წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელის (ქიქოძე) სიტყვა პეტრე-პავლობის დღესა
წმინდა  ეპისკოპოსი გაბრიელის (ქიქოძე) სიტყვა პეტრე-პავლობის დღესა
სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი, და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი".
(ისუ ზირაქი 44,14)

წარჩინებული ძველი აღთქმის მწერალი და ზნეობის  მასწავლებელი, ისუ ზირაქი, წიგნსა შინა თვისსა აღწერს ცხოვრებას და მოღვაწეობასა ზოგიერთთა ძველის აღთქმის წარჩინებულთა პირთა, და, სხვათა შორის, ამას იტყვის მათზედა: "სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი, და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი".იგივე სიტყვები ისუ ზირაქისა უაღრესად და უდიდესი სიმართლით ჩვენ, შვილთა ახლისა აღთქმისათა, შეგვიძლია ვსთქვათ, წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლესა ზედა. დღეს ყოველნი ქრისტეს მორწმუნენი ერნი და ყოველნი ეკლესიანი, არა თუ მხოლოდ მართლმადიდებელნი, არამედ არა მართლმადიდებელნიცა, სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ და ქებასა მათსა აღიარებენ. დღეს ურიცხვნი ერნი, ყოველთა ეკლესიათა შინა შეკრებილნი, ყოველთა საღმრთო წიგნთაგან, სამოციქულოისაგან, სახარებისაგან და სხვათა ყოველთა ეკლესიურთა წიგნთაგან, მოისმენენ ქებასა მათსა, და ეგრეთვე სიბრძნესა მათსა, თვით მათი დაწერილი წიგნებიდგან ამოკითხვითა.

გარნა, საყვარელნო ძმანო ჩემნო, ქრისტიანენო, აწინდელს დღესასწაულს აქვს მეორე, ამაზე უდიდესი მნიშვნელობა. წმიდამან ეკლესიამან დღევანდელი დღესასწაული მარტო მისთვის არ დააწესა, რომ მხოლოდ ვაქოთ და ვადიდოთ წმიდანი თავნი მოციქულნი პეტრე და პავლე, არამედ უმეტესად მისთვის, რათა ჩვენ ვხედვიდეთ მათ შორის მაგალითსა და, შეძლებისაგვარად, ვბაძევდეთ მათსა ცხოვრებასა და მოღვაწეობასა: "მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა ძე ქრისტესა", გვასწავლის ჩვენ თვით წმიდა მოციქული პავლე. რა საქმეში უნდა ვიყოთ ჩვენ მათი მობაძავი? იმ საქმეში, რომელიც იყო უმთავრესი საგანი და მიზანი მათის შრომისა, მოღვაწეობისა, რომელთათვის იგინი თავის თავს არ ჰზოგვიდენ, რომლისათვის მათ მრავალ-გზის სისხლი დასთხიეს და, ბოლოს, ცხოვრებაც თვისი შესწირეს, – ეს არის ქრისტე იესოს სახარების ქადაგება ქვეყანასა ზედა, ღვთის სასუფეველის განვრცელება კაცთა შორის, მოქცევა ღვთისადმი და განათლება ყოვლისა კაცისა.

როგორ ჰფიქრობთ, ძმანო ჩემნო, ქრისტიანენო, ვისი საქმე და მოვალეობა არის ქრისტიანობის ქადაგება, გავრცელება, ცოდვილთა კაცთა მოქცევა და განათლება? სამწუხაროდ, თითქმის ყოველნი ახლანდელნი ქრისტიანენი დარწმუნებულნი არიან და სხვა ფერად არ ჰფიქრობენ, რომელ ეს საქმე და მოვალეობა ეკუთვნის მხოლოდ ეკლესიის მსახურთა, მღვდელთა და ბერთა. ერის კაცს ფიქრადაც არ მოუვა გულში, რომ ქრისტიანობის გავრცელება და სახარების ქადაგება არის საზოგადო და საერთო მოვალეობა ყოველი ქრისტიანი კაცისა, თუ გინდ მღვდელი იყოს, თუ გინდ ერის კაცი. ახლა სრულიად დავიწყებულია ეს აზრი, გარნა ადვილად შეგვიძლია დავამტკიცოთ მისი სიმართლე. მარტო ერთს უბრალო დამტკიცებას მოვიყვან. აიღე, ძმაო ჩემო, ჟამნი, დაათვალიერე ყოველი დღისა და რიცხვის, რომელიც სწერია, სახელები წმიდანებისა, რომელთა ხსენებასა აღასრულებს წმიდა ეკლესია დღითი-დღე. რას ჰნახავს იქა? ჰნახავ, რომ, თუმცა, მართალია მრავალგზის სწერია სახელები მღვდელ-მოწამეთა, მღვდელ-მთავართა და სხვათა სამღვდელო პირთა, გარნა უმეტესი ნაწილი სახელებისა, ჟამნში მოხსენებულთა, არიან ერის კაცთა, დიდთა მოწამეთა, ღირსთა მეუდაბნოეთა და სხვათა, რომელნი არა იყვნენ ტრაპეზის მსახურნი, არამედ ერის კაცნი: ჰნახავ ჩაწერილთა ყოველი წოდების ერის კაცთა, ექიმთა, მხედართა, ვაჭართა, უბრალო მოსამსახურეთა, მასწავლებელთა, მოსწავლეთა. ამაზე მომეტებულად შესანიშნავი ის არის, რომელ მრავალგზის შეჰხვდები სახელებსა მდედრის სქესისათა, ქალწულმოწამეთა, ღირსთა დედათა. რისთვის ჩასწერა წმიდამან ეკლესიამან ჟამნში იგინი და რისთვის აღასრულებს მათსა ხსენებასა?

მისთვის, რომ იგინი იყვნენ ქრისტეს სახარების მქადაგებელნი, და ქრისტიანობის გავრცელებისათვის მიიღეს მრავალი შრომა, ზოგიერთთა სიკვდილიც. საკმაო არის ეს მაგალითი დასამტკიცებლად მისა, რომ ყოველი ქრისტიანე, თუ გინდ ერის კაცი იყოს, უნდა სცდილობდეს ქვეყანასა ზედა, შეძლებისაგვარად, გავრცელებას და განმტკიცებას ქრისტეს სჯულისას. მართლა, თუ ქრისტეს სარწმუნოება და სასოება ცხოველი არის კაცის გულში, მაშინ არ შეიძლება, რომ კაცმა არ ეცადოს გარდაცემა, ანუ განვრცელება თვისი გრძნობისა და სასოებისა სხვათა კაცთა. ნიშანი, ანუ მაჩვენებელი ცხოველი სარწმუნოებისა, არის მოქმედება, გავრცელება, გარდაცემა მისი სხვათათვის. კარგია ისიც, როდესაც სარწმუნოება მოქმედებს კაცის გულში, აკეთებს და ასწორებს მისსა საკუთარსა ცხოვრებასა, გარნა უმჯობესი ის არის, როდესაც, ამასთანავე, მას ეგოდენი ძალი და მოქმედება აქვს, რომელ თვისსა ცხოველობასა გაავრცელებს სხვათა კაცთა ზედაცა. რით ვიცნობთ ჩვენ ცეცხლს? მით, რომ იგი ათბობს და უნათებს ყოველ კაცს გარემოს თვისსა. მსგავსადვე უნდა იცნობებოდეს კაცი, ცხოველი სარწმუნოების მექონი. რის საშუალებით უნდა აღასრულოს ერის კაცმა ეს თვისი საღმრთო მოვალეობა, ესე იგი ქრისტიანობის გავრცელება და განმტკიცება. ათასნი არიან ღონენი და ხერხნი, რომელთა ხმარება ამ საქმისათვის შეუძლია გონიერსა კაცსა. თვით მისი ჭკუა და თვით მისი სარწმუნოების ცხოველობა უჩვენებს მას და აუხსნის, როდის და სად რომელი ღონე უნდა იხმაროს ამ საქმისათვის. უპირველესი საქმე კი ის არის, როდესაც თვით საკუთარი ცხოვრება და ყოფაქცევა ქრისტიანი კაცისა არის მართალი და პატიოსანი, ასე, რომ უსიტყვოდ აღაშენებს და უხმოდ დაარიგებს მხედველთა თვისთა. ამისთანა ცხოვრება უფრო სასარგებლო არის, ვიდრეღა მრავალი ენით ლაპარაკი და ქადაგება. გარნა, სადაც საჭირო არის, ხმაც უნდა ამოიღო და ენაც ახმარო სამხილებელად ურწმუნოთა, აღსადგენელად სუსტთა, უსუსურთა. ბოლოს, თუ სხვა არაფერი შეუძლია კაცს, თავის ქონებისაგან და ნაყოფისაგან უნდა შეეწეოდეს ქრისტეს სახარების გავრცელებასა.


ძმანო ჩემნო, საყვარელნო! მოისმინეთ, ბოლოს, კიდევ ერთი აზრი. ახლა ისეთი დროება დადგა ამ ჩვენს ქვეყანაში, რომელ ჩვენ თანდათან უახლოვდებით, ვიკითხავთ, ვტყობილობთ უცხო ქვეყნების, მეტადრე ევროპის განათლებულ ხალხთა ამბავსა, მათსა ზნეობასა, ყოფაქცევასა, აზრსა. სამწუხაროდ, მათ შორის არა ყოველიფერი არის კეთილი და მოსაწონი. საუბედუროდ ჩვენდა, ცხადად სჩანს, რომელ მათგან, ესე იგი უცხო, განათლებულის ქვეყნების ჩვეულებათაგან, ჩვენ ხშირად მივიღებთ იმას, რაიცა არ არის მოსაწონი, არამედ არის წინააღმდეგი ღვთისა და ღირსი მოძაგებისა; ხოლო რაიცა მართლა არის სასარგებლო და რასაც უნდა ვტყობულობდეთ და უნდა ვბაძავდეთ, იმას არ ვტყობულობთ და იმაზედ ყურადღებას არ მივაქცევთ. მაგალითებრ, თვით ის აზრი, რომელსაც ჩვენ ვამტკიცებთ ამ ჩვენს დღევანდელს სიტყვაში, ესე იგი, რომ ყოველი ერის კაციც თანამდებ-არს შეეწიოს ქრისტიანობის განმტკიცებასა, ფრიად ცხოველი არის და მოქმედებს ევროპის განათლებულთა ხალხთა შორის.

იქ არიან შედგენილნი ამ საქმისათვის მრავალნი საზოგადოებანი, არა თუ სამღვდელოთაგან, არამედ ერის კაცთაგანაც. ვისაც თვითონ არ შეუძლია წასვლა უცხო ქვეყნებში და ქადაგება, იგი თავის ქონებით, ფულით შეეწევა ამ საქმესა. ყოველ ენებზე გადასთარგმნიან, დაჰბეჭვდენ საღმრთო წერილსა; მერმე წაიღებენ და დაურიგებენ უსასყიდლოდ, ყოველთა, ვისაც კი ჰსურს წაკითხვა საღმრთო წერილისა. გახსნიან შკოლებს, ზრდიან ობლებს. იქნება აქაც, ჩვენს ქვეყანაში, შეჰხვდე, ძმაო, რომელსამე უცხო ქვეყნის ერის კაცს, რომელსა დააქვს საღმრთო წერილის წიგნები, ფრიად მშვენიერად გადაკრული, ყოველ ენებზე, თვით ქართულზედაც, და ფრიად იეფად, თითქმის მუქთად ჰყიდის. აჰა მაგალითი, რომელსა უნდა ვბაძავდეთ ჩვენცა, მართლმადიდებელნი ქრისტიანენი! საუბედუროდ, ამისთანა მაგალითებს კი არ მოგიყვანენ და გეტყვიან იგინი, რომელნი იქადიან განათლებასა, ნახვითა და ცნობითა და მოგზაურობითა განათლებულს ქვეყნებში. ნაცვლად ოქროისა და თვალ-მარგალიტისა, იგინი ხშირად ევროპიდგან ტალახსა და მყრალსა ნაგავსა გვიზიდავენ ჩვენ, რომელიც ჩვენშიაც უხვად არის. ნუ დაუგდებ, ძმაო, ყურს ამისთანა პირს, თუ არ გსურს, რომ გაისვარო. ნაცვლად ამისა ამხნევებდე და ანათლებდე სულსა შენსა პატიოსნითა სწავლითა და მაგალითებითა, მეოხებითა წმიდა მოციქულთა თავთა პეტრე და პავლესითა. ამინ.
თეა ცაგურიშვილი







ბეჭდვა
1კ1