ანგელოზთა დასი
ანგელოზთა დასი
სარწმუნოების სიმბოლოში ვკითხულობთ: "მრწამს ერთი ღმერთი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისაი, ხილულთა ყოველთა და არახილულთა". უხილავი, ანგელოზთა სამყარო ღმერთმა ხილულ სამყაროზე უწინარეს შექმნა. "ოდეს იქმნნეს ვარსკვლავნი, მაქებდეს მე ხმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნი ჩემნი" - ეუბნება უფალი იობს (იობ. 38,7).

წმინდა წერილში ანგელოზები სულები არიან, რომლებიც ღვთის სიტყვას ამცნობენ ადამიანებს. თავად სიტყვა "ანგელოზი" ბერძნულია და ქართულად მაცნეს ნიშნავს. მთავარანგელოზი (ბერძნული "არხე" ნიშნავს საწყისს) - უზენაესი ანუ ანგელოზთა მთავარი, ასე მოიხსენიება იგი ახალ აღთქმაში.

წმინდა წერილის შემდეგ სიტყვები "ანგელოზი" და "მთავარანგელოზი" გამოიყენა წმინდა დიონისე არეოპაგელმა თავის ნაშრომში "ზეციური იერარქია", კერძოდ, როცა საუბრობდა ზეციური იერარქიის 9 დასზე. წმინდა დიონისე არეოპაგელის მიხედვით, ზეციურ იერარქიას აქვს სამი საფეხური, ხოლო ყოველ საფეხურზე არის სამი დასი:

პირველი საფეხურია: სერაფიმები, ქერუბიმები, საყდარნი;

ყოვლადწმინდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან სერაბიმნი. ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ალით აღაგზნებენ. სერაბიმთა შემდგომ უფალთან დგანან ქერუბიმნი, რომელთა სახელი ნიშნავს: სიბრძნის გარდამოსვლას, განათლებას. ქერუბიმებს მოსდევენ საყდარნი, რომლებიც ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან.

მეორე საფეხურია: უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი;

უფლებანი ანგელოზთა მომდევნო დასებზე მეუფებენ, ღვთისგან დადგენილ მიწიერ ხელისუფალთ ბრძნულ მართვა-განმგებლობაში შეეწევიან, გვეხმარებიან ცოდვილ გულისთქმათა დაოკებაში. ძალნი ღვთის ნებით უფლის რჩეულებზე მორჩილებას, მოთმინებას, საკვირველთქმედებისა და განჭვრეტის მადლს გარდამოავლენენ. ხელმწიფებანი ადამიანებს ეშმაკის საცდურთაგან განარიდებენ და ბოროტ გულისთქმებთან ბრძოლაში ეხმარებიან, განამტკიცებენ და იცავენ მოსაგრეებს.

მესამე საფეხურია: საწყისნი, მთავარანგელოზნი, ანგელოზნი;

საწყისნი მთავარანგელოზებს აღძრავენ ღვთის ბრძანებათა შესრულებისათვის. საწყისებს დავალებული აქვთ სამყაროს განმგებლობა, ქვეყნების, ხალხებისა და ტომების დაცვა. ისინი ადამიანებს ასწავლიან, რომ ყველას თავისი ღირსების შესაფერი პატივი მიაგონ; მთავარანგელოზნი უფლის ნებას გვაუწყებენ. გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს. ანგელოზნი ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებულებას გვამცნობენ. არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან შეგვეწიონ.

ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი (მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: "რომელი ვითარცა ღმერთი") - ღვთის ერთგული მსახური. სწორედ მან დაამხო ანგელოზი ლუციფერი (მოელვარე). ღმერთის მიერ მინიჭებული მადლით ეშმაკზე ძლევის გამო მას განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებიც. ხატებსა და ფრესკებზე მთავარანგელოზ მიქაელს, როგორც მძლეველს ყველა მტრული ძალისა - ხატებზე ჯავშნით - ღვთიური მადლით შემოსილს გამოხატავენ. იგი ფეხებით დემონს თრგუნავს, მარცხენა ხელში ზეთისხილის მწვანე რტო ან სამკუთხედი ფარი უჭირავს. მარჯვენაში უპყრია შუბი თეთრი ალმით (ზოგჯერ - ცეცხლოვანი მახვილი), რომელზედაც მეწამული ჯვარია გამოსახული. ზოგიერთ ხატზე ზეციურ ძალთა მხედართმთავარი მახვილით განგმირავს დედამიწაზე შემოხვეულ გველს. მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს.

საღვთო წერილიდან და წმინდა გადმოცემიდან ცნობილნი არიან სხვა მთავარანგელოზებიც, რომელთაც სხვადასხვა კურთხევა აქვთ მიცემული ღვთისაგან: გაბრიელი - სიმტკიცე (ძალი) ღვთისა - ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმინდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს.

რაფაელი - ღვთიური მკურნალი, სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია; ხატებზე რაფაელს მარჯვენა ხელში უჭირავს ჭურჭელი მაკურნებელი წამლით, მარცხენით კი მოჰყავს მართალი ტობიას ვაჟი, ჭაბუკი ტობია, რომელსაც თევზი მოაქვს. მთავარანგელოზ რაფაელს მიმართავენ სნეულებათა დროს, მგზავრობის წინ, შორეულ უცხო ქვეყანაში ყოფნისას, მწუხარების, უიმედობისა და სასოწარკვეთილების დროს.

ურიელი - ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი - ბერმონაზონთა და ღვთისმეტყველთა მფარველად ითვლება. იგი გვინათლებს გონებას, რათა შევძლოთ ღვთიურ საიდუმლოთა და წმინდა წერილის შეცნობა; მთავარანგელოზი ურიელი მონანულთა მფარველიცაა; საეკლესიო გადმოცემით, იგი ადამთან და ევასთან ერთად ლოცულობდა მათი სამოთხიდან განდევნის შემდეგ და უფლის საკურთხეველზე მიჰქონდა მათი სინანულის ცრემლი; ხატებზე მას გამოსახავენ ცეცხლოვანი ან გაშიშვლებული მახვილით.

სელაფიელი - მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას. გარდა ამისა, არის მკურნალი ამაკანკალებელ ავადმყოფობათა (მალარია, ეპილეფსია). ხატებზე სელაფიელი ლოცვით მდგომარეობაში გამოიხატება: თვალებდახრილი და მკერდზე ხელებდაწყობილი; ზოგჯერ მას ხელში ანთებული სანთელი და საკმეველი უჭირავს.

ეგუდიელი - ღვთის დიდებას ნიშნავს. ის ადიდებს უფალს, განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს. გარდა ამისა, ის ითვლება მოგზაურთა მფარველად და გაჭირვებულთა შემწედ. ხატებზე ეგუდიელს მარჯვენა ხელში ოქროს გვირგვინი უჭირავს, მარცხენაში კი შოლტი სამი წითელი (ან შავი) ტოტით. შოლტი იმის მიმანიშნებელია, რომ ზარმაცთ და უდებთ ამ ცხოვრებაში ბევრი მწუხარება და სასჯელი დაატყდებათ თავს, სანამ გონს მოეგებიან, ხოლო გვირგვინი გულმოდგინეთათვის არის განკუთვნილი.

ვარახიელი - კურთხევის ანგელოზს ნიშნავს. ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია. ძირითადად ვარახიელი მოწამეთა, აღმსარებელთა და მოსაგრეთა მფარველად ითვლება. ხატწერაში მთავარანგელოზ ვარახიელის სამოსელზე ვარდისფერ ყვავილთა სიმრავლე გამოისახება, რაც სულიწმინდის ნიჭთა სიმბოლოა.

წმინდა წერილში იხსენიება იერომიელი, რაც ნიშნავს: ღვთისკენ ამაღლებას. იგი საღვთო სიყვარულის აღმძვრელია, და ვნებათა და ცოდვათა დაძლევაში შეგვეწევა. მთავარანგელოზი იერომიელი ხატებზე გამოისახება სასწორით ხელში.

მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენით, თავისი მფარველი ანგელოზი ჰყავს თითოეულ ადამიანს, თუ მან იგი თავისი უწმინდური ცხოვრებით არ განაგდო. უფალი ბრძანებს: "იცოდეთ, არ შეურაცხყოთ ერთი ამ მცირეთაგანი, რადგან გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ცაში მარად ხედავენ ჩემი ზეცათა მამის პირს" (მათ. 18,10).

ანგელოზები არიან შუამავალნი ჩვენსა და უფალს შორის, რათა განახორციელონ უზენაესი ნება ზოგადად და თითოეული ადამიანისათვის პიროვნულად. ამის გარდა, ანგელოზები არიან ადამიანების შუამდგომელნი ღვთის წინაშე. შეიძლება, გაგიჩნდეთ კითხვა: რად სჭირდება უფალს ვინმეს შუამავლობა? ხომ არ ცხადდება ანგელოზთა მსახურება ერთგვარად ღვთის ყოვლისშემძლეობის შემოფარგვლად? რა თქმა უნდა, არა. ამის ახსნა შეიძლება ჩვენი ცხოვრების მაგალითით. ღმერთი წყაროა სრული სიკეთისა და ამას იგი ადამიანთა ჩარევის გარეშე აკეთებს. მაგრამ ჩვენს სამყაროში სიკეთე ადამიანთა საშუალებითაც აღესრულება. ესენი არიან ღვთისთვის სათნონი (წინასწარმეტყველნი, წმინდანები, მოწამენი და ა.შ.), რომლებიც ცხადდებიან საღვთო ნების განმცხადებლად და აღმსრულებლად დედამიწაზე. ამგვარად, ადამიანის მიერ სიკეთისა და მოწყალების ღვაწლი არაფრით აბრკოლებს საღვთო ყოვლისშემძლეობას.
ბეჭდვა
1კ1