცავდა ქვის ჯვრებისა და სტელების ნატეხებს, XV საუკუნიდან კაზრეთის ხეობა დიდი სათავადოს - საბარათიანოს ტერიტორიაში შედიოდა. შემდეგ საბარათიანო რამდენიმე სათავადოდ დაიშალა. ამ ხეობაში მდებარე მიწები, სათხიდან მოყოლებული კაზრეთამდე სარდალ ზურას ერგო, რომელმაც აქ, სამტრედოში გააშენა რეზიდენცია. ასე ჩაეყარა საფუძველი ზურაბიშვილების სათავადოს.

XVIII საუკუნის ბოლოსთვის ლეკიანობის გამო საზურაბიშვილობა დაკნინებულია და 1972 წელს უკვე გაღარიბებული სიმონ ზურაბიშვილი თავის შვილს ზაალს ავედრებდა გიროგი ბატონიშივლს. როგორც ჩანს, ამ დროისათვის კაზრთის ხეობაში ჯერ ყიზილბაშობის, შემდეგ ოსმალობის, ბოლოს ლეკიანობის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა თანდათან განადგურდა.

ზურაბიშვილების კარს ეკელსია სამტრედოს ქვედა ტერასზე მდებარეობს და წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას. ტაძარი XVII-XVIII საუკუნეებს განეკუთვნება, რასაც ადასტურებს ეკლესიის კარზე წარწერის თარიღი (1697წ.)

ფიტარეთის მამათა მონასტერი
ფიტარეთი თეთრიწყაროს რაიონში მდებაროებს. მდინარე ქციის (ხრამი) ღრმა ხეობის განაპირას, ტყით დაფარულ მთათა შორის, აღმართული ჯვარგუმბათოვანი კომპლექსი ბუნებრივ გარმოს ჩიენბულად შეთვისებია. რთული რელიეფის გამო მონასტერთან მისასვლელი გზა შედარებით ხელსაყრელია ბოლნისიდან სოფელ ტანზიის გავლით. ფიტარეთის მონასტერი XIII საუკუნით თარიღდება. იგი ამავე პერიოდის ტაძრებს მიეკუთვნება. ესნეია: ბეთანია, ქვათახევი, იკორთა, წულღულაშენი. ფიტარეთის ეკლესიის კარიბჭის შიგნით მოთავსებულია დიდი საამშენებლო წარწერა, საიდანაც ირკვევა, რომ ტაძარი აგებულია ლაშა-გიორგის მეფობის დროს. მეფის ამირეჯიბის, ქავთარ ქაჯიფაისძის მიერ საუკუნეთა განმავლობაში მონასტერი ბარათაშვილ-ორბელიანთა სათავადოს სამფლობელოში შედიოდა.

KARIBCHE

ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს დროთა განმავლობაში საკმაო ცვლილებები განუცდია. ძველი გალავანი დაზიანებულია, ხოლო ახალი სათოფურეებიანი გალავანი უკეთაა შემონახული. გალავნის შესასვლელში თაღებიანი სამრეკლო დგას. ხოლო ჩრდილოეთით გარნის და სხვა ნაგებობების ნანგრევებია, რომელიც XVII საუკუნის მიწურულით თარიღდება.

წინა საუკუნებიდან მოყოლებული XII-XIII საუკუნეებში და შემდეგ პერიოდშიც, სასწავლო-საგანმანათლებლო და მწიგნობრული მოღვაწოება ძირითადად ეკლესია-მონასტრებში მიმდინაროებდა. ამ მხრივ გამონაკლისს არც ფიტარეთის მონასტერი წარმოადგენდა. ცნოიბლია, რომ XVII-XVIII საუკუნეებში აქ მოღვაწეობდა იობ ფიტარელი, რომლის მემკვიდრეობას სამწუხაროდ ჩვენამდე არ მოუღწევია. ფიტარეთის წიგნთსაცავიდან ცნობილია XVII საუკუნის სახარება (გადამწერი იესე ბედისმწერლიშვილი) და სძლისპირები.

სავარაუდოდ XIX საუკუნიდან რუსეთის მიერ საქართველოს სამოციქულო ეკლესიას ავტოკეფალიის გაუქმების შემდგომ მონასტერი ისევ უმეთვალყუროდ დარჩა, თუმცა მთავარი ტაძარი თითქმის თავდაპირველი სახით დღემდე უცვლელად შემოგვეხანა. გასული საუკუნის ბოლოს მას ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.

2007 წლიდან ფიტარეთის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტ ანანიას ლოცვა-კურთხევით და ბოლნელი ეპისკოპოსის ეფრემის ძალისხმევით, ამოქმედდა მამათა მონასტერი. საუკუნეების შემდეგ აქ აღდგა ნანატრი ბერ-მონაზვნური ცხოვრება. ღვთის შეწევნით და მოწყალე ადამიანების თანადგომით მოკლე ხანში დაიგო ტაძრის იატაკი, მოეწყო ქვაში მდიდრული ჩუქურთმებით ნაკვეთი კანკელი, დაიდგა წმინდა ტრაპეზი, სამკვეთლო, ნაწილობრივ შეკეთდა გალავანი, აშენდა საცხოვრებელი და სატრაპეზო მონასტრის წევრებისთვის. ასევე იკურთხა ყოვადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრის წმინდა ტრაპეზი და განახლდა დიდი ხნის შეწყვეტილი წირვა-ლოცვა.

KARIBCHE
ფოტარეთის მონასტრის ძმობა მღვდელმთავრებთან ერთად

სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღასრულეს მიტროპოლიტმა ანანია (ჯაფარიძე) ეპისკოპოსმა ილარიონმა (ქიტიაშვილი), ეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე). სამღვდელოებისა და მრავალრიცხოვანი მრევლის თანდასწრებით.

ამჟამად მონასტრის ძმობა ათი წევრისგან შედგება. წინამძღვარი გახლავთ სქემმღვდელმონაზონი ექვთიმე, სამი ბერი და მორჩილები, ისინი ჩვეული ტიპიკონის მიხედვით ცხოვრობენ. აქვთ მცირე სასაქონლე მეურნეობა, ამუშავებენ მიწის ნაკვეთს.

სამომავლოდ მონასტერი კვლავ საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს. გასამაგრებელია ტაძრის კედლებზე არსებული მნიშვნელოვანი ბზარები, შესაკეთებელია სახურავი, სარესტავრაციოა დღემდე შემორჩენილი ძველი ფრესკები, აღსადგენია გალავანი, მარანი, ბერთა სენაკები... ფიტარეთის მამათა მონასტრის მადლი და იქ აღვლენილი ლოცვები სრულიად საქართველოს შეეწევა.

წუღრულაშენის მამათა მონასტერი
ეს მონასტერი ბოლნისიდან მოშორებით, ფოლადაურის მარჯვენა მხარეს, მთის კალთაზე მდებარეობს. ამ მთას ვახუშტი ბატონიშვილი "მცირე მთა ბოლნისისასა" უწოდებს. ეს ტანწვრილი, მარალგუმბათიანი ტაძარი ამაყად გადმოისცქერის აქა-იქ გაფანტულ სოფლებს.

წუღრულაშენი-ბეთანია-ქვათახევ-ფიტარეთის ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ უფრო ფიტარეთის მსგავსია. საკურთხევლის ორივე მხარეს ორ სართულად განლაგებული სათავსებია, რომელთა ქვედა სართულებში სამკვეთლო და სადიაკვნეა მოთავსებულკი. ჩრდილოეთით ეკლესიას აქვს მოგვიანო ხანის მინაშენი, როგორც ჩანს, საგვარეულო საძვალე-ეგვტერი.

წუღრულაშენის შესახებ ისტორიულ წყაროებში ტიტქმის არავიტარი ცნობა არ მოგვეპოვება. მცირე რამ ვცით მის შესახებ ტაძრის ფასადზე არსებული სამი წარწერიდან. ფასადის ორ ვრცელ წარწერაში მოხსენიებული არიან "მეფეთა მეფე გიორგი" და წუღრულაშენის ამშეებელი "ჰასან არსენის ძე", ჩვენ არ ვიცით, ვინ არის ეს უკანასკნელი, მაგრამ რადგანაც წუღრულაშენი XIII საუკუნის I ნახევრის ძეგლთა კატეგორიას განეკუთვნება, წარწერებში ნახსენები "მეფეთა მეფე გიორგი", გიორგი IV-ლაშაა, თამარის მემკვიდრე.

ვახუშტი ბატონიშვილი ამგვარ ცნობას გვაწვდის: "არის მონასტერი წუღრულაშენის, გუმბათიანი, მშვენივრად ნაშენი, შვენიერს ადგილს და აწ უქმ არს". აქედან ცანს, რომ XVIII საუკუნის დასაწყისისითვის წუღრულაშენი მოქმედი მონასტერი აღარ ყოფილა, მაგრამ როდის გაუქმდა, ეს უცნობია.

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან წუღრულაშენი კვლავ მოქმედი მონასტერია. ხოლო მის საერთასორისო მნიშვნელობაზე მიანიშნებს ის, რომ იგი იუნესკოს ძეგლთა სიაშია შესული.

***
ბოლნისის ეპარქიის მოლოცვაში მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით მამა პეტრე კვარაცხელია დამეხმარა. მღვდელმთავრად გამორჩევის შემდეგ მამა პეტრე თან წამოჰყვა სულიერ მოძღვარს ბოლნისის ეპარქიაში. მას შემდეგ ბოლნისის ღვთისმშობლის ტაძარს წინამძღვრობს. სკამაოდ ახალგაზრდა, 28 წლის, მამა პეტრემ მრევლი მალევე შემოიკრიბა და მათი დიდი სიყვარულიც მოიხვეჭა.

როგორც აქაურები ამბობენ, ბოლნისში მეუფე ეფრემის მოსვლით ეპარქიაში სულიერი აღორძინება დაიწყო. ახალი მოძღვრების მობრძანებით კი ხალხში ღვთის სიყვარულმა დაისადგურა, რწმენა გაუჩინათ მამების გულმხურვალე ქადაგებამ, მათი ცხოვრების წესი, მათთვის სამაგალითო გახდა.

მამა პეტრეს მეუღლე და სამი შვილი ჰყავს, მეოთხესაც მალე ელიან.

ბოლნისში ყოფნისას მეუფის რეზიდენციაში ცხოვრობს.

მამაო ეპარქიის ყოველთვიურ გაზეთ "სიონს" რედაქტორობს, წერს ლექსებსა და მოთხრობებს.

მამა პეტრეს "კარიბჭესთან" საუბარი ვთხოვე.

- მეუფე ეფრემის მღვდელმთავრად გამორჩევა საოცრად მოულოდნელი იყო. მოგეხსენებათ, მეუფე მანამდე ქოზიფის მამათა მონასტრის წინამძღვარი გახლდათ. მაშინ მე სურამის კვირაცხოვლის სახელობის ტაძარში ვმსახურობდი. მეუფე, როგორც სულიერი შვილი, თან წამოვყევი. ეს 2006 წლის 3 იანვარს მოხდა.

გულწრფელად გეტყვით, პირველად უცხო გარემოს შემყურეს სასოწარკვეთილება მომეძალა. დროთა განმავლობაში მოსახლეობასთან ურთიერთობა ჩამოყალიბდა, დაიწყეს ეკლესიაში სიარული, აღმსარებლები და მაზიარებლები გახდნენ, ღვთისკენ პირველი ნაბიჯები გადადგეს.

აქაურების სულიერი საზრდო "სიონი" გახდა. გაზეთს სახელი თავად მეუფემ შეურჩია. დროთა განმავლობაში ხალხმა შეიყვარა იგი და ახლა თვიდან თვემდე "სიონის" მოლოდინში არიან. ღვთის მადლით გაზეთს იანვარში წელიწადი უსრულდება. მეუფის ლოცვა-კურთხევით, ადგილობრივ ტელევიზიაშიც გვქონდა საეკლესიო გადაცემები, ვთანამშრომლობდით რადიოსთან.

მეუფის ლოცვა-კურთხევით, ბევრი რამის გაკეთება შევძელით, ბევრიც კიდევ გასაკეთებელია...

მოძღვრები ოჯახებში დავდიოდით და ხალხს ტაძარში მოსვლას ვუქადაგებდით. ერთად მოვილოცეთ საქართველოს წმინდა ადგილები. ეს საუკეთესო საშუალებაა ურთიერთსიყვარულის მოხვეჭისა.

KARIBCHEაქ ჩამოსვლამდე ჩემთვის ბოლნისის ეპარქია, მხოლოდ ბოლნისის სიონი და წუღრუღაშენი იყო. თუ ამდენი დიდებული ეკლესია-მონასტერი არსებობდა, არც კი ვიცოდი. მოვილოცეთ თეოდორეწმინდა, სათხის მამათა მონასტერი, აკაურთა, კაზრეთის სამება, ფიტარეთის მამათა მონასტერი... ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ფიტარეთი თეთრი წყაროს რაიონში მდებარეობს, მანგლისისა და წალკის ეპარქიაში. ორი მღვდელმავრის მეუფე ანანიას და მეუფე ეფრემის კეთილი ნებითა და თანხმობით, ეს მონასტერი ბოლნისის ეპარქიას გადმოეცა და ახლა აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს. მონასტერს სქემმღვდელმონაზონი ექვთიმე წინამძღვრობს. აღდგა ტანძიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარიც. იგი სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმის ეზოშია აღმართული. ტაძარი ორბელიანთა კარის ეკლესია უნდა ყოფილიყო. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ღვთისმსახური მე გახლავართ. სოფელში უმეტესად სვანები ცხოვრობენ. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს ტაძარში და აღმსარებელი გახდეს.

ვიმედოვნებთ, ღვთის შეწევნით, ქვემო ბოლნისში, სიონის საკათედრო ტაძართან მახლობლად მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაც მალე აღდგება და კიდევ ერთ სულიერების კერაში აჟღერდება ღვთის სადიდებელი წირვა-ლოცვა და ქართული გალობა. წმინდა გიორგის ტაძარი მეჩეთს დაჰყურებს. მართლმადიდებლური ღვთისმსახურების აღდგენის შემდეგ დაითრგუნება ბოროტი ძალა და მოლას შემზარავ ხმას ეკლესიის ზარების გუგუნი შეცვლის.

- მართლაც გულსაკლავია, ძირძველ ქართულ მიწაზე, მართლმადიდებლური ტაძრების გვერდით, მეჩეთს რომ აგიშენებენ და მოლას ხმა ყველას ყურამდე აღწევს...

- როდესაც თათრებმა საზეიმოდ გახსნეს გრანდიოზული მეჩეთი და აზერბაიჯანიდან, იერუსალიმიდან მოიწვიეს სტუმრები, პროტესტის გრძნობა გამიჩნდა ადგილობრივი მოსახლეობის, ხელისუფლების მიმართ. დანანებით ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა, ბოლნისის სიონში მეუფის საზეიმო წირვისა და ქართული გალობის ხმას მოლას ხმა შეერთებოდა. ამის დათმენა დიდი დანაშაული იქნებოდა.

მეჩეთის გახსნის ამბავი რომ შევიტყვე, მრევლთან ერთად ლარგვისის მამათა მონასტერის მოსალოცად ვიყავი. ვიფიქრე, როგორც კი ბოლნისში ჩავალ, მეუფის კურთხევით, მშვიდობიან სვლას მოვაწყობ ხატებითა და ჯვრებით ბოლნისის ცენტრიდან სიონის საკათედრო ტაძრამდე-მეთქი. ეს გზა მეჩეთისკენაც მიდის. ამით ერთგვარ პროტესტს გამოვხატავდით, ყველას ვაჩვენებდით, რომ ცოცხლები ვართ და საქართველოს მიწა-წყალზე ვცხოვრობთ.

მართლაც, ბოლნისში ჩამოსვლისთანავე ავიღე ლოცვა-კურთხევა მეუფისგან. ჩავატარეთ პარაკლისი. შევიკრიბეთ ეპარქიის სამღვდელოება. კაზრეთის სამების ტაძრის მოზღვარი მამა არჩილი თავის სულიერ მოზღვარს მამა დავით ისაკაძეს დაუკავშირდა, რომელმაც თბილისიდან საკმაოდ ბევრი სასულიერო პირი, მრევლი ჩამოიყვანა. ერთობლივად გადავიხადეთ ცხოველმყოფელი ჯვრის პარაკლისი. საბოლოოდ, მეუფის დაჟინებული მოთხოვნით, მიკროფონები გამორთეს და ახლა მათ გარეშე ლოცულობენ.

მეუფის ლოცვა-კურთხევით, ეპარქიაში რამდენიმე ჯვარი აღიმართა. ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ თუ ხალხი მოინდომებს, კიდევ უფრო მეტს შევძლებთ.

KARIBCHE- მამაო, უძველესი ტაძერების ირგვლივ მთლიანად არაქართული მოსახლეობა ცხოვრობს?

- შიგ ბოლნისში თათრები არ ცხოვრობენ, უფრო სოფლებში არიან დაფუძნებული. სამწუხაროდ, ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძართან არც ერთი ქართველი არ ცხოვრობს. თათრების გარემოცვაშია წუღრულაშენის მონასტერიც. სიმართლე გითხრათ, ქართველებს და აზერბაიჯანელებს ერთმანეთთან ნორმელური ურთიერთობა აქვთ. თუმცა ეს უკანასკნელნი აცხადებენ, ჩვენს ძირძველ ტერიტორიაზე ვცხოვრობთო. მახსოვს, როცა მეუფის ლოცვა-კურთხევით ელიას მთაზე ჯვარი აღვმართეთ, აზერბაიჯანული ტელევიზიიდან მოვიდნენ და პასუხი მოგვთხოვეს...

მეუფის ლოცვა-კურთხევით, აკაურთაში ტაძარი უნდა აღდგეს და წირვა-ლოცვა განახლდეს. ამ სოფელშიც მთლიანად თათრები ცხოვრობენ და წარმოიდგინეთ, რამხელა ღვაწლის გაწევა დასჭირდება აქ მოღვაწე სასულიერო პირს მართლმადიდებლური მრწამსის გასავრცელებლად.

ისე, თათრები ქართველებზე მეტი კრძალვით უყურებენ მოძღვარს. მუდამ ახსოვთ, რომ მღვდელი უფალს ემსახურება.

- ბოლნისელები ტაძარში თუ მოვიდნენ?

- მეუფის ლოცვა-კურთხევით, სოფლებში დავდივარ და ბავშვებს, პედაგოგებს სულიერ საკითხებზე ვესაუბრები.

მეუფე ეფრემის მოსვლის შემდეგ ხალხი საგრძნობლად გამოცოცხლდა. ძალიან დიდ სითბოსა და სიყვარულს ვგრძობ თითოეული მათგანისგან, რისთვისაც ვმადლობ უფალს. მრევლმა მაგრძნობინა, რომ მათი სულის ნაწილი ვარ. ეს კი ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა და მავალდებულებს, უფრო მეტი გავაკეთო მათი სულიერი ცხოვრების წინსვლისთვის.

ღმერთმა დალოცოს ბოლნისის ეპარქია, სრულიად საქართველო!
ბეჭდვა
1კ1