წმინდა მთავარანგელოზი ურიელი და ეზდრა წინასწარმატყველი
წმინდა მთავარანგელოზი ურიელი და ეზდრა წინასწარმატყველი
საეკლესიო გადმოცემით, წმინდა მთავარანგელოზი ურიელი ადამის დაცემის მერე ღმერთმა სამოთხის მცველად დაადგინა. მამათა სწავლებით, მთავარანგელოზი, როგორც საღვთო ცეცხლის ბრწყინვალება, არის განმანათლებელი ურწმუნოთა და გონებადაბნეულთა.

ქრისტეშობამდე V საუკუნეში გამოეცხადა იგი ღვთის¬მოშიშ და განსწავლულ მღვდელს ეზდრას, რათა ეთქვა, თუ როგორი იქნებოდა ამ სამყაროს აღსასრულის ნიშნები. "ამ ნიშნების თქმის უფლება მომეცა, - ბრძანა მთავარანგელოზმა, - თუ კიდევ ილოცებ, იტირებ, როგორც ახლა და შვიდი დღე იმარხულებ, უფრო მეტს გაიგებ".

ყოველი ღამის საუბრის მერე მთავარანგელოზი ახსენებდა მღვდელს: "განუწყვეტლივ ევედრე ზენაარს და მე კვლავ მოვალ შენთან სასაუბროდო" (III ეზდრა 9,25). იგი გახლავთ მცველი სამყაროს საიდუმლოთა. ერთხელ უთხრა ეზდრას: "ამ წუთისოფელს ჩასწვდა შენი გული და ახლა უზენაესის გზის შემეცნებას ფიქრობ?.. სამი გზის საჩვენებლად ვარ შენთან გამოგზავნილი და სამ მსგავსებას დაგიდებ წინ. თუ მათგან ერთზე მაუწყებ რასმე, გიჩვენებ გზას, რომლის ხილვა გსურს და გასწავლი, საიდან არის ბოროტი გული".

საოცარია მთავარანგელოზ ურიელის მიერ ეზდრასთვის ნათქვამი სიტყვები: "რაც მეტს გამოიძიებ, მით გაოცდები, რადგან სწრაფად გადის ეს წუთისოფელი. ძნელად თუ აღსრულდება, რაც მომავალში მართალთათვის არის აღთქმული, რადგან წუთისოფელი უსამართლობით და უმტკიცობით არის სავსე... ამიტომ თუ არ აღიგავა ადგილი, სადაც ბოროტებაა დათესილი, არ მოგევლინება ადგილი, სადაც სიკეთეა დათესილი".

ბეჭდვა
1კ1