ბორჯომის ხეობა
ბორჯომის ხეობა
წმინდა სერაფიმე საროველის მადლიანი ტაძრის მოლოცვამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. წარწერა გვამცნობს, რომ ეს კელია არის ასლი იმ კელიისა, რომელშიც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გატარა ღირსმა მამა სერაფიმე საროველმა და აქ აშენდა 1903 წლის გადაღებული ფოტოსურათის მიხედვით. ამ კელიაში ეცხადებოდა წმინდანს ღვთისმშობელი, ზოგჯერ ღირსი მამა აქ სამი ათასამდე კაცს იღებდა, განჭვრეტდა მათ წარსულსა და მომავალს. უმრავლესობას პირველად ხედავდა, მაგრამ იცოდა მათი სახელები. ღირს მამას ეცვა თეთრი კვართი, ყელზე ეკიდა დედა აღათიას ნაჩუქარი სპილენძის ჯვარი, მხარზე ეკიდა აბგა, რომელიც სავსე იყო ქვებით და ქვიშით, ზევიდან კი იდო წმინდა სახარება, ღირს მამას ხელში ეჭირა სკვნილი, იგი ყველას ხვდებოდა სიტყვებით - ჩემო სიხარულო, ქრისტე აღსდგა! მის კელიაში იყო ღვთისმშობლის ხატი მავედრებელი, რომლის წინაშე ლოცვისას მუხლებზე მდგარი აღესრულა. მისი ლოცვით უფალი შეგვეწიოს ჩვენ, ამინ!Dდაე, ამ ახალმა კელიამ მოგცეთ სიყვარული ღვთისა და წმინდა სერაფიმე საროველის მიმართ.

ამ წმინდა ადგილის ახლოს მდებარეობს სადგერის წმინდა გიორგის ტაძარი და დედათა მონასტერი.

სადგერი
ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი სადგერი XI-XII და XIII საუკუნეებში მჭიდროდ დასახლებული ყოფილა. აქ გადიოდა სავაჭრო გზა. იგი სადგერის ზემოთ ორად იყოფოდა. ერთი ჩადიოდა წაღვერში და გუჯარეთის წყლის გაყოლებით მიდიოდა სოფელ გუჯარეთში, მერე ატენის ხეობასა და წალკის რაიონის თანამედროვე ტერიტორიაზე გადიოდა. მეორე გზა მიჰყვებოდა ბაკურიანის წყალს და ბაკურიანის გავლით მიემართებოდა ასპინძა-ახალქალაქში.

ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენებული აქვს სადგერი, როგორც მაგარი და შეუვალი. მტერმა მოსრა სოფელი, მაგრამ XIX საუკუნის დამდეგიდან აქ მოსახლეობა გაჩნდა.Aაქაური მოსახლეობის უმრავლესობა გადმოსულია შუა ქართლიდან და იმერეთიდან.

სადგერში, მდინარე შავი წყლის პირას, მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. ეკლესიის აგების დროის შესახებ ცნობები არაა შემონახული, მაგრამ ფორმის მიხედვით აგებული უნდა იყოს არა უადრეს XIV და არა უგვიანეს XV საუკუნისა.

გვიანფეოდალურ საუკუნეებში სადგერი იყო საბაჟო სადგური. მისი ბატონ-პატრონები იყვნენ თავადი ავალიშვილები, რომლებსაც ვრცელი მამულები ჰქონდათ ბორჯომის ხეობაში. თურქმა დამპყრობლებმა სოფელთან ერთად ზიანი მიაყენეს წმინდა გიორგის ტაძარს. ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "ეკლესია შემუსვრილი აღაშენა და შეამკო ხატი მისი მეფე ვახტანგ" ამ ცნობიდან ჩანს, რომ ეკლესია შეუკეთებია ვახტანგ მეექვსეს.

დაბის ეკლესია
წმინდა გიორგის სახელობის დაბის ეკლესია ერთ-ერთი უძველესი და უძლიერესი სალოცავია, რომელიც დაბურულ ტყეში დგას. ტაძარს სანახევროდ გამოქვაბული ფარავს. დასავლეთის კარზე ამოკვეთილი წარწერა გვამცნობს: "ინდიქტიონისა მეფეთ-მეფე გიორგისა, ძისა დიმიტრისა, მეცხრამეტისა, სიტყვისა ღვთისა ხორცშესხმის მიზეზით, აღვაშენე ტაძარი ესე ჟამსა მეფეთ-მეფის გიორგისა მე მოლარეთუხუცესმა".

დაბის ეკლესია 1333 წელს გიორგი V ბრწყინვალის მოლარეთუხუცესს, ანუ ხაზინის უფროსს აუშენებია. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. მას ორი - ჩრდილოეთის და დასავლეთის შესასვლელი აქვს. პირველი სადაა, ხოლო მეორე, თავის სარკმელთან ერთად, ორნამენტებითა და თაღოვანი ჩარჩოებით არის მორთული. ეკლესიას კარები არ აქვს. არსებობს თქმულება, რომელიც გვამცნობს, რომ სალოცავისთვის კარი რამდენჯერმე შეუბამთ, მაგრამ უშედეგოდ - ის ყოველთვის ვარდებოდა.

მწვანე მონასტერი


სოფელ ჩითახევის მახლობლად, დაბურული ტყის შუაგულში მდებარეობს მწვანე მონასტერი. აქ დღესაც მამათა მონასტერია, სადაც ბერები ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის ლოცვას აღავლენენ. მეცნიერთა აზრით, IX საუკუნის ტაძარი წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების - ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებულია. იგი სამი ბაზილიკის ტიპის ეკლესიისა და სამრეკლოსაგან შედგება, სადაც ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ჩუქურთმები ახლაც კარგად იკითხება. მონასტრის ტერიტორიაზე დღესაც შეგიძლიათ ძნელბედობის ჟამს დაღვრილი ბერების სასწაულებრივად უხრწნელი სისხლის უამრავი ნაკვალევის ნახვა. ეს ტაძრის უდიდესი სიწმინდეა, რომელსაც დრო და ჟამი ვერაფერს აკლებს.

გოგიას ციხე
იგი ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, კონცხზეა აგებული. კონცხს, როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთით ხევ-ფლატეები აქვს და ციხეზე მიმსვლელისათვის ბუნებრივ დაბრკოლებას ქმნის.

გოგიას ციხე XIV საუკუნეზე ადრინდელი ჩანს, შემდეგ გადაუკეთებიათ, სათოფურები დაუშენებიათ.

გოგიას ციხე გვიან ფეოდალურ ხანაში თავად ავალიშვილებს ეკუთვნოდათ. გადმოცემის მიხედვით, გოგია და პეტრეს ციხის პატრონი პეტრე, ძმები თუ ბიძაშვილები ყოფილან, მათ შორის მტრობა ჩამოვარდნილა და ერთმანეთს არ ინდობდნენ, ესხმოდნენ თავს და მამულებს ურბევდნენ.

ახლობლებს ისინი შეურიგებიათ. ნიშნად მეგობრობისა სანადიმოდ გოგიას ციხეში მოუყრიათ თავი თავიანთი ყმებით, დიდი ლხინი და ხუმრობა გამართულა, ალბათ, სიყვარულსაც ეფიცებოდნენ ერთმანეთს გოგია და პეტრე, მაგრამ ერთი მოუზომავი სიტყვის გამო, ატყდა ჩხუბი, დაერივნენ ერთმანეთს ბატონ-ყმანი და დაიღუპნენ.

გადმოცემით, ბრძოლა ახლაც არ შეწყვეტილა. განთიადისას, გოგიას ციხეზე გადმოდგებიან ლანდები და იწყებენ ომს, რომელიც გათენებამდე არ ცხრება. დღის ნათელი იჩენს თავს და ბრძოლის ყიჟინაც წყნარდება, მებრძოლებიც ქრებიან.

პეტრეს ციხე
მაღალ კლდოვან მთაზე დგას. მისი ადრინდელი სახელი უნდა იყოს ყვერბილის ციხე. ეკუთვნოდა ავალიშვილების ფეოდალურ საგვარეულოს. დარაჯობდა ლიკანიდან ისტორიული სოფლების - ფაფისა და ნუასაკენ მტკვარზე გადამავალ ხიდსა და გზას.

XVI საუკუნეში ოსმალთა მიერ თორის დაპყრობის შემდეგ, პეტრეს ციხე ოსმალური ადმინისტრაციული ცენტრი იყო. ამავე ხანებში პეტრეს ციხის რაბათი დაიცალა მოსახლეობისაგან. ციხე შედგებოდა ციტადელისა და მასთან დაკავშირებული ქვედა ეზოსაგან. პეტრეს ციხის გალავანსა და შიდა ციხეს შორის შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები, შიდა ციხეში — საცხოვრებელი დარბაზების, ხაროების, ქვევრების ნანგრევებია. გალავანში დატანებულია სათოფურები და სალოდეები. ციხე მრავალჯერ შეუკეთებიათ.

ტიმოთესუბანი


შეუძლებელია, ბორჯომში მოხვედრილმა არ მოილოცო ეს უნიკალური ტაძარი და მამათა მონასტერი. წარსულის ფურცლებიდან ვიცით, რომ ტიმოთესუბნის დიდი სამონასტრო კომპლექსი XI-XVIII ს.ს.-შია აგებული. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა (XII-XIII სს. მიჯნა). ნაგებია მოვარდისფრო "ქართული აგურით". მოგვიანებით დასავლეთიდან აგურის კარიბჭე მიაშენეს, სამხრეთიდან - თლილი ქვისა. შიგნით ეკლესია მთლიანად მოხატულია. მხატვრობა შესრულებულია არა უგვიანეს XIII საუკუნის 20-იანი წლებისა და თამარ მეფის ეპოქის ბრწყინვალე ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება. თავისი იკონოგრაფიით იგი არაჩვეულებრივად მდიდარი და ტიპურად ქართულია. მოხატულობაში ცხადად განირჩევა სხვადასხვა ოსტატის ხელწერა. ერთ-ერთ წარწერაში მოხსენებულია XII-XIII საუკუნეების გამოჩენილი ქართველი სამხედრო მოღვაწე შალვა თორელი-ახალციხელი, რომელსაც მიეწერება ტიმოთესუბნის მონასტრის გაფართოება, დიდი ტაძრის აგება და მოხატვა. მოხატულობა გაწმინდეს და შეისწავლეს 1972-1976 (ხელმძღვანელი ე. პრივალოვა). ტაძრის ჩრდილოეთით სამონასტრო ნაგებობათა (X-XI სს) ნაშთია. შემონახულია აგრეთვე თლილი ქვის დარბაზული ეკლესია (XI ს.). ვარაუდობენ, რომ ეკლესიის ტერიტორიაზე დაკრძალულია შალვა ახალციხელი, ვინაიდან იგი აგებული იქნა თორის მფლობელ შალვა ერისთავთ-ერისთავ-ახალციხელის მიერ. ამჟამად ეკლესიის ტერიტორიაზე მონასტერია. მონასტრის ტერიტორიაზე დღემდე შემორჩენილია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და საცხოვრებელი შენობების ნანგრევები. ზემო, ჩრდილოეთის ტერასაზე მდებარეობს პატარა, წმინდა ბარბარეს სახელობის ერთნავიანი ბაზილიკა და საძვალე.

შეგვეწიოს წმინდა სალოცავების მადლი.


გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვა
1კ1