ლოცვასთან ერთად აუცილებელია კეთილი საქმის კეთება
ლოცვასთან ერთად აუცილებელია კეთილი საქმის კეთება
როდესაც ადამიანს სურს ქრისტეს გზას დაადგეს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა იმისა, რომ მას აუცილებლად მიიღებს და ჩაიხუტებს უფალი. ყველა, ვინც მოუძლურებულია რწმენაში, ვერ გაუძლებს საცდურთ და წარსაწყმედელის უფსკრულისაკენ დაექანება, თუკი კვლავაც რწმენით უფალს არ მოუხმობს შეწევნად. ჩვენ არ უნდა ვმერყეობდეთ რწმენაში და არ უნდა ვეცემოდეთ სულით ბოროტ სულთაგან მოწევნული განსაცდელებისა და ცდუნებების ქარიშხლის დროს და საერთოდაც, ნებისმიერი მძიმე ვითარების ჟამს, რადგან ყოველთვის უნდა ვსასოებდეთ ღმერთის წყალობასა და მის ყოვლადძლიერებას, რამეთუ "ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა", - ბრძანებს თავად უფალი (მარკ. 9,23), მაგრამ ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, რომ ამ განსაცდელების ქარიშხალს გაუძლოს? მან უნდა იცხოვროს ისე, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს შეეფერება. ამისათვის არის საჭირო ლოცვა, მარხვა და კეთილი საქმეების კეთება. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "თუკი ღმერთს წინასწარ ლოცვითა და კეთილკრძალულებით მოწყალევყოფთ, მტერი აღარ შეგვხვდება და თუ მასთან შეხვედრა მაინც მოგიხდა, უკუაგდებ, რადგან მფარველად მოწყალე ღმერთი გყავს", მაგრამ ლოცვასთან ერთად აუცილებელია კეთილი საქმის კეთება იმიტომ, რომ ყოველი კეთილი საქმე სიყვარულის ნაყოფია, მასზე აღმატებული არაფერია, ღმერთის საყვარელი ძე ჩვენთან სიყვარულით გარდამოხდა, ცხოვრობდა და კაცთა შორის იქცეოდა, რათა მრავალღმერთიანობის სიცრუე განეგდო და ჭეშმარიტი საღმრთო მეცნიერება ეუწყებინა, ადამიანებისთვის ურთიერთსიყვარული ესწავლებინა, როგორც წმინდა იოანე ღმრთისმეტყველი ამოწმებს, როდესაც ამბობს, "რამეთუ ესრეთ შეიყვარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაითა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნო" (3,46), მაგრამ კარგი იქნება, ამ ყველაფერს თუ ჩვენს შვილებს ვასწავლით და ბავშვობიდანვე ქრისტიანულად აღვზრდით. ამაში დიდი როლი მშობლებს მიუძღვით.


დედამ ბავშვის აღზრდა ორსულობიდან უნდა დაიწყოს. ორსული ქალი ხშირად უნდა ლოცულობდეს, კითხულობდეს სახარებას და აუცილებლად იღებდეს წმინდა ზიარებას, აქედან იწყება ბავშვის კურთხეული ცხოვრება და როდესაც ის დაიბადება და დაიწყებს გაზრდას, მას მშობლებმა უნდა ასწავლონ, თუ როგორ იცხოვროს ქრისტიანულად, რომ მას სამშობლო უნდა უყვარდეს, მოყვასი უნდა უყვარდეს და უფალი უნდა ადიდოს. ზოგიერთ მშობელს ჰგონია, რომ თუკი მას თავისი შვილი მატერიალურად უზრუნველყოფილი ჰყავს, მას კარგად აცმევს და კარგად კვებავს, იგი აუცილებლად კარგ ადამიანად აღიზრდება, მას ავიწყდება, რომ ბავშვისთვის აუცილებელია სულიერი საკვები და შესამოსელი. ეს ყველაფერი თუ დააკლდა, ხშირად ისევ მშობლები არიან დამნაშავენი იმიტომ, რომ თავიანთ ცუდ საქციელს ანახებენ ბავშვებს, ისინიც ამ ყველაფერს იმეორებენ და მათ გამოსწორებას დრო სჭირდება და შემდეგ მშობელი დიდ საგონებელში ვარდება, თუ რატომ მოექცა თავისი შვილი ეშმაკეული ზემოქმედების ქვეშ. ამიტომ გვამრთებს დიდი ყურადღება გამოვიჩინოთ ჩვენი შვილების აღზრდის საქმეში, რომ ისინი არ გადავჩეხოთ და ვასწავლოთ გზა უფლისკენ და ღმერთი ჩვენ შვილებს და ჩვენც მიგვიღებს.

დეკანოზი კახაბერ ქუბიაშვილი
ბეჭდვა
1კ1