მათი ლოცვით გადარჩა დღემდე ჩვენი ქვეყანა და ასევე გადარჩება მომავალშიც!
მათი ლოცვით გადარჩა დღემდე ჩვენი ქვეყანა და ასევე გადარჩება მომავალშიც!
გთავაზობთ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგებდან ამონარიდს  ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს (13 ნოემბერი 2005 წ).


"დღეს თქვენ იცით, არის ხსენება ასი ათასთა ქართველთა მოწამეთა. ძნელი სათქმელია, დღესასწაულია ეს დღე ქართველთათვის თუ გლოვაა. ეკლესიიისთვის ეს დღე დღესასწაულია, სულიერი გაბრწყინებაა! შეიძლება ზოგისთვის ეს მწუხარება იყოს, ჩვენთვის – არის სიხარული, იმიტომ რომ ეს 100 ათასი ქართველი მოწამე შეემატა ზეციურ მხედრიონს, რომელიც იცავს მიწიერ საქართველოს, ხილულ და უხილავ მტერთაგან. დიდი თამარის შემდეგ, რუსუდანის მეფობის ჟამს, როცა საქართველოს სპარსელები შემოესივნენ, თბილისში ჯალალ ედინი შემოვიდა, სიონის ტაძრიდან გუმბათი მოახსნევინა, იქ დაიდგა თავისი ტახტი და ასე უყურებდა ქართველთა წამებას. ქართველები მეტეხის ხიდთან მირეკეს.

სიონის ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის წმიდა ხატები გაიტანეს და ხიდზე დადეს. ხიდთან მიიყვანეს მთელი თბილისის და გარშემო სოფლების მოსახლეობა. მათ უარი უნდა ეთქვათ ქრისტიანობაზე, მართლმადიდებლობაზე – მხოლოდ იმ შემთხვევაში აცოცხლებდნენ. ჩვენმა წინაპრებმა, იმ სულკურთხეულმა ადამიანებმა სიკვდილი ირჩიეს და არ დაადგეს ფეხი წმიდა ხატებს, არ უარყვეს სჯული ქრისტესი. ამიტომ მათ იქვე კვეთდნენ თავებს და გვამებს მტკვარში ყრიდნენ. მტკვარი წითლად იყო შეღებილი ქართველთა სისხლით. მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ქვეყანა, ისეთი ეკლესია, რომელსაც ერთდროულად წამებული ამდენი მოწამე ჰყავდეს! ეს ღმერთმა დაუშვა საქართველოზე!
მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ხსენება ასი ათას ქართველთა მოწამეთა სულიერი თვალსაზრისით ზეიმია; ამქვეყნიური თვალთახედვით შეიძლება, გლოვა იყოს. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი მლოცველები და შუამდგომელნი არიან ჩვენთვის წინაშე უფლისა. ალბათ, მათი ლოცვით გადარჩა დღემდე ჩვენი ქვეყანა და ასევე გადარჩება მომავალშიც!

როცა ჩვენს წარსულს ვიხსენებთ, დღევანდელ დღეზე ან ჩვენს მომავალზე ვფიქრობთ, უნდა ვიცოდეთ, რა გადაარჩენს საქართველოს მომავალში. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის გზა, რომლითაც დადიოდნენ ჩვენი წინაპრები. მხოლოდ ეს გზა მიგვიყვანს ცათა სასუფეველში და არავითარი სხვა!
დღეს ძალიან რთული დროა, ე.წ. – გლობალიზაციის პერიოდი. გლობალიზაცია – ეს არის კულტურათა დაახლოება, ეს არის ცივილიზაციათა დიალოგი და დაახლოება. მაგრამ ამ დაახლოების დროს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ ჩვენი ეროვნული საუნჯე. ჩვენი უდიდესი და უპირველესი საუნჯე – ეს არის ჩვენი ეროვნული ფასეულობანი, ეს არის ჩვენი ქართული ენა, ეს არის ჩვენი კულტურა, ეს არის ჩვენი ხელოვნება, ეს არის ჩვენი მუსიკა, ეს არის ჩვენი საგალობლები, ეს არის ჩვენი ხატწერა, ეს არის ჩვენი მინანქარი, – ეს არის ყველაფერი ის, რაც შეუქმნია ჩვენს წინაპრებს. ასევე არ უნდა დავკარგოთ ჩვენი სულიერი საუნჯე – ჩვენი რწმენა, ჩვენი სიყვარული ჩვენი თანაგრძნობის ნიჭი. ქართველი ადამიანი მუდამ თანაუგრძნობს გაჭირვებულ ადამიანს. ეს საუნჯენი უნდა შევინარჩუნოთ და ეს გადაარჩენს საქართველოს!

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ხსენებას ასი ათასთა ქართველთა
მოწამეთა! დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გმირი წინაპრები – 100 ათასი ქართველი
მოწამე დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობს ამ დღესასწაულს!




ბეჭდვა
1კ1