ცხოვრების აზრი ის კი არ არის, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ, არამედ როგორ ვიცხოვრებთ
ცხოვრების აზრი ის კი არ არის, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ, არამედ როგორ ვიცხოვრებთ
გთავაზობთ ამონარიდს მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ქადაგებიდან:

- ჩვენს დედაეკლესიას საკუთარ დედაზე მეტად უნდა ვუფრთხილდებოდეთ და ვიყოთ მინდობილნი მასზე, რამეთუ მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით განიდევნება სატანა და ლოცვითა და მარხვით ითრგუნება ჩვენს წინააღმდეგ მომართული უხილავი ბოროტი ძალა.

ღვთის მადლი და წყალობაა მართალ ადამიანზე, ხოლო ვინც ცრუობს, ის ეშმაკს ემსახურება და ემორჩილება. რა მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოვჩნდეთ, ყოველთვის სიმართლე უნდა ვთქვათ, რამეთუ გზანი მართლისანი უფლისა წინაშე წარმართებულ არიან.

თავმდაბალ ადამიანს ვერანაირი შეურაცხყოფა, შური და ცილისწამება ვერ დათრგუნავს, რამეთუ თავისი თავმდაბლობით მოიპოვებს იგი მადლს ღვთისას, რომელიც ძალას მისცემს დაძლიოს ბოროტისაგან წამოსული ყოველგვარი წინააღმდეგობა.

ადრე თუ გვიან თითოეული ჩვენგანი გავა ამ ქვეყნიდან და წარდგება უფლის წინაშე. ღმერთი კი მართლმსაჯულია. ამიტომ უნდა ვეცადოთ, ქრისტიანული ცხოვრებით სული განვიწმინდოთ და ისე შევხვდეთ სიკვდილს. თუ ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით არ განვლევთ წუთისოფელს, მაშინ, როგორც წმიდა მამები ამბობენ, კი არ ვიცხოვრებთ, ვიარსებებთ.

ადამიანი, რომელიც წმინდა ქრისტიანულ ცხოვრებას ეწევა, მაგრამ ამის გამო ამპარტავნებას შეუპყრია და საკუთარი თავი სხვებზე აღმატებულად წარმოუდგენია, ღვთის წინაშე ვერ გამართლდება. მიუხედავად დიდი სიწმიდისა, დაისჯება.

ყოველმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა საკუთარი ცხოვრება შენდობის ძალაზე უნდა ააგოს, რამეთუ ჩვენ ცოდვილნი ვართ უპირველესად ღვთისა, შემდეგ კი ადამიანთა წინაშე და, თუ არ შეგვეძლება ვაპატიოთ შეცოდებანი სხვებს, უფლისგანაც არ მოგვეტევება თანანადებნი ჩვენნი.

უძვირფასესი საუნჯე, რაც ქართველებს ღვთისგან გვებოძა, ეს არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, რომლის გარეშეც შეუძლებელია ცხოვნება. ვმადლობდეთ უფალს ამისთვის და გავუფრთხილდეთ დედაეკლესიას. მან ხომ ემბაზში სულიერად გვშობა და ღმერთს მიგვაახლა.

ყოვლადწმიდა სამება, მამა, ძე და სულიწმიდა არის წყარო ჭეშმარიტი სიყვარულისა და სიკეთისა. მაგრამ თუ ღმერთს დავცილდებით, ღვთის მცნებებს არ დავიცავთ, ვერ ვეზიარებით წმიდა სამების იმ მადლს, რითაც უნდა განვიკურნოთ და სული ვიცხოვნოთ.

ჭეშმარიტი ქრისტიანი უფლის მეორედ მოსვლას კი არ უნდა ელოდებოდეს, არამედ თითოეულ დღეს თავისი სიცოცხლის უკანასკნელ დღედ მიიჩნევდეს და შესაბამისად წარმართავდეს საკუთარ ქცევას, რადგან ჩვენ არ ვიცით, საღამოს დაძინებულნი გავიღვიძებთ თუ არა დილით.

ყოველი ჩვენგანის სულს ამძიმებს დავიწყებული ცოდვები, ამიტომ, გარდა აღსარებისა, უნდა ვისწავლოთ კეთილ საქმეთა კეთება, რათა წარვხოცოთ ეს დავიწყებული ცოდვები და განვიახლოთ სულიერი მდგომარეობა.

მუდამ თან უნდა გვდევდეს განცდა იმისა, რომ ვართ მართლმადიდებელნი; მოვალენი ვართ ყოველთვის ვამბობდეთ მართალ სიტყვას, ვამბობდეთ არა მოყვასის საზიანოდ, არამედ მის გამოსასწორებლად, სულიერების გზაზე მოსაქცევად.

ადამიანის სული მუდამ უნდა ისწრაფოდეს ღვთისკენ, რადგან იგი ყოველთვის საჭიროებს უფალთან ურთიერთობას და მხოლოდ ღმერთში პოულობს სიმშვიდეს, სიხარულს და ბედნიერებას.

ცათა სასუფეველი ამ ქვეყნიდანვე იწყება. თუ ადამიანი ლოცულობს, მარხულობს, ღვთის სათნოდ ცხოვრობს, ის ნეტარ მდგომარეობაშია.

ქართული ენა ღვთისგან დალოცვილი და კურთხეულია. იგი შემკულია უფლისაგან და სათნო არის ღვთისმშობლისათვის. ქართულ ენასა შინა ყოველი საიდუმლოი დაცული, შენახულია. ანუ ღვთიური საიდუმლონი, რომელთა აღსრულება ეკლესიის მოღვაწეობის მთავარი საფუძველი და შინაარსია, ქართულ ენაზე, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში აღესრულება.

თუკი მარხვა პირველად სამოთხეში დააწესა უფალმა უკვდავი ადამიანებისათვის, რაოდენ აუცილებელია იგი ჩვენთვის, ცოდვებში ჩაფლულთათვის. ამიტომ არ უნდა უარვყოთ ღვთის მადლის მოპოვების ეს ჭეშმარიტი საშუალება, უნდა შევინახოთ მართლმადიდებელ ეკლესიაში დადგენილი მარხვები ჩვენივე სულის განსპეტაკებისა და გაძლიერებისათვის.

ვითარცა ცეცხლი ჩანავლდება წყლის დასხმით, ასევე დაითრგუნება მტრობისა და სიძულვილის ბოროტი გრძნობები ადამიანში, თუ მას სიყვარულს დავუპირისპირებთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ადამიანი ღვთის შვილია. უნდა გვძულდეს ბოროტი სული, რომელსაც ის შეუპყრია და არა თვით ადამიანი.

ადამიანის ლოცვას უფალი მაშინ ისმენს, როდესაც განწმენდილი, წრფელი გულით ევედრება; ხოლო თუკი გულში ბოროტება უდუღს, ზიზღითა და სიძულვილით არის სავსე, მოჩვენებითი და ამაო იქნება მის მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა ლოცვისა.

ყოველი ადამიანი არის ტაძარი და ამ ტაძარში უნდა სუფევდეს სულიწმიდა.

ბედნიერება სიმდიდრესა და თანამდებობაში როდია, ჭეშმარიტი ბედნიერება უფალთან ყოფნაშია.

ჩვენ უძღებნი შვილნი ვართ და უცილობლად უნდა დავუბრუნდეთ მამისეულ წიაღს.

ტაძრებისა და მონასტრების შენება - აღორძინება, აი, ეს არის ცხონების გზა. ამ გზას მივყავართ გაბრწყინებულ საქართველოსთან.

სასულიერო და საერო ხელისუფლების სიმტკიცე განაპირობებს ქვეყნის სიმტკიცეს, ერთიანობას და ძალას.

ცხოვრების აზრი ის კი არ არის, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ, არამედ, როგორ ვიცხოვრებთ.

მხოლოდ თავმდაბალი ადამიანი თუ გახდება ღვთიური მადლის მატარებელი ჭურჭელი.

ვისაც მტკიცედ სწამს, მას შიში ვერ დაძლევს. მტკიცე რწმენის წინაშე შიში უძლურია.

ჭეშმარიტი სინანული ჭეშმარიტი რწმენის საწინდარია.

მომაკვდინებელი ცოდვაა სასოწარკვეთა, რადგანაც იგი ღვთის სასოების დაკარგვასა და ღვთისგან სრულ მოწყვეტას ნიშნავს.

თითოეული ადამიანის ვალია, რომ სულისა და ხორცის განწმენდის მეშვეობით მოიპოვოს სულიერი ამაღლება.

ჯვარი - ესაა უკვდავების ხე. მისით განეხვნა კაცობრიობას სასუფევლისკენ მიმავალი გზა.

ღვთის შეცნობა უფრო მეტად გულით, ე.ი. სიყვარულითაა შესაძლებელი, ვიდრე ჩვენი სუსტი და ცივი გონებით.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მრავალ ჩვენგანს ღმერთი მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა უჭირს.

სიწმიდე გულისა ღვთის წყალობაა და, თუ ეს მადლი მოგვენიჭა, გავუფრთხილდეთ, ნუ დავკარგავთ მას.

ჩვენ ყოველდღიურად გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვადიდოთ ღმერთი. უფრო მეტიც, ჩვენ ვალდებული ვართ, ვაკეთოთ ეს, რადგანაც განდიდება ღვთისა ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის ვალია.

გზა ხსნისა და გადარჩენისა - სასოებაა.
ბეჭდვა
1კ1