ატენის ხეობა
ატენის ხეობა
ატენი და ტანას ხეობა გორის რაიონში მდებარეობს. გორიდან დაშორებულია სამიოდე კილომეტრით. ტანა წარმოდგება სიტყვისაგან ტინი, რაც ნიშნავს სალ კლდეს. ტანადან მომდინარეობს ტოპონიმი ატენი. ლამაზია ტანას ხეობა, რომლის ნაპირას მიიკლაკნება ატენის ვიწრო გზა. აქ თავდება შიდა ქართლის ვაკე და იწყება მისი ზეგანი, სადაც ერთმანეთს ცვლის ქარაფები, ალპური ბორცვები და ქოჩორა გორაკები.

ტანა და მისი შენაკადები მოედინებიან ჯამჯამასა და საცხენისის ქედებიდან. მერე მდინარე მიექანება მტკვრისკენ, რომელსაც ერთვის სოფელ ხიდისთავთან. ტანას ხეობა მჭიდროდაა დასახლებული სათავიდან სოფელ ხიდისთავამდე.

ვახუშტი ბატონიშვილის აღწერით: "ტანა გამოდის ჯამჯამს და საცხენისის მთას, დრის ხევამდე დის აღმოსავლით, მერმე დის ჩრდილოთ, ერთვის მტკვარს სამხრიდან. მტკვრის სამხრეთ-დასავლეთიდამ ერთვის ატენის წყალს წედისის ხევი". ტანას ხეობით შიდა ქართლიდან გზები გადის: მანგლის-თრიალეთისკენ, მესხეთ-ჯავახეთში, აქედან ტაო-კლარჯეთით ძველად გზა გადიოდა ბიზანტიის პროვინციებში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. ატენის ხეობა მდიდარია ტყით და საძოვრებით. აქაური ღვინო "ატენური" განთქმულია ქართლში. ვახუშტის აღწერით: "არს ესე ხეობა ვენახოვანი, ხილიანი... ღვინო აქაური უმჯობესი ყოვლისა ქართლისა და უმეტეს ატენური ყოველთა საქართველოს ღვინოთა".

KARIBCHE
სოფელი ატენი

ატენის ხეობა მჭიდროდ რომ ყოფილა დასახლებული, ამას მოწმობს აქ არსებული ისტორული ძეგლები - ციხე-კოშკები და ეკლესია-მონასტრები. ამ პატარა და ვიწრო ხეობაში 50-მდე ძველი ეკლესიაა. მოზრდილი სოფლები იყო: ატენი, ვერე, ზემო ბოშური, ტუსრები და წეროს ხევი, სადაც დღემდეა შემონახული ძველი ტაძრის ნაშთები. ამ ხეობას მტერიც ეტანებოდა და იგი გამაგრებული იყო ციხე-კოშკებით. მათ შორის საყურადღებოა ატენის, ვერესა და წედისის ციხეები.

ამ ციხეებმა თავდაცვის საქმეში დიდი როლი შეასრულა, განსაკუთრებით XVI-XVIII საუკუნეებში, როდესაც თურქეთი და ირანი საქართველოს ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს მეტოქეობდნენ. ატენის ხეობა ვერ უძლებდა მოძალებულ ლეკთა თარეშს. მოსახლეობა იხიზნებოდა უშიშარ ადგილებში. ამას მოჰყვა სოფლების გაპარტახება. XIX საუკუნის დამდეგს ატენის ხეობაში მოსახლეობა უკვე აღარ ყოფილა. ეს უკაცრიელი ადგილი საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ გენერალ ერმოლოვს გადაუცია გენერალ-მაიორ გიორგი ერისთავისთვის. მან დაიწყო ქსნის ხეობიდან გლეხების გადმოსახლება ატენის ხეობაში - აქაურობა თანდათანობით მოშენდა. ატენის ხეობის მოსახლეობის უმრავლესობა გადმოსულია ქსნისა და არაგვის ხეობიდან.

სოფლები მთის კალთებზეა შეფენილი. ხეობაში დაახლოებით 25 სოფელია, უმეტესობას შემოუნახავს ძველი სახელი. ბევრია ნასოფლარი და ახალგაშენებული სოფელიც.

ხიდისთავი
სოფელი გორიდან 4 კმ-ითაა დაშორებული და მდინარე ტანასა და მტკვრის შესართავშია გაშლილი. გაშენებულია გორის ძველ ხიდთან და ეს სახელიც ამიტომ დარქმევია. ხიდისთავი საბაჟო სადგური იყო. იგი ებარა თავად ერისთავს, რომლის სასახლის ნაშთი სოფლის თავზე დღესაცაა. ერისთავის უნებართვოდ არავის შეეძლო უცხო მგზავრისა და სავაჭრო ქარავნის ხიდზე გატარება. სოფელი ორ უბნად იყოფა: ხიდისთავი და ოხერა. მას არ ჰყოლია მებატონე, იგი სახაზინოდ (სამეფოდ) ითვლებოდა.

აქაური გვარები ატენის ზემო მხრიდან გადმოსახლებულან. მაგალითად, ტლაშაძე ატენიდან ლეკებს გამოქცევია. ტლაშაძე ძლიერი და შეძლებული გვარი ყოფილა. ამ უბატონო გვარის ხელში ჩაგდებას ციციშვილები ცდილობდნენ, მაგრამ ტლაშაძეებს უჩივლიათ ხელმწიფესთან და ხელმწიფეს მოუწერია: ტლაშაძის კარზე მზისა და წვიმის გარდა არაფერმა გაიაროს, თორემ რისხვას ვერ ასცდებითო.

ხიდისთავ-ოხერაში ყოფილა ძველი ეკლესიები, მაგრამ გორის მიწისძვრის დროს (1920წ.) დანგრეულა. ყოფილა აგრეთვე სამი კოშკი. ხიდისთავის მეორე უბანს ოხერა იმიტომ დარქმევია, რომ აქ მოიპოვებდნენ საღებავ მიწას (ოხრას).

წედისი
სოფელი მთის ფერდობზეა გაშენებული. გვერდით ჩამოუდის პატარა მდინარე ათრევა, მას გომარეთის წყალსაც უწოდებენ. ათრევა ტანას უერთდება ჯებირთან. წედისში 25 კომლი ცხოვრობს. წინათ მჭიდროდ დასახლებული ყოფილა. ამას ადასტურებს ნამოსახლარები და ეკლესიის ნანგრევები და შესანიშნავი წედისის ციხე. XVIII ს-ში მოსახლეობის ნაწილი იმერეთს გახიზნულა, ზოგიც - ფრონეს ხეობაში. საყურადღებოა, რომ იმერეთში გაქცეულები ყოველ წელიწადს მოდიოდნენ აქ სალოცავად წედისის წმინდა გიორგის ხატობაში. ამ ხეობის უკანასკნელი მებატონე ნიკო ამილახვარი ყოფილა.

გარდატენი
გარდატენი ვერეს ხეობის მოზრდილი სოფელია, გაშენებულია ზედაველას ქედის ძირში.

აქაურობას იცავდა კლდოვან მწვერვალზე აგებული ვერეს ციხე, რომელსაც ჩრდილოეთით ვერეს ხევი ჩამოუდის, სამხრეთით - ჭეჭელაანთ ხევი. ვერეს ხეობაში, დიდი ველების მთის ძირში ძველი ტაძარია, რომელსაც მონასტერს უწოდებენ. გადმოცემით, აქ ბერებს უცხოვრიათ. ეს ტაძარი მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს: "ვერეს დაბის დასავლეთით არს დანახვისის მთის ძირის მონასტერი კეთილმშვენიერი". ტაძრის სამხრეთით სამალავი გვირაბია, რომელიც მთელ კედელს გასდევს. ამ ტაძრის წარწერაში მოხსენიებული მირიან ერისთავი და ციხისთავი გორგანელი ატენის ქალაქის მშენებლები არიან.

მონასტრის ქვევით, ვერეს ნაპირას გამართულია დანახვისის ნიში, ვისაც არ შეეძლო დანახვისზე ასვლა, დანახვისობას აქ დგებოდა და ლოცულობდა.

ატენი
ატენი დიდი სოფელია და რამდენიმე უბნად იყოფა. ადრე ერთი სოფელი იყო და დიდი ატენი ერქვა. აქ 800 კომლი სახლობდა. ამის გამო სოფელი უმიწობას უჩიოდა.

ჯებირი - ატენის პირველი უბანია. ხალხური გადმოცემით, აქაური ყოფილა ცნობილი გმირი ჯეფირი და ამ უბანსაც მისი სახელი დარქმევია. თურმე ისეთი მოსული ვაჟკაცი ყოფილა, რომ მის ცალ პაჭიჭში ერთი კოდი ხორბალი ჩადიოდა. ატენში დღესაც ცოცხლობს ჯეფირის სახელი. აქ ხშირად იტყვიან, "ჯეფირი ხომ არა ხარო", "ღონიერია ჯეფირივითო".

ტანას ხეობის გაღმა მხარე ერისთავისა იყო, მარცხენა კი ორბელიანისა, რომლისგანაც მამულის ნაწილი შეუსყიდია ფინელ მწარმოებელ ავგუსტ ზეზემანს. აქ ჰქონდათ დიდი ვენახები, წურავდნენ კარგ ღვინოს, ჰქონდათ სარდაფები და უზარმაზარი ქვევრები.

ზეზემანმა XIX საუკუნის 80-იან წლებში ტანას ხეობაში გაიყვანა ვიწრო ლიანდაგიანი რკინიგზა, რომელიც გორიდან ტანას ხეობით გადიოდა ბორჯომის ხეობამდე. ზეზემანის რკინიგზა დღესაც კარგად ახსოვთ. მისი პირველი მუშა ყოფილა სანდრო ჭიღლაძე. ზეზემანის რკინიგზა მუშაობდა 1918 წლამდე, მერე წყალდიდობამ წალეკა. ზეზემანი უმოწყალოდ ანადგურებდა ტყეს. მაშინდელი გაკაფული მთები დღემდე შიშვლად დგანან.

რევოლუციის შემდეგ აქაურ მემამულეებს ჩამოერთვათ მიწები. ორბელიანის, ერისთავისა და ზეზემანის მამულები მოსახლეობას დაურიგდა. შეიქმნა ატენის ახალი უბნები: ჯებირი, ვანიანთუბანი, გარდატენი, პატარა ატენი, დეგეულა და ჭეჭელაანთუბანი. პატარა ატენის ზემო გორაკზე მდგარა ხუნგალის წმინდა გიორგის სამლოცველო, რომლის დანგრევის შესახებ ასეთი თქმულებაა: ერთ და-ძმას მშობლები პატარაობაში დახოცვია და გასაზრდელად სხვადასხვა პირს წაუყვანია. და-ძმა ერთმანეთს დაშორდა და ერთმანეთისა არაფერი იცოდნენ. მოწიფულ ვაჟს და, რომელსაც არ იცნობდა, ცოლად შეურთავს. ნეფე-პატარძალი ხუნგალის ეკლესიაში წასულა ჯვრის დასაწერად. ხუნგალის წმინდა გიორგი განრისხებულა და ჯვრისწერის დროს ეკლესია დანგრეულა. ნანგრევებში ჩამარხულან ნეფე-პატარძალი (და-ძმა), მათი მაყარი და მღვდელ-დიაკვანი.

დიდი ატენი ტანასა და საცივისხევს შორის მდებარეობს. ვახუშტი ასე აღწერს: "ატენი მცირე ქალაქი. მოსახლენი ქართველნი, სომეხნი, ურიანი. არს ციხე მაღალსა კედელსა ზედა, ნაშენი დიდი და ციხის გორის სამხრით არს საცივი, ვითარცა მყინვარი, სადაც დგება ღვინო წარჩინებული, ჩრდილოთ კერძ სდის თბილი წყალი, მკურნალი ბუგრისა, და სდის სხვაცა ცივი წყარო, ატენის სამხრით არის მონასტერი, სიონი, გუმბათოვანი, კეთილნაშენი".

მაღალ კლდოვან გორაკზეა აგებული ატენის ციხე, რომელსაც ერთი მხრიდან ჩამოუდის საცივის ხევი, აქ ზაფხულობით გასაციებლად ინახავდნენ სასმელსა და სურსათს. მეორე მხარეს - აბანოს ხევია. ვახუშტი მას უწოდებს თბილ წყალს, ბუგრის მკურნალს.

ატენის ციხის აგება დაკავშირებული უნდა ყოფილიყო ატენის სიონის მშენებლობასთან VII საუკუნეში, ხეობისა და ტაძრის დასაცავად.

ატენის სიონი ტანას ნაპირასაა აშენებული. ტაძრის შიგა წარწერის მიხედვით, აგებულია ერისმთავარ სტეფანოზ II-ის დროს (639-663წ.წ.).

***
სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით, რამდენიმე დღე ატენის დედათა მონასტერში ვიცხოვრე. მონასტრის იღუმენიას დედა ნინოს პირველად ერთი წლის წინ ვესტუმრე. უდიდესი სიყვარულით დაფუძნებულ მონასტერში მიმსვლელსაც დიდ სითბოს და სიყვარულს უნაწილებენ. სტუმრებისთვის ცალკე სახლია გამოყოფილი, რომელიც აქაურმა მორწმუნემ, პაატა ბესტაშვილმა შესწირა მონასტერს. სახლი ატენის ციხის ძირშია და მონასტერს გადმოჰყურებს. დედა ნინოს კურთხევით, ატენის თითქმის ყველა სალოცავი მოვილოცე, თან დამყვებოდა მონასტრის წევრი მანანა.

KARIBCHEშაბათ-კვირას ღვთისმსახურება ატენის სიონში აღესრულება. იქ მამა დავით კუჭავა მსახურობს. მრევლი მეზობელი სოფლებიდან მოდის. წირვის დაწყებამდე კვირაცხოვლის ტაძარი მოვილოცე. ის იქვეა, მონასტერთან. სოფლის შუაგულში მდგარი უძველესი ტაძარი აქაურებს მუდამ ახსენებს თავის ძლიერებას. საყდარს მეზობლად მცხოვრები ჯიოშვილების ოჯახი უვლის. ჯიოშვილების რძალი ქალბატონი ქსენია ქოქოევი ატენში 1971 წლიდან ცხოვრობს. მაშინ აქ არც ხეივანი იყო და არც არაფერიო, - ამბობს იგი.

- კვირაცხოვლობის სახელობის სალოცავზე რაიმე სასწაული თუ გსმენიათ?

- ჩემი ოჯახისთვის მოუხდენია სასწაული. ჩვენ საზედაშო ქვევრები გვაქვს. კვირაცხოვლის სახელობის ქვევრი ჩემს მეუღლეს მოუხდია და ხალხისთვის დაულევინებია. ამის შემდეგ ცუდად გახდა, კინაღამ მოგვიკვდა. სიზმარი ვნახე. აქ იდგა ცხენოსანი კაცი, რომელიც წმინდა გიორგის მივამსგავსე, - შეგვეწიოს მისი მადლი. გვერდით თეთროსანი ქალი ედგა. სიზმარში ვთხოვდი, ამ ერთხელ აპატიეთ და ქვევრს თავს აღარ მოვხდით-მეთქი (მას მერე ასეც ვაკეთებთ). სასწაული მოხდა და ჩემი ქმარი შემობრუნდა სააქაოს. მკაცრ სალოცავს ეძახიან. თუ შეთქმული გაქვს, ღალატი არ შეიძლება. ჩვენს ოჯახში ინახება უფლის ხატი. სახლი, სადაც ვცხოვრობთ, წინათ ამ ტაძრის მღვდელმსახურისა ყოფილა. ეს ხატიც აქ დაგვხვდა. რამდენიმე წელია, კვირაცხოვლობას მოძღვარი წირავს ტაძარში და ხატიც თან მიაქვს. პატარაობიდან მიყვარს სალოცავები. ამ ადგილს სარკესაც ეძახიან. აქ რომ მოვედი და ვნახე მოუვლელი ტაძარი, დავასუფთავე. როგორც შემიძლია, ყურადღებას ვაქცევ.

***
ატენის ტაძარში ნელ-ნელა შეიყარა მრევლი. დედების გალობას ყველა გულისყურით უსმენდა. წირვის შემდეგ ბოშურელი ქალბატონი გავიცანი. ვახუშტი ბატონიშვილს ბოშური არა აქვს მოხსენიებული. როგორც ჩანს, ეს სოფელი იმ დროს არ არსებობდა ან ნასოფლარი იყო. ამას ადასტურებს ეკლესიის ნანგრევები. ირკვევა, რომ ძველად მჭიდროდ ყოფილა დასახლებული და ლეკიანობას გაუნადგურებია. ეს სოფელი ახლოს იყო ტანას სათავესთან, საიდანაც თრიალეთიდან გადმოდიოდნენ ლეკები. XIX საუკუნის დასაწყისში ეს მხარე უკაცრიელი ყოფილა და ერისთავს ქსნისა და არაგვის ხეობებიდან მთიულები - თინიკაშვილები, თოფჩიშვილები, გიგაურები, ქოქაშვილები და სხვა გვარის ხალხი გადმოუსახლებია.

სოფელში მშრალი ხევის ან საყდრის ხევის ღვთისმშობლის ტაძარია. ზემო ბოშურში ტაძარი მშრალ, უწყლო ხევში დგას. კანკელის თავზე ასომთავრული წარწერა გვეუბნება: "ძელო ცხოვრებისაო, ადიდე ორთავ ცხოვრებასა შინა პატრონი ფანასკერტელი ზაქარია". ეს ზაქარია ზაზა ფანასკერტელის შვილია. წარწერიდან ირკვევა, რომ XV საუკუნეში ზაქარია ფანასკერტელს თავისი სულის შესაწყალებლად ბოშურის ღვთისმშობლის ტაძარში ეს ხის კანკელი გაუმართავს.

ზემო ბოშურში ღვთისმშობლის ტაძარია, - მითხრა ახალგაცნობილმა ქალბატონმა და დაამატა, - იმ ხეობაში მარტო ერთი, ბოშურის საშუალო სკოლა და საბჭო გვაქვს. მოსახლეობა უფრო მესაქონლეობით ირჩენს თავს. მოსავალი კი ნაკლებად მოდის. მთიანი ზონაა და ზამთარში ძალიან უჭირთ ცხოვრება. ტრანსპორტიც არ არის და ტელევიზიაც. ახალგაზრდების უმეტესობა ბარშია წამოსული და სოფელი ხნიერთა ანაბრად დარჩაო...

KARIBCHE KARIBCHE

***
ატენში უძველესი წმინდა ნინოს სახელობის ტაძარია. ზუსტად რომელი საუკუნისაა, აქაურებმა არ იციან. ჟამთა სვლას ნანგრევებად უქცევია, მაგრამ კეთილი ადამიანების წყალობით რამდენიმე წლის წინ განუახლებიათ. ამ უბანში მცხოვრები ქალბატონისგან გავიგეთ წმინდა ნინოს ტაძრის სასწაულებრივი აღდგენის შესახებ, რომელიც ერთ უსიამოვნო ამბავს უკავშირდება.

- ტაძარი მიწით იყო სავსე, - მიამბობს ქალბატონი, - კედლებიც დანგრეული იყო. ყველას გვაწუხებდა ეს ამბავი. ატენში ხშირად მოდიოდა ბიზნესმენი მერაბ მრევლიშვილი. მეზობლებთან ხშირად ლაპარაკობდა ამ დიდებული ტაძრის აღდგენაზე. ბატონი მერაბი მოსკოვში მოღვაწეობს. სწორედ იქ დაჭრეს. რეანიმაციაში ყოფნის დროს თეთროსანი ქალი გამოსცხადებია და უთქვამს: - აღმადგინე და მეც აღგადგენო. ცოტა ხანში მართლაც გამოსულა მძიმე მდგომარეობიდან. მის ვაჟს დაბადებიდან საუბარი უჭირდა. წმინდა ნინოს ტაძრის აღდგენის მერე თითქოს მეტყველება გაუუმჯობესდა. ბატონი მერაბიც გამოჯანმრთელდა და ასეთი დიდებული ტაძარი განაახლა. ტაძრის აღდგენაში მთელი სოფელი ვეხმარებოდით. ძველი კრამიტი შევიძინეთ და სულ სათითაოდ გავრეცხეთ, ტაძრის სახურავი ლამაზი რომ ყოფილიყო. მომავალში ტაძრის მოხატვაც აქვს განზრახული. წმინდა ნინოს ტაძარში მსახურება პერიოდულად აღევლინება. ნინოობის დღესასწაული სოფელმა ამ ტაძარში აღნიშნა. წირვა-ლოცვას მამა დავით კუჭავა აღავლენს.

***
მამა დავითი სამთავისისა და გორის ეპარქიაში უკვე რამდენიმე წელია მოღვაწეობს. თავიდან თბილისში ვორონცოვზე მდებარე წმინდა ნინოს ტაძარში სტიქაროსნად და მედავითნედ მსახურობდა. რადგან სოფელ უჯარმაში სახლი ჰქონდა, იქ ცხოვრების სურვილიც გაუჩნდა. მეუფე ანდრიასთან მივიდა (მაშინ მეუფე ამ ეპარქიაში მოღვაწეობდა) და სტიქაროსნად მსახურება დაიწყო. პარალელურად უჯარმის ეკლესიაში დადიოდა. კითხულობდა დაუჯდომლებს, პარაკლისებს. მერე გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დიაკვნად აკურთხეს. რამდენიმე თვის შემდეგ, როცა მეუფე ანდრია სამთავისისა და გორის ეპარქიაში გადაიყვანეს, თავადაც გაჰყვა რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად. 2003 წელს, მეუფის კურთხევით, გორის საკათედრო ტაძარში მღვდლად აკურთხეს. მას შემდეგ ამავე ტაძარში, ატენის დედათა მონასტერში, ასევე მეღვრეკისის და ერგნეთის ტაძრებში მსახურობს.

KARIBCHE- მამაო, აქაურები დადიან ტაძარში?

- თბილისთან შედარებით ძალიან ცოტა ხალხი დადის. ატენში 1300 კომლი ცხოვრობს. წირვა-ლოცვაზე კი ხანდახან ოცი ადამიანი დგას. უფრო მეტი ურთიერთობა უნდა გვქონდეს სკოლასთან, ბავშვებთან. მათ ძალიან ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეუძლიათ სოფლისთვის. ერთ წმინდა მამას აქვს ნათქვამი, ბავშვი რომ იმარხულებს და ლოცვას დაესწრება, უფროსებსაც სინდისის ქენჯნა ექნებათ და ეკლესიაში დასწრებას მოინდომებენო. სასიხარულოა, რომ დღეს მოძღვრის მიმართ დამოკიდებულებაც ისწავლეს. გზაში მიმავალს მეგებებიან და დალოცვას მთხოვენ. მაზიარებელიც ბევრია. ატენის ხეობაში უამრავი ტაძარია. დღესასწაულებზე სხვადასხვა ტაძარში ვწირავთ. თანდათან მრევლიც მოდის. გასულ წლებთან შედარებით დღეს უფრო მეტი პატივისცემა აქვთ ტაძრების მიმართ.

ორი რამის შერწყმა უნდა სოფელს - მიწაზე მუშაობის და ლოცვის ადამიანმა რაც არ უნდა იმუშაოს, ღმერთმა წყალობა თუ არ მისცა, შეიძლება მოსავლის გარეშე დარჩეს. შრომასთან ერთად ეკლესიური ცხოვრება გადაარჩენს ხალხს და სანაცვლოდ დიდ მადლსაც მიიღებს.

- თქვენ ერგნეთშიც წირავთ...

- ერგნეთის ღვთისმშობლის ტაძარი ცხინვალს გადაჰყურებს. დიდი სასოება აქვთ აქაურებს ამ ტაძრის მიმართ. თქვენ წარმოიდგინეთ, ომის დროს ტყვია არ მოხვედრია ტაძარს. როცა მეზობლად სახლებს ესროდნენ, ყველა ტაძარში აფარებდა თავს. ღვთის წყალობით, სოფელი ცდილობს, ნელ-ნელა აღადგინოს ტაძარი. ორშაბათობით პარაკლისს ვატარებ. ერგნეთის სკოლაში ბავშვებს სჯულის კანონსაც ვასწავლი. ღვთის წყალობით, ხალხი დადის ტაძარში.

თქვენი ჟურნალის საშუალებით მოკრძალებით ვთხოვ მკითხველს, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს, იცხოვრონ ეკლესიურად, დაიცვან მარხვა და შეეცადონ, ღვთისმსახურებაზე იარონ, თქვან აღსარება და მიიღონ წმინდა ზიარების მაკურნებელი ძალა. ამ წუთისოფელში ძალიან რთულია ზიარების გარეშე ცხოვრება. მართალია, ვერ შევებრძოლებით არსებულ გარემოს, გლობალიზაცია გარდაუვალია, მაგრამ ის მაინც შევძლოთ, ვიდგეთ მტკიცედ და მივყვეთ უფლის გზა. დავიცვათ უფლის მცნებები და სხვებისთვის სამაგალითო ვიყოთ - ეს არის ქრისტიანის ცხოვრების წესი.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვა
1კ1