მთავარანგელოზი გაბრიელი - სიხარულის მაცნე
მთავარანგელოზი გაბრიელი - სიხარულის მაცნე
სახარებაში მთავარანგელოზი გაბრიელი პირველად წმინდა დიდი წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემლის იოანეს შობის მახარებლად გვევლინება. მღვდელი ზაქარია და ელისაბედი, წმინდა იოანეს მშობლები, ღვთის წინაშე მართალნი და უბიწონი იყვნენ. თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებით, ისინი ღვთის მცნებების დაცვით ცხოვრობდნენ, ხოლო რჯულის კანონს ხალხის დასანახად კი არა, სათნოებათა შესაკრებად აღასრულებდნენ, რომ უფლის წინაშე გამართლებულიყვნენ. ელისაბედის ბერწობის გამო მათ შვილი არ ჰყავდათ. მოხუცდნენ და უფლის მიმართ სასოებას მაინც არ კარგავდნენ. ებრაელთა წესის თანახმად, დადგა ზაქარიას მსახურების ჟამი. ეს იყო განწმენდის დღე, როდესაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა წმიდათაწმიდაში, ხოლო რიგის მღვდლები საკურთხეველში წილს იყრიდნენ, თუ ვინ აკმევდა წმიდათაში. ამჯერად ღმერთმა ზაქარია გამოირჩია.

კმევისას საკურთხევლის მარჯვნივ ზაქარიას ანგელოზი გამოეცხადა და ახარა, რომ უფალმა შეისმინა მისი ვედრება - ელისაბედი დაორსულდებოდა, შობდა ძეს და უწოდებდა სახელად იოანეს, და "იყოს შენდა სიხარულ და მხიარულება". ზაქარია დაეჭვდა ანგელოზის სიტყვებში. როგორც ჩანს, მის რწმენას სრულყოფილება აკლდა. ამიტომ ანგელოზმა განუცხადა თავისი ვინაობა და უთხრა, რომ გაბრიელი (რაც ღვთისგან ძლიერს ნიშნავს) იყო და არა მაცდუნებელი ეშმაკი.

თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებით, ზაქარიას ანგელოზის ხილვისას ეჭვი დაებადა, ეშმაკისეულ გამოცხადებას ხომ არ ხედავდა. უჩვეულო ჩვენება ნებისმიერ სულს აშფოთებს, მაგრამ თუ შიში გაიფანტება და გონება სრულიად დამშვიდდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენება ღვთიურია. ზაქარიას შიში გაუქრა, მიხვდა, რომ ღვთაებრივი ხილვა ჰქონდა, მაგრამ მაინც დაეჭვდა, რადგან მოხუცი ელისაბედის მიერ ვაჟიშვილის შობა ვერ წარმოედგინა. ზაქარია ძველი აღთქმის რჩეული ერის სახეა: როგორც მან, მოხუცმა და უნაყოფომ, არ დაიჯერა, მაგრამ მაინც შვა უდიდესი წინასწარმეტყველი და ნათლისმცემელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ასევე იუდეურმა ეკლესიამ და იერარქიამ, რომელიც უკვე დაბერებულიყო, მიუხედავად ურჩობისა, უფლის მიმართ ორგულობისა, შვა ღვთის სიტყვა, მაცხოვარი იესო ქრისტე.

"და თვესა მეექვსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქად გალილეაისა, რომლისა სახელი ნაზარეთ", - მოგვითხრობს წმინდა ლუკა მახარებელი. მთავარანგელოზმა მიმართა მარიამს: "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის". მთავარანგელოზმა ახარა მარადქალწულს, რომ შობდა ძეს და უწოდებდა იესოს, რაც ებრაულად მაცხოვარს, მხსნელს ნიშნავს. ქალწულმა ჰკითხა მთავარანგელოზს: "ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა?" ამ შეკითხვით წმინდა მარიამმა შეახსენა მთავარანგელოზს, რომ ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული უფლის წინაშე. მის შეკითხვაში ეჭვი კი არ ჩანს, არამედ ინტერესი. მას, როგორც ბრძენსა და გონიერს, ამ მოვლენის არსის გაგება სურდა, ამიტომ მას, ზაქარიასგან განსხვავებით, არ განსჯის მთავარანგელოზი, არამედ უხსნის. ზაქარია სამართლიანად განისაჯა, რადგან მრავალი მაგალითის მოწმე იყო, ძველ აღთქმაში ხომ მრავლად არიან ბერწი დედები, მაგალითად, სარა. ქალწულ მარიამს კი ერთი მაგალითიც არ ჰქონია, რომ უმამაკაცოდ შობილიყოს ყრმა. მთავარანგელოზმა აუწყა მარიამს: "სული წმიდაი მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაი გფარვიდეს შენ". გრიგოლ ნეოკესარიელის განმარტებით, ანგელოზმა დაამშვიდა ქალწული და უთხრა, რომ უფლის მადლი დაიფარავდა, ხოლო ამ მადლს ნუ გამოეძიებდა, რადგან არაბუნებითი იყო. მრავალმა წინასწარმეტყველმა იქადაგა, რომ ქალწული შობდა ძეს, მაგრამ რა სახით მოხდებოდა ეს, არავინ უწყოდა, თვით ანგელოზებისთვისაც დაფარული იყო ეს საიდუმლო. იმავე წმინდა მამის განმარტებით, აქ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს წმინდა სამების საიდულმოც გამოუცხადა: "სული წმიდაი მოვიდეს შენ ზედა, ძალი მაღლისაი გფარვიდეს შენ და შობილი იგი ძე მაღლის (ანუ მამა ღმერთის) იწოდოს". მაშინ მარიამმა მიუგო: "აჰა მხევალი უფლისაი, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა" და წავიდა მისგან ანგელოზი.

ახალ აღთქმაში კიდევ რამდენიმე ეპიზოდი მოგვითხრობს ანგელოზთა ხილვის შესახებ. წმინდა მათე მახარებელი გადმოგვცემს, თუ როგორ გამოეცხადა მართალ იოსებს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქმარს, ანგელოზი, როდესაც ის მარიამის ფარულად განტევებას განიზრახავდა, რადგან შეამჩნია, რომ ორსულად იყო. ანგელოზმა უთხრა მართალ იოსებს: "ნუ გეშინის მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ რომელი-იგი მისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს". ბეთლემში მაცხოვრის დაბადების შემდეგ კიდევ ერთხელ გამოეცხადა ანგელოზი მართალ იოსებს და გააფრთხილა, რომ ჰეროდეს განზრახული ჰქონდა ყრმა მაცხოვრის მოკვლა, ამიტომ ყოვლადწმინდა მარიამი და მისი პირმშო ეგვიპტეში უნდა წაეყვანა. მესამედ მართალ იოსებს ანგელოზი ეგვიპტეში ეცხადება, აუწყებს ჰეროდეს სიკვდილს და უბრძანებს, იესო და წმინდა მარიამი ისრაელში დააბრუნოს.

წმინდა ლუკა მახარებელი მაცხოვრის შობასთან დაკავშირებით აღწერს, თუ როგორ ახარა ანგელოზმა მწყემსებს მხსნელის დაბადება: "და აჰა ანგელოზი უფლისაი დაადგრა მათ ზედა და დიდებაი უფლისაი გამოუბრწყინდა მათ და შეეშინა მათ შიშითა დიდითა". მაშინ ანგელოზმა დაამშვიდა ისინი და აუწყა, რომ ბეთლემში იშვა ყრმა მაცხოვარი იესო ქრისტე, მხსნელი კაცობრიობისა. "და მეყვსეულად იყო ანგელოზისა მის თანა სიმრავლე ერთა ცისათაი". ანგელოზთა დასი უფლის სადიდებელს გალობდა: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".

წმინდა მახარებელი იოანე ორი ანგელოზის შესახებ მოგვითხრობს, როდესაც მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას აღწერს. შაბათ დილით პირველად მარიამ მაგდალინელმა ნახა მაცხოვრის საფლავიდან გარდაგორებული ლოდი და ამცნო იესოს ორ მოწაფეს პეტრესა და იოანეს: "აღიღეს უფალი საფლავისაგან და არა უწყი, სადა დადვეს იგი". უფლის მოციქულებს სუდარაღა დახვდათ საფლავში. თვალცრემლიანმა მარიამ მაგდალინელმა მაშინ შეიხედა მაცხოვრის საფლავში, როდესაც მოწაფეები წავიდნენ და "იხილნა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი".

წმინდა წერილიდან ჩანს, რომ მთავარანგელოზი გაბრიელი სიხარულის მაუწყებელია. მან კაცობრიობას ენით გამოუთქმელი უდიდესი სიხარული - უფლისა და მცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობა ამცნო. ანგელოზთა გამოცხადებაც სახარებაში ან სიხარულის უწყებას უკავშირდება, ან გაფრთხილებას საფრთხის შესახებ.
ბეჭდვა
1კ1