მთავარანგელოზმა გაბრიელმა ძველი აღთქმის კაცობრიობას ძე ღვთისას განხორციელება აუწყა
მთავარანგელოზმა გაბრიელმა ძველი აღთქმის კაცობრიობას ძე ღვთისას განხორციელება აუწყა
მთავარანგელოზი გაბრიელი უფალმა გამოარჩია, რათა ყოვლადწმიდა ქალწულისათვის და მასთან ერთად მთელი ქვეყნიერებისთვის ეხარებინა ძე ღვთისას განხორციელება; ამიტომ ხარების დღესასწაულის მეორე დღეს ეკლესია განადიდებს უფალს და თაყვანს სცემს მის კეთილ მაცნეს - მთავარანგელოზ გაბრიელს.

მთავარანგელოზმა გაბრიელმა ძველი აღთქმის კაცობრიობას ძე ღვთისას განხორციელება აუწყა, მოსე წინასწარმეტყველს შესაქმის დაწერა შთააგონა, დანიელ წინასწარმეტყველს გაუცხადა ებრაელი ხალხის მომავალი. ეცხადებოდა მართალ ანას და ახარებდა ყოვლადწმიდა ქალწულის შობას. მოუშორებლად ახლდა ყრმა მარიამს იერუსალიმის ტაძარში. გაბრიელ მთავარანგელოზი გამოეცხადა მღვდელმთავარ ზაქარიას და უწინასწარმეტყველა უფლის წინამორბედის - იოანე ნათლისმცემლის შობა. უფალმა გაბრიელი გაუგზავნა დურგალ იოსებს და აუწყა ყოვლადწმიდა მარიამის მიერ ძე ღვთისას შობა, გააფრთხილა ჰეროდეს მზაკვრობაზე და უბრძანა, ეგვიპტეში გაქცეულიყო ყრმა მაცხოვართან და ღვთისმშობელთან ერთად. როდესაც მაცხოვარი გეთსიმანიის ბაღში ლოცულობდა, ეკლესიის სწავლებით, მამა ღმერთმა გაბრიელ მთავარანგელოზი გამოუგზავნა განსაძლიერებლად. მთავარანგელოზ გაბრიელისგან გაიგეს მენელსაცხებლე დედებმა უფლის ბრწყინვალე აღდგომა.

მართლმადიდებელი ეკლესია თავის შვილებს მოუწოდებს, სარწმუნოებით ილოცონ მთავარანგელოზ გაბრიელისადმი, ითხოვონ მისგან მეოხება და ხილულ და უხილავ მტერთაგან დაცვა.

წმინდა დიონისე არეოპაგელის სწავლებით, ანგელოზთა ზენა დასთა წევრები უშუალოდ არასოდეს ეცხადებიან ადამიანებს, არამედ მათი ყველაზე ქვემორე, მეცხრე დასის წევრების, ანუ საკუთრივ ანგელოზების, მეშვეობით უკავშირდებიან კაცთა შორის განწმენდილ პირებს. ისმის კითხვა, თუ რომელ დასს ეკუთვნიან მთავარანგელოზებად სახელდებული მიქაელი და გაბრიელი. ამასთან დაკავშირებით შესაძლებელია სამი აზრის დაშვება:

პირველი - მიქაელი და გაბრიელი ეკუთვნიან "მთავარანგელოზთა" დასს (ზემოდან მერვეს) და პიროვნულად თვითონ გამოეცხადნენ დანიელსა და ყოვლადწმიდა მარიამს (უფრო ადრე კი ზაქარიას). ასეთ შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ, რომ "მთავარანგელოზთა" დასის წევრებიც, იშვიათ შემთხევაში, უფლებამოსილნი არიან, პიროვნულად მოევლინონ წმინდა ადამიანებს ("ანგელოზთა" დასის შუამავლობის გარეშე).

მეორე - მიქაელი და გაბრიელი ეკუთვნიან "მთავარანგელოზთა" დასს, მაგრამ პიროვნულად თვით ისინი არ გამოსცხადებიან დანიელსა და ყოვლადწმიდა მარიამს (ან ზაქარიას), არამედ მათთან უშუალოდ მივლინებულნი, ანუ საღმრთო უწყების უშუალოდ, პიროვნულად გადამცემნი, ე.ი. დავალების შემსრულებელნი, უნდა ყოფილიყვნენ საკუთრივ "ანგელოზთა" დასის (ზემოდან მეცხრის) წევრები; მათ გამოცხადებას მაინც მიქაელისა და გაბრიელის გამოცხადებანი ეწოდა, რადგანაც ეს ენგელოზები მხოლოდ იმას ამცნობდნენ დანიელსა და ყოვლადწმიდა მარიამს და ზაქარიას, რაც სწორედ მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზებმა გადასცეს მათ, ანუ ხსენებული ანგელოზები მათ წინაშე ლაპარაკობდნენ მიქაელისა და გაბრიელის პირით, წარმოადგენდნენ მიქაელისა და გაბრიელის პირს, განასახიერებდნენ მიქაელსა და გაბრიელს.

მესამე - მიქაელი და გაბრიელი ეკუთვნიან არა "მთავარანგელოზთა" დასს (ზემოდან მერვეს), არამედ "ანგელოზთა" დასს (ზემოდან მეცხრეს), მაგრამ "მთავარანგელოზებად" იმიტომ არ იწოდებიან, რომ "ანგელოზთა" დასში მათი უპირატესობა წარმოჩნდეს. წმინდა დიონისე გვასწავლის, რომ ყოველ დასში (ცხრავეში) არიან უპირატესნი და უდარესნი, ამიტომ მიქაელსა და გაბრიელს მთავარანგელოზები შეიძლება ეწოდოთ არა აუცილებლად დასობრივი გაგებით (რომ ისინი "მთავარანგელოზთა" დასს ეკუთვნიან), არამედ საკუთრივ "ანგელოზთა" დასში (ზემოდან მეცხრეში) მათი გამორჩეული ღირსების წარმოსაჩენად (რომ ისინი თავისი დასის სხვა წევრებზე უპირატესნი არიან). სხვაგვარად, სიტყვა "მთავარანგელოზი" მიქაელისა და გაბრიელისადმი ითქმის არა კერძოობითი, ნომენკლატურული ანუ დასობრივი შინაარსით, არამედ - ზოგადი აზრით, ეპითეტურად, აქსიომატურად ანუ ღირსებითად (რომ ისინი თავის დასში "მთავრობენ" სხვა "ანგელოზებს").

რაც შეეხება მეორე და მესამე აზრს, არეოპაგეტული სწავლების მიხედვით, ორივე მათგანი თანაბრად შესაძლებელია, თუმცა საეკლესიო ტრადიციაში შეიმჩნევა გადახრა მესამე თვალსაზრისისკენ.

ანგელოზთა დასები:

1. სერაფიმნი; 2. ქერუბიმნი; 3. საყდარნი; 4. უფლებანი; 5. ძალნი; 6. ხელმწიფებანი; 7. მთავრობანი; 8. მთავარანგელოზნი; 9. ანგელოზნი.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1