ვარშავაში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა
ვარშავაში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა
გორისა და ატენის ეპარქია საკუთარ ფეისბუქგვერდზე ვარშავაში წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიების შესახებ გვამცნობს. დავით ყოლბაიას განმარტებით, 2020 წლის 6 დეკემბერს, ვარშავაში პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის ინიციატივით, წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლისადმი (ფერაძე) მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა.

მემორიალური დაფა განთავსებულია იმ შენობაზე (ul. Stefana Okrzei 22, ყოფილი ბრუკოვის ქუჩა), სადაც 1933-1942 წლებში არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე ცხოვრობდა. დაფაზე დატანილია ქართულ და პოლონურ ენებზე შესრულებული წარწერა შემდეგი შინაარსით: "ამ სახლში 1933-1942 წლებში ცხოვრობდა წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე (1899-1942), ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, მოწამეობრივად აღესრულა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში 6.XII.1942, წმინდანად შერაცხული 19.IX.1995".


თავდაპირველად გახსნის ცერემონია წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იგეგმებოდა, თუმცა მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო, კონფერენცია და სხვა საზეიმო ღონისძიებები 2021 წლისთვის გადაიდო.
ღონისძიება გახსნა დავით ყოლბაიამ, ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის კავკასიოლოგიური კვლვების მიმართულების ხელმძღვანელმა, რომელმაც საზეიმო ცერემონიის მონაწილეებს გააცნო მისი მაღალყოვლადუსამღვდეოესობის მიტროპოლიტ გერასიმეს საქართველოდან გამოგზავნილი წერილი. დავით ყოლბაიამ ასევე ისაუბრა წმ. გრიგოლ ფერაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. განსაკუთრებით შეეხო გრიგოლ ფერაძის დაპატიმრებისა და გარდაცვალების ისტორიას.


მან აღნიშნა, რომ გრიგოლ ფერაძე 1942 წლის 5 მაისს თავის საცხოვრებელ სახლში დააპატიმრეს, შემდეგ ვარშავის ოლქის დეკანმა იან კოვალენკომ დალუქა გრიგოლ ფერაძის ბინა. 1942 წლის 8 მაისს გერმანული პოლიციის მოთხოვნით მღვდელმა კოვალენკომ დიაკონ ეჟი ბერკმან-კარენინთან ერთად მოხსნა ლუქი გრიგოლ ფერაძის ბინას, რის შემდეგაც პოლიციელებმა წაიღეს წიგნები და იქ გადანახული ფული (ინგლისურ და ამერიკულ ვალუტაში).




ფული თაროზე, წიგნების უკან ინახებოდა, ეს ფაქტი ამტკიცებდა იმ ვარაუდს, რომ გრიგოლ ფერაძე თავის ბინაში ებრაელთა დასახმარებლად შეგროვილ ფულს ინახავდა. პავიაკის ციხეში ყოფნისას მამა გრიგოლმა 1942 წლის 10 ივნისს დიაკონ ეჟი ბერკმან-კარენინს მის ბინაზე ზრუნვის უფლება მისცა. შემონახულია ერთი წერილის აღწერა, რომელიც დაწერილია გრიგოლ ფერაძის მიერ 1942 წლის 20 ივნისს პავიაკის ციხეში ეჟი ბერკმან-კარენინის გადასაცემად. "ბინა გთხოვთ გადასცეთ რომელიმე კონსისტორს. იმ შემთხვევაში თუ აქედან ვერ გამოვალ, ჩემი ბიბლიოთეკა გადაეცეს მეტროპოლიას, ნივთები გაიყიდოს, რომლის შემოსავალი გადაეცეს ვოლაზე ჩვენი მრევლის ობლებს.


ჩემი ქართული წიგნები და დოკუმენტები ასევე ხატები ომის შემდგომ გაეგზავნოს ქართულ ეკლესიას". სავარაუდოდ, ამბობს დავით ყოლბაია, 1942 წლის 18 ნოემბერს გრიგოლ ფერაძე გადაიყვანეს აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში. მისი გათავისუფლების ცდებიც უშედეგოდ დამთავრდა. 1942 წლის 11 დეკემბერს აუშვიცის ბანაკის კომენდატმა რუდოფ ჰოსმა ტელეგრამით შეატყობინა დიაკონ ბერგმან-კარენინს გრიგოლ ფერაძის გარდაცვალების თაობაზე 1942 წლის 6 დეკემბერს.


საეკლესიო ხელისუფლების თხოვნით 1942 წლის 15 დეკემბერს აუშვიცის სამოქალაქო რეესტრმა გრიგოლ ფერაძის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ცნობა გასცა: "საკონცენტარციო ბანაკი აუშვიცი: რამდენიმე კვირის განმავლობაში აქ ყოფნის შემდეგ გარდაიცვალა მცირე ხნის წინათ დაპატიმრებული მღვდელი გრიგოლ ფერაძე, ვარშავის უნივერსიტეტის მართლმადიდებლური თეოლოგიის პროფესორი, ქართველი, გამოჩენილი სპეციალისტი". გრიგოლ ფერაძემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში. ამაზე მეტყველებს მისი შრომების გამუდმებით მითითება სხვადასხვა სფეროში მომუშავე მეცნირების მიერ, დასძინა დავით ყოლბაიამ.


მღვდელმა დოროთეოს სავიცკიმ წაიკითხა მისი უნეტარესობის ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტის საბას წერილი. მიტროპოლიტმა საბამ თავის წერილში აღნიშნა წმ. გრიგოლ ფერაძის მიერ განვლილ სახარებისეულ ცხოვრების გზაზე: "არავის არ აქვს უფრო დიდი სიყვარული, ვიდრე მას, ვინც თავის სიცოცხლეს მეგობრებისთვის იმეტებს".


საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა მემორიალური დაფის გახსნის მნიშვნელობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. მან მადლობა გადაუხადა ვარშავის უნივერსიტეტს წმ. გრიგოლ ფერაძის სახელის წარმოჩენაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.


აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის დირექტორმა იან მალიცკიმ ისაუბრა ვარშავის უნივერსიტეტში წმ. გრიგოლ ფერაძის მოღვაწეობაზე, მადლობა გადაუხადა დავით ყოლბაიას წმ. გრიგოლ ფერაძის სამეცნიერო მემკვიდრეობის შესწავლაში შეტანილი წვლილისთვის, ხაზი გაუსვა აგრეთვე ვარშავის უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის კონფერენციის მნიშვნელობას, რომელიც ხელს უწყობს პოლონური ქართველოლოგიის განვითარებას ვარშავის უნივერსიტეტში.
მემორიალური დაფის გახსნას ესწრებოდა ვარშავის საკრებულოს წევრი პიოტრ ჟბიკოვსკი, რომელმაც კმაყოფილება გამოთქვა დაფაზე განთავსებული ორენოვანი ტექსტის არსებობის შესახებ.
მემორიალური დაფა საზეიმოდ გახსნეს ბატონებმა: ილია დარჩიაშვილმა, დავით ყოლბაიამ, იან მალიცკიმ და პიოტრ ჟბიკოვსკიმ. მემორიალური დაფა გვირგვინებით შეიმკო საქართველოს საელჩოსა და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის სახელით. დაინთო სანთელბი. მემორიალური დაფა აკურთხა მღვდელმა დოროთეოს სავიცკიმ.


აღსანიშნავია რომ მემორიალური დაფის გახსნის დროს გაისმა ქართული საგალობელი, რომელიც შეასრულა მგალობელთა გუნდმა "კატაპეტასმა" პოლონელი ბარიტონის ლუკაშ ჰაიდუჩენიას ხელმძღვანელობით.
საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ვარშავის ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
მოგვიანებით მონაწილეთა ერთმა ნაწილმა გადაინაცვლა ვარშავის უნივერსიტეტში, სადაც 1939-1945 წლებში დაღუპული პროფესორების მემორიალური დაფაა განთავსებული, იქ წმ. გრიგოლ ფერაძის სახელია ამოტვიფრული. მემორიალი გვირგვინით შეამკეს დავით ყოლბაიამ და ვარშავის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა რაჟდენ ჩიხორიამ, დაინთო სანთლები.


ბეჭდვა
1კ1