მთის რაჭა
მთის რაჭა
ღები
მთის რაჭაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, თანაც ისე, რომ მკითხველს დაუოკებელი ჟინი გაუჩნდეს, თვალხილულად ნახოს მისი მშვენება. გასულ ნომერში ღების წარსულის გაცნობას მისხალ-მისხალ შევეცადე, დანარჩენს კი ახლა შემოგთავაზებთ.
ღების მშენებარე მაცხოვრის ტაძრის მოსანახულებლად მისულმა თვალებს ძნელად დავუჯერე - სულიერი კერის აშენებაში დიდი თუ პატარა იღებდა მონაწილეობას. სიხარულით და დაუზარელად შრომობდნენ ღებელები. ტაძართან ახლოს კი მხცოვანი ღებელი ბაბუები გრძელ სკამზე ისხდნენ და ახალგაზრდებს ტაძრის გამშვენებას უქებდნენ. მათ თაობას ხომ კარგად ახსოვს ძველი ტაძრის მადლიანი იერსახეც და მისი ბარბაროსულად დანგრევაც. მეც დრო ვიხელთე და უხუცესების საუბარს შევუერთდი. სტუმრობის მიზეზი გავუმხილე. ისიც ვუთხარი, რომ "კარიბჭიდან" ვიყავი. თქვენ წარმოიდგინეთ, ღებელები "კარიბჭის" ერთგული მკითხველები აღმოჩნდნენ.

მათი გვარ-სახელებით დავინტერესდი.

- რა გვარის ხალხი ბრძანდებით?

- საიდან დავიწყოთ, შვილო, - აქედან თუ იქიდან? - ამ დინჯად ნათქვამმა სიტყვებმა ღიმილი მომგვარა და საუბარიც ასეთივე ხალისით გავაგრძელე.

- მე ვახტანგ ლობჟანიძე ვარ, ეს გავაშელია, მერე - ლობჟანიძე, ისევ - გავაშელი და კიდევ ერთი გავაშელი ზის ჩემს გვერდით.

- ეკლესიაზე მინდა გკითხოთ...

- ეს ეკლესია მეორედ შენდება. კომუნისტების დროს დაანგრიეს და ახლა აღადგენენ. ისე, ბევრი ნაშრომი აქვს ჩვენს ხალხს მის აშენებაზე, საძირკვლის ჩაყრაზე. ძველი ტაძარი ძალიან კარგად მახსოვს. წირვა-ლოცვაც მახსოვს. მერე, ტაძარმა ფუნქცია რომ დაკარგა, კლუბი გახსნეს. თავშეყრის ადგილი იყო აქ, ჩემო ბატონო, წარმოდგენები იმართებოდა... ტყვია-წამლის შესანახი ადგილიც იყო. ომის დროს კი საწყობად იყენებდნენ.

- ტაძრის დანგრევა თუ გახსოვთ?

- იმ დროს მამაკაცები სამამულო ომში ყოფილან წასულები და დარაჯად ქალები და ბავშვები დატოვეს. ისინი კი ტაძრის დასაცავად უძლურნი აღმოჩნდნენ.

გადმოცემით ვიცი, რომ მაცხოვრის ტაძარს დიდი ძალა ჰქონია. თუ ვინმე ავ საქმეს ჩაიდენდა, მოიყვანდნენ და აქ დააფიცებდნენ. ტყუილის გაფიქრებასაც ვერავინ ბედავდა...

KARIBCHE

კიდევ რა გნებავთ ახლა თქვენ? დამეხმარეთ, ხალხნო, ძველი ამბების გახსენებაში, - მიმართავს თანამოსაუბრეებს.

- გამიგონია, ღებელებმა ერთმანეთის გაკილვა იციანო...

- ძალიან ხუმარა ხალხი ვართ ღებელები. ერთს გეტყვით და მეტი აღარ მკითხოთ, კარგი? ღებში წინათ ვეტექიმი ბრძანდებოდა. ერთი მწყემსი მისულა ამ ვეტექიმთან და ასეთი რამ უთქვამს: ცუდი ამბავი მოხდა, ნამდვილად გაგვირისხდება ღმერთიო. ვეტექიმი გაკვირვებულა: კი მაგრამ, რა მოხდა ასეთიო? რა და, ხარმა ხბო მოიგოო. მიუყვანიათ ხართან ხბო და გვერდით მიუსვამთ. იქვე მომყოლიც დაუდვიათ. დაუნახავს ვეტექიმს და მწყემსის სიმართლეში დარწმუნებულა. ამდგარა და რაიონის ხელმძღვანელობისთვის უცნობებია ეს ამბავი. რაიონის ხელმძღვანელი პროფესიით ვეტექიმი ყოფილა. ამის გამგონეს უთქვამს: გამოასწარი ღებიდან, თორემ ეგენი შენ გაგასულელებენო.

- სხვამხრივ როგორ დაახასიათებდით ღებელ კაცს?

- ძალიან მშრომელები და შეუპოვრები არიან. წარმოიდგინეთ, ზამთარში 11-მეტრიან თოვლში ვცხოვრობთ. სულ მეშინია, არ წაგვლეკოს დიდთოვლობამ. ასეთ დროს აქაურები ვაჟკაცობას იჩენენ და შრომით, თავდადებით ეპატრონებიან სოფელსაც და დარჩენილ სახლებსაც. ქალები ხომ მამაკაცებზე ყოჩაღები გვყავს...

- ახალგაზრდები თუ შემორჩნენ მთის რაჭას?

- ძალიან ცოტანი. თავიდან სოფელში, ჩემო კარგო, 800 კომლი ცხოვრობდა. დღეს ნახევარიც აღარ დავრჩით... ადრე ღების სკოლაში ფიზკულტურას ვასწავლიდი. 650-700 მოსწავლე მყავდა, დღეს 55-ღა გვყავს...

თქვენი ჟურნალის დახმარებით მინდა მთავრობას ვთხოვო, მეტი ყურადღება მოგვაქციოს. ჩვენს იქით მამალი აღარ ყივის. ამ მთების გადაღმა ჩრდილოეთ კავკასიაა. ღები მოსაზღვრე სოფელია და მეტ ყურადღებას მოითხოვს.

სამშობლო კი გვიყვარს, მაგრამ მალე ეს მოყვარულებიც აღარ დავრჩებით...

***
ტაძართან მის არქიტექტორსა და ძირითად დამფინანსებელს შევხვდი. არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი წარმოშობით ჩორდიდან ბრძანდება. ამ სოფლის შესახებ არაფერი მსმენოდა.

KARIBCHE- ჩორდი ონის რაიონის მთებში შეკიდული სოფელია. ის ერთადერთია, რომელიც მიწისძვრის დროს მთლიანად მიწით დაიფარა. გადარჩა მხოლოდ სასაფლაო და ნაეკლესიარი. ახლა იქ აღარავინ ცხოვრობს.

რამდენიმე კაცმა მთავარანგელოზის ტაძრის აღდგენა მოვინდომეთ და საბოლოოდ ავაშენეთ კიდეც. ბაზილიკის კურთხევა ალბათ მალე მოხდება. ისტორიული წყაროების მიხედვით, ტაძარში ბზის დიდი ჯვარი მდგარა, რომელიც მოგვიანებით ონის მუზეუმში წამოუღიათ. ახლა არავინ იცის მისი ადგილსამყოფელი.

აქაურები არც მამა-პაპათა საფლავებს ივიწყებენ. ბევრს სურვილიც გაუჩნდა ჩორდში დაბრუნებისა. ალბათ, ეკლესიის მადლმა მიიზიდა მშობლიური კუთხისკენ. ჩორდში კვლავ ბრუნდება სიცოცხლე.

- იქნებ ღების მაცხოვრის ტაძარზეც გვესაუბროთ...

- ღების სადროშოს ხელმძღვანელის, იაგო გოგრიჭიანის თაოსნობით, სოფელმა ტაძრის აშენება გადაწყვიტა, მაგრამ არ ვიცოდით, რომელი ქვა გამოგვეყენებინა. მოულოდნელად, ღამით, კლუბის შენობა დაინგრა და ძველი ეკლესიის ნანგრევები გამოჩნდა. სოფელმა გადაწყვიტა, ტაძრის შენება მისი ნანგრევებით დაეწყო. ეკლესია საკმაოდ მოზრდილია. იმედი მაქვს, ტაძრის გადახურვას წელს დავასრულებთ, სამუშაოების სრულად დამთავრებას კი მომავალი წლისთვის ვფიქრობთ.

სამიოდე წლის წინ ღებში მისი უწმინდესობა ბრძანდებოდა. სტუმრობა აკაკის რაჭა-ლუჩხუმში მოგზაურობას დაამთხვიეს. იმ დღეს გადაუღებლად წვიმდა. ტაძარში შეკრებილმა ხალხმა პატრიარქს შესჩივლა: ძალიან დიდხანს გვქონდა ეკლესია დანგრეული და წლების განმავლობაში ურწმუნოდ ვცხოვრობდით. ახლა კი რწმენა ბრუნდება ჩვენს ხალხში. მაგრამ უფრო ღრმად ვირწმუნებთ, თუ თქვენი მობრძანებით წვიმა გადაიღებს. მოსავალი გვიფუჭდებაო. უწმინდესმა ასეთი რამ ბრძანა: წვიმა გადაიღებს და მოსავალსაც აიღებთო. მალე მართლაც გამოიდარა...

ბატონი იაგო გოგრიჭიანი:

- რამდენიმე წლის წინ, ეროვნული მოძრაობის დროს, ღების სადროშო შეიქმნა. შევიკრიბეთ ღებიდან წამოსული ადამიანები და მის კეთილდღეობაზე დავიწყეთ ზრუნვა. პირველ რიგში, გზები მოვაწესრიგეთ. პედაგოგებს, შეჭირვებულ ადამიანებს, ახალდაოჯახებულებს, მრავალშვილიან ოჯახებს დახმარება აღმოვუჩინეთ. შევიძინეთ ავტობუსიც, რომელიც თბილისი-ღების მიმართულებით მოძრაობს.

ტაძრის ადგილას თავიდან ჯვარი აღვმართეთ. მერე ეკლესიის აშენების სურვილიც გაგვიჩნდა. ადგილობრივი მოსახლეობისა და სოფლიდან წამოსული ღებელების მხარდაჭერით მალე მაცხოვრის ტაძარში ღვთისმსახურება დაიწყება.

***
მრავალი წელია მაცხოვრის ტაძარში წირვა-ლოცვა არ აღვლენილა. 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, აქ ქართული გალობა აჟღერდა. მამა დანიელ ლობჯანიძის ჩატარებული წირვა ღებელებს მუდამ ეხსომებათ.

KARIBCHEმამა დანიელი წარმოშობით ღებელია. სასულიერო ცხოვრება აირჩია და დღეს ვაკის სამების ტაძრის წინამძღვარი გახლავთ. მოძღვარს საუბარი ვთხოვე.

- ღებელები "დიდება ბრძანეს" დღესასწაულს აღვნიშნავთ, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმასთანაა დაკავშირებული. სამი წლის წინ ამ დღესასწაულის ეკლესიურად აღნიშვნა გადავწყვიტეთ. ღვთის წყალობით, ყოველი ხორციელის ხუთშაბათს ტაძარში ვიკრიბებით, მსახურების შემდეგ კი ვტრაპეზობთ და ერთმანეთს ვესიყვარულებით.

ღებში წირვა-ლოცვის ჩატარებისკენ ერთმა უცნაურმა სიზმარმა მიბიძგა. რაჭის ეპისკოპოსს მეუფე ელისეს (ჯოხაძე) მოვახსენე ყოველივე. მეუფემ მითხრა: შვილო, მაცხოვარი წირვას ითხოვსო, და მაკურთხა, ზაფხულში აქ ღვთისმსახურება ჩამეტარებინა. მადლობა ღმერთს, კურთხევა შევასრულე.

ფერისცვალება დღეს ტაძარში უამრავი ხალხი შეიკრიბა. 80 წლის შემდეგ აქ პირველი წირვა აღევლინა. მრავალი ადამიანი ეზიარა და მოინათლა კიდეც. საოცარი მადლი სუფევდა ამ დღეს სოფელში.

ამ ტაძრის ბოლო მწირველი მღვდელი ჩემი წინაპარი მამა ეგნატე მეტრეველი გახლდათ. 1917 წლიდან ტაძარში ღვთისმსახურება აღარ სრულდებოდა. მოგვიანებით კი ტაძარი ბოლშევიკებმა დაანგრიეს.

ღებიდან გონაში წავედით. ფეხით ავიარეთ აღმართი, საკმაოდ გრძელი გზა, მაგრამ დაღლა არც კი გვიგრძნია. მოვილოცეთ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი და სამი ადამიანი მოვნათლეთ.

წლების განმავლობაში ეკლესიის გარეშე მცხოვრებ ადამიანს, რომელიც მოძღვრის სიტყვას ვეღარ ისმენს, ურწმუნოება სძლევს. მადლობა ღმერთს, რომ იქაურებს სულიერი საზრდო კვლავ სწყურიათ.

სამწუხაროდ, მთელ რაჭაში ოთხად ოთხი მოძღვარი მსახურობს: სამი - ამბროლაურის რაიონში, ერთი კი ონში. ისინი, მეუფე ელისეს წინამძღვრობით, უმძიმეს საქმეს ასრულებენ - სულიერადაც და ფიზიკურადაც. ღმერთმა გააძლიეროს ეს ადამიანები...

საუბრის ბოლოს დაგლოცავთ. წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმეში. ყველაზე მთავარი სულიერი სიძლიერეა და ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!

***
- წელს ისტორიული ფაქტის მომსწრენი და თანამონაწილენი გავხდით - ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულზე მამა დანიელმა წირვა ჩაატარა, - სიხარულს ვეღარ მალავდა მამა დანიელის მრევლი ამბროსი ლობჟანიძე, - ტაძარი მშენებარეა და წირვის ჩატარება წარმოუდგენლად მეჩვენებოდა.

საღამოს ლოცვა შესრულდა. ზოგი აღსარებას აბარებდა, ზოგიც ზიარების ლოცვებს კითხულობდა.

გათენდა. ფერისცვალების სადღესასწაულო მსახურება დაიწყო. სახელდახელოდ შემდგარი მგალობელთა გუნდის ერთ-ერთი წევრი თავად გახლდით. ძალიან ბევრი მაზიარებელი იყო. ზოგმა პირველი ნაბიჯები გადადგა ქრისტიანული ცხოვრების გზაზე.

წირვის ბოლოს მამა დანიელმა ბრწყინვალე დღესასწაული მოგვილოცა, დაგვლოცა და ამ დღის მნიშვნელობა შეგვახსენა. ჯვარზე მთხვევისას მამაოსგან კურთხევა ავიღეთ და სვანური "ქრისტე აღსდგა" ვიგალობეთ. ამ საგალობელს, როგორც წესი, აღდგომიდან ამაღლებამდე გალობენ. რადგან ჩვენს სოფელში საუკუნის შემდეგ კვლავ აღდგა ღვთისმსახურება, ჩავთვალე, რომ ეს საგალობელიც უნდა გვეგალობა.

გლოლა
გადმოცემის თანახმად, თამარ მეფეს, მეორე ვერსიით კი დავით აღმაშენებელს, გლოლიდან ათი ვერსის მოშორებით, სოფელ სამაროვანში, შეუსვენია. გამგზავრებისას თამარს საბალახოდ გაშვებული ჯორები მოუკითხავს. მეფის მხლებლებს ბევრი უძებნიათ, ბოლოს როგორც იქნა მიუკვლევიათ და დასდევნებიან. გლოლამდე ჩასულან. დაკარგული ჯორები ჩიჩხვის მთის ძირში უპოვიათ - თურმე ვეძას წყალს სვამდნენ. მეფის მხლებლებს მჟავე წყალი ძვირფასი აზარფეშით თამარისთვის მიურთმევიათ. მასაც მოუსურვებია წყაროს ნახვა და თავისი ამალით გლოლაში ჩასულა. ძლიერ მოსწონებია არემარე და უბრძანებია, იქ ეკლესია აეშენებინათ.

რადგან ეს ადგილი უკაცრიელი და ტყით დაბურული ყოფილა, ეკლესიის მეთვალყურედ ვინმეს დატოვება გამხდარა საჭირო. თამარმა ამალას ჰკითხა, ვის გსურთ დარჩენაო. დუმილის შემდეგ ერთ ბერს მოუხსენებია, თუ ცოლის შერთვის ნებას მიბოძებ, მე დავრჩებიო. თამარს ბერისთვის ამის ნება მიუცია. მასთან მისივე ბიძა და ერთი მოსამსახურე ბიჭი დარჩენილან. გადმოცემით, სწორედ ამ სამი პირისგან მოშენებულა სოფელი გლოლა. ბერისგან ბერიშვილები წარმოშობილან, ბერის ბიძისგან - ბიძაშვილები და ბიჭისგან - ბიჭაშვილები.

გლოლაში მოსახლეობა მეტისმეტად მომრავლებულა. ხალხს საკვები აღარ ჰქონია და თემიც საგონებელში ჩავარდნილა. ამდგარა ერთი მოხუცი და უთქვამს, სარჩოს გამოსაზოგად კოვზი გავხვრიტოთ, ყელში ცოტა თუ ჩაგვივა, მეტი ჯამში დარჩებაო. ბოლოს ჭირი გაჩენილა და გლოლის მოსახლეობა შეთხელებულა.

ჭიორა
თქმულების მიხედვით, ჭიორა მოგვიანებით უნდა იყოს დასახლებული. თავიდან ჭიორელებს ფასის მთის იქით უცხოვრიათ. აქ მათ თათრები მეტისმეტად ავიწროებდნენ. ამიტომ ღებელებისთვის ღებში გადმოსახლების ნებართვა უთხოვიათ. ღებელებს მათთვის "სარჩევი" მიუციათ - აირჩიეთ, სად გსურთ დასახლებაო. ჭიორელებს ის ჭალა უთხოვიათ, სადაც ბევრი "მწიორი" ბუდობდა (მწიორს აქაურები მელას, კვერნას, კურდღელს, თრითინას და სხვა ამგვარ ცხოველს ეძახიან). დაუთმიათ მათთვის ეს ადგილი და სოფელსაც ჭიორა დარქმევია.


KARIBCHEგონა
სოფელი გონა ღების ძირითადი ნაწილია. ის ღებზე მაღლაა და დათოვლილი მთებითაა შემოზღუდული. მას შემდეგ, რაც აქაურობა დაიცალა, მოსახლეობამ სოფელი საზაფხულო საცხოვრებლად და საძოვარ-სათიბად აქცია.

მთაში რაჭველები ძირითადად ცხენით და სატვირთო მანქანებით მოძრაობენ. მანდილოსნის ამხედრება აქ არავის უკვირს. მეტიც, 80 წელს გადაცილებული ბებიებიც მარჯვედ იხელთებენ აღვირს.

მიუხედავად უამინდობისა, მაინც გავბედეთ გონაში ასვლა.

გონამდე ჯერ შობეთი უნდა გაიარო, მერე ველები, ჩვეშო, ლობჟანიძეების სალოცავი საჯვარია. სულ უფრო ვუახლოვდებოდით ვეებერთელა მთებს. კლიმატი საგრძნობლად შეიცვალა. მოსულიერების შემდეგ გზა ფეხით განვაგრძე მასპინძელთან ეკა გობეჯიშვილთან ერთად.

გონას მთელ სიგრძეზე მდინარე ჩვეშური გასდევს. სოფელი მის ცალ მხარესაა დასახლებული. ძველი ხის სახლები ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებით დგას.

მხოლოდ რამდენიმე ოჯახს არ დაუტოვებია ალაგი. ცოტა არ იყოს გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ გონაში "ილიჩის" ნათურა 27 წელია არ ანთებულა.

სოფელში მისულებს ერთი ტანმორჩილი ბებო შემოგვეგება. ნათელა ბებო ცხენით დადისო, რომ გავიგე, ყურებს არ დავუჯერე. მეზობელ თინა ბებოს დაუძახა და სტუმრების მოსვლა ამცნო. მორზე ჩამომსხდრებმა საუბარი გავაბით.

- ჩემი სახელია ნათელა. გვარი გაუთხოვარზე ლობჟანიძეა, გათხოვილზე - გავაშელი. ზაფხულობით აქ ვარ ხოლმე, საქონელს ვუვლი. ზამთარში ონში მივდივარ.

KARIBCHE- ბებო, თქვენს დროს ქორწილს როგორ იხდიდით, მოლხენა როგორი იცოდით?

- ძველებურ ქორწილში თავგადაგდება (საჩუქარი) იცოდნენ. ისე ხომ ვერ მიხვიდოდი. ვინც მიიტანდა საჩუქარს, ჩამოაწყობდნენ მაგიდაზე. ხელისმომკიდეები ერთგული ადამიანები ჰყავდათ. გოგოს მეჯვარეს დადიანს ვეძახდით, ბიჭისას - ძმადიანს.

- ნეფე-პატარძალი რის მიხედვით ირჩევდა ერთმანეთს?

- თვითონ გამოარჩევდა ბიჭი თავის საფეროს, შეუთვლიდა მოწონებულ გოგოს თავის შეხედულებას და ცოლობას სთხოვდა. მერე მშობლები, ახლობლები ჩაერეოდნენ და ოჯახი იქმნებოდა. ჩემი მეუღლე წლობით დამდევდა, ისე ვუნდოდი.

- ადრე როგორი გახსოვთ თქვენი სოფელი?

- მაშინ უკეთესი იყო. 1930-იან წლებში აქ მოლიბდენს აწარმოებდნენ. დღეს აღარაფერი გვაქვს. კარტოფილი მოგვყავდა, ქერი, პური, ლობიოც. თავად ვაწარმოებდით საკვებს. ადრე ბლომად ვიყავით, ზამთარსაც და ზაფხულსაც აქ ვრჩებოდით. ახლა გამვლელ-გამომვლელი გვენატრება. ისე, ამისთანა კუთხე არსად მოიძებნება. ჩვენს ნაშრომს მონაგარსაც ვუგზავნით და ცოტას ჩვენთვისაც ვიტოვებთ. ზოგ გლეხს ხუთი ძროხა ჰყავს, ზოგს - ოთხი. მეც ოთხს ვუვლი.

- მარტო უვლით?

- აბა რა (იცინის), მოსამსახურეს მომიყვანებენ?.. საჭმელსაც მე ვაკეთებ და პურსაც ქვე ვაცხობ. უჭმელად გავძლებთ?

- ტაძარში თუ ადიხართ, მთავარანგელოზში?

KARIBCHE

- ვენაცვალე მის ძალას და დიდებას! მამა დანიელი იყო ახლახან ამოსული, წირვა ჩაატარა, მოსანათლი ხალხი მოგვნათლა.

- დღესასწაულებს როგორ აღნიშნავთ?

- სანთელს ვანთებთ, განატეხი მიგვაქვს ტაძარში, ვლოცულობთ და ასე ვიყრით ერთად თავს ყველანი.

მოხუცებს უკეთესი მომავლის იმედით დავემშვიდობეთ. დღეგრძელობა და მხნეობა ვუსურვეთ. მადლიანი სიტყვები არც მათ დაიშურეს.

***
ნოდარ გობეჯიშვილი ლამის ყველაზე ასაკოვანია სოფელში. წყაროსთან სული მოვითქვით და მასპინძელმა სახლშიც შეგვიპატიჟა. ბატონმა ნოდარმა საუბარიც ვერ შეძლო, მისი მეუღლე კი საუბარზეც სიხარულით დაგვთანხმდა და დაღლილ-დაქანცულებს გაგვიმასპინძლდა კიდეც.

KARIBCHE- ადრე გონაში არავინ ცხოვრობდა. წარმოების ამუშავების მერე დავსახლდით. ეს სულ სალოცავის ადგილები ყოფილა. გაღმა ჩვეში იყო, გამოღმა - ჩვეშო. აქ ცხოვრობდნენ სვანიანთები (ლობჟანიძეები), ლილიანთები, მეტუენი (გობეჯიშვილები). ვინც კარგი ოჯახი იყო, ნებიერას ეძახდნენ. ექვსი წლის ხარს დაკლავდნენ, დაშაშხავდნენ და მთელი ზამთარი ვიკვებებოდითო, - გამიგონია წინაპრებისგან.

მაშინდელი ცხოვრება იცით კიდევ რითი სჯობდა ახლანდელს? უფროსი უფროსის ადგილზე იყო, უმცროსი - უმცროსისაზე. ძალიან დიდი სიყვარული ჰქონდათ ერთმანეთის. ბევრი ხალხი ცხოვრობდა ერთ სახლში. სამი ძმა მთელი თავიანთი მონაგრით ისე შეხმატკბილებულები იყვნენ, მათი ხმამაღალი სიტყვა არავის გაეგო. მოხუცების გადმოცემით, აქ ძალიან მორწმუნე ხალხი ცხოვრობდა. მერე მოსპეს ყველაფერი კომუნისტებმა, სანთელსაც არ გვანთებინებდნენ. აქაურებს მოძღვრებიც ახსოვთ, ხალხის ნათლობაც. რიონში ნათლავდნენ თურმე ხალხს, ნაკურთხი წყალი კი შინ მიჰქონდათ. როცა მომიყვანა ჩემმა მეუღლემ, ოცდახუთმა წყვილმა დავიწერეთ ჯვარი. ზოგს 12 შვილი ჰყავდა და ზოგს - ცოტა ნაკლები. ძლიერი სოფელი გვქონდა.

- მთავარანგელოზის სალოცავზე რა იცით?

- ეს ტაძარი გობეჯიშვილების საგვარეულო ეკლესიაა. 80-იან წლებში მიწისძვრამ დაანგრია. ამ გვარის ხალხმა მაშინვე შეაკეთა ტაძარი. შემდეგ ქუთაისიდან მოუწვევიათ ეპისკოპოსი, რომელმაც კვლავ აკურთხა ეკლესია. მღვდელმსახურება კი წელიწადში ორჯერ იმართებოდა.

მთავარანგელოზში ერთი ძველებური რკინის ლაგამი ყოფილა, რომელსაც ივანე ქვაციხისელის ლაგმად მიიჩნევდნენ. მერე ქუთაისის მუზეუმში გადაუტანიათ.

მთავარანგელოზის ტაძრის უკანასკნელი ზედამხედველი XX საუკუნის დასაწყისში დავით გობეჯიშვილი (ნინეენთი) ყოფილა, რომელიც ეკლესიის შესასვლელი კარის სიახლოვესაა დაკრძალული.

30-იან წლებში, როცა მოლიბდენის წარმოების წყალობით გონა დაბა გახდა, მთავარანგელოზის ტაძარი ასაფეთქებელი მასალის საწყობად უქცევიათ. სწორედ მაშინ მოხდა სასწაული: ღამით ქარიშხალი ამოვარდა, ტაძარს სახურავი ახადა და 300-400 მეტრის მოშორებით, დაბა-გონის გზაზე დაუზიანებლად დააგდო. ურწმუნოებმაც კი ირწმუნეს სასწაული და ეკლესია გაათავისუფლეს.

***
გონიდან ღებში საღამო ხანს ჩამოვედით. მეორე დღეს შინ ვბრუნდებოდით. არ მეთმობოდა აქაურობა...

გამთენიისას ღები-ონის ავტობუსიც ჩამოდგა. ვინც კი გავიცანი, თითქმის ყველანი გამოსულიყვნენ ჩვენს გასაცილებლად.

ბარისკენ დავეშვით. ღებელები ლოცვით და პირჯვრის წერით დამემშვიდობნენ.
ბეჭდვა
1კ1