რუისში ღვთისა და სამშობლოს ერთგული ხალხი ცხოვრობს
რუისში ღვთისა და სამშობლოს ერთგული ხალხი ცხოვრობს
მოძღვრები გვყავს, ქადაგებენ და ვისაც ყური აქვს, ისმინოს
თბილისიდან რუისამდე მიკროავტობუსით სულ ორიოდე საათის გზაა, თუმცა იმასაც გააჩნია, როგორი მძღოლი შეგხვდება.

- ხაშური-სურამი გადის თხუთმეტ წუთში, - მიკროფონით გვაუწყებს უხილავი ქალბატონის ხმა. თქვენც არ მომიკვდეთ! თხუთმეტს რომ კიდევ თხუთმეტი მიუმატო, შეიძლება, იმდენ წუთშიც არ დაადგეს საშველი, ამასობაში კი სადგურის ცხოვრებას ხუთი თითივით გაიცნობ.

- პრიანიკები, პრიანიკები არავის გინდათ? - გაჰყვირის ხანში შესული გამყიდველი.

- ახალია? - ვეკითხები.

- კი, გენაცვალე, ამ წუთას გამოვიტანე საცხობიდან!

თავისი ჭკუით, დამაჯერა... მაინც ვიყიდე და გემო გავუსინჯე მის ნაქებ თაფლაკვერებს.

საიდანღაც სიქაგამოლეული ბიჭი მობარბაცებს:

- იყიდეთ ასანთი, რა იქნება, იყიდეთ!..

გაჭირვებულს რა გამოლევს ამქვეყნად... ჯიბეები მოვიჩხრიკე, რამდენიმე მონეტას თავი მოვუყარე და ასანთიც ვიყიდე.

ფანჯარას კიდევ ერთი მეწვრილმანე მოადგა - ალბათ, იფიქრა, იქ რაღაც ხელგაშლილი ხალხი ზისო და ატყდა ერთი აურზაური. ამის შემხედვარე რომელიღაც მგზავრს ნერვებმა უმტყუნა და იცოცხლე, იმათ დღე აყარა!..

როგორც იქნა, გავაშველეთ და ჩვენც გვეშველა - ავტობუსი დაიძრა...

***
სოფლები დაიცალაო, ბევრისგან გაიგონებთ. სოფლებთან ერთად ქალაქებიც რომ იცლება?... ყველა გაურბის გაჭირვებას, გაქცეული კაცის უკან მობრუნება კი მართლაც არ არის იოლი... თუმცა, მადლობა ღმერთს, დღესაც არსებობს სოფლები, რომელთა მოსახლეობა არასგზით არ აპირებს მამაპაპეული მიწა-წყლის დათმობას. ასეთია რუისიც.

რუისი შიდა ქართლის ვაკეზე, გორი-ხაშურის საავტომობილო გზის მარჯვნივ მდებარეობს. ვარაუდობენ, რომ სოფლის სახელწოდება სიტყვა "რუდან" მომდინარეობს - იგულისხმება მდინარე ლიახვიდან გამოყვანილი სარწყავი არხი, რომელიც, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, V-VI საუკუნეებს, ხოლო ზოგიერთის ვარაუდით, ანტიკურ ეპოქას ეკუთვნის.

რუისი უძველესი, საამაყო წარსულისა და დიდი ტრადიციების მქონე სოფელია. იგი, როგორც ქართლის ერთ-ერთი წამყვანი ეპარქიის ცენტრი, დიდ როლს ასრულებდა ქვეყნის სულიერ და კულტურულ ცხოვრებაში.

რუისის საეპისკოპოსო ვახტანგ გორგასლის დროს უკვე არსებობდა. 506 წლის დვინის საეკლესიო კრების მონაწილეთა შორის სხვა მღვდელმთავრებთან ერთად მროველიც (რუისის ეპისკოპოსიც) იხსენიება.

მროველის ეპარქიაში შედიოდა ზემო ქართლის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფლები ტაშისკარამდე. XVII საუკუნეში, აწყურის საეპისკოპოსოს შემოერთების შემდეგ, იგი კიდევ უფრო გაფართოვდა. ვახუშტი ასეთ ცნობას გვაწვდის: "არის რუისის მთის ძირას დაბა დიდი რუისი და ეკლესია ღვთაებისა, დიდი დიდშენი, ზის ეპისკოპოზი მწყემსი ამ რუისის ზეითით ქართლისა და ლიხ-ტაშისკარამდე და აწ ასევე მწყრის ხეობასა და სადგერს, ვინაიდგან მაწყვერელი არღარა არს".

რუისის უდიდესი ნაწილი ციციშვილებს ეკუთვნოდათ. გარდა ამისა, აქ ყმა-მამული ჰქონდათ ეკლესიას, სხვა თავადებსა  და აზნაურებს.

ისტორიული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ XVIII საუკუნესა და XIX-ის დასაწყისში რუისში კარგად ყოფილა განვითარებული მევენახეობა. 1818 წელს სოფელში 132 დღის ვენახი ჰქონიათ. 1782 წლის 28 აგვისტოთი დათარიღებულ არზაში გიორგი ციციშვილი ერეკლე II-ს შესჩივის, რუისში ოთხი ვენახი მქონდა და ჩემს სახლიკაცებს უჩემოდ გაუყიდიათო.

რუისში ურბნისის საეპისკოპოსოსაც ჰყოლია თავისი გლეხები. იუსტინე ურბნელის არზაში, რომელიც დარეჯან დედოფლის სახელზეა შედგენილი (1789წ.), აღნიშნულია, რომ რუისში მცხოვრებ ურბნისის ეკლესიის კუთვნილ გლეხს ვენახი ჰქონია გაშენებული.

1790 წლის ერთი საბუთის მიხედვით, გვარამაძეები, რომლებსაც ციციშვილებმა ყმა-მამული გაუყიდეს (გვარამაძეები ციციშვილების აზნაურები იყვნენ), ერეკლე II-მ რუისში არსებულ სამეფო მიწებზე - დეგოთებში - დაასახლა.

სხვათა შორის, სამეფო გვარს რუისში ყმა ებრაელებიც ჰყოლია: "ურიები რუისიდამ ღვინოს ჩამოიტანენ, ტიკსაც ჩამოიტანენ, სააღდგომოდ - ზროხას", - მოგვითხრობს ისტორიული წყაროები.

რუისელ გიორგი ბუზიაშვილს 1775 წლის 28 ივნისს ასეთი არზით მიუმართავს ერეკლესთვის: "მამული არა მაქვს და დედული, ცხრა სული ხიზანი მყავს და მენახირეობით ვინახამო. რუისისთვის მადნის შაგირდი რომ გებრძანათ, ათის წლის შვილი მყვანდა, სოფელმა მითხრა, შენი შვილი მიეც მადნის შეგირდადო, მამულსაც მოგცემთ, კიდეც გაგათარხნებთო. შვილი შაგირდად მოგართვით, მაგრამ აღარც მამული მომცეს და აღარც გამათარხნესო".

სხვა დოკუმენტების მიხედვით, რუისში XVIII საუკუნის ბოლოს ცხოვრობდნენ მამულაშვილები, გვარამაძეები, თოროზაშვილები, უმიკაშვილები, გასიტაშვილები, გივიშვილები, რაზმიშვილები, თვალიაშვილები, მირიანაშვილები, ფარეიძეები, კარჩხაძეები, მღებრიშვილები, დოლენჯაშვილები და სხვა.

1708 წელს ვახტანგ VI-მ ოქინის ხატის დეკანოზს იესე გარსევანიშვილს და მის ძმას გიორგის უწყალობა რუისის მკვიდრი შერმაზან ნინიაშვილი, გიორგი მეზვრიშვილი და ამოვარდნილი ზუბიტა გივიაშვილის მამული. 1790 წელს ერეკლე მეფეს რუისის ეკლესიისთვის ვინმე იასე გასიტაშვილი და მისი ძმისწულები შეუწირავს: "ჩვენ, მეფემან ირაკლი, ესე წყალობის სიგელი... გიბოძეთ შენ, გასიტაშვილს იასეს, ასე რომ ზაქარია ციციშვილის ყმა იყავ და ადრევე იმისგან თქვენზე ქმნილი მრავალი უსამართლობისთვის რუისის ეკლესიას შეხიზვნოდით. შენის ძმის ობლებითურთ რუისის ეკლესიის შეწირვას დაგვეაჯეთ და შეგწირეთ რუისს".

ისტორიულმა ხელნაწერებმა შემოგვინახა იმ დიდი გასაჭირის ამბავიც, რომელიც დღესაც აწუხებს სოფელს. საქმე ეხება სარწყავ წყალს. რომლის გამო ძველად მწვავე კონფლიქტები ყოფილა ცალკეულ პირებსა თუ სოფლებს შორის. 1796 წლის 6 აგვისტოს რუისელებს ერეკლე II-ისთვის მიუმართავთ კოლექტიური წერილით, რომელშიც არაშენდელებთან სარწყავი წყლის გამო მომხდარი უთანხმოებაა აღწერილი. "თქვენი დავალებით, - წერენ რუისელები, - დავით მოურავმა (დავით ციციშვილმა - თ. ც.) თავისი აზნაურიშვილი გაგვატანა, წავედით და ძველთაგან როგორც ყოფილა, რუ და წყალი ისე მოვიყვანეთ... წასულიყო ზაზა მაღალაშვილი და რუ ასე წაგვიხდინა, რომ ცვარი წყალი ვეღარ მოვიყვანეთ, - ზოგი არაშენდაში ჩაეყვანა წყალი, ზოგი მინდორში მიეშვა. მოურავს შევატყობინეთ. თვითონ წამობრძანდა, ორასი მუშა წაგვიყვანა. ამ რუს რომ აკეთებდა, მოვიდა მაღალაშვილი და თქვა: ტყუილად აკეთებთ, რომ წახვალთ, ისევ წავახდენო. ეს მოურავს ეწყინა და ერთი პანღური ამოაკვრევინაო".

როგორც ჩანს, რუისელებს "პანღური" ცოტა მაგრად მოსვლიათ, რადგან მაღალაშვილი მალე გარდაცვლილა და ამის მიზეზად რუისელების მიერ მისი გალახვა მიუჩნევიათ.

რუისელები არზაში იმასაც წერენ, ამ რუთი სარგებლობაზე თამარ მეფის აქეთ სიგელები გვაქვსო.

1789 წლის 22 ივნისს დარეჯან დედოფლის დავალებით დავით ბატონიშვილს განუხილავს სარწყავ წყალზე საქაშეთსა და რუისს შორის ჩამოვარდნილი დავა. "მის უმაღლესობას, დედოფალ დარეჯანს... ებრძანა რუისს ზემო რუსა და ქვემო რუს განრჩევაო", - ნათქვამია განჩინებაში. რაკი ზემო რუთი წყალი ცუდად მოდიოდა, ბატონიშვილს გადაუწყვეტია, ყველა სოფელი შეიყაროს და სათავე გააკეთებინონო.

***
რუისში ჩასულებს მეგზურობა სოფლის გამგებელმა ლადო ბუზიაშვილმა გაგვიწია, მეუფე იობ აქიაშვილის ლოცვა-კურთხევას ვერ გადაუხვია და მთელი დღის განმავლობაში მოთმინებით აიტანა ჩემი ჟურნალისტური ცნობისმოყვარეობა.

KARIBCHEრუისი მაგისტრალზე მდებარეობს, ამიტომ მის მოსახლეობას ძველთაგანვე დიდი გასაჭირი ადგა. ათასი ჯურის გადამთიელს გაუვლია აქ, ათასი ჭირი და განსაცდელი გადაუტანია ამ უძველეს სოფელს, მაგრამ სიცოცხლე იქ არასდროს ჩამკვდარა.

დღეს, ალბათ, მხოლოდ რუისშიღაა შემორჩენილი დიდი ბელადების - სტალინისა და ლენინის - სახელობის ქუჩები. დროს წარწერები გაუფერმკრთალებია, თითო-ოროლა ასოს თუღა ამოიკითხავთ, თუმცა იქაურებს შეიძლება აღარც კი ახსოვთ ამ წარწერების არსებობა...

სოფელი უბნებად არის დაყოფილი: წინა უბანი, შუა უბანი, გალავანი, უკანა უბანი... არის პატარა უბნებიც, რომლებსაც გვარების მიხედვით ყოფენ. მაგალითად, ბუზიაანთ უბანში უმეტესად ბუზიაშვილები სახლობენ. რუისის გამგებელიც სწორედ ამ უბნიდან არის.

სოფლის შარაგზები სწორი და მოვლილია. ვერც იქაურების სახლ-კარს დასდებთ წუნს. ან რა არის გასაკვირი - მათ ხომ ჯაფით გააქვთ დღენი. შრომა არ გვეზარებაო, - მითხრეს რუისელებმა, - ოღონდ კი საქმე გამოგვიჩნდეს და გარჯას დავიზარებთო?!.

გზად რამდენიმე ბარიან გლეხსაც შევხვდით. ზოგმა ისურვა ჩვენთან საუბარი, ზოგმა - არა. ბატონ ლადოს ვეხუმრე კიდეც, ნამდვილად თქვენი ეშინიათ და თავიანთ საწუხარს იმიტომ არ მიმხელენ-მეთქი... მაგრამ სოფლის გამგებელიც ხომ იმავე პრობლემებით ცხოვრობს... ზოგმა ისიც კი მითხრა - რა აზრი აქვს ლაპარაკს, გლეხი კაცის გულისწუხილს მაინც არავინ შეისმენსო.

- გლეხურად ვცხოვრობთ. მოგვყავს კომბოსტო, პამიდორი, სიმინდი, ლობიო, - მითხრა რუისელმა ზურაბ ეგნატიშვილმა, - ფული ძნელად იშოვება, საწვავი კი სამმაგად გაძვირდა, ამიტომ მიწას ძველებურად ხარებით ვამუშავებთ. წყალი რომ გვქონდეს, უკეთესი იქნება, შრომაც უფრო მეტად დაგვიფასდება.

სასმელი წყალი ასე თუ ისე აქვთ, სარწყავი წყლის უქონლობა კი მართლაც ძალიან აწუხებთ რუისელებს. ძველისძველი არხი, რომელიც მდინარე ლიახვიდან მოედინება. დღეს უკვე მწყობრიდან არის გამოსული. არის მეორე სარწყავი არხიც - ტაშისკარისა, რომელიც XX საუკუნის 60-იან წლებში გაუყვანიათ. არხის სათავიდან რუისამდე 60 კმ-ზე მეტი მანძილია... წარმოიდგინეთ, საიდან უხდებათ სოფელში წყლის შემოყვანა...

რუისი ტრადიციული სოფელია. სადღეგრძელოებიც ტრადიციული, მამაპაპური აქვთ.

- სუფრას ღვთის დიდებით ვიწყებთ, - მეუბნება სოფლის გამგებელი, რომელსაც თამადობა ყველაზე ხშირად უწევს, - შემდეგ დედასამშობლოს, დედაეკლესიას ვადღეგრძელებთ, მერე - წინაპრებს, მომავალ თაობას...

აქაურებს განსაკუთრებით რუისის სადღეგრძელო ჰყვარებიათ.

- რუისში ღვთისა და სამშობლოს ერთგული ხალხი ცხოვრობს, - ამბობს ლადო ბუზიაშვილი, - ნათქვამია: "მიწა კი არ განწმენდს კაცს, არამედ კაცი მიწასო"... ეტყობა, აქაც ცხოვრობდა ისეთი ხალხი, ვის გვერდითაც შესაძლებელი იყო ღვთის სადიდებლად მოღვაწეობა...

ნაირა ეგნატიშვილის თქმით, რუისის მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკლესიურად ცხოვრობს. ვინც ეკლესიაში არ დადის, მასაც აქვს რწმენა.

- ძალიან კარგი მეუფე და მოძღვრები გვყავს და სოფელიც რამდენიმე წელია მოექცა ეკლესიისკენ.

- ადრინდელი ცხოვრება სჯობდა თუ ახლანდელი?

- როგორ ვთქვა, შევარდნაძის დრო სჯობდა-მეთქი, თუმცა კარგიაო, ვერც ახლანდელზე ვიტყვი.

მეუფე იობის ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ რუისში სულიერი აღმშენებლობა დაიწყო.

- მადლობა ღმერთს, რომ ხალხს შესაძლებლობა აქვს, ეკლესიურად იცხოვროს. მოძღვრები გვყავს, ქადაგებენ და ვისაც ყური აქვს, ისმინოს, - ამბობს ბატონი ლადო.

***
რუისის ცენტრში ფერისცვალების სახელობის სატაძრო კომპლექსია, რომელიც საკუთრივ ტაძრის, სამრეკლოსა და გალავნისაგან შედგება. გადმოცემით, ტაძარი აქ პირველად ვახტანგ გორგასალს აუგია. ფერისცვალების ეკლესიის უძველესი სამშენებლო ფენა VII-IX საუკუნეებით თარიღდება. X-XI საუკუნეებში ტაძარი გადაუკეთებიათ. მის კედლებზე არსებულ წარწერებში მოხსენიებულნი არიან გიორგი ეპისკოპოსი და მარიამ დედოფალი. ვარაუდობენ, რომ ეს უკანასკნელი გიორგი I-ის მეუღლეა, ბაგრატ V-ის დედა, რომელიც ბაგრატის მცირეწლოვანების ჟამს მართავდა ქვეყანას.

KARIBCHE KARIBCHE
რუისის ფერიცვალების კომპლექსის სამრეკლო                      რუისის ფერიცვალების კომპლექსი

სწორედ რუისის ტაძარში აკურთხეს მეფედ დავით აღმაშენებლის მამა გიორგი II.

რუისის ეკლესიაზე თურმე დიდად ზრუნავდა თამარ მეფის დედა, დედოფალი ბურდუხანი.

თემურ ლენგის მეექვსე შემოსევის დროს "ძირითურთ აღმოფხვრეს დიდი ეკლესია იგი რუისისა, რომელი არს საყდარი ღვთაებისა", - მოგვითხრობს მემატიანე. დანგრეული ტაძარი მეფე ალექსანდრე I-მა აღადგინა, რასაც დასავლეთ კარიბჭის წარწერა გვამცნობს: "ადიდენ ღმერთმან მეფეთ მეფობა დიდისა ალექსანდრესი, რომლის მიერ კვლავ აღეშენა საყდარი".

ისტორიკოს დავით ბაქრაძის თქმით, რუისის ძველი ეკლესია ბევრად უფრო დიდი და ლამაზი ყოფილა, რაც კარგად ჩანს საძირკვლის ნაშთებიდან და კედლებში დატანებული ძველი ჩუქურთმებიდან.

რუისის ეკლესია ბაგრატოვან-დავითაშვილების საძვალე იყო და აქ ამ გვარის მრავალმა წარმომადგენელმა პოვა უკანასკნელი განსასვენებელი.

ტაძარში დაკრძალულნი არიან ვახტანგ V-ის მეუღლე, არჩილ და გიორგი (XI) მეფის დედა დედოფალი როდამი (სულხან-საბა ორბელიანის მამიდა), ქართლ-კახეთის უკანასკნელი დედოფლის მარიამ ციციშვილის დედა ელენე, იმერეთის მეფე ალექსანდრე, რომელიც გიორგი XI-ის დროს "რუისში მოაშთეს და დაფლეს იქვე, რადგანაც იგი ცნობილი იყო როგორც უღვთო და ტყვის მსყიდველი".

რუისის ტაძრის სამრეკლო XII საუკუნის მეორე ნახევარში ეპისკოპოს დიონისეს აუშენებია. დიონისე ერუშეთის ეპისკოპოსი იყო. სამცხეში მაჰმადიანებმა დევნა რომ დაუწყეს, ქართლში გადმოვიდა, სადაც რუისის ეპისკოპოსობა უბოძეს. ერუშეთიდან მან გადმოიტანა ვერცხლის საწინამძღვრო ჯვარი, რომელსაც შემდეგ რუისის საწინამძღვრო ჯვარი ეწოდა.

ცნობილია დიდი ხელოვნებით შესრულებული რუისის ეკლესიის კანკელი, რომელიც 1781 წელს მროველი მიტროპოლიტის ნიკოლოზ ყიფიანის დაკვეთით გაუკეთებიათ.

რუისის საკათედრო ტაძარს აქაურები გუმბათს უწოდებენ.

უზარმაზარი გალავნით გარშემორტყმულ ფერისცვალების ეკლესიას მომლოცველი და მნახველი არ ელევა, ქართველებიც სტუმრობენ და უცხოელებიც.

ტაძრის ეზოში უამრავი სამარეა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წარწერის ამოკითხვა შევძელით. როგორც ჩანს, აქ უმთავრესად მამაცაშვილის გვარის ხალხი იკრძალებოდა.

საკურთხევლის ახლოს, კედელზე, მიდგმულია წმინდა დავითის უზარმაზარი ხატი. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, ხატი ნატურალური ზომისა დაიწერა. ისტორიულად ცნობილია, რომ დავით მეფე სიმაღლით 2 მეტრი და 18 სანტიმეტრი იყო. სწორედ ამსიმაღლეა ახალშექმნილი ხატი.

მეუფისავე ლოცვა-კურთხევით, საფუძველი ჩაეყარა წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარს. სამნავიანი ბაზილიკა სოფლის შუაგულში, საკრებულოს წინ აიგება. მშენებლობას მეუფის კურთხევით სოფლის საკრებულო უხელმძღვანელებს.

- საძირკველი უკვე ჩასხმულია, მაგრამ ფინანსების უქონლობის გამო მშენებლობა შეჩერებულია, - მითხრა ბატონმა ლადომ, - მინდა, გამოვიყენო შემთხვევა და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი წარსული და წმინდა მეფის ხსოვნა, ვთხოვო, მის პატივსაცემად და ღვთის სადიდებლად, შეეწიოს ტაძარს.

***
რუისის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერს იმ დროს ვესტუმრეთ, როცა იქ საცხოვრებელი სენაკების მშენებლობა მიმდინარეობდა. ღვთისმშობლის ტაძარი შუაგულ სოფელში დგას. დედები იქვე, ერთ პატარა შენობაში ცხოვრობენ.

ახალი საცხოვრებლის მშენებლობაში სოფლის მოსახლეობასთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი გორიდან, ქარელიდან და თბილისიდან ჩამოსულებიც. მეუფის კურთხევით, მშენებლობას მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ემილია მეთვალყურეობს.

არქიტექტორი თამაზ ტლაშაძე რუისის მკვიდრია. როგორც მან მითხრა, მონასტრისთვის სენაკებს ძველი ქართული სტილით აშენებენ. ნიჩბისის ქვას ადგილზე ამუშავებენ და სხვადასხვა ფერის ქვის ეს ბუნებრივი შეხამება საოცრად ლამაზია.

ამ ორსართულიან შენობას ექნება სასტუმრო ოთახი, სადაც განთავსდება ოთხი სენაკი, პირსაბანი და ერთი საერთო მისაღები. შენობის ერთი მხარე მომრგვალებული იქნება, ხის აივნით.

შესასვლელთან, კარის ორივე მხარეს, ქვის ჯვრებია ჩასმული.

ეს შენობა კომპლექსის მხოლოდ ნაწილია. სამონასტრო კომპლექსში კიდევ სამი დამოუკიდებელი ნაგებობა იქნება. ერთ-ერთი მალე დასრულდება, მეორე და მესამე კი, ღვთის წყალობით, მომავალში აიგება. კომპლექსს გარს გალავანი შემოევლება. აიგება სამრეკლოც.

კომპლექსი სულ 12 ადამიანზეა გათვლილი.

დედა ემილია დამხმარე მუშახელს სადილით გაუმასპინძლდა, შემდეგ მე მიმიპატიჟა.

სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან მონასტრის ტრაპეზი, რა მწირიც უნდა იყოს, მაინც განსაკუთრებულია...

შენობა, სადაც ახლა დედები ცხოვრობენ, საკმაოდ მოკრძალებულია: შესასვლელი, სატრაპეზო და ერთი საძინებელი, სადაც მონაზვნები ისვენებენ.

მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, ღვთისმშობლის მიძინების ტაძართან (XIXს.) დედათა მონასტერი რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. რუისში ეს დედათა პირველი სავანეა. თავდაპირველად აქ ურბნისის დედათა მონასტრის წევრები მსახურობდნენ - ერთი სამონაზვნე და ორი მორჩილი. მერე ისინი სურამში გადავიდნენ.

დღეს მონასტერში სამი მონაზონი ცხოვრობს: დედა ემილია, დედა ანთია და დედა დიონისია. მწირველი მღვდელია მამა გაბრიელი (იმედაშვილი).

მონასტრის ცხოვრება დილის ოთხის ნახევარზე იწყება. ამ დროს დედები ლოცვას აღავლენენ. შუაღამიანს ცისკარი მოსდევს, შემდეგ მოდის პირველი, მესამე და მეექვსე ჟამნი, სახარება და სამოციქულო. შემდეგ ორი საათი თავისუფალი აქვთ. ამ დროს თითოეული თავის პირად კანონს ასრულებს ან საქმიანობს. დილის ათიდან თერთმეტ საათამდე დრო მორჩილებას ეთმობა. ამას ტრაპეზი მოსდევს, რის შემდეგაც მონაზვნები ისევ თავ-თავიანთ ლოცვებსა თუ საქმეებს უბრუნდებიან. 12 საათზე ღვთისმშობლის პარაკლისი ტარდება. პირველის ნახევრიდან 4 საათამდე მორჩილებაა, 4-დან 5-მდე, ლოცვის დაწყებამდე, დედები ისვენებენ. შემდეგ მწუხრია, 6 საათზე - ტრაპეზი. დღის ერთ მონაკვეთში მათ შეუძლიათ დამატებით იტრაპეზონ.

KARIBCHEმონასტრის წინამძღვარი დედა ემილია ერში ყოფნის დროს ბათუმში ცხოვრობდა. ეკლესიური ცხოვრებაც იქ დაიწყო. პირველი კურსის სტუდენტი იყო, როცა გადაწყვიტა, თავი უფლისთვის მიეძღვნა. პირველად ბათუმის დედათა მონასტერში მივიდა. იმ დროს მეუფე იობი ბათუმ-სხალთის მღვდელმთავარი გახლდათ. როცა მეუფე ურბნისისა და რუისის ეპარქიაში გადაიყვანეს, რამდენიმე თვეში დედა ემილიაც გაჰყვა. მაშინ 19 წლის იყო.

- ბედნიერი ვარ, რომ მონასტერში ვცხოვრობ. მართლაც ღვთის ნება იყო ჩემი აქ მოსვლა. სხვაგვარად როგორ უნდა მეცხოვრა, ვერ წარმომიდგენია. ცხოვრებაში ყოველთვის რაღაც მაკლდა, მონასტერში მოსვლის შემდეგ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა უკვალოდ გაქრა.

- მაშინ თუ იცოდით, რას ნიშნავდა მონაზვნური ცხოვრება?

- უბრალოდ, ვთქვი, ჩემს ქალწულებას ღმერთს შევწირავ-მეთქი და ასეც მოვიქეცი. სირთულეები იყო, იყო დაცემაც, მაგრამ ვიცოდი, რომ ღვთის გზაზე ვიდექი და ამის გამო ყველაფერი უნდა მომეთმინა; მწამდა, რომ ამ გზაზე მავალს უფალი შემეწეოდა. ბერმონაზვნური ცხოვრება უბრძოლველად არ არსებობს. წმინდა მამები თვითონვე ევედრებოდნენ ღმერთს, განსაცდელი მოგვივლინეო...

რვა წელიწადი მორჩილებაში ვიყავი. ორი წელიწადი სამონაზვნე გახლდით. მეორე წელია, რაც მონაზონი ვარ. ღვთის შეწევნით, რუისის დედათა მონასტერს ვწინამძღვრობ. მომავალში, როგორც მეუფე გვაკურთხებს, ისე იქნება.

- დედაო, როგორი უნდა იყოს მონასტრის წინამძღვარი?

- სულიერებით სავსე, მოსიყვარულე და მომთმენი. მორჩილს ისეთი რამ არ უნდა დაავალოს, რაც თვითონ არ გამოუცდია, ჯერ თავად უნდა იცოდეს იმ მორჩილების სიმძიმე და ავ-კარგი.

- როგორი ხალხი ცხოვრობს რუისში?

- მორწმუნე ხალხია. ვისაც რა შეუძლია, იმით გვეხმარება. სოფელი მუდამ გვერდით გვიდგას.

- დედაო, კიდევ რას გვეტყვით სანუგეშოს?

- უფლის გარეშე გადარჩენა შეუძლებელია. ღმერთმა ქნას, მთელი საქართველო, თითოეული ადამიანი, მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე მოქცეულიყოს. ღმერთმა ქნას, ჭეშმარიტ გზაზე გვევლოს.

***
მონასტერში ერთი ხანში შესული რუსი მონაზონი მოღვაწეობს - დედა დიონისია. როცა მისი გვარით დავინტერესდი, მითხრა - უბრალოდ დიონისია ვარ, ის გვარიც და ის სახელიც, საერო ცხოვრებაში რომ მქონდა, კარგა ხანია მოკვდაო.

დედა დიონისია, ჩემდა გასაოცრად, მამა ვიტალი სიდორენკოს სულიერი შვილი აღმოჩნდა. საუბარზე კარგა ხანს არ მთანხმდებოდა, მაგრამ როცა ვკითხე, მამა ვიტალიზე რას მეტყვით-მეთქი, ცოტა ხანს დაფიქრდა და მომიგო:

- ყველას ეხმარებოდა, მიცვალებულებს პატრონობდა, ავადმყოფებისთვის განუწყვეტლივ ლოცულობდა. ხალხისთვის ცხოვრობდა და არა საკუთარი თავისთვის. მთელი სიცოცხლე ასე გალია. როცა აღსარებაზე მივიდოდი და ცოდვების შენდობას ვთხოვდი, მეუბნებოდა, სჯობს იმ ხალხისთვის ილოცო, ვინც გაჭირვებულებს ეხმარება, რათა უფალმა ჯანმრთელობა მისცეთო.

- პირველად როგორ შეხვდით მამა ვიტალის?

- მე და ჩემი და ბათუმში ვცხოვრობდით. ჩემი და უფრო ადრე მივიდა მასთან და ადრევე აღიკვეცა მონაზვნად. დასთან ერთად მამაოს მეც ვხვდებოდი. მოსკოვში ოპერაცია რომ გაიკეთა და საქართველოში დაბრუნდა, უამრავი ხალხი მოდიოდა სანახავად, ჩვენ კი მის მორჩილებას ვასრულებდით. როცა ვკითხე, როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება, მიპასუხა: ღმერთი მოგხედავსო.

საკუთარი ოჯახი ვერ შევქმენი, თავისუფალი დროც მეტი მქონდა და ხშირად დავდიოდი თბილისში მამა ვიტალისთან. მერე მისი კურთხევით მონაზონი გავხდი.

- მასთან ცხოვრობდით?

- იყო პერიოდი, როცა ვცხოვრობდი კიდეც. ზოგჯერ - ერთი თვე, ზოგჯერ - ათიოდე დღე. სკამზე ჯდომა არ უყვარდა და იატაკზე მჯდომარე გვესაუბრებოდა მის ირგვლივ მსხდომთ. ჩვენც გარინდებულები ვუგდებდით ყურს. საიდან აღარ ჩამოდიოდა ხალხი მის მოსასმენად - ოდესიდან, ციმბირიდან...

საკუთარ ავადმყოფობას არ წუხდა, სხვებისთვის ლოცულობდა და მათი გამოჯანმრთელება უხაროდა. ყველას, ყველას ეხმარებოდა, რითაც შეეძლო. სულიერ შვილებს მაგალითს გვაძლევდა.

1985 წლიდან მონაზვნურად ვცხოვრობ. უკვე ცხრა წელია, ამ ეპარქიაში ვმსახურობ. მანამდე მეუფე იობთან ვიყავი ბათუმში. მამა სტეფანე გახლდათ ჩემი სულიერი მოძღვარი. მერე მეუფე რუის-ურბნისის ეპარქიაში გადმოვიდა და მეც თან წამომიყვანა. დღეს ჩემი მოძღვარი არქიმანდრიტი სტეფანეა. ძალიან კარგად მიმიღო დედა ემილიამ. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სამი ადგილი ჰქონდათ, მეოთხე წევრს მონასტრის კარი გულღიად გამიღეს და ვცხოვრობთ ასე...

- დედაო, დაგვლოცეთ, ლოცვა-კურთხევა გაგვატანეთ...

- ღმერთმა დაგლოცოთ.
ბეჭდვა
1კ1