ბოლნისი
ბოლნისი
ქვემო ქართლი ოდითგანვე ქვეყნის მტკიცე დასაყრდენი იყო. ამიტომაც მას ქართველი მეფეები დიდ ყურადღებას უთმობდნენ. ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის დროს თორმეტი საეპისკოპოსოდან ოთხის ქვემო ქართლში დაარსება რეგიონის დიდ მნიშვნელობაზე მიანიშნებს. ჯუანშერის ცნობით, ვახტანგმა "დასუა ერთი ეპისკოპოსად ბოლნისს". ბოლნელი ეპისკოპოსები ქართულ საეკლესიო წყაროებში იხსენიებიან XVIII საუკუნის II ნახევრამდე.

რამდენიმე ბოლნელი ეპისკოპოსია ცნობილი: ეპისკოპოსი დავითი, ბოლნისის სიონის ფუძემდებელი, იოსები (რევიშვილი), ნიკოლოზი (ბაგრატ მუხრანბატონის ძე), იოანე (რევიშვილი), მაქსიმე (მაჭუტაძე), ტიმოთე.

ეს მხარე ძალიან მდიდარია ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლებით - 250-მდე ეკლესია-ნატაძრალია. მათგან აღსანიშნავია ბოლნისის სიონი (Vს.), აკაურთის ეკლესია (IV-VIს.ს.) წუღრუღაშენი (XIIIს.), კაზრეთისა და სათხის სამონასტრო კომპლექსები (XIIIს.), თეოდორეწმინდა, ტანძია...

უძველესი ქართული ქრისტიანული კულტურის ადგილსამყოფელი მდინარე ფოლადაურის ახლოს მდებარე ბოლნისის სიონია. ფოლადაური გამოდის ლელვარს და მიერთვის მდინარეს მაშავერას, მას ზედა არს მცირე ქალაქი ბოლნისი, მას ზემოთ ეკლესია დიდი, უგუმბათო ბოლნისისა, რომელი აღაშენა მეფემან ფარსმან. გორგასალ დასვა ეპისკოპოზი, შემდგომად შემუსვრილი აღაშენა დედოფალმა მარიამმაო, - წერს ვახუშტი ბატონიშვილი.

ბოლნისის სიონის სამრეკლო აუგია ბოლნელ ეპისკოპოსს, ნიკოლოზს, მასვე განუახლებია კაზრეთის წმინდა სამების მონასტერი.

ბოლნისის სიონის კედლებზე შემორჩენილია ოთხი ასომთავრული წარწერა, რომელთაგან სამი უშუალოდ ტაძრის აღმშენებლობას უკავშირდება. მშენებლობის მოთავე იყო დავით ეპისკოპოსი, რომელიც მონაწილეობდა საქართველოს, სომხეთის და ალბანეთის საეკლესიო კრებაში დვინში, 506 წელს.

ბოლნისის წარსულის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელია XIV საუკუნეში თემურ-ლენგის შემოსევების შედეგად 500 ბოლნელის წამება. ერთხანს ათონის ივერთა მონასტერში მოღვაწეობდა იოანე ბოლნელი, მწერალი, რომელიც დაკრძალულია სიონის ეზოში.

XV საუკუნის დასაწყისში ქვემო ქართლის ტერიტორიაზე გაჩნდა დიდი და ძლიერი სათავადო საბარათიანო, რომელმაც მოიცვა მდინარეების - მაშავერის, ქციის, ალგეთის ხეობები, ჯავახეთის ზეგანი.

მეფე ალექსანდრე I-ის მოლარეთუხუცესს, ბარათაშვილების საგვარეულოს ფუძემდებელს, ბარათა ქაჩიბაიძეს 1447-59 წლებში სვეტიცხოვლისთვის შეუწირავს სოფელი ყორანთა. ქაჩიბაიძე-ბარათაშვილების ერთ-ერთი შტოა ორბელიანები, გვარის ფუძემდებელი იყო ორბელ ბარათაშვილი.

ორბელიანთა ფეოდალური საგვარეულო რეზიდენცია მდებარეობდა ტანძიაში.

ისტორიული ცურტავის ეპარქია, რომელიც დამოუკიდებლად არსებობდა, V საუკუნის საპიტიახშოს ტერიტორიას მოიცავს. იმ პერიოდის ისტორიული მოვლენები აისახა იაკობ ხუცესის (ცურტაველი) ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში "წამება წმიდისა შუშანიკისა". აქ გაჩაღებული იყო მწიგნობრობა, რაზეც მეტყველებს სიონის ტაძრის ფასადზე შემორჩენილი წარწერა.

ბოლნისი ცალკე ეპარქიად 2004 წელს გამოიყო. 2006 წლის 23 დეკემბრის წმინდა სინოდის განჩინებით, ბოლნელი მღვდელმთავარია ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე). ეპარქიაში 8 მოქმედი ტაძარია და 9 სასულიერო პირი მოღვაწეობს, არის დედათა და მამათა მონასტრები, გამოიცემა საეკლესიო გაზეთი "სიონი".

ეპისკოპოსის მობრძანებას ბოლნისელები რწმენით და იმედით შეხვდნენ. მოსახლეობის 80% აზერბაიჯანელია, მუსლიმანი, და ამიტომაც განსაკუთრებით სჭირდებათ ეკლესიური ცხოვრების გაძლიერება, ქრისტეში გაერთიანება აქაურ ქრისტიანებს.

ერთი წელი გავიდა და სიონის უძველეს ტაძარში მეუფე ეფრემის აღვლენილ ღვთისმსახურებას ბოლნისელები უკვე ხშირად ესწრებიან.

KARIBCHEმეუფე ეფრემს ახალ რეზიდენციაში ვესტუმრე. იქაურ მადლიან ოჯახს მღვდელმთავრისთვის საკუთარი სახლი დაუთმია.

გთავაზობთ ინტერვიუს ბოლნელ ეპისკოპოსთან:

- ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში პირველი ღვთისმსახურების აღსრულებისას ვიგრძენი, რომ აქ ჩამოვედი სწორედ სულიერ წინამძღვრად, მღვდელმთავრად. ღვთის შეწევნით, ჩვენი მრევლის თანადგომით, სასულიერო პირების მოღვაწეობით აღდგა და ამოქმედდა რამდენიმე ტაძარი, მონასტერი. მოძღვრებიც ვაკურთხეთ. რაც მთავარია, ხალხი დაიძრა ტაძრისკენ, მათ ირწმუნეს და დაინახეს, რომ ეკლესიის გარეშე გადარჩენა შეუძლებელია, მით უმეტეს ამ რეგიონში, სადაც მართლმადიდებლობა და ქართველობა უმცირესობას წარმოადგენს. თითქოს ფარული, ქრისტიანული სული მიძინებულია, მაგრამ მალე გაიშლება და გაათბობს, გაალამაზებს აქაურობას. მადლობა უფალს, რომ წინსვლა იგრძნობა.

რამდენჯერმე საზეიმო მსვლელობა მოვაწყვეთ ჯვრებით, ხატებით, რამაც მოსახლეობა ძალიან გამოაცოცხლა. არსებული მდგომარეობა მართლაც ითხოვდა მოძღვრის გამოსვლას ტაძრის გარეთ. მორწმუნეთა რწმენის სიმტკიცისა და ღვთის ძალის სიმბოლოდ აღიმართა რამდენიმე ჯვარი. ამით ყველას ვაუწყებდით, არაქართველსაც კი, რომ ბოლნისი ძირძველი ქართული მიწაა, ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყული უძველესი კუთხე. ამას ემსახურება ჩვენი ეპარქიის გაზეთი "სიონი". რადგან აქაურები არაეკლესიურად და მოძღვრის გარეშე ცხოვრობდნენ, მათ სჭირდებოდათ ცოდნა და გათვითცნობიერება ეკლესიურ ცხოვრებაში. ვფიქრობ, ჩვენმა გაზეთმა ხალხის გათვითცნობიერებაში უდიდესი როლი შეასრულა. "სიონი" ყველა ოჯახში შევიდა, როგორც მქადაგებელი და ჭეშმარიტების მაუწყებელი. გაზეთს დაარსების დღიდან რედაქტორობს მამა პეტრე კვარაცხელია. ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად გაზეთს თავის მადლს მატებენ სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტები, ეპარქიის მორწმუნე მრევლი, პედაგოგები, მეცნიერები, მუზეუმის თანამშრომლები. გაზეთმა "სიონმა" საეკლესიოსთან ერთად ეროვნული და საზოგადოებრივი დატვირთვაც მიიღო.

განსაკუთრებით დიდ მადლობას ვწირავ იმ ადამიანებს, ვინც მატერიალურად მხარში ედგა გაზეთს. დავლოცავ გაზეთ "კვირის პალიტრის" გამომცემლებს - ისინი დღემდე გვეხმარებიან გაზეთის აწყობა-დაკაბადონებაში.

- სასულიერო პირებიც შეემატა ეპარქიას?

- რამდენიმე სასულიერო პირი ახლა ვაკურთხეთ. მამა პეტრე კვარაცხელია ჩემთან ერთად გადმოვიდა ურბნისისა და რუისის ეპარქიიდან. მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით და ხელდასხმით, მამა პეტრე ბოლნისის ღვთისმშობლის ტაძარში მსახურობს. ეპარქიაში ვაკურთხეთ თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის კურსდამთავრებული მამა არჩილი, რომელიც დაინიშნა კაზრეთის სამების ტაძარში. დიდი დიღმის ტაძრის მრევლი დავითი სულიერი მოძღვრისა და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და დღეს ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში მსახურობს.

სოფელ ცურტავში, ერეკლე II-ის მეუღლის, დარეჯან დედოფლის მიერ აგებულ ციხესიმაგრეში, წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის ტაძარია. აქ ორი მონაზონი - დედა ნატალია და დედა სალომე მოღვაწეობენ. ამოქმედდა ფიტარეთის უძველესი მამათა მონასტერი. ეს მონასტერი მანგლისისა და წალკის ეპარქიაშია, მაგრამ მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) ლოცვა-კურთხევით, დიდი თანადგომით და ლოცვით, ფიტარეთი ერთობლივად ავამოქმედეთ. მონასტრის წინამძღვარია სქემმღვდელმონაზონი ექვთიმე. ქოზიფის მამათა მონასტერში ერთად ვმოღვაწეობდით. მისი და მონაზონი სესილია ჩვენს ეპარქიაშია. მამა ექვთიმესთან ერთად სამი ბერია - მამა ნოე, მამა ანდრია, მამა ბარსანოფი და რამდენიმე მორჩილი. ამ მონასტერმა დასაბამი მისცა კიდევ ერთ მამათა მონასტერს. წუღრუღაშენის მამათა მონასტრის საძმო სხვა ეპარქიაში გადავიდა და აქ ფიტარეთიდან ბერი ანთიმოზი გადავიყვანეთ.

მონასტრული მოღვაწეობისთვის საუკეთესო ადგილია ფოლადაურის ხეობა. სამწუხაროდ, 14 ტაძრიდან არც ერთი არ მოქმედებს. ამჟამად აქ ორი მორჩილია. გაზაფხულიდან რამდენიმე მონასტრის ამოქმედება გვინდა. ამ ეპარქიაში ჩემი მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება მიტოვებული ტაძრების, მონასტრების აღდგენა, ბერ-მონაზვნობის გამრავლება. ისტორიულად ერი სულიერ ძალას მონასტრებიდან და ბერ-მონაზვნების ლოცვით იღებდა. დღესაც, განსაცდელის ჟამს ისევ შეგვეწევა წმინდა მამების ლოცვა. მადლობას ვწირავ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს იმისთვის, რისი გაკეთებაც შევძელი. მადლობას ვწირავ ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ჟურნალ "კარიბჭეს".

- მეუფეო, რთულია მღვდელმთავრის ჯვარი?

- უწმინდესის ლოცვა-კურთხევას მინდობილი შემოვედი ამ ეპარქიაში. თავად უფალი გვასწავლის ყველაფერს. ამ მადლის მიღების პირველ პერიოდში უფალი თითქოს ხელით გატარებს, როგორც ახალფეხადგმულ ბავშვს. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, ჩემი სულიერი მოძღვრის, არქიმანდრიტ სტეფანეს თანადგომით ბათუმის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო ჩემი სულიერი წინსვლა. ურბნისისა და რუისის ეპარქიაში მოხდა ჩემი მონასტრული მოღვაწეობის გაძლიერება. ღვთის ნება მერე ისე აღსრულდა, რომ მღვდელმთავრის ხარისხში ამიყვანეს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში გარკვეული გამოცდილება შევიძინე. ადამიანი არა მარტო ღვთისგან განისწავლება, არამედ ადამიანისგანაც. პირადად მე ჩვენი სასულიერო პირებისგან, მრევლისგან ბევრ რამეს ვსწავლობ. მღვდელმთავრის ფუნქციაც ისაა, რომ ხალხს სასარგებლო სულიერი საკვები მიაწოდოს.

- მრევლი გეხმარებათ?

- მრევლის დამსახურებაა, რომ დღეს ერთ-ერთი მათგანის სახლში ვცხოვრობ. მრევლის თანადგომით ავამოქმედეთ ფიტარეთის მამათა მონასტერი. ამაში ჩაერთო დიდი თუ პატარა, ყველა წრის, საზოგადოების წარმომადგენელი. სოფლებში, სადაც მოძღვარი არ არის, ეკლესიურად ნაკლებად გათვითცნობიერებული ხალხი ცხოვრობს. სადაც მოძღვარი ინიშნება, სოფელი ვალდებულია, შეინახოს იგი. ჩვენი მიზანია, ქართული სოფლების მიტოვებულ ტაძრებში მოძღვარი ვაკურთხოთ. სოფელ ქვეშეში მიმდინარეობს ტაძრის აღდგენა. ამაში ინტენსიურად ჩაება ადგილობრივი მოსახლეობა. სოფელ ჟალეთში, კაზრეთის მახლობლად, მამა არჩილის თაოსნობით მალე აღდგება ტაძარი. ხატისოფელში ერთად ცხოვრობენ მრავალჭირნახული ქართველები და დაახლოებით 100 კომლი აზერბაიჯანელი მოსახლე. ამ სოფელში ორი ისტორიული ტაძარია - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებისა და წმინდა გიორგის სახელობისა. ჯერჯერობით აქ ღვთისმსახურება არ აღევლინება, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ხალხს ღვთის სიყვარული აქვს.

სოფელ რატევანში, რაჭისუბანში გვყავს მოძღვარი. ცურტავის დედათა მონასტერში მამა პეტრე აღავლენს წირვა-ლოცვას. სოფელ ტანძიაში წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაა. აქ ცხოვრობენ ადგილობრივები და სვანეთიდან ჩამოსახლებულნი. ძველ ტანძიაში ორი ისტორიული ტაძარია, რომელიც აღდგენას საჭიროებს, სამ ტაძარს კიდევ აშენებს ადგილობრივი მოსახლეობა თავიანთ სოფლებში. ჩემი მისია მაშინ იქნება შესრულებული, თუ ყველა ქართულ სოფელში აღდგება ღვთისმსახურება. დიდი სურვილი გვაქვს, ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძართან დავაარსოთ დედათა მონასტერი.

KARIBCHEკულტურის სამინისტროს თანადგომით რამდენიმე ავარიული მონასტერი შეკეთდა. აკაურთის ტაძარი ბოლნისის სიონზე ძველია, IV საუკუნით თარიღდება. აკაურთა უძველესი ქართული სოფელია, მაგრამ უყურადღებობით, წირვა-ლოცვის მადლის გარეშე ყოფნით ქართველთაგან დაიცალა. დაახლოებით 30 წლის წინ სოფელი ორად იყო გაყოფილი - აზერბაიჯანელების და ქართველების ნაწილებად. დროთა განმავლობაში კი ქართული მოსახლეობა თითქმის მთლიანად გადასახლდა. ათი ოჯახია შემორჩენილი, ისიც მოხუცები. ეროვნული დატვირთვაც ექნება, თუ ასეთ სოფლებში ქართული წირვა-ლოცვა აღდგება. იქნებ ამით კვლავ გავაძლიეროთ ქართული სული. აკაურთაში ალბათ მალე ვაკურთხებთ მოძღვარს და ქართველების ნავსაყუდლის როლს ტაძარი შეასრულებს. შეკეთდა აგრეთვე ბოლნისის სიონის ტაძარი, აღდგა უძველესი საძვალე... სამრეკლო... აღდგება აგრეთვე X-XI საუკუნეების სათხის მონასტერი. ბოლნისის სიონის პირდაპირ, წმინდა ელიას მთაზე, გზის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ მთის წვერიდან ჩანს ბოლნისის სიონი, ხატისოფელი, ყორანთის ეკლესია... ამ ადგილას წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესია ყოფილა. მრევლი ბოლო დრომდე ღამისთევით აღნიშნავდა პეტრეპავლობას. აქ აღიმართება 27-მეტრიანი ჯვარი და დასაბამი მიეცემა ტაძრის აღდგენას.

აუცილებლად მინდა, ეპარქიაში დავაფუძნოთ სასულიერო სასწავლებელი - გიმნაზია. სხვათა შორის, მშობლები, პედაგოგები დიდი სიხარულით ელოდებიან ამ დღეს. ამავე დროს, ვფიქრობ მეურნეობის აღორძინებას. ეპარქიას სჭირდება საარსებო წყარო. მრევლის თანადგომით ამ მხრივაც ალბათ მალე რეალური ნაბიჯები გადაიდგმება.

- ბოლნისში ქართველებთან ერთად არაქართველი მოსახლეობაც ცხოვრობს. როგორი ურთიერთობა გაქვთ მათთან, როგორია მათი დამოკიდებულება მართლმადიდებლების, სასულიერო პირების მიმართ?

- ბოლნისის სიონის ტაძარში შიშით და რიდით შედიან აზერბაიჯანელები. სანთლებსაც კი ანთებენ. ოცი წლის განმავლობაში ამ ტაძრის წინამძღვარი გახლდათ მამა ბესარიონი. მისგან ვიცი, რომ სიონის ტაძარში არასდროს დაკარგულა არაფერი. ხატისოფელში გიორგობას აზერბაიჯანელებს შესაწირი მიჰყავთ და სანთლებს ანთებენ. ეს იმის ნიშანია, რომ მათ სწამთ წმინდა გიორგის შემწეობის, ჭეშმარიტი ღმერთის, რომელმაც ამ ადამიანებს სურვილი შეუსრულა.

- დიდი მადლობა საუბრისთვის. დაგვლოცეთ, მეუფეო.

- წარმატებებს გისურვებთ. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო.

ცურტავი
ცურტავი ქვემო ქართლში, მდინარეების ქელისა და დებედის შუა დაბლობზე მდებარეობს. სომეხი ისტორიკოსის უხტანესის ცნობით, ადრე ცურტავად ცნობილ ქალაქს X საუკუნეში გაჩიანი ეწოდებოდა. VI საუკუნეში ცურტავში იყო ქართლის პიტიახშის რეზიდენცია; აქვე დაარსდა საეპისკოპოსო კათედრაც. ქალაქში და მის ირგვლივ ცხოვრობდა ქართველი და სომეხი მოსახლეობა. ცურტავი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. აქ მოღვაწეობდნენ ქართველი და სომეხი მწიგნობრები. ცურტავში იღვწოდნენ იაკობ ცურტაველი (ხუცესი), ცურტავის ეპისკოპოსი მოსე, აქ უსწავლია სომეხ ისტორიკოსს ლაზარე პარფეცს.

უხტანესის გადმოცემით, "ცურტავი სამკვიდრებელი იყო გუგარელთა დიდი პიტიახშის... დასაბამიდან სამეუფო სამკვიდრებელი და განსასვენებელი იყო წმინდა შუშანიკისი, სადაც ჯერაც არიან ადგილნი მისი მოწამეობის და მისი წმინდა და პატიოსანი ნეშტის განსასვენებელი". სავარაუდოა, რომ ცურტავის ეპარქიაში ქართულთან ერთად სომხურ ენაზეც იყო მსახურება, შუშანიკმა კი ეს წესი ცურტავის საეპისკოპოსო კათედრალშიც შემოიღო, ამიტომ შუშანიკის შემდეგ აქაური ეპისკოპოსები ორ ენაზე მსახურებდნენ. კირიონ ქართლის კათალიკოსმა მონოფიზიტებთან ბრძოლის დროს ცურტავის საეპისკოპოსოს სომხური მსახურების მოშლა და იქაური მრევლის გაქართველება მოინდომა.

KARIBCHE KARIBCHE
ცურტავის დედათა მონასტერი

ცურტავში დღეს თითქმის სულ აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს, მხოლოდ ორი ქართველია, დედა სალომე (ირომაშვილი) და დედა ნატალია (ჟღენტი). დედათა მონასტრის სამყოფლის, უზარმაზარი ციხესიმაგრის ალაყაფის კარი რომ გაიღო, თავი შუა საუკუნეებში მეგონა. აქ პატარა საყდარიც აუგია მეფე ერეკლე II-ის მეუღლეს, დარეჯან დედოფალს წმინდა ქეთევან წამებულის სახელზე. ღვთის დიდი სიყვარული რომ არა, გაგიჭირდება ამ ციხესიმაგრეში ცხოვრება.

დედა სალომემ გვითხრა: - მეუფე ეფრემის მღვდელმთავრად კურთხევამდე აქ მამათა მონასტერი იყო, შემდეგ დედათა მონასტერი დაფუძნდა. ამ მადლიან მონასტერში 2007 წლის 1 ივნისს დავიდეთ ბინა. მართლაც დიდებული და ლამაზი ადგილია.

როგორც ყველგან, ჩვენც მონასტრული ტიპიკონით ვცხოვრობთ. დილით 6 საათზე ცისკარს ვატარებთ, საღამოს მწუხრი და სერობა მოდის. ძალიან დიდი ტერიტორიაა და ცოტა გვიჭირს მისი მოვლა, მაგრამ ღვთის წყალობით და შეწევნით ყველაფერს ვაგვარებთ. მეუფის ლოცვის ძალას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ. 26 სექტემბერს, ტაძრის დღესასწაულზე, წმინდა ქეთევან დედოფლის დღეს ყოვლადუსამღვდელოესმა ბოლნელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა წირვა-ლოცვა აღავლინა. დაბა თამარისში ქართული მოსახლეობაა და იქიდან მოვიდა მრევლი. შესანიშნავი დღესასწაული გვქონდა. ძალიან ბედნიერები ვიყავით. თბილისიდანაც მოდიან მოსალოცად. მოსწავლეებიც მოჰყავთ. მორჩილება გვაქვს - ვასუფთავებთ გალავნის შიგნით და გარეთ ჩვენს კუთვნილ ტერიტორიას. ვხელსაქმობთ. ვქარგავთ, ვკერავთ. ვეუფლებით ხატწერას და ძველ ქართულ გალობას.

გვინდა მონასტრის ტერიტორიაზე გავაშენოთ ხეხილი, ვაზი, ყვავილნარი. ღვთის შეწევნით, შემომწირველები გამოგვიჩნდნენ და შეგვპირდნენ ყველაფრის მოწესრიგებას.

KARIBCHE- დედაო, რითი ცხოვრობთ?

- შემოწირულობით. გარშემო მუსლიმანური მოსახლეობაა. ისინი მონასტრის ტერიტორიაზე მხოლოდ წყლისთვის შემოდიან - როგორც ჩანს, ჭის წყალი მოსწონთ. თბილისიდან ჩამოსული მომლოცველების და ზოგჯერ მადლიანი ადამიანების დახმარებით ვართ. ღმერთი გვიფარავს. ცურტავი ნამდვილი საღვთო ადგილია. ვისაც სურს მოღვაწეობა, შეუძლია აქ დაემკვიდროს.

- მუსლიმანურ გარემოში გიწევთ მოღვაწეობა. როგორ ხვდებიან მართლმადიდებელ ღვთისმახურებს?

- პატივისცემით და სიყვარულით ეკიდებიან ღვთისმოშიშ და ღვთისმსახურ ადამიანებს. ჩვენ გვიხარია ეს. ვცდილობთ, მათთან მშვიდობიანი ურთიერთობა გვქონდეს. ბოსტნეულიც კი შემოგვწირეს და ცდილობენ, სიყვარული დაგვანახონ.

- თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს მონაზონი?

- მონაზონი მარტო მყოფს ნიშნავს. მონაზონი ხალხში არ უნდა გაითქვიფოს და ეცადოს, მუდამ განმარტოებული იყოს. ღვთის დაშვების გარეშე არაფერი ხდება. განსაცდელებიც ჩვენს გამოსასწორებლადაა მოვლინებული. როგორც წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს: "ჭირი მოთმინებასა შეიქმს, მოთმინება - გამოცდილებას, ხოლო გამოცდილება - სასოებას". მონაზონმა ყველა განსაცდელი ღვთის იმედით უნდა გადაიტანოს.

მონაზონი უნდა ცდილობდეს ერისეული თვისებების მოკვეთას და მუდამ საკუთარი თავის გამოსწორებაზე იყოს მიყურადებული. ადამიანმა რომ იცოდეს, მონაზვნობით რამხელა ბედნიერებას ეზიარება, ყველა ამაზე იფიქრებდა. უფალს ვთხოვ, რომ საქართველოში ბერ-მონაზვნობა განმრავლდეს. ამით ჩვენი ქვეყანაც გაძლიერდება.

- დედაო, ცურტავიდან რას ეტყოდით ქართველ ხალხს ყურად საღებს?..

- ყველას ვთხოვ, შეინარჩუნონ სიმშვიდე. იცხოვრონ ეკლესიურად, გააძლიერონ ლოცვები და შესთხოვონ უფალს საქართველოს გაძლიერება.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვა
1კ1