ურბნისი
ურბნისი
სოფელი ურბნისი შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. სოფელი ნაქალაქარ ურბნისის ტერიტორიაზეა გაშენებული.

ურბნისი ერთ-ერთი უძველესი დასახლებული პუნქტი ყოფილა საქართველოში. არქეოლოგიური გამოკვლევების მიხედვით, აქ მესამე ათასწლეულიდან აღინიშნება ადამიანის ცხოვრების კვალი, II და I ათასწლეულებში კი ის უკვე საკმაოდ ძლიერი დასახლება ყოფილა. მოპოვებული მასალა, კერამიკული, ქვის, ძვლისა და ლითონის ნაკეთობები მოსახლეობის განვითარების მაღალ დონეს მოწმობენ. ურბნისის კულტურულ-ეკონომიკურ დაწინაურებას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელს უწყობდა აქ გამავალი დიდი სავაჭრო გზა.

ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში ურბნისი უკვე ქალაქად მოიხსენიება.

ქალაქს თავიდანვე დიდი ფართობი ეკავა და რიყის ქვის კედლით იყო შემოზღუდული. შემდგომში ურბნისი კიდევ უფრო გაძლიერებულა - IV საუკუნეში მას თითქმის 25 ჰექტარი ეკავა.

თავისი არსებობის მანძილზე ურბნისს მრავალი განსაცდელი გადახდა. ის მომხდურთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო, მაგრამ მედგრად იცავდა თავს და საუკუნეების განმავლობაში იბერიის ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად ითვლებოდა.

არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ უძველეს ქალაქს ბოლო მოუღო. 736-738 წლების ლაშქრობათა დროს მან ძირფესვიანად მოთხარა ურბნისი, ხოლო მოსახლეობა გაჟლიტა.

მურვან ყრუს ლაშქრობის შემდეგ ურბნისმა ვეღარ შეძლო ადრინდელი მდგომარეობის დაბრუნება, თუმცა იქ დარჩა საეპისკოპოსო, რომელიც მხოლოდ XIX საუკუნეში, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ გაუქმდა.

გადმოცემით, წმინდა ნინოს, როცა იგი საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად ჩამოვიდა, ერთი თვე დაუყვია ურბნისში, აქედან კი მცხეთაში გამგზავრებულა.

მოსახლეობა
ურბნისის მოსახლეობის შესახებ XIX საუკუნეზე ადრინდელ მასალებს ჩვენამდე არ მოუღწევია. 1804 წლის აღწერით, სოფელში 29 კომლი (242 კაცი) ცხოვრობდა, რომელთაგან 23 ურბნისის ეკლესიას ეკუთვნოდა. XIX საუკუნის მიწურულს მოსახლეობის რაოდენობამ 144 კომლს (784 კაცს) მიაღწია. იმ დროისთვის სოფელი რუისის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა.

XIX საუკუნეში ურბნისში ცხოვრობდნენ კაკაშვილები, მამესწარაშვილები (ისინი რუისიდან გადასულან ჯავახეთში, შემდეგ კი დაბრუნებულან), ლასიაშვილები, რამაზაშვილები, სეხნიაშვილები, საქუაშვილები, რაზმაძეები, სამადალაშვილები, ბესარიონიშვილები, კოშორიძეები. ხანიშვილები, ნარიმანიძეები, ჩუბინიძეები, თეთრუაშვილები, ლურსმანიშვილები, წაველიძეები, ბერიკელაშვილები, ირემაშვილები, ჯირკველაძეები, ვარძელაშვილები, ბერძამაშვილები, კიკლაშვილები, ქოქოშვილები, ჯიჯიშვილები, ხორბალაძეები, მაღლაკელიძეები, დალაქიშვილები.

დღეს
უზრუნველ წუთისოფელს დღეს ბევრი შენატრის. არც ურბნისელებს ულხინთ. უწყლობას და მოუსავლიანობას წლეულს განსაკუთრებით უჩივიან. აქაური მოძღვრები თურმე საგანგებოდ კითხულობენ წვიმის მოსვლის ლოცვებს. ჩემს იქ ყოფნაში ოდნავ წამოჟინჟლა კიდეც და ნეტავ გენახათ იქაურების გაბრწყინებული თვალები...

გზად მიმავალმა ჭიშკართან ორი მხცოვანი ქალბატონი დავინახე. ისე ტკბილად ებაასებოდნენ ერთმანეთს, რომ მყუდროებას როგორ დავურღვევდი, რომ არა ჩემი ჟურნალისტური ახირება.

- გამარჯობათ, მე ჟურნალისტი ვარ, რაიმე ხომ არ გაქვთ სათქმელი? - ვეკითხები. ხის პატარა სკამს მთავაზობენ. დიქტოფონს ვრთავ. გაკვირვებულები კი უცქერენ, მაგრამ საუბარზე უარს არ ამბობენ.

- რამდენი წლის ბრძანდებით?

- ოთხმოცდაექვსის.

- ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ! ალბათ, გაჭირვებაც ბევრი გამოგიცდიათ და სიხარულიც. მოსაგონარი არაფერი გაქვთ?

დანაოჭებულ ტუჩებთან ხელი კანკალით მიაქვს ნუნუ ბებოს და თავის ცხოვრებას ისე ჰყვება:

- 13 წელიწადი ომში დაკარგული მყავდა ქმარ-შვილი, მერე გამამიჩნდა, მოვიდა, ხო... სახლიც დადგა რამეი, ჰო. მერე მეურნეობაშიცა ვმუშაობდით ორთავენი. მერე ავად გამიხდა. 17 წელიწადი იავადმყოფა. იმას უარე. ავაყენებდი, დავსვამდი... წამივიდა, აღარა მყამს. ის რო ცოცხალი იყოს, კიდევ ავაყენებდი და დავსვამდი. შვილებიცა მყავს, ორი გოგოი. გათხუილები არიან და ახლა მარტოკინა ვარ სახლში, შვილო...

- რას აკეთებთ?

- რა უნდა გავაკეთო, აბა... ვზივარ და ვარ ისე. 45 ლარი მაქვს პენსია, ჩემი ქმრისა არის. ჩემი ნაშრომი დაიკარგა.

- ჩვენა დაქალები ვართ, - მეუბნება მეორე, - არც მე მყამს ქმარი, ერთი ომში დამეკარგა. მამიყვანა თუ არა, ომი დაიწყო. წაუყვანეს. დაიკარგა, აღარ მომივიდა. მერე გავთხოვდი. ოთხი შვილი გამიჩნდა, სამი გოგო და ერთი ბიჭი. ბიჭი საქორწილო მამიკვდა. ჯარი მოიარა და მამიკვდა. დაემართა იქ სისუსტე და მამიკვდა... გოგოები გამითხოვდა. ახლა მეც მარტოკინა ვარ.

- დღევანდელი ყოფა თუ მოგწონთ?

- ეჰ, რა ვქნათ აბა, ბევრიც რომ არ მოგვწონდეს, რა ძალა გვაქვს, შვილო...

- საქმიანობა არ გიჭირთ?

- უაჩკოდ ვეღარ დავდივარ. საჭმელსაც გაჭირვებით ვაკეთებ. ხან წუწე მამივა და ხან მარილიანი...

- კარგი არაფერი მომხდარა თქვენს ცხოვრებაში?

- მე სიხარული არ მინახია, შვილო. ჯერ სიღარიბეში გავიზარდე, მერე ოთხი შვილი დავზარდე, კოლექტივში ვმუშაობდი, მერე მეურნეობაში. ბიჭი მამიკვდა, გოგოები გათხოვდნენ. დავრჩი მარტოკანა და ვეწვალები ჩემს წუთისოფელს. ნაკვეთი მაქვს, ვერ ვუვლი, ბალახიანია. თვალებიდან ვეღარ ვხედავ, დავბრმავდი. აჩკები იმიტომ მიკეთია. ეჰ, ასეა ჩვენი წუთისოფელი, მარტოკინა შევალ, დავიძინებ, გათენდება - გამოვალ.

- ამას კარგი ძილი აქვს, შვილო, მე არა მაქვს კარგი ძილი, - საუბარში ჩაერთო ნუნუ ბებო, - მეც ავადმყოფი ვარ, ერთი ფილტვი დახურული მაქვს. 26 წელიწადია ავად ვარ. სიკვდილი მინდა და არა მკლავს ღმერთი.

- ღმერთი გწამთ?

- ღმერთიო გწამსო? - აგებინებს ერთი მეორეს.

- მა, მა, კაცო, ვენაცვალე ღმერთსაც და ხატსაც.

- როგორ ლოცულობთ?

- მშვიდობის დილა გაუთენე ყველას, გამჩენო ღმერთოო, - და პირჯვარს ვიწერ. მხოლოდ ეკლესიაში ვერ მივდივარ, შვილო. თვალებიდან ვეღარა ვხედავ. თუ არავინ ამიყვანა, მე ვერ წავალ.

- დამლოცეთ, ჩემო ტკბილო ხალხო, თქვენი ლოცვა ჩემთვის დიდი მადლია, თქვენს ამბავს ყველას ყურამდე მივიტან.

KARIBCHE KARIBCHE

- ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს, შვილო. გათხოვილი ხარ? კარგი ბედი და იღბალი მოგცეს გამჩენმა ღმერთმა, კარგი ოჯახის ქალი დადექი.

- თქვენც დიდხანს გაცოცხლოთ ღმერთმა...

***
ურბნისის წმინდა სტეფანე პირველმოწამის ტაძრისკენ ავიღე გეზი.

ურბნისში სამონასტრო ცხოვრებას ერთ-ერთმა ასურელმა მამამ თადეოზ სტეფანწმინდელმა ჩაუყარა საძირკველი, სტეფანე პირველმოწამის სახელზე აშენებული ტაძარი კი იმის დასტურია, რომ ეს წმინდანი მუდამ იქნება საქართველოსთვის სულიერების, გადარჩენის მომნიჭებელი. თადეოზ სტეფანწმინდელის წმინდა ნაწილები კასპის რაიონში, თეთრათხევში, იოანე ნათლისმცემლის უდაბნოში, განისვენებს.

ურბნისის წმინდა სტეფანე პირველმოწამის ტაძარი 1997 წლის 26 მაისს გაიხსნა. ამოქმედების შემდეგ იქ რამდენიმე მოძღვარი მსახურობდა. ამჟამად ერთი მღვდელი - დეკანოზი ლევან ტურძელაძე მოღვაწეობს.

დედა გლაფირამდე მონასტრის წინამძღვარი სქემმონაზონი ნინო იყო, შემდეგ - მონაზონი მატრონა, რომელიც ახლა დედა ზოილესთან ერთად მოღვაწეობს იერუსალიმში.

ღვთისმსახურების შუაღამიანით იწყებენ. ცისკრის ლოცვის შემდეგ მოდის ჟამნობები, შუადღეს დაუჯდომლის კითხვას უთმობენ. საღამოს 6 საათზე მწუხრია, ცხრაზე - სერობა. ტრაპეზი დილის 10 და ნაშუადღევის 4 საათზე აქვთ.

მარხვისას ღვთისმსახურება განსაკუთრებულია. ამ დროს თითქმის ყოველდღე სრულდება წირვა-ლოცვა.

***
ტაძარში მეუფე იობი მეგულებოდა. იმედი გამიცრუვდა, მაგრამ მეუფის ლოცვა-კურთხევით აქაურ სამონასტრო ცხოვრებას მაინც შევავლე თვალი, წმინდა ნინოს დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი გლაფირა გავიცანი. მან ტაძრის წინამძღვართან გამგზავნა.

მამა ლევანი ტაძრის მახლობლად, ერთ-ერთი იქაური მკვიდრის ოჯახში, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.

- მამა ლევან, "კარიბჭიდან" ვარ. მიმიღებთ?

- მობრძანდით, შემობრძანდით... - დაფაცურდა და მეუღლეს ჩემი გამასპინძლება სთხოვა.

მამა ლევანი ახალნაკურთხი მღვდელია. მღვდელმსახურება ხაშურის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. იქ თვენახევარი დაყო, შემდეგ კი ურბნისში გადმოიყვანეს.

- ნელ-ნელა მოდის ხალხი ეკლესიაში, თუმცა ყველა ვერ აფასებს იმ დიდ მადლს, აქ რომ ტრიალებს. ამ ტაძარს ხომ მათი წინაპრები ემსახურებოდნენ! ეს რომ ესმოდეთ, უფრო უკეთესები იქნებოდნენ, - ამბობს მამა ლევანი.

წმინდა სტეფანეს ტაძარში 1997 წლიდან არ შეწყვეტილა ღვთისმსახურება. ეს მეუფე იობისა და აქაური მამების დამსახურებაა. წმინდა სტეფანე პირველმოწამის ტაძარი ქართლის ყველაზე დიდი ბაზილიკაა. ადგილობრივ მრევლთან ერთად გორიდან გადმოსული მრევლიც ესწრება მსახურებას. ეს მეუფის დიდი ძალისხმევის შედეგია. მეუფემ სულიერად მოწყურებულ ხალხს ისეთი მადლი, სიყვარული და სითბო დაანახა, რომ ვეღარ ტოვებენ ჩვენს ტაძარს.

ეკლესიური ცხოვრება გადარჩენის და სრულყოფის ერთადერთი გზაა. შარშან ისეთი სეტყვა მოვიდა ურბნისში, რომ მიწასთან გაასწორა ყველაფერი. ეს დამაფიქრებელია - იქნებ იმიტომ მოხდა, რომ ხალხი ღმერთისკენ მოექცეს...

- აქაურები რას ჰყვებიან ტაძარზე?

- იხსენებენ, რომ აქ 40-იან წლებამდე ძველი მღვდლები ყოფილან. კომკავშირლები დევნიდნენო, სიწმინდეები ტაძრიდან ნელ-ნელა გაიტანესო... ზოგს ჯვარი წაუღია, ზოგს - ხატები. დღეს მათი შთამომავლები წინაპრების მიერ მითვისებულ სიწმინდეებს ტაძარში აბრუნებენ.

ტაძარი კარგა ხანს იყო უმოქმედო, მაგრამ ხალხი ყოველ დღესასწაულზე მოდიოდა და უფალს შეწევნას ევედრებოდა. დღეს აქ, მეუფის კურთხევით, გვარის წყევლის, კვეთებულის ლოცვებს ვკითხულობთ. ჩვენ არა მარტო საკუთარი, არამედ წინაპართა ცოდვების ნაყოფსაც ვიწვნევთ. მუდამ უნდა გვახსოვდეს დავით მეფსალმუნის სიტყვები: "ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის". ცოდვის საწერტელი თავად ადამიანია. რა დროს იჩენს ის თავს, არავინ იცის. ამიტომაც ღმერთთან სიახლოვეს უნდა ვესწრაფოდეთ სინანულით, აღსარებით. ეკლესიურად მცხოვრებ ადამიანს საიდუმლოებათა აღსრულებით სულიწმინდის მადლი ენიჭება.

ღმერთმა ყველას მისცეს სულიერი ძალა და მადლი, ყველა გზააბნეული მოაქციოს ეკლესიისკენ. მომავალი თაობა აღგვეზარდოს ქრისტიანული სულისკვეთებით, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით, თავდადებით.

***
მამა ლევანთან ბერი გიორგი დამხვდა. მათთან საუბარში დრო ისე გამეპარა, მზის ჩასვლისასღა მომაგონდა შინ დაბრუნება.

მამა გიორგი ბერს ბერულად ესაუბრება, ერისკაცს - ერისკაცულად. ისე თბილად იხსენებს წარსულს, ისეთი სიყვარულით საუბრობს აწმყოსა და მომავალზე, რომ უნებლიეთ იმედით ივსები...

- სასულიერო სემინარიის სტუდენტი ალექსანდრე მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით ბათუმიდან თბილისში გადმოიყვანეს, - იხსენებს მამა ლევანი, - ამის გამო პატრიარქს ვეახლეთ. უწმინდესმა დიდი სიყვარულით მოიკითხა მამა გიორგი და ჭაღარა წვერზე თბილად მიეფერა, თან ღიმილით უსაყვედურა: ასეთ ლამაზ წვერს როგორ არ უვლიო. მასწავლეს, რომ ბერი საკუთარ თავზე არ უნდა ზრუნავდესო, - მიუგო მამა გიორგიმ.

მეუფე იტყვის ხოლმე, მიხარია ისეთი მამების გვერდით ყოფნა, როგორიც მამა გიორგიაო. მართლაც, მამა გიორგი ჩვენი ეკლესიის, ბერმონაზვნური ცხოვრების მატიანეა. პირადად ჩემთვის ის უფროსი მეგობარი და მასწავლებელია. ღმერთმა ერთად მრავალი კარგი საქმე გაგვაკეთებინოს.

მამა გიორგი:
- 1982 წელს მოვედი მონასტერში. ჯერ ბეთანიაში ვმოღვაწეობდი, მერე - სხალთაში, მანგლისში, ბათუმში. მაშინ საქართველოს ეკლესია 12 ეპარქიას აერთიანებდა. ფაქტობრივად, სულ ორი მონასტერი იყო მოქმედი - ბეთანიისა და სამთავროსი. მსახურები თითებზე ჩამოსათვლელი გვყავდა. 1977 წლიდან, რაც საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი მისი უწმინდესობა გახდა, მონასტრებიც მომრავლდა, თუმცა სასულიერო პირების ნაკლებობის გამო სამონასტრო ცხოვრება დროდადრო წყდებოდა. მაგალითად, შიომღვიმის მონასტერი რამდენიმეჯერ დაიხურა.

KARIBCHEმარტყოფის მამათა მონასტერი 1988 წელს ამოქმედდა და მას შემდეგ იქ სასულიერო ცხოვრება არ შეწყვეტილა. მეუფე იობი იქ ეკურთხა მღვდელმონაზვნად, იქ გახდა არქიმანდრიტი.

მოღვაწეობა, როგორც გითხარით, ბეთანიიდან დავიწყე. მახსოვს დიდი ბეთანიელი მამები გიორგი და იოანე, რომელთაც მრავალი სასწაული აღუსრულებიათ.

არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) ხშირად ამოდიოდა ბეთანიაში. 28 წლის იყო, მღვდელმონაზონი რომ გახდა. ამ მამების სულიერების ქვეშ იწრთობოდა და იზრდებოდა.

მამა გაბრიელი თბილისში მოღვაწეობდა. ბეთანიაში მოძღვრების სანახავად მოდიოდა. ერთხელ, ბეთანიაში რომ ამოვიდა, მამა გიორგი წასასვლელად ემზადებოდა. სად მიბრძანდებით, თქვენს გამო თბილისიდან ჩამოვედიო, უთქვამს მამა გაბრიელს. გიორგი აღარ წასულა. წირვა ჩავატაროთ, მაზიარე და რომ გარდავიცვლები, ჭილოფში გახვეული ბერულად დამმარხეო, - უთხოვია სულიერი შვილისთვის.

ნაშუაღამევამდე გაგრძელებულა წირვა. შემდეგ ერთხანს უსაუბრიათ. ბოლოს მამა გიორგის უთხოვია, წადი, დაიძინეო. არაო, მამა გაბრიელს უთქვამს. ამის თქმა იყო და თავი ჩამოვარდნია და ჩასძინებია. სულ ხუთი წუთი თუ მეძინაო, - იხსენებდა შემდეგ, - თვალი გავახილე და დავინახე პატარა სკამზე კრიალოსნით ხელში მჯდომი მამა გიორგი, რომლის სული ამ ქვეყნიდან გასულიყოო.

მამა გაბრიელი ხშირად იტყოდა ხოლმე, ეს ძმები წმინდანები არიან, მათი საფლავები რომ გაითხაროს და ძვლები ინახოს, ამაში დავრწმუნდებით. ის კი არადა, გვამებსაც უხრწნელს ვნახავთო.

მამა იოანე ბეთანიაში 14 წლისა მივიდა. მღვდელთან, გვარად კეთილაძესთან ერთად წყნეთის გზაზე სამათხოვროდ დადიოდა. ამ ფულით შეაკეთეს პირველად ბეთანიის ეკლესია. ხუთი წლის შემდეგ, 1902 წელს, მამა იოანე ათონზე გააგზავნეს. იქ 1917 წლამდე დაყო. რუსეთში რევოლუცია რომ მოხდა, ბერძნებმა ქართველები გამოაძევეს. ერთი ბერიღა დარჩა, რომელიც პროტესტის ნიშნად დადუმდა და ასე მდუმარებაში გაატარა მთელი სიცოცხლე.

ათონიდან გამოძევებული ყველა ქართველი სამშობლოში დაბრუნდა. მამა იოანე ერთ-ერთ მონასტერში დაბინავდა. გასაბჭოების შემდეგ უღმერთოებმა სამი ბერი გამოიყვანეს ამ მონასტრიდან და დახვრიტეს. მამა იოანესაც ესროლეს. მკვდარი ეგონათ. ფილტვში მოხვედროდა ტყვია. გადარჩა... ერთხანს რომელიღაც მონასტერში მსახურობდა. მერე ბეთანიაში დაბრუნდა, სადაც 1958 წლამდე მონასტრიდან გაუსვლელად ცხოვრობდა. სქემოსანი იყო, საოცარი ძალის პატრონი. თურმე დატრიალებულ წისქვილის ქვას ხელით აჩერებდა... კომუნისტების დროს ფარულად ლოცულობდა და ნათლავდა ხალხს. მახსოვს, ბეთანიაში ახალი მისული რომ ვიყავი, იქ რამდენიმე ხანდაზმული ქალბატონი ამობრძანდა, დაემხნენ მამა იოანესა და მამა გიორგის საფლავზე - მათი მონათლულები ვართო. ნათლიებისადმი ასეთი სითბო და სიყვარული არსად მინახავს...

სამონასტრო ცხოვრების აღორძინების შემდეგ ბეთანიაში გაზრდილი ბერების ნაწილმა მოღვაწეობა შიომღვიმის სავანეში განაგრძო.

ბეთანიის მონასტერში მოვიდა მორჩილად მამა ლაზარეც (აბაშიძე). მისი მოხატულია თამარ მეფის სახელობის ეკლესია ბეთანიაში.

მარტყოფიდან ბეთანიაში ხშირად მოდიოდა მეუფე იობი, იმხანად - სტიქაროსანი. შემდეგ ბეთანიაშივე იყო მორჩილად. მე იმხანად ბერდიაკონი გახლდით.

ბეთანიაში მრავალი სასწაული მომხდარა. მონასტერში ერთი სასწაულმოქმედი წყარო იყო. იქვე, სოფელში, 80 წლის ვანო წიკლაური ცხოვრობდა, რომელსაც ერთი ბებერი ნაგაზი ჰყავდა. ძლივს დალასლასებდა საბრალო ძაღლი. ერთხელ წყაროსთან ქვებით შემოზღუდულ აუზში ჩავარდა. იქიდან რომ ამოიყვანეს, ისე ყოჩაღად დარბოდა, თვალებს არ ვუჯერებდი - ფაქტობრივად, გაახალგაზრდავებული ამოვიდა წყლიდან.

ერთი ახალგაზრდა ლოთი ფოტოგრაფი ამოდიოდა ბეთანიაში. წინამძღვარი ცდილობდა, ლოთობა მოეშლევინებინა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ერთხელ საწირავი ღვინო მოიპარა. რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ გვესტუმრა. მდინარე ვერესთან ნაგავსაყრელი გვქონდა, ოცდაათი მეტრი მაინც იქნებოდა. და ეს ბიჭი ამოდენა სიმაღლიდან გადაიჩეხა! საწირავი ღვინის ქურდობისთვის დაისაჯა. მაშინვე თოკის მოსატანად გავეშურე, მოვბრუნდი და რას ვხედავ - მოდის. ხევიდან ისე ამოსულა, ერთი ნაკაწრიც არ ჰქონდა...

ბეთანიაში ჩემთან ერთად მსახურობდა მამა თეოდორე ჩიხლაძე. მანამდე ჯიხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო. მმარხველი გახლდათ, მკაცრი. კომუნისტების შენდობას ვერც კი უხსენებდით - სატანის მიმდევრები ვერ გადარჩებიანო. სახარებიდან მოჰყავდა ციტატები. "აიღეთ მახვილიო", - იტყოდა ხოლმე, თუმცა, ცხადია, ნამდვილ მახვილს არ გულისხმობდა. ჩვენი მახვილი ჯვარი და ლოცვაა. სწორედ ამას გულისხმობს სახარებაც, რადგან ვიცით, რომ მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება.

სიყვარული, მიმტევებლობა აკლდა მამა თეოდორეს... თვითმფრინავის გამტაცებლები მისი უმცროსი მეგობრები იყვნენ. ამ ნაბიჯის გადადგმა რომ განიზრახეს, ადრინდელზე ხშირად ამოდიოდნენ ბეთანიაში. ბეთანიაში ამ დროს ბერდიაკვანი ესენი (სოხაძე) მსახურობდა. საოცარ ჯვრებს აკეთებდა და თავადაც საოცარი პიროვნება იყო (მისი მამა რაჭის რაიონული გაზეთის რედაქტორი გახლდათ. ეკლესიაში რომ წამოვიდა, მამამისი მოხსნეს). გეგა კობახიძე აღსარებაზე მოდიოდა მასთან. ასეთი ზრდილობიანი ყმაწვილი არ მენახა. გულს უხაროდა, მის ქცევას რომ უყურებდი. სწორედ ასეთი უნდა იყოს ქართველი... გულზე ვერცხლის ჯვარი ეკიდა. როცა ვუთხარით, კათოლიკურიაო, მოიხსნა და ჩვენთან დატოვა. ვერ შევინარჩუნეთ. ჩვენი ბრალი იყო. მოძღვარს სწორ გზაზე უნდა დაეყენებინა.

- მამა გიორგი, ურბნისის მოსახლეობა აქტიურ ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა...

- მეუფე ურბნისისა და რუისის ეპარქიაში რომ მობრძანდა, აქ ოთხი ეკლესია და ერთი მონასტერი იყო. ახლა 33 მონასტერი და ასამდე ეკლესია მოქმედებს. მეუფემ თან ორი მღვდელი ჩამოიყვანა. დღეს ჩვენს ეპარქიაში ასამდე სასულიერო პირია. და მაინც, მოსახლეობა ჯერ ისე არ მოდის, როგორც ჩვენ გვინდა. საქართველო რომ გადარჩეს, ყველა ქართველი მართლმორწმუნე, მართლმადიდებელი უნდა გახდეს. გადარჩება ის, ვისი სახელიც ზეცაში წერიაო, ბრძანებს მაცხოვარი. ქართველების, მართლმადიდებლების სახელი ზეცაში წერია.

- მამა გიორგი, საუბრობენ, რომ ახლოვდება ბოლო ჟამი. როგორ მოვემზადოთ მის შესახვედრად?

- ბოროტის შემოტევას უნდა დავუპირისპიროთ ეკლესია, სკოლა და ოჯახი. აი, მაშინ გავიმარჯვებთ. თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ქურდობა მხოლოდ ქურდს კი არა, მასაც მოეკითხება, ვინც მისი საქციელი დაინახა და ხელი არ შეუშალა.

ქრისტიანობა ჭეშმარიტების მსახურებაა. მართლმადიდებლობა მებრძოლი სარწმუნოებაა. ჩვენ ზეციური მხედრობა ვართ და ამ ზეციურმა მხედრობამ უნდა გადაარჩინოს ქართველობა. ერიც და ბერიც ღვთის შვილია. თუ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ღვთის შვილებს ეკადრებათ, საბოლოო გამარჯვებას ზეციურ საქართველოშიც და აქაც, დედამიწაზე, ვიზეიმებთ.

- რას გვეტყვით საუბრის დასასრულს?

- ვისურვებდი, ხელისუფალნი ნამდვილი მართლმადიდებლები ყოფილიყვნენ. მთავრობა, რომელსაც ხალხი უფლისკენ არ მიჰყავს, მას უფსკრულისკენ წაიყვანს. ქრისტე გვასწავლის: ორი თუ გაქვს, ერთი მოყვასს მიეციო. ქრისტეს მცნებებს ცხოვრებაში თუ განვახორციელებთ, კარგი იქნება.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
ბეჭდვა
1კ1