შინდისი ბარათაშვილების სოფელი ყოფილა, სასახლეც კი ჰქონიათ იქ. ნიკოლოზ ბარათაშვილი სწორედ შინდისში დაიბადა. დღესაც დგას ამ სოფელში პოეტის სახლ-მუზეუმი და კარის პატარა ეკლესია.
ლეგენდა მოგვითხრობს, გიორგი სააკაძემ კოჯრის ციხიდან ხმა მარაბდაში დაბანაკებულ ქართველთა ლაშქარს მიაწვდინაო. ოდესღაც ამ ციხეს აფარებდა თავს თინა წავკისელი.
XVII საუკუნეში საქართველოს მეფეებს კოჯრის მიდამოებში საზაფხულო სასახლე აუგიათ. ვახტანგ VI-ის მეფობისას აქ საოქრომჭედლო სახელოსნოების არსებობასაც ვარაუდობენ. ამის საფუძველს იძლევა კოჯრის მიდამოებში აღმოჩენილი სპილენძის სამეფო თეფშები და თასი.
კოჯორი მთელი XVIII საუკუნის განმავლობაში კოჟრის სახელით მოიხსენიება. კოჯორი, ჩანს, მოგვიანებით ეწოდა. ერეკლე II-ის დროს ის ჯერ კიდევ კოჟრად იხსენიება - გადმოცემით, კოჟორში მიმავალ მეფე ერეკლეს ღვინით მოურწყავს გზა.
უძოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გიორგი კიკნაძე
კოჯრის მკვიდრი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი გიორგი კიკნაძე კარგა ხანია იკვლევს კოჯრის წარსულს და მომავალ თაობას არაერთი საინტერესო მიგნებაც დაუტოვა. ამ ყველაფერს მალე მის წიგნში წავიკითხავთ, მანამდე კი ბატონი გიორგი თავად გაგვაცნობს ისტორიის უცნობ ფურცლებს.
ბატონი გიორგის ვარაუდით, სოფლის სახელმა ტრანსფორმაცია XIX საუკუნეში განიცადა. მოსე ჯანაშვილის დროს ის უკვე კოჯრად იწოდებოდა. "საინტერესოა, რუსები მას თავიდანვე კოჯრად მოიხსენიებდნენ თუ 20-30-იანი წლებიდან დაიწყო მისი ამ სახელით მოხსენიება, - წერს მეცნიერი, - რუსებს რომ მივაწეროთ სახელის ტრანსფორმირება, ძალიან გამიჭირდება ამის მტკიცება, რადგან რუსებს "კოჟორი" უფრო ადვილად შეეძლოთ ეთქვათ, ვიდრე "კოდჯორი" (ამ ორი ასოს შერწყმით ხდება ჯ-ს ჩანაცვლება). მიმაჩნია, რომ ეს წმინდა ქართული ვარიანტია. თუ რატომ ჩაენაცვლა ჟ-ს ჯ, ამაზე გამიჭირდება რამის თქმა. უდავო ერთი რამ არის: XIX საუკუნის შუა ხანებიდან კოჯორი მოიხსენიება ამ სახელით".
თბილისის შემოგარენში კოჯორზე მაღალი ადგილი თითქმის არ არის. კოჯრის ციხიდან მთელი ქვემო ქართლი ხელისგულივით ჩანს. კოჯრის ციხეს ვახუშტი ბატონიშვილი აზეულას ციხეს უწოდებს. აქ ოდესღაც მეფე თამარი ისვენებდა. XV საუკუნეში ეს ციხე-დარბაზი უკვე კოჯრის ციხედ იხსენიება. იგი იცავდა გარდაბნიდან შიდა ქართლისკენ და თბილისიდან თრიალეთისკენ მიმავალ საქარავნო გზას.
ციხის დასავლეთით, ერთი საათის სავალზე, ასურეთის წყლის ხეობაში, XII-XIII საუკუნეების ცნობილი ხუროთმოძღვრული ძეგლის - კაბენის მონასტრის ნანგრევებია.
კოჟრის ციხის გასწვრივ, ნიშნის მთაზე სანიშნე კოშკი მდგარა, რომელიც თაბორის მთიდანაც კი ჩინებულად ჩანდა.
ამგვარად, კოჟორს სტრატეგიული დანიშნულებაც ჰქონდა, თუმცა მას უმთავრესად მაინც საზაფხულო რეზიდენციად იყენებდნენ. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, როსტომ მეფეს კოჯორი მეფეთა რეზიდენციად უქცევია. გიორგი XI-ს და ვახტანგ VI-ს ის კიდევ უფრო დაუმშვენებიათ.
დღევანდელი კოჯრის ტერიტორიაზე სამი ნასოფლარია - თავად კოჯორი, ჯიგრაშენი, რომელიც მთის ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობდა, და კიდევ ერთი - სამხრეთ ფერდობზე. დღეს ამ ფერდობს გუდელისის კლდეს უწოდებენ. აქვე შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევიც.
საქართველოში შემოსულ წითელ არმიას კოჯორთან ქართველმა იუნკრებმა გადაუღობეს გზა. ამ ბრძოლაში მონაწილეობდა უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ნიკო კეცხოველიც. იუნკრებს მოწყალების დად ხლებია პოეტ კოტე მაყაშვილის ასული მარო მაყაშვილი. სამშობლოსთვის გულანთებული გოგონა დაჭრილთა გამოყვანისას იმსხვერპლა ტყვიამ.
- ორბელიანისეული სასახლე თუ შემორჩა კოჯორს?
- ეს ტერიტორია ძველთაგანვე საბარათიანოს ნაწილი იყო. გრიგოლ ორბელიანს, როგორც მამაპაპეული მამულები, კოდა-კუმისთან ერთად წილად ხვდა კოჯორიც. აქ მას ორი სასახლე ჰქონია. ერთი, სამწუხაროდ, აღარ შემოგვრჩა, მეორეც დანგრევის პირასაა მისული. კოჯრის შუაგულში მდგარ ამ შენობაში დღეს 7-8 კომლი ცხოვრობს.
***
სოფლის სამხრეთით ქოროღლის ციხეა, ჩრდილოეთით - უძოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. უძოობის დღესასწაულს აქაურები აღდგომის მომდევნო სამშაბათს აღნიშნავენ. ამ დღეს ქართველებთან ერთად ბერძნებიც ზეიმობენ, რომლებიც ძველთაგანვე სახლობენ ამ მიდამოებში. ეს ეკლესიაც სწორედ მათ აღუდგენიათ.ვახუშტი ბატონიშვილი უძოს მთას "საამო საჭვრეტს" და "შესანიშნავ აგარაკს" უწოდებს.
მას შემდეგ, რაც მიხეილ ვორონცოვმა კოჯორში სამეფისნაცვლო სასახლე აიშენა, აქაურობას უფრო მეტი ფასი დაედო. ამ სოფელში დასახლება დაიწყეს სომეხმა დიდვაჭრებმა, ქართველმა თავადებმა, რუსმა გენერლებმა. ამჟამად მათი სასახლეების უმრავლესობა დანგრეულია. გარდა ორბელიანის ხსენებული სასახლისა, შემორჩენილია ციციშვილების, ორბელიანების, მელიქოვების, თემურაღოვების, მირზოევების საცხოვრისები. კოჯორში დღესაც შეხვდებით ამგვარ ტოპონიმებს: თემურაღოვის ტყე, მირზოევის ტყე.
***
ამჟამად კოჯორში ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარები ჩუხრუკიძეები, სურმავები, კეკელიები, ბუცხრიკიძეები, დარბაიძეები არიან. მათი წინაპრები დიდვაჭრებს და თავადებს მოუყვანიათ თავიანთი მიწებისა და სასახლეების მომვლელებად.კოჯრიდან არის წამოსული კოჟორაძეების გვარი. კოჯორიშვილებსაც შეხვდებით. მთიდან ჩამოსახლებულებიც მრავლად არიან კოჯორში, მათ შორის - წიკლაურები, აფციაურები, ბექაურები, თუშიშვილები. სომხური, რუსული და ოსური წარმოშობის გვარებსაც შეხვდებით.
კოჯრის სანახებში ყველაზე დიდი ტაძარი კაბენის დედათა მონასტრის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია იყო. კოჯრის ხეობაში მდგარი ეს უძველესი ძეგლი XIX საუკუნის დასაწყისში მიწისძვრამ დაანგრია. ამჟამად ნამონასტრალში წმინდა გიორგის სახელობის უგუმბათო საყდარია და მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.
გუდელისის ნასოფლარზეც ყოფილა ნასაყდრალი. ერთ კოჯრელს დაუწყია მისი აღდგენა, მაგრამ ვეღარ დაუმთავრებია - გარდაცვლილა. მისი დაწყებული საქმე ერთმა კეთილმა ადამიანმა გააგრძელა, ტაძარი გადახურა და ნგრევას გადაარჩინა. სადაც ახლა ღვთისმშობლის მოქმედი ტაძარია, წინათ სასაფლაო და ძველი ტაძრის საძირკველი ყოფილა. მოგვიანებით სპეციალისტებმა ეს საძირკველი შეისწავლეს და ზუსტად ძველის ადგილას ახალი ეკლესია ააგეს.
ოდნავ მოშორებით, შემაღლებულ ადგილას, კიდევ ერთი ნატაძრალი დგას, რომელიც დღემდე შეუსწავლელია.
უძოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი დღესაც მოქმედია და ამაყად გადმოჰყურებს შემოგარენს.
დოდო კაჭახიძე იუნკრების მემორიალი
კოჯრის ცენტრში ადრე რუსული სტილით ნაგები ტაძარიც მდგარა, რომელიც 30-იან წლებში კომკავშირელებს დაუნგრევიათ და მის ადგილას კულტურის სახლი აუშენებიათ.
დოდო კაჭახიძე კოჯორში ყველას უყვარს. დოდო ექიმი - ასე ეძახის დიდი თუ პატარა - თბილისის კარდიოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომელია. კოჯორს ვერ ელევა და სამსახურში იქიდან დადის. წინაპართა დანატოვარის მიტოვება არასდროს უფიქრია.
- წარმოშობით დიდი ჯიხაიშიდან ვართ. მამაჩემი, გიორგი კაჭახიძე, ივანე გომართელის მეგობარი გახლდათ. თბილისში რომ გადმოვიდა სამუშაოდ, მამაც თან წამოიყვანა. მაშინ გაიცნო მამამ თბილისის ინტელიგენცია. 1915 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ბათუმში გააგზავნა. აჭარის დიდი თავადი, თურქეთის არმიის გენერალი ჯემარბეგ ხიმშიაშვილი, მამას დიდ პატივს სცემდა. აჭარიდან მამა თბილისში დაბრუნდა და სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ასპირანტურა ივანე ბერიტაშვილთან დაამთავრა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის მომხრეთა წინააღმდეგ რეპრესიები რომ დაიწყო, მამა იძულებული გახდა, ყველაფერი მიეტოვებინა და კოჯორში გადმოსახლებულიყო. იმ დროს, ოქროყანიდან წალკამდე, მამა იყო ერთადერთი ექიმი. იმხანად კოჯორში 16 ბავშვთა სახლი ფუნქციონირებდა, სადაც 30-იან წლებში საუკეთესო ოჯახის შვილები დაიზარდნენ: აბაშიძეები, თავართქილაძეები, წულუკიძეები... მამა მათი ექიმიც იყო.
კოჯრის მკვიდრთა შორის გამოირჩეოდნენ გრიგოლ მუხაძე, მიხეილ წინამძღვრიშვილი, ივანე ბერიტაშვილი. ჩვენს სახლში დღესაც ინახება გრიგოლ მუხაძის 1948 წლით დათარიღებული ბარათი: ჩემო გიორგი, - სწერს მამას, - ამ საღამოს მე, ივანე ბერიტაშვილი და წინამძღვრიშვილი, - რომელიც დაუპატიჟებლად შენთან არ მოდის, იმას შენ შეუთვალე, - გეწვევით, უბრალოდ, საბაასოდ და გთხოვ, არაფერზე შეწუხდეო.
მამა ერთხანს ფსიქონევროლოგიური დისპანსერის მთავარი ექიმი იყო. იმ დროს იქ მკურნალობდა გალაკტიონ ტაბიძე. კარგად მახსოვს, როგორ ერიდებოდა მამასი ამ დიდ პოეტს და ცდილობდა, ნასვამი არ შეხვედროდა.
მინდა, დიდი სიყვარულით გავიხსენო კოჯრის მკვიდრი ორი შესანიშნავი ქალბატონი - ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკარი, დეიდა ბაბულია სულხანიშვილი და ეკატერინე ჩოლოყაშვილი. დეიდა ბაბულია რესპუბლიკელი ალექსანდრე სულხანიშვილის და იყო, ხოლო ეკატერინე - კატუშა ჩოლოყაშვილი - ქაქუცასი. ამ ქალბატონის შესახებ ლეგენდად ჰყვებოდნენ, კრემლში სტალინს შეხვედრიაო. ვისი და იყო, ეს გვიან გავიგეთ.
XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან, რაც კოჯორი ამიერკავკასიის მეფისნაცვლის საზაფხულო რეზიდენციად იქცა, იქ ბევრი ცნობილი ადამიანი ისვენებდა, მათ შორის - ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, კოლაუ ნადირაძე.
***
ქალბატონი დოდო კაჭახიძისა და მისი მეუღლის ძალისხმევით ქოროღლის ციხის ძირში იუნკერთა მემორიალი გაკეთდა. მემორიალის ავტორია არქიტექტორი ალექსანდრე ბაქრაძე, მშენებლობაში კი თავად კოჯრელები მონაწილეობდნენ.ქალბატონი დოდოს მეუღლე ომარ ჩიხლაძე ფიზიკოსია. მისი ბაბუა მღვდელი რომანოზ ჩიხლაძე გახლდათ. თავის დროზე მამა რომანოზთან დიაკვნად კორნელი კეკელიძეს უმსახურია.
- გასაბჭოების შემდეგ მამა რომანოზისთვის უთხოვიათ, ანაფორა გაიხადე და უნივერსიტეტში დაბრუნდიო, - მიამბობს ქალბატონი დოდო, - თითქოს გადაუწყვეტია კიდეც ამის გაკეთება, მაგრამ მეორე დილით გადაწყვეტილება შეუცვლია და სიცოცხლის ბოლომდე აღარ გაუხდია მღვდლის ანაფორა. 1937 წელს დახვრიტეს. ოთხი შვილი დარჩა.
***
რამდენიმე წელია, რაც კოჯორში ღვთისმსახურება განახლდა. მღვდელმონაზონ აარონის (კაპანაძის) გამოჩენას სოფელში განსაკუთრებული სასოებით ელოდნენ. ახლა მას სხვა მოძღვარი ცვლის, მამა აარონი კი მისი უწმინდესობისა და მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით ღვთისმსახურებას იტალიის ქალაქ ბარიში განაგრძობს. აქაურებს არ ეთმობოდათ საყვარელი მოძღვარი, ყველა სათითაოდ უმხელდა გულისნადებს და შორეულ იტალიაში მათი სახელების მოხსენიებას სთხოვდა...ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მღვდელმონაზონი აარონი (კაპანაძე)
კოჯორში თავად მამა აარონი მმასპინძლობდა.
"სამი წელია, რაც კოჯორში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ამოქმედდა, - მიამბობს მაია წიკლაური, - თავდაპირველად მამა ზურაბი მსახურობდა, მერე მამა აარონი მობრძანდა. ყველას ძალიან გვიყვარს მამაო. თამამად ვიტყვი, რომ სოფელი რწმენისკენ მან მოაქცია, მისი გავლენით ბევრმა დაიწყო ტაძარში სიარული. პირადად მეც ძალიან დამეხმარა. სკოლაში ყოველკვირა შეხვედრას ვაწყობდით მოძღვართან, ქადაგებებს უსმენდნენ ბავშვები. მამა აარონი სტუმრობაზეც ხალისით დაგვთანხმდა და 260 ბავშვისთვის ახალი აღთქმაც გვისაჩუქრა. ამან კიდევ უფრო გაამძაფრა ეკლესიური ცხოვრებისადმი ბავშვების ინტერესი და დღეს ბევრი სტიქაროსანია. ტაძარი ამოქმედდა, სულიერებამ გაიღვიძა, მშობელთა მზრუნველობას მოკლებულმა ბავშვებმა ეკლესიის გზა ისწავლეს".
***
ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ნაძვნარშია ჩაფლული. ის, მამა აარონის თქმით, ადგილობრივმა მოსახლეობამ ააგო. აქ დედათა მონასტრის დაარსება აქვთ განზრახული. ტერიტორია გალავნით უკვე შემოიზღუდა და იმედია, ღვთის შეწევნით ჩანაფიქრი მალე შეისხამს ხორცს. "ამ ადგილას დედათა მონასტერი უნდა დაფუძნდეს. მშენებლობა უკვე დასრულებული იქნებოდა, მოულოდნელად რომ არ გარდაცვლილიყო ახალგაზრდა კაცი ოთარ კერძაია, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში გვეხმარებოდა. მართალია, საქმე დროებით შეჩერდა, მაგრამ ჩანაფიქრი აუცილებლად განხორციელდება".ღვთისმშობლის ტაძრის გარდა წირვა-ლოცვა ქოროღლის ციხის ძირას მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარშიც აღევლინება. "ამ ეკლესიაში მთელი ზაფხულის განმავლობაში ვწირავდით, - იხსენებს მამა აარონი, - შაბათ დღეს ვეებერთელა აღმართს ავუყვებოდი მრევლთან ერთად... ახლა ორივე ტაძარი მზადაა წირვა-ლოცვების ჩასატარებლად და ვინც ჩემს შემდეგ მოვა, შეუძლია, მშვიდად გააგრძელოს ღვთისმსახურება. ერთადერთი, რაც სჭირდება მრევლს, თბილი მოპყრობაა. სასულიერო პირის ჩამოყალიბებაში მრევლი დიდ როლს ასრულებს, თუმცა თვით მოძღვარზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. ხალხის ტაძარში მიყვანა, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მოძღვრის ღვაწლია.
რომ გითხრათ, კოჯორში ბევრი დადიოდა-მეთქი ტაძარში, არ ვიქნები მართალი. ქართული ტრადიციისამებრ, დღესასწაულებს აღნიშნავდნენ, მაგრამ რაც შეეხება ეკლესიურ ცხოვრებას, აღსარებას, ზიარებას, ამ მხრივ ნაკლებად აქტიურობდნენ. ჩემი თხოვნაა, რაც აქამდე ვერ გაკეთდა, მომავალში შესრულდეს, თავს ყველამ დაატანოს ძალა, რაიმე ახალი შემატოს, სულიერად გაიზარდოს. ეკლესიურ ცხოვრებას ორი მხარე აქვს - გარეგნული და შინაგანი. გარეგნულის გარეშე შინაგანი ამაოა, ისევე როგორც წესების აღსრულება შინაგანი რწმენის გარეშე.
წელიწადნახევარია, რაც კოჯრის მღვდელმსახური გახლავართ. თავდაპირველად უჭირდათ აქაურებს მოძღვართან სიახლოვე, მრავალი შეკითხვა ჰქონდათ და ძნელად იხსნებოდნენ. ეს ყველაფერი, ღვთის მადლით, მოგვარდა, მაგრამ მეტისმეტად მალე მომიხდა მათთან განშორება... იმედი მაქვს, არც ჩემი წასვლის შემდეგ დაუცხრებათ სასულიერო პირთან ურთიერთობის სურვილი, ივლიან ტაძარში, ეზიარებიან, მარხვას დაიცავენ და ყველა საიდუმლოებაში მიიღებენ მონაწილეობას. მიხარია, როცა ადამიანი მოძღვართან ერთად იზრდება, ცოდვის უფსკრულისკენ მიმავალი უფლის გზისკენ მობრუნდება. ამაზე დიდი ბედნიერება სასულიერო პირისთვის არაფერია".
კოჯორში რამდენიმე ნატაძრალია. საბჭოთა პერიოდში მათ ნანგრევებზე საცხოვრებელი სახლები აშენდა. გადმოცემით, იმ ადგილებში არავის გაუხარია და რამდენიმე გვარი მთლიანად გადაჯიშებულა. "ეს ალბათ იმის ნიშანია, რომ ტერიტორია, რომელიც წინათ ეკლესიას ეკუთვნოდა, ეკლესიასვე უნდა დაუბრუნდეს", - ამბობს მამა აარონი.
მამა აარონმა მღვდელმსახურება კოჯრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრიდან დაიწყო. მანამდე თბილისის ფერისცვალების მამათა მონასტერში იყო მორჩილად. ბერადაც იქ აღიკვეცა. ამას მოჰყვა მცხეთაში, პატრიარქის სახლში დაფუძნებულ მამათა მონასტერში გატარებული რამდენიმე თვე, მარტყოფის ყოველთა წმინდათა სახელობის მამათა მონასტერში მოღვაწეობა... ამიერიდან ის იტალიაში, წმინდა ნიკოლოზის სამარესთან მდებარე მართლმადიდებლურ ტაძარში განაგრძობს მსახურებას. მამა აარონის ჩასვლის შემდეგ ეს ტაძარი იქაურ ქართველებს მოემსახურება. მამა აარონი პირველი ქართველი მოძღვარი იქნება, რომელიც მართლმადიდებლურ ტაძარში ღვთისმსახურებას აღასრულებს.
საუბრის დასასრულს ვკითხე, უჭირდა თუ არა საქართველოსთან განშორება. მითხრა: "ნამდვილად მიჭირს საქართველოს, მეტადრე კოჯრის დატოვება. ძნელია განეშორო ადგილს, სადაც ერთი აგური მაინც დაგიდვია სულიერი ცხოვრების წინსვლისთვის, მაგრამ უფალმა უკეთ იცის, სად და როგორ სჯობია ჩვენი ყოფნა. არ ვაპირებ კოჯორთან ურთიერთობის გაწყვეტას. დარწმუნებული ვარ, მომავალში აქ მონასტერი დაფუძნდება და აქაურობა მეტი სულიერებით აივსება. გმადლობთ, ასეთ კეთილშობილურ საქმეს რომ ემსახურებით თქვენ და თქვენი ჟურნალი. გაიხარეთ, ქრისტემ დაგლოცოთ, ჯვარი გეწეროთ".