ვახტანგისი
ვახტანგისი
ჩვენს ქვეყანაში უამრავი ცნობილი ისტორიული სოფელია, თუმცა ვახტანგისი ბევრისთვის შეიძლება ამჯერად გახდეს ცნობილი. იგი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და ერთ-ერთი უძველესი სოფელია გარდაბნის რაიონში. 1871 წელს დაიწყო ბაქო-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა, რომელსაც რუსი გენერალი ვოევი ხელმძღვანელობდა, ამას მოჰყვა რუსული მოსახლეობის გამოჩენაც. მშენებლობის დამთავრების შემდეგ რუსი მოახალშენენი დარჩნენ საცხოვრებლად და სოფელს გენერლის პატივსაცემად ვოიოვკა დაარქვეს.

დღევანდელი სოფლის ბოლო მონაკვეთში ცხოვრობდნენ რუსეთის სხვადასხვა მხრიდან გადმოსახლებული გერმანელები, მათ დასახლებას "გრუნტალი", ანუ "მწვანე დასახლება" ერქვა.

1921 წლიდან სოფელს ახალი ულიანოვკა ერქვა. XX საუკუნის 50-იანი წლებიდან სოფელში მეზობელი აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან დაიწყეს აზერბაიჯანელებმა ჩამოსახლება.

1991 წლიდან სოფელს ვახტანგისი დაარქვეს. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის პატივსაცემად. გადმოცემით, ეს წმინდა მეფის საყვარელი ადგილი ყოფილა. სოფელში სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს, უმეტესობა აზერბაიჯანელი მოსახლეობაა.

სოფელ ვახტანგისს იღუმენი ნეოფიტეს (უროტაძე) ლოცვა-კურთხევით ვესტუმრე. მამა ნეოფიტე ამავე სოფელში დაფუძნებული წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარია. მისი დახმარებით სოფლის მკვიდრთ გავესაუბრე.

მარინე ირემაშვილი:

- ჩვენი სოფელი გარდაბნის რაიონში ერთ-ერთი ძველი ისტორიული სოფელია. XIX საუკუნის ბოლოს აქ ჯერ კიდევ რუსების დასახლება იყო. დროთა განმავლობაში ქართველები ჩამოსახლდნენ. ჩვენი წინაპრები თეთრი წყაროდან უწყლობას გამოქცევიან. ქართველებს ჰექტრობით მიწა დაურიგეს. ისინი რუსებთან ერთად ცხოვრობდნენ. საზღვართან ახლოს გერმანული სოფელი გრუნტალი იყო,Mმწვანეში ჩაფლული, ძალიან ლამაზი დასახლება. დროთა განმავლობაში აღსტაფიდან აზერბაიჯანელები შემოვიდნენ. ქართველებმა კი ნელ-ნელა დატოვეს აქაურობა. რუსთავს მიაშურეს და სოფელი აზერბაიჯანელებს დარჩათ.

ჩვენს მხარეში ძალიან ნაყოფიერი და მოსავლიანი მიწებია. ვახტანგისში ბუნებრივ გაზთან ერთად გვაქვს სასმელი, სარწყავი წყალი, მუდმივი დენი, გარე განათება. აქაურებსQქალაქური ტიპის ცხოვრება შეუძლიათ დაიწყონ. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი სოფლის ქართველობა უფრო ქალაქისკენ იწევს. ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ის არის, რომ ძირითადად არაქართველები ცხოვრობენ. თითქოს ადგილობრივ ქართველ ბავშვებს მომავალი არა აქვთ. ყველამ კარგად იცის აზერბაიჯანული ენა. ჩვენს სოფელში 32 ქრისტიანული ოჯახია. საკავშირო მნიშვნელობის ბოსტან-თესლის მეურნეობა გვქონდა. აქ დღესაც შემორჩენილია სოფლის მეურნეობის წარმოების ტრადიცია.

90-იანი წლებიდან სოფლის გამგებელი ვიყავი. წარმოშობით აქაური ვარ. თავიდან საბჭოს თავმჯდომარე გახლდით. ქართული სკოლა დაახლოებით 10-12 წლის დახურული იყო. 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების მერე, თითქოს ყურდღების მიქცევა დაიწყო მაშინდელმა ხელისუფლებამ ქართულ საკითხებზე. ჩემი დიდი თხოვნით, სამი ქართველი ბავშვის გამო რუსულ სკოლაში აღადგინეს ქართული სექტორი. აქედან დაიწყო ქართული სკოლის დაარსებაც. თანდათან რუსული სექტორი გაუქმდა და ქართულ სექტორზე ქართული სკოლა დაფუძნდა. 1922 წლიდან ფუნქციონირებდა ეს სკოლა, შენობა ძველი ალიზით იყო ნაგები. 1998 წელს, ბოსტან-თესლის მეურნეობა რომ დაიშალა, ეს შენობა გამგეობამ სამინისტროს მეშვეობით ქართულ სკოლას გადასცა. დღეს აქ უკვე ქართული სკოლაა. აზერბაიჯანული სკოლაც არის.

სოფელში წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერი ისეთი ძალა გახდა, რომ ადგილობრივ ქართველ ქრისტიანულ მოსახლეობას აკავებს. შენს თავს უკვე ვეღარ აპატიებ აქაურობის მიტოვებას. აქ ჩვენი მოძღვრის, მამა ნეოფიტეს მრევლი დადის. სამწუხაროდ, ძალიან ცოტანი ვართ იმასთან შედარებით, რამდენი ქართველიც ვახტანგისში ცხოვრობს, მაგრამ თითქოს რაღაცნაირი მიჯაჭვულობის განცდა გვაქვს... გარდაბნის რაიონში ერთადერთი სოფელია, სადაც ცხოვრებისათვის ყველანაირი პირობები შეექმნა ადგილობრივ მოსახლეობას. სასოფლო მიწები ყველაზე მეტი ჩვენი სოფლის მოსახლეობას აქვს. ჩემი და ქალბატონ მაყვალა კიკაბიძის თაოსნობით დაიწყო წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მშენებლობა. მრევლის თანადგომით 2004 წელს დავასრულეთ. ერთი ოჯახივით ვართ. მონასტერში მცხოვრები ადამიანები მაგალითს აძლევდნენ როგორც ქართველებს, ასევე აზერბაიჯანელებს. ბევრი ტრადიცია, ბევრი კარგი წეს-ჩვეულება გვაქვს ქართველებს, ეს მონასტრის არსებობიდანაც ჩანს. მოხარული ვარ, რომ აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ კეთილგანწყობით მიიღო ჩვენი მონასტრის დაფუძნება. მამა ნეოფიტე მაგალითია აზერბაიჯანული მოსახლეობისთვისაც. აზერბაიჯანელებიც მოდიან და ლოცულობენ წმინდა ნიკოლოზის ტაძარში. მოწყალებას გასცემენ...

რაიმე საკითხების მოსაგვარებლად მონასტერში, მამა ნეოფიტესთან მივდივართ და თითქოს ადვილდება პრობლემებთან შეჭიდებაც, ფიქრიც. თითქოს უფრო ადვილად აღწევ ყველაფერს... ჩვენს ტაძარს თანდათან ემატება მლოცველი.

სოფელში აზერბაიჯანული სამლოცველოცაა, რომელიც თურქებმა დააფინანსეს. მოიტანეს ხმის გამაძლიერებელი და ყოველ გამთენიისას, 5 საათზე, 1 საათზე, იმ დროს როცა ქართულ სკოლასა და ბაღში მეცადინეობა მიმდინარეობს, ჩართავენ და იწყება მათი ლოცვები (ეს სამლოცველო ქართული სკოლის გვერდზეა). ეჭვი მაქვს, რომ ეს შეგნებულად კეთდება. ქართველებზე ამ ხმის გაგონება ძალიან ცუდად მოქმედებს. ასეთ სიტუაციაში მონასტერი ერთადერთი დასაყრდენი ძალაა.

***
წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერი ჩვენი, ადგილობრივი მოსახლეობის სოფელში დამაგრების იმედია. როგორც უნდა კეთილგანწყობილნი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, მაინც რაღაცნაირი ინტერესი და სურვილი ყოველთვის ჰქონდათ და აქვთ იმისა, რომ რუსთავამდე ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანელებს.

როცა წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მშენებლობა იწყებოდა, ქალბატონ მაყვალასთან ერთად პროექტის შესახებ რომ ვსაუბრობდით, ყველაზე დიდი ოცნება ის იყო, რომ გუმბათზე ჯვარი დაგვედგა, რათა აზერბაიჯანის საზღვრიდან შემოსულებს დაენახათ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არიან. წლები რომ გავა, აქ არც ერთი ქრისტიანი არ დარჩება. მით უმეტეს ქართველი ადამიანი და მართმადიდებლური ეკლესია ისტორიაში იმის დასამტკიცებლად გვექნება, რომ ვახტანგისი საქართველოს ტერიტორიაა. აი, ამის მეშინია და ამას ყოველთვის ვფიქრობ. საზღვრიდან რომ გამოვხედავ, ისე ლამაზად ჩანს ჩვენი ტაძარი, მთლიანად მონასტერი... აქეთ სულ მინდვრებია, სახლები არ არის და ზუსტად იმ კუთხიდან, ერთი მხრიდან ძალიან კარგად ჩანს. გავა წლები და ვნახოთ, როგორ შევინარჩუნებთ ჩვენს ტერიტორიას.

თანამედროვეობა
როგორ ვცხოვრობთ? - ყველას მიწები აქვს, სამსახურებში ძალიან ცოტანი ვართ დასაქმებულები. გარდაბნის ქარხანაში მუშაობენ და ამით არჩენენ ოჯახებს. ძირითადად გაჭირვებაში ცხოვრობენ, იმიტომ, რომ ქართველებს არ შეუძლიათ მიწაზე შრომა, როგორც აზერბაიჯანელებს. ადრე აქ ღვინის ქარხანა იყო, ბოსტან-თესლ წარმოება გვქონდა, კიდევ სხვა მრავალი, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი მოიშალა. Eეს რომ ყოფილიყო უფრო მეტად დასაქმდებოდა მოსახლეობა. 11 ქართველი ოჯახი ჩამოვასახლეთ გამსახურდიას დროს, უფასოდ დავურიგეთ სახლები, ისეთი დრო იყო 1991-1992 წლებში, რომ აქედან მიდიოდნენ აზერბაიჯანელები და ჩვენ ვყიდულობდით ბინებს ქართველებისთვის. Aამ 11 ოჯახიდან შემორჩა ნაწილი, ნაწილი კიდევ წავიდა, ვერ გაუძლეს ჩამოსულმა ქართველებმა. მრავალშვილიანი ოჯახებიც იყვნენ. ვახტანგისში სხვადასხვა გვარისანი ცხოვრობენ: ირემაშვილები, ელიზბარაშვილები, ჭვინტიაშვილები, კოშაძეები, შერაშოვები, კუმისიდან - ვასილევები, შერმაზანაშვილები, გასპაროვები, მირონენკოები, ბუკრეევები, ფეიქრიშვილები, ერთი გერმანული ოჯახია.

მომავლის იმედი გვაქვს. იმედს უფრო ქართული მონასტრის არსებობა გვაძლევს. სხვა გამოსავალი არა გვაქვს, უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ სოფელი და როგორმე მოვიზიდოთ ახალგაზრდობა. ძალიან მიხარია, რომ ამ ბოლო დროს რამდენიმე ქართული ოჯახი დაუბრუნდა თავის ძველ მამა-პაპის სახლ-კარს. ქართველი რომ დავამაგროთ და არსად წასვლის სურვილი გაუჩნდეთ. მინდა ეს ადამიანები დავასაქმოთ. ამის შესახებ ადგილობრივ ხელმძღვანელობასაც ვუთხარი. Aაქ არის სახანძრო განყოფილება, დაცვის პოლიცია. ასე სოფელთან კავშირს არ გაწყვეტენ და დარჩებიან სოფელში. დაახლოებით ხუთი ოჯახი არის ჩემს გეგმაში, ვისი შენარჩუნებაც დაAამავე დროს დასაქმებაც მინდა. 23-წლიანი მუშაობის პერიოდში ყოველთვის აქ ვხედავდი ჩემს ადგილს. ორთაბრძოლაში, ქართულსა და არაქართულ ბრძოლაში ყოველთვის მინდოდა, რომ ქართველი ვყოფილიყავი. ყოველთვის სურვილი მქონდა სოფელში ვყოფილიყავი თუნდაც იმიტომ, რომ ჩემნაირად ვერავინ ხედავს იმ პრობლემას, რაც არის. ყოველთვის ვამბობ, ერთი დღე ვინც არ იცხოვრებს ვახტანგისში, ვინც არ გაათევს აქ ღამეს, ვერასოდეს მიხვდება ვახტანგისის პრობლემებს. როგორ სიტუაციაში, როგორ გარემოცვაში ვცხოვრობთ. როგორი კეთილგანწყობითაც უნდა იყვნენ აზერბაიჯანელები ქართველების მიმართ, შინაგანად მაინც დამუხტულები არიან, რომ ჩვენ მალე წავიდეთ აქედან და ეს კუთხე მათ დარჩეთ. ზიზღი არა, მაგრამ დაძაბულობა ყოველთვის იყო. გული მტკივა იმაზე, რომ ჩემი მამა-პაპის საფლავებია ვახტანგისში. . ქართული ბაგა-ბაღი გვაქვს, ქართულად მეტყველებენ ბავშვები. ქართულს სწავლობენ. ქართული სკოლაა, მონასტერია, რაღაც იმედია იმისა, რომ მომავალში ჩვენ თითოეულ ქართველს დავამაგრებთ და ასე შევინარჩუნებთ ქართულ სოფელ ვახტანგისს.

ბეჭდვა
1კ1