მთავარანგელოზები
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზმა გაბრიელმა ძველი აღთქმის კაცობრიობას ძე ღვთისას განხორციელება აუწყა
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა ზეციურ უხორცო ძალთა კრების აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში, ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა.

მთავარანგელოზობის დღესასწაული აღინიშნება მარტიდან (საიდანაც ძველად წელიწადის ათვლას იწყებდნენ) მეცხრე თვეს - ნოემბერში, რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება. თვის მერვე დღე (ძვ.სტ. 8 ნოემბერი) მიგვანიშნებს ყოველთა უხორცოთა ზეცისა ძალთა შეკრებაზე დღესა მერვესა, როგორც წმინდა მამები უწოდებენ უფლის მეორედ მოსვლასა და საშინელ სამსჯავროს.

ზეციურ ძალთა იერარქიის შესახებ გვესაუბრება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან არსებული წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით შენგელია:

- ბიბლიურ ტექსტებში ანგელოზები (ბერძნული სიტყვაა, ქართულად ნიშნავს მაცნეს) სულები არიან, ღვთის სიტყვის მაცნეები ადამიანებისთვის. ეს სიტყვა ეკუთვნის ყველა ზეციურ უხორცო ძალას. აქედან მომდინარეობს გამოთქმა - ანგელოზთა სამყარო. მთავარანგელოზი (ბერძნული არხე - ნიშნავს საწყისს) - უზენაესი ანუ ანგელოზთა მთავარი - ასე მოიხსენიება იგი ახალ აღთქმაში (იუდ. 1,9; 1 ეფეს. 4,16).

სიტყვა ანგელოზი და მთავარანგელოზი გამოიყენა წმინდა დიონისე არეოპაგელმა თავის ნაშრომში ზეციური იერარქია, კერძოდ, როცა ის საუბრობდა ზეციური იერარქიის 9 დასზე.

ანგელოზები არიან ღვთის მაცნეები და იმისათვის, რომ განახორციელონ თავიანთი მისია, მათ ებოძათ აზრი, ნება და ყოვლისშემძლეობა.

- რა თვისებები ახასიათებთ ანგელოზებს?

- უფალმა ურიცხვი ანგელოზი შექმნა. ისინი უსხეულო არსებები არიან. მათ გააჩნიათ გონიერება, შეუძლიათ მოძრაობა, ღვთის მსახურები არიან და უფლის ბრძანებით ადამიანებს იცავენ.

ზეციური სამყაროს წარმომადგენლებს უწოდებენ: "მრავალთვალ ქერუბიმებს", "ექვსფრთიან სერაბიმებს" და სხვ. "მრავალთვალი ქერუბიმები" - ესენი არიან სულიერი არსებები, მფლობელნი განსაკუთრებული გამჭრიახობისა, გასაოცარი სულიერი ხედვის ძალისა. ხოლო "ექვსფრთიანი სერაფიმები" - არსებები, "ცეცხლოვანი" სიყვარულით ანთებული ღვთის მიმართ და მასთან ახლოს მდგომნი და ეს ახლომდგომობა ზოგიერთ ძველ ფრესკაში ექვსი ფრთის სახით არის გამოხატული.

ანგელოზები ფლობენ პიროვნულობას, გონებას, ნებასა და ძალას. ისინი თავისუფალნი არიან ფიზიკური მყოფობის შემოსაზღვრული კანონებისაგან; შეიქმნენ დროისა და სივრცის მიღმა; ხან ხილულნი არიან ადამიანებისათვის, ხან უხილავნი. ჩვენ, აქაურ სამყაროს მიკუთვნებულთ, არ შეგვიძლია თვითნებურად შევიცნოთ ამ ზეცის მკვიდრთა ჩვენთან მყოფობა.

ღვთისაგან შექმნილი ანგელოზები არიან შუამავლები ჩვენსა და უფალს შორის, რათა განახორციელონ უზენაესი ნება ზოგადად და თითოეული ადამიანისათვის პიროვნულად. ამის გარდა, ანგელოზები არიან ადამიანების შუამდგომელნი ღვთის წინაშე. "ამას ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყუი თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა" (მათ. 18, 10).

- რად სჭირდება უფალს ვინმეს შუამავლობა? ხომ არ ცხადდება ანგელოზთა მსახურება ერთგვარად ღვთის ყოვლისშემძლეობის შემოფარგვლად?

- არა. ამის ახსნა შეიძლება ჩვენი ცხოვრების მაგალითით. ღმერთი - წყაროა სრული სიკეთისა და ამას იგი ადამიანთა ჩარევის გარეშე აკეთებს. მაგრამ ჩვენს სამყაროში სიკეთე ადამიანთა საშუალებითაც აღესრულება. ესენი არიან ღვთისთვის სათნონი (წინასწარმეტყველნი, წმინდანები, მოწამენი და ა.შ.), რომლებიც ცხადდებიან საღვთო ნების განმცხადებლად და აღმსრულებლად დედამიწაზე.

ანგელოზები - თავისუფალი არსებები არიან. მათ აქვთ თავისუფალი ნება. ამის მაგალითია ლუციფერი (ითარგმნება როგორც "დილის ვარსკვლავი"), რომელიც უფალთან ყველაზე ახლომდგომი ანგელოზი იყო და ამპარტავნების გამო, საკუთარი ნებით ღმერთს იმდენად განეშორა, რომ გახდა თავისი შემოქმედის მტერი, ბოროტების წყარო, რომლის ადგილი ზეცაში აღარ არის. მას შემდეგ განუწყვეტელი ბრძოლა მიმდინარეობს სიკეთესა და ბოროტებას შორის, მასში ჩართულია ხილული და უხილავი, მიწიერი და ზეციერი სამყარო. ყოველთვის, როცა სიკეთეს აღვასრულებთ, ჩვენს გვერდით ჩვენი მფარველი ანგელოზები არიან, ხოლო როცა პირიქით ხდება, ბოროტ ძალას ვემორჩილებით.

- რა განსხვავებაა თავად ანგელოზებს შორის?

- წმინდა მამების სწავლების თანახმად, წმინდა ანგელოზებს შორის არსებობს განსხვავება. უმაღლეს იერარქიას შეადგენენ: სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. ყოვლადწმინდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან სერაბიმნი (ანთებულნი, ცეცხლოვანნი) (ეს. 6,2). ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ალით აღაგზნებენ. სერაბიმთა შემდგომ უფალთან დგანან ქერუბიმნი (შეს. 3,24), რომელთა სახელი ნიშნავს: სიბრძნის გარდამოსვლას, განათლებას. ქერუბიმებს მოსდევენ საყდარნი (კოლ. 1,16), რომლებიც ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან.

ანგელოზთა საშუალო იერარქიას შეადგენენ: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი. უფლებანი (კოლ. 1,16) ანგელოზთა მომდევნო დასებზე მეუფებენ, ღვთისგან დადგენილ მიწიერ ხელისუფალთ ბრძნულ მართვა-განმგებლობაში შეეწევიან, გვეხმარებიან ცოდვილ გულისთქმათა დაოკებაში. ძალნი (1 პეტ. 3,22) ღვთის ნებით უფლის რჩეულებზე მორჩილებას, მოთმინებას, საკვირველთქმედების და განჭვრეტის მადლს გარდამოავლენენ. ხელმწიფებანი (1 პეტ. 3,22; კოლ. 1,16) ადამიანებს ეშმაკის საცდურთაგან განარიდებენ და ბოროტ გულისთქმებთან ბრძოლაში ეხმარებიან, განამტკიცებენ და იცავენ მოსაგრეებს. უმდაბლესი იერარქია მოიცავს სამ დასს: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.

საწყისნი (კოლ. 1,16) მთავარანგელოზებს აღძრავენ ღვთის ბრძანებათა შესრულებისათვის. საწყისებს დავალებული აქვთ სამყაროს განმგებლობა, ქვეყნების, ხალხებისა და ტომების დაცვა. ისინი ადამიანებს ასწავლიან, რომ ყველას თავისი ღირსების შესაფერი პატივი მიაგონ.

მთავარანგელოზნი (1 თეს. 4,16) უფლის ნებას გვაუწყებენ. გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს.

ანგელოზნი (1 პეტრ. 3,22) ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებულებას გვამცნობენ. არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან შეგვეწიონ.

- მთავარანგელოზებს განსაკუთრებული დავალება აქვთ უფლისაგან. გთხოვთ გვესაუბროთ თითოეული მათგანის შესახებ. როგორ გამოსახავენ მთავარანგელოზებს ხატებზე და რას ევედრებიან ლოცვებში?

- ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი (მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: "რომელი ვითარცა ღმერთი"). იგი არის ღვთის ერთგული მსახური, რომელმაც გაიმარჯვა სატანის ძალებზე.

მთავარანგელოზ მიქაელს - მძლეველს ყველა მტრული ძალისა - ხატებზე ჯავშნით, ანუ ღვთიური მადლით შემოსილს ხატავენ. იგი ფეხებით დემონს თრგუნავს, მარცხენა ხელში ზეთისხილის მწვანე რტო ან სამკუთხედი ფარი უჭირავს. მარჯვენაში უპყრია შუბი თეთრი ალმით (ზოგჯერ ცეცხლოვანი მახვილი), რომელზედაც მეწამული ჯვარია გამოსახული. ზოგიერთ ხატზე ზეციურ ძალთა მხედართმთავარი მახვილით კლავს დედამიწაზე შემოხვეულ გველს.

მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს.

KARIBCHEსხვა მთავარანგელოზებს სხვადასხვა კურთხევა აქვთ მიცემული ღვთისაგან: გაბრიელი - სიმტკიცე (ძალი) ღვთისა (დან. 8,16; ლკ. 1,26) - ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმინდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს ხელში.

რაფაელი - ღვთიური მკურნალი (ტობ. 3,16; 12,15), სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია; ხატებზე რაფაელს მარჯვენა ხელში უჭირავს ჭურჭელი მაკურნებელი წამლით, მარცხენით კი მოჰყავს მართალი ტობიას ვაჟი, რომელსაც თევზი მოაქვს.

მთავარანგელოზ რაფაელს მიმართავენ სნეულებათა დროს, მგზავრობის წინ, შორეულ უცხო ქვეყანაში ყოფნისას, მწუხარების, უიმედობისა და სასოწარკვეთილების დროს.

ურიელი - ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი (3 ეზრ. 5,20) ბერმონაზონთა და ღვთისმეტყველთა მფარველად ითვლება. იგი გვინათლებს გონებას, რათა შევძლოთ ღვთიურ საიდუმლოთა და წმინდა წერილის შეცნობა; მთავარანგელოზი ურიელი მონანულთა მფარველიცაა; საეკლესიო გადმოცემით, იგი ადამსა და ევასთან ერთად ლოცულობდა მათი სამოთხიდან განდევნის შემდეგ და უფლის საკურთხეველზე მიჰქონდა მათი სინანულის ცრემლი; ხატებზე მას გამოსახავენ ცეცხლოვანი ან გაშიშვლებული მახვილით.

სელაფიელი - მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას. გარდა ამისა, არის მკურნალი ამაკანკალებელ ავადმყოფობათა (მალარია, ეპილეფსია). ხატებზე სელაფიელი ლოცვით მდგომარეობაში გამოიხატება: თვალებდახრილი და მკერდზე ხელებდაწყობილი; ზოგჯერ მას ხელში ანთებული სანთელი და საკმეველი უჭირავს.

იეგუდიელი - ღვთის დიდებას ნიშნავს. ის ადიდებს უფალს, განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს. გარდა ამისა, ის ითვლება მოგზაურთა მფარველად და გაჭირვებულთა შემწედ. ხატებზე იეგუდიელს მარჯვენა ხელში ოქროს გვირგვინი უჭირავს, მარცხენაში კი - შოლტი სამი წითელი (ან შავი) ტოტით. შოლტი იმის მიმანიშნებელია, რომ ზარმაცთ და უდებთ ამ ცხოვრებაში ბევრი მწუხარება და სასჯელი დაატყდებათ თავს, სანამ გონს მოეგებიან, ხოლო გვირგვინი გულმოდგინეთათვის არის განკუთვნილი.

ვარაქიელი - კურთხევის ანგელოზს ნიშნავს. ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია. ვარაქიელი ძირითადად მოწამეთა, აღმსარებელთა და მოსაგრეთა მფარველად ითვლება. ხატწერაში მთავარანგელოზ ვარაქიელის სამოსელზე ვარდისფერ ყვავილთა სიმრავლე გამოისახება, რაც სულიწმინდის ნიჭთა სიმბოლოა.

წმინდა წერილში იხსენიება იერომიელი, რაც ნიშნავს: ღვთისკენ ამაღლებას (3 ეზრ. 4,36). იგი საღვთო სიყვარულის აღმძვრელია და ვნებათა და ცოდვათა დაძლევაში შეგვეწევა.

მთავარანგელოზი იერომიელი ხატებზე გამოისახება სასწორით ხელში.

მთავარანგელოზი ტაქნილი შემწე და მფარველია უბედურებათა და თავდასხმათაგან.

- რომელი ანგელოზები არიან მოხსენიებულნი წმინდა წერილში და რა კონტექსტში?

- ძველ აღთქმაში, როგორც წესი, პირდაპირ არ არის ნახსენები ანგელოზთა სახელები რამდენიმე გამონაკლისის გარდა:

მიქაელ მთავარანგელოზის სახელთან დაკავშირებულია რამდენიმე ფაქტი. ესენია: ლუციფერის დამარცხება; ადამის და ევას სამოთხიდან განდევნის შემდეგ მის მცველად დადგომა. მთავარანგელოზი მიქაელის სახელი ებრაულად ნიშნავს: "ღვთის ერთგულ მსახურს, რომელმაც გაიმარჯვა სატანის ძალებზე. სწორედ მან დაამხო ანგელოზი ლუციფერი (მოელვარე). ღმერთის მიერ მინიჭებული მადლით ეშმაკზე ძლევის გამო მას განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებიც.

წმინდა წერილში იხსენიება იერომიელი, რაც ნიშნავს: ღვთისკენ ამაღლებას.

"განა ამას არ კითხულობდნენ მართალთა სულები თავიანთ სამყოფლებში, ამბობდნენ: როდემდის გვქონდეს იმედი? და როდისღა მოვა ჩვენი საზღაურის ნაყოფი? ამაზე მიპასუხა იერომიელმა, მთავარანგელოზმა და თქვა: როცა აღივსება თქვენში თესლთა რიცხვი, რადგან მან სასწორზე დადო წუთისოფელი; საზომით გაზომა და რიცხვით აღრიცხა დრო-ჟამი და არ აღძრავს, არც დააჩქარებს მათ უზენაესი, ვიდრე არ აღივსება დათქმული საწყაული" (3 ეზრ. 4,35-37).

ასევე რაფაელ მთავარანგელოზი:

"მე ვარ რაფაელი, ერთი იმ შვიდ წმიდა ანგელოზთაგანი, რომელნიც აღავლენენ წმიდათა ლოცვებს და ამაღლდებიან წმიდის დიდების წინაშე. შეძრწუნდნენ ორივენი და ქვედაემხნენ, რადგან შეიპყრო ისინი შიშმა. უთხრა მათ რაფაელმა: ნუ გეშინიათ, მშვიდობა იყოს თქვენდა. აკურთხევდეთ ღმერთსა უკუნისამდე" (ტობ. 12,15-17).

სელაფიელ მთავარანგელოზი:

"მეორე ღამეს იყო, რომ მომევლინა სალაფიელი, ხალხის წინამძღოლი და მითხრა: სად იყავი და რად გაქვსო მწუხარე სახე" (3 ეზდრ. 5,16).

ურიელ მთავარანგელოზი:

"მიპასუხა ანგელოზმა, რომელიც ჩემთან იყო გამოგზავნილი, რომლის სახელია ურიელი" (3 ეზდრ. 4,1).

"შვიდ დღეს ვმარხულობდი, მგლოვარე და მოტირალი, როგორც მიბრძანა ურიელ ანგელოზმა" (3 ეზდრ. 5,20).

ახალ აღთქმაში ხშირად მოიხსენიება გაბრიელ მთავარანგელოზი. სახელი გაბრიელი შესაძლებელია ნიშნავდეს "ღვთის კაცს" ან "ღვთის გმირს". მას ასევე მოიხსენიებენ როგორც "ღვთის მარცხენა ხელს". იგი ღმერთის მაცნედ ევლინება ადამიანებს.

გაბრიელ მთავარანგელოზი უფალმა გამოარჩია, რათა ყოვლადწმინდა ქალწულისათვის და მასთან ერთად მთელი ქვეყნიერებისათვის ეხარებინა ძე ღვთისას განხორციელება, ამიტომ ხარების დღესასწაულის მომდევნო დღეს ეკლესია მთავარანგელოზ გაბრიელს იხსენიებს.

მთავარანგელოზმა გაბრიელმა ძველი აღთქმის კაცობრიობას ძე ღვთისას განხორციელება აუწყა, მოსე წინასწარმეტყველს შესაქმის დაწერა შთააგონა, დანიელ წინასწარმეტყველს გაუცხადა ებრაელი ერის მომავალი (დან. 8,16; 9,21-24); ეცხადებოდა მართალ ანას და ახარებდა ყოვლადწმინდა ქალწულის შობას.

მოუშორებლად ახლდა ქალწულ მარიამს იერუსალიმის ტაძარში. გაბრიელ მთავარანგელოზი გამოეცხადა მღვდელმთავარ ზაქარიას და უწინასწარმეტყველა უფლის წინამორბედის იოანე ნათლისმცემლის შობა. უფალმა გაბრიელი გაუგზავნა იოსებს და აუწყა ყოვლადწმინდა მარიამისაგან ძე ღვთისას განხორციელება, გააფრთხილა იგი ჰეროდეს მზაკვრობაზე და უბრძანა, ეგვიპტეში გაქცეულიყო ყრმა მაცხოვართან და ღვთისმშობელთან ერთად.

როდესაც მაცხოვარი გეთსიმანიის ბაღში ლოცულობდა, ეკლესიის სწავლებით, მამა ღმერთმა გაბრიელ მთავარანგელოზი გამოგზავნა მის განსამტკიცებლად.

მთავარანგელოზ გაბრიელისაგან გაიგეს მენელსაცხებლე დედებმა უფლის ბრწყინვალე აღდგომა. მართლმადიდებელი ეკლესია თავის შვილებს მოუწოდებს, სარწმუნოებით ილოცონ წმინდა მთავარანგელოზ გაბრიელისადმი, ითხოვონ მისგან მეოხება და ხილულ და უხილავ მტერთაგან დაცვა.

- ნათლობის დროს ყოველ ადამიანს უფლისგან ეძლევა თავისი მფარველი ანგელოზი, რომელიც განუშორებლად მასთან არის. როგორ ვლინდება მფარველი ანგელოზის შემწეობა ადამიანის ცხოვრებაში და რა მაგალითებია ეკლესიის ისტორიაში ანგელოზთა საკვირველი მფარველობისა?

- მფარველი ანგელოზი ადამიანს ყოველთვის ეხმარება. იგი ხარობს, როდესაც ადამიანი უფლისთვის სათნო, კეთილ საქმეებს აკეთებს და წუხს, თუკი ადამიანი განეშორება უფალს და ბოროტებას სჩადის. მფარველი ანგელოზი ლოცულობს ჩვენთვის და მუდამ ცდილობს, კეთილი აზრები ჩაგვაგონოს. ანგელოზს გააჩნია ცხოვრების წიგნი, რომელშიც იწერს იმ კეთილ საქმეებს, რომლებიც ადამიანს აღუსრულებია. დიდი ღვთივგანბრძნობილი მამები ხედავდნენ კიდეც ანგელოზებს. გვინახავს წმინდა დავით გარეჯელის ხატი, სადაც დავითის გვერდით მასთან მოსაუბრე ანგელოზია გამოსახული.

ფსალმუნი ამბობს: "ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხნი შენნი", ანუ როგორც დედა, როცა ბავშვი სწავლობს სიარულს, თვალს ადევნებს მის ყოველ ნაბიჯს და თუ ხედავს, რომ მან შეიძლება რაიმეს წამოჰკრას ფეხი, მაშინვე აჰყავს ხელში, ამის მსგავსად ეპრყობიან ანგელოზები ადამიანებს და თუკი ისინი ბავშვივით მინდობილნი არიან ღმრთის ნებაზე, წმინდა ანგელოზები დედობრივი მზრუნველობით იცავენ მათ საცდურის ლოდზე შებრკოლებისგან. მართალ იოსებს ეჭვი შეეპარა ღმრთისმშობლის უბიწოებაში და განიზრახა მისი ფარულად გაშვება, მაგრამ ამ უსამართლობისაგან იგი იხსნა ანგელოზმა. ანგელოზები იფარავენ ჩვენი სულების სიწმინდეს და ამასთან იცავენ ჩვენს ხორციელ უსაფრთხოებასაც ხილულ და უხილავ მტერთაგან, აშკარა და ფარულ საფრთხეთაგან. ოდესღაც სირიის მეფის მიერ ელისე წინასწარმეტყველის შესაპყრობად გამოგზავნილმა მრავალრიცხოვანმა ჯარმა ალყა შემოარტყა ქალაქს, სადაც თავი შეეფარებინა წინასწარმეტყველს. მოსალოდნელი საშიშროების ხილვისას მისი მოწაფე შიშმა შეიპყრო, მაგრამ იგი დაამშვიდა მოძღვარმა, ვისი ლოცვითაც მოწაფეს აეხილა თვალები და იხილა ანგელოზთა კრებულნი, რომლებიც წინასწარმეტყველის დასაცავად ამხედრებულიყვნენ (4 მეფ. 6,17).

საგულისხმოა ასევე მაგალითი ედესის ეპისკოპოსის, ნეტარი მამის, თეოდორეს ცხოვრებიდან.

ერთხელ ნეტარმა თეოდორემ ჰკითხა ერთ წინამხედველ მესვეტეს, თუ როგორ ცნობდა და განასხვავებდა იგი მართალთა და ცოდვილთ. მესვეტემ მიუგო: "თუ ჩემს სვეტთან ჩაივლის მართალი და ღმრთისმოშიში კაცი, მე ვხედავ ღვთის მადლს და ნათელ ანგელოზებს, რომლებიც მას ორივე მხარეს მიჰყვებიან, ეშმაკები კი შორს მიდიან და ვერ ბედავენ მასთან მიახლოებას; მაგრამ თუ ჩაივლის ცოდვილი, მის გარშემო ვხედავ მოზეიმე ეშმაკთა ხროვას, მფარველი ანგელოზი კი მას მოშორებით მიჰყვება, მწუხარებს და გლოვობს მისი დაღუპვის გამო. მაგრამ როცა ეშმაკებს სურთ საბოლოოდ დაღუპონ ეს კაცი, მაშინ მოდის მფარველი ანგელოზი ცეცხლოვანი მახვილით და განდევნის მათ". ასე გვიცავენ წმინდა ანგელოზები მტრის საფრთხეთაგან. ეს ზეციური დესპანნი ზრუნავენ ადამიანების არა მარტო სულიერ გადარჩენაზე, არამედ მათ ხორციელ ჯანმრთელობაზეც. პატერიკი მოგვითხრობს, თუ როგორ განკურნა მფარველმა ანგელოზმა ერთი მეუდაბნოე, რომელიც კუჭის ძლიერი ტკივილით იტანჯებოდა. ანგელოზი ეჩვენა სნეულს და ტანჯვის მიზეზი გამოჰკითხა. შემდეგ თითით ბასრი დანის მსგავსად გაუჭრა დაავადებული ადგილი, გამოწმინდა დაგროვილი ჩირქი და მერე ხელით ჭრილობა გაუმთელა; ამგვარად განკურნა მეუდაბნოე და დაუბრუნა მას ფიზიკური სიმრთელე.

- ეკლესიაში მიღებულია ტრადიცია სადიაკვნე კარებზე მთავანგელოზების გამოსახვისა. რატომ გამოისახებიან ისინი ამ ადგილას?

- დიახ, ტაძრის ჩრდილოეთ და სამხრეთ კარებზე გამოისახებიან მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები. ეს ტრადიცია მას შემდეგ დაფუძნდა, რაც შეიქმნა კანკელი, როგორც საზღვარი ტაძრის დანარჩენ ნაწილსა და წმიდათა წმიდას შორის. ამ საზღვრის მცველები კი სწორედ მთავარანგელოზები არიან. ლიტურგიის დროს მნათე (სტიქაროსანი) სანთლით ხელში ემსახურება მღვდელმთავარს. ის ამ დროს გამოხატავს ანგელოზს, რომელიც წმინდა ტრაპეზს ემსახურება და უხილავად მონაწილეობს წირვაში. როდესაც მღვდელი აღავლენს სულიწმინდის მოწვევის ლოცვებს, ანგელოზები "უხილავად მსახურებენ" ამ დროს. ისინი ჩვენთან არიან, ლოცულობენ და ხარობენ. ჩვენ კი უნდა ვეცადოთ, შეძლებისდაგვარად, უხილავად მივემსგავსოთ მათ.

- საქართველოში საუკუნეების მანძილზე უდიდესი სიყვარული არსებობდა მთავარანგელოზების მიმართ, რისი დასტურიცაა სხვადასხვა კუთხეში მათ სახელზე აგებული არაერთი ეკლესია-მონასტერი. როგორც ვიცით, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, ახლაც შენდება მიქელ-გაბრიელის სახელზე გრანდიოზული ტაძარი დარიალის ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვართან. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის?

- მთავარანგელოზთა სახელზე აგებული ტაძრები ანგელოზთა დასთან შეხვედრის ერთგვარი საშუალებაა. როდესაც ადამიანი შედის ანგელოზების სახელზე აგებულ ტაძარში, მისი სული თითქოსდა ესაუბრება ზეციურ ძალებს და ხარობს იმით, რომ ეძლევა საშუალება ანგელოზთა სავანესთან შეხებისა. ამ დროს ჩვენთვის უცნობ და მიუწვდომელ ადგილას მყოფი ანგელოზები თითქოსდა ხელმისაწვდომნი ხდებიან ჩვენთვის, ამ მიწიერ სამყაროში მოარული ადამიანებისათვის. ეს ტაძრები იმ მადლითაა აღვსილი, რომლითაც ზეციური ძალები არიან აღჭურვილნი. რაც შეეხება დარიალის ხეობაში დაწყებულ მიქელ-გაბრიელის სახელობის ტაძრის მშენებლობას, ეს მართლაც საოცარი სანახაობა გახლავთ. იმ დიდებულ ბუნებაში, თვალუწვდენელ კლდეებშია აზვირთული ეს ვეებერთელა ტაძარი. იქ ნისლს შეიძლება ხელითაც შეეხო. ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს პირველქმნილ სამყაროში იმყოფები და ზეციურ სამყაროს ხელით ეხები. ეს ტაძარი საზღვარზე დგას, როგორც სამშობლოს სადარაჯოზე მყოფი. მწამს, რომ იგი დაიცავს საქართველოს ყოველგვარი უბედურებისაგან. ქართველ ერს გადაარჩენს ცოდვათა სიმძიმისაგან და სიწმინდის გზაზე ატარებს.

Aქართველ ხალხს ოდითგანვე დიდი სიყვარული ჰქონდა მთავარანგელოზების მიმართ. მინდა აღვნიშნო, რომ სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში შემონახულია შენგელიათა გვარის სალოცავი ხატი, რომელზეც გამოსახულნი არიან მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები. ეს ხატი დაახლოებით 400 წლის წინ შეიქმნა. იგი ვერცხლით არის მოჭედილი, ხეზეა გადაკრული და ძვირფასი თვლებითაა შემკული. ეს ხატი 400 წლის მანძილზე ინახებოდა ოჯახში. ახლაც ოჯახში ინახება, მხოლოდ მთავარანგელოზობის დღესასწაულზე მიაქვთ ეკლესიაში. ამ ხატის ასლი გავაკეთებინეთ და წმინდა პანტელეიმონის ტაძარშია დაბრძანებული.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სრულიად საქართველოს მოვულოცო მთავარანგელოზთა დღესასწაული. ზეციურ ძალთა მეოხება და მფარველობა არ მოჰკლებოდეს ქართველ მრევლს და სრულიად საქართველოს!
ბეჭდვა
1კ1