დიღომი
დიღომი
ქართულ წერილობით წყაროებში დიღმის პირველ მოხსენიებას მეფე ფარნავაზის ცხოვრების ამსახველ ნაწარმოებში ვხვდებით, რომელიც XI საუკუნის მემატიანეს, ლეონტი მროველს მიეწერება და "ქართლის ცხოვრების" კრებულშია შეტანილი. ერთ დღეს ფარნავაზი მცხეთიდან გავიდა სანადიროდ. ლეონტი მროველის გადმოცემით, ფარნავაზი დიღმის ველზე ირმებს დაედევნა, ირმებმა კი თბილისის "ხევ-ხუვებს" მიაშურეს, - ვკითხულობთ ავთანდილ სონღულაშვილის წიგნში "სოფელი დიღომი, საუკუნეთა კვლადაკვალ". დაბასთან შედარებით დიდი მიწა-წყლის ერთეულს ძველ საქართველოში ხევი (ხეობა) ეწოდებოდა. ხევი, როგორც წესი, შედგებოდა რამდენიმე დაბისაგან, ანუ დღევანდელი გაგებით, სოფლისგან. ხევი ასევე შედგებოდა ქალაქისაგან. "ხევი" ეწოდებოდა წყალსაც, მდინარესაც და მდინარის კალაპოტსაც. მიწა-წყლის ერთეული "ხევი", როგორც წესი, მდინარისპირა დასახლებული მიწა-წყალი იყო. ასეთ ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენდა დიღმის ხევიც.

დიღომზე საგულისხმო ცნობა შემოგვინახა "მატიანე ქართლისამ". ამირა ჯაფარის გარდაცვალების შემდეგ, 1046 წელს, ტფილელმა ბერებმა ბაგრატ IV თბილისში მოიწვიეს. დასავლეთ საქართველოდან მომავალ მეფეს დიღმის ველზე მიეგებნენ ქალაქის ბერები, დარბაისელნი და ცხენზე ამხედრებული შეიარაღებული ქართველობა. თბილისში მისასვლელი ერთ-ერთი უმთავრესი გზა დიღმის მხრიდან იყო; უეჭველია, მაშინაც არსებობდა გვიან საუკუნეებში კარგად ცნობილი დიღმის კარი კალას უბნისა, რომლისკენაც იქნებოდა მიმართული თვით ქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი არტერია. მოგვიანებით თბილისის ერთ-ერთი კარი იყო ე.წ. "დიღმის კარი", რომელიც ცნობილია აგრეთვე "შუა კარის" სახელით. იგი მართლაც შუა კარი იყო, რადგან მდებარეობდა "დაბლა კარსა" და "მაღლა კარს" შორის. ამ კარიდან იწყებოდა დიღმისაკენ მიმავალი გზა, ამიტომაც მას "დიღმის კარი" ერქვა. იგი ქალაქის გალავანს დღევანდელი პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩების შესაყარზე ჰქონდა დატანებული.

***
დიღომში, ისე როგორც მთელ საქართველოში, განათლების პირველი კერები ეკლესიებთან შეიქმნა, თითო-ოროლა ახალგაზრდას სოფლის მღვდლები და დიაკვნები ასწავლიდნენ წერა-კითხვასა და არითმეტიკას.

დიღმის სასოფლო სკოლა მდებარეობდა წმინდა მარინეს ეკლესიის ეზოში. ამ ოროთახიანი სახლის დიდი ოთახი მოსწავლეთათვის იყო განკუთვნილი, ხოლო პატარა - საყარაულოსა და სასოფლო სასამართლოსთვის. "ჩვენი სიღარიბისადა გვარად შკოლა კარგად არის მოწყობილი", აღნიშნავდა ერთ-ერთი თანამედროვე. შენობას ხუთი ფანჯარა ჰქონდა და საკლასო ოთახი ნათელი იყო. მთელი დღის განმავლობაში მოგიზგიზე ბუხარი განსაკუთრებულად თბილ ატმოსფეროს ქმნიდა და დიღმელ ბავშვებს ზამთრობით სკოლაში სიარულის ხალისს მატებდა. მოსწავლეთა რაოდენობა 23-მდე აღწევდა. 10-12 წლის ბიჭების გვერდით სკოლაში სწავლობდნენ 20-22 წლის ჭაბუკებიც.

დიღომში იყო ქალთა სასწავლებელიც, სადაც ოცამდე გოგონა სწავლობდა. სკოლას საგანგებოდ განკუთვნილი შენობა არ ჰქონდა, მეცადინეობა მიმდინარეობდა მასწავლებლის სახლში, რომელიც ამავე სოფელში ცხოვრობდა. პედაგოგებად ადგილობრივი მღვდლები იყვნენ. სწავლის ქირა რვა მანეთს შეადგენდა. წერა-კითხვის შესწავლასთან ერთად მოსწავლე ქალები ხელსაქმესაც ეუფლებოდნენ. როგორც ვაჟთა, ისე ქალთა სასწავლებელში განათლებას შეძლებული გლეხის შვილები იღებდნენ. დიღმელ ღარიბ გლეხს, მიუხედავად დიდი სურვილისა, ეკონომიკური მდგომარეობის გამო, არ შეეძლო შვილისათვის მიეცა განათლება, თუმცა კარგად იცოდა სწავლის ფასი.

ცნობილმა მეცენატმა და მრეწველმა დავით სარაჯიშვილმა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" დიღომში პირველდაწყებითი სასწავლებლის საკუთარი სახსრებით დაარსება შესთავაზა. დავით სარაჯიშვილი საზოგადოებისადმი 1891 წელს გაგზავნილ წერილში აღნიშნავდა: "მმართველობის წევრთა კარგად მოეხსენებათ, რომ სოფელი დიღომი თავის მდებარეობით და მცხოვრებელთა რიცხვის უმრავლესობით ეკუთვნის საქართველოს სოფლებს. თუმცა ეს ასეა, მაგრამ სამწუხაროდ ამ თვალსაჩინო სოფელში დღევანდლამდის არ არსებობს, არავითარი სასწავლებელი და ამისთვის ძნელად შევხვდებით აქ ქართველ გლეხებში წერა-კითხვის მცოდნეს. ჩემს თავს ვალდებულად ვთვლი მოგმართოთ რომ გახსნათ მოხსენებულ სოფელში სახალხო სკოლა? თქვენ სახელობაზე და თქვენის პროგრამით. ჩემის მხრით ვკისრულობ ყოველ წელიწადს წარმოუდგინო მმართველობას მაგ სკოლის შესანახად ოცდაათი თუმანი. Aამ პირველ წელიწადს ამ ოცდაათი თუმანის გარდა ათი თუმანიც სკოლის პირველ მოსაწყობად".

ადგილობრივი მღვდლის, იოველ გამრეკელის და პროგრესულად მოაზროვნე მოსახლეობის ინიციატივით, XIX საუკუნის ბოლოს დიღომში დაარსდა ერთკლასიანი სამრევლო სკოლა. 1897 წელს სკოლის შენობა აკურთხა საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა. ამ დღეს წმინდა მარინეს ეკლესიაში სწირავდნენ არქიმანდრიტი სერაფიმე, მღვდლები-იოველ გამრეკელი და აპ. გოდერძიშვილი.

მოგვიანებით ახალმა ეგზარქოსმა ალექსიმ ისურვა დიღმის სამრევლო სკოლის დათვალიერება.Mმას თან ახლდა სკოლების საოლქო მეთვალყურე დეკანოზი ვოსტორგოვი. ეგზარქოსმა მასწავლებლის თანაშემწედ დანიშნა მღვდელ იოველ გამრეკელის შვილი ანა გამრეკელი.

1897 წელს სოფლის მღვდელმა აპოლონ ივანიცკიმ თავს იდო საკვირაო სკოლის დაარსება მოზრდილთათვის. მსურველთა რაოდენობამ ორმოცს მიაღწია, ასაკით 18-დან 65 წლამდე.

ბოლო წლებში განადგურებული ეკლესიების შესახებ ცნობები სოფელ დიღმის კავთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შიო მენაბდემ მომაწოდა. მამა შიოსთან საუბარს მომდევნო ნომრებში შემოგთავაზებთ.

წმინდა სტეფანოზის სახელობის ეკლესია
დიღმის ციხის გვერდით სოფლის ცენტრში იდგა ნათალი ქვით ნაგები პატარა ზომის ეკლესია. ამ ეკლესიის ეზოდანაა ამოღებული ქვის ის კუბო, რომელმაც მეცნიერთა ყურადღება მიიპყრო და "დიღმის სარკოფაგად" არის ცნობილი. ეკლესიის სახელი ისტორიულ წყაროებშიც იხსენიება, მაგალითად, 1843 წლის ნასყიდობის ერთ საბუთში ვკითხულობთ: "არის ამის მიჯნები აღმოსავლეთის მხარეს, თეთრანთ ნინიას და თეთრანთ სოსიას და გამყრელიძიანთ სახლებამდინა, დასავლეთის მხარეს ფირიანთ გიორგის კალომდისა და წმინდა სტეფანეს ეკლესიამდენა.".

წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიის შემოგარენში კოლმეურნეობის კანტორა ააშენეს.

"თელის წყაროს" ეკლესია
მდინარე დიღმურასთან, ბატონიანთ ზვრებში გვხვდება მრავალსაუკუნოვანი ბუმბერაზი თელები. ამ თელების ქვეშ გამოდიოდა ცივი წყარო, რომელსაც "თელის წყაროს" ეძახდნენ. თელის წყარო მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია იყო. მოსახლეობის გადმოცემით, აქ მეფე ერეკლეს საზაფხულო სასახლე ყოფილა სვეტებიანი მარნით, რომელიც 30-იან წლებში დაანგრიეს და ქვა კლუბის მშენებლობაზე გამოიყენეს. აქვე ყოფილა სამეფო კარის თელის ზვრის ეკლესია. ერთ-ერთ თელაზე ბოლო წლებამდე ეკიდა ხატი. ხის ძირში რამდენიმე ქვევრი იყო. თელების ცენტრში იდგა დიდი ქვის მაგიდა, გარშემო ქვისავე დასაჯდომებით, წყაროსთან, აუზში იყო ადამიანის ფეხის მრავალსაუკუნოვანი ქვის ქანდაკი, აუზის შეკეთების შემდეგ ის სადღაც გაქრა.

თელის წყაროზე გაზაფხულ-ზაფხულში იხდიდნენ საღვთოს "ცა-ღრუბლის სიმშვიდისათვის" და "წვიმის გამოწვევის" მიზნით.

სამების ეკლესია
ძველი უბნის "წერწვერის" თავში იდგა სამების სახელობის ერთნავიანი ეკლესია. დღეისათვის სამების ეკლესია დანგრეულია. თავდაპირევლად, ომის დროს (40-იან წლებში) ამ ეკლესიაში წისქვილი მოაწყვეს, ხოლო შემდეგ, წისქვილის ნაცვლად, ეკლესიის ტერიტორიაზე გაკეთდა ხის დამამუშავებელი საამქრო, რამაც საბოლოოდ აღგავა პირისაგან მიწისა სამების ეკლესია. ეს საამქრო (ნაეკლესიარით) გადავიდა კერძო საკუთრებაში. ამჟამად ამ ადგილას მხოლოდ ეკლესიის საძირკვლის ნაშთიღა მოჩანს. საბედნიეროდ, ადგილობრივი სასულიერო პირებისა და მოსახლეობის ძალისხმევით, ეკლესიის ეზო, ნაეკლესიარითურთ, დაბრუნებულია. ამჟამად შესაძლებელია მისი შესწავლა და რესტავრაცია.

ზეგარდის წმინდა გიორგი
"მუხათგვერდის ტბასთან ლამაზ, კლდოვან ბორცვზე, მდგარა ზეგარდის წმინდა გიორგის სახელობის ერთნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია. გადმოცემით, 70-იანი წლების მიწურულს ეკლესია რუსმა სამხედროებმა ააფეთქეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავსაყრელი მოეწყო, რომელმაც მოიცვა ნასოფლარ ზეგარდის დიდი ნაწილი. ზეგარდის წმინდა გიორგის შესახებ ზუსტი ინფორმაცია გვხვდება ენციკლოპედიაში: ზეგარდა, XIII-XIV ს.ს ქართული ხელოვნების ძეგლი, წმინდა გიორგის ეკლესია სოფელ დიღომში. აქვეა აღწერილი ტაძრის არქიტექტურაც.

საუბრები მრევლთან
ღვთისო (რომანოზ) მძევაშვილი წმინდა მარინეს ტაძრის მრევლია. ბატონმა რომანოზმა გვითხრა, წმინდა მარინეს ტაძრის აღდგენამდე პარაკლისებს მამა ზურაბ ანთაძე იხდიდა (ახლა უკვე მღვდელმონაზონი ბასილი). ღვთის წყალობით, როდესაც მამა დავით ისაკაძე მობრძანდა წმინდა მარინეს ტაძარშიMდა წირვა-ლოცვა დაიწყო, მრევლი საგრძნობლად მომრავლდა. პირადად მე ძირძველი დიღმელი ვარ. კომუნისტების პერიოდში ეკლესიაში საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტები იყო განთავსებული. დაახლოებით 90-იან წლებში აქაურმა გელა მიჭელაშვილმა დაიწყო პირველად წმინდა მარინეს ტაძრის აღდგენა და საყოფაცხოვრებო ობიექტების დანგრევა. რაც ტაძრები ამოქმედდა და ღვთისმსახურება აღდგა, სოფელი კეთილმორწმუნე გახდა. ყველა მოქმედი ტაძარი მრევლით არის სავსე. როგორ მოვედი ტაძარში? ჩემი სახლის გვერდით წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის უძველესი ტაძრის ნანგრევები გახლდათ. ღვთის შეწევნით დავიწყე ამ ტაძრის აღდგენა (90-იან წლებში) და ეკლესიური ცხოვრებაც. იმ დროს შვილი, მეორე ვაჟი, თეოდორე გამიხდა ცუდად. ექიმები მის გადარჩენას ეჭვობდნენ. როდესაც მამა დავითი მოვიდა ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში, მითხრა, გამოსაჯანმრთელებელ პარაკლისს გადავუხდიო. დაიწყო პარაკლისის გადახდა, გაშავებული ბავშვი ნელ-ნელა ფერს იცვლიდა. თავის ხელით გამოიღო წვეთოვანი და მესამე დღეს საავადმყოფოდან გამოწერეს. ასეთი სასწაული მოხდა ჩვენს ოჯახზე.


მამა დავითი ლასურაშვილი, მამა ვახტანგ დავითაშვილი,
მეუფე ეფრემი, ღვთისო (რომანოზ) ოჯახთან ერთად, მამა დავითი ისაკაძე და ბერი ანდრია

კომუნისტების დროს, როდესაც წმინდა თეოდორეს ტაძრის დანგრევას ცდილობდნენ, მამაჩემმა დაიცვა ეს ტერიტორია. უფლის წყალობით და მამაჩემის ხელით შევინარჩუნეთ ტაძარი.

სოფელ დიღომში საკმაოდ ბევრი ტაძარი და ნატაძრალია. მხოლოდ რამდენიმეა მოქმედი. კავთის წმინდა გიორგის ტაძრის აღდგენის შემდეგ ტაძარს (ბატონმა დავით კალმახელიძემ სოფელთან ერთად აღადგინა), უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მამა შიო მენაბდე წინამძღვრობს. სოფლის დასაწყისშია წმინდა გიორგის ტაძარი, რომლის გალავანიც აღადგინა გელა ზანდარაშვილმა. იქ მამა დავით ლასურაშვილი მსახურობს. აღდგა ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. მის აღდგენაში დიდი წვლილი მიუძღვის კახა ხოსიტაშვილს და დავით სოზიაშვილს. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, აქ მამა იოანე ჩიგოგიძე მსახურობს. სოფელს ჰყავს ასევე მეხუთე მღვდელი, მამა ნიკოლოზ ჩხიკვაძე, რომელიც წმინდა მარინეს ტაძარშია.

***
სოფელ დიღომში დავით სარაჯიშვილმა ააშენა თეთრი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, სადაც მისი მამა ზაქარია სარაჯიშვილია დასაფლავებული. დავით სარაჯიშვილმა მამის პატივსაცემად ააშენა ეს ტაძარი. ღვთის შეწევნით, ჩვენი სოფლის მკვიდრმა თეოდორე მძევაშვილმა და ბადრი ხელაშვილმა აღადგინეს ეს ტაძარი და მისი კურთხევა 6 მაისს შედგება. სოფელში იყო სამების სახელობის გუმბათიანი ტაძარი, რომელიც ქართულ ფილმ "ქაჯანაში" კარგად ჩანს. კომუნისტების დროს ამ ადგილას სამხერხაო ფუნქციონირებდა. ღმერთის წყალობით და ადგილობრივი ახალგაზრდების ხელშეწყობით, ტაძრის ტერიტორია საპატრიარქოს გადაეცა და ვცდილობთ, დავიწყოთ ტაძრის აღდგენა არქიტექტორ რეზო ჯანაშიას პროექტის მიხედვით. იმედი გვაქვს, ღვთის წყალობით, გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვინც ფინანსურად შეეწევა ტაძრის აღდგენას. დიდი სურვილი გვაქვს, აღვადგინოთ ზევით სოფელში მდებარე ჯვართამაღლების სახელობის ტაძარი. ამ ტაძარს ზოგი ღვთისმშობლის სახელობისად იხსენიებს. ბატონ რამაზ ქობელაშვილს და მის ოჯახს აქვს სურვილი ამ ტაძრის აღდგენისა. ადრე ძეგლთა დაცვამ აღადგინა კვირაცხოვლის ტაძარი და გვინდა, ამ ტაძარშიც აღდგეს წირვა-ლოცვა. მამა დავით ისაკაძე კვირაცხოვლის ტაძარში პარაკლისებს იხდის. ღვთის წყალობით, დაიწერა სოფელ დიღმის მფარველი წმინდანების ხატი, სადაც გამოსახულია ყველა ის წმინდანი, რომელთა სახელზეც არის სოფელში ტაძრები აგებული.

***
რამდენი გვარია ჩვენს სოფელში? ძველი, დიღმური გვარებია: ქობელაშვილი, შიოშვილი, მძევაშვილი, ჟამუტაშვილი, გეგელიშვილი, მამუჩაშვილი, სოზიაშვილი, გენებაშვილი, სონღულაშვილი, კოწოწაშვილი, ზანდარაშვილი, შოშიტაშვილი, ლასურაშვილი, ხოსიტაშვილი, ქუცნიაშვილი, ქობულაშვილი, ღვინიაშვილი, მზარეულიშვილი, გიგუაშვილი, გილაური, მარიამული, ყანდაშვილი, კოტორაშვილი, ფირიაშვილი, ხეჩუმაშვილი, კოლოტაური, მჭედლიშვილი, ხელაშვილი, ხოლუაშვილი, ჯანიაშვილი, სუთიაშვილი, მიჭელაშვილი, თეთრაშვილი, კენჭიაშვილი, ბერიაშვილი თოფჩიშვილი, ბროლაძე, დარჩიაშვილი.

ადრე მცხეთის რაიონს ვეკუთვნოდით, რამენიმე ხანია, ვაკე-საბურთალოს შევუერთდით. ტაძრის გვერდით აგვიშენეს დიდი სკოლა. მასწავლებლების და მოსწავლეების უმეტესობა ტაძარში დადის. ძალიან ეკლესიური გახდა სოფელი. მრავალშვილიანობითაც გამოირჩევიან აქაურები. ძალიან ბევრ ოჯახს სამი და სამზე მეტი შვილი ჰყავს. მე შვიდი შვილი მყავს. საბავშვო ბაღში უმეტესობა მორწმუნე მასწავლებლები არიან. შუა კვირაში ტაძარში მოჰყავთ მასწავლებლებს ბავშვები და აზიარებენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს.

როგორი მინდა იყოს ჩემი სოფელი - დიღომი? უწმინდესის სიტყვებს მოვიშველიებ. გამთლიანებულ საქართველოში თავისი წვლილი სოფელმა დიღომმაც რომ შეიტანოს.


გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვა
1კ1