დიღომი
დიღომი
ეს წერილი გახსენებაა ჩვენი თანამედროვისა, ადამიანის, რომელიც ამ ორი ათეული წლის წინ გარდაიცვალა - გიორგი შოშიტაშვილისა (1911-1982). სოფელ დიღმის მკვიდრი. ბავშვობა კავთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მახლობლად მდებარე სახლში გაატარა. მეზობლები და ნათესავები დღემდე იგონებენ გიორგის ღვთისმოშიში ცხოვრების ეპიზოდებს. როცა კავთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი მოვილოცე და წინამძღვარს, მამა შიო მენაბდეს შევხვდი, მან ვრცლად მიამბო გიორგი შოშიტაშვილის - მორჩილი აბრაამის ჩვენთვის დღემდე უცნობ ცხოვრება-მოღვაწეობაზე. იყო ძლიერ მორწმუნე, ადამიანებთან სულ რწმენაზე, წმინდანებზე, სახარებაზე ლაპარაკობდა (წერა-კითხვის უცოდინარი იყო). იმჟამად, როცა ღვთის სახელის ხსენებისაც ეშინოდათ, გულმკერდზე დაკიდებული ჯვრითა და ხატით დადიოდა, უამრავ დაცინვას და შეურაცხყოფას იტანდა თანასოფლელებისგან, უკიდურესად უჭირდა მის ოჯახს. გიორგი პატარა დაობლდა, ამას ისიც დაერთო, რომ მეზობელთან თამაშის დროს ნაკვერჩხალმა ბავშვს თვალის ჩინი დაუბნელა: მის დედინაცვალს ყური მოუკრავს, რომ ბეთანიაში ბერებს დამხმარე ესაჭიროებოდათ და ჭკუაშიც დაჯდომია ბიჭის მათთან მიყვანა. გიორგის ნათესავებისთვის უთხოვია მისი ბეთანიაში წაყვანა ბერებთან. ძალიან თბილად შეხვდნენ ჩასულებს იქ მოღვაწე მამები - გიორგი და იოანე. იმ დროიდან მონასტრულ ცხოვრებაში ჩაბმული გიორგი (ანუ მორჩილი აბრაამი) არაფერს თაკილობდა. მამების კურთხევით სოფელში დადიოდა პროდუქტისა თუ სამეურნეო საქმეების მოსაგვარებლად. ასევე იხსენებენ, რომ იგი დიდხანს ცხოვრობდა წალასყურის მონასტერში. გიორგი იქ გატარებულ დროს და იქაურებს კეთილად მოიხსენიებდა. თვითმხილველები აღნიშნავენ, როდესაც ღმერთის, ეკლესიის გაგონებაზე სიცილს დაიწყებდნენ მასთან, ამბობდა: "ჰე, დაიცათ, დრო მოვა, ეკლესია-მონასტრები აღდგება, ხალხი ისევ შემობრუნდება ღვთისკენ, ქრისტიანები გაიმარჯვებენ, მეც მომიგონებთო, სულ ქადაგებდა, ირწმუნეთ ღმერთი, ირწმუნეთო!.. პატარებს შეხვედრისას პატარა ჯვრებს გვირიგებდა, ბევრს დღესაც აქვს მისი ნაჩუქარი ჯვარი ან პატარა ხატი ოჯახშიო.

ქალბატონი ოლღა გვიამბობს: "გიორგი ცენტრალურ გზაზე არ დადიოდა, იქ სადაც ხალხმრავლობა იყო, სხვა "მოფარული" გზებით დადიოდა, რადგან სადაც ხალხი მოძრაობდა ან იდგა, მათგან დაცინვას, გაკიცხვას ერიდებოდა. საკუთარი სახლის გვერდით ნიში ჰქონდა, უვლიდა, ასუფთავებდა, სანთელს ანთებდა, დიდხანს ლოცულობდა, ხელებს გულთან დაიწყობდა და ვისაც არ უნდა შეეწუხებინა, ლოცვას არ შეწყვეტდა. დადიოდა ტაძრებში თოვლსა და წვიმაში. სიცივეს და ტალახს არ ერიდებოდა. განსაკუთრებით წმინდა ბარბარეს ტაძარი უყვარდა (ნავთლუღში). დიდუბის ეკლესიაშიც უყვარდა სიარული, შაბათ-კვირას არ აცდენდა წირვაზე წაუსვლელად. დღესასწაულს არ ტოვებდა. ტაძრიდან მობრუნებული მისთვის სასურველ ოჯახში შეივლიდა, ოთახის კუთხეში ღუმელთან ჩაცუცქდებოდა, სკამის მიწოდებისას უარს ამბობდა, ტყუილად რად გავაცდინო ვინმე, სხვა დაჯდებაო და ასე მოკალათებული დაიწყებდა რწმენაზე საუბარს, ასწავლიდა, უხსნიდა, თუ რა დღესასწაული იყო იმ დღეს. პირჯვრის სწორად გადაწერაც მისგან ვისწავლეთ".

არ უყვარდა იმ ოჯახში, იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც ღმერთისა და ეკლესიის მიმართ არაკეთილგანწყობილი იყო, იქნებოდა ეს ნათესავი თუ მეზობელი, უწმინდურებს და ურწმუნოებს ეძახდა.

შრომაც გულმოდგინე იცოდა, შეშას ეზიდებოდა ტყიდან ვირით, ხან მატყლის საპენტ ჯოხებს ჭრიდა და დაჰქონდა გზაზე. თუ ვინმე პურის ფულს აჩუქებდა, მადლობდა. რომ ეტყოდნენ, ცოლს მოგაყვანინებთ, ვინმეს გაგირიგებთო, ბრაზობდა - ჩემთვის ცოლი არ შეიძლებაო. მარხვას არ დაარღვევდა, საჭმელი თუ ქონით ან ერბოთი იყო მომზადებული, პირს არ დააკარებდა, - იხსენებს ბატონი შოთა.

ქალბატონი ვარა ასეთ შემთხვევასაც იხსენებს: "ერთხელ ბაღიდან მოვდიოდი, წყაროსთან გიორგი დავინახე, ჯვარი ამოეღო და წყალში ყოფდა, ვკითხე, - რას აკეთებ-მეთქი. ეშმაკებს ვდევნი წყაროდანო! ვინმეს ცუდი რომ წამოსცდებოდა, უცებ ჯვარს ამოიღებდა და ეტყოდა, რას ამბობ? ცოდვას რად სჩადიხარ, ჩქარა ემთხვიე ჯვარსო!

სიცოცხლის მნიშვნელოვანი პერიოდი მორჩილი აბრაამის სახელით გიორგიმ, ბეთანიის მონასტერში გაატარა. მონასტრის ბერებმა - გიორგიმ და იოანემ ძროხა და სხვადასხვა საჭირო ნივთი გამოატანეს შინ, სადაც ფიზიკურად დაუძლურებულმა და განმარტოებულმა რამდენიმე წელი იცხოვრა. აღესრულა 71 წლის ასაკში.

შუაში მამა შიო მეუფე დავითთან და მამა კახაბერ გოგოლაძესთან ერთად

ამქვეყნად არაა დრო და ადგილი სიმართლის ზეიმისა, სანამ მიწაზე ვცხოვრობთ, მზად უნდა ვიყოთ, რომ სიმართლისა და სათნოებისათვის ყოველივე დავითმინოთ. არ უნდა გაგვიკვირდეს ამქვეყნად გამეფებული უსამართლობა, რადგან თავად მაცხოვარმა, სრულიად უცოდველმა ბოროტი ადამიანებისგან უდიდესი ტანჯვა-წამება განიცადა, მაგრამ უფალი გვანუგეშებს: "ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა".

კავთის წმინდა გიორგი
სოფლის ზემო უბანში მდებარეობს კავთის წმინდა გიორგის სახელით ცნობილი უძველესი ეკლესია. კავთისხევის წმინდა გიორგის ეკლესიას დიღომში მამულები ჰქონდა, თავიდან აქ ნიში ყოფილა, რომელიც კავთისხევიდან ჩამოუტანიათ, ხოლო XIX საუკუნის II ნახევარში კავთის წმინდა გიორგის სახელზე ეკლესია აუგიათ. 2000-2001 წლებში ეკლესია აღადგინეს და კვლავ ამოქმედდა. აღდგენითი სამუშაოების შედეგად ეკლესიამ გარკვეული სახეცვლილება განიცადა. ეკლესიას აკრავს გალავანი. დაჰყურებს დიღმის ხევის ნაპირზე ბაღებს, რომლებიც ძველად კავთისხევის წმინდა გიორგის ეკლესიის მამულები იყო.

"ჩხაიკა" ქობის ღვთისმშობლის ნიში
ზემო უბანში დაუმთავრებელი კლდის ქვით ნაგები ეკლესიის კედლებია, ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისაა და ხალხი "ჩხაიკას" ეძახის. მისი ფუძე ქობის ღვთისმშობლის ეკლესიის ნიშია, რომელიც XVIII საუკუნეში მოიტანეს ქობიდან გადმოსახლებულმა ქობელაშვილებმა და შიოშვილებმა. ნიშის გარშემო დღესაც ვხვდებით შიოშვილებისა და ქობელაშვილების წინაპარათა სამარხებს.

სიონისა და ღვთისმშობლის ეკლესიები
მდინარე დიღმურას მარჯვენა ნაპირზე ყოფილა დიდი სოფელი "ჯიხურები". ამ ტერიტორიაზე ორი ეკლესიის ნაშთია. როგორც ჩანს, ერთნავიანი დარბაზული ტიპისა. სიონის ეკლესია აგებული ყოფილა ჯუხურების მეზობელი სოფლის, ვეძისის, დასავლეთით, ჯიხურების შესასვლელში, შემაღლებულ ადგილზე. ეს ტერიტორია ძველი სოფლის ჯიხურებს ეკუთვნოდა, ხოლო ღვთისმშობლის ეკლესია აგებული ყოფილა დიღმის წყლის მარჯვენა ნაპირზე, შუა სოფელში "წმინდა ხეების შუაში".

ძაღლაანთ ხევის ეკლესია
დიღმის ხეობაში, "ძაღლაანთ ხევის" ძველ ნასოფლართან არის დარბაზული ტიპის ეკლესიის ნანგრევი, რომლის სახელწოდების დადგენა ვერ მოხერხდა. ამ ეკლესიის გარშემო მიმოფანტულია ძველი სოფლის მკვიდრთა საფლავები.

ფაფანაანთ ეკლესია
დიღმის ხეობის თავში, ნასოფლარ ძაღლაანთის მეზობლად, ნასოფლარ ფაფაანში, ძნელადღა შეიმჩნევა მომცრო დარბაზული ტპის ეკლესიის კვალი, რომლის სახელის დადგენა და დათარიღება ვერ მოხერხდა.

ნაქალაქარის ნაეკლესიარები
უძველეს ნასოფლარ "ნაქალაქარში", რომელიც დიღმის ხეობის თავში ყოფილა გაშენებული და საკმაოდ დიდ ტერიტორიასაც მოიცავდა, ვხვდებით სამი მცირე ზომის ეკლესიის კვალს, აქედან ორი ნასოფლარის განაპირასაა, ხოლო ერთი - ნასოფლარში. წინა ორი ეკლესიის აგების დრო უცნობია, ხოლო მესამე - XIII-XIV საუკუნეებს განეკუთვნება.

მამა შიო მენაბადე
- ვიდრე სოფელ დიღმის კავთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დავიწყებდი მსახურებას, აქვე, წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში ვმსახურობდი. კავთის წმინდა გიორგის ახლადაღდგენილ ტაძარში უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გადმოვედი. თავიდან ორ კვირაში ერთხელ ვწირავდით. შემდეგ ყოველ კვირას და ასე ნელ-ნელა ცამეტი წელი გავიდა. მრევლი ძირითადად ქალაქიდან დადიოდა. მერე ტაძარში ადგილობრივი მოსახლეობაც მოვიდა და დღეს სოფლის მოსახლეობა უფრო მეტია, ვიდრე ქალაქისა.

მოძღვარს არ მოჰყავს ადამიანები ტაძარში, მოჰყავს უფალს. მოძღვარმა ტაძარში ღვთის მოყვანილი არ უნდა დააბრკოლოს. თუ მოძღვარი ცდილობს, ღვთის მცნებები აღასრულოს, ღმერთის მოყვანილს აღარ გააბნევს. მისი მისიაც ეს არის. ტაძარი ღვთის მადლით ივსება. უფალი თითოეულზე ზრუნავს. ტაძარი ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვისაა, ქრისტიანობა კიდევ ტაძარში სიარული და ეკლესიური ცხოვრებაა. ხორცზე ზრუნვასთან ერთად სულსაც სჭირდება ზრუნვა, რათა ჭუჭყისაგან განიწმინდოს. ამიტომაც მოდის კაცი ყოველ კვირას ტაძარში და ცდილობს სულიერი წყლით განწმენდას.

- როგორი გნებავთ რომ იყვნენ თქვენი სულიერი შვილები?

- მინდა ისეთები იყვნენ, როგორიც უფალს სურს. პავლე მოციქული ამბობს: "მე ვშრომობ იმისთვის, რომ თქვენში ქრისტე გამოიხატოს". ქრისტეს გამოხატვა ნიშნავს, რომ ქრისტეს მსგავსია ის ადამიანი. ეს უნდა ყველა მოძღვარს - ღვთის სიტყვის აღსრულება. უწინარეს კი საკუთარ თავში. როცა საკუთარ თავზე შრომობ, ცხადია, ის უკვე სხვაზე ზრუნვაცაა.

სოფელი დალოცვილია უფლისგან. დიღომში მრავალი უძველესი მადლიანი ტაძრებია. უწმინდესის, მღვდელმთავრების ლოცვა-კურთხევა ეწევა. სადაც ორი ან სამი ადამიანი შეიკრიბოთ ჩემი სახელით, მეც იქ ვარო, - ბრძანებს მაცხოვარი. ცხადია, სადაც ლოცვაა, იქ კურთხევა და მადლია.

ახლო ისტორია ძალიან მძიმე იყო. თუ ჩავთვლით რომ ეს ყველაფერი საჭირო იყო ჩვენი სულისთვის, მძიმედ არ მოგვეჩვენება. მთავარია, დავაფასოთ ყველაფერი - კარგიც და ცუდიც. ეს უფლისგან დაშვებულია და ჩვენი სულის გამოსაწრთობია, რათა ღვთის წინაშე განწმენდილები წარვსდგეთ. ქრისტიანის მიზანია, გახდეს უკეთესი ქრისტიანი და ამით სული იცხონოს. ტაძარში მრევლი მომრავლდა, მაგრამ სულის ცხონებისთვის რომ უნდა იარონ ეკლესიაში, ეს უმეტესს ავიწყდება. მოძღვარმა თუ არ შეახსენა, რომ ტაძარი სულის ცხონების ადგილია, მაშინ ხორციელი და ფშვინვიერი თვისებები გამოდის წინ. ზოგს ჰგონია, თითქოს ღმერთი და ეკლესია იმისთვის არის, რომ პრობლემები მოუგვაროს. უფალი როდესაც აგვარებს, სურს, ადამიანის სულს დაეხმაროს, რწმენაში მეტად გააძლიეროს. პრობლემების მოგვარების შემდეგ კი ადამიანების უმეტესობა აღარ მოდის ეკლესიაში. ჩანს, მისი მიზანი არ ყოფილა სულის ცხონება, მოვიდა ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად და წავიდა. მთავარია, ჭეშმარიტი ქრისტიანები გავხდეთ. ჭეშმარიტი ქრიატიანის მიზანი კიდევ სულის ცხონებაა.

რა უნდა ვითხოვოთ უფლისგან? "ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და ყოველივე შეგეძინოთ თქვენ", - ამბობს უფალი. იმაზე ნუ ზრუნავთ, რა ჩაიცვათ, რა ჭამოთ, რა სვათ. ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და ყოველივე შეგეძინოთ თქვენ. ჭეშმარიტი ქრისტიანი მხოლოდ ამას იტყვის. პირადად მე უფალს ვთხოვ, გაზარდოს ჩემში სულის ცხონების წყურვილი.

ღმერთმა დაგლოცოთ, სიხარული გაგვიმრავლოს და გაგვხადოს ჭეშმარიტი ქრისტიანები.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვა
1კ1