დიღომი
დიღომი
უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გითხრათ თქვენ და ჟურნალ "კარიბჭეს" თბილი და საინტერესო წერილებისა თუ ინტერვიუებისთვის, რომლებიც ჩემს სოფელს, დიღომს მიუძღვენით. სოფელს, სადაც დავიბადე, გავიზარდე და ეკლესიური ცხოვრება დავიწყე. ამავე სოფელში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ვმსახურობ დღესაც. ძალიან მიყვარს აქაურობა, ასეთივე სიყვარული აქვს მრევლსაც, - ასე დაიწყო საუბარი დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა. მამა დავითი მსახურობს ასევე სიონის საკათედრო ტაძარში.

მოგეხსენებათ, რომ სოფელი დიღომი ერთ-ერთი უძველესი და დიდი ქართული სოფელია. დიღომსა და დიღმის ხეობაში ბევრი ტაძარი და ნატაძრალია, რაც სოფლის მცხოვრებთა ღრმა სულიერ ცხოვრებაზე და ქრისტიანული ტრადიციების ერთგულებაზე მიუთითებს. დაახლოებით 14-15 წლის წინათ, ჩვენი სოფლის მკვიდრს, ისტორიკოს ჯუანშერ სონღულაშვილს ვთხოვეთ დიღმის ხეობის სიწმინდეების შესახებ მოეთხრო. ჩვენი თხოვნის პასუხად მან 45-ზე მეტი ტაძრისა თუ ნაფუძარის სია გადმოგვცა თავისი მცირე აღწერილობით.

დიღმის ცენტრალურ ეკლესიას (თუ შეიძლება ასე ითქვას), სოფლის ცენტრში მდებარე წმინდა მარინეს ეკლესია წარმოადგენდა, სადაც წირვა-ლოცვა შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე აღესრულებოდა. მრევლი წმინდა ზიარებას იღებდა და აქ მოღვაწე მოძღვრების სულიერ ქადაგებებსაც ისმენდა. საბედნიეროდ, წმინდა მარინეს ეკლესიის მოძღვართაგან ზოგიერთის სახელი ისტორიამ შემოგვინახა. უზომოდ გახერბული ვარ იმით, რომ დიღმის მოძღვართა შორის ჩემი წინაპრებიც არიან. მაგალითად, მღვდელი აბრაამ ლასურაშვილი, წმინდა მარინეს ეკლესიაში XVIII საუკუნის II ნახევარში მსახურობდა და საკმაოდ ცნობილი სასულიერო მოღვაწეც ყოფილა. ერეკლე II-ის დროს იგი სამეფო გადასახადებისგანაც გაუთავისუფლებიათ, ხოლო გიორგი XII-ის ტახტზე ასვლისთანავე მამა აბრაამისთვის სითარხნის სიგელი განუახლებია: "არაფრისთანას სათხოვარსა და გამოსაღებში და ბეგარაში არ უნდა გაგრიონ და არცა რა უნდა გეთხოვებოდეს. დიღმის მოურავმა, მამასახლისმა და ერთობით დიღმელებმა ასე უნდა იცოდეთ და რომელიც იასაული მიხვიდეთ, რომ ეს მღვდელი არაფერს სათხოვარში არ უნდა გარიოთ და არც არაზედ შეაწუხოთ". აღსანიშნავია, რომ მამა აბრაამი ერთადერთი ლასურაშვილი მოძღვარი არ გახლავთ დიღომში მოღვაწე მოძღვართაგან.

***
ღვთის შეწევნით და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, 1991 წლიდან წმინდა მარინეს ეკლესიაში ღვთისმსახურება კვლავ განახლდა. ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ დავით ისაკაძის დაუღალავი შრომით და ლოცვით უკვე კარგა ხანია წმინდა მარინეს ეკლესია და მისი ეზო მრევლს ვეღარ იტევს, არა მხოლოდ შაბათ-კვირას, არამედ სადაგ დღეებშიც. სოფელ დიღმის მოქმედ ტაძრებს შეემატა ასევე წმინდა თეოდორე ტირონისა და კავთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრები. დაახლოებით ექვსი წლის წინ, როცა უკვე ვმსახურობდი სიონის ტაძარში, ყოველდღიურად ვხედავდი, რა მდგომარეობაში იყო წმინდა გიორგის ტაძარი. უწმინდესს თხოვნით მივმართე, რათა საუკუნეების განმავლობაში მსახურების გარეშე დარჩენილ წმინდა გიორგის უძველეს ტაძარში ღვთისმსახურება აღგვედგინა. თავიდან ამ ტაძარში მსახურება პარაკლისების გადახდითა და მრევლისგან აღსარების ჩაბარებით დავიწყეთ. მერე უწმინდესმა გვაკურთხა საღვთო ლიტურგიის, წირვის ჩატარებაზე. მას შემდეგ წმინდა გიორგის ტაძარში წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა.

"დიღმისთავის" წმინდა გიორგი
სოფელ დიღმის თავში, გზის პირას მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც XI საუკუნის I მეოთხედის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. აღნიშნული ეკლესია ძველი წყალობის წიგნებსა და სიგელ-გუჯრებში "დიღმისთავის წმინდა გიორგის" სახელით მოიხსენიება. XVI-XVII საუკუნეებში ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა, ხოლო XVIII საუკუნეში დასავლეთის კედელზე მცირე ზომის მინაშენით დაუმშვენებიათ. ამჟამად ძირითადი და მიშენებული ნაწილები გაერთიანებულია და ერთ მთლიან ტაძრად.

ტაძრის ფასადზე საკმაოდ საინტერესო და მრავლისმეტყველი წარწერები და რელიეფებია შემონახული. გამოსახულია ჯვარი, ხუთი სხვადასხვა ვარიაციით, ასევე ორი ლომი, მტრედის მსგავსი ფრინველები და ხელის მტევანი. ტაძარს გარშემო ახალი გალავანი აკრავს, შემორჩენილია ძველი გალავნის ნაშთიც. ტაძრის ეზოში ძველი საფლავის ქვებიც გვხვდება.

***
შარშან, 30 ივლისს, წმინდა მარინეს ხსენების დღეს, უწმინდესი ჩვენს სოფელს ეწვია. გადაიხადა პარაკლისი, დამოძღვრა მრევლი, დალოცა და ეს უდიდესი დღესასწაული გაგვიორკეცა. მთელი სოფელი, მრევლი, უდიდესი სითბოთი და სიყვარულით შეხვდა უწმინდესს. დიღომში მობრძანებულ პატრიარქს ძალიან ვთხოვე წმინდა გიორგის პატარა ტაძარშიც შემობრძანებულიყო. უწმინდესი დაგვთანხმდა, მოილოცა ტაძარი, დალოცა მრევლი. საკურთხეველში ყოფნისას უწმინდესს სიხარული გავუმხილე. საუკუნეებია, აქ მამამთავარი არ მობრძანებულა და ძალიან გაგვახარეთ-მეთქი. მან კი მომიგო: აქ მე ნამყოფი ვარ ჯერ კიდევ მაშინ, როცა აქ არაფერი ხდებოდაო. დიღმის სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, "კარიბჭის" საშუალებით მრავალჟამიერს ვუსურვებთ უწმინდესს. ღმერთმა დიდხანს, სიყვარულითა და მართლმკვეთელობით ამწყემსინოს საქართველოს ქრისტიანული კრებული.

მრევლი
ელენე მიქაძე: - თავიდან სიონის ტაძარში დავიწყე სიარული, იქ გავიცანი მამა დავითი. იმ პერიოდში ახალი ნაკურთხი იყო მღვდლად. მაშინ წმინდა მარინეს ტაძარშიც წირავდა თავის მოძღვართან, მამა დავით ისაკაძესთან ერთად. დიღმის სიყვარული აქედან დაიწყო, წმინდა მარინეს ტაძრიდან. მერე წმინდა გიორგის ტაძარში დავიწყეთ მსახურება და მრევლი მოძღვარს გადმოვყევით. თავიდან ამ ტაძარში წირვა-ლოცვის ჩატარება არ შეიძლებოდა. ეკლესია, ღვთის შეწევნით, მრევლის დახმარებით გაფართოვდა და დამშვენდა. შარშან ჩვენთან უწმინდესი ბრძანდებოდა, დალოცა და აკურთხა წმინდა გიორგის ტაძარი, მრევლი. რაც ეკლესიაში დავიწყე სიარული, ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მამა დავითს - ძალიან თბილი და ყურადღებიანი ადამიანია. ეკლესია არის ადამიანის ცხოვრება და არა რომელიღაც ნაწილი. წმინდა გიორგის ტაძარში საუკუნეების შემდეგ ღვთის შეწევნით და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ღვთისმსახურება აღდგა. მე დავდივარ თემქიდან, დღეს უკვე ტრანსპორტის პრობლემა აღარ არის. სოფელ დიღომში განსაკუთრებული გარემოა, აქ რამდენიმე ტაძარია. ჩანს, ძალიან სულიერი ხალხი ცხოვრობდა.


მამა დავითი მრევლთან ერთად

მრევლი ერთი ოჯახივით ვართ. ხშირად დავდივართ მოსალოცად. დღეს ძალიან რთულია იცხოვრო ეკლესიურად. ოჯახიდანაც არის დაბრკოლებები, რაც ყველაზე მეტად გულსატკენია. პირადად მეც პრობლემა მქონდა ოჯახის წევრებისგან, მაგრამ მერე მამა დავითი რომ გაიცნეს, მათაც გაუჩნათ სურვილი, დაეწყოთ ეკლესიური ცხოვრება. დღეს ისინი მამა დავითთან დადიან, აღსარებას ამბობენ და ეზიარებიან.

ჩემი სურვილია, არა მარტო სოფელ დიღომში, სხვაგანაც ამოქმედდეს ტაძრები, მომრავლდნენ ეკლესიური, გულმოდგინე, წრფელი გულის მქონე ადამიანები.

სოფო ჩიხლაძე:
- ექვსი წლის წინ მოვედი ეკლესიაში. თავიდან მამა დავითს სიონში შევხვდი. შობის მარხვის დასაწყისი იყო. სურვილი გამიჩნდა, მივსულიყავი ტაძარში და აღსარება მეთქვა. სიონში ყოფნის დროს მოძღვარი გვიქადაგებდა ხოლმე, რომ სოფელ დიღომში წმინდა გიორგის ტაძარშიც დავსწრებოდით ღვთისმსახურებას და რაც შეიძლება ხშირად ვყოფილიყავით წირვა-ლოცვაზე. როცა თავისუფალი დრო მქონდა, ვცდილობდი, სოფელ დიღომში, წმინდა გიორგის ტაძარში დავსწრებოდი ღვთისმსახურებას. ყველა ტაძარში განსაკუთრებული მადლია, მაგრამ სულ აქეთ, წმინდა გიორგი ტაძარში მომიწევს გული, სადაც წირავს ხოლმე მამა დავითი, იქ დავდივარ. ეკლესიურმა ცხოვრებამ შეცვალა ჩემი ცხოვრება. ბევრ რამეს უკვე სხვა თვალით ვუყურებ. ვცდილობ, ცოდვებს რაც შეიძლება განვერიდო. ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მამა დავითს, მის ქადაგებებს, რჩევებს, ლოცვა-კურთხევას. ტაძარში ბავშვობიდან დავდიოდი, მაგრამ მამა დავითმა სულ სხვა თვალით დამანახვა ეკლესიური ცხოვრება. დამანახვა ის, რომ სწორი ცხოვრების წესი ღმერთთან სიახლოვეში, ეკლესიურ ცხოვრებაშია.

სალომე საღინაძე:
- პირველად ეკლესიაში ახლობელმა მიმიყვანა. მანამდე ეკლესიურად არ მიცხოვრია. ეკლესიასთან ჩემი ურთიერთობა მხოლოდ სანთლის დანთებით შემოიფარგლებოდა. ისე სულ მინდოდა ეკლესიაში ხშირად მევლო. ერთ-ერთ მეგობართან ვთქვი ჩემი გულისწადილი და მირჩია, თავის მოძღვართან მივსულიყავი. მამა დავითი მაშინ ახალნაკურთხი იყო. მას სიონში შევხვდი, აღსარება ვთქვი. ის ძალიან დამეხმარა ეკლესიური ცხოვრების დაწყებაში. ერთი წელი დავდიოდი მხოლოდ სიონში, მერე სოფელ დიღმის წმინდა გიორგის ტაძარშიც აღდგა ღვთისმსახურება. ვესწრებოდით წირვა-ლოცვას, პარაკლისებს. მოძღვრის კურთხევით, კვირაში სამი დღე მაინც წმინდა გიორგის ტაძარი ღია უნდა ყოფილიყო. კვირაში ერთი დღე, ხუთშაბათობით ვარ ხოლმე წმინდა გიორგის ტაძარში. ჩემთვის ეს უდიდესი ღვთის წყალობაა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ამის საშუალება თუ მექნებოდა. დიდი წყალობაა ტაძარში ყოფნა. სულიერი საზრდოა, რაც უნდა მძიმე კვირა მქონდეს, ტაძრიდან დამშვიდებული მივდივარ ხოლმე. მოძღვრის ქადაგებებს, რჩევა-დარიგებებს ვუსმენდი და მივხვდი, რომ ის უნდა ყოფილიყო ჩემი მოძღვარი. მამა დავითი ძალიან ყურადღებიანია, რაც ძალას მმატებს. თუ რაიმეს ვაკეთებ ეკლესიურ ცხოვრებაში, ეს მისი დამსახურებაა.

პირველად წმინდა გიორგის ტაძარში რომ მოვედი, მოძღვარმა კურთხევა მომცა, წმინდა მარინეს ტაძარში ვზიარებულიყავი. იმ დღეს წმინდა მარინეს ხსენება იყო. პირველი ზიარება წმინდა მარინეს ეკლესიაში მივიღე. ნელ-ნელა შევეცადე დამეწყო ეკლესიური ცხოვრება და დღემდე ასე მოვდივარ. მრევლის უმეტესობა ახალგაზრდები ვართ. ბოლო პერიოდში მატულობს ასაკოვანთა რაოდენობაც. როგორც ერთი ოჯახი, ისე ვართ, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და ურთიერთსიახლოვე გვაქვს. წლები გავიდა და მრევლში ოჯახები შეიქმნა. რა თქმა უნდა, ეკლესიაში ღვთის სიყვარულისთვის მოვდივართ, მაგრამ ამას მოსდევს ერთმანეთის ერთგულებაც, მოყვასის სიყვარულიც. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.

დავით კაჭკაჭური: - დაახლოებით სამი წლის წინ, დიდი განსაცდელების თავზე დატყდომის შემდეგ მივხვდი, რომ ის მაკლდა, რასაც ღვთის წყალობა, მოძღვრის ყურადღება და სიყვარული ჰქვია. თავდაპირველად სიონში დავდიოდი. ყოველ კვირა დღეს ვცდილობდი, ის მოძღვარი მენახა და მეპოვა, რომელიც ჩემს გულს ჩასწვდებოდა და დამარიგებდა, მეტყოდა, რა უნდა გამეკეთებინა საკუთარი თავის გამოსასწორებლად. მადლობა უფალს, რომ მაპოვნინა მამა დავითი, რომელიც ჩემზე მამასავით ზრუნავს. მომიკითხავს, დამარიგებს. ასევეა არა მხოლოდ ჩემთან, არამედ მთელ ჩვენს მრევლთან. ღვთისმსახურების დროს მაქსიმალურად ვცდილობდი, სადაც მოძღვარი იყო, მეც იქ ვყოფილიყავი, ანუ სადაც მამა - იქაც შვილი. როდესაც პირველად დავესწარი სოფელ დიღომში წირვას, ვნახე ხალხის, მოძღვრის დიდი სიყვარული და ერთობა. ეს კი მამა დავითის, დიღმელი მამებისა და ხალხის დამსახურებაა. წმინდა მარინეს ხსენების წინა დღეს შემოვრჩით ეკლესიის ეზოში მე და ჩემი დაიკო, მრევლის სხვა წევრებთან ერთად. ვიცოდით, რომ უწმინდესი სოფელ დიღომს უნდა სტუმრებოდა. დიდი სიხარულითა და სიყვარულით გავამზადეთ, გავასუფთავეთ ეკლესიის ყოველი, კუთხე-კუნჭული, მივალაგეთ ეზო და ველოდით უწმინდესის მობძანებას. მეორე დღეს გვესტუმრა და ამ დღის სიხარული გაგვიორკეცდა. ჩემი ყოველი ასვლა კი ამ სიხარულის გახსენებას იწვევს. მადლობა უწმინდესს, მამა დავითს, სოფელ დიღმის მამებს, მრევლს, რომ ამ დიდი სიხარულის თანაზიარი გავხდით.

ბეჭდვა
1კ1