დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი - სიტყვა ქრისტეშობის წინა კვირიაკეს
დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი - სიტყვა ქრისტეშობის წინა კვირიაკეს
ჩვენი უწმინდესი ეკლესია დღევანდელ დღეს ქრისტემდე მცხოვრებ ძველაღთქმის მართალთა ღვთისმოსავ მოგონებას უძღვნის.

ჩვენი პირველმშობლიდან, ადამიდან, ვიდრე იოანე ნათლისმცემლამდის, 5508 წლის განმავლობაში, დედამიწა, ვარსკვლავებით მოჭედილ ცასავით, იმ ადამიანებით გამშვენდა, რომელნიც თავიანთი ცხოვრებით უფალს სათნოეყვნენ და დატოვეს მაგალითი მიწყივცხოველი, დაუსამარებელი ჭეშმარიტებისა.

დღეს, შეიძლება ითქვას, ეკლესიას თითოეული ჩვენგანი სამოთხის კართან მიჰყავს, რათა ჩვენ დიდებული ადამიანების ჭვრეტით დავტკბეთ; აწინდელ დღეს ჩვენთვის ბიბლიური ძველაღთქმისეული ისტორია განიხვნება ბრწყინვალე დამოძღვრით სარწმუნოების, სასოებისა და სიყვარულის მაცხოვნებელ ჭეშმარიტებაში. რაგვარ დამოძღვრას შეიცავს იგი, რაა გასაოცარი მის სწავლებაში? ის, რომ ყოველ დროს და ყოველ ჟამს, ძველაღთქმისეულსა და ახალაღთქმისეულ ეპოქაში, კეთილი, კარგი, პატიოსანი ადამიანები ერთი და იგივე გრძნობით ერთიანდებოდნენ. ეს მგრძნობელობანი, მიუხედავად კაცთა გამთიშველი დროისა და სივრცისა, ადამიანებს ნათესაურს, ახლობლურს ხდის. ყოველ პატიოსან ადამიანს ერთი სწრაფვა ჰქონდა, რომელსაც ღვთის წყურვილი შეიძლება ეწოდოს.

ღვთივშთაგონებულმა ფსალმუნთმგალობელმა დავითმა ყველა მორწმუნე და ღვთისმოსავი ადამიანის ეს მგრძნობელობანი 72-ე ფსალმუნში გამოხატა. მთელს ამ შესაქმეში, არც ცაში და არც მიწაზე არ ყოფილა ისეთი რამ, რასაც სული ისე ესწრაფოდა, როგორც ღმერთს. იგი ამბობს: "რაჲ ძეს ჩემი ცათა შინა, და შენგან რაჲ ვინებე ქუეყანასა ზედა" (ფს. 72,25). მისი გული მიწიერი სიკეთითა და სიტკბოებით ვერ კმაყოფილდებოდა. არათუ გული, არამედ თვით მისი ხორცნიც კი ითანგებოდა სხვა, უმაღლესი სიკეთის წყურვილით. ღმერთში, ერთსა მხოლოსა ღმერთში ეგულებოდა ძველაღთქმისეულ მართალს თვისი საუკუნო, ნეტარი ხვედრი.

ყურადღება მიაქციეთ ახალაღთქმისეულ მართალთ. წაიკითხეთ ნებისმიერი მათგანის ცხოვრება. მათში აუცილებლად წააწყდებით განმასხვავებელსა და უმთავრეს თვისებას – გულგრილობა პირადი გამორჩენისადმი და დაუოკებელი სურვილი სულიერი, უკვდავი ბედნიერებისა, რომელიც მხოლოდ ნეტარ მარადისობაშია აღთქმული.

ისინი, წმინდა ადამიანები, – ჩვენ, ქრისტიანთა ხელმძღვანელნი, – თავიანთი ნათელი პიროვნებით გაკვეთილს გვაძლევენ, რომ გული სულერთიანად მიწიერს არ მივაჯაჭვოთ. ბევრი რამაა ისეთი დედამიწაზე, ჩვენი სულის გატაცება რომ შეუძლია, მაგალითად, ოქრო და სიმდიდრე, ფუფუნება და მრავალფერი სიამოვნება, უხეში და დახვეწილი, დანაშაულებრივი და უდანაშაულო. არსებობს ბევრი, ძალზედ ბევრი რამ, რითაც ცდუნდებიან და რასაც ესწრაფიან ადამიანები, რასაც თავდავიწყებამდე მიეჯაჭვებიან. მაგრამ ეს ყველაფერი ქრისტიანზე დაბლა დგას. ეს ყოველივე ამაოა და არ ძალუძს მისი გულის დაკმაყოფილება და სულისა მისისა წყურვილის მოკვლა, არამედ მხოლოდ მცირე ხნით შეუძლია მოატყუოს და გაუნელოს წყურვილი. ვისთვისაა უცნობი, რომ იესუ ქრისტეს სწავლებით, თითოეული ადამიანის სული ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე მთელი სამყარო? (მათე 16,26).

ბრძენი ეკლესიასტე მიწიერ სიამოვნებათათვის ვერ პოულობს სხვა სიტყვას, ვიდრე ამაოება და გათანგვა სულისა. იგი ამბობს: "არ უარვყავი არაფერი, რაც კი მომთხოვეს ჩემმა თვალებმა, არ დავაოკე გული ჩემი სიხარულისგან... მერმე, როდესაც გადავხედე ყოველივეს, მივხვდი, რომ ამაო ყოფილა ეს ყველაფერი, ქარისნაბერი, და რომ არ არის სარგებელი ამ მზისქვეშეთში" (ეკლესიასტე 2,10-11).

ღმერთი ამოუწურავი წყაროა ყოველივე წმიდისა, მშვენიერისა, ჭეშმარიტისა, ცოცხალისა, კეთილისა. ამ წყაროსთვალიდან აურაცხელნი და ურიცხვნი სვამდნენ, სვამენ ცხოვრებასა ნეტარსა, დალევენ საუკუნოდ და იგი არ დაიშრიტება.

ეკლესიის ერთ-ერთი მასწავლებელი, განმარტავდა რა იესუ ქრისტეს სიტყვებს: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება" (იოანე 14,6), მორწმუნე ქრისტიანთა დასამოძღვრად ასეთ სიტყვებში გადმოსცა აზრი ჩვენი სულების წყურვილის მოკვლასთან დაკავშირებით:

ღმერთი, მიმართავს რა ადამიანს, ეტყვის:

რად არ გსურს, ადამიანო, ჩემთან მოსვლა? სიკეთეს ეძებ შენთვის? – მე გამაჩნია ყოველგვარი სიკეთე.
ნეტარება გსურს? – ყოველგვარი ნეტარება მაქვს მე.
სილამაზე გსურს? – რაჲ არს ჩემზე მშვენიერი?!
კეთილშობილება გსურს? – რა არის ძე ღმრთისაზე და ქალწულზე კეთილშობილი?
სიმაღლე გსურს? – რა არის ზეცათა მეუფეზე უფრო მაღალი?
ეგებ დიდება გსურს? – ვინაა ჩემზე დიდებული?
სიმდიდრე გსურს? – ყოველგვარი სიმდიდრე მაქვს.
ან ეგებ სიბრძნე? – მე ვარ – სიბრძნე ღვთისა!
მეგობრობა გსურს? – ვის უყვარს ჩემზე, ყველასათვის სულის დამდებზე, უფრო მეტად?
შეწევნას ეძებ? – ვინ შეგეწევა, ჩემს გარდა?!
მკურნალს დაეძებ? – ვინ განგკურნავს, გარეშე ჩემსა?!
მხიარულებას ეძიებ? – ვინ განგამხიარულებს ჩემს გარდა?!
კაეშანში ნუგეშს ეძებ? – ჩემთან იპოვი სულისა შენისა განსვენებას.
მშვიდობას ეძებ? – მე ვარ – მშვიდობა სულიერი.
ცხოვრებას ეძებ? – მე ვარ წყარო ცხოვრებისა.
სინათლეს ეძებ? – მე ვარ ნათელი სოფლისა.
ჭეშმარიტებას ეძებ? – მე ვარ ჭეშმარიტება.
გზას ეძებ? – მე ვარ გზა.
ზეცისკენ წამყვანებელს ეძიებ? – მე ვარ წინამძღვარი სამარადისო.
რად არ გსურს ჩემთან მოსვლა?
მოახლებას ვერ ბედავ? – ვისთანაა უფრო მოსახერხებელი მიახლება?
თხოვნას შიშობ? – სარწმუნოებით მთხოვნელთაგან ვის ვუთხარ უარი?
ეგებ, ცოდვები არ გიშვებს ჩემთან? – ვერვისთან ნახავ გულმოწყალებას უფრო უმეტესს, ვიდრე ჩემთან.
"მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ" (მათე 11,28).

ყველა ჩვენთაგანისათვის დამახასიათებელია ლტოლვა შემეცნებისა, სიკეთისა და ბედნიერებისაკენ. სწორედ ესაა სწრაფვა ღვთიურისაკენ. მაგრამ იგი მალევე წახდება და გაქრება სხვადასხვა ხორციელი ვნებების გამო, განსაკუთრებით გემოთმოყვარებით, სიძვით, ვერცხლისმოყვარებით. გულის-ხმა-გვიყვია, ქრება გულში ღვთიური სიყვარული, თუკი მას მოჰბერავს სული ურწმუნოებისა, სიამაყისა და თვითდაჯერებულობისა, სიძულვილისა, შურისმაძიებლობისა, სიცრუისა და მზაკვრობისა. გარნა სათნოება ძლიერდება, მატულობს, როდესაც გული აღვსილია სულითა სარწმუნოებისათა, უბრალოებისათა, სიმშვიდისა, მორჩილებისა, ღვთისმოშიშებისა, ლოცვისა; როდესაც ხშირი ზიარების გზით ჩვენ გავითავისებთ ღვთიურ მადლს.

ძმანო და დანო, გვაქვს ღვთისადმი წყურვილი? ამ კითხვას თითოეულმა ჩვენთაგანმა შეიძლება უპასუხოს, მიაყურადებს რა განსაკუთრებულად საკუთარი სინდისის ხმას. ამინ.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
.....................
წყარო: http://www.orthodoxy.ge



ბეჭდვა
1კ1