საგურამო
საგურამო
სოფელი საგურამო იალნო-ზედაზნის მთის კალთების ძირას, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. ამ სოფელთანაა დაკავშირებული ორი დიდი მწერლის - ილია ჭავჭავაძის და დავით გურამიშვილის სახელები.
საგურამო თავად გურამიშვილების საკუთრება იყო, ადრე მას გორისუბანი ერქვა. ამას ადასტურებს ვახუშტი და იოანე ბატონიშვილების შრომები და თავად დავით გურამიშვილიც: "მე ვიყავ ერთი თავადი, მოსახლე გორისუბანსა".

გურამიშვილები, ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ძველი ფეოდალური გვარის - ზედგინიძეების განაყარნი არიან. ისტორიიდან ვიცით, თუ რა დიდი სამსახური გაუწია მეფე გიორგი VIII-ს მისმა ერთგულმა იოთამ ზევდგინიძემ, რომელიც შეეწირა მტერს და მეფე სიკვდილს გადაარჩინა. გიორგი VIII-მ ამ თავდადებისთვის უფრო აღაზევა ერთგული ყმის შთამომავლები და ხერკის ხეობაში დიდი ყმა-მამული უბოძა. ზედგინიძის ერთი შთამომავალი გურამიშვილად იწოდა. სწორედ ამ დროიდან ჩნდება ტოპონიმი საგურამო, რომელიც ძველი ხერკის მაგიერ იხმარება. "ხერკი არის საგურამო", - წერს ვახუშტი ბატონიშვილი. ადგილმდებარეობაზე გვეუბნება, რომ "ავჭალის ბოლოს არს ხევძმარი. ესე არს საზღვარი აწინდელი ქართლ-კახეთისა. აქამდე უწოდებენ საგურამოს ხერკითურთ, გურამიანთ გამო". ეს ხეობა თეძმისხევის სახელითაა ცნობილი.

საგურამოს ტერიტორიაზე დღეს 20 სოფელია. ოღონდ ბევრი ტოპონიმი არ ემთხვევა ვახუშტი და იოანე ბატონიშვილების შრომებში აღნიშნულ სახელებს. ბევრი უკვალოდ გამქრალა, ბევრიც მერე გაჩენილა. მაგალითად, კოტორაანთკარი, წინამძღვრიანთკარი, ჭილაანთკარი...

საგურამო ანუ ხერკი ისტორიულ კუხეთში შედიოდა. მე-15 საუკუნის 70-იან წლებში, როცა ერთიანი საქართველო სამეფო-სამთავროებად დაიშალა, საგურამო კახეთის სამეფოში მოხვდა. საგურამო რუსთველი ეპისკოპოსის სამწყსო იყო და აქაურები ბრძოლაში სარუსთველო დროშით გამოდიოდნენ. იალნო-ზედაზნის მთა ლეკებმა სათარეშოდ გაიხადეს. ამ გზით მიჰქონდათ ნაალაფარი, მიჰყავდათ საქონელი და ტყვეები. ამავე გზით წაიყვანეს დავით გურამიშვილიც. მოსახლეობის მტრისაგან თავდასაცავად მეფე თეიმურაზმა და მეფე ერეკლემ ციხეების შენება დაიწყეს. ერთი ასეთი ციხე საგურამოშიც აუგიათ. "აღაშენეს ციხე-ბოკოწინს, დააყენეს კაცნი ფრიადნიო", - გვაუწყებს პაპუნა ორბელიანი.

ილია ჭავჭავაძე საგურამოს მას შემდეგ დაემკვიდრა, რაც ცოლად შეირთო თავად თადეოზ გურამიშვილის ასული ოლღა (1863 წლის 21 აპრილი). წერილებიდან ირკვევა, რომ თადეოზი მეგობრობდა სიძესთან, აფასებდა მას და რჩევა-დარიგებასაც აძლევდა.

ილიას ძალიან უყვარდა საგურამო. 1880 წელს აქ იწვევს ქართველ მოღვაწეებს სათათბიროდ. ეკატერინე გაბაშვილი ასე აღწერს ამ სახლს:

"პირველ ხანებში ილია ცხოვრობდა პატარა ხის ოთხოთახიან სადგურში, რომელიც კარგა მაღლობზედ, ზედაზნის ტყის პირას იდგა. სახლი უკან პირით მოქცეულიყო პატარა ეზოსკენ, რომელიც დაჩრდილული იყო რამდენიმე კაკლის ახოვანი ძირით და იქვე, ტყის პირას, კაკლებშუა ეზოში სჩქეფდა პატარა წყარო, ლამაზი ქვათლილის აუზით". ახალი სახლის აშენება ილიამ 1895 წელს დაასრულა. საგურამოში დაიწერა ილიას "განდეგილი", "ბაზალეთის ტბა". აქაურობას ხშირად სტუმრობდნენ რაფიელ ერისთავი, ნიკო ხიზანიშვილი, კოტე მესხი, პროფესორი დავით ჩუბინაშვილი, იონა მეუნარგია, თედო სახოკია, იაკობ გოგებაშვილი... ილიას საყვარელი სტუმარი იყო ვაჟა-ფშაველაც.

პირველი უცხოელი, რომელსაც ილიამ საგურამოში უმასპინძლა, გერმანელი მწერალი არტურ ლაისტი იყო.

არტურ ლაისტი საგურამოში დიდ მამულიშვილს სიცოცხლის უკანასკნელ დღეებშიც სტუმრობდა. მოგონებებში წერს: "21 აგვისტოს, მე რომ წაველ საგურამოს, არ ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა უკანასკნელი ნახვა ძველის მეგობრისა, რომ დარბაზობით სამუდამოდ გათავდებოდა ჟამიერი, ბრწყინვალე, ჩრდილმიუყენებელი მეგობრობა. მზე მხიარულად ანათებდა საგურამოს მთებს, ტყეებს და ბაღ-ვენახებს. მეგობრობის ალერსით მომეგება ილია და ჩვეულებისამებრ მკითხა, რამდენის დღით მოხვედიო. ხანმოკლე სტუმრობა მას არ უყვარდა და ხშირად მეტ ხანს მიხდებოდა ხოლმე მასთან დარჩომა". ილიას მკვლელობის შემდეგაც არ გაუწყვეტია არტურ ლაისტს ოლღასთან ურთიერთობა და გარდაცვალებამდე ყოველდღე ნახულობდა უნუგეშო ქვრივს.

პოეტ ვახტანგ ორბელიანის ქალიშვილის, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის გადმოცემით, ოლღას, მეტად მორცხვ და კდემამოსილ ქალიშვილს, დანახვისთანავე შეჰყვარებია თურმე ილია და თვითონ გაუმხელია სიყვარული.

ილია და ოლღა ერთმანეთს ხან ტაძარში ხვდებოდნენ, ხან ახლობლებთან. მათ ურთიერთობას ხელს უწყობდა პოეტი ნინო ორბელიანი. ახალგაზრდებმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერეს. ჯვრისწერის საეკლესიო ცნობარში მღვდელმა ასეთი რამ ჩაწერა: "სასიძომ, ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძემ, მართლმადიდებელი სარწმუნოების მაღიარებელმა, იქორწინა პირველი ქორწინებით 25 წლისამ. სასძლო - თადეოზ გურამიშვილის ქალი ოლღა, მართლმადიდებელი სარწმუნოებისა, იქორწინა პირველი ქორწინებით 20 წლისამ"...

საგურამოელ გლეხთა მოგონებებში ილია ჭავჭავაძეზე ასეთ რამესაც ვკითხულობთ: "თითქმის ყოველ წელს ვესწრებოდი "ილიაობას" და კარგი დროც მიტარებია აქ. წარამარა ლაპარაკი არ უყვარდა ილიას. ის ორ სიტყვას იტყოდა, ყველა მთქმელს თავის ნათქვამ სიტყვას გაუმტყუნებდა. ერთი სტუმართაგანი ილიასთან ბევრს ლაპარაკობდა, ილიას გაეღიმა და თქვა: - ეგ რა არისო, - არაგვი ერთხელ მოზღვავებული მოდიოდა, მოჰქონდა ყველაფერი, მე კი ერთი თოხი დავკარ და იქით გადავაგდეო.

"ილიაობა" დღეს ილია გლეხების სუფრასთან მოვიდოდა ხოლმე, ღვინოს ჯამით დალევდა და სხვებსაც ეტყოდა, - აი, ასე დალიეთო".

ილია ჭავჭავაძე ანგელოზის დღეს 20 ივლისს საგურამოში ზეიმობდა. პატივისმცემლები საქართველოს ყველა კუთხიდან მოდიოდნენ: იმერეთიდან, გურიიდან, სამეგრელოდან... სუფრა იშლებოდა ეზოში, დიდი კაკლის ჩრდილში, სადაც ჩამოჩუხჩუხებდა ცივი წყარო. თამადობდა ნიკო ხიზანიშვილი (ურბნელი). კარგი მოლაპარაკე იყო და ერთმანეთზე უკეთეს სადღეგრძელოებს სთავაზობდა ხალხს. ასეთი რამ თქვა: "იმ ბედნიერ დღეს დაგვასწროს, როდესაც საქართველოში ყოველი 3-4 ვერსის მანძილზე ისეთი ილიები გვეყოლება, როგორიც დღეს გვყავს საგურამოსა და წინამძღვრიანთკარშიო".

საგურამოში მიმავალს ავტობუსში ერთი მეტად სანდომიანი ქალბატონი გამეცნო - მარინე კონჭოშვილი გახლავართო. ჩემი შვილი, ნინო საგარეჯოს ნინოწმინდის დედათა მონასტრის მონაზონია. მან დამაწყებინა ეკლესიური ცხოვრება. ეპისკოპოსი პეტრე (კონჭოშვილი) ჩემი დიდი პაპის ბიძაშვილი იყო, ალავერდშია დაკრძალულიო. საგურამოში ყვარლიდან გამოთხოვილა. "თანდათან გაშენდა, დამშვენდა და სოფელზე მეტად ქალაქის იერი მიიღო საგურამომ, - მიყვება ქალბატონი მარინე, - საგურამო ილია ჭავჭავაძის სახელთანაა დაკავშირებული. სამწუხაროდ, ვერ შევიშვნეთ დიდი ილიას პიროვნება და ვერაგულად გაწირეს. ვამბობ ხოლმე, ის ერთი კაცი გამოგიგზავნეთ ყვარლიდან და ის ვერ შეიშნოვეთ საგურამოელებმა-მეთქი. ჩემი მამამთილის მამა დალაქი ყოფილა საგურამოში. ისეთი დალაქი, რომელიც კბილსაც იღებდა და მაღალი წნევის დროს ავადმყოფებს სისხლს გამოუშვებდა ხოლმე. ჭავჭავაძეებთან ხშირად დადიოდა თურმე. ჩემი მამამთილი იგონებდა მამამისის ნაამბობს: - ილია ყველას საჩუქრებით ისტუმრებდა. ეს ძალიან უხაროდათ გლეხებსაც და ბავშვებსაცო".

გზადაგზა საგურამოს დღევანდელობაზეც ბევრი ვისაუბრეთ. ტაძრის ამოქმედება და ეკლესიური ცხოვრების დაწყება ძალიან ახარებთ აქაურებს. "ადრე ზედაზენზე დავდიოდით. ფეხით ავუყვებოდით აღმართს. სულ ვნატრობდით სოფელში ტაძრის აშენებას და ღმერთმა აგვისრულა. ახლა ეკლესიის ზარების ხმა მთელ სოფელს ესმის და თავისკენ გვიხმობს", - თქვა ქალბატონმა მარინემ.

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
საგურამოში პირველ რიგში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმისკენ გავწიე. დირექტორი, ანდრო ბედუკაძეც იქ დამხვდა. მუზეუმს კარგი პატრონის ხელი ნამდვილად ეტყობა. ფონდ "ქართუს" ფინანსური დახმარებით შენობა გარემონტდა და პირვანდელი სახე დაიბრუნა. წელს, 8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 170 წელი სრულდება, 12 სექტემბერს - გარდაცვალებიდან 100 წელი. საიუბილეო თარიღს უკავშირდება 20-ტომეულის გამოცემა და კიდევ ბევრი საინტერესო ღონისძიება. "მუზეუმში ყოველწლიურად აღვნიშნავთ ილიას დაბადების დღესაც და გარდაცვალებისასაც. ვიწვევთ სტუმრებს, საზოგადო მოღვაწეებს. დავაწესეთ ილიას სახელობის პრემიები, რომლებიც წელს მეხუთედ გაიცემა. დაწესებულია ილიას სახელობის მედალი ("მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა") ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის. პირველი მედალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მივანიჭეთ. ასევე გადავეცით ანზორ ერქომაიშვილს, ანა კალანდაძეს... წელს ეს მედალი მეხუთედ გაიცემა. დაწესებულია ლიტერატურული პრემიაც. წელს ახალი ექსპოზიციაც გვექნება. მინდა მუზეუმში მოსულმა სრული ინფორმაცია მიიღოს არა მარტო ილია ჭავჭავაძის, არამედ საქართველოს ისტორიის შესახებაც.

ცოტა წარსულსაც გავიხსენებ და ვიტყვი, რომ 1907 წელს, როცა ილია მოკლეს, ოლღა გურამიშვილს აქეთ აღარ გამოუხედავს. მას შემდეგ 20 წელი იცოცხლა. 1908 წელს ამ სახლში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება გაიხსნა, მერე - სკოლა. რევოლუციის შემდეგ აქ სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელმაც დაიდო ბინა. მერე მწერალთა და ხელოვნების მუშაკთა დასასვენებელი სახლი იყო. 1949 წელს კი აქ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნა. გიორგი ლეონიძემ გაბნეული ილიასეული ნივთები შეკრიბა და აქ ჩამოიტანა".

მუზეუმის მახლობლად, მაღლობზე, წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძარია აღმართული. "ეკლესიის აშენებაზე დიდი ხანია ვფიქრობდი. ეს აზრი ოლღა გურამიშვილმა ჩამაგონა, - ამბობს ბატონი ანდრო, - ილიას მკვლელობის დროს დაჭრილმა ოლღამ მეურმეებს უთხრა: - მოგვხედეთ, ხალხნო, გინდაც ეკლესია აგიშენებიათო. ღვთის განგებით, უცნობი ადამიანები დამიკავშირდნენ და საგურამოში ეკლესიის აშენება შემომთავაზეს. ეს ხალხი აღმოჩნდა შპს "კალასის" დამფუძნებლები - ვაჟა უსანეთაშვილი, გიორგი ანდღულაძე, გიორგი გაგუა, ილია შონია და თენგიზ გავაშელი. აქედან კარგად ჩანს მყინვარი. მშენებლობა 2001 წლის 20 მაისს, იოანე ზედაზნელის ხსენების დღეს დაიწყო. ორი წლის შემდეგ, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს კი ტაძარი აკურთხეს. დღეს აქ მონასტერია, რომელსაც უწმინდესის კურთხევით დეკანოზი ტარიელ სიკინჭალაშვილი უძღვება. ტაძრის მოხატვა დიდი ილიას საიუბილეოდ დასრულდება".

KARIBCHE KARIBCHE
წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესია                         ზედაზნის მონასტერი

მუზეუმის ეზოში ზედაზნის ძირიდან გამომავალი წმინდა წყარო მოედინება. მუზეუმის თანამშრომელი მარიამ ბედუკაძე მეგზურობას მიწევს. მაჩვენებს ილიას უსაყვარლეს ნივთს, ჯოხ-სკამს, რომელსაც ჯოხადაც ხმარობდა და სკამადაც - მიწაში ჩაარჭობდა, ჩამოჯდებოდა და ასე ესაუბრებოდა გლეხებს. ამიტომ მისთვის "ოქროს სკამი" უწოდებიათ. ეზოში ილიასეული ხეები დგას. თითოეულ მათგანზე მიკრული ფირფიტები გვაუწყებს: "ეს ხე დარგო ილიამ". ტყე-პარკი მცხეთელი მებაღის მიხეილ მამულაშვილის გაშენებულია.

მუზეუმიდან გერმანული მუსიკალური საკრავის ხმამ გამოგვაცილა. ეს საკრავი დიდი ხნის შემდეგ ახმიანდა.

ერთ-ერთ ბაბინაზე ჩაწერილია "ლეკური" და "მრავალჟამიერი". მისი მოსმენა თურმე ძალიან უყვარდა ილია ჭავჭავაძეს.

ზედაზნის მონასტერი
საგურამოს გარშემო ზედაზნის მთები აკრავს. ცამეტ ასურელ მამათა წინამძღვარს, იოანეს მოსწონებია ზედაზენი და სადგომად აურჩევია, ამიტომაც მიუღია ზედწოდება ზედაზნელი.

მონასტერი 1705 წლამდე მოქმედებდა. 1888 წლის 10 იანვარს ზედაზნის მონასტერი ეგზარქოს პალადის განკარგულებით ჩაიბარა შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა ალექსანდრე ოქროპირიძემ. მან 1889 წელს მთლიანად განაახლა წმინდა სავანე, მაგრამ რადგანაც მას არც მამულები გააჩნდა და არც მლოცველები - ბერებმა ის მიატოვეს. 1932 წლიდან ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა ბერმონაზონი ექვთიმე კერესელიძე. უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ზედაზნის მონასტერში სამონასტრო ცხოვრებას დღეს არქიმანდრიტი საბა (კუჭავა) უძღვება. მონასტერში მღვდელმონაზონი გაბრიელი, ბერდიაკონი ილია, ბერი ამბროსი და ორი მორჩილი - გიორგი და ალექსანდრე მოღვაწეობენ.

მამა გაბრიელის თქმით, მონასტერში საღამოს ლოცვა 7 საათზე იწყება. მწუხრის და სერობის შემდეგ იკითხება ღვთისმშობლის დაუჯდომელი. ღამის სამ საათზე იწყება შუაღამიანი. ცისკრის ლოცვების შემდეგ აღესრულება წირვა. დილიდან მონასტერში სხვადასხვა მორჩილება სრულდება. შუადღის 3 საათზე წმინდა იოანე ზედაზნელის საფლავთან ღირსი მამის პარაკლისი აღესრულება. შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე წირვა-ლოცვას, საგურამოელებთან ერთად, თბილისიდან ჩასული მრევლიც ესწრება. ზამთარში ტრანსპორტის გადაადგილება გაძნელებულია და ამიტომ მომლოცველებს უმეტესად ფეხით უწევთ ზედაზენზე ასვლა.

20 მაისს, იოანე ზედაზნელის ხსენების დღეს, მლოცველები ყოველწლიურად სასწაულის მოწმენი არიან. ამ დღეს ტაძრის კედლები მთლიანად იცვარება და წმინდა წყალი გადმოსდის...

KARIBCHE***
საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის მონასტერში მამა ტარიელი დამხვდა. მოკრძალებით გავუმხილე მისვლის მიზეზი.

- ჩემი ნება რომ იყოს, საგურამოს დედასოფელს დავარქმევდი. ქართველთა დიდი წმინდანი, უგვირგვინო მეფე ილია მართალი ამ მხარეში ცხოვრობდა. ეს არის დავით გურამიშვილის, იოანე ზედაზნელის სამკვიდრო. აქაურები განსხვავებულ სითბოს, სიყვარულს ამჟღავნებენ ეკლესიის, ერთმანეთის მიმართ. შეგნებული აქვთ დიდი პასუხისმგებლობა, რასაც ქართველობა და საგურამოში ცხოვრება ჰქვია. მეამაყება ამ სოფლის მოძღვრობა. მოგეხსენებათ, საგურამოში წლების წინ ტაძარი არ იყო, თუმცა ამის ნაკლებობას სოფელი არ განიცდიდა, რადგან ზედაზენი საგურამოს ნაწილია. ბევრი ახლაც იქ დადის.

ღმერთმა დალოცოს ის ადამიანები, ვინც წმინდა ილია მართლის სახელობის მონასტერი ააშენა. მას შემდეგ აქ, ღვთის წყალობით, მართლმადიდებლური ცხოვრება დაიწყო.

სოფელი ყველანაირად გვერდში გვიდგას - მატერიალურადGთუ სულიერად. ამისთვის დიდი მადლობა მათ. არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც დიდი სულიერი გამოცდილება აქვთ და ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს ცოდნას. აქაურებმა იციან, ვისი გორისანი და სოფლისანი არიან. თითოეულ მათგანში ჩანს სულიერება, პოეზიის, მხატვრობის ნიჭი, გალობენ, მღერიან. ყველამ იცის ძველი ქართული წერა-კითხვა. მთელი სოფელი უფლის მორჩილებაშია. ეს მათთვის ძალიან დიდი პატივია.

სოფლის ცენტრში დაუსაქმებელი ახალგაზრდების ბირჟა იყო. დღეს მათი უმეტესობა ეკლესიის წიაღში გაერთიანდა. იციან, რომ ქუჩაში ყოფნას სჯობს ტაძარში იმსახურონ. ღმერთის დახმარებით ერთმანეთს ვეხმარებით. ეს არის თანადგომა. უფალი ამბობს: სადაც ორი ან სამი ჩემი სახელით შეიკრიბოთ, მეც თქვენთან ვარო. ჩვენც შეკრებილი ვართ ღვთის სახელით და ღმერთი ჩვენთან არს.

შეიძლება მთელი სოფელი ვერ მოექცა ჯერ ეკლესიისაკენ, მაგრამ ოჯახიდან ერთი წევრი მაინც არის ეკლესიური.

- მამაო, თქვენ თბილისშიც მსახურობთ და სოფლადაც. სად უფრო კარგად გრძნობთ თავს?

- რა თქმა უნდა, აქ. ეტყობა, მოწოდებით ვარ სოფლის მოძღვარი. აქ ურთიერთობა უფრო სხვანაირია... უფრო ახლოს ვართ ერთმანეთთან. ამით სიყვარულს ძალიან ვგრძნობ. ამის მიზეზი ისიცაა, რომ ამ ტაძარში მამა ამბაკო წირავდა. ჩვენ მეგობრები ვიყავით. მისი მოძღვრობის დროს ხშირად ვიყავი აქ. მამა ამბაკო ერთი წელია, რაც გარდაიცვალა. მთელი სოფელი დღესაც ახსენებს. ღმერთმა აცხონოს მისი სული. შეიძლება მეც იმის გამო შემიყვარეს, რომ მამა ამბაკოს ახლობელი ვარ. პირველი ამ მონასტრის ეზოში მამა ამბაკო დაიკრძალა.

- მამა ტარიელ, როგორ მოხვედით საგურამოში?

KARIBCHE- ხშირად დავდიოდი იოანე ზედაზნელის მონასტერში. მარხვაში ვრჩებოდი ხოლმე. მაშინ მონასტრის წინამძღვარი გახლდათ ამჟამინდელი მეუფე ექვთიმე. მეუფე ისე უყვარს სოფელს, რომ მის გამოჩენას დიდი სიხარულით ხვდებიან. დიდი სიყვარულის გამო სოფელმა გადაწყვიტა, მეუფე ექვთიმე აქედან არ გაეშვა და საგურამოში მიწის ნაკვეთი აჩუქეს. როცა უწმინდესისა და წმინდა სინოდის განჩინებით გურჯაანის ეპისკოპოსად აკურთხეს, მეუფემ მიწის ნაკვეთი მე დამიტოვა. მერე საგურამოში მაკურთხეს წინამძღვრად. ეს მოხდა ათი წლის წინ. ამ ხნის განმავლობაში ათჯერ არ მქონდა ნანახი ეს ნაკვეთი. მამა ამბაკო მშენებელი იყო და მაიძულა, იქ სახლის მშენებლობა დამეწყო. მეუფისა და მამა ამბაკოს წყალობით ასე გავხდი ამ სოფლის მკვიდრი.

- მონასტრის ცხოვრებაზე რას გვეტყვით?

- უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, სამონასტრო ცხოვრება ახლა იდგამს ფეხს. როგორც ყველა მონასტერში, ჩვენთანაც ისეთივე ტიპიკონია - ზარი ირეკება თუ არა, მთელი სოფელი ხვდება, რომ ღმერთი ჩვენთან არის. მონასტერში აქაური ახალგაზრდები მსახურობენ.

მამა ტარიელთან საუბარს მონასტრის წევრებიც ესწრებოდნენ.

გიორგი გოგიძე, მამა ტარიელის კურთხევით, მონასტერში ტრაპეზარობას სხვა ფიზიკურ სამუშაოსაც უთავსებს. "მონასტერში ბევრს ვკითხულობ, ვსწავლობ. რამდენიმე დღის წინ მოძღვარმა გამოგვიცხადა, - არც ერთისგან არ მივიღებ აღსარებას, ხუცურს თუ არ ისწავლითო. ერთად ვიკრიბებით და ხუცურის სწავლაში ერთმანეთს ვეჯიბრებით. მე საგურამოელი ვარ. ადრე დროს უქმად ვხარჯავდი. ახლა ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. დღეს ყველა საგურამოელი ახალგაზრდა ეკლესიაში დადის, - ჰყვება გიორგი, - მონასტერში მამა ამბაკოს დროს მოვედი. მრევლის ერთი წევრი შემიყვარდა და მამა ამბაკოს ლოცვა-კურთხევით მამა ტარიელმა დაგვწერა ჯვარი. მამა ტარიელი ჩემი ოჯახის მოძღვარია. საოცრად კეთილია, ყველას ეხმარება. ჭეშმარიტად კარგი მოძღვარი და იშვიათი ადამიანია".

მამა ტარიელთან საუბარი არ მეთმობა:

- მამაო, მაინც რა არის ყველაზე მეტად სათნო ღვთისთვის?

- მოყვასისთვის გასახარი, სულისთვის სასარგებლო, უფლისთვის მოსაწონი - ესაა უფლისთვის დიდი სათნოება. ტაძარი ის ადგილია, სადაც სინანულისთვის უნდა დავდიოდეთ და ღმერთს შენდობას, პატიებას ვთხოვდეთ. უფალი ამბობს: "პირველად იზრუნეთ სასუფევლისთვის, მერე ყოველივე შეგეძინოთ თქვენ".

წმინდა ილია მართლის სახელობის მონასტერი ისეთი იქნება, როგორიც ილია ჭავჭავაძეს შეეფერება. ჩვენ ორი წინამძღვარი გვყავს: ზეცაში - ილია მართალი, რომელიც მოგვიწოდებს: "მამული, ენა, სარწმუნოება" და დედამიწაზე - კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელიც მოგვიწოდებს: "ქართველნო, ერთად ღვთისაკენ".
ბეჭდვა
1კ1