მთავარანგელოზი რაფაელი და წმინდა მაკარი რომაელი
მთავარანგელოზი რაფაელი და წმინდა მაკარი რომაელი
წმინდა მაკარი რომაელი წარმოშობით მეფის დიდებულის ვაჟი იყო. მშობლებმა დაქორწინება აიძულეს და ქორწინების ღამეს შინიდან გაიქცა.

უდაბნოში ხეტიალისას ერთ მამას შეხვდა. "სად მიდიხარ, მამაო?" - ჰკითხა ვაჟმა. "იქ, სადაც შენ", - უპასუხა ბერმა. ერთად გაუყვნენ გზას. დიდხანს იარეს უდაბნოში და დანიშნულების ადგილს მიაღწიეს. უცნობი მამა გაუჩინარდა. მაკარიმ ტირილი და ვაება იწყო. უეცრად ის მამა კვლავ გამოეცხადა და უთხრა:

- მე მთავარანგელოზი რაფაელი ვარ. ადიდე ღმერთი, რამდენადაც შენ განვლე პირქუში ადგილნი და ნათელ მიწაზე გახვედიო!

მთავარანგელოზი კვლავ უჩინო შეიქნა. ხუთი დღის სიარულის შემდეგ მაკარიმ ერთი მღვიმე მოძებნა მოსაგრეობისთვის. გავიდა წლები. მამა მაკარი ერთიანად გათეთრდა. წვერი მუხლამდე სცემდა.

ერთხელ ის სიძვის ეშმაკმა გამოსცადა. ბერი მალევე მიხვდა თავის შეცდომას და მწარედ მოინანია. გადაწყვიტა,

მღვიმიდან წასულიყო. მთავარანგელოზი რაფაელი გამოეცხადა და ჰკითხა:

- სად მიდიხარ, მამაო?

- გავრბივარ იმ ადგილიდან, სადაც შევცოდე.

- ერთი განსაცდელის დათმენა არ შეგიძლია? დაბრუნდი შენს კელიაში.

- ვინ ხარ, ჩემო ბატონო?

- მე მთავარანგელოზი რაფაელი ვარ, რომელმაც აქ მოგიყვანე, - ეს თქვა ანგელოზმა და უჩინო შეიქნა.

ღირსმა მაკარიმ მღვიმეში მოიდრიკა მუხლნი ლოცვისთვის და ორმოცი დღე არ წამომდგარა. ხოლო როცა წამოდგა, ირგვლივ განათდა და იხილა ნათლით მოსილი ოქროს გვირგვინოსანი ყმაწვილი, რომელიც საოცარი ხმით გალობდა. როგორც კი გალობა შეწყვიტა, მღვიმე კეთილ¬სურნელებით აივსო.

ბეჭდვა
1კ1