მთავარანგელოზი მიქაელი - მცველი მეფისა.
მთავარანგელოზი მიქაელი - მცველი მეფისა.
წმინდა მეფე დავით აღმაშენებელმა ერთხელ ქართლში რომელიღაც ციხეს ალყა შემოარტყა. შუადღისას თავისი კარვის წინ გამოვიდა მეფე, მხოლოდ პერანგით იყო მოსილი. ვიღაცამ ციხიდან ისარი ესროლა, რომელიც გულზე დაკიდებულ მთავარანგელოზის ოქროს ხატს მოხვდა და ღმრთის ძალით მეფე ცოცხალი გადარჩა. წმინდა მთავარანგელოზი "გადაეფარა" ზეციური მეუფის მოსავ ქართველთა მეფეს და დაიხსნა სიკვდილისაგან.
......................
წმინდა კეთილმსახური მეფის თამარის ურიცხვი გამარჯვებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავი ბასიანის ბრძოლაში მოპოვებული ბრწყინვალე ძლევაა.
ცხადია, ბასიანის ბრძოლაში გამარჯვებას მხოლოდ ქართველთა სამხედრო ძლიერება არ განაპირობებდა. ჩვენ ღმერთი გვწყალობდა. ყოვლისმპყრობელი და ყოვლისშემძლე უფლის ზრუნვა სასწაულებით გამოვლინდა.
"ქართლის ცხოვრება" მოგვითხრობს: ბრძოლისას ქართველებს ძალზე გასჭირვებიათ. მაშინ ევლოგი სალოსს, "წინაშე თამარისა მწირველს", სამგზის აღუპყრია ხელი ზეცად და მიწაზე დამხობილა. შემდეგ ისევ აღმართულა და ღვთისთვის მადლობა შეუწირავს. როდესაც ამგვარი საქციელის მიზეზი უკითხავთ, უპასუხია: "რაჟამს დავეცემოდი, კნინღა მიდრკენღა სპანი ჩვენნი, ხოლო აღვხლტი რა, მოსცა ღმერთმან ძლევა სპათა ჩვენთა".
წმინდა მეფე თამარის სახელს კიდევ ერთი სასწაული უკავშირდება. ერთ-ერთი დატყვევებული სულთანი თამარს თავისთან უხმია, ის კი მის ფერხთით დაცემულა _ გველივით იკლაკნებოდა და ხმას ვეღარ იღებდა. გონს რომ მოსულა, უთქვამს:
-რომელი არს თავსა ზედა თამარისასა, მან ჰყო ძლევა ესე ჩვენ ზედა და აწცა შევშინდი მის მიერ.
მემატიანე დასძენს: "ხოლო ჟამსა მას იყო ხატი მთავარანგელოზისა მიქაელისა თავსა თამარისასა მკიდარე".
ასე შეიტყვეს ქართველებმა, რომ ფიცხელ ბრძოლაში მთავარანგელოზი მიქაელი შესწევიათ. მართალია, თავად ვერ ხედავდნენ განცხადებულად, მაგრამ, სამაგიეროდ, მისი ხილვით ზარდაცემული მტერი შედრკა და დაუძლურდა.
.........................
ეს ამბავი ოპტის მონასტრის მოძღვარმა წმ. იოსებმა 1909 წელს უამბო სულიერ შვილს: - შარშანწინ ჩემთან ახალგაზრდა კაცმა მოინანია, რომ რევოლუციონერებს შორის წილისყრის მერე, მეფის მოკვლა მას ხვდა. "მკვლელობის წინაღამე ნერვიულობით თეთრად გავათენე, - ამბობდა იგი, - დილით ჩამთვლიმა... ვხედავ, მეფეს. დანა მოვიმარჯვე და მივუახლოვდი. უცებ ჩვენ შორის ციდან ელვასავით ჩამოეშვა წმინდა მთავარანგელოზი მიქაელი, თავისი ცეცხლოვანი მახვილით. მის წინაშე შეშინებული დავემხე. გამომეღვიძა და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი იმ ქალაქიდან. ახლა ვიმალები. ვიცი, მომაგნებენ და მომკლავენ, მაგრამ ათასჯერ სიკვდილი მირჩევნია, გაბრაზებული მთავარანგელოზის ნახვასო".
ბეჭდვა
1კ1