ილია II-ის ეპისტოლეებიდან
ილია II-ის ეპისტოლეებიდან
ქრისტიანობის მადლით ძალმოსილი შვილები ჩვენი ერისა იღვწოდნენ ჩვენი ენის, ჩვენი მწერლობის, ჩვენი ფილოსოფიური აზროვნებისა და მეცნიერების წინსვლისა და აყვავებისათვის. ჩვენი ერის დიდი შვილები უპირველესად იღვწოდნენ თავიანთი სულიერი ამაღლებისა და განწმენდისათვის, რათა ამის შემდეგ ქრისტეს მადლით ძალმოსილნი უდიდეს მეცნიერულ, ფილოსოფიურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას შესდგომოდნენ.

***
არ შეგვიძლია დავივიწყოთ, რომ ჩვენმა კაცთმოყვარე ერმა მძიმე ტანჯვა გამოიარა... როგორც კუნძულს მღვრიე ტალღები დიდი მდინარისა, ისე მუდმივად გვადგა ირგვლივ ურიცხვი მტერი... ჩვენი წალეკვა უნდოდა სიბნელისა და ურწმუნოების მძვინვარე ტალღებს... ჩვენი ერი ზღაპრული ძალითა და ენერგიით ებრძოდა მუდამ მტერთა ურდოებს... პირველ ყოვლისა, ჩვენს ხალხს სწყუროდა არა მხოლოდ თავის გადარჩენა, არამედ გადარჩენა იმ დიდი მადლისა, რომელიც ქრისტეს წმინდა კვართს, მოციქულთა აქ მობრძანებას და ღვთისმშობლის მიერ ქალწული ნინოსთვის ბოძებულ ვაზის ჯვარს შემოჰყვა ჩვენში.

***
ცნობილია, რომ ყველა ხალხი, რომელმაც კი ქრისტიანობა მიიღო და შეიყვარა, სულიერი კულტურის აყვავების გზას დაადგა, ქართველ ხალხს კი ქრისტიანულმა მადლმა გაცილებით მეტი მოუტანა, ვიდრე სულიერი კულტურის აყვავებაა. ქრისტიანობის გარეშე ჩვენ, როგორც თვითმყოფადი ერი, ვერ ვიარსებებდით... უფრო სწორად, დაახრჩობდა მღვრიე ტალღები ჩვენს ლამაზ კუნძულს... მოგვსპობდა ის გარემოცვა, ის ურჩხული, სისხლით დამთვრალი, ვერ აიტანდა ჩვენს სულსა და ქრისტიანობას... მაშასადამე, ქრისტიანობამ მოგვანიჭა გადარჩენა, შეგვინარჩუნა ეროვნული სიცოცხლე და თავისუფლება.

***
ქართველ ხალხს ღრმად აქვს შეგნებული, რომ "რა ენა წარხდეს, ერიც დაეცეს, ჩირქი მოეცხოს ტაძარსა წმიდას" (გრიგოლ ორბელიანი), ამიტომ უყვართ თავისი ენა საქართველოს გულკეთილ შვილებს.

ბეჭდვა
1კ1