მფარველი ანგელოზი
მფარველი ანგელოზი
მფარველი ანგელოზი ადამიანს ნათლისღებისთანავე მიემადლება
სიტყვა "ანგელოზი" ნიშნავს "მაცნეს", "მახარებელს". ამ სიტყვით გამოიხატება მათი მსახურება ადამიანთა მოდგმის წინაშე. ღვთის მიერ შექმნილ სამყაროში პირველი და უმაღლესი ადგილი უკავიათ წმინდა და უსხეულო (უხორცო) ძალებს, ანუ ანგელოზებს. თუმცა ისინი ამჟამად ჩვენთვის უხილავნი არიან, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ადამიანის ცხოვრებაში.

ძველ აღთქმაში არაერთხელ მოიხსენიებიან ანგელოზები. მაგალითად, ცოდვაში ჩავარდნილი ადამიანების სამოთხიდან განდევნის შემდეგ სამოთხის კარის დარაჯად დაადგინეს ცეცხლოვანმახვილიანი ქერუბიმი (შექმნათა 3). აბრაამი გზავნიდა მსახურს ნახორთან, თან აიმედებდა, - უფალი გამოგზავნის ანგელოზს, რომელიც დაგეხმარება მგზავრობაშიო (შექმნათა 24,7).

ახალ აღთქმაშიც ბევრია ნათქვამი ანგელოზების შესახებ. ანგელოზმა ახარა ზაქარიას იოანე ნათლისმცემლის ჩასახვა, ანგელოზმა ახარა ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს, მაცხოვარი იშვებაო. ანგელოზი ეცხადებოდა სიზმარში იოსებს, ანგელოზები ისხდნენ ქრისტეს საფლავზე და უქადაგებდნენ მენელსაცხებლე დედებს აღდგომას. მრავალი ანგელოზის ხილვის შესახებ საუბრობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი თავის გამოცხადებაში.

რატომ უგზავნის ღმერთი ადამიანს მფარველ ანგელოზს, როგორ ვლინდება მფარველი ანგელოზის მონაწილეობა ჩვენს ცხოვრებაში, რამდენად გვმართებს მის მიმართ მადლიერების გამოხატვა, - ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის უფროსი მასწავლებელი, დეკანოზი გიორგი საბიაშვილი.

- როდის შეიქმნა ანგელოზთა სამყარო და რას გვიამბობს წმინდა წერილი მათ მოღვაწეობაზე?

- სარწმუნოების სიმბოლოში, რომელიც არის კრედო ჩვენი ცხოვრებისა, ვკითხულობთ: "მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა". უხილავი სამყარო ანუ ანგელოზთა სამყარო შექმნა ღმერთმა ხილული სამყაროს შექმნამდე.

სიტყვა "ანგელოზში" ბიბლია გულისხმობს განსაკუთრებული სახეობის გონიერ არსებებს. ანგელოზები გარს ახვევიან ღმერთს, ღმერთი მათი მეშვეობით მართავს ქვეყნიერებას, ეხმარება კონკრეტულ ადამიანებს და ხალხებს (მათ. 1, 10,13). ისინი ან ნამდვილი სულები არიან (ებრ. 1,14), ან აქვთ თხელი უწონო სხეული (ლუკ. 20,36; ფილიპ. 3,21). მაგრამ ვიცით, რომ მათი შესახედაობა არაა ჩვენი მსგავსი, არ გააჩნიათ სქესობრივი განსხვავება (მათე 22,30).

ბევრი მამა და მასწავლებელი ეკლესიისა გამოთქვამს აზრს, რომ ღმერთმა შექმნა ანგელოზები უფრო ადრე, ვიდრე ხილული სამყარო და როდესაც ის ქმნიდა ხილულ სამყაროს, ანგელოზები უკვე იდგნენ ღმერთის წინაშე და ემსახურებოდნენ მას.

- როგორ ხასიათდებიან ანგელოზები?

- ბუნებით ანგელოზები არიან შემოქმედებითი სულები, აქვთ გონება, ნება, ცოდნა; ემსახურებიან ღმერთს, ასრულებენ მის ნება-სურვილს და ადიდებენ. ანგელოზები არიან უსხეულონი და უხორცონი, რადგან ეკუთვნიან უხილავ სამყაროს.

თუმცა წმინდა იოანე დამასკელი ამბობს, რომ ანგელოზი მხოლოდ ჩვენთან მიმართებით არის უხორცო და არამატერიალური, თორემ ღმერთთან მიმართებაში ისიც მატერიალურია, მხოლოდ ღმერთი არის სავსებით არამატერიალური და უსხეულო.

ანგელოზები არიან ერთადერთი სრულყოფილი სულები, ამიტომ ბევრად აღემატებიან ადამიანს სულიერი ძალებით. როგორც უსხეულონი, ნაკლებად არიან დამოკიდებული დროსა და სივრცეზე, ვიდრე ადამიანი. ისინი უსწრაფესად ფარავენ სივრცეს და მიდიან იქ, სადაც მათ ღვთის ნებით უნდა იმოქმედონ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი პირდაპირი გაგებით ყველგან მყოფნი არიან. ყველგან მყოფი და ყველგან მსუფევი მხოლოდ ღმერთია. წმინდა წერილი მათ შესახებ გვეუბნება: ისინი ხან ჩამოდიან ციდან მიწაზე, ხან ადიან მიწიდან ცისკენ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ერთსა და იმავე დროს არ შეუძლიათ იყვნენ როგორც ცაში, ისე დედამიწაზე.

ანგელოზები არიან უკვდავნი, ამას გვასწავლის საღმრთო წერილი, საიდანაც ვიგებთ, რომ მათ სიკვდილი არ შეუძლიათ (ლუკა 20,36). თუმცა ეს უკვდავება არ არის ღვთიური უკვდავება, თვითმყოფადი და უცილობელი, არამედ ის, ისევე როგორც უკვდავება ადამიანთა სულებისა, მთლიანად დამოკიდებულია ღვთის მოწყალებასა და ნება-სურვილზე.

ისინი ძლევამოსილებითა და ძალით აღემატებიან ყველა ქვეყნიურ ქმნილებას.

თუმცა აღმატებული ხარისხის მიუხედავად, მათ არ აქვთ ცოდნა მომავლის შესახებ, ღვთის ნების გარეშე თავისთავად არ შეუძლიათ სასწაულების მოხდენა.

იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადებაში" ლაპარაკია იმ ანგელოზებზე, რომელთაც ღვთის ნების თანახმად შეუძლიათ მართონ ზოგიერთი სტიქიური მოვლენა.

"ანგელოზები არ განიცდიან ცვლილებებს. მათ შორის არ არის არც ყრმა, არც ყმაწვილი, არც მოხუცი, ისინი მუდმივად რჩებიან იმ მდგომარეობაში, რა მდგომაროებაშიც შეიქმნენ. მათი შემადგენლობა სუფთად და უცვლელად არის შენარჩუნებული", - ამბობს წმინდა ბასილი დიდი.

ანგელოზებს უხარიათ ადამიანის სულიერი წარმატება, ამიტომ ღვთის სურვილით აღავსებენ მას ისეთი სიხარულითა და მფარველობით, რომელიც ცხოვრების გზაზე მუდმივად დაიცავს, რათა მშვიდობით და უხიფათოდ მიაღწიოს საუკუნო განსასვენებელს.

ის ანგელოზები, რომლებიც ადამიანის მოდგმასთან უფრო ახლოს არიან საღვთო წერილში წარმოდგენილნი არიან როგორც ღვთის ნების მაცნენი, ადამიანთა სულების განმგებელნი და მაცხოვნებელნი.

ანგელოზები არა მარტო ხოტბას აღუვლენენ ღვთის დიდებას, არამედ ემსახურებიან მას ხილული სამყაროს მართვაში. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: "ერთნი წარმოდგენილნი არიან ღმერთთან, მეორენი - თავიანთი მოქმედებით შველიან სამყაროს".

გარდა ამისა, ანგელოზების დანიშნულება არის სიწმინდე და სიწმინდეში ყოფნა.

- ანგელოზთა რამდენი დასია სამყაროში?

- მართლმადიდებელი ეკლესია ითვალისწინებს ძველ საეკლესიო მოღვაწეთა მოსაზრებებს, კერძოდ, დიონისე არეოპაგელის თხზულებას "ზეციური იერარქიის შესახებ" და ანგელოზთა სამყაროს ყოფს ცხრა დასად, რომელიც, თავის მხრივ, სამ იერარქიულ საფეხურადაა წარმოდგენილი.

პირველ იერარქიაში არიან ღმერთთან უფრო ახლოს მყოფი ანგელოზები: საყდარნი, ქერუბიმები და სერაფიმები.

მეორე (საშუალო) იერარქიაში არიან: ხელმწიფებანი, უფლებანი, ძალნი.

მესამე, ადამიანებთან უფრო ახლოს მდგომნი: ანგელოზები, მთავარანგელოზები, მთავრობანი.

ზოგიერთი ეკლესიის მამა ფიქრობს, რომ ანგელოზების ცხრა დასად დაყოფა მოიცავს მხოლოდ იმ ანგელოზთა სახელებს, რომლებიც გამოცხადებულია ღვთის სიტყვაში, მაგრამ არ მოიცავს სხვებს, რომელთა სახელებიც ჩვენთვის არ არის ცნობილი და მხოლოდ განცხადდებიან მომავალ იმქვეყნიურ ცხოვრებაში. ამ აზრს იზიარებენ: წმინდა იოანე ოქროპირი, ნეტარი თეოდორიტე, წმინდა თეოფილაქტე.

საზოგადოდ, ეკლესიის ძველი მამები მიიჩნევდნენ, რომ სწავლება ზეციური იერარქიის შესახებ საიდუმლოებით არის მოცული. "სულ რამდენი რანგია ზეციური იერარქიისა, - მსჯელობს წმინდა დიონისე არეოპაგელი, - როგორნი არიან და რანაირად ასრულებენ საიდუმლოებებს, - ზუსტად იცის მხოლოდ ღმერთმა, მათი იერარქიისა და ყოფიერების მიზეზმა".

მას ეთანხმება ნეტარი ავგუსტინე: "ზეციურ სამყაროში არიან საყდარნი, უფლებანი, მთავრობანი, ხელმწიფებანი - ურყევად მჯერა და რომ ერთმანეთისგან განირჩევიან, ასევე მწამს, მაგრამ როგორები არიან ისინი და რით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან - არ ვიცი".

წმინდა წერილში ზოგიერთ ანგელოზს ეძლევა საკუთარი სახელი: მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი, ურიელი, სალაფიელი. გადმოცემის მიხედვით, კიდევ ორ ანგელოზს ეძლევა სახელი: იეგუდიელი და ვარახიელი. ეს სახელები არ გვხვდება საღვთო წერილში. ეზდრას მესამე წიგნში მოიხსენიება კიდევ ერთი ანგელოზი - იერომიელი.

- რომელ ანგელოზს რა კურთხევა აქვს მიცემული ღმერთისგან?

- ამის შესახებ ცნობა მოგვცა დიონისე არეოპაგელმა.

მთავარანგელოზი მიქაელი: - მძლეველი ყველა მტრული ძალისა. მფარველი ყოველგვარი უბედურების, მწუხარების და ბოროტი ცოდვებისგან.

KARIBCHE

მთავარანგელოზი გაბრიელი: - სიმაგრე ღვთისა და კეთილი მაცნე ღმერთის საიდუმლოსი.

მთავარანგელოზი რაფაელი: - სენთაგან მკურნალი და გზაზე დამყენებელი.

მთავარანგელოზი ურიელი: - აღმძვრელი ლოცვების სურვილისა და განმანათლებელი უცოდინართა.

მთავარანგელოზი იეგუდიელი: - მფარველი მგზავრობისას, გაჭირვებულთა დამხმარე.

მთავარანგელოზი ვარახიელი: - მიმცემი და შუამავალი ღმერთის სიკეთისა და მფარველი სულიერი და ხორციელი სიწმინდისა.

მთავარანგელოზი სელაფიელი: - მკურნალი ამაკანკალებელი ავადმყოფობისა (მალარია, ეპილეფსია) და ღმერთთან მლოცველი ხალხისთვის.

მთავარანგელოზი იერომიელი: - ღმერთისადმი სიყვარულის გამღვიძებელი.

მთავარანგელოზი ტაქნიელი: - დამხმარე და დამცველი უბედურებისა და თავდასხმისგან.

- რამდენია ანგელოზთა რაოდენობა უხილავ სამყაროში?

- წმინდა წერილის მიხედვით, ანგელოზთა რიცხვი ძალიან დიდია. წინასწარმეტყველმა დანიელმა გამოცხადებაში ნახა: "მოედინებოდა ცეცხლოვანი მდინარე და მის წინ გამოდიოდა, ათასის ათასნი ემსახურებოდნენ მას და ბევრის ბევრნი იდგნენ მის წინაშე". ციურ ანგელოზთა დიდძალი ლაშქარი ადიდებდა ღმერთს მაცხოვრის დაბადების გამო: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ლუკა 2,14).

წმინდა კირილე იერუსალიმელი ამბობს: "წარმოიდგინე, რამდენად ბევრნი არიან რომაელნი; წარმოიდგინე, რამდენად ბევრნი არიან სხვა ხალხნი და რამდენი მათგანი დაიღუპა ბოლო ასი წლის განმავლობაში; წარმოიდგინე, რამდენი დაიკრძალა ბოლო ათასწლეულში; წარმოიდგინე ხალხი ადამიდან მოყოლებული დღემდე; უამრავია მათი რიცხვი, მაგრამ ეს კიდევ ნაკლებია ანგელოზთა რიცხვზე, რომელნიც გაცილებით მეტნი არიან..."

წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "ღმერთმა ანგელოზები და მთავარანგელოზები, ყველანი ერთდროულად შექმნა და ისინი ისე ბევრნი არიან, რომ აჭარბებენ ყოველგვარ რიცხვს".

- რატომ უგზავნის ღმერთი ადამიანს მფარველ ანგელოზს?

- ქრისტიანობა არის აბსოლუტური სიყვარულის რელიგია. ეს არის რელიგია უხვი ღვთაებრივი ენერგიისა და მარადიული სიხარულისა. აი, ამ სიყვარულს, ენერგიასა და მუდმივ სიხარულს უწოდა წმინდა მოციქულმა და მახარებელმა იოანე ღვთისმეტყველმა "სიყვარული". მან პირდაპირ თქვა საოცარი სიტყვები: "ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია" (იოანე 4,8).

KARIBCHEღმერთს, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარს თავის მიერ შექმნილი ადამიანი, არ შეუძლია მიატოვოს იგი მფარველი ანგელოზის გარეშე. ანგელოზი ხომ ადამიანს იფარავს ყოველგვარი განსაცდელისგან.

- როდის იწყება მფარველი ანგელოზის მსახურება და როდემდე გრძელდება?

- მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, მფარველი ანგელოზის მსახურება იწყება ნათლისღების შემდეგ და გრძელდება ადამიანის გარდაცვალებამდე.

- მფარველი ანგელოზი ყველაზე ახლოს დგას ადამიანთან. როდის გრძნობს კაცი მის არსებობას?

- მორწმუნე ყოველთვის გრძნობს მფარველი ანგელოზის სიახლოვეს. მაგალითად, დიდი სიხარულის დროს, ასევე ხიფათის აცილებისას; უბედურებისა და მწუხარების დროს კი მისგან ნუგეშისცემას გრძნობს. მთავარია, გვწამდეს, გვჯეროდეს და გვქონდეს მისი მფარველობის განცდა.

- შეიძლება თუ არა მიგვატოვოს მფარველმა ანგელოზმა? როდის ხდება ეს, რა შემთხვევაში?

- მართლმადიდებელ ეკლესიას სწამს, რომ ყოველ ნათელღებულ ადამიანს ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი, თუ ის თავისი უწმინდური და ცოდვილი ცხოვრებით თვითონ არ განიშორა. უფალმა იესო ქრისტემ თქვა: "შეხედეთ, აბუჩად არ აიგდოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი, გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში ყოველთვის ხედავენ ჩემი ზეციური მამის სახეს" (მათე 18,10).

რატომ გვესმის ასე ცოტა ანგელოზთა დახმარების შესახებ და თუ გვესმის, არ გვჯერა, ნუთუ არ არიან ჩვენთან ანგელოზები? სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ან ვერ ვამჩნევთ მათ, ან ჩვენი ცოდვიანი ცხოვრების წესით (ულოცველობით, ურწმუნოებით, უზნეობით) განვაშორებთ მათ ჩვენგან.

მოსკოვისა და კოლომნის მიტროპოლიტი ფილარეტი ამბობს: "თუკი ჩვენ განვეშორებით იმ ადამიანებს, რომელთა მიდრეკილებანი საპირისპიროა ჩვენი მიდრეკილებებისა, თუ მოძღვარი ხელს აიღებს თავის მოწაფეზე, რომელიც ყურს არ უგდებს მის რჩევა-დარიგებებს, ან თუნდაც მშობელი განიშორებს ურჩ შვილს, როგორ არ განგვშორდნენ ჩვენ წმინდა ანგელოზები, თუკი ყურს არ ვუგდებთ მათ მოწოდებებს და ჩვენთვის მათ მსახურებას უნაყოფოს ვხდით? როგორ არ დაგვშორდნენ ზეციური ძალნი, როდესაც ჩვენ მარტო ამქვეყნიური ცხოვრებით ვცხოვრობთ? როგორ არ განგვშორდნენ სუფთა სულები, როდესაც ჩვენ უწმინდურად ვცხოვრობთ? როგორ არ განგვშორდნენ ღმერთის ანგელოზები, როდესაც ჩვენი ფიქრები და სურვილები გამუდმებით უკავშირდება არა ღმერთს და იესო ქრისტეს, არამედ მიწიერ სამყაროს და საკუთარ თავს?"

წმინდა ბასილი დიდი ამბობს: "ყოველი სული, რომელიც დარჩება მფარველი ანგელოზის გარეშე, მიეცემა ყაჩაღთაგან გაძარცვასა და გათელვას".

- რატომ ვერ ვხედავთ ჩვენ, უბრალო მოკვდავნი, მფარველ ანგელოზს და რატომ ხედავენ მას წმინდანები ან ბავშვები? როდის ვნახავთ მას ჩვენ?

- წმინდა იოანე დამასკელი ამბობს: როდესაც ანგელოზები ღვთის ნების თანახმად ევლინებიან ღირსეულ ადამიანებს, ისინი ეცხადებიან არა ისეთებად, როგორებიც სინამდვილეში არიან, არამედ სახეშეცვლილნი, რათა ხორციელმა ადამიანებმა შეძლონ მათი დანახვა. წმინდანები და ბავშვები უცოდველნი არიან და ამიტომ ხედავენ ისინი ანგელოზებს.

ადამიანი გარდაცვალების შემდეგ ნახავს არა მარტო თავის მფარველ ანგელოზს, არამედ ყველა ანგელოზს და თვით ღმერთსაც.

- ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ კაცი ზრდასრული უნდა მოინათლოს ანუ თვითონ უნდა აირჩიოს რელიგია, რადგანაც მიაჩნიათ, რომ მცირეწლოვანი ინათლება მისი ნება-სურვილის გაუთვალისწინებლად, ეს პიროვნების თავისუფალი ნების შელახვაა. მაგრამ რამდენად გამართლებულია, მშობელმა შვილი მოწიფულობის ასაკამდე მფარველი ანგელოზის გარეშე დატოვოს?

- წმინდა ანასტასი სინელი ამბობს: მათ, რომელთაც მიიღეს წმინდა ნათლისღების საიდუმლო, ღვთისგან მინიჭებული ჰყავთ ანგელოზები, რომელთაც ახალნათელღებულთა მზრუნველობა და მფარველობა ევალებათ... ამაში გვარწმუნებს უფალი, როცა ამბობს, - ყველას, ვისაც სწამს მისი, ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი.

მშობელი ვალდებულია, ახალშობილი მონათლოს, რათა ეს უსუსური, უმწეო არსება არ დატოვოს მფარველი ანგელოზის გარეშე, ილოცოს მისთვის, აზიაროს იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს. თუ ჩვენ ბავშვს აღვზრდით ქრისტიანულად, მამა-პაპათა ტრადიციების ერთგულად, მას არ გაუჩნდება სურვილი, შეიცვალოს რელიგია (ისე, ადამიანი ნუ გადაგვარდება ზედმეტი თავისუფლებით, თორემ რელიგიას კი არა, ეროვნებასაც იცვლის და სქესსაც კი).

- მშობლები ახალშობილს სახელს ურჩევენ. რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ამა თუ იმ წმინდანის სახელის დარქმევა და ჩვენი მოსახელე წმინდანები რამდენად შეგვეწევიან ცხოვრების გზაზე?

- ყოველდღიურად მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს რამდენიმე წმინდანს, ვისი ხსენებაც არის იმ დღეს. წინათ ახალშობილს არქმევდნენ იმ წმინდანის სახელს, რომლის ხსენების დღესაც იბადებოდა. სამწუხაროდ, ეს ტრადიცია დაიკარგა, თუმცა მშობლები ახლაც ცდილობენ ქრისტიანული სახელის შერჩევას შვილისთვის. ახალშობილისთვის ამა თუ იმ წმინდანის სახელის დარქმევა მნიშვნელოვანია. სახელის შერჩევაში მშობლებს თანაბარი უფლებები აქვთ, მაგრამ თუ ვერ შეთანხმდებიან, მაშინ ბოლო სიტყვა დედას ეკუთვნის, რომელმაც შვა ჩვილი. ჩვენი მოსახელე წმინდანები ჩვენი მეგზურები ხდებიან უფლისკენ სავალ გზაზე.

- მფარველი ანგელოზის კეთილისმყოფელი გავლენა განსაკუთრებით ჩვენი ცხოვრების კრიტიკულ წუთებში (ხიფათის, განსაცდელის დროს) ვლინდება...

- სამარადისო ლოცვაში მფარველი ანგელოზისადმი ვკითხულობთ: "წმიდაო ანგელოზო, რომელი ზედა-ადგ ჭირვეულსა სულსა ჩემსა და გლახაკსა ცხოვრებასა ჩემსა, ნუ დამაგდებ მე ცოდვილსა, ნუცა განმეშორები ჩემგან ბილწებათა ჩემთათვის... უპყარ ხელი დავრდომილსა და შეურაცხსა სულსა ჩემსა, და მიძღოდე მე გზათა ცხოვრებისათა... და დამიცევ მე განსაცდელისაგან და მზაკვრებათა წინააღმდგომისათა... და მეოხ იყავ ჩემთვის ღმრთისა მიმართ..."

ადამიანს ცხოვრებაში ხშირად უდგება რთული პერიოდები, როდესაც მართლაცდა სიკვდილისთვის თვალებში ჩაგვიხედავს. ზემოხსენებული ლოცვის კეთილისმყოფელი გავლენა სწორედ ამ დროს ვლინდება, როდესაც ჩვენთანაა მფარველი ანგელოზი და ცდილობს, აგვარიდოს ამა თუ იმ განსაცდელს.

- დილის ლოცვებში წერია ლოცვა მფარველი ანგელოზის მიმართ და ასევე იმ წმინდანის მიმართ, ვის სახელსაც ვატარებთ. და მაინც, რა განსხვავებაა მფარველი ანგელოზის მეოხებასა და ჩვენი მოსახელე წმინდანის მეოხებას შორის?

- ამ ლოცვების დილით კითხვა მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენ გვჭირდება როგორც ერთის, ისე მეორის მეოხება და შუამდგომლობა ღვთის წინაშე. მათი მეოხება და შეწევნა ადამიანისთვის ერთნაირია, თანაბრად ღირებულია. განსხვავება თვითონ მათშია. ანგელოზებს ღვთის მიერ შექმნილ სამყაროში უმაღლესი ადგილი უკავიათ და არიან უხორცონი, ხოლო ჩვენი მოსახელე წმინდანი ადამიანად არის დაბადებული და თავისი სათნო ცხოვრების ან მოწამებრივი თავგანწირვის გამო ქრისტიანული ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული.

- რით განვარისხებთ მფარველ ანგელოზს?

- ჩვენი ცოდვებით, უწესო, უზნეო და უდარდელი ცხოვრებით; ეკლესიაში წაუსვლელობით, მარხვის გატეხით, უზიარებლობით, ულოცველობით, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მქონე მცნებების დარღვევით (მხედველობაში მაქვს მოსეს მიერ სინას მთაზე მიღებული ათი მცნება, რომელიც არის ადამიანის დედამიწაზე ცხოვრების მორალური კოდექსი).

- როგორც ვიცით, არსებობს ჭერის (ფუძის), ქალაქის, ერის, წმინდა ტრაპეზის მფარველი ანგელოზი. როგორ ვლინდება მათი მონაწილეობა (მფარველობა)?

- წმინდა ბასილი დიდი ამბობს: "ერთნი დადგენილნი არიან ხალხების სამართავად, მეორენი - მართლმორწმუნეთა მუდმივ თანამგზავრებად. მაგრამ რამდენადაც ერი უპირატესია ერთ ადამიანზე, ამდენადვე ერის მფარველი ანგელოზის ღირსება მეტია იმ ანგელოზის ღირსებაზე, რომელსაც ერთი ადამიანის სული აქვს ჩაბარებული".

წინასწარმეტყველი დანიელის ხილვის თანახმად, არიან ანგელოზები, რომელთაც ევალებათ ქვეყნად არსებული სახელმწიფოებისა და მათი ხალხის თვალ-ყურის დევნება (დანიელი 10,11,12; 20,21; 4,10,14,20).

წმინდა იოანე დამასკელი ამბობს: "ანგელოზები დარაჯობენ დედამიწის ნაწილებს, მართავენ ხალხებს და მათ ტერიტორიებს, როგორადაც დადგენილნი არიან შემოქმედის მიერ". წმინდა ამბროსი მედიოლანელი დარწმუნებულია, რომ განსაკუთრებული ანგელოზი მფარველობს ყოველ ეკლესიას.

"ამბა ლეონტიმ მოგვითხრო: ერთ კვირა დღეს მივედი ეკლესიაში წმინდა საიდუმლოს მისაღებად. დავინახე ანგელოზი, რომელიც იდგა ტრაპეზის მარჯვენა მხარეს. შევშინდი და კელიაში დავბრუნდი. მომესმა: მას შემდეგ, რაც აკურთხეს ეს ტრაპეზი, მე მაქვს კურთხევა, აქ ვიმყოფებოდეო", - წერს ნეტარი იოანე მოსხი.

- როგორ გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება მფარველი ანგელოზის მიმართ?

- პირველ რიგში - მის მიმართ ლოცვით. უნდა ვაკეთოთ სიყვარულითა და სიკეთით აღსავსე საქმეები. ვეცადოთ ვიცხოვროთ ეკლესიურად და ვიყოთ უფალთან.
ბეჭდვა
1კ1