დეკანოზი სერაფიმე დანელია - ქრისტე ასეთი არ იყო...
დეკანოზი სერაფიმე დანელია - ქრისტე ასეთი არ იყო...
სოციალურ ქსელში გავრცელდა დეკანოზ სერაფიმე დანელიას ფრიად საგულისხმო წერილი, რომელსაც "კარიბჭის" მკითხველს სიამოვნებით ვთავაზობთ:

ვინაიდან საზოგადოებაში არსებული დაპირისპირებებისა და მომატებული აგრესიის ფონზე, ბევრს უჭირს ხოლმე ჩემი სიტყვების სწორად გაგება, ბევრს კიდევ ჩემი პოზიციის სწორად აღქმა, მათთვის ერთხელ და უკანასკნელად განვმარტავ:

1. კეთილო ადამიანებო, მე ვარ ქრისტეს მღვდელი და ჩემს უპირველეს მოვალეობად მიმაჩნია მ ა ს მივბაძო, ცოდვა-მადლზე და სწორ სულიერ ორიენტირებზე ვისაუბრო და არასოდეს ვიყო მხარე...

მხარედ ყოფნა ძალიან დამამცირებლად მიმაჩნია მოძღვრის მაღალი წოდებისთვის... მოძღვარი ყველას მოძღვარი უნდა იყოს და არასოდეს ჰყოფდეს ადამიანებს თავისიანებად და მტრებად შეხედულებათა გამო...

2. ხშირად, როცა მე ბრძოლის და პროტესტის გამოხატვის წესებზე და ურთიერთპატივისცემაზე ვიწყებ საუბარს, ზოგი ამას აღიქვამს, როგორც მათი მოწინააღმდეგის თუ ზოგადად უსამართლობის ხელის დაფარების ან გამართლების მცდელობად...

მე კი მინდა გითხრათ, რაც ქრისტე ვირწმუნე, ყოველთვის როცა უსამართლობას გადავწყდომივარ და სიბრაზეს შევუპყრივარ, ბოლოს ყოველთვის ვუმხელივარ სინდისს და შემრცხვენია ჩემი მდგომარეობიდან გამოსვლის...

სიბრაზე ბოღმით და სიძულვილით გამოხატული, დაცემული მდგომარეობაა, როგორი ადეკვატურიც არ უნდა იყოს ის უსამართლობაზე... ნათქვამია, ,,განრისხდებოდეთ და ნუ სცოდავთ" ანუ არსებობს სამართლიანი განრისხება, მაგრამ ბოღმა და სიძულვილგარეული რისხვა უკვე ცოდვაა...

,,განრისხდებოდეთ" იბრძოლეთ სიტყვის ძალით, ლოცვით, ერთად დგომით, სიყვარულით და ,,ნუ სცოდავთ" გინებით, შეურაცხოფით, დამცირებით, ცილისწამებით, ,,მოლოტოვის კოქტეილით"...

სამწუხაროდ ადამიანები ხშირად ვერ აფიქსირებენ ამას და პირიქით, თითქმის გმირებად და მოწამეებადაც კი აღიქვამენ საკუთარ თავს, რადგან იბრძვიან, კი ბატონო, თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის, ეკლესიის განწმენდისთვის...

მეც ვყოფილვარ გაბრაზებული და დაბოღმილი ,,მართალი" კაცი, მაგრამ გულის სიღრმეში ყოველთვის მიგრძვნია რომ რატომღაც ამ დროს უცხო ვიყავი ქრისტესგან...

ქრისტე ასეთი არ იყო...

მას ყველა მიზეზი ჰქონდა, გაბრაზებული ყოფილიყო ჩემზე, მთელს კაცობრიობაზე, უფლებაც ქონდა, ძალაუფლებაც, მაგრამ რა ჰქნა?...

წარმოუდგენელი რამ...

დაითმინა, აიღო ჯვარი და აქეთ გვიტვირთა...

მერედამერე, ნელ-ნელა ვისწავლე დამეძალებინა თავისთვის და მელოცა ჩემს მაჭირვებელზე და რაღაცნაირად ჩემი თავი მის ადგილას წარმომედგინა, მერე ჩემს თავში მომეძია ჩემი წილი დანაშაული ან შეცდომა, პირდაპირი ან ირიბი მიზეზი იმისა თუ რატომ აღმოვჩნდი მსგავს ვითარებაში...

და ყოველჯერზე, მოწმეა ღმერთი, საოცრებები ხდებოდა: - ქრებოდა დაპირისპირება და უმჯობესისკენ ვითარდებოდნენ მოვლებები...

მაგრამ დღეს ადამიანებს მუშტის და გინების უფრო სჯერათ, ვიდრე ლოცვის...

შესაბამისად მესმის რომ ჩემი სიტყვებიც მეტად არაადეკვატურად გამოიყურება ქვეყნის და ეკლესიის ,,ხსნისათვის" მებრძოლი საზოგადოებისთვის, მაგრამ ახლა ჩუმად გეტყვით ერთ საიდუმლოს, რომელიც მუდამ ჩვენს თვალწინაა, მაგრამ ვერ ვხედავთ:

- ქრისტე არ მოსულა სამშობლოს ხსნისა და დედამიწაზე პოლიტიკური სამართლიანობის აღდგენისათვის, არც ეკონომიკური აღორძინებისათვის, ის პიროვნების, ადამიანის უკვდავი სულის გადასარჩენად მოვიდა და ის,ამის გამო, სწორედ იმ ხალხმა აცვა ჯვარს, რომლებიც სამშობლოს ხსნისა და სარწმუნოების დაცვისთვის ცოდვიანი მრისხანებით იბრძოდნენ...


ბეჭდვა
1კ1